კედარი (ლათ. Cedrus) — მარადმწვანე წიწვოვან მცენარეთა გვარი ფიჭვისებრთა ოჯახისა. ერთსახლიანი მაღალი პირამიდული ან გაშლილვარჯოანი ხეებია.

კედარი
Cedrus libani
Cedrus libani
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  წიწვოვნები
კლასი:  წიწვოვნები
რიგი:  ფიჭვისნაირნი
ოჯახი:  ფიჭვისებრნი
გვარი:  კედარი
ლათინური სახელი
Cedrus

გვარი მოიცავს 4 სახეობას, რომელთაგან 3 (ლიბანური, ატლასური და მოკლეწიწვა კედარი) გავრცელებულია ხმელთაშუაზღვისპირეთის ოლქის აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილში, ერთი (ჰიმალაიური კედარი) — ჰიმალაის დასავლეთ ნაწილში. აგრეთვე ყირიმში, კავკასიასა და შუა აზიის სამხრეთ ნაწილში, სადაც კულტივირებულია 3 სახეობა: ლიბანური, ატლასური და ჰიმალაიური კედარი. საქართველოში ყველაზე ფართოდ არის მოშენებული ჰიმალაიური კედარი (ლათ. Cedrus deodara), რომლის სიმაღლეა 50-60 , სისქე — 3,5 მ. აქვს 7-10 სმ სიგრძის გირჩა და სხვა სახეობებბთან შედარებით უფრო გრძელი (25-50 მმ) მომწვანო-ლეგა წიწვი. გავრცელებულია ავღანეთის, ბელუჯისტანის და ჩრდილო-დასავლეთ ჰიმალაის მთებში ზღვის დონიდან 1000-3600 მ-მდე.

საქართველოში შემოიტანეს XIX საუკუნის II ნახევარში. მიუხედავად იმისა, რომ ტენის მოყვარული ხეა, მეტ-ნაკლებად გვალვა- და ყინვაგამძლეც გამოდგა თბილისსა და მის მიდამოებში. საქართველოში კარგად ხარობს ზღვის დონიდან 1200 მ-მდე. საკმაოდ სრაფმხარდია. სამშობლოში ცოცხლობს 1000 წლამდე. თბილისის ბოტანიკურ ბაღში ყვავის ნოემბერ-დეკემბერში, სხვა კედარებზე 1 თვით გვიან და მათთან ჰიბრიდებს არ იძლევა.

დეკორატიულია და სოლიტერებად და სახეივნო ჯიშად იყენებენ. აქვს მაგარი, მკვრივი და გამძლე მერქანი, რომელსაც იყენებენ სამშენებლო და საავეჯო მასალად, გემთმშენებლობაში. ლიბანური კედარი (ლათ. Cedrus libani) და ატლასური კედარი (ლათ. Cedrus atlantica) დიდად არ განირჩევა ჰიმალაიური კედრისგან და ისევე იყენებენ. მოკლეწიწვა კედარი (ლათ. Cedrus brevifolia) კი ტანდაბალი (12 მ-მდე სიმაღლის) ხეა, ჩვენში არ გვხვდება.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება