კასპიის ზღვა
კასპიის ზღვა (აზერ. Xəzər dənizi; რუს. Каспийское море; ყაზახ. Каспий теңізі; თურქმ. Hazar deňzi; სპარს. دریای خزر) — მსოფლიოს უდიდესი გაუდინარი წყალსატევი, რომელიც კლასიფიცირდება როგორც მსოფლიოს უდიდესი ტბა ან სრულად განვითარებული ზღვა.[1][2] გადაჭიმულია ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ თითქმის 1200 კილომეტრზე, საშუალო სიგანე 320 კილომეტრი, ხოლო მაქსიმალური — 435 კილომეტრი. სანაპირო ხაზის სიგრძეა დაახლოებით 7 ათასი კილომეტრი. ზედაპირის ფართობია 371 000 კმ² ან 143 200 კვადრატული მილი. წყლის მოცულობა 78 200 კმ³ ან 18 800 კუბური მილი.[3] წყლის დონე რყევას ექვემდებარება. წყლის დონე დაახლოებით − 27 მეტრით დაბლაა მსოფლიო ოკეანის დონესთან შედარებით.[4][5] მაქსიმალური სიღრმეა 1025 მეტრი, საშუალო სიღრმე — 211 მეტრი. ზღვაში სულ 50-მდე პატარა კუნძულია, რომელთა ჯამური ფართობია დაახლოებით 350 კმ².[6] ზღვის წყალი მარილიანია — ვოლგის შესართავთან ეს მაჩვენებელი 0,05 ‰-ს უდრის, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთით 11-13 ‰-ს.
კასპიის ზღვა | |
---|---|
კასპიის ზღვის ირანის სანაპირო | |
ზოგადი ინფორმაცია | |
ტიპი | დახშული |
გეოგრაფიული კოორდინატები | 41°40′00″ ჩ. გ. 50°40′00″ ა. გ. / 41.66667° ჩ. გ. 50.66667° ა. გ. |
ფართობი | 371 000 კმ² |
მოცულობა | 78 200 ათ. კმ³ |
სანაპირო ხაზის სიგრძე | 7000 კმ |
საშუალო სიღრმე | 211 მ |
უდიდესი სიღრმე | 1025 მ |
სიგრძე | 1200 კმ |
სიგანე | 435 კმ |
კუნძულ(ებ)ი | 50 |
კუნძულების ფართობი | 350 კმ² |
ყურე | ყიზლარის ყურე მკვდარი კულტუკი მანგიშლაყის ყურე ყაზახეთის ყურე თურქმენეთის ყურე |
ნალექები | 1700 (მაქსიმალური) მმ |
კლიმატი | კონტინენტური |
წყლის ტემპერატურა | 24-26 (ზაფხულში საშუალოდ) °C |
მარილიანობა | 13 ‰ |
ნავსადგური | ბაქო ასტრახანი მაჰაჩყალა თურქმენბაში აქთაუ |
ფლორა | ლურჯ-მწვანე წყალმცენარეები დიატომეები ძოწეული წყალმცენარეები წაბლა წყალმცენარეები ყვავილოვანი მცენარეები (იხ. სექცია: ფლორა) |
ფაუნა | კასპიის სელაპი ორაგული ღორჯო ქაშაყი (იხ. სექცია: ფაუნა) |
კასპიის ზღვის სატელიტური ფოტოსურათი, 2003 წლის ივნისი |
კასპიის ზღვა გაუდინარი არეა, რომელიც მოქცეულია ევროპასა და აზიას შორის.[7] კასპიის ზღვას ჩრდილო-აღმოსავლეთით ესაზღვრება — ყაზახეთი, ჩრდილო-დასავლეთით — რუსეთი, დასავლეთით — აზერბაიჯანი, სამხრეთით — ირანი, სამხრეთ-აღმოსავლეთით — თურქმენეთი. კასპიის ზღვა გაწოლილია კავკასიონის აღმოსავლეთითა და ცენტრალური აზიის ვეებერთელა ველის დასავლეთით. კასპიის ზღვის ჩრდილოეთ სანაპიროზე ვრცელდება კასპიისპირა დაბლობი, რომელიც მოიცავს მდინარეების — ვოლგის, თერგის, სულაკის დელტებს, ურალისა და ემბის ქვემოთს.[8]
მნიშვნელოვანი ყურეებია: ყიზლარის ყურე, მკვდარი კულტუკი, მანგიშლაყის ყურე, ყაზახეთის ყურე, თურქმენეთის ყურე; მეტად მნიშვნელოვანი კუნძულებია: სელაპის კუნძულები, დურნევის კუნძულები, ზიუდევი, ბოლშოი-სეტნოი, ოგურჩინსკი და სხვა. 1980 წლამდე კასპიის ზღვის ყურე-ლაგუნას წარმოადგენდა ყარა-ბოღაზ-გოლი, რომელიც კასპიის ზღვას უერთდებოდა ვიწრო, — 200 მეტრამდე სიგანის სრუტით, რომელიც 1980 წელს ყრუ კაშხლით ჩაკეტეს, რის შედეგადაც ყარა-ბოღაზ-გოლი გამარჩხდა. 1992 წელს აღადგინეს ბუნებრივი კავშირი კასპიის ზღვასა და ყარა-ბოღაზ-გოლს შორის.[9] ნახევარკუნძულებიდან აღსანიშნავია: პეშნოის ნახევარკუნძული, ასტრახანის ნახევარკუნძული, აგრახანის ნახევარკუნძული, აფშერონის ნახევარკუნძული, ჩელექენის ნახევარკუნძული, თიუბ-ყარაღანის ნახევარკუნძული. კასპიის ზღვას ერთვის მდინარეები: ვოლგა, ურალი, ემბა, სულაკი, სამური, მტკვარი, თერგი, სეფიდრუდი და სხვა.[6]
კასპიის ზღვას ამჟამად მსოფლიო ოკეანესთან კავშირი არ გააჩნია, ხოლო მდინარეები მისგან არ გამოედინებიან. კასპიის ზღვა არის უდიდესი გაუდინარი ტბა დედამიწაზე. სიდიდის გამო მას ზღვას უწოდებენ. სიდიდისავე გამო ბევრი პროცესი მასში ზღვის მსგავსად მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ კასპიის ზღვა სიდიდითა და გეოლოგიური ისტორიით სწორედ, რომ ზღვაა და არა ტბა. უმოკლესი მანძილი შავ ზღვამდე 500 კილომეტრს შეადგენს.[10]
შორეულ წარსულში კასპიის ზღვა მართლაც ზღვა იყო და იმ წყლის აუზის ნაწილს შეადგენდა, რომელიც სამხრეთით მდებარე ზღვების ადგილას მდებარეობდა. პონტის ტბა-ზღვისგან გამოყოფის შემდეგ, კასპიის ადგილას მდებარე აუზის ფართობი მნიშვნელოვნად შემცირდა. პლიოცენში, აქჩაგილის ტრანსგრესიის დროს, ხმელეთის დაძირვის შედეგად, ამ აუზის მლაშე წყლები შორს ჩრდილოეთისკენ ვრცელდებოდა, მიედინებოდა აღმოსავლეთით ქოფეთდაღის გასწვრივ და დასავლეთით, კუმა-მანიჩის ღრმულის გავლით, შავ ზღვაში ჩადიოდა.[10]
აქჩაგილის აუზი შემდგომში ძლიერ შემცირდა და უფრო მარილიანი აფშერონის აუზით შეიცვალა. ამ უკანასკნელმა თავის მხრივ, ადგილი დაუთმო უფრო გამტკნარებულ, თითქმის თანამედროვე ფაუნის შემცველ კასპიის ზღვის აუზს. მეოთხელ პერიოდამდე კასპიის წყლებმა ორჯერ შეუტია ხმელეთს. ხაზარული ტრანსგრესიისას იგი ბასკუნჩაკის ტბამდე, ხვალინურის დროს — ობშჩი-სირტამდე, ვოლგაზე კი სამარამდე აღწევდა. ხვალინური ტრანსგრესიისას ტბა-ზღვამ არაერთხელ განიცადა დონეების რყევა, მაგრამ, ზომითა და მოხაზულობით, თანამედროვისგან დიდად არ განსხვავდებოდა.[10]
კასპიის ზღვის კლიმატი ძლიერ კონტინენტურია, იცის მკაცრი ზამთარი. კასპიის ზღვაში მეტწილად გაბატონებულია მდინარეული ჩამონადენითა და ქარის ზემოქმედებით განპირობებული წყლის ციკლონური ცირკულაცია. კასპიის ზღვის მცენარეულობა და ცხოველთა სამყარო სახეობებით ღარიბია. ზღვის რეგულარული კვლევა დაიწყო პეტრე I-ის დროიდან. უძველესი დროიდან ზღვა განთქმული იყო როგორც ძვირფასი სახის თევზების მოპოვების რაიონი. არის ნავთობისა და ბუნებრივი აირის საბადოები. კასპიის ზღვას აქვს დიდი სატრანსპორტო მნიშვნელობა. მნიშვნელოვანი ნავსადგურებია: ბაქო, ასტრახანი, მაჰაჩყალა, თურქმენბაში, აქთაუ, ბენდერ-ენზელი და სხვა.[6]
სოლისებრ დამწერლობებში კასპიის ზღვა იწოდება როგორც აღმოსავლეთის ზღვა. „კასპიის ზღვა“ ეწოდა კავკასიის აღმოსავლეთ ნაწილში მცხოვრები ძველი ტომის კასპიების სახელის მიხედვით. უფრო ადრე მას ზღვის სანაპიროზე მცხოვრები ტომების სახელების მიხედვით ჰირკანიის, გურგანის, დარუბანდის, ხაზარების ზღვასაც უწოდებდნენ.[6]
ეტიმოლოგია
კასპიის ზღვა მოიხსენიება ასირიულ ლურსმულ წარწერებში (ძველი წელთაღრიცხვის VIII-VII საუკუნეები), სადაც მას აღმოსავლეთის ზღვა ეწოდება. ძველ ბერძენ ისტორიკოსთან და გეოგრაფთან ჰეკატეოს მილეტელთან კასპიის ზღვა მოიხსენიება როგორც კასპიისა და ჰირკანის ზღვა. პირველის შემთხვევაში ეთნონიმი კასპიები — ხალხის სახელწოდებაა, რომლებიც იმ დროს ცხოვრობდნენ ზღვის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროზე, ხოლო მეორე — წარმოსდგება ჰირკანიის ქვეყნის სახელწოდებიდან (სპარსულად „მგლების ქვეყანა“), რომელიც განლაგებული იყო ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში. ორივე ამ სახელწოდებას მოიხსენიებს ჰეროდოტეც, ხოლო უფრო გვიანდელი ანტიკური ავტორები ამ სახელწოდებებთან ერთად მას აგრეთვე მოიხსენიებენ როგორც: ალბანეთის ზღვა, მშფოთვარე ზღვა, გორგანის ზღვა და სხვა.[11]
ძველ რუსულ დამწერლობის ძეგლებში მოიხსენიება როგორც ლურჯი ზღვა (ნასესხებია თურქ-მონღოლებისაგან, რომლებიც სარგებლობდნენ ფერით ორიენტირს), ხვარაზმის ზღვა (ხვარაზმისგან — ძველი სახელმწიფო ამუდარიის ქვემოთში, რომლის მფლობელობა კასპიის ზღვამდე ვრცელდებოდა), ხვალისური ზღვა (ხვალისების ეთნონიმიდან — ხვარაზმის მოსახლეობის ძველი რუსული სახელწოდება), ხვალინური ზღვა (დამახინჯებული ხვალისური), დერბენტის ზღვა (ქალაქ დერბენტის სახელწოდებიდან). ეს ციხე-ქალაქი კეტავდა მნიშვნელოვან გასასვლელს მთებსა და ზღვას შორის, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებდა წინაკავკასიასა და იმიერკავკასიას, რომელსაც არაბები უწოდებდნენ — „მთავარ კარიბჭეს“, ქართველები — „ზღვის კარიბჭეს“, თურქები და რუსები — „რკინის კარიბჭეს“, ხოლო ირანელები — „კარიბჭეს“.[11]
რუსეთში სახელწოდება კასპიის ზღვა გაჩნდა XVI საუკუნის დასაწყისში, ხოლო პეტრე I-ის დროს ზღვის კარტოგრაფირების დაწყებასთან ერთად, სახელწოდება შევიდა საერთო ხმარებაში. აზერბაიჯანში კასპიის ზღვას ეწოდება ხაზარის ზღვა (ხაზარები — თურქულენოვანი ხალხი, რომლებიც V-X საუკუნეებში ცხოვრობდნენ ზღვის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე), ირანში — მაზანდერანის ზღვა (ისტორიულ-გეოგრაფიული რეგიონის — მაზანდერანის სახელის მიხედვით, რომელიც ზღვის სამხრეთ სანაპიროზე მდებარეობდა), ყაზახეთში — კასპის ზღვა, რუსეთში — კასპიის ზღვა, ხოლო თურქმენეთში — კასპი. სულ, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ხალხის მიერ, მოიხსენიება ზღვის 70-მდე სახელწოდება, რომელიც შეირჩეოდა მის ნაპირებზე მოქცეული ქვეყნის, ოლქის, ქალაქის, მთების, ხალხის სახელწოდების მიხედვით.[11]
ქართველი ფილოლოგის, ილია აბულაძის მოსაზრებით, გურგენის ზღვა და მდინარე გურგენი ატარებდა ქალაქ გურგენის სახელს.
„სწორედ ამ ხანებში ვხვდებით ამ წმინდა ძველსპარსულ გეოგრაფიულ ტერმინს ჰირკანიას, საითკენაც, აკადემიკოს ბარტოლდის გამოკვლევით, მიდიოდა ჩრდილოეთის მთავარი გზა კომისენეს (არაბ. კუმისი) მხრიდან კასპიის ზღვისაკენ, სახელდობრ კასპიის ზღვის შემრთე მდინარე გურგენის ნაპირებამდე.
აქ საყურადღებოა ის რომ მდინარე გურგენი, ისევე როგორც კასპიის ზღვა, ძველად ატარებდნენ ამავე გურგ-ის შემცველ სიტყვებს, რადგან კასპიის ზღვას გურგენის ზღვაც ეწოდებოდა[12].“
|
შესწავლის ისტორია
პირველი ცნობები კასპიის ზღვის არსებობის შესახებ მიეკუთვნება ძველი წელთაღრიცხვის V საუკუნეს. ისტორიკოსი ჰეროდოტე ერთ-ერთი პირველი ავტორია, ვინც ამტკიცებდა, რომ კასპიის ზღვა იზოლირებული იყო. სელევკე I ნიკატორის დავალებით, გეოგრაფმა პატროკლემ სცადა კასპიის ზღვის შესწავლა 285-282 წლებში.[13] შუა საუკუნეების არაბი მეცნიერების შრომებში არის ცნობა იმის შესახებ, რომ XIII-XVI საუკუნეებში ამუდარია ნაწილობრივ ერთვოდა ამ ზღვას ერთ-ერთი ტოტის მეშვეობით.[14]
პეტრე I-ის განკარგულებით, 1714-15 წლებში ალექსანდრე ბეკოვიჩ-ჩერკასკის ხელმძღვანელობით იყო ორგანიზებული ექსპედიცია, რომელსაც დაევალა კასპიის ზღვის აღმოსავლეთი ნაპირების შესწავლა. 1720 წელს რუსმა სამხედრო ჰიდროგრაფებმა თედორე სოიმონოვმა და კარლ ვერდენმა ასტრონომიული განსაზღვრით შეადგინეს პირველი რუკა, რომლის სანაპიროების კონტურები თანამედროვესთან იდგა ახლოს.[14]
1731 წელს სოიმონოვმა გამოსცა პირველი ატლასი, ხოლო სულ მალე კასპიის ზღვის პირველი ბეჭდვითი ლოცია. 1760 წელს კასპიის ზღვის რუკების ახალი გამოცემა შესწორებებითა და დამატებებით შეასრულა ადმირალმა ალექსი ნაგაევმა. სამუელ გოტლიბ გმელინმა და პეტრე სიმონ პალასმა გამოაქვეყნეს პირველი ცნობები კასპიის ზღვის გეოლოგიისა და ბიოლოგიის საკითხებზე. XVIII საუკუნის მე-2 ნახევარში ჰიდროგრაფიული კვლევები გააგრძელეს ი. ტოკმაჩოვმა და მარკო ვოინოვიჩმა, ხოლო XIX საუკუნის დასაწყისში ალექსი კოლოდკინმა.[14]
1807 წელს უახლესი აღწერის გათვალისწინებით გამოიცა კასპიის ზღვის ახალი რუკა. 1837 წელს ბაქოში დაიწყო სისტემატური ინსტრუმენტული დაკვირვებები ზღვის დონის რყევასთან დაკავშირებით. 1847 წელს შესრულდა ყარა-ბოღაზ-გოლის პირველი სრული აღწერა. 1878 წელს გამოიცა კასპიის ზღვის გენერალური რუკა, რომელშიაც გამოსახული იყო უკანასკნელი ასტრონომიული დაკვირვებების, ჰიდროგრაფიული აგეგმვებისა და სიღრმეების გაზომვის შედეგები.[14]
1866, 1904, 1912-13, 1914-15 წლებში ნიკოლოზ კნიპოვიჩის ხელმძღვანელობით წარმოებდა კასპიის ზღვის ჰიდროლოგიური და ჰიდრობიოლოგიური ექსპედიციური კვლევები, 1934 წელს შეიქმნა სსრკ მეცნიერებათა აკადემიის კასპიის ზღვის შემსწავლელი კომპლექსური კომისია. გეოლოგიურ აგებულებასა და აფშერონის ნახევარკუნძულის ნავთობიანობის შესწავლაში დიდი წვლილი შეიტანეს საბჭოთა გეოლოგებმა ივანე გუბკინმა, დიმიტრი გოლუბიატნიკოვმა, პავლე პრავოსლავლევმა, ვლადიმერ ბატურინმა და სერგეი კოვალევსკიმ.[14]
წყლის ბალანსისა და ზღვის დონის რყევის საკითხების გარკვევაში წვლილი მიუძღვით ბ. აპოლოვს, ვ. ვალედინსკის, კ. ვოსკრესენსკის, ლევ ბერგს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, დაიწყო კასპიის ზღვის სისტემატური მრავალმხრივი შესწავლა, — ჰიდრომეტეოროლოგიური რეჟიმის, ბიოლოგიური პირობებისა და ზღვის გეოლოგიური სტრუქტურის მიმართულებით. კასპიის ზღვის ბუნებრივი რესურსების შესწავლა, წყლის აუზის დაცვა და დონის შენარჩუნება ერთ-ერთი აქტუალური პრობლემაა.[14]
ფიზიკურ-გეოგრაფიული დახასიათება
ჩვენი პლანეტის უნიკალური ბუნებრივი წყალსატევი — კასპიის ზღვა მდებარეობს ევროპისა და აზიის მიჯნაზე, ვრცელსა და ღრმა კონტინენტურ დეპრესიაში. თავისი ქვაბულის ზომების მიხედვით, კასპიის ზღვა მსოფლიოს უდიდესი ჩაკეტილი წყალსატევია. მისი საერთო ფართობია 371 000 კმ². კასპიის ზღვა თანაზომადია და კიდევაც მნიშვნელოვნად ჭარბობს მსოფლიო ოკეანის ზოგიერთი ზღვის ფართობსაც, ასეთებია, ბალტიის ზღვა (387 000 კმ²), ადრიატიკის ზღვა (139 000 კმ²), თეთრი ზღვა (87 000 კმ²) და სხვა. მთლიანობაში კასპიის ზღვა სუბმერიდიანულად არის გადაჭიმული ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ თითქმის 1200 კილომეტრზე, საშუალო სიგანეა 320 კილომეტრი, ხოლო მაქსიმალური — 435 კილომეტრი. კასპიის ზღვა ღრმაწყლიანი წყალსატევია ძლიერ განვითარებული შელფური ზოლით. წყლის დონე დაახლოებით −27 მეტრით დაბლაა მსოფლიო ოკეანის დონესთან შედარებით. მაქსიმალური სიღრმეა 1025 მეტრი, საშუალო სიღრმე 211 მეტრი. მაქსიმალური სიღრმით კასპიის ზღვა ტბებს შორის მხოლოდ ბაიკალსა (1642 მ) და ტანგანიიკას (1470 მ) ჩამოუვარდება. კასპიის ზღვის წყლის მოცულობა უდრის 78 200 კმ³-ს, რაც შეადგენს დედამიწის ტბიური წყლების საერთო მარაგის 44 %-ზე მეტს. წყლის მოცულობის მხრივ, კასპიის ზღვა ტბებს შორის უდიდესია მსოფლიოში. იგი წარმოადგენს დიდი მდინარეული სისტემების ჩამტვირთავ წყალმიმღებს. წყლის მოცულობის მაჩვენებლით იგი აღემატება ისეთ ზღვებს როგორებიცაა: ბალტიის ზღვა და ყვითელი ზღვა.[15]
ფსკერის რელიეფისა და ჰიდროლოგიური თავისებურებების მიხედვით, კასპიის ზღვა იყოფა სამ ნაწილად: ჩრდილოეთი ნაწილი, რომლის ფართობია დაახლოებით 80 ათ. კმ² ყველაზე წყალმარჩხია, სიღრმეები 4-8 მეტრს არ აღემატება, ფსკერი ოდნავ ტალღოვანი აკუმულაციური ვაკეა, რომელზედაც ცალკეული მარჩხობები და აკუმულაციური კუნძულებია; შუა ნაწილში, რომლის ფართობია დაახლოებით 138 ათ. კმ² გამოიყოფა დერბენტის ქვაბული, რომლის მაქსიმალური სიღრმეა 788 მეტრი, შელფი და კონტინენტური ფერდობი, რომელიც დანაწევრებულია წყალქვეშა მეწყრებითა და კანიონებით; სამხრეთი ნაწილი, რომლის ფართობია დაახლოებით 150 ათ. კმ² უმთავრესად ღრმა ქვაბულია მაქსიმალური სიღრმით 1025 მეტრი, რომლის ფსკერი ბრტყელ აბისალურ ვაკეს წარმოადგენს. ქვაბულის ამ სამივე ნაწილის ფართობი თითქმის ერთნაირია, მაგრამ სამხრეთი ნაწილის მოცულობა კასპიის ზღვის მოცულობის 2/3 შეადგენს, შუა ნაწილისა — 1/3, ჩრდილოეთისა კი სულ 1/100. დასავლეთ და სამხრეთ სანაპიროს ვიწრო ზოლად გაუყვება შელფი, რომელიც აღმოსავლეთ სანაპიროსთან ფართოვდება. ჩრდილოეთსა და შუა ნაწილებს შორის პირობითი საზღვარი ჩვეულებრივად გადის ხაზზე, რომელიც აერთებს კუნძულ ჩეჩენს თიუბ-ყარაღანის კონცხთან, ხოლო შუა და სამხრეთ ნაწილებს შორის საზღვარს წარმოადგენს კუნძულ ჟილოისა და ყუულის კონცხის ხაზი. ჩრდილოეთ ნაწილში გამოიყოფა აგრეთვე დასავლეთი და აღმოსავლეთი ნაწილები.[15]
კასპიის ზღვის ჩრდილო ნაწილის სანაპირო დაბალია, დიდი ფართობი უკავია ვოლგის, ურალისა და თერგის დელტებს. დასავლეთ ნაპირი მეტწილად აკუმულაციურია; დაღესტნისა და აფშერონის ნახევარკუნძულის ნაპირების ზოგიერთი მონაკვეთი აბრაზიულია. აღმოსავლეთ სანაპიროზე უმთავრესად აბრაზიული ნაპირებია. აკუმულაციური ფორმები, ძირითადად ცელები, გვხვდება ყარა-ბოღაზ-გოლის, ქენდირლისა და კრასნოვოდსკის ყურეებთან. სამხრეთ სანაპიროზე ჭარბობს აკუმულაციური ფორმები. კასპიის ზღვის დონე − 27 მეტრით დაბლაა მსოფლიო ოკეანის დონესთან შედარებით. 1929-1977 წლებში აღინიშნებოდა დონის ვარდნა.[15]
სანაპიროსა და ფსკერის რელიეფი
კასპიის ზღვის ღრმული ტექტონიკური თვალსაზრისით, წარმოადგენს ჰეტეროგენულ წარმონაქმნს, მჭიდროდ დაკავშირებულს გარემომცველი ხმელეთის სტრუქტურულ ელემენტებთან. ასე, ჩრდილოეთი კასპიის ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილი და მისი სანაპიროები განლაგებულია ძველი რუსეთის ბაქნის — კასპიისპირა სინეკლიზის დიდი როფის ფარგლებში. ჩრდილოეთი კასპიის სამხრეთი და შუა კასპიის აღმოსავლეთი ნაწილი გაწოლილია შედარებით ახალგაზრდა და მოძრავ ეპიჰერცინულ სკვითია-თურანის ბაქნის ფარგლებში. შუა კასპიის დასავლეთი და მთელი სამხრეთი ნაწილი მოქცეული ალპური დანაოჭების ფარგლებში.[15]
კასპიის ღრმულის ტექტონიკური აგებულების ჰეტეროგენულობა გამოიხატება ზღვის სანაპიროსა და ფსკერის რელიეფის თავისებურებაში. კასპიისპირა ხმელეთის უდიდესი ოროგრაფიული ელემენტებია: ჩრდილოეთით — ვრცელი რუსეთის ვაკის კიდე — კასპიისპირა დაბლობი, სამხრეთით — ელბურსის მძლავრი მთათა სისტემა. დასავლეთ სანაპიროზე ზღვასთან ახლოს აღწევს კავკასიონი, ვიწრო სანაპირო ვაკესთან ერთად, რომელიც სამხრეთით თანდათანობით ფართოვდება, ხოლო უკიდურეს სამხრეთ-დასავლეთით მტკვრისა და ლენქორანის დაბლობები და თალიშის მთების მთისწინეთი. აღმოსავლეთი სანაპირო გარშემორტყმულია მანგიშლაყის, ქენდერლი-ქაიასანის, უსტიურტისა და კრასნოვოდსკის უდაბნო და ვაკე-პლატოების მცირე სიმაღლის ციცაბო საფეხურებით, ეგრეთ წოდებული ჩინკებით, ხოლო მისი უკიდურესი სამხრეთი — ეოლური ვაკეებით, ქვიშიანი დიუნებისა და მცირე სიმაღლის გორაკების თანხლებით.[15]
კასპიის ზღვის ჩრდილოეთ სანაპიროზე გაწოლილი კასპიისპირა დაბლობი არის ახალკასპიური დაბლობი, ზღვიური აკუმულაციური ტერასების კვლებით. კასპიის ზღვაში ჩამდინარე მდინარეებმა და დროებითმა წყალსადინარებმა აქ განსაზღვრეს რელიეფის დელტური ფორმების არსებობა, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია მდინარეების ვოლგისა და ურალის დელტები. მდინარე ურალის დელტიდან აღმოსავლეთით ბუაზაჩის ნახევარკუნძულამდე განლაგებულია ახალკასპიური ასაკის სანაპირო და კუნძულოვანი ბარები.[15]
ჩრდილოეთი კასპიის ჩრდილო-დასავლეთი სანაპირო (ვოლგის დელტიდან მაჰაჩყალამდე) ზღვიური ვაკეა, რომლის ერთფეროვნება ირღვევა მხოლოდ ქვიშიანი აკუმულაციური ფორმებითა და მდინარეების კუმისა და თერგის ამჟამად ამოშრობილი დელტური წარმონაქმნებით. კასპიის ზღვის ჩრდილოეთი სანაპირო განირჩევა წყალქვეშა სანაპირო კალთის მცირე დახრილობითა და სანაპირო ხმელეთით. ჩრდილოეთი კასპიის სანაპიროების თავისებურებას წარმოადგენს აგრეთვე ამოშრობილი ზონის არსებობა. კასპიის ზღვის დაღესტნის სანაპირო არის ვიწრო აბრაზიულ-აკუმულაციური ვაკე. ზოგიერთ ადგილას ძირითადი ქანების — სარმატული ასაკის კირქვების — გამოსავლებია, რომლებიც კირქვულ ბენჩსა და რამდენიმე წყალქვეშა სერებს ქმნიან. მდინარე სამურის დელტის სამხრეთით ზღვის სანაპირო ფლატეებიანი ხდება, კალთებში შიშვლდება ქვიშა-კენჭნარის ალუვიური დანალექები. უფრო სამხრეთით ჩნდება ქვიშა-კენჭნარის ტერასა მკვეთრად გამოყოფილი ძველი სანაპირო ხაზით, რომლის სიმაღლეა ზღვის დონიდან 6-7 მ.[15]
კილიაზინის რაიონის სანაპირო განირჩევა რელიეფის თავისებური აგებულებით. აქ ზღვასთან გამოდის კავკასიონის ანტიკლინური ზონები, სანაპირო დაბლობი ვიწროვდება 1-2 კილომეტრამდე და რელიეფში ჭარბობს ძირეული სტრუქტურების მოვლენები, — რიგ ადგილში მეოთხეულამდელი ქანები ზედაპირზე ამოდის. სანაპირო ვაკის ძირითადი ნაწილი წარმოქმნილია ხვალინური ტერასების ზედაპირით, თუმცა თვით ნაპირებთან განლაგებულია ახლკასპიური ტერასა. ამიის კონცხის სამხრეთით მდებარე ტერასა, თანამედროვე სანაპირო ხაზის გარდა, — აბრაზიულია, გამომუშავებულია პელეოგენურ და მაიკოპურ თიხებში. სანაპიროს მხრიდან იგი შემოზღუდულია ქვიშიანი ნაპირის ზვინულით. ზორათის დასახლებასთან, ეს ტერასა აკუმულაციური ხდება, ხოლო სამხრეთით სოფელ იაშმასთან კვლავ აბრაზიულ-აკუმულაციური. ზოგიერთ ადგილას შიშვლდება მკვიდრი ქანების საფეხურები.[15]
ზღვის ნაპირი | ყაზახეთის სანაპირო | ირანის სანაპირო | ირანის სანაპირო |
ზღვის დასავლეთი სანაპიროს ხაზი მთლიანობაში მოსწორებულია. გამონაკლისს წარმოადგენს აფშერონის ნახევარკუნძულის რაიონი: აქ მორიგეობენ ანტიკლინური აზევებების სერიები მათი გამყოფი სინკლინური დადაბლებებით, რაც ქმნის სანაპირო ხაზის დანაწევრებულ ხასიათს. აფშერონის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ნაპირებზე გავრცელებულია ახალკასპიური აკუმულაციური ტერასები. კონცხ ფირსაღათის სამხრეთით სანაპირო ვაკე დაბლდება და გადადის ფართო ახალკასპიურ ტერასაში, რომლის ერთფეროვნება ირღვევა ტალახის ვულკანების სოპკებით, სანაპირო ზვინულებითა და ცალკეული დიუნებით. ანტიკლინური აზევებების სერია ხმელეთიდან ზღვაში გრძელდება, რომელიც ნაპირებთან კონცხებს, ხოლო შელფზე კუნძულებს წარმოქმნის. სამხრეთი კასპიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილის სანაპირო ხაზის მსხვილი მორფოლოგიური ელემენტი მდინარე მტკვრის დელტაა, რომელიც მკვეთრად იჭრება ზღვის მხარეს. ლენქორანის დაბლობის სამხრეთით გაწოლილი სანაპირო წარმოადგენს ზღვიურ ვაკეს, რომელიც შემჭიდროებულია თანადროულ პლაჟთან. დასავლეთიდან ვაკე შემოზღუდულია ქვიშა-ნიჟარქვიანი სანაპირო ზვინულით. ირანის სანაპიროს ფარგლებში ელბურსის სისტემის ქედები ახლოს მიდიან ზღვის ნაპირთან, რომლებიც აკუმულაციური ვაკის მხოლოდ ვიწრო (2-40 კმ) ხაზს ტოვებენ, სუსტად დახრილს ჩრდილოეთისაკენ. დაბლობი ძლიერ არის დანაწევრებული მრავალრიცხოვანი მდინარეების ხეობებითა და დროებითი წყალსადინარებით, რომლებიც ელბურსიდან ჩამოედინებიან.[15]
შუა კასპიის აღმოსავლეთ სანაპიროს თიუბ-ყარაღანის ნახევარკუნძულიდან ყარა-ბოღაზ-გოლამდე აქვს აბრაზიული ხასიათი. ამ სანაპიროს მსხვილ აკუმულაციურ ფორმას წარმოადგენს პესჩანის კონცხი, რომელიც წარმოიქმნა რამდენიმე უძველესი წანაყარებით. სხვადასხვა ასაკის ტერასები სანაპიროს სძენენ საფეხურებიან ხასიათს. სამხრეთით მდებარეობს ქენდერლის ყურე, რომელიც ზღვიდან გამოყოფილია იმავე სახელწოდების ცელათი.[15]
ქენდერლის ცელის სამხრეთით ნაპირი კვლავ ფლატეებიანი, უმეტესწილად აბრაზიული ხდება. აქ კარგად არის გამოხატული ხვალინური ტერასების საფეხურები, ხოლო ჩაღუნულ დამრეც მონაკვეთებში არის აბრაზიულ-აკუმულაციური ახალკასპიური ტერასის კვლები. უფრო სამხრეთით, ბექდაშის კონცხის რაიონში ნაპირის რელიეფში აღინიშნება მკვიდრი ქანებით აგებული ხეობისმაგვარი დადაბლებებისა და ბრტყელმწვერვალებიანი ბორცვების მორიგეობა. კრასნოვოდსკის ნახევარკუნძულის სანაპიროს გასწვრივ გადაჭიმულია ახალკასპიური აკუმულაიური ტერასა, რომლის ზედაპირი აგებულია სანაპიროს ზვინულისებრი დიუნების ჯაჭვით. ნახევარკუნძულის სამხრეთით განლაგებულია კრასნოვოდსკის ცელა.[15]
გეოლოგია
კასპიის ზღვის გეოლოგიური ისტორია აჩვენებს ძველთაგანვე მის იზოლაციას მსოფლიო ოკეანისაგან, რამაც განაპირობა წყლის მარილიანობის შეცვლა და შესაბამისად, ზღვის ფაუნის გარდაქმნაც. რამდენიმე ათასი წლის წინ, კასპიის ზღვის დონე იმდენად მაღალი იყო, რომ მისი წყლები ვოლგოგრადის განედამდე აღწევდა. ეს იყო მყინვარების დნობის მძაფრი პერიოდი, რომლებმაც დასაბამი მისცეს უხვწყლიან მდინარეებს, ხოლო კასპიის ზღვაში შეაღწიეს ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანის ბინადრებმა. მაქსიმალური გამტკნარების პერიოდში ზღვაში გაძლიერდა მტკნარწყლიანი მდინარის სახეობების შემოდინება, რომლებიც ნაწილობრივ ეგუებოდნენ შემდგომ გამარილიანებას.[17]
კასპიის ზღვის ჩრდილო ნაწილი აღმოსავლეთ ევროპის ბაქნის კასპიისპირა სინეკლიზის კიდეზეა. შუა ნაწილის ფსკერი ჰეტეროგენული სტრუქტურისაა: აღმოსავლეთით ეპიჰერცინული თურანის ბაქნის დაძირული ნაწილია, ხოლო დასავლეთით — კავკასიონის გეოსინკლინის კიდური როფის გაგრძელება. სამხრეთი ნაწილის ფსკერისათვის დამახასიათებელია სუბოკეანური დედამიწის ქერქი (25 კილომეტრი სისქის დანალექი ფენა უშუალოდ ადევს ბაზალტურ ფენას). კასპიის ზღვის აუზის გეოლოგიური ისტორია ზედა მიოცენამდე მჭიდროდ იყო დაკავშირებული შავ ზღვასთან. ზედამიოცენური დანაოჭების შემდეგ კავშირი შეწყდა და ზედა პლიოცენში მცირე ხნით განახლდა. ანთროპოგენური პერიოდის ტრანსგრესიებისა და რეგრესიების კვალი შეიმჩნევა ზღვიური ტერასების სახით და ძველკასპიური ნალექების სტრატიგრაფიაში.[6]
კასპიის ზღვა შორეულ წარსულში მართლაც ზღვა იყო და იმ წყლის აუზის ნაწილს შეადგენდა, რომელიც სამხრეთით მდებარე ზღვების ადგილას მდებარეობდა. პონტის ტბა-ზღვისგან გამოყოფის შემდეგ, კასპიის ადგილას მდებარე აუზის ფართობი მნიშვნელოვნად შემცირდა. პლიოცენში, აქჩაგილის ტრანსგრესიის დროს, ხმელეთის დაძირვის შედეგად, ამ აუზის მლაშე წყლები შორს ჩრდილოეთისკენ ვრცელდებოდა, მიედინებოდა აღმოსავლეთით ქოფეთდაღის გასწვრივ და დასავლეთით, კუმა-მანიჩის ღრმულის გავლით, შავ ზღვაში ჩადიოდა.[10]
აქჩაგილის აუზი შემდგომში ძლიერ შემცირდა და უფრო მარილიანი აფშერონის აუზით შეიცვალა. ამ უკანასკნელმა თავის მხრივ, ადგილი დაუთმო უფრო გამტკნარებულ თითქმის თანამედროვე ფაუნის შემცველ კასპიის ზღვის აუზს. მეოთხეულ პერიოდამდე კასპიის წყლებმა ორჯერ შეუტია ხმელეთს. ხაზარული ტრანსგრესიისას იგი ბასკუნჩაკის ტბამდე, ხვალინურის დროს — ობშჩი-სირტამდე, ვოლგაზე კი სამარამდე აღწევდა. ხვალინური ტრანსგრესიისას ტბა-ზღვამ არაერთხელ განიცადა დონეების რყევა, მაგრამ ზომითა და მოხაზულობით, თანამედროვისგან დიდად არ განსხვავდებოდა.[10]
კლიმატი
კასპიის ზღვის დიდი განფენილობა მერიდიანული მიმართულებით, მისი დასავლეთი და აღმოსავლეთი სანაპიროების რთული ოროგრაფია განსაზღვრავს კლიმატის ადგილობრივი თავისებურებების მრავალსახეობას, ხოლო ზღვის მდებარეობა ზომიერი და სუბტროპიკული განედების საზღვარზე ხელს უწყობს კასპიის ზღვის აკვატორიაზე ატმოსფერული ცირკულაციის სხვადასხვა სისტემების ურთიერთკავშირს. ამიტომ, ზღვაზე მოღწეული ჰაერის ნაკადები შეიძლება იყოს სხვადასხვაგვარი თავისი წარმოშობის, ფიზიკური თვისებებისა და მოძრაობის მიმართულების მხრივ. ამ ჰაერის ნაკადების ქვედა ფენებში მნიშვნელოვანი ცვლილებები შეაქვს ზღვის წყლის ზედაპირს. შედარებით დაბალ განედებში მდებარეობა განაპირობებს მზის რადიაციის ინტენსიურ მოდენას. ამაზე მეტყველებს წლის რადიაციული ბალანსის დადებითი სიდიდე. ზღვის მთელი აკვატორისათვის რადიაციული ბალანსის დადებითი სიდიდე შეადგენს საშუალოდ 60 კკალ/სმ²-ს. ჩრდილოეთი კასპიის ფარგლებში ეს მაჩვენებელი მცირდება 50 კკალ/სმ²-მდე, შუა და სამხრეთ კასპიაში კი აღწევს 65 კკალ/სმ²-ს.[15]
რადიაციული სითბოს სიჭარბე განსაზღვრავს ინტენსიურ აორთქლებას, რაზეც იხარჯება 54 კკალ/სმ² სითბო და ინტენსიური კონვექციური თბომიმოცვლა ატმოსფეროსთან. ზღვის მთელი აკვატორიისათვის რადიაციული ბალანსი დადებითია მარტიდან ოქტომბრამდე და აქვს მაქსიმალური სიდიდები ივნისსა და ივლისში (თვეში 11-12 კკალ/სმ²). ბალანსი უარყოფითია მხოლოდ დეკემბერში: 2 კკალ/სმ²-დან ზღვის ჩრდილოეთით 1 კკალ/სმ²-მდე ზღვის სამხრეთით. კასპიის ზღვაზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე ატმოსფერული პროცესები ყალიბდება ატმოსფეროს საერთო ცირკულაციის გავლენით ევროპა-აზიის კონტინენტზე და ადგილობრივი ფაქტორებით: მიმდებარე რაიონების რელიეფითა და ზღვის წყლის ზედაპირის გავლენით. კასპიის ზღვაში აღინიშნება აგრეთვე სამხრეთი ციკლონების გამოსავლები, რომელიც აქ გადმოადგილდება შავი და ხმელთაშუა ზღვებიდან. ამ ციკლონების მოძრაობის ტრაექტორიის შესაბამისად, ამ ციკლონებს შეუძლიათ მოიცვან ზღვის უფრო ჩრდილო ან უფრო სამხრეთი ნაწილები. სამხრეთის ციკლონების გამოსვლასთან დაკავშირებულია მოღრუბლული არამდგრადი ამინდი და თბილი ჰაერის გამოტანა ზღვის ჩრდილოეთ რაიონებში, რაც იწვევს ტემპერატურის მატებასა და ლეღმას.[15]
გაზაფხულზე ციმბირის ანტიციკლონის გავლენა დასუსტებულია და ხმელთაშუაზღვის ციკლონები მიიმართებიან აღმოსავლეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით. ციკლონების თბილ სექტორებში თბილი ტროპიკული ჰაერი გამოდის კასპიის ზღვის ჩრდილოეთ რაიონებში, რაც განაპირობებს თოვლის დნობას. ზურგში გამავალ ციკლონებში წარმოიქმნება ცივი არქტიკული ჰაერის ადვექცია, რომელიც ვრცელდება ზღვის ზედაპირზე შორს სამხრეთისაკენ. ამ პროცესებით განისაზღვრება გაზაფხულისთვის დამახასიათებელი სიცივეების შებრუნებები. გაზაფხულის სეზონისათვის, განსაკუთრებით მისი პირველი ნახევრისთვის დამახასიათებელია სინოპტიკური პროცესების დიდი ცვალებადობა და ჰაერის მასების ხშირი ცვლა. სეზონის მეორე ნახევარში მზის რადიაციის ზეგავლენით ჭარბობს ჰაერის ტრანსფორმაციის პროცესები და აღინიშნება ცირკულაციის ზაფხულის ტიპზე გადასვლა.[15]
ზაფხულში ტემპერატურის კონტრასტების შერბილებასთან დაკავშირებით, ხდება ცირკულაციური პროცესების დასუსტება, როგორც მიწისპირა ფენებში, ისე თავისუფალ ატმოსფეროში. წლის ამ სეზონში კასპიის ზღვის რეგიონის სინოპტიკურ პროცესებზე ახდენს ზეგავლენას აზორის მაქსიმუმის შტო, რომლის გავლენა ყველაზე მეტად შეიმჩნევა ზღვის დასავლეთ და ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, განსაკუთრებით კი — ივლისში. კასპიის ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში წარმოიქმნება ვრცელი ბარიული ღარტაფი, რომელიც სექტემბრის ბოლომდე ნარჩუნდება და რომელიც წარმოადგენს ვრცელი სამხრეთაზიური ირან-ავღანეთის მინიმუმის დასავლეთ შტოს.[15]
შემოდგომის პირველ ნახევარში ჯერ კიდევ ნარჩუნდება ზაფხულის ცირკულაციის ნიშნები: წნევის მცირე გრადიენტები, ატმოსფერული პროცესების დიდი ინერცია, მცირედმოძრავ ანტიციკლონებში ჰაერის მასების ტრასფორმაცია. მაცივებელ მატერიკებზე წნევის მატებისას და ოკეანეებზე წნევის დადაბლებისას აზორის მაქსიმუმის გავლენა მცირდება და მატულობს აღმოსავლეთ კონტინენტური შემოჭრის როლი. თავისუფალ ატმოსფეროში ძლიერდება დასავლეთის გადატანის ინტენსივობა.[15]
კასპიის ზღვის და განსაკუთრებით მისი სანაპირო რაიონების კლიმატის ფორმირებაზე უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა რელიეფმა, რომლის ზემოქმედების შედეგად, სახეცვალებას განიცდის ჰაერის მასების ცირკულაცია. ზღვის სანაპიროს რთული ოროგრაფიის გამო ზღვის ცალკეული რაიონები განირჩევა კლიმატური პირობების მრავალფეროვნებით. ზღვის სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში არსებული მთის მასივებისა და აგრეთვე კავკასიონის ქედების სისტემა განაპირობებს ფრონტალური გაყოფის გამძაფრებას და იწვევს ხმელთაშუა ზღვიდან და შავი ზღვიდან წამოსული ციკლონების რეგენერაციას.[15]
რელიეფის გავლენა გამოიხატება ჰაერის ნაკადების მოძრაობის ცვლილებასა და სიჩქარეზე. კასპიის ზღვის დასავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროზე გვხვდება ადგილობრივი ცირკულაციის თითქმის ყველა სახეობა. დიდია მთის მასივების როლი ნალექების გადანაწილებაზე. ამ მხრივ, გამოირჩევა ზღვის სამხრეთ-დასავლეთი სანაპირო. კასპიის ზღვა გარკვეულ გავლენას ახდენს გარემომცველი ხმელეთის ატმოსფერულ პროცესებსა და კლიმატზე. კასპიის ზღვაში ატმოსფერულ ცირკულაციას რთული ხასიათი აქვს.[15]
ჰაერის ტემპერატურა
ზღვის დიდი განფენილობა მერიდიანული მიმართულებით განაპირობებს მის აკვატორიაზე ჰაერის ტემპერატურის განაწილების სხვაობას. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა ზღვის ჩრდილო ნაწილში 8-10 °C, შუა ნაწილში — 11-14 °C, სამხრეთ ნაწილში — 15-17 °C აღწევს. მთლიანად ზღვისთვის საშუალოდ ეს მაჩვენებელი უდრის 13,1 °C-ს. ჰაერის საშუალოწლიური ტემპერატურის სხვაობა ზღვის ჩრდილო და სამხრეთ ნაწილებს შორის შეადგენს 7 °C-ს.[15]
ზღვის ჩრდილოეთ რაიონებში იანვრის საშუალო ტემპერატურა — 7-10 C°-ს, ხოლო მინიმალური — 19-20 C°-ს აღწევს. არქტიკული ჰაერის შემოჭრისას ტემპერატურა არაიშვიათად ვარდება -30 °C-მდე. ზღვის სამხრეთ ნაწილში იანვრის ჰაერის საშუალო თვიური ტემპერატურა უდრის 9 °C-ს, მისი მინიმალური სიდიდე კი —10 °C-ს. მთლიანობაში ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში ზამთარი უფრო ცივია, ვიდრე დასავლეთ ნაწილში. ჩრდილოეთ კასპიაში აპრილის საშუალო ტემპერატურაა 8-9 °C, შუა კასპიაში — 10-11 °C, ხოლო სამხრეთ კასპიაში — 11-14 °C. ივლისის საშუალო ტემპერატურაა 24-26 °C. ჰაერის ყველაზე დაბალი საშუალო ტემპერატურები აღინიშნება ზღვის შუა ნაწილის აღმოსავლეთ ნახევარში. შემოდგომაზე ზღვის ჩრდილოეთ ნაწილში შეინიშნება ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი ვარდნა, განსაკუთრებით მის აღმოსავლეთ ნაწილში. ზღვის ჩრდილო ნაწილის სანაპირო ზოლში ოქტომბრის საშუალო ტემპერატურა შეადგენს 9-10 °C-ს, ღია რაიონებში — 12-13 °C-ს. ზღვის შუა ნაწილში ჰაერის საშუალო ტემპერატურა ოქტომბერში უდრის 15-17 °C-ს, დასავლეთი ნაპირის სანაპირო ზოლში 14-15 °C-ს, აღმოსავლეთში — 12-14 °C-ს. ჰაერის საშუალო ტემპერატურები ყველაზე უფრო მაღალია სამხრეთ კასპიაში. ზღვის ყველაზე სამხრეთ ღია რიაონებში ჰაერის ტემპერატურა აღწევს 21 °C-ს.[15]
ქარი
კასპიის ზღვაზე მონაბერი ქარის ძალების მიმართულება სამი ფაქტორით განისაზღვრება: ატმოსფეროს ზოგადი ცირკულაციის ხასიათით, ტემპერატურის ველით, რომელსაც თვით ზღვა ქმნის და ნაპირების რელიეფით. მიწისპირა ფენაში ქარის რეჟიმი გამოირჩევა არამდგრადობით, რაც აიხსნება ზღვის ცალკეული ნაწილების ფარგლებში ატმოსფერული პროცესების ტიპების სხვადასხვაობით. ქარის რეჟიმის საერთო კანონზომიერება იმგვარია, რომ წლის დიდ ნაწილში ზღვაზე ბატონობს ჩრდილოეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ მიმართულების ქარი.[15]
წელიწადში საშუალოდ ჩრდილოეთის რუმბების ქარის ველის დადგომის ალბათობა შეადგენს 41 %-ს, თანაც ზაფხულში მათი ალბათობა რამდენადმე მაღალია (48,7 %) ვიდრე წელიწადის სხვა სეზონებში. მათ შორის თითქმის ნახევარი მოდის ჩრდილო-დასავლეთის მეოთხედის ქარებზე. სამხრეთ-აღმოსავლეთი ქარები წელიწადში საშუალოდ შეადგენენ 35,9 %-ს. ყველაზე ხშირად ისინი აღინიშნება ზამთარში (41,3 %), როდესაც ყაზახეთისა და შუა აზიის რაიონებში წარმოიქმნება მდგრადი ანტიციკლონი, რომელიც ხელს უწყობს ჰაერის მასების სამხრეთ-აღმოსავლეთ გადატანას. ყველა ქარის ნაკადებიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისაა ყველაზე უფრო მდგრადი.[15]
ქარის საშუალო სიჩქარე ზღვის აკვატორიის ფარგლებში შეადგენს 5,7 მ/წმ-ს. მაქსიმალური სიჩქარე აღინიშნება ზღვის შუა ნაწილში და საშუალოდ წელიწადში უდრის 6-7 მ/წმ-ს. აფშერონის ნახევარკუნძულის რაიონში მათი სიდიდეა 8-9 მ/წმ. ზღვაში გაბატონებული ჩრდილო-დასავლეთის ქარები ამ რაიონში ღებულობს მკვეთრ ჩრდილოურ მიმართულებას და აღწევს 25-30 მ/წმ სიჩქარეს. ეს არის კარგად ცნობილი შტორმული „ბაქოს ნორდები“. აფშერონის ნახევარკუნძულის სამხრეთით ქარის სიჩქარე თანდათანობით იკლებს და ზღვის უკიდურეს სამხრეთ რაიონებში, რომელიც იმყოფება გარემომცველი ქედების დაცვის ქვეშ იკლებს 2-3 მ/წმ-მდე, განსაკუთრებით კი ზაფხულის თვეებში, მაშინაც კი როდესაც ქარების მაქსიმალური სიჩქარე არ აჭარბებს 10 მ/წმ-ს. აღმოსავლეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულების შტორმული ქარები აღინიშნება ზღვის ღია ნაწილში მანგიშლაყის ნახევარკუნძულთან.[15]
ასტარის პორტი | ირანის სანაპირო | ზღვის ტალღები | ხედი ზღვაზე |
სინოტივე
ჰაერის ტენიანობის წლიური მსვლელობა ჰაერის ტემპერატურის მსვლელობის ანალოგიურია. კასპიის ზღვაზე ჰაერის მინიმალური სინოტივე აღინიშნება იანვარ-თებერვალში, როდესაც იგი შეადგენს ზღვის ჩრდილო ნაწილში 2-3 მმ-ს, ხოლო სამხრეთში — 6-7 მმ-ს. ივლისსა და აგვისტოში ჰაერის აბსოლუტური სინოტივე უდიდესია წელიწადში და ზღვის ჩრდილო და შუა ნაწილებში შეადგენს 17-18 მმ-ს, სამხრეთში — 19-20 მმ-ს. კონტრასტები ზღვის ჰაერის სინოტივესა და მის სანაპიროზე ყველაზე უფრო ძლიერია ზაფხულში, სადაც დიდია აორთქლება ზღვის აკვატორიიდან, ხოლო ხმელეთის მცირე ტენიანობის გამო კონტინენტის ზედაპირიდან იგი უკვე მცირდება.[15]
წყლის ორთქლით ჰაერის დატვირთულობა მთელი წლის განმავლობაში ახლოსაა ზღვართან და შეადგენს 80-85 %-ს. ზამთარში ჩრდილოეთ კასპიაში იგი უდრის 90 %-ს. ამავე დროს ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში, უკიდურესი სამხრეთის გამოკლებით, აპრილიდან დაწყებული ჰაერის საშუალო შეფარდებითი სინოტივე 80 %-ზე ნაკლებია, ხოლო სექტემბერ-ოქტომბერში 75 %-ზე ნაკლებიც კი. ზღვის უკიდურეს ჩრდილო-აღმოსავლეთ რაიონებში გაზაფხულსა და ზაფხულში საშუალო შეფარდებითი სინოტივე არ აჭარბებს 60-65 %-ს. ეს არის ზღვის ყველაზე უფრო გვალვიანი რაიონი.[15]
მთლიანობაში ზღვის ზედაპირისთვის საშუალო შეფარდებითი ტენიანობა მერყეობს 72 %-იდან ივლისში 83 %-მდე ნოემბერში. შესაბამისად, ჰაერი კასპიის ზღვაზე წყლის ორთქლით ყველაზე უფრო დატვირთულია ზამთარში — ზღვის ჩრდილო ნაწილში ძლიერი გაცივების შედეგად და ზღვის სამხრეთ ნაწილში ჰაერის ნაკადების კონვერგენციის შედეგად. ზღვის ამ რაიონებში წლის ცივ პერიოდში არაიშვიათია ნისლი, რომელთა განმეორებადობა 10 %-ზე მეტია. დანარჩენ აკვატორიაზე ნისლის განმეორებადობა წლის ცივ პერიოდში შეადგენს არა ნაკლებ 5 %-ს, მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით 1-2-%-ზე ნაკლებს.[15]
ატმოსფერული ნალექები
ატმოსფერული ნალექები კასპიის ზღვის სანაპიროზე არათანაბრადაა გადანაწილებული. ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ მისი რაოდენობა მატულობს. ყოველწლიურად საშუალოდ ზღვის ზედაპირზე მოდის 177 მმ ნალექი.[10] ნალექების გადანაწილებაზე მთავარ როლს ასრულებს სანაპირო ზონის რელიეფი.[18] კასპიის ზღვის წყლის სარკეზე მოსული ატმოსფერული ნალექების ჯამი და მისგან აორთქლების სიდიდე შესაბამისად, 180 და 910 მმ-ის ტოლია წელიწადში. ატმოსფერული ნალექების რაოდენობა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში უდრის 90-100 მმ-ს წელიწადში, ხოლო დასავლეთ ნაწილში — 400 მმ-ს. ატმოსფერული ნალექების მაქსიმალური რაოდენობა აღინიშნება ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში და ეს მაჩვენებელი აქ 1700 მმ უდრის. აფშერონის ნახევარკუნძულზე ატმოსფერული ნალექების რაოდენობა აღწევს დაახლოებით 200 მმ-ს წელიწადში.[18] სამხრეთში ნალექების მაქსიმუმი ზამთარშია, შუა ნაწილში — გაზაფხულზე, ჩრდილოეთში — ზაფხულში. თუ მთელ კასპიის ზღვაზე წელიწადში საშუალოდ 177 მმ ნალექი მოდის, ჩრდილო ნაწილზე ეს მაჩვენებელი — 145 მმ, შუა ნაწილზე — 155 მმ, სამხრეთზე კი — 200 მმ უდრის. ყველაზე უფრო მცირენალექიანია ყარა-ბოღაზ-გოლი, სადაც ატმოსფერული ნალექების რაოდენობა წელიწადში 97 მმ-ია.[10]
ჰიდროლოგია
კასპიის ზღვის ჰიდროლოგიური რეჟიმი ყალიბდება შემდეგი ფაქტორების გათვალისწინებით: კლიმატური პირობები, მდინარეული ჩამონადენი, ზღვის სიღრმე, ნაპირების ხასიათი და კლაკნილი სანაპირო ხაზი.[19]
ზაფხულში არსებული ჰაერის მაღალი ტემპერატურა და ნათელი დღეების დიდი რაოდენობა განაპირობებს წყლის გახურებას მნიშვნელოვან სიღრმეზე, რაც ზეგავლენას ახდენს წყლის სიმჭიდროვესა და ზღვის ყინულიანობაზე.[19]
მდინარეული ჩამონადენი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ტემპერატურის, მარილინობისა და წყლის სიმჭიდროვის გადანაწილებაზე. განსაკუთრებით ძლიერ არის გამოხატული მდინარეული ჩამონადენი მდინარე ვოლგის შესართავის ადგილში ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროსთან.[19]
ზღვის ჰიდროლოგიურ რეჟიმზე დიდ გავლენას ახდენს აგრეთვე ზღვის სხვადასხვა ადგილში სიღრმეებსა და რელიეფის ფსკერს შორის არსებული სხვაობა. ზაფხულში ღრმაწყლიან ადგილებში გროვდება სითბო, რომლის ხარჯი ზამთარში ძლიერ გავლენას ახდენს ტემპერატურის გადანაწილებაზე. რელიეფის ფსკერი თავს იჩენს ღელვის რეჟიმსა და დინებებზე. სანაპირო ხაზის უმნიშვნელო კლაკნილობა და ზღვის შუა ნაწილის დასავლეთ და სამხრეთი ნაწილის სამხრეთ მონაკვეთთან კუნძულების არარსებობა ხელს უწყობს ზღვის ამ რაიონებში ღელვის განვითარებას.[19]
კასპიის ზღვის ჩრდილო ნაწილის წყალმარჩხობა იწვევს უფრო ინტენსიურ, ვიდრე სხვა რაონებში, წყლის მასების ვერტიკალურ გადაადგილებას, ხოლო ზამთარში, ჰაერის დაბალ ტემპერატურასთან შეხამებით ხელს უწყობს დიდ ყინულიანობას. მთლიანობაში კასპიის ზღვის ჰიდროლოგიური რეჟიმისათვის დამახასიათებელია ზედაპირული დინებების რთული ხასიათი, 2 მ-ზე მეტი სიმაღლის ტალღების სიჭარბე და საკმაოდ დაბალი მარილიანობა.[19]
მდინარეები
კასპიის ზღვაში 130-ზე მეტი მდინარე ჩაედინება, მათგან 9 მდინარეს აქვს დელტის ფორმის შესართავი. კასპიის ზღვას ერთვის დიდი მდინარეები: ვოლგა, ურალი, მტკვარი, თერგი, სულაკი, სამური, ემბა, ათრაქი, სეფიდრუდი და სხვა. კასპიის ზღვის უდიდესი შენაკადია მდინარე ვოლგა. მდინარეთა შესართავებთან ფართო დელტები იქმნება. ნატანის დაგროვებასთან და წყლის დონეების რყევასთან დაკავშირებით, მატულობს დელტების ფართობი და ხშირად იცვლება მათი მოხაზულობაც.[10]
ყველაზე დიდსა და რთულ დელტას — ვოლგის დელტას — 13 900 ათ. კმ² ფართობი უჭირავს.[20] თანამედროვე ვოლგის დელტის ფართობია 13 900 ათასი კმ². დელტას ეკვრის ვოლგის ფართო შესართავის ზღვისპირი, რომლის ფართობია 28 ათ. კმ² — ეს არის დელტისპირა წყალმარჩხი ზონა. დელტის ზღვის ნაპირის სიგრძე დაახლოებით 175 კმ აღწევს.[20] მდინარე ვოლგა ევროპის უგრძესი მდინარეა. სათავეს იღებს ვალდაის მაღლობზე, ზღვის დონიდან 228 მ სიმაღლეზე. მდინარის სიგრძეა 3530 კმ, აუზის ფართობი 1361 მლნ. კმ². მდინარის აუზში 100-ზე მეტი წყალსაცავია, ბევრია არხი.[21]
კასპიის ზღვის დიდი შენაკადია აგრეთვე მდინარე ურალი, რომლის სიგრძეა 2428 კმ, ხოლო აუზის ფართობი 237 ათ. კმ². სათავეს იღებს ზღვის დონიდან 640 მ სიმაღლეზე.[22] შესართავში აჩენს დელტას, რომლის ფართობია დაახლოებით 600 კმ².[23]
კასპიის ზღვას ერთვის აგრეთვე ამიერკავკასიის უდიდესი მდინარე მტკვარი, რომელიც სათავეს თურქეთში იღებს, გაივლის საქართველოს ტერიტორიას და აზერბაიჯანის ფარგლებში ერთვის კასპიის ზღვას. მტკვრის საერთო სიგრძეა 1515 კმ,[24] ხოლო აუზის ფართობი 188 ათ. კმ². საქართველოში მოქცეულია მტკვრის შუაწელის დაახლოებით 400 კმ-იანი მონაკვეთი. ქალაქ სალიანთან მტკვარს მარჯვნიდან გამოეყოფა ტოტი აკუშა, რომელიც სამხრეთისკენ მიედინება და დამოუკიდებლად ერთვის კასპიის ზღვას ქიზილაღაჯის ყურეში. შესართავამდე 25 კმ-ზე მტკვარი ორ ტოტად იყოფა და ქმნის დელტას, რომლის ფართობია დაახლოებით 100 კმ².[25]
მდინარე თერგი სათავეს იღებს საქართველოს ტერიტორიაზე, კავკასიონზე, ზილგახოხის მყინვართან, ზღვის დონიდან 2713 მ სიმაღლეზე. მდინარის სიგრძეა 623 კმ, აუზის ფართობი 43,2 ათ. კმ². ერთვის კასპიის ზღვას ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. შესართავში თერგი აჩენს დელტას, რომლის ფართობია 4 ათ. კმ², რომელთაგან 500 კმ² უკავია ირიგაციულ ფართობებს.[26] თერგის დელტა წარმოადგენს დამოუკიდებელ ვრცელ მასივს.[27]
კასპიის ზღვის დიდი შენაკადებია აგრეთვე მდინარეები: კუმა (802 კმ), ემბა (712 კმ), ათრაქი (669 კმ), სამური (213 კმ) და სხვა.
მთავარი შენაკადები
სახელი | სიგრძე (კმ) |
აუზის ფართობი (კმ²) |
წყლის ხარჯი (მ³/წმ) |
ქვეყნები |
---|---|---|---|---|
ვოლგა | 3,530 | 1,360,000 | 8,064 | რუსეთი |
ურალი | 2,428 | 244,280 | 297 | რუსეთი, ყაზახეთი |
მტკვარი | 1,364 | 218,906 | 575 | თურქეთი, საქართველო, აზერბაიჯანი |
კუმა | 802 | 33,500 | 10 | რუსეთი |
ემბა | 712 | 40,400 | 17,5 | ყაზახეთი |
სეფიდრუდი | 670 | 13,450 | 130 | ირანი |
ათრაქი | 669 | 27,300 | 9,2 | ირანი, თურქმენეთი |
თერგი | 623 | 43,200 | 305 | საქართველო, რუსეთი |
სამური | 213 | 7,330 | 75 | რუსეთი, აზერბაიჯანი |
სულაკი | 144 | 15,200 | 176 | რუსეთი |
მარილიანობა
მარილიანობის მნიშვნელობა განისაზღვრება ისეთი ფაქტორებით, როგორიცაა მდინარეული ჩამონადენი, წყლების დინამიკა, მათ შორის ქარისმიერი და გრადიენტული დინებები, ფსკერის რელიეფი, რომელიც განსაზღვრავს სხვადასხვა მარილიანობის წყლების განლაგებას, განსაკუთრებით, იზობათების გასწვრივ და აორთქლება, რომელიც უზრუნველყოფს მტკნარი წყლების დეფიციტს. ეს ფაქტორები გავლენას ახდენენ მარილიანობის ერთობლიობასა და სეზონურ სხვაობაზე.[28]
კასპიის ზღვის ჩრდილო ნაწილი განიხილება როგორც კასპიისა და მდინარეული წყლების მუდმივი შერევის წყალსატევი. ყველაზე აქტიურად შერევა ხდება დასავლეთ ნაწილში, სადაც უშუალოდ მოექცევა როგორც მდინარეული, ისე შუაკასპიური წყლები. ამასთან, მარილიანობის ჰორიზონტალურმა გრადიენტებმა 1 კმ-ზე შეიძლება მიაღწიონ 1-‰-ს.[28]
ჩრდილოეთი კასპიის აღმოსავლეთი ნაწილი ხასიათდება მარილიანობის უფრო ერთგვარი ველით, რადგან მდინარეული და ზღვიური წყლების დიდი ნაწილი ზღვის ამ რაიონში მოდის ტრანსფორმირებული სახით. შუა და სამხრეთ კასპიის ღრმულებში მარილიანობის რყევა ზედა ფენაში შეადგენს 1-1,5 ‰-ს. ყველაზე დიდი სხვაობა მაქსიმალურ და მინიმალურ მარილიანობას შორის აღინიშნება აფშერონის ზღურბლთან, სადაც იგი უდრის 1,6 ‰-ს ზედაპირულ ფენაში და 2,1 ‰-ს ჰორიზონტზე.[28]
მარილიანობის შემცირება სამხრეთი კასპიის დასავლეთი სანაპიროს გასწვრივ 0-20 მ ფენაში გამოწვეულია მდინარე მტკვრის ჩამონადენით. მტკვრის ჩამონადენის გავლენა სიღრმესთან ერთად მცირდება, ჰორიზონტებზე 40-70 მ-ზე მარილიანობის რყევის გაქანებაა 1,1 ‰. მთელი დასავლეთი სანაპიროს გასწვრივ აფშერონის ნახევარკუნძულამდე გადაჭიმულია გამტკნარებული წყლების ზოლი, რომელთა მარილიანობაა 10-12,5 ‰, რომელიც ჩრდილოეთ კასპიიდან მოდის.[28]
გარდა ამისა, სამხრეთ კასპიაში მარილიანობის მომატება ხდება გამარილიანებული წყლების გამოტანისას უბეებიდან და ყურეებიდან აღმოსავლეთ შელფზე სამხრეთ-აღმოსავლეთ ქარების ზემოქმედებით. შემდეგ, ეს წყლები გადაადგილდება შუა კასპიაში. შუა და სამხრეთი კასპიის სიღრმეებში მარილიანობა უდრის დაახლოებით 13 ‰-ს. შუა კასპიის ცენტრალურ ნაწილში ასეთი მარილიანობა აღინიშნება 100 მ-ზე დაბალ ჰორიზონტებზე, ხოლო სამხრეთ კასპიის ღრმაწყლიან ნაწილში წყლების საზღვარი მომატებულ მარილიანობასთან ერთად ვარდება 250 მ-მდე. აშკარაა, რომ ზღვის ამ ნაწილში წყლების ვერტიკალური გადაადგილება გართულებულია.[28]
დონე
ბალანსის შემოსავლისა და გასავლის უტოლობის გამო კასპიის ზღვის დონე წელიწადში საშუალოდ 7 სმ-ით ეცემოდა. ამ სხვაობის შესამცირებლად 1980 წლიდან ყურე ყარა-ბოღაზ-გოლი ზღვისგან გამოყოფილია ჯებირით. დონების მნიშვნელოვან რყევას იწვევს ქარები. თუ კასპიის ზღვის შუა და სამხრეთ ნაწილებში ამგვარი რყევის სიმაღლე 0,5 მ მეტი არ არის, ჩრდილო ნაწილში იგი 2 მ აღწევს. უკუქცევისას წყალი დიდ მანძილზე იხევს უკან, მოდენის დროს კი სწრაფად უტევს ნაპირს.[10]
საშუალო დონის მრავალწლიურ მსვლელობაში მორიგეობენ დაბალი და მაღალი დონეების პერიოდები. ყველაზე მაღალი დონე აღინიშნებოდა XIX საუკუნის დასაწყისში; 1929 წლიდან მდინარეული ჩამონადენის შემცირების შედეგად დაიწყო დონის მკვეთრი დაცემა; ყველაზე დაბალი დონე აღინიშნა 1977 წელს. 1979 წლიდან დონემ მატება დაიწყო და 1995 წლის მარტისთვის საშუალო მრავალწლიურთან მიმართებაში მაღალი იყო 158 სმ-ით.[29]
კასპიის ზღვის დონის წლიურ მსვლელობაში მაქსიმუმი ივნის-აგვისტოში აღინიშნება, ხოლო მინიმუმი დეკემბერ-თებერვალში. დონის სეზონური რყევების სიდიდე შეადგენს 0,3-0,4 მ-ს, ხოლო ცალკეულ წლებში დაახლოებით 0,6 მ. მდინარე ვოლგის შესართავის რაიონში აღინიშნება დონის ყველაზე მნიშვნელოვანი სეზონური რყევები (საშუალოდ 1 მეტრი).[29]
ქარით გამოწვეული დონის რყევის დაწევა და მოდენა მთელ ზღვაზე აღინიშნება, მაგრამ განსაკუთრებით არის განვითარებული მის ჩრდილო ნაწილში ნოემბერსა და დეკემბერში. ძლიერი ხანგრძლივი ქარების ზემოქმედებით აქ აღინიშნება წყლის მოდენა 4,5 მ-მდე და დაწევა 3 მ-მდე საშუალო დონესთან შედარებით.[29]
კასპიის ზღვის შუა ნაწილში აღინიშნება მოდენა, რომელთა სიდიდე მატულობს ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ. მოდენისა და დაწევის საშუალო ხანგრძლივობაა უმეტესწილად 10-12 საათი. კასპიის ზღვაში აღინიშნება აგრეთვე დონის სეიშური რყევები, რომელთა სიდიდე არ აჭარბებს 0,5 მ-ს, ხოლო პერიოდი იცვლება 10 წუთიდან რამდენიმე საათამდე. ამჟამად კასპიის ზღვაში წყლის დონე დაახლოებით −27 მეტრით დაბლაა მსოფლიო ოკეანის დონესთან შედარებით.[29]
დინება და წყლის ცირკულაცია
ზღვაში არსებული დინებები უმეტესწილად ატარებენ ქარიან ხასიათს. დინება, რომელიც განპირობებულია მდინარეების ვოლგისა და ურალის ჩამონადენით აღინიშნება მხოლოდ ზღვისპირა შესართავის ფარგლებში. ჩრდილოეთ კასპიაში ჭარბობს არამდგრადი სხვადასხვა მიმართულების ქარისმიერი დინებები. დინების გაბატონებული სიჩქარე 10-15 მ/წმ აღწევს, ჩრდილოეთ კასპიის ღია რაიონებში მაქსიმალური სიჩქარე დაახლოებით 30 მ/წმ-ია.[28]
ზღვის შუა და სამხრეთი ნაწილების სანაპირო რაიონებში ქარის მიმართულების შესაბამისად, აღინიშნება ჩრდილო-დასავლეთის, ჩრდილოეთის, სამხრეთ-აღმოსავლეთისა და სამხრეთის მიმართულების დინებები, აღმოსავლეთ სანაპიროსთან ხშირად აქვს ადგილი აღმოსავლეთი მიმართულების დინებებს. ზღვის შუა ნაწილის დასავლეთ სანაპიროს გასწვრივ, ყველაზე უფრო მდგრადი დინებაა სამხრეთ-აღმოსავლეთისა და სამხრეთისა. დინების სიჩქარე საშუალოდ დაახლოებით 20-40 მ/წმ, ხოლო მაქსიმალური 50-80 მ/წმ უდრის. ზღვის წყლის ცირკულაციაში არსებით როლს თამაშობს დინების სხვა სახეობებიც: გრადიენტული, სეიშური და ინერციული.[28]
ჩრდილოეთ კასპიაში გაბატონებული ქარები ქმნიან დინებას, რომელიც მიმართულია ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროს გასწვრივ სამხრეთ-დასავლეთისაკენ. შუა კასპიაში ეს დინება ერწყმის ადგილობრივი ციკლონური ცირკულაციის დასავლეთ ტოტს და აგრძელებს სვლას დასავლეთი სანაპიროს გასწვრივ. აფშერონის ნახევარკუნძულთან დინება ორად იყოფა. სუსტი ქარებისას და შტილური ამინდის დროს დინებამ შეიძლება მიიღოს სხვა მიმართულება.[28]
ყინულწარმოქმნა
ჩრდილოეთი კასპია ყოველწლიურად ნოემბერში ყინულით იფარება, აკვატორიის გაყინული ნაწილის ფართობი ზამთრის სიმკაცრეზეა დამოკიდებული: მკაცრ ზამთარში ყინულით იფარება მთელი ჩრდილოეთი კასპია, ხოლო რბილ ზამთარში ყინული გამაგრებულია 2-3 მ იზობათების ფარგლებში. ზღვის შუა და სამხრეთ ნაწილებში ყინულის გაჩენა დეკემბერ-იანვარში იცის. აღმოსავლეთ სანაპიროსთან ყინული ადგილობრივი წარმოშობისაა, ხოლო დასავლეთ სანაპიროსთან მოტანილი ხასიათისა. მკაცრ ზამთარში ზღვის შუა ნაწილის აღმოსავლეთ სანაპიროსთან იყინება წყალმარჩხი ყურეები. დასავლეთ ნაპირებთან ანომალიურ ცივ ზამთარში წარმოქმნილი მოდრეიფე ყინული ვრცელდება აფშერონის ნახევარკუნძულამდე. ყინულის საფარი ქრება თებერვალ-მარტის მეორე ნახევარში.[28]
ბაქო | აზერბაიჯანი და კასპიის ზღვა | ზღვის სანაპირო | ზღვის სანაპირო |
ეკოლოგია და ბუნების დაცვა
კასპიის ზღვა იმყოფება მძლავრი ანთროპოგენური ზემოქმედების ქვეშ, რაც განპირობებულია ნახშირწყალბადის ნედლეულის საბადოს ინტენსიური ძიებითა და თევზჭერის აქტიური განვითარებით. 1980-იან წლებში კასპიის ზღვა იძლეოდა ზუთხისებრთა მსოფლიო ჭერის 80 %-მდე. უკანასკნელ ათწლეულებში მტაცებლურმა მოპოვებებმა, ბრაკონიერობამ და ეკოლოგიური მდგომარეობის მკვეთრმა გაუარესებამ განაპირობა მრავალი ძვირფასი თევზის სახეობის გაქრობის პირამდე მიყვანა. გაუარესდა თევზების, ფრინველებისა და ზღვის ცხოველების საარსებო პირობები. სტაბილური ეკოლოგიური მდგომარეობა აღინიშნება მხოლოდ ზღვის ნაპირის დაშორებულ ადგილებში.[14] კასპიის ზღვის ეკოლოგიური მდგომარეობა ამჟამად რთულ მდგომარეობაშია. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა შელფურ ზონაში, რომელზედაც წარმოქმნილია მკვდარი ზონები. ზოგიერთ რაიონში დაბინძურების შეფასება 10-20-ჯერ აჭარბებს ნორმას.[30]
ფლორა
კასპიის ზღვის ფლორა ღარიბია. კასპიის ზღვისა და მისი მიდამოების მცენარეული სამყარო წარმოდგენილია 728 სახეობით. უმდაბლესი მცენარეებიდან ჭარბობს წყალმცენარეები: ლურჯ-მწვანე წყალმცენარეები, დიატომეები, ძოწეული წყალმცენარეები, წაბლა წყალმცენარეები და სხვა, ყვავილოვანი მცენარეებიდან — ზოსტერა და რუპია. წარმოშობის მიხედვით, ფლორა დიდწილად ნეოგენურს მიეკუთვნება, თუმცა ზოგიერთი მცენარე ადამიანის მიერ იყო შეყვანილი. ყველაზე დიდ ბიომასას იძლევიან ხარასნაირი წყალმცენარეები. მწვანე წყალმცენარეები წარმოდგენილია — 139, ლურჯ-მწვანე წყალმცენარეები — 203, ხოლო დიატომეები — 292 სახეობით. ლურჯ-მწვანე წყალმცენარეები მეტწილად გავრცელებულია ჩრდილოეთ კასპიაში.[31]
კასპიის ზღვის უმაღლესი მცენარეები 5 სახეობით არის წარმოდგენილი: Zostera, Stuckenia pectinata, Najas marina, Ruppia და Ruppia maritima. წყლის ვაზი გავრცელებულია სანაპირო ზონებში, ნაიადა კასპიის ზღვის ყურეებში, იქვე გვხვდება რუპიები. ზოსტერა ზღვის ბალახია, რომელიც გვხვდება ქვიშაქვებსა და ქვიშაქვა-ნიჟარების გრუნტებზე. ჩრდილოეთი კასპიის მდინარეთა შესართავის რაიონებში გავრცელებულია მწვანე წყალმცენარეები, რომლებიც შეიძლება იყოს როგორც პლანქტონური, ისე ბენთოსური. კასპიის ზღვაში ბატონობს აგრეთვე დიატომეები. კასპიის ზღვის წყალმცენარეების ბევრი სახეობა ფიტოპლანქტონურს მიეკუთვნება.[31]
ფაუნა
ცოცხალ არსებათა სამყარო კასპიის ზღვაში ძალიან თავისებურია, თუმცა სახეობების სიმდრიდრით არ გამოირჩევა. ფორმების საერთო რაოდენობიდან 60 % ენდემურია. პირველი ადგილი უჭირავს რამდენადმე შეცვლილი სახით შემონახულ მესამეულ ზღვიურ ფაუნას, რომლითაც სარმატისა და პონტოს აუზები იყო დასახლებული. თევზებიდან მას ეკუთვნის: ქაშაყი, ღორჯო და ზუთხისებრნი. კასპის ფაუნაში მრავალრიცხოვანია მტკნარი წყლის ფორმები, რომლებიც გადმოსახლებულია მასში გამტკნარების პერიოდში და შემდგომ მარილიან წყალში არსებობას შეგუებული. ესენია: ჭანარისნაირნი და ქორჭილასნაირნი თევზები; კუმა-მანიჩის სრუტით შავი და აზოვის ზღვებიდან კასპიის ზღვაში შემოსული ხმელთაშუაზღვიური ფორმები: ათერინა, ღორჯო, ზღვის ნემსა, ყვავილოვანი მცენარე ზოსტერა.[10]
განსაკუთრებით საინტერესოა კასპიის ზღვაში არქტიკული ფორმების არსებობა (სულ 12-15 სახეობა), რომლებიც აქ, როგორც ჩანს, 15-20 ათასი წლის წინათაა შემოსული, მაშინ, როცა სამხრეთისკენ მდნარი ყინულის წყლები მოედინებოდა, ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანის საზღვარი უფრო სამხრეთით იყო, კასპიისა კი — თანამედროვე საზღვარზე უფრო ჩრდილოეთით გადიოდა. კასპიაში ამჟამად ცხოვრობს სელაპი, ორაგული, თევზთეთრა.[10]
კასპიის ზღვის თევზების მთელი სიმდიდრე თავმოყრილია მის ჩრდილო ნაწილში, რომელიც ამ მხრივ, მხოლოდ აზოვის ზღვას თუ ჩამორჩება. ფართობის ყოველი ჰექტარიდან აქ წელიწადში 30 კგ თევზს იჭერენ; ჩრდილო ნაწილის თევზჭერა მთელი კასპიის ზღვის თევზჭერის 82 % შეადგენს. კასპიის ზღვის დონის დაწევასთან დაკავშირებით, მის ცხოველთა სამყაროში მნიშვნელოვანი ცვლილებები მიმდინარეობს: უმჯობესდება პირობები სიმლაშის მოყვარული ფაუნისთვის და, პირიქით, ზარალდება მტკნარი წყლის ფორმები. განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს თევზის აკლიმატიზაციისა და საკვები ბაზის გადიდებისთვის მიმდინარე სამუშაოები. კასპიის ზღვაში აკლიმატიზებულია შავი ზღვიდან გადმოსახლებული კეფალი.[10]
ახალ პირობებში შესანიშნავად გრძნობს თავს თევზების ძვირფასი საკვები, აზოვის ზღვის ფსკერის ჭია ნერეისი. კასპიის თევზის რეწვაში ამჟამად ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს ფარგას, კობრს, ნაფოტას, ქაშაყსა და თართს. შავი ხიზილალის წარმოებით კასპიის ზღვას ერთ-ერთი პირველი ადგილი უჭირავს მსოფლიოში. დიდი ხნიდან მისდევენ აქ კასპიის სელაპის რეწვას. ზღვის სანაპიროებზე, მდინარის დელტებსა და აუზებში დიდი რაოდენობითაა ფრინველი. მუდმივად მცხოვრები ფრინველების გარდა, კასპიაზე დასაზამთრებლად მოფრინავენ ფრინველები ტროპიკული, სუბტროპიკული და პოლარული ოლქებიდან. აქ ბუდობს ყანჩა, ფლამინგო, ვარხვი, ჩვამა, გედი, იხვი, ბატი, თოლია, ბატასინი, ღალღა და სხვა.[10]
ქალაქები და ნავსადგურები
კასპიის ზღვის სანაპიროზე მდებარე უდიდესი საპორტო ქალაქია აზერბაიჯანის დედაქალაქი ბაქო, რომელიც მდებარეობს აფშერონის ნახევარკუნძულის სამხრეთ ნაწილში და სადაც 2015 წლის მდგომარეობით ცხოვრობს 2 204 20 ადამიანი.[32] სხვა აზერბაიჯანის დიდი კასპიისპირა ქალაქებია — სუმგაითი, რომელიც განფენილია აფშერონის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში და ლენქორანი, რომელიც მდებარეობს აზერბაიჯანის სამხრეთ საზღვრის სიახლოვეს.[33]
აფშერონის ნახევარკუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთით განლაგებულია მენავთობეების დაბა ნეფთ-დაშლარი, რომლის აღჭურვილობა ხელოვნურ კუნძულებზე, ესტაკადებსა და ტექნოლოგიურ მოედნებზე დგას.[34]
კრასნოვოდსკის ყურის ჩრდილოეთ სანაპიროზე გაწოლილია თურქმენეთის ქალაქი თურქმენბაში, ყოფილი კრასნოვოდსკი. თურქმენეთის ფარგლებშია აგრეთვე ყველაზე დიდი კურორტი ავაზა. რამდენიმე კასპიისპირა ქალაქი განლაგებულია სამხრეთ (ირანის) სანაპიროზე, რომელთაგან უდიდესია — ენზელი. კასპიის ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარეობს ყაზახეთის საპორტო ქალაქი აქთაუ, ურალის დელტის ჩრდილოეთით ზღვიდან 20 კმ-ში განლაგებულია ქალაქი ატირაუ.[35]
რუსეთის კასპიისპირა სანაპიროზე მდებარეობს ქალაქები: მაჰაჩყალა, კასპიისკი, იზერბაში, დაგესტანსკიე-ოგნი და რუსეთის ყველაზე სამხრეთით მდებარე ქალაქი დერბენტი. კასპიის ზღვის საპორტო ქალაქად არის მიჩნეულია აგრეთვე ასტრახანი, რომელიც მდებარეობს მდინარე ვოლგის დელტაში, თუმცაღა კასპიის ზღვის სანაპიროდან 60 კმ-შია დაშორებული.[36]
კასპიის ზღვის სანაპიროზე მდებარე მნიშვნელოვანი ქალაქები
სახელი | მოსახლეობა | მდებარეობა |
---|---|---|
ბაქო | 2 204 20 | აზერბაიჯანი |
მაჰაჩყალა | 572 076 | რუსეთი |
ასტრახანი | 520 339 | რუსეთი |
სუმგაითი | 333 600 | აზერბაიჯანი |
ატირაუ | 196 494 | ყაზახეთი |
აქთაუ | 181 526 | ყაზახეთი |
დერბენტი | 119 200 | რუსეთი |
ბენდერ-ენზელი | 114 105 | ირანი |
კასპიისკი | 100 129 | რუსეთი |
თურქმენბაში | 73 803 | თურქმენეთი |
იზბერბაში | 55 646 | რუსეთი |
ბაბოლსერი | 53 684 | ირანი |
ბენდერ-ტორკემენი | 49 059 | ირანი |
ლენქორანი | 48 400 | აზერბაიჯანი |
ასტარა | 45 935 | ირანი |
ნოუშეჰრი | 43 635 | ირანი |
ასტარა | 17 100 | აზერბაიჯანი |
ფორტ-შევჩენკო | 4 888 | ყაზახეთი |
ეკონომიკა
ნავთობისა და აირის მოპოვება
კასპიის ზღვაში მუშავდება ნავთობისა და აირის მრავალრიცხოვანი საბადოები. კასპიის ზღვაში არსებული ნავთობის დამტკიცებული რესურსები დაახლოებით 10 მილიარდ ტონას შეადგენს, ხოლო ნავთობისა და აირის კონდენსატის საერთო რესურსები შეფასებულია 18-20 მილიარდი ტონით. ნახშირწყალბადის რესურსების ათვისებას ახორციელებს რუსეთი, ყაზახეთი, აზერბაიჯანი, თურქმენეთი და ირანი.[37] ნავთობისა და აირის მოპოვების მსხვილი რაიონი განლაგებულია აფშერონის ნახევარკუნძულსა და მიმდებარე კასპიის ზღვის აკვატორიაში, რომელიც ბაქოს ნავთობ-აირის რაიონის სახელწოდებითაა ცნობილი. საბადოები გავრცელებულია 4500 მ სიღრმემდე.[38]
აფშერონის ნახევარკუნძულზე ნავთობის მოპოვება ძველთაგანვე დაიწყო, როცა მას კუსტარული წესით იღებდნენ ჭებიდან. ნავთობის მრეწველობა განსაკუთრებით XIX საუკუნის უკანასკნელ მესამედში გაიზარდა. XX საუკუნის დასაწყისში აფშერონი ნავთობის მოპოვებით მსოფლიოში პირველ ადგილზე იყო (11,4 მილიონი ტ., 1901), 1013 წლისთვის მოპოვება 7,7 მლნ. ტ-მდე შემცირდა. აღმოჩენილია ნავთობის დიდი წყალქვეშა საბადოები, მათ შორის აღსანიშნავია შაჰ-დენიზი, აზერი-ჩირაღ-გიუნეშლი, ნეფთ-დაშლარი და სხვა. მათ ასათვისებლად გამოყენებულია სპეციალური დანადგარები, რომლებიც ზღვის სიღრმეში 30 მ-ზე ბურღვის საშუალებას იძლევა. დაახლოებით 200 კმ სიგრძის ესტაკადა აკავშირებს კასპიის ზღვის საბადოებს. ნავთობთან ერთად მოიპოვებენ აირსაც. ბუნებრივი აირის დიდ რესურსებს შეიცავს ყარადაღის ნავთობ-აირის საბადო, რომლის სამრეწველო დამუშავება 1957 წელს დაიწყო.[38] 1941 წელს აზერბაიჯანმა აწარმოა რეკორდული 23,5 მილიონი ტ. ნავთობი და ბაქოს რეგიონი გამოიმუშავებდა სსრკ-ში ნავთობის მოპოვების 72%-ს.[39]
აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის ტერიტორიას კვეთს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, რომელიც წარმოადგენს კასპიისა და ხმელთაშუა ზღვებს შორის ნავთობის ტრანსპორტირების პირველ და უმოკლეს მარშრუტს. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენს აზერბაიჯანში აზერი-ჩირაღ-გიუნეშლის საბადოზე მოპოვებული ნავთობი თურქეთში, ჯეიჰანის პორტში გადააქვს. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი მსოფლიოში სიგრძით მეორე მილსადენია.[40]
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობას საფუძველი ჩაეყარა 2002 წლის 18 სექტემბერს აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში. მილსადენის სრული სიგრძე 1768 კმ-ია. აქედან, 443 კილომეტრი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, 249 კილომეტრი საქართველოს ტერიტორიაზე და 1076 კილომეტრი თურქეთში გადის. ნავთობსადენის დიამეტრი 42-46 დიუმია; აქვს 8 საქაჩი სადგური (2 აზერბაიჯანში, 2 საქართველოში და 4 თურქეთში). ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მშენებლობა საქართველოში 2005 წელს დასრულდა და ოქტომბერში გარდაბანში სამი ქვეყნის პრეზიდენტმა მილსადენის საზეიმო ინაუგურაცია მოახდინა. ნავთობსადენი სრულ ექსპლუატაციაში 2006 წელს შევიდა. მილსადენის მშენებლობა დაახლოებით 4 მილიარდი აშშ დოლარი დაჯდა.[41] ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის ოპერატორია ბრიტანული ნავთობ-აირის კომპანია BP.[42]
სამართლებრივი სტატუსი
საბჭოთა დროს კასპიის ზღვა იყო სსრკ-ის ფარგლებში არსებული შიდა წყალსატევი და მხოლოდ მისი სამხრეთი საზღვრები ეკვროდა ირანის სანაპიროებს. სსრკ-ირანს შორის დადებული ხელშეკრულება კასპიის ზღვის შიდა წყალსატევის სტატუსის შესახებ პრაქტიკულად აღიარა ყველა საერთაშორისო სახელმწიფოს საზოგადოებამ და პოვა გამოხატულება საერთაშორისო სამართლის დოქტრინაში. სსრკ-ის დაშლისა და მოსაზღვრე სახელმწიფოების რაოდენობის გაზრდის შედეგად, შეიქმნა კასპიის ზღვის ახალი სამართლებრივი სტატუსის შემუშავების აუცილებლობა. 1998 წლის 6 ივლისს რუსეთის ფედერაციასა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის დაიდო შეთანხმება კასპიის ზღვის ჩრდილოეთი ნაწილის ფსკერის გამიჯვნის შესახებ. 2001 წლის 29 ნოემბერსა და 2003 წლის 27 თებერვალს დაიდო ხელშეკრულება ყაზახეთის რესპუბლიკასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის კასპიის ზღვის ფსკერის გამიჯვნის შესახებ ყაზახეთსა და აზერბაიჯანს შორის.[43]
აგრეთვე, 2003 წლის 14 მაისს რუსეთს, ყაზახეთსა და აზერბაიჯანს შორის დაიდო ხელშეკრულება პირაპირა ხაზის წერტილის გამიჯვნის შესახებ. 2003 წლის 4 ნოემბერს ხელი მოეწერა კონვენციას კასპიის ზღვის გარემოს დაცვის შესახებ, რომელიც ძალაში 2007 წლის 12 აგვისტოს შევიდა. 2011-2012 წლებში კასპიის ზღვის გარემოს დაცვის შესახებ ხუთმხრივი შეხვედრების ფორმატში ხელი მოეწერა ისეთ მნიშვნელოვან საერთაშორისო სამართლებრივ დოკუმენტებს, როგორიცაა: ოქმი რეგიონული მზაობის შესახებ, რეაგირება და თანამშრომლობა ნავთობით გამოწვეული დაბინძურების ინციდენტების შემთხვევაში, ოქმი კასპიის ზღვის დაცვის შესახებ მიწისზედა წყაროებით გამოწმვეული დაბინძურებით.[43]
ტრანსპორტი
არხები
მართალია კასპიის ზღვა გაუდინარი არეა, მაგრამ მისი მთავარი შენაკადი ვოლგა მნიშვნელოვანი სავაჭრო არხით დაკავშირებულია მდინარე დონთან — ვოლგა-დონის სანაოსნო არხის მეშვეობით. სანაოსნო გზის სიგრძეა 101 კმ, რომელთაგან 45 კმ მდინარეებსა და წყალსაცავებზე გადის. სიღრმე არა ნაკლებ 3,5 მ. არხის მშენებლობა დაიწყო 1941-45 წლებში. ომის პერიოდში შეწყევეტილი მშენებლობა განახლდა 1948 წელს და დასრულდა 1952 წელს. არხი საზრდოობს დონის წყლით, რომელსაც წყალგამყოფ მონაკვეთზე აწვდის სამი მძლავრი სატუმბი სადგური. წყლის ნაწილს იყენებენ სარწყავად. დონიდან ვოლგაზე უმთავრესად გადააქვთ დონეცის ქვანახშირი, მინერალური საშენი მასალა, მარცვლეული; ვოლგიდან დონზე — ზემო ვოლგის, კამისა და ციმბირის ხე-ტყე; გოგირდის ალმადანი ურალიდან; ნავთობპროდუქტები ვოლგისპირეთიდან.[44] აღსანიშნავია აგრეთვე ვოლგა-ბალტიის სანაოსნო გზა, რომელიც ვოლგას აკავშირებს ბალტიის ზღვასთან და თეთრი ზღვა-ბალტიის არხით — თეთრ ზღვასთან. ვოლგა-ბალტიის სანაოსნო გზა აერთიანებს ბალტიის, თეთრ, კასპიის, შავ და აზოვის ზღვებზე გამავალ სანაოსნო გზებს.[45]
გალერეა
-
ბაქო
-
კასპიის ზღვა
-
ნავები
-
ირანის სანაპირო
-
ნავთობის მოპოვება
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
- კასპიის ზღვა — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)
- კასპიის ზღვა — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)
ლიტერატურა
- Шлямин Б. А. Каспийское море. — М.: Географгиз, 1954. — 128 с.: ил.
- Колебания уровня Каспийского моря, М., 1956;
- Федоров П. В., Стратиграфия четвертичных отложений и история развития Каспийского моря, М., 1957;
- Геологическое строение подводного склона Каспийского моря, М., 1962;
- Материалы Всесоюзного совещания по проблеме Каспийского моря, Баку, 1963;
- Зенкевич Л. А., Биология морей СССР, М., 1963;
- Леонтьев О. К., Халилов А. И., Природные условия формирования берегов Каспийского моря, Баку, 1965;
- Пахомова А. С., Затучная Б. М., Гидрохимия Каспийского моря, Л., 1966;
- Геология нефтяных и газовых месторождений Азербайджана, М., 1966;
- Каспийское море, М., 1969;
- Комплексные исследования Каспийского моря. Сб. ст., в. 1, М., 1970;
- Гюль К. К., Лаппалайнен Т. Н., Полушкин В. А., Каспийское море, М., 1970;
- Гюль К. К., Жило П. В., Жирнов В. М., Библиографический аннотированный справочник по Каспийскому морю. Баку, 1970.
სქოლიო
- ↑ Caspian Sea – Background. Caspian Environment Programme (2009). ციტირების თარიღი: 11 სექტემბერი 2012.
- ↑ ESA: Observing the Earth – Earth from Space: The southern Caspian Sea. ESA.int. ციტირების თარიღი: 2007-05-25.
- ↑ Lake Profile: Caspian Sea. LakeNet.
- ↑ კასპიის ზღვა. ენციკლოპედია ბრიტანიკა.
- ↑ The Caspian Sea.
- ↑ 6.0 6.1 6.2 6.3 6.4 კასპიის ზღვა. დიდი საბჭოთა ენციკლოპედია.
- ↑ კასპიის ზღვა. ზოგადი ინფორმაცია.
- ↑ კასპიისპირა დაბლობი. ზოგადი ინფორმაცია.
- ↑ ყარა-ბოღაზ-გოლი. ზოგადი ინფორმაცია.
- ↑ 10.00 10.01 10.02 10.03 10.04 10.05 10.06 10.07 10.08 10.09 10.10 10.11 10.12 დავიდოვა მ., კამენსკი ა., ნეკლიუკოვა ნ., ტუშინსკი გ., სსრკ ფიზიკური გეოგრაფია, თბილისი: განათლება, 1988. — გვ. 61-67, 5000 ეგზ.
- ↑ 11.0 11.1 11.2 კასპიის ზღვა. ზოგადი ინფორმაცია.
- ↑ ი. აბულაძე, „ტერმინი „გურჯის“ ეტიმოლოგიისათვის“, „მარქსისტული ენათმეცნიერებისათვის“ (საიუბილეო კრებული.. სახ. უნივერსიტეტი 1934
- ↑ Seleucus I Nikator.
- ↑ 14.0 14.1 14.2 14.3 14.4 14.5 14.6 Каспийское море.
- ↑ 15.00 15.01 15.02 15.03 15.04 15.05 15.06 15.07 15.08 15.09 15.10 15.11 15.12 15.13 15.14 15.15 15.16 15.17 15.18 15.19 15.20 15.21 15.22 15.23 15.24 15.25 Байдин С.С., Косарев А.Н. (ред.), [Институт водных проблем АН СССР. Каспийское море: Гидрология и гидрохимия], Москва: Наука, 1986. — გვ. 261.
- ↑ Каспийское море - Общие сведения. Окно в Баку.
- ↑ О геологическом прошлом. Каспийское море.
- ↑ 18.0 18.1 კასპიის ზღვის კლიმატი. Координационный Совет Азербайджанской Молодёжи.
- ↑ 19.0 19.1 19.2 19.3 19.4 კასპიის ზღვის ჰიდროლოგიური რეჟიმი. Единая система информации об обстановке в мировом океане.
- ↑ 20.0 20.1 მდინარე ვოლგის დელტა. Научно-популярная энциклопедия «Вода России».
- ↑ მდინარე ვოლგის დახასიათება. Научно-популярная энциклопедия «Вода России».
- ↑ მდინარე ურალის დახასიათება. Научно-популярная энциклопедия «Вода России».
- ↑ მდინარე ურალის დელტა. Дельта реки Урал и прилегающее побережье Каспийского моря, Казахстан.[მკვდარი ბმული]
- ↑ ლევან მარუაშვილი. საქართველოს ფიზიკური გეოგრაფია (საქართველოს სსრ ბუნებრივი პირობების ზოგადი დახასიათება და რეგიონული აღწერილობა). თბილისი, საქართველო: ცოდნა, გვ. 194, წელი 1964.
- ↑ მდინარე მტკვრის დახასიათება. დიდი საბჭოთა ენციკლოპედია — Большая советская энциклопедия.
- ↑ მდინარე თერგის დელტა. Земледелие.
- ↑ მდინარე თერგის დელტა. Научно-популярная энциклопедия «Вода России».
- ↑ 28.0 28.1 28.2 28.3 28.4 28.5 28.6 28.7 28.8 კასპიის ზღვის დახასიათება. Моря России — Каспийское море.
- ↑ 29.0 29.1 29.2 29.3 კასპიის ზღვის დონე. Единая система информации об обстановке в мировом океане.
- ↑ Проблемы Каспийского моря. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-10-21.
- ↑ 31.0 31.1 Растительный мир Каспийского моря. www.intoregions.ru.
- ↑ Bölmə 2: Demoqrafik göstəricilər, səhifə 89. // Azərbaycanın Statistik Göstəriciləri 2015 (statistik məcmuə). Müəllifi: Azərbaycan Respublikası Dövlət Statistika Komitəsi. Məcmuənin ümumi rəhbəri: Həmid Bağırov; Məcmuənin hazırlanması üçün məsul şəxs: Rafael Süleymanov. Bakı — 2015, 814 səhifə. ISBN 5-86874-232-9
- ↑ Ленкорань - Общие сведения. Географическая энциклопедия.
- ↑ Нефтяные Камни - Общие сведения. Географическая энциклопедия.
- ↑ Атырау - Общие сведения. Географическая энциклопедия.
- ↑ Астрахань - Общие сведения. Географическая энциклопедия.
- ↑ Россия начала промышленную добычу нефти в Каспийском море. lenta.ru.
- ↑ 38.0 38.1 ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 239.
- ↑ The Development of the Oil and Gas Industry in Azerbaijan SOCAR
- ↑ საქართველოზე გამავალი სატრანზიტო მილსადენები. energynews.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-01-08.
- ↑ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია. gogc.ge.[მკვდარი ბმული]
- ↑ Нефтепровод Баку-Тбилиси-Джейхан им. Гейдара Алиева. Справка. ria.ru.
- ↑ 43.0 43.1 Статус Каспийского моря. ria.ru.
- ↑ ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 442-443.
- ↑ ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 442.