ორსაგდულიანები (Bivalvia) — უხერხემლოთა კლასი მოლუსკების ტიპისა. მათი სხეული ორსაგდულიან ნიჟარაშია მოთავსებული. ნიჟარის სიგრძე რამდენიმე მმ-დან 1,5 აღწევს, შედგება 3 (რქოვანი, ფაიგურისა და სადაფის) შრისაგან. მათი სხეული მანტითაა დაფარული. სხეულსა და მანტიას შორის არის მანტიის ღრუ, მუცლის მხარეზე — კუნთოვანი ფეხი. თავი არა აქვთ. სუნთქავენ ლაყუჩებით. საჭმლის მომნელებელი სისტემა იწყება პირით, რომელიც საყლაპავ მილში გადადის, ეს უკანასკნელი კი — კუჭში. კუჭიდან იწყება ნაწლავი, რომელიც ანალური ხვრელით იხსნება გამომყვან სიფონთან. ორსაგდულიანები იკვებებიან პლანქტონით. ახასიათებთ ღია მიმოქცევა. ზურგის მხარეზე აქვთ სამსაკნიანი გული. გამომყოფი ორგანოა წყვილი თირკმელი. ორსაგდულიანების უმრავლესობა ცალსქესიანია, ახასიათებთ გარეგანი განაყოფიერება. განაყოფიერებული კვერცხებიდან გლოქიდიები იჩეკება. ნერვული სისტემა შედგება თავის, ტანისა და ფეხის ნერვული კვანძებისაგან. აქვთ აგრეთვე წონასწორობის ორგანო — სტატოცისტები და ქიმიური გრძნობის ორგანო — ოსფრადიები. ზოგ სახეობას მანტიის გვერდებზე თვალები აქვთ განვითარებული. კლასში 15 ათასი სახეობაა. ბინადრობენ მტკნარ და ზღვის წყლებში.

ორსადგულიანები

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  მოლუსკები
კლასი:  ორსადგურიანები
ლათინური სახელი
Bivalvia

საქართველოს მტკნარ წყლებში ორსაგდულიანებიდან საკმაოდ ფართოდაა გავრცელებული უკბილო ორსაგდულიანები; ორსაგდულიანების ზოგ სახეობას (ხამანწკები, მიტილუსები, ზღვის სავარცხლურები და სხვა). საკვებად იყენებენ. ზოგი უკბილო მარგალიტის მწარმოებელია, მისი ნიჟარისაგან ამზადებენ სადაფის ღილებს და სხვა ნივთებს; ზოგ სახეობას ზიანი მოაქვს. ასეთია, მაგ., გემის ჭია, რომელიც აზიანებს გემისა და ნავსადგურების ხის ნაგებობებს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ლეჟავა გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 584.
  • ყურაშვილი ბ., უხერხემლოთა ზოოლოგია, თბ., 1973;
  • Жизнь животных, т. 2 — Безпозвоночные, М., 1968;
  • Руководство по зоологии, т. 2, М., 1940;