სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ თვალი (მრავალმნიშვნელოვანი).

თვალი (ლათ. oculus) — ადამიანის და ცხოველების მხედველობის ორგანო. თვალი სისტემის პერიფერიული ორგანოა და მოთავსებულია თვალბუდეში.

ადამიანის თვალი

მხედველობის სისტემა, ანატომიურად და ფუნქციონალურად სამი ნაწილისგან შედგება:

  1. პერიფერიული ორგანოები;
  2. გამტარი გზები;
  3. მხედველობის ცენტრები.

თავის მხრივ მხედველობის სისტემის პერიფერიული ნაწილი შედგება:

  1. თვალის კაკალი;
  2. თვალის მამოძრავებელი აპარატი (ადამიანში — თვალის 6 კუნთი);
  3. თვალის კაკლის დამცავი ორგანოები (წარბები, ქუთუთოები, წამწამები, დიდი და მცირე საცრემლე ჯირკველბი)

თვალის კაკალი (ლათ. bulbus oculi) მიახლოებით სფერული ფორმის სხეულია. თვალის კაკლის კედელი ანტომიურად და ფუნქციურად სამი გარსისგან შედგება:

  • გარეთა მკვრივი ფიბრიზული გარსი (tunika fibrosa bulbi) შედგება ბოჭკოვანი შემაერთებელიქსოვილისგან მისი უკანა ნაწილი თეთრი ფერისაა და მას გარსი ანუ სკლერა (ლათ. sclera) ეწოდება. უფრო მცირე წინა ნაწილი ანუ რქოვანი (ლათ. cornea) გამოდრეკილია და გამჭვირვალე; იგი არ შეიცავს სისხლის ძარღვებს მასში უხვადაა ნერვული დაბოლოებები რის გამოც ძალიან მგრძნობიარეა.
  • თვალის კაკლის შუა ანუ სისხლძარღვოვანი გარსი (tunika vaskulosa bulbi) იყოფა სამ ნაწილად: წინას ეწოდება ფერადი გარსი (ლათ. iris), შუას — წამწამოვანი სხეული (ლათ. corpus ciliare).
  • უკანა — სისხლძარღვოვანი გარსი (choriodea).

ფერადი გარსის შუა ადგილას მოთავსებულია ხვრელი — გუგა (ლათ. pupilla) მის სისქეში მოთავსებულია გლუვკუნთოვანი ბოჭკოები, რომელთა ერთი ნაწილი განლაგებულია გუგის ირგვლივ ცირკულარულად და შეადგენს გუგის შემავიწროებელ კუნთს ხოლო, მეორე ნაწილი- სხივისებურად და ქმნის გუგის გამაგანიერებელ კუნთს. ორივე კუნთის ინერვაცია წარმოებს ვეგეტატური ნერვული სისტემიდან ამასთან შემავიწროებელ კუნთს აინერვირებს თვალის მამოძრავებელი ნერვის შემადგენლობაში მყოფი პარასიმპათიური ბოჭკოები, გამაგანიერებელ კუნთს კი სიმპათიური ბოჭკოები. ფერადი გარსი შეიცავს პიგმენტს, რომლის რაოდენობაც ცვალებადია და განსაზღვრავს თვალის ფერს. თვალის კაკლის შინაგანი გარსი ანუ ბადურა (ლათ. retina) წარმოადგენს მხედველობის ნერვის პერიფერიულ აპარატს. მიუხედავად იმისა, რომ ბადურა მეტად თხელია, მისი ჰისტოლოგიური აგებულება განსაკუთრებული სირთულით გამოირჩევა. ბადურას ფერისა და სინათლის შემგრძნებ ელემენტებს წარმოადგენს სპეციალიზებული ნერვული უჯრედები, კოლბები და ჩხირები კოლბების საერთო რაოდენობა შვიდი მილიონია, ჩხირების ოცდაათი მილიონი.მხედველობის ნერვის თვალის კაკალში შესვლის ადგილი იმყოფება ღერძის უკანა ბოლოს ოდნავ მედიალურად. თვალის ფსკერზე იგი ქმნის მრგვალ გორაკს, რომელსაც მხედველობის ნერვის დისკო (discus nervi optici) ეწოდება. ეს ადგილი თეთრი ფერისაა და მასში ცოტაა სინათლის მიმღები ნერვული უჯრედები. დისკოდან 4 მილიმეტრისდაშორებით თვალის კაკლის უკანა პოლუსში, მდებარეობს ხალი (ლათ. macula), რომელიც წარმოადგენს უმახვილესი მხედველობის ადგილს. ხალის ცენტრში არის მომცრო ორმო, რომელსაც ცენტრალური ფოსო (fovea centralis) ეწოდება. ბადურას ნერვული უჯრედების მორჩები შედის მხედველობის ნერვის შემადგენლობაში, რომელიც მიემართება ქალას ღრუში მხედველობის ხვრელით. მხედველობის ნერვის შუა ღერძის გასწვრივ გაივლის ბადურას ცენტრალური არტერია, რომელიც კვებავს გარსს. მხედველობის ნერვი გარშემორტყმული ტვინის სამივე გარსით, რომლებიც ქმნიან მის ბუდეებს და შემდეგ უკავშირდებიან სკლერას. თვალის კაკლის კედელი გარს ერტყმის თვალის გამჭვირვალე ბირთვს, რომელსაც შეადგენს ბროლი (lens cristalian); ბროლი წარმოადგენს ორმხრივ გამოდრეკილ სხეულს. მისი უფერო ნივთიერება შედგება ცენტრალურად მდებარე შედარებით მკვრივი ბირთვისგან და პერიფერიულად მოთავსებული რბილი, ანუ ქერქოვანი ნივთიერებისგან. გარედან ბროლი დაფარულია თხელი და გამჭვირვალე ჩანთით, რომელსაც ბროლის კაფსულა ეწოდება.თავის ეკვატორული კიდის გასწვრივ ბროლი დაკავშირებულია წამწამოვან სხეულთან ირგვლივი იოგით, რომელსაც წამწამოვანი სარტყელი ეწოდება . ამ იოგის დაჭიმვა ან მოდუნება იწვევს ბროლის გარდატეხის უნარის შეცვლას. ამ პროცესს რომლის შედეგადაც საგანი ზუსტად აისახება ბადურაზე აკომოდაცია ეწოდება. რაც უფრო ახლოა საგანი, მით უფრო მეტი უნდა იყოს ბროლის გამოდრეკილობა; ამას ხელს უწყობს წამწამოვანი კუნთის შეკუმშვით გამოწვეული წამწამოვანი სარტყლის მოდუნება. სფერული ფორმის მინისებრი სხეული (corpus vitreum) ავსებს თვალის კაკლის ღრუს იმ ნაწილს, რომელიც ბროლის უკან მდებარეობს. მის წინა ნაწილში აღინიშნება ჩაღრმავება, რომელშიც მოთავსებულია ბროლი. მინისებრი სხეულის ჟელატინისმაგვარი მასა შედგება უწვრილესი ბოჭკოების ბადისგან, რომელთა შორის სივრცეები ამოვსებულია სითხით. გარედან დაფარულია თხელი გარსით, რომელსაც ეწოდება მინისებრი გარსი. ისევე როგორც ბროლი მინისებრი სხეულიც მოკლებულია სისხლის ძარღვებს. ნამი (humor aqueus) წარმოადგენს ცილის უმნიშვნელო რაოდენობის შემცველ სითხეს, რომელიც გამოიყოფა წამწამოვანი მორჩების და ფერადი გარსის სისხლის ძარღვების მიერ. ნამით ამოვსებულია ბროლის წინა მდებარე და ერთმანეთთან დაკავშირებული ორი მომცრო სივრცე, ანუ თვალის საკნები (camerae bulbi). წინა საკანი მოთავსებულია რქოვანასა და ფერად გარსს შორის, უკან კი - ფერად გარსს და წამწამოვან სარტყელს შორის. საკნები ერთმანეთთან არიან დაკავშირებული გუგის საშუალებით. სინათლის სხივებმა ვიდრე ისინი ბადურას მიაღწევენ უნდა გაიარონ: რქოვანა, წინა სენაკის ნამი, ბროლი და მინისები სხეული. თვალის მამოძრავებელ აპარატს შეადგენს ექვსი განივზოლიანი კუნთი: ზემო, ქვემო, გარეთა, შიგნითა სწორი, ზემო და ქვემო ირიბი. თვალის კაკლის უკანა ნაწილს გარს ერტყმის ბოლქვის (ტენონის) ფიბრიზული კაფსულა, რომელშიც სასახსრე თავის მსგავსად ადვილად მოძრაობს თვალის კაკალი მისი კუნთების შეკუმშვის დროს. ეს კაფსულა მჭიდროდაა დაკავშირებული ცხიმთან, რომელიც ამოავსებს თვალბადურის რეტრობულბარულ სივრცეს.თვალის დამცველ აპარატს მიეკუთვნება: ქუთუთოები, თვალბუდე, წარბები, წამწამები, და საცრემლე ორგანოები.

ლიტერატურა

რედაქტირება