სინეკლიზა
სინეკლიზა (ბერძ. σύν – ერთად და ἔγϰλισις – დახრა) — მეტად ბრტყელი, მნიშვნელოვნად ჩაზნექილი ვრცელი ბაქნური სტრუქტურა, რომელსაც ნაზად დახრილი სინკლინური ღრმულის სახე აქვს (განივკვეთში მისი სიგრძე რამდენიმე ასეულ კილომეტრს აღწევს). დამახასიათებელია ბაქნურ-საფარული ნალექების დიდი სიმძლავრე და სტრატიგრაფიული ჭრილის სისრულე ანტეკლიზთან შედარებით. სინეკლიზა ყალიბდება დედამიწის ქერქის რეგიონული ჩაზნექით, რომელიც ნელა, სუსტი ინტენსივობით მიმდინარეობს და, ჩვეულებრივ, რამდენიმე გეოლოგიურ პერიოდს მოიცავს.[1]
სინეკლიზა გეგმაში არასწორად მომრგვალო ან ოვალური მოხაზულობისაა. სიღრმე ჩვეულებრივ 3–5 კმ (იშვიათად მეტი). სინეკლიზის განივი ზომები აღწევს რამდენიმე ასეულ კმ-ს (ზოგჯერ 1000 კმ და მეტს); მისი კალთები დამრეცია, არ აჭარბებს რამდენიმე გრადუსს. სინეკლიზა ანტეკლიზასთან ერთად წარმოადგენს ბაქნური ფილების აგებულების ერთ-ერთ მთავარ ელემენტს; არაიშვიათად გადაფარებულია კრისტალური ფარების ცენტრალურ ნაწილებზე (მაგ., ჰუდსონის ყურის სინეკლიზა — კანადის ფარზე, ბოტნიის სინეკლიზა — ბალტიის ფარზე).[2]
შრეთა დაქანებას სინეკლიზებსა და ანტეკილზებში რამდენადმე პირობითი ხასიათი აქვთ, რადგანაც ისი სულ რაღაც 1°-ის ფარგლებშია. სინეკლიზა ხშირად ყალიბდება ავლაკოგენებზე (მაგ., უკრაინის სინეკლიზა დნეპრ-დონის ავლაკოგენზე) ან მათ შენაწევრებაზე (მოსკოვის სინეკლიზა). პლატფორმული ბუნების კარბონული კარგად არის წარმოდგენილი მოსკოვის სინეკლიზაში (აღმოსავლეთ ევროპის კრატონი). აქ მთელი კარბონულის განმავლობაში დომინირებდა კარბონატული ფაციესი, რომელშიც დაცულია ფორამინიფერების, ბრაქიოპოდების, მარჯნების, ორსაგდულიანების, გასტროპოდების, კანეკლიანების, ღრუბლების, დიატომეების ნამარხი წარმომადგენლები. მოსკოვის სინეკლიზაში ფაუნით გაღარიბებულ ფამენურ კირქვებს თანხმობით აგრძელებს 50-100 მ სიმძლავრის ტურნეული სართულის შედარებით თხელშეებრივი კირქვები, რომელიც ფაუნითაა მდიდარი.[3]
სინეკლიზა მტკიცედ ვითარდება ასობით მილიონი წლების განმავლობაში, ზოგიერთი კი მთელი ფანეროზოურის განმავლობაში. მათი დანალექი შესრულება განსხვავდება მომიჯნავე ანტეკლიზების საფრისაგან ნალექთდაგროვების შედარებით ღრმაწყლიანი პირობებით. სინეკლიზის განსაკუთრებული ტიპი შეფარდებულია ბაქნების განაპირა ნაწილებთან, სადაც ფუნდამენტი დაძირულია 20 კმ სიღრმეზე და უფრო მეტადაც, მასში არ არის კონტინენტური ქერქისათვის დამახასიათებელი გრანიტულ-მეტამორფული ფენა და განვითარების საწყის პერიოდში დაგროვილი ღრმაწყლიანი დანალექები (კასპიისპირა სინეკლიზა აღმოსავლეთ ევროპის ბაქნის სამხრეთ-აღმოსავლეთ განაპირა მხარეზე).[2]
სინეკლიზის სხვა განსაკუთრებული ტიპია ტრაპული სინეკლიზა (მაგ., ტუნგუსკის სინეკლიზა ციმბირის ბაქანზე, პარანის სინეკლიზა სამხრეთ ამერიკი ბაქანზე); მათთვის ნიშანდობლივია პლატობაზალტების მძლავრი საფრებისა და მათთან ასოცირებული დოლერიტების სილებისა და დაიკების განვითარება. სინეკლიზასთან დაკავშირებულია ნავთობის, ბუნებრივი აირის, მარილების, ბოქსიტების, ფოსფორიტების, ნახშირისა და ბუნებრივი საშენი მასალების ბუდობები. მრავალი სინეკლიზა დიდ არტეზიულ აუზსს წარმოადგენს. ტერმინი „სინეკლიზა“ შემოგვთავაზა რუსმა გეოლოგმა ალექსი პავლოვმა (1903).[4] ტერმინი უმეტესწილად გავრცელებულია რუსეთსა და აღმოსავლეთ ევროპაში.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Синеклиза // Большая советская энциклопедия
- ↑ 2.0 2.1 Синеклиза // Большая российская энциклопедия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-05-07. ციტირების თარიღი: 2020-03-14.
- ↑ გურამ ღონღაძე, მარიამ ახალკაციშვილი, გეოლოგიის საფუძვლები, თბილისი, 2018.
- ↑ Синеклиза // Геологическая энциклопедия