მარჩხობი

ზღვის ნაწილი, რომელიც მის მიმდებარე ტერიტორიასთან შედარებით არაღრმაა

მარჩხობიზღვის ფსკერის მონაკვეთი, რომელიც უფრო ნაკლებ სიღრმეზეა, ვიდრე მის ირგვლივ მდებარე ფსკერი. ტრანსგრესიის შედეგად გაჩენილ ზღვაში მარჩხობი ხმელეთის შთენილი რელიეფის ელემენტია, ოკეანეში — ვულკანური ან მარჯნული წარმოშობისაა.[1] თუკი ატოლი იძირება წყლის ქვეშ, წარმოიქმნება წყალქვეშა მარჩხობი (ესე იგი თავთხელი), რომელსაც ეწოდება გაიოტი ანუ ჩაძირული ატოლი. გრუნტის ხასიათის შესაბამისად, მარჩხობი შეიძლება იყოს ქვიური, ქვიშიანი, მარჯნული და სხვა.[2] არსებობს კარბონატული და ტერიგენული მარჩხობი; პირველი ჩვეულებრივ, პლატფორმებია, რომელიც აზევებულია ოკეანის სიღრმიდან, ხოლო მეორე, აწეული დანალექებია.[3] მარჩხობი წარმოადგენს ზღვის ბიორესურსების თავმოყრის ადგილს. ამის შესაბამისად, ზღვებისა და ოკეანეების ამგვარი რაიონები წარმოადგენს ზღვის თევზჭერის მნიშვნელოვან ობიექტს. ჩვეულებრივ მარჩხობი თევზისა და მოლუსკების სარეწი რაიონია (მაგ., დოგერ-ბენკი ჩრდილოეთის ზღვაში). მცირე სიღრმის მარჩხობი სახიფათოა გემებისათვის. მსოფლიოს უდიდესი მარჩხობია ნიუფაუნდლენდის დიდი მარჩხობი (280,000 კმ²),[4] მნიშვნელოვანია ასევე აგულიასის მარჩხობი (116,000 კმ²)[5] და ბაჰამის მარჩხობი (95,798.12 კმ²).

  1. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 473.
  2. მარჩხობი — გეოლოგიის ენციკლოპედია
  3. Morelock, J. (2005). Morphology დაარქივებული 2007-01-06 საიტზე Wayback Machine. . Geological Oceanography Program, University of Puerto Rico at Mayagüez (UPRM). Retrieved on: October 11, 2008.
  4. Fisheries and Oceans Canada Backgrounder: The Grand Banks and the Flemish Cap. Retrieved on: October 11, 2008.
  5. Whittle, C. P.. (2012)Characterization of Agulhas Bank upwelling variability from satellite-derived sea surface temperature and ocean colour products. American Geophysical Union Chapman Conference. ციტირების თარიღი: January 2015.