მურყანი

(გადამისამართდა გვერდიდან თხმელა)

მურყანი, თხმელა (ლათ. Alnus) — მცენარეთა გვარი არყისებრთა ოჯახისა. ერთსახლიანი ზაფხულმწვანე ხეებია, იშვიათად ბუჩქები (საქართველოში მხოლოდ ხეები).[1] ცნობილია 30–40 სახეობა. გავრცელებული არიან ჩრდილოეთ ნახევარსფეროს (ევრაზია, ჩრდილოეთი ამერიკა, ჩრდილოეთი აფრიკა — ალჟირი) ზომიერ და სუბტროპიკულ სარტყელებში (ჩრდილოეთში ტყეტუნდრამდე), აგრეთვე სამხრეთ ამერიკის მთებში, აზიის ტროპიკებში.[2] საქართველოში 2 სახეობაა: შავი მურყანი ანუ თხმელა (Alnus glutinosa) და ნაცარა მურყანი (Alnus incana).[1]

მურყანი

შავი მურყანი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვანი მცენარეები
კლასი:  ორლებნიანები
რიგი:  წიფლისნაირნი
ოჯახი:  არყისებრნი
გვარი:  მურყანი
ლათინური სახელი
Alnus Mill., 1754
გავრცელება

აქვთ მორიგეობით განლაგებული, უბრალო, დაკბილული ფოთლები. ყვავილები შეკრებილია ყვავილედებად — საყურეებად (მამრობითი — ჩამოკიდეულება, მდედრობითი — მოკლეები). დაყვავილების შემდეგ გამერქნება ახასიათებთ და გარეგნულად წიწვოვანთა გირჩებს გვანან. ნაყოფი ერთთესლიანი ორფრთიანი კაკლუჭაა. ფესვებზე ვითარდება კოჟრები, სადაც სახლდებიან აზოტმაფიქსირებელი ბაქტერიები.[2]

სახეობათა უმრავლესობა იზრდება მდიდარ, ტენიან, კარგად აერირებულ ნიადაგებზე, ხშირად მდინარეებისა და ნაკადულების გასწვრივ, ზოგიერთი — ქვიშრობებზე, ქვიშებზე. მრავლდება თესლით და ვეგეტატიურად. თითქმის ყველა სახეობა გაზაფხულზე ყვავის. ახასიათებთ ქარით დამტვერვა.[2]

მერქანი ღია ფერისაა, ჰაერზე წითლდება, წყლის ქვეშ დიდხანს არ ლპება, გამოიყენება ავეჯის, თარის, ფანერის, წყალქვეშა და წყალზედა ნაგებობების წარმოებაში (ვენეციის რიგი ნაგებობები მურყნის ხიმინჯებზეა აგებული). სახეობათა უმრავლესობის ქერქი და სხვა ნაწილები შეიცავს ტანინებს.[2] შავი და რუხი მურყნის გირჩების ნაყენს კუჭ-ნაწლავის დაავადებათა დროს და ნაწილობრივ სისხლის შემაჩერებელ საშუალებად ხმარობენ. ადრე გაზაფხულზე შაქართან შერეულ მურყნის მტვერს ფუტკრის საკვებად იყენებენ. ზოგიერთი სახეობა გამოიყენება გამწვანების მიზნით.[2]

  1. 1.0 1.1 გაგნიძე რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 202.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 Соколова И. В. Ольха // Большая российская энциклопедия. т. 24. — М., 2014. — стр. 153.