კეთრი
კეთრი (lepra) — ადამიანის ქრონიკული, გენერალიზებული ინფექცია. უმთავრესად აზიანებს კანს, ლორწოვან გარსებსა და პერიფერიულ ნერვულ სისტემას. კეთრი კაცობრიობისათვის ცნობილი ერთ-ერთი უძველესი ინფექციაა. მასზე ცნობები მოცემულია ჯერ კიდევ 3000 წლის წინანდელ ჩინურ ტრაქტატებში. ქვეყნების უმრავლესობაში კეთრით დაავადება სამოქალაქო სიკვდილს უდრიდა, რაც ნიშნავდა საზოგადოებიდან მოკვეთას. ავადმყოფს ან კლავდნენ ან აძევებდნენ უდაბურ, დაუსახლებელ ადგილებში.
კეთრის მიკრობაქტერია
რედაქტირებაკეთრის გამომწვევია გერჰარდ ჰანსენის (ნორვეგია) მიერ 1873 წელს აღმოჩენილი გრამ-დადებითი Mycobacterium leprae. იგი სწორი ან ოდნავ მოღუნული ჩხირის ფორმისაა, მომრგვალებული ბოლოებით. 1-7 მკმ სიგრძისა და 0.2-0.5 მკმ სიგანის. ზოგჯერ მასში აღინიშნება წვრილი, მარცვლოვანი გრანულაცია. Mycobacterium leprae ახდენს გლიცერინის და გლუკოზის უტილიზაციას. კეთრის მიკობაქტერიების დამახასიათებელი თვისებაა გამძლეობა მჟავასა და სპირტისადმი, რაც განაპირობებს მის ელექტიურ შეღებვას ცილ-ნილსენის მეთოდით. მიკროორგანიზმის რეპლიკაცია ხდება მასპინძელი უჯრედის შიგნით, კერძოდ კანის ჰისტიოციტებში, ენდოთელურ უჯრედებში, აგრეთვე ნერვების ე.წ. შვანის უჯრედებში.
ეპიდემიოლოგია
რედაქტირებაკეთრით დასნებოვნებას ხელს უწყობს მოსახლეობის მჭიდრო დასახლება, სივიწროვე, არასაკმარისი კვება, ცუდი სანიტარულ-ჰიგიენური პირობები. ორგანიზმის დამასუსტებელი ყველა ფაქტორი არა მარტო აქვეითებს მის რეზისტენტობას, არამედ ხშირად გამოავლენს კიდევაც კეთრის გამომწვევს, რომელიც აქამდე ლატენტურ მდგომარეობაში იმოფებოდა. დასნებოვნების უშუალო წყაროა დაავადებული ადამიანი, რომელიც დიდი რაოდენობით გამოყოფს ბაქტერიებს. ყველაზე უფრო მოსალოდნელია დასნებოვნება ცხვირის ლორწოვანი გარსისა და დაზიანებული კანის მეშვეობით.
კლინიკური სურათი
რედაქტირებაგამოყოფენ რამდენიმე კლინიკურ ტიპს: ლეპრომატოზული – განსაკუთრებულად ავთვისებიანი; გამოირჩევა დაზიანების კერებში დიდი რაოდენობით მიკობაქტერიების არსებობით. ეს ავადმყოფები განსაკუთრებით კონტაგიოზურები არიან, ვინაიდან გამოყოფენ გამომწვევის უამრავ რაოდენობას. ზიანდება კანი, ლორწოვანი გარსები, თვალები, ლიმფური კვანძები, პერიფერიული ნერვული ღეროები, ასევე ენდოკრინული სისტემა და ზოგიერთი შინაგანი ორგანო. სახის კანზე, წინამხრის გამშლელ ზედაპირზე, წვივებზე, მტევნების ზურგზე, დუნდულოებზე ჩნდება სხვადასხვა ზომისა და მოხაზულობის ერითემულ – პიგმენტური ლაქები, რომელთაც არ აქვს მკაფიო საზღვრები. ლაქები თანდათანობით ინფილტრირდება, სცილდებიან კანის ზედაპირს, მატულობენ ზომებში. სახის კანის დიფუზური ინფილტრაციის შედეგად წარბზედა რკალები მკვეთრად გამოდის წინ, ცხვირი დეფორმირდება, ლოყები, ტუჩები და ნიკაპი იღებს წილაკოვან სახეს – ვითარდება „ლომისებრი სახე“; წარბები გაცვენილია, დაწყებული გარეთა მხრიდან. ინფილტრატების ზონაში კანი დაჭიმულია. ზოგჯერ აქვს ფორთოხლის ქერქის სახე;
გვიანდელ სტადიებში ოფლის გამოყოფა დაზიანების უბნებში წყდება, ინფიტრატები იღებენ მოლურჯო – მურა ფერს. კანზე ჩნდება ხორკლები და კვანძები – ლეპრომები 2 – 3 მმ – დან 2 სმ – მდე და მეტი და უფრო მკვრივ – ელასტიკური კონსისტენციის და მოწითალო ფერის. ლეპრომები თანდათანობით წყლულდებიან. წყლულოვან ზედაპირებს აქვთ მრგვალი, ინფილტრირებული კიდეები, შესაძლებელია შეერთდნენ, და წარმოქმნან ფართო წყლულოვანი დეფექტები, ძნელად შეხორცებადი არასწორი ნაწიბურით. პრაქტიკულად ყველა ავადმყოფს აღენიშნება ცხვირის ლორწოვანი გარსის დაზიანება; ცხვირის ლორწოვანი ხდება ჰიპერემიული, შეშუპებული, დიდი რაოდენობის ეროზიებით (ლეპრომატოზული რინიტი). შემდეგში ვითარდება მისი ატროფია და ჩნდება ცალკეული ლეპრომები და ინფილტრატები, ძნელდება ცხვირით სუნთქვა. ლეპტომების დაშლისას ცხვირი დეფორმირდება. მძიმე მიმდინარეობისას ზიანდება მაგარი და რბილი სასის, ხორხის, ენის ზურგის ლორწოვანი გარსები. პერიფერიული ნერვების დაზიანება ჩვეულებრივ ორმხრივი და სიმეტრულია და ვითარდება შედარებით გვიან. თავდაპირველად დაზიანების ზონებში სუსტდება, შემდეგ კი ქრება ტემპერატურული მგრძნობელობა, მას მოჰყვება ტკივილისა და ტაქტილური მგრძნობელობის მოშლაც. ლეპრომატოზული ნევრიტების თავისებურებაა მათი აღმავალი ხასიათი. განსაკუთრებით ხშირად ზიანდება იდაყვის, ყურის ნერვი, სახის ნერვის ზედა ტოტი. ნერვული ღეროები გამსხვილებული, მკვრივი, გლუვია. თანდათანობით ვითარდება ტროფიკული და მოძრაობითი დარღვევები (ლაგოფთალმი, საღეჭი და მიმიკური მუსკულატურის პარეზი, ამიოტროფიები, კონტრაქტურები, ტროფიკული წყლულები).
ტუბერკულოიდური ლეპრა
რედაქტირებატუბერკულოიდური ტიპი გამოირჩევა შედარებით მსუბუქი მიმდინარეობით; ზიანდება კანისა და პერიფერიული ნერვები. მიკობაქტერია კერებში ვლინდება ძნელად. კლინიკური გამოვლინებები ხასიათდება კანზე არამრავალრიცხოვანი სიდიდისა და მოხაზულობის სხვადასხვა ერითემატოზული ლაქების გაჩენით, ასევე პაპულოზური ელემენტებისა, რომლებიც წარმოადგენენ დაავადების ძირითად ნიშანს. პაპულები მცირე ზომის, ბრტყელი, მოწითალო – მოლურჯო, პოლიგონალურია, მიდრეკილნი არიან გაერთიანებისაკენ ბალთებად, რომლებსაც აქვთ მკაფიო მოხაზულობა, ლილვაკისებურად ამაღლებული მრგვალი ან პოლიციკლური კიდე. ბალთები მიდრეკილნი არიან პერიფერიული ზრდისადმი. გამონაყრის დამახასიათებელი ლოკალიზაციაა სახე, კისერი, კიდურების მომხრელები, ზურგი, დუნდულოები. ბალთების ცენტრალური ნაწილი თანდათანობით ატროფირდება, ჰიპერპიგმენტირდება, იწყებს აქერცვლას, ხოლო მათ კიდეებზე რჩება ერითემატოზული არშია 2 – 3 სმ სიგანისა და მეტი – ფუგურული ტუბორკულოიდი. გაწოვილი გამონაყრის ადგილზე რჩება ჰიპოპიგმენტაციის ან კანის ატროფიული უბნები. დაზიანების კერებში დარღვეულია ცხიმისა და ოფლის გამოყოფა. პერიფერიული ნერვული ღეროების, ნერვების კანის ტოტების, ვაზომოტორული დარღვევები ვლინდება ძალიან ადრე (ზოგჯერ კანისმიერ გამოვლინებებამდე). აღინიშნება ტემპერატურული, ტკივილისა და ტაქტილური მგრძნობელობის დარღვევები.
განსაკუთრებით ხშირად ზიანდება იდაყვისა და მცირე წვივის ნერვები, რაც გამოიხატება მათი გამსხვილებითა და მტკივნეულობით. თანდათანობით ეს იწვევს პარეზებს, დამბლებს, თითების კონტრაქტურას, მცირე კუნთების, კანის, ფრჩხილების ატროფიას, ტერფებისა და მტევნების მუტილაციას; ქვეითდება მყესთა რეფლექსები. კეთრის მოსაზღვრე ტიპები ხასიათდებიან კანზე გეოგრაფიული მოხაზულობის ლაქოვანი გამონაყრით – ჰიპოქრომული, ერითემატოზული, შერეული. თავდაპირველად პერიფერიული ნერვების დაზიანება არ აღინიშნება, შემდეგ კი თანდათანობით ვითარდება სპეციფიკური პოლინევრიტი, რაც იწვევს მგრძნობელობის დარღვევებს კიდურების დისტალურ ნაწილებში, მცირე კუნთების ატროფიას, თითების კონტრაქტურებს, ტროფიკულ წყლულებს. კანზე შესაძლებელია წარმოიქმნას როგორც ლეპრომატოზული, ასევე ტუბერკულოიდური ტიპი, რომელიც შედეგში ტრანსფორმირდება შესაბამის ტიპად. კეთრის ყველა ტიპების მიმდინარეობაში განასხვავებენ პროგრესულ, სტაციონარულ, რეგრესულ და რეზიდუალურ სტადიებს. შესაძლებელია ერთი ტიპის ტრანსფორმაცია მეორედ. თვალის კეთრისმიერი დაზიანებისათვის დამახასიათებელია ქუთუთოების დიფუზური ინფილტრაცია ან ლეპრომა, იშვიათად აღინიშნება ეპისკლერიტი, კერატიტი დამახასიათებელი ნიშნით – ლეპროზული პანუსით; ირიტი, რომელსაც თან ახლავს სისხლძარღვთა პერიკორნეალური ინიექცია, სინათლის შიში, ცრემლდენა, ტკივილი და ფერადი გარსის ზედაპირზე ფიბრინული ექსუდატის ჩალაგება, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს გუგის კიდეების შეხორცება და მეორადი გლაუკომა.
დიაგნოზი
რედაქტირებადიაგნოზის დადგენა ხდება ბაქტერიოლოგიური და ჰისტოლოგიური გამოკვლევების საფუძველაზე. დიფერენციალური დიაგნოზი ტარდება სარკოიდოზთან, სიფილისთან, ვიტილიგოსთან, ტუბერკულოზურ მგლურასთან.
მკურნალობა
რედაქტირებამკურნალობა კომპლექსურია, მასში შერწყმულია სპეციფიკური საშუალებები ზოგადგამაკაჟებელ და მასტიმულირებელ საშუალებებთან. კეთრის საწინააღმდეგო ეფექტიანი მკურნალობის, კერძოდ, ვაქცინაციის ჩატარება შეუძლებელია იმის გამო, რომ აქამდე არ არის აღმოჩენილი ამ დაავადების ექსპერიმენტული მოდელი, ანუ მისდამი მგრძნობიარე რომელიმე ცხოველი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Documentary film about leprosy დაარქივებული 2009-08-22 საიტზე Wayback Machine. Netflix
- Leprosy at the Open Directory Project დაარქივებული 2012-06-25 საიტზე Wayback Machine.
- Self-Care: Leprosy-related disabilities: Stories by members of a leprosy self-care group in South Sulawesi, Indonesia.
- [1]
ლიტერატურა
რედაქტირება- „სამედიცინო მიკრობიოლოგია“, გიორგი გოგიჩაძე, გამომცემლობა „მერიდიანი“, თბილისი, 2008 წ.