შავი მურყანი, ჩვეულებრივი მურყანი, თხმელა (ლათ. Alnus glutinosa) — მცენარე არყისებრთა ოჯახისა. 30–38 მეტრამდე სიმაღლის ხეა. აქვს მუქი რუხი ფერის დამსკდარი ქერქი.[1] ფოთლები სუსტად შებუსვილი ან შიშველია,[2] ფოთლის ფირფიტა 7–12 სმ სიგრძის და 4–8 სმ სიგანის, ფართოოვალური ან უკუკვერცხის ფორმის, წვერში მომრგვალოა, ქვედა მხარე ძარღვების გაყოლებით — მოყვითალო ბუსუსებით დაფარული. ფოთლის ყუნწი 1,5–3 სმ სიგრძის და თხლად შებუსვილია. ყვავის მარტ-აპრილში, ნაყოფმსხმოიარობს აგვისტო-ოქტომბერში. გავრცელებულია კავკასიაში, ევროპაში, მცირე აზიასა და ჩრდილოეთ ირანში.[1] საქართველოში ყველა რეგიონში გვხვდება, ჯავახეთის გარდა. იზრდება დაბლობებში, მთაში ზღვის დონიდან 1800 მეტრს აღწევს და ტერასების გაყოლებით შერეულფოთლოვან ტყეებში გვხვდება. დაბლობისა და მთისწინების უხვტენიან რაიონებში — ჭაობიან, ალუვიურ, ეწერ ნიადაგზე ქმნის ტყეებს, მურყნარს. სინათლის, ტენისა და ნაწილობრივ სითბოს მოყვარულია. იზრდება სწრაფად. რბილი, ღია მოწითალო, მყიფე მერქანი აქვს. იყენებენ სადურგლო და სახარატო საქმეში.[2]
-
Alnus glutinosa subsp. barbata, საქართველოში გავრცელებული ქვესახეობა
-
ფოთლები
-
ყვავილედები: მდედრობითი და მამრობითი