კონტინენტური ქერქი

კონტინენტური ქერქი — კონტინენტების დანალექი, მეტამორფიზული და პიროგენული ქვოვანი საფარი. იგი ქერქის შემადგენლობაში შედის ოკეანურთან ერთად, რომელზეც (6.5 კმ) 5-ზე მეტჯერ სქელია (35 კმ), ხოლო თავისი ნაკლები სიმკვრივითა (2.83 გ/სმ^3) [1]და მეტი სისქიდან გამომდინარე, ქერქის უფრო ზედა ნაწილზე მდებარეობს, კონკრეტულად კი კონტინენტური ქერქის 70% ზღვის დონეზე მდებარეობს. კონტინენტურ ქერქში მრავალი სახის გრანიტია, რომლებშიც ყველაზე გავრცელებული მინერალები სილიკატური[2] და ალუმინური მინერალები არიან.

კონტინენტური ქერქი
პლანეტების ქვოვანი საფარი

კონტინენტური ქერქის ილუსტრაცია (ნაცრისფერი - კონტინენტური ქერქი, ცისფერი - ზღვა, შავი - ოკეანური ქერქი, ყავისფერი - დედამიწის ქვედა მანტია)
მონაცემები
შრეების რაოდენობა 3 (მეტამორფიზული, დანალექი, პიროგენული)
სიმკვრივე 2.83 გ/სმ^3

წარმოქმნა რედაქტირება

გეოლოგებისა და სეისმოლოგების აზრით, კონტინენტური ქერქი ცხელი გამდნარი რკინის - მაგმის გაციების შედეგად წარმოიქმნა დაახლოებით 4 მლრდ. წლის წინ, რის პროცესსაც იმდენი დრო დასჭირდა, რომ მრავალი მეცნიერის აზრით, ზოგიერთი დიდი ზომის ქვა ჯერ კიდევ არ გაციებულა, მცირე ზომის მქონეების გამაგრებამ, ტემპერატურის დაწევამ 60-160 მლნ. წელი წაიღო, ხოლო კონტინენტური ქერქის ზედა ნაწილის - პლატფორმის ასაკი საშუალოდ 600 მლნ. წელია, რომელიც ცენტრალურ ამერიკაში მოიძებნება.                                                                                                                                                მეცნიერებს დიდი ხანია რაც სჯერათ, რომ კონტინენტური ქერქი ვულკანური თაღისგან (ვულკანების ჯაჭვი, რომლებიც ქვეშეცოცებული ფილის ზემოთ წარმოიქმნებიან, ხოლო ზედხედით თაღს ჰგვანან) წარმოიქმნება, ვინაიდან მათი მაგმა გეოქიმიურად ძალიან ჰგავს კონტინენტური ქერქის შემადგენლობას, თუმცა გეოლოგებს დადგენილი არ ჰქონდათ თუ ყოველივე ეს - მაგმის კონტინენტურ ქერქად ჩამოყალიბება - როგორ ხდებოდა იქიდან გამომდინარე, რომ ვულკანური თაღის ქვემოთ მდებარე ქერქი განსხვავებული იყო ზედაპირის კონტინენტური ქერქის ქვედა ნახევრისგან. 2016 წელს გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, ზედაპირზე მდებარე ვულკანური თაღის ლავა და “პლუტონები“ - მაგმის ის ნაწილი, რომელიც ვულკანის ამოფრქვევის გარეშე გარდაიქმნება მყარ ნივთიერებად - დედამიწის ქვედა ნაწილში - ქვეშეცოცების ზონებში ჩადიან, ხოლო შემდეგ ზედაპირზე - თაღის ქერქზე - ერთიანდებიან, გროვდებიან. მეცნიერები ამ თეორიას განიხილავენ, რომლის მიხედვითაც დედამიწის კონტინენტური ქერქის ქვედა ფენა მოცემული პროცესის - ხელახალი დაშრევების (რელამინაციის) - შედეგად წარმოიქმნა.

 
ვულკანური თაღის სისტემა

რელამინაცია კონტინენტური ქერქის კიდეზე იწყება, რომელიც წარმოქმნილია ძირითადად ოკეანეებში მდებარე დანალექი ქვებისგან, ხოლო ქვეშეცოცებებით [3]გამოწვეული მიწისძვრების თუ ვულკანების ამოფრქვევის შედეგად (რაც ძალიან ხშირია ცეცხლოვან სარტყელში - წყნარი ოკეანის მომიჯნავე ტერიტორიებზე, სადაც ტექტონიკური ფილების ქვეშეცოცება, ურთიერთშეცოცება და და თარაზული გადაადგილება განაპირობებს მოცემული წყნაროკეანოვანი ტერიტორიების სეისმურ აქტიურობას, რაც ამ შემთხვევაში მოიცავს ხშირ ვულკანურ ამოფრქვევებს, მიწისძვრებსა, და მაშასადამე, ცუნამებს), ოკეანის ფსკერზე მდებარე დანალექი ქვები ხელახალი დაშრევების მეთოდით, კონტინენტური ქერქის ნაპირებზე ამოდიან,  სადაც ოკეანური ქერქი კონტინენტურის ქვემოთაა შეცოცებული და საიდანაც მაგმა ამოდის რათა ვულკანური თაღი წარმოქმნას. როგორც კი ოკეანური ქერქი კონტინენტურის ქვემოთ შედის, თან ნალექებს, ლავასა და პლუტონურ ქვებს იყოლიებს თაღის ნაპირიდან, ხოლო როდესაც შესაბამისად, თაღის შემადგენელი ნივთიერებების კონცენტრაცია იკლებს, მასში არსებული მინერალები არასტაბილურნი ხდებიან, მომატებული წნევიდან და ტემპერატურიდან გამომდინარე კი ქიმიურ ცვლილებებს განიცდიან. ახალი მინერალები წარმოიქმნებიან, ნალექებისა და ქვების ნატეხები კი ვინაიდან თავიანთ გარშემო მდებარე ქერქის ქვებზე მკვრივები არიან - იძირებიან, თუმცა თუ ქვები კვარცის მინერალებით მდიდარნი არიან, მაშინ მათი სიმკვრივე იკლებს, და მაშასადამე, ზემოთ იწყებენ მოძრაობას მანამ, სანამ თაღოვანი ქერქის ქვედა ფენამდე მივლენ, სადაც დაგროვდებიან, გაერთიანდებიან. კონტინენტური ქერქის თითქმის თითოეული რეგიონის ასაკი აღემატება ოკეანური ქერქის ასაკს, ხოლო ვინაიდან კონტინენტური ქერქი იშვიათად ზიანდება და მუშავდება ქვეშეცოცების პროცესის შედეგად, მისი ზოგიერთი ნაწილის წარმოქმნის პერიოდი, მეცნიერების აზრით, დედამიწის ასაკს უტოლდება.

ალეუტის კუნძულების ტესტი რედაქტირება

 
ალეუტის კუნძულები

მეცნიერებმა, რომელთაც სჯეოდათ, რომ კონტინენტური ქერქის წარმოქმნა ხელახალი დაშრევების გზით მიმდინარეობდა, თავიანთი ჰიპოთეტური მოდელი ალეუტის კუნძულებზე ჩაატარეს, სადაც მდებარე ვულკანური თაღის ლავა და პლუტონები გეოქიმიურად ძალიან ჰგავდა ამავე კუნძულის კონტინენტურ ქერქს, თუმცა თაღის ქვედა ქერქის ის ელემენტები, რომლებისგანაც გამოლეული იყო, უხვად შეხვდათ კონტინენტური ქერქის ქვედა ფენაში. იმის დასადგენად, თუ რამდენად ჰქონდა რელამინაციის პროცესს ქვედა კონტინენტური ქერქის წარმოქმნის შესაძლებლობა, მეცნიერებმა გამოთვალეს გამოყოფილი მაგმისა და პლუტონების სიმკვრივე იმ რაოდენობის ტემპერატურისა და წნევის ზეწოლის ქვეშ, როგორიც ქვეშეცოცების ზონებშია და დაადგინეს, რომ ალეუტის კუნძულებზე მდებარე ლავის დაახლოებით 44 პროცენტი, ხოლო პლუტონების 78 პროცენტი იყო ქვეშეცოცების ზონის გარემოებების ქვეშ ნაკლებად მკვრივი, ვიდრე ქერქის პერიდოტიტი, რამაც დაადასტურა, რომ თუ ალეუტიის არხის ნაწილები ქვეშეცოცების ზონაში, 90-120 კმ-ით ქვემოთ და 700°C-ზე მეტი ტემპერატურის ქვეშ ჩავლენ, მაშინ თაღოვანი ლავები და პლუტონები ამოტივტივდებიან და ქერქის ქვედა ნაწილში გაერთიანდებიან, სადაც კონტინენტური ქერქის ქვედა ნაწილის მსგავს გეოქიმიურ აგებულებას მიიღებენ. მეცნიერებმა ასეთივე ცდები ჩაატარეს სხვადასხვა არხებზე და დაადგინეს, რომ ალასკაზე, თალკეეტნას ტერიტორიაზე, ლავის 48%, ხოლო პლუტონების 37% არის ნაკლებად მკვრივი ქერქის პერიდოტიტებთან შედარებით, პაკისტანის ტერიტორიაზე  ქოჰისტანის ლავის 36 პროცენტი, პლუტონების კი - 29%. რელამინაციის პროცესით კონტინენტური ქერქის წარმოქმნა ასევე სამხრეთ კალიფორნიაში შეინიშნება, სადაც თიხოვანი ქვები და ქერქის პერიდოტიტები თავიანთზე ნაკლებად მკვრივი ნივთიერებებით არიან გარშემორტყმული.

 
ვენერა
 
მაგელანის კოსმოსური ხომალდი

ვენერა რედაქტირება

იქიდან გამომდინარე, რომ დედამიწასა და ვენერას დაახლოებით ერთნაირი ზომა აქვთ, საშუალოდ საერთო მანძილით არიან დაშორებულები მზისგან და ერთმანეთს ძალიან ჰგვანან, მეცნიერებს მუდმივად სურდათ, რომ მისი ქერქი გამოეკვლიათ და დედამიწისასთან შეედარებინათ.

1990 წელს, კოსმოსურმა რაკეტა მაგელანმა ვენერას შესახებ დაადგინა, რომ მის ქერქს ბაზალტური აგებულება აქვს მუქი ფერის დანატეხებული ისეთივე ტიპის ქვებით, როგორებიც დედამიწის ოკეანეების გარშემო სანაპიროებზე მდებარეობს. ვენერას ისეთი ამაღლებული ადგილების შესახებ, როგორებიცაა აფროდიტეს მიწა და იშტარის მიწა, გაირკვა, რომ ბაზალტური ლავისგან არიან შემდგარნი, ხოლო უფრო მცირე ზომის ბორცვების სავარაუდო შემადგენლობას, ძირითადად, ვულკანური ქვები და გრანიტი წარმოადგენს, თუმცა რადარის მიერ შეგროვებული ინფორმაციის მიხედვით, ბორცვები უფრო ბაზალტისა და ბაზალტოვანი წარმომავლობის ნივთიერებებისგანაა წარმოქმნილი. მაგელანის მიერ შეგროვილი ინფორმაციის გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ ვენერაზე ფილების ტექტონიკას დიდი ზეგავლენა არ აქვს პლანეტაზე მიმდინარე ამა თუ იმ პროცესებზე, ხოლო მის მთელ ზედაპირზე ამოფრქვეული ლავის რაოდენობა იმდენივეა, რამდენსაც ჰავაის ერთ-ერთი ვულკანი - კილაუეა ამოსტყორცნის.

მეცნიერების აზრით, ძირითადი ქერქი მზის სისტემის შექმნისას წარმოიქმნა, რომლის დროსაც გამოყოფილი ენერგიით საწყისი პროტოპლანეტა გადნა, ხოლო გამდნარი ქვის გაციებისას, მაგმაში არსებული ზოგიერთი მინერალის კრისტალი ნაადრევად გაცივდა და გამდნარი პროტოპლანეტიდან გამოეყო, რის შემდეგაც დაბალი სიმკვრივის მქონე კრისტალები მაგმაზე ტივტივებდნენ, საბოლოოდ კი მთვარეზე არსებულ თეთრ მთებად გარდაიქმნენ.

მეცნიერების მიერ გეოქიმიური თუ გეოფიზიკური კვლევების ჩაატარების შედეგად დადგინდა რომ მეორეული ქერქი წარმოიქმნება მას შემდეგ, რაც რადიოაქტიური ელემენტების თანდათან აკუმულირების, დაგროვების შედეგად ნელა გამოსხივებული სითბო პლანეტის ქვოვან ქერქს ადნობს და იწვევს ბაზალტური ლავების ამოფრქვევას სწორედ ისე, როგორც ვენერასა და მარსზე წარმოიქმნა მეორეული ქერქი.

კრატონი რედაქტირება

 
ჩინურ-კორეული კრატონი

კრატონები არიან კონტინენტური ლითოსფეროს ყველაზე ძველი და მდგრადი ნაწილები, რომლებიც, ძირითადად, კონტინენტების შიგნით, ღრმად მდებარეობენ. არსებობს ორი ტიპის კრატონი:

1. ფაროვანი - პრეკამბრიული (ყველაზე ძველი და ხანგრძლივი გეოლოგიური ხანა, რომლის დროსაც ჩამოყალიბდა კონტინენტები) ქვებისაგან შემდგარი, რომლებიც მუდმივად ზედაპირზე ამოდიან.

2. პლატფორმოვანი - კრატონები, რომლებიც მეტამორფული და პიროგენური ქვების ზემოთ მდებარეობენ.

ორივე მათგანს გეოლოგები ინტენსიურად იკვლევენ რათა დედამიწის ისტორიისა და წარმომავლობის შესახებ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მიიღონ.

ლიტერატურა რედაქტირება

  • THE CONTINENTAL CRUST: ITS COMPOSITION AND EVOLUTION: AN EXAMINATION OF THE GEOCHEMICAL RECORD PRESERVED IN SEDIMENTARY ROCKS/STUART R./Blackwell Scientific publications/1991-01-15/ISBN-10: 0632011483, ISBN-13: 978-0632011483
  • Formation and Evolution of the Continental Crust/Volume 2, number 3/October 2013/NICHOLAS T. ARNDT/ISSN 2223-7755 (print)/ISSN 2224-2759 (online)/DOI 10.7185/geochempersp.2.3

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

https://en.wikipedia.org/wiki/Continental_crust https://www.nationalgeographic.org/encyclopedia/crust/ https://www.sciencedaily.com/terms/continental_crust.htm https://www.britannica.com/science/continental-crust https://www.universetoday.com/33139/continental-crust/ https://link.springer.com/10.1007/978-3-319-39312-4_277 https://study.com/academy/lesson/the-continental-crust-definition-formation-composition.html https://www.scientificamerican.com/article/the-evolution-of-continental-crust-2005-07/ https://blogs.ei.columbia.edu/2016/02/22/how-does-continental-crust-form-scientists-have-a-new-bottom-up-theory/

სქოლიო რედაქტირება

  1. Introductory Chapter: Earth Crust - Origin, Structure, Composition and Evolution/Muhammad Nawaz/National University of Singapore, Singapore/2019/DOI: http://dx.doi.org/10.5772/intechopen.88100/3.Structure, Pg. 4.
  2. Introductory Chapter: Earth Crust - Origin, Structure, Composition and Evolution/Muhammad Nawaz/National University of Singapore, Singapore/2019/DOI: http://dx.doi.org/10.5772/intechopen.88100/3.Structure, Pg. 3.
  3. Introductory Chapter: Earth Crust - Origin, Structure, Composition and Evolution/Muhammad Nawaz/National University of Singapore, Singapore/2019/DOI: http://dx.doi.org/10.5772/intechopen.88100 /4.Composition, Pg. 4.