ოზურგეთის მუნიციპალიტეტი

მუნიციპალიტეტი საქართველოში
(გადამისამართდა გვერდიდან ოზურგეთის რაიონი)

ოზურგეთის მუნიციპალიტეტი — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული დასავლეთ საქართველოში, გურიის მხარეში. ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ოზურგეთი.

ადმინისტრაციული ერთეული
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
დროშა გერბი

ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე გურიის მხარე
ადმ. ცენტრი ოზურგეთი
კოორდინატები 41°55′23″ ჩ. გ. 42°00′18″ ა. გ. / 41.92306° ჩ. გ. 42.00500° ა. გ. / 41.92306; 42.00500
მერი ავთანდილ თალაკვაძე     
დაარსდა 1929
ფართობი 675 კვადრატული კილომეტრი
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 62 500 კაცი (2017)
სიმჭიდროვე 92,58 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 97,19 %
სომხები 1,77 %
რუსები 0,59 %
უკრაინელები 0,17 %[1]
სარწმუნოებრივი შემადგენლობა მართლმადიდებლები 85,4 %
მუსლიმები 12,3 %[2]
სასაათო სარტყელი UTC+04:00
სატელეფონო კოდი (494)
საფოსტო ინდექსი 3500–3599
ოფიციალური საიტი http://ozurgeti.mun.gov.ge
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი — საქართველო
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი — გურიის მხარე
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი

ამ სექციაში მოცემული ადმინისტრაციული ერთეულის ისტორია. ისტორიულ-გეოგრაფიული მხარის ისტორიის შესახებ იხილეთ სტატია გურია

1930 წლამდე მუნიციპალიტეტის ტერიტორია შედიოდა ქუთაისის გუბერნიის ოზურგეთის მაზრაში, რომელიც მოიცავდა მთლიანად გურიას. 1930 წელს ჩამოყალიბდა ცალკე ტერიტორიულ ერთეულად და ეწოდა ოზურგეთის რაიონი. 1934 წელს ფილიპე მახარაძის პატივსაცემად ეწოდა მახარაძის რაიონი. 1949 წელს რაიონი ჩართულ იქნა საქენერგოს სისტემაში. 1960-იანი წლების დასაწყისში რაიონის ტერიტორია შემცირდა: ტერიტორიის ნაწილი გომისმთის მიმდებარედ გადაეცა ქობულეთის რაიონს, მდინარე სუფსის მიმდებარე ტერიტორიების ნაწილი კი ლანჩხუთის რაიონს. 1963-64 წლებში მახარაძის რაიონს შეუერთდა ჩოხატაურის რაიონი და ცენტრად განისაზღვრა ქალაქი მახარაძე. საბჭოთა პერიოდში დამეგობრებული იყო უკრაინის სსრ-ის ჰენიჩესკის რაიონთან.[3] 1990 წელს რაიონს კვლავ ეწოდა ოზურგეთი, ხოლო 2006 წლიდან — ოზურგეთის მუნიციპალიტეტი. 2014-17 წლებში მუნიციპალიტეტიდან გამოყოფილი იყო ქალაქი ოზურგეთი.

გეოგრაფია

რედაქტირება

მუნიციპალიტეტი მდებარეობს მდინარეების ნატანებისა და სუფსის აუზებში. დასავლეთიდან 20 კილომეტრის სიგრძის მანძილზე შავი ზღვა აკრავს, სამხრეთით ქობულეთისა და შუახევის მუნიციპალიტეტები, აღმოსავლეთითჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, ხოლო ჩრდილოეთიდან ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი. ტერიტორიის ფართობი შეადგენს 675,1 კმ²-ს.

მუნიციპალიტეტის სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი უჭირავს მესხეთის ქედის ჩრდილო-დასავლეთ კალთას, რომელიც აგებულია ინტენსიურად დანაოჭებული შუაეოცენური ვულკანოგენური ქანებით, ანდეზიტური განფენებით, ტუფებით, ტუფ-ბრექჩიებითა და ტუფ-კონგლომერატებით. ამ სუბსტრატზე განვითარებულია ღრმად დანაწევრებული მთა-ხეობათა რელიეფი. გაბატონებულია V-ებრი ეროზიული ხეობები და მათ შორის მოქცეულია ქედები. მუნიციპალიტეტის ტერიტორიის უმაღლესი ადგილები მისი საზღვრის სამხრეთ-აღმოსავლეთ უბანზეა. აქ არის უმაღლესი მწევრვალები: მთა საყორნია (2752 მ.) და გუნიისთავი (2132 მ.). მუნიციპალიტეტის ტერიტორიის შუა წელში გავრცელებულია ნეოგენური თიხებით, ქვიშაქვებით და კონგლომერატებით აგებულ ნაოჭა სუბსტრატზე ჩამოყალიბებული მეოთხეული (ჩაუდური) ტერასებიანი სერები და ძლიერ დანაწევრებული გორაკ-ბორცვები. მათ შორის მდინარეებისპირა ალუვიური ვაკე-დაბლობებია მოქცეული. მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასავლეთი ნაწილი უჭირავს შავიზღვისპირა მეოთხეულ აკუმულაციურ ვაკე-დაბლობებს, რომლებსაც სანაპიროს გასწვრივ გასდევს ქვიშიანი დიუნების ზოლი.

წიაღისეული

რედაქტირება
 
მინერალური წყარო სოფელ ქვედა ძიმითში

მთავარი წიაღისეული სიმდიდრეა ბენტონიტური თიხები, რომლის მოპოვება ხდება მთისპირის საბადოზე. ნარუჯალა-იაკობის მთის მიდამოებში არის ნავთობის საბადო, რომლის კვლევა დაიწყეს გერმანელებმა 1877 წლიდან. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ასევე არის კაოლინი (ზემო მაკვანეთი), ოქრა, რკინის ჟანგი, ჟანგმიწა (ნაგომარი, წითელმთა), ცემენტი (ქვედა ძიმითი), წითელი რკინა, აპატიტი (ვაკიჯვარი), მაგნეტიტიანი ქვიშები (ურეკი, შეკვეთილი), მინერალური წყაროები.

მუნიციპალიტეტის შუა და დასავლეთ ნაწილში ზღვიური ჭარბტენიანი სუბტროპიკული ჰავაა. იცის თბილი ზამთარი და ზომიერად ცხელი ზაფხული. აღმოსავლეთ ნაწილში კი გაბატონებულია მთის ნოტიო ჰავა. ტენიანობას განაპირობებს შავი ზღვის სიახლოვე და აღმოსავლეთიდან გარშემორტყმული მაღალი ქედები. ტენიანობა განსაკუთრებით მაღალია ზაფხულში. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა მერყეობს 14,5 °C-დან (ურეკი) -4 °C-მდე (მთაში, 2000 მ.), ყველაზე ცივი თვეა იანვარი (+5,8 °C-დან -5,8 °C-მდე), ხოლო ყველაზე თბილი აგვისტო (+23,5 °C-დან +13,4 °C-მდე). აბსოლუტური მინიმალური ტემპერატურაა -17-18 °C (ზღვისპირა დაბლობი) და -30-32 °C (მაღალ მთებში). აბსოლუტური მაქსიმუმი 31-41 °C შორის მერყეობს. ნალექების საშუალო წლიური ოდენობა შეადგენს 2080–2160 მმ.-ს. ნალექების მაქსიმუმი სექტემბერში მოდის, მინიმუმი მაისში.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიისთვის დამახასიათებელია სეზონური ქარები: ზამთარში ქრის სამხრეთ-დასავლეთის, ხოლო ზაფხულში დასავლეთის ქარები, ბრიზი. ქარის საშუალო სიჩქარე შეადგენს 3,2 მ/წმ. ზამთარსა და გაზაფხულზე იცის ფიონები, თუმცა მათ ნაკლები ზიანი მოაქვთ, ვიდრე დასავლეთ საქართველოს სხვა მხარეებში. მთებში ქრის მთა-ხეობათა ქარები. მუნიციპალიტეტის ტერიტორია მოქცეულია 5–6 ბალიან ზონაში მიწისძვრების საშიშროების თვალსაზრისით.

შიგა წყლები

რედაქტირება
 
მდინარე აჭისწყალი

მუნიციპალიტეტის ტერიტორია მდიდარია მდინარეებით. ისინი დასავლეთით მიედინებიან და ეკუთვნიან შავი ზღვის აუზს. მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ჩრდილოეთ ნაწილში დაახლოებით 20 კმ-ზე მიედინება მდინარე სუფსა, რომელსაც მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზევე ერთვის მდინარე ბახვისწყალი. სხვა მნიშვნელოვანი მდინარეა ნატანები მისი შენაკადებით: ბჟუჟი, ჩოლოქი, ორანი, ბოგილა და სხვა. მდინარე ჩოლოქი მუნიციპალიტეტს გამოჰყოფს ქობულეთის მუნიციპალიტეტისგან. მდინარეები სეფა, სიპა და წყალწმინდა უერთდებიან შავ ზღვას. შესართავთან, ქვიშიანი დიუნების გამო, ეს მდინარეები მეანდრირებენ და ხელს უწყობენ დაბლობის დაჭაობებას. მუნიციპალიტეტის მდინარეები საზრდოობენ ლანქერებით, წვიმის, თოვლის და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულსა და შემოდგომაზე. მდინარეებზე ბჟუჟზე, ბახვისწყალსა და აჭისწყალზე აგებულია ჰესები.

მუნიციპალიტეტის ტერიტორია მდიდარია მინერალური წყაროებით: ციხისუბნის (მთისპირის), გომის, შემოქმედის, ბახვის, მერიის, ძიმითისა და თხინვალის, ოზურგეთის. მათი ნაწილი გამოიყენება სამკურნალოდ. ნასაკირალის მინერალურ წყლებზე ფუნქციონირებდა კურორტი.

ნიადაგები

რედაქტირება

მუნიციპალიტეტის ალუვიურ დაბლობებზე ეწერ-ლებიანი, ჭაობის ლამიანი, სუსტი ეწერი და ალუვიური უკარბონატო ნიადაგებია. გორაკ-ბორცვებზე წითელმიწა და ყვითელმიწებია განვითარებული, მთების შუა და ქვემო კათებზე მთის ტყეთა საშუალო და მცირე სისქის ტყის ყომრალი ნიადაგებია, რომლებსაც ზემოთ მთის ტყის ზედა სარტყლის ღია და გაეწერებული ტყის ყომრალი ნიადაგები ცვლის. მთა-მდელოს ზონაში კორდიანი, კორდიან-ტორფიანი და მცირე სისქის პრიმიტიული ნიადაგებია. ციცაბო კალთებზე გვხვდება სუსტად განვითარებული და ძლიერ ჩამორეცხილი ნიადაგი.

ფლორა და ფაუნა

რედაქტირება

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 1000-ზე მეტი სახეობის მცენარეა. ტყეს უკავია 17 021 ჰექტარი (მუნიციპალიტეტის მთლიანი ტერიტორიის 25,21 %). სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილი შემოსილია მთის ტყეებით და მთის მდელოებით. ზღვისპირა დიუნებზე ქვიშნარების მცენარეულობაა. დაჭაობებულ დაბლობებზე ადრე გავრცელებული იყო ჭაობის ტყეები, ხოლო შედარებით დრენირებულ ადგილებში — ლეშამბოიანი მურყნარ-ლაფნარი. გორაკ-ბორცვიანი მთისწინეთი წინათ შემოსილი იყო მარადმწვანე ბუჩქნარიანი კოლხური ტყეებით. ამჟამად ბარში ტყეები თითქმის მთლიანად გაჩეხილია, მის ადგილას კულტურული მცენარეები, ნაწილობრივ, მეორადი ტყეებია. მცენარეულ საფარს ქმნიან წაბლი, რცხილა, თხმელა, ქვეტყის სახით გვხვდება მოცვი, შქერი, წყავი. ბუნებრივი ტყეები შემორჩენილია მუნიციპალიტეტის სამხრეთ-აღმოსავლეთ მაღალმიან მხარეში. მთის ტყის ზონაში ქვემოთ გაბატონებულია წიფლნარი. ზღვის დონიდან 700-1700 მეტრზე არის ფოთლოვანი ტყე (მურყანი, რცხილა, წიფელი). 1700-2100 მეტრზე ზემოთ გაბატონებულია წიფლნარ-მუქწიწვიანები (წიფელი, ნაძვი, სოჭი). ალაგ-ალაგ ნაძვისა და სოჭის წმინდა კორომებია. ტყის ზონის ზემოთ სუბალპური ტყეების ვიწრო ზოლია, სადაც გვხვდება პონტოური მუხა, შემდეგ — სუბალპური და ალპური მდელოები, რომლებიც სათიბ-საძოვრებადაა გამოყენებული.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადრობს დათვი, შველი, მგელი, გარეული ღორი, კვერნა, არჩვი, ტყის კატა, ზღარბი, მაჩვი, კურდღელი, მთის ბრუცა, თოვლა მემინდვრია, ტურა, თხუნელა, ფრინველებიდან გავრცელებულია როჭო, შურთხი, კაკაბი, ჩხიკვი, გარეული მტრედი, შაშვი, ყვავი, ორბი, ჩხართვი, გარეული იხვი, ჭაობის ქათამი, ნიბლია, კოდალა, თავშავა, გულწითელა, ქორი. გაზაფხულზე შემოდიან გადამფრენი ფრინველები: ღაჟო, იადონი, მწყერი, ოფოფი, გვრიტი, მწიფობელა (კვირკვილი). ქვეწარმავლებიდან ხშირია გველხოკერა, ხვლიკი, კუ. ბევრია ბაყაყი. მდინარეები მდიდარია თევზით. გვხვდება კალმახი, წვერა, კეფალი, ღორჯო და სხვა.

ძირითადი ლანდშაფტები

რედაქტირება

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჩამოყალიბებულია ნოტიო სუბტროპიკულ ვაკეთა, ბორცვიანი მთისწინეთისა და ნოტიო ჰავიანი მთა-ტყის ლანდშაფტის ტიპების შემდეგი სახეები:

  1. სანაპირო ქვიშიანი დიუნური ზოლი ფსამოფილური მცენარეულობით
  2. დაჭაობებული ვაკე-დაბლობები უმთავრესად ბუჩქნარებითა და ლამიან ჭაობიანი ნიადაგებით
  3. ჭალები მდელო ტყის მცენარეულობითა (ლაფნარ-მურყნარი) და ალუვიური ნიადაგებით
  4. დახრილი ვაკე-დაბლობები კოლხური მცენარეულობით, ალუვიური და ეწერი ნიადაგებით
  5. ბორცვიანი მთისწინეთი კოლხური მცენარეულობით, წითელმიწა და ყვითელმიწა ნიადაგებით
  6. ნოტიო ჰავიანი საშუალო მთები წიფლის ტყეებითა და ტყის ყომრალი ნიადაგებით
  7. ნოტიო ჰავიანი საშუალო მთები წიფლნარითა და მუქწიწვიანი ტყეებით, ტიპური და გაეწერებული ტყის ყომრალი ნიადაგებით
  8. სუბალპური ტყეები და მდელოები მთის ტყისა და მთის მდელოს ნიადაგებით
  9. ალპური მდელოები მთის მდელოს ნიადაგებით

თვითმმართველობა

რედაქტირება

ადმინისტრაციული ერთეულები

რედაქტირება
 
მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრია ქ. ოზურგეთი
 
მუნიციპალიტეტის ყველაზე დიდი დაბა ქვედა ნასაკირალი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 29 ადმინისტრაციული ერთეულია, ესენია:

  1. ადმინისტრაციული ერთეული ოზურგეთი — ქალაქი ოზურგეთი;
  2. ადმინისტრაციული ერთეული ლაითური — დაბა ლაითური;
  3. ადმინისტრაციული ერთეული ნარუჯა — დაბა ნარუჯა;
  4. ადმინისტრაციული ერთეული ქვედა ნასაკირალი — დაბა ქვედა ნასაკირალი;
  5. ადმინისტრაციული ერთეული ურეკი — დაბა ურეკი;
  6. ადმინისტრაციული ერთეული ასკანა — ასკანა, დაბალი ეწერი, მზიანი;
  7. ადმინისტრაციული ერთეული ბაილეთი — ბაილეთი, ახალსოფელი, ჭაინიეთური;
  8. ადმინისტრაციული ერთეული ბახვი — ზედა ბახვი, მშვიდობაური, ოქროსქედი, ქვედა ბახვი;
  9. ადმინისტრაციული ერთეული ბოხვაური — ბოხვაური, ჭალა;
  10. ადმინისტრაციული ერთეული გურიანთა — გურიანთა, ციხისფრდი;
  11. ადმინისტრაციული ერთეული დვაბზუ — გაღმა დვაბზუ, დვაბზუ;
  12. ადმინისტრაციული ერთეული ვაკიჯვარი — ვაკიჯვარი, ფამფალეთი;
  13. ადმინისტრაციული ერთეული თხინვალი — თხინვალი;
  14. ადმინისტრაციული ერთეული კონჭკათი — განთიადი, კონჭკათი;
  15. ადმინისტრაციული ერთეული ლიხაური — აჭი, კვაჭალათი, ლიხაური, ნიაბაური;
  16. ადმინისტრაციული ერთეული მაკვანეთი — გოგიეთი, ზემო მაკვანეთი, ქვემო მაკვანეთი;
  17. ადმინისტრაციული ერთეული მელექედური — მელექედური;
  18. ადმინისტრაციული ერთეული მერია — მერია, ნაღობილევი, ჭახვათა, ხვარბეთი;
  19. ადმინისტრაციული ერთეული მთისპირი — ვანისქედი, მთისპირი, ოქროსქედი, უკანავა;
  20. ადმინისტრაციული ერთეული ნაგომარი — მაღალი ეწერი, ნაგომარი, ჟანაური, შუა ისნარი;
  21. ადმინისტრაციული ერთეული ნატანები — ზემო ნატანები, ქვემო ნატანები, შეკვეთილი;
  22. ადმინისტრაციული ერთეული ოზურგეთი — სოფ. ოზურგეთი;
  23. ადმინისტრაციული ერთეული სილაური — სილაური;
  24. ადმინისტრაციული ერთეული შრომა — ვაკე, ზედუბანი, მოცვნარი, ორმეთი, შრომა, ხრიალეთი;
  25. ადმინისტრაციული ერთეული შემოქმედი — გომი, გონებისკარი, კვირიკეთი, შემოქმედი, წითელმთა;
  26. ადმინისტრაციული ერთეული ცხემლისხიდი — ბაღდადი, ზედა უჩხუბი, ცხემლისხიდი;
  27. ადმინისტრაციული ერთეული ძიმითი — ზედა ძიმითი, ნასაკირალი, ქვედა ძიმითი;
  28. ადმინისტრაციული ერთეული ჭანიეთი — ვაშტიალი, ქაქუთი, ჭანიეთი;
  29. ადმინისტრაციული ერთეული ჯუმათი — ბოგილი, იანეთი, ძირიჯუმათი, ჯუმათი;

საკრებულო

რედაქტირება
პარტია 2017[4] 2021[5] ამჟამინდელი საკრებულო
  ქართული ოცნება 36 30                                                            
  ნაციონალური მოძრაობა 4 11                      
  საქართველოსთვის 4        
  პატრიოტთა ალიანსი 2
  ევროპული საქართველო 1
  ლეიბორისტული პარტია 1
  დამოუკიდებელი 2
სულ 46 45  

მოსახლეობა

რედაქტირება

მოსახლეობის 97,2 % ქართველია, ძირითადად ცხოვრობენ გურულები, ასევე აჭარლები. აგრეთვე ცხოვრობენ სომხები (1,8 %) და რუსები (0,6 %). მოსახლეობის უმრავლესობა მართლმადიდებელი ქრისტიანია – 85,4 %, 12,3 %-ს შეადგენენ მუსლიმები, მოქმედებს 4 მეჩეთი, მათ შორის ორი მედრესეთი. ასევე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრობენ სხვა რელიგიური მიმდინარეობების წარმომადგენელთა მცირე ჯგუფები: იეჰოვას მოწმეები და „მეს-ის“ („მართლმადიდებელი ეკლესია საქართველოში“, ე.წ. ბოსტონის დაჯგუფება) წევრები.

მუნიციპალიტეტში 75 დასახლებული პუნქტია: 1 ქალაქი, 4 დაბა და 70 სოფელი. სიმჭიდროვე — 92,58 კაცი კმ²-ზე. 1989 წლის შემდეგ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის რაოდენობა კლებადია. 2014 წლის აღწერის დროს მუნიციპალიტეტი არ მოიცავდა ქალაქ ოზურგეთს.

აღწერის მონაცემები

რედაქტირება
აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1939 58 514 28 657 29 857
1959 75 240   33 981 41 259
1970 79 710   36 711 42 999
1979 84 278   39 070 45 208
1989 90 040   42 315 47 725
2002 78 661  
2014 62 863  
2020[6] 59 900  

ეკონომიკა

რედაქტირება

მუნიციპალიტეტის ეკონომიკა სუსტია, რადგან საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ დაღმასვლა განიცადა. ეკონომიკაში წამყვანია მრეწველობა.

სოფლის მეურნეობა

რედაქტირება

საბჭოთა პერიოდში რაიონის ეკონომიკაში წამყვანი დარგები იყო მეჩაიეობა და მეციტრუსეობა. ფუნქციონირებდა ჩაის პირველადი გადამუშავების 15 ფაბრიკა. 1983 წლისთვის რაიონი აწარმოებდა საქართველოს სსრ-ში წარმოებული ჩაის ფოთლის 17 %-ზე, ხოლო პირველადი გადამუშავების ჩაის 23 %-ზე მეტს. ჩაის პლანტაციებს ეჭირა სასოფლო-სამეურნეო სავარგულების 33 %. მეჩაიეობა უმეტესად განვითარებული იყო რაიონის გორაკ-ბორციან და დაბლობ ზონაში. სკკპ ცკ-ს 1935 წლის 5 ნოემბრის დადგენილებით გადაწყდა მეციტრუსეობის განვითარება შავი ზღვისპირა ზოლში. 1941-1942, 1949-1950 და 1953-1954 წლებში მკაცრი ზამთრის და გავრცელებული დაავადებების გამო განადგურთა ციტრუსების დიდი ფართობები. მეციტრუსეობასთან ერთად სოფლის მეურნეობის სხვა დარგებიდან რაიონში განვითარებული იყო მეხილეობა, მევენახეობა, მეცხოველეობა, მეფუტკრეობა, მოჰყავდათ ერთწლიანი კულტურები, უმეტესად სიმინდი. მოქმედებდა მეფრინველეობის ფერმა. მახარაძის რაიონი აწარმოებდა საქართველოს სსრ-ს სოფლის მეურნეობის პროდუქციის 2,3 %-ს.

ამჟამად კვლავ მნიშვნელოვან როლს ასრულებს მეციტრუსეობა, მოჰყავთ სიმინდი, თუმცა მესიმინდეობას შიდამოხმარების ხასიათი აქვს და საბაზრო რეალიზაცია არ ხდება. მნიშვნელოვნად შემცირდა ეკონომიკაში მეჩაიეობის წილი და დაწინაურდა მეთხილეობა.

ძირითადი კულტურები გაშენების ფართობის მიხედვით ჰექტარებში:

1931 1940 1945 1950 1951 1955 1960 1962 1979
ჩაი 3391 7456 6543 6327 8547 8643 9000
ციტრუსი 2860 3072 3180 1272 2054

მრეწველობა

რედაქტირება
 
ბჟუჟჰესი სოფელ გომში, მდინარე ბჟუჟზე

მრეწველობის ძირითადი დარგი იყო კვების მრეწველობა. საბჭოთა პერიოდში აგრეთვე მოქმედებდა პურის, ყველ-კარაქის, ლუდის, ხორცის, რძის, საკონსერვო და სხვა საწარმოები, აბრეშუმის ფაბრიკა. 1950-იანი წლებიდან მნიშვნელოვან როლს ასრულებდა მთისპირის ბენტონიტური თიხის მოპოვება და გადამუშავება. 1979 წლისთვის მოქმედებდა 35 სამრეწველო საწარმო, რომლებში დასაქმებულთა რაოდენობა შეადგენდა 4990 ადამიანს. სხვა სამრეწველო საწარმოებიდან მოქმედებდა საფეიქრო, საშენ მასალათა, კერამიკული და სხვა საწარმოები.

ამჟამად მრეწველობაში კვლავ წამყვანია კვების მრეწველობა. მოქმედებს ჩაის რამდენიმე მცირე საწარმო და თხილის რამდენიმე გადამამუშავებელი ქარხანა, ასევე პურის, ფქვილის, ლუდის, ჩირის, ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი ქარხნები, რამდენიმე საკალმახე.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედებს ასფალტის ქარხანა და სამკერვალო საწარმო. მიმდინარეობს ბენტონიტური თიხის მოპოვება და გადამუშავება. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს ორი ჰიდროელექტროსადგური, რომლებიც ჩართულია ერთიან ენერგოქსელში. განვითარებულია საცალო ვაჭრობა.

თანდათანობით ვითარდება ტურიზმი, განსაკუთრებით შავი ზღვის სანაპირო ზოლში. მუნიციპალიტეტის ზღვისპირა კურორტებია ურეკი და შეკვეთილი, სამთო კურორტებია გომისმთა და ვაკიჯვარი. ასევე კურორტის სტატუსი აქვს ნასაკირალს, თუმცა ნასაკირალში საკურორტო ინფრასტრუქტურა განადგურებულია.

ტრანსპორტი

რედაქტირება
 
ურეკის რკინიგზის სადგური

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადის სამტრედია-ბათუმის სარკინიგზო ხაზის მონაკვეთი, ასევე ნატანები-ოზურგეთის რკინიგზის ხაზი. არის რამდენიმე რკინიგზის სადგური და ბაქანი (ურეკში, ქვემო ნატანებში, მერიაში. სარკინიგზო მიმოსვლაა ქალაქ ოზურგეთიდან თბილისისა და ბათუმის მიმართულებით. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების - საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთი, ნატანები-ოზურგეთისა და ოზურგეთი-ლესა-ნინოშვილის მონაკვეთები.

მუნიციპალიტეტში არის 44 სკოლა, სამუსიკო და სპორტული სკოლები, ერთი პროფესიული კოლეჯი,[7] 43 საბავშვო ბაღი, 17 ბიბლიოთეკა,[8] სახვითი ხელოვნების ცენტრი, სახელმწიფო დრამატული თეატრი, საკონცერტო დარბაზი ბლექ სი არენა და 4 მუზეუმი: ოზურგეთის ისტორიული მუზეუმი, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის გურიის მხარის არეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი,[9] დვაბზუს ეთნოგრაფიული მუზეუმი და ექვთიმე თაყაიშვილის მუზეუმი. გამოდის ორი ადგილობრივი გაზეთი და მოქმედებს ადგილობრივი ტელევიზია „გურია“. მუნიციპალიტეტში მოქმედებს ორი პროფესიული სპორტული კლუბი, საფეხბურთო კლუბი „მერცხალი“ და სარაგბო კლუბი „არწივები“.

ღირსშესანიშნაობანი

რედაქტირება
 
ჯუმათის ეკლესია

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ოთხი ეროვნული მნიშვნელობის კულტურული ძეგლი დგას: აჭის ეკლესია (XIII-XIV საუკუნეები), ჯუმათის მონასტერი (განვითარებული შუა საუკუნეები), ლიხაურის ეკლესია და სამრეკლო (შუა საუკუნეები) და შემოქმედის მონასტერი (განვითარებული შუა საუკუნეები). კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე 17 ძეგლს აქვს მინიჭებული, მათი უმრავლესობა ეკლესიებია, რომელთაგან აღსანიშნავია დვაბზუს ეკლესიები, ვანისქედის ეკლესია, ჭალის სამრეკლო, ჭანიეთურის მონასტერი. საერო დანიშნულების ძეგლებიდან აღსანიშნავია ვაშნარის ნაქალაქარი (V-VIII სს.), ასკანის ციხე (IV ს.), ლიხაურის ციხე და ოზურგეთის დრამატული თეატრის შენობა (1934-1962).

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. georgia-ethnic-2014
  2. georgia-religion 2014
  3. მახარაძე-გენიჩესკის მეგობრობა
  4. პროტოკოლით არჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები და მერები 2017 გვ. 74-76. ცესკო. ციტირების თარიღი: 2022-07-16[მკვდარი ბმული]
  5. პროტოკოლით არჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები და მერები 2021 გვ. 92-94. ცესკო. ციტირების თარიღი: 2022-07-16[მკვდარი ბმული]
  6. მოსახლეობის რიცხოვნობა რეგიონების და თვითმმართველი ერთეულების მიხედვით (XLS). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (1 იანვარი, 2020). ციტირების თარიღი: 2021-01-29.
  7. პროფესიული კოლეჯი ჰორიზონტი
  8. საქართველოს სახელმწიფო საჯარო ბიბლიოთეკები 2020 წლისათვის
  9. გურიის მხარის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი