სტავროპოლის მაღლობი
სტავროპოლის მაღლობი (რუს. Ставропольская возвышенность) — მაღლობი რუსეთში, სტავროპოლის მხარეში. განლაგებულია წინაკავკასიის ცენტრალურ ნაწილში, მდინარეებს ყუბანსა და კუმას და კუმა-მანიჩის ღრმულს შორის.[1] სუბგანედურად მისი სიგრძე 300 კმ აღწევს, სიგანე სუბმერიდიანულად 200 კმ. სიმაღლე 831,8 მ-მდე (მთა სტრიჟამენტი).[2] სამხრეთ ნაწილში შუამდინარეთის ვაკეები მდებარეობენ ზღვის დონიდან 400–500 მ სიმაღლეზე, ხოლო შთენილი პლატოსებრი სერები 500–600 მ და მეტსაც აღწევენ. მაღლობის შუა ნაწილის აბსოლუტური სიმაღლეა 400–450 მ.[3]
სტავროპოლის მაღლობი | |
---|---|
სტავროპოლის მაღლობი | |
კოორდინატები: 44°56′ ჩ. გ. 42°40′ ა. გ. / 44.933° ჩ. გ. 42.667° ა. გ. | |
ქვეყანა | რუსეთი |
ტერიტორიული ერთეული | სტავროპოლის მხარე |
უმაღლესი წერტილი | სტრიჟამენტი |
სიმაღლე | 831,8 მ |
სიგრძე | 300 კმ |
სიგანე | 200 კმ |
მაღლობი მდინარეთა ფართო ხეობებითა და ხევებით დანაწევრებულია ცალკეული პლატოსებრი მასივებითა და სერებით; დასავლეთ ნაწილში — სენგილეევის ქვაბულია, რომელიც უკავია ამავე სახელწოდების წყალსაცავს. სტავროპოლის მაღლობი აგებულია თიხებით, ქვიშაქვებით, კირქვებითა და თიხნარით.[4] საძირკვლად უდევს დანაოჭებული და შემდეგ მოსწორებული პალეოზოური ქანების თაღური სტრუქტურა, რომელიც ალბური ხანიდან იძირება, ხოლო მიოცენში აზევება იწყო. აზევება გრძელდებოდა პლიოცენ-მეოთხეულშიც. ერთდროულად ხდებოდა ეროზიული დანაწევრება.[3]
სტავროპოლის მაღლობსა და კავკასიონს შორის მოქცეულია მათ შორის გარდამავალი ოროგრაფიული ერთეული — პიატიგორიე, რომელიც საკმაოდ მაღალი, განცალკევებული მთებით დაგვირგვინებულ ზეგანს წარმოადგენს.[3]
მაღლობისთვის დამახასიათებელია ზომიერად კონტინენტური კლიმატი რბილი (იანვრის საშუალო ტემპერატურა –5 °С) ზამთრითა და მშრალი თბილი ზაფხულით (ივლისის საშუალო ტემპერატურა დაახლოებით 24 °С); ატმოსფერული ნალექების რაოდენობა 200–600 მმ წელიწადში (აღმოსავლეთით). მაღლობიდან სათავეს იღებენ მდინარეები ეგორლიკი, კალაუსი, ტომუზლოვკა; გაწყლოვანებულია სტავროპოლის დიდი არხითა და ყუბან-ეგორლიკის სისტემით. სტეპი მოხნულია; მთის მასივებზე — ტყესტეპია ფართოფოთოვანი ტყის მონაკვეთებით.[4]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Ставропольская возвышенность | Географическая энциклопедия
- ↑ Топографическая карта масштаба 1:100 000 L-38-109
- ↑ 3.0 3.1 3.2 ლევან მარუაშვილი, კავკასიის ფიზიკური გეოგრაფია: ნაწილი 2: მეცნიერება, თბილისი, 1981.
- ↑ 4.0 4.1 Ставропольская возвышенность | Большая российская энциклопедия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-06-12. ციტირების თარიღი: 2020-06-16.