კასპიისპირა დაბლობი

კასპიისპირა დაბლობი (რუს. Прикаспийская низменность) — დაბლობი კასპიის ზღვის ჩრდილოეთ სანაპიროზე, რუსეთსა და ყაზახეთში. მოიცავს მდინარეების ვოლგის, თერგის, სულაკის დელტებს, ურალისა და ემბის ქვემოთს. დასავლეთით იგი შემოფარგლულია სტავროპოლის პლატოს აღმოსავლეთ კალთით და ერგენებით, ჩრდილოეთით — ობშჩი-სირტით. აღმოსავლეთთ საზღვარი ემთხვევა ურალისპირა პლატოს და უსტიურთის ჩრდილო ჩინკს. სამხრეთის მნიშვნელოვანი ტერიტორია ოკეანის დონიდან 28 მ-ით დაბლა მდებარეობს. კასპიისპირა დაბლობი მდებარეობს ღრმა ტექტონიკური ღრმულის — კასპიისპირა სინეკლიზის ფარგლებში, რომელიც პალეოზოურში ჩაისახა და წარმოადგენს რუსეთის ბაქნის მეტად რთულსა და მრავალფეროვან ნაწილს. სინეკლიზა გართულებულია მეორე რიგის ტექტონიკური სტრუქტურებით. ფართობი დაახლოებით 200 ათასი კმ².[1]

კასპიისპირა დაბლობი
კასპიისპირა დაბლობი
კასპიისპირა დაბლობი
კოორდინატები: 47°32′ ჩ. გ. 49°01′ ა. გ. / 47.533° ჩ. გ. 49.017° ა. გ. / 47.533; 49.017
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
სიმაღლე -28–149 
ფართობი 200,000 კმ²
სიგრძე 770 კმ
სიგანე 550 კმ
ჰიდროგრაფია ვოლგა, ურალი, კუმა, ემბა, თერგი
კასპიისპირა დაბლობი — რუსეთი
კასპიისპირა დაბლობი

კრისტალური ქანები მდებარეობენ აქ 300 მეტრზე მეტ სიღრმეში და დაფარული არიან პალეოზოური და მეზო-კაინოზოური დანალექებით. ძველი ქანებიდან დაბლობის ფარგლებში განვითარებულია კუნგურული ასაკის პერმული დანალექები, რომლის საძირკველში არის ქვამარილის ძარღვები. პერმულ ქანებს ზემოთ ადევს ტრიასული დანალექები, რომლებიც თავის მხრივ, დაფარულია იურული, ცარცული და პალეოგენური ნალექებით, პალეოგენის დასასრული ხასიათდება ოროგენეტური მოძრაობებით, რომელმაც დიდი ფართობები მოიცვა. მასთან დაკავშირებულია დაბლობის დაწევა და მის ტერიტორიაზე ზღვების შემოჭრა. ყველაზე ვრცელი იყო აქჩაღილური აუზი, რომელსაც ეჭირა თითქმის მთელი თანამედროვე კასპიის ზღვის ტერიტორია, კასპიისპირა დაბლობი და უფრო ჩრდილოეთითაც იჭრებოდა. ამ აუზის გრძელი ტოტი შავი ზღვისკენაც მიემართებოდა.[2]

ამ აუზის ნაფენები ჩრდილოეთით წარმოდგენილია მცირე სისქის სქელშეებრივი თიხებით, ხოლო ნაპირებთან — ქვიშებით; ზოგან გვხვდება საწვავი ფიქლების მცირე შრეებიც, აქჩაღილური დანალექების საერთო სისქე 80-100 მ აღწევს. ოროგრაფიულად კასპიისპირა დაბლობი წარმოადგენს დიდი ზომის, ბრტყელ, ზღვისკენ სუსტად დახრილ დაბლობს. კასპიისპირა დაბლობის ჩრდილო ნაწილისთვის დამახასიათებელია ერთგვაროვანი ბრტყელი ზედაპირი, რომლის შეფარდებითი სიმაღლე არაუმეტეს 1,0-1,5 მ-ია. ზღვიური ბრტყელი ვაკეები დარღვეულია დუბეებითა და მრავალრიცხოვანი ბორცვებით „სურჩინებით“.[2] არის საძოვრები. მოიპოვება ნავთობისა და ბუნებრივი აირის საბადოები.

  1. Прикаспийская низменность | Большая российская энциклопедия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-05-18. ციტირების თარიღი: 2020-07-05.
  2. 2.0 2.1 დავიდოვა მ., კამენსკი ა., ნეკლიუკოვა ნ., ტუშინსკი გ., სსრკ ფიზიკური გეოგრაფია, განათლება, 1988. — გვ. 399-404.