ნოე ჟორდანია

(გადამისამართდა გვერდიდან ჟორდანია, ნოე)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჟორდანია.

ნოე ჟორდანია (დ. 2 (15) იანვარი1868, 1868, ლანჩხუთი — გ. 11 იანვარი, 1953, პარიზი) — ქართველი სახელმწიფო მოღვაწე, პოლიტიკოსი, თეორეტიკოსი, პუბლიცისტი, ქართველი სოციალ-დემოკრატების ლიდერი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე.

ნოე ჟორდანია
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მეორე
მთავრობის თავმჯდომარე
მმართ. დასაწყისი: 24 ივნისი, 1918[1][2]
მმართ. დასასრული: 18 მარტი, 1921
წინამორბედი: ნოე რამიშვილი
მემკვიდრე: თანამდებობა გაუქმდა
პარტია: რსდმპ (1903-1917)
საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია (1917-1953)
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 15 იანვარი 1868
დაბ. ადგილი: ლანჩხუთი, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი: 11 იანვარი, 1953
გარდ. ადგილი: პარიზი, საფრანგეთი
მეუღლე: ინა ჟორდანია
შვილები: ასმათი (1905-1984)
ანდრეიკა (1907-1919)
ნათელა (1918-2016)
რეჯები (1921-2021)
მამა: ნიკოლოზ ჟორდანია
დედა: ქრისტინე ჩიქოვანი
რელიგია: ათეისტი
ხელმოწერა:

ჟორდანია იყო XX სუკუნის დასაწყისის საქართველოს ყველაზე გამორჩეული და ფართო მასებში პოპულარული პოლიტიკოსი.[3] საბჭოთა პროპაგანდა არსებობის განმავლობაში ცდილობდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა და მისი პოლიტიკური ლიდერების, განსაკუთრებით კი — ნოე ჟორდანიას, დისკრედიტაციას.[3]

ჟორდანია დაიბადა გურიაში, ღარიბი აზნაურის ოჯახში. განათლება მიიღო თბილისის სასულიერო სემინარიასა და ვარშავის ვეტერინარულ ინსტიტუტში. 1890-იანი წლებიდან ჩაერთო სოციალ-დემოკრატიულ მოძრაობაში და თანდათან გახდა მესამე დასის სახელით ცნობილი ჯგუფის ლიდერი. პოლიტიკური საქმიანობის გამო რამდენჯერმე იყო დაპატიმრებული. 1893-1897 წლებში იმოგზაურა ევროპაში. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ სათავეში ჩაუდგა ჟურნალ „კვალს“. 1903 წელს ჟორდანია აირჩიეს რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის კავკასიის ბიუროს წევრად. ჟორდანია დაესწრო რსდმპ-ის მე-2 კონგრესს, 1905 წლისთვის ის უკვე იყო ქართველი სოციალ-დემოკრატების აღიარებული ლიდერი.

ჟორდანია ასევე იყო რუსეთის იმპერიის სახელმწიფო საბჭოს არჩეული წევრი ტფილისის გუბერნიიდან. 1905-1907 წლებში აქტიურად უპირისპირდებოდა ბოლშევიკებს. პირველი მსოფლიო ომის დროს ჟორდანია დადგა სამშობლოს დაცვის ეროვნულ პოზიციებზე. 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ის აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს თავმჯდომარედ და უმნიშვნელოვანესი როლი შეიტანა 1918 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებასა და შემდგომში დემოკრატიული რესპუბლიკის მშენებლობაში.

რესპუბლიკას ჟორდანია სათავეში ჩაუდგა 1918 წლის ივლისიდან და გაატარა მიწის, სოციალური, საკანონმდებლო და სხვა რეფორმები, ზღუდავდა ბოლშევიკების იატაკქვეშა მუშაობას. ჟორდანიას მთავრობის საგარეო პოლიტიკის შედეგად საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ მოიპოვა საერთაშორისო აღიარება. 1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ჟორდანიამ უარი თქვა კაპიტულაციაზე და მთავრობის სხვა წევრებთან ერთად ემიგრაციაში წავიდა პარიზში, სადაც ხელმძღვანელობდა ემიგრირებულ მთავრობას 1933 წლამდე და აგრძელებდა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას გარდაცვალებამდე.[4]

ბიოგრაფია

რედაქტირება

ნოე ჟორდანია დაიბადა 1868 წლის 15 იანვარს, ღარიბი აზნაურის ოჯახში, ქუთაისის გუბერნიის ოზურგეთის მაზრა სოფელ ლანჩხუთში.

წინაპრები

რედაქტირება

ნოე ჟორდანიას ბაბუის, რეჯებ ჟორდანიას გადმოცემით, XVIII საუკუნის მეორე ნახევარში გურიაში იტალიური გემით ქალაქ გენუადან ჩავიდა სამი მეგობარი. ერთი მათგანი იყო მებაღე, დანარჩენი ორი კი ვაჭარი. ერთი სამეგრელოში დასახლდა, მისი შთამომავალია ცაიშელი ჟორდანიები. ერთი დაბრუნდა უკან ხმელეთით, მაგრამ არხავეთს ვერ გასცდა და მისი შთამომავლები არიან არჰაველი ჟორდანიები. მესამე დარჩა გურიაში, გურიელმა მას უბოძა მამულები და ყმები ლანჩხუთში. მისი შთამომავალია ლანჩხუთელი ჟორდანიები. გურულებს სასაცილოდ მოეჩვენათ უცხოს გვარი და მას გვარად ჟორდანია უწოდეს, ამ გვარის ერთი მოსახლე მაშინ შუხუთში ცხოვრობდა. უცხოელს ჰყავდა ოთხი ვაჟი, ოთხივე დაცოლშვილებული. მათგან ერთს, კაცობას ჰყავდა შვილი რეჯები, რომელიც იყო ნოე ჟორდანიას ბაბუა.

რეჯები მალე დაობლდა და დედის ძმებმა წაიყვანეს სამეგრელოში გასაზრდელად. ახალგაზრდა რეჯები დაბრუნდა ლანჩხუთში, მაგრამ მისმა ნათესავებმა არ მიიღეს. რეჯები დასახლდა შუხუთში, გორისგვერდის ეკლესიასთან, დაიწყო ბრძოლა საკუთარი მამულისთვის და ნათესავებისგან საბოლოოდ მიიღო ლანჩხუთში დასახლების უფლება. მას მიუჩინეს ეკალ-ნარიანი ადგილი, რომელიც რეჯებმა გაკაფა, ააგო ოდა, ცოლად შეირთო აფაქიძის ქალი და დასახლდა 1825-30 წლებში. მონაწილეობდა ყირიმის ომში, სადაც მიიღო კაპიტნის ჩინი და სადაც დაიღუპა კიდეც. რეჯებს დარჩა ოთხი შვილი: ბუჭუ, ფოტინე, ნიკოლოზი და იოსები. ნოეს მამა ნიკოლოზი იყო სოფლის მწიგნობარი, სწერდა არზებს, გამოდიოდა ვექილად და მედიატორად მომრიგებელ სასამართლოში, ააშენებინა რკინიგზის სადგური ლანჩხუთში. ჟორდანიას დედა ქრისტინე ჩიქოვანი წარმოშობით მეგრელი იყო. ჟორდანია განსაკუთრებით აფასებდა დედას. ნოეს ასევე ჰყავდა ერთი და გულჩინო.

განათლება

რედაქტირება

ჟორდანიამ დაწყებითი განათლება მიიღო ლანჩხუთის სოფლის სკოლაში. 1879 წელს გადავიდა ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში. სასწავლებლის დასრულების შემდეგ ჟორდანიამ მშობლებს გამოუცხადა სურვილი თბილისში სწავლის გაგრძელებისა. მამამისმა წისქვილთან მდებარე ორი ქცევა მიწა გაყიდა და 1884 წელს ჟორდანია თბილისის სასულიერო სემინარიაში მიაბარა. მის მშობლებს იმედი ჰქონდათ, რომ მათი შვილი მღვდელი გამოვიდოდა.

სემინარიაში ჟორდანია იყო წევრი და ერთხანს ხელმძღვანელი მოსწავლეთა არალეგალური წრისა. მას არ აკმაყოფილებდა სემინარიის წიგნები და კითხულობდა აკრძალულ რუსულ რევოლუციურ-დემოკრატიულ ლიტერატურას (ჩერნიშევსკი, ალექსანდრე გერცენი), ასევე ხალხოსნური შინაარსის ლიტერატურასა და ჟურნალ-გაზეთებს, რომლითაც მას ძირითადად ზაქარია ჭიჭინაძე ამარაგებდა. რუსული ლიტერატურიდან ის ეცნობოდა რევოლუციურ აზრებს, სოციალურ და პოლიტიკურ მიმდინარეობებს, ქართული ლიტერატურიდან კი ნაციონალურ და პატრიოტულ სულისკვეთებას. გატაცებული იყო სოციოლოგიითა და ისტორიით, საბოლოოდ კი ამ უკანასკნელზე შეაჩერა არჩევანი.

სემინარიელი ჟორდანია უკვე მესამე კლასიდან ოცნებობდა ევროპაში მოხვედრაზე. ამ მიზნის მისაღწევად ის შევიდა ლადო აღნიაშვილის ანსამბლში და მონაწილეობა მიიღო 1887 წელს თბილისის სახაზინო თეატრში გამართულ კონცერტში. ჟორდანიას იმდენად ჰქონდა მიზნის მიღწევის იმედი, რომ ა. მირიანაშვილთან ფრანგული ენის შესწავლაც დაიწყო, მაგრამ ანსამბლი ევროპაში ვერ წავიდა. 1889 წელს ჟორდანიამ მონაწილეობა მიიღო სემინარიელთა ერთკვირიან გაფიცვაში. სემინარიელები თავიდან საჭმლის გაუმჯობესებას ითხოვნდნენ. შემდეგ მათ ჟორდანია, ფილიპე მახარაძე და თედორე კიკვაძე შეუერთდნენ და გაფიცვებს ნაციონალური ხასიათი მისცეს. მოსწავლეები ითხოვდნენ სემინარიაში ქართული ენის, ლიტერატურისა და საქართველოს ისტორიის სწავლების შემოღებას. ჟორდანია მონაწილეობდა სემინარიის ხელნაწერ ჟურნალებში „სინათლესა“ და „ყვავილში“. სემინარიაში ჟორდანია ჩამოყალიბდა როგორც რევოლუციის მომხრე სოციალისტ-ნაროდნიკი.

თბილისის სასულიერო სემინარია ჟორდანიამ 1890 წელს, 22 წლის ასაკში დაამთავრა და 1891 წელს ოჯახის ხელშეწყობით დაიწყო სწავლა ვარშავის ვეტერინარულ ინსტიტუტში. მას ვეტერინარობა არც აინტერესებდა და არც უნდოდა, მაგრამ ეს იყო ინსტიტუტი, რომელშიც იღებდნენ სემინარიელებს. მან მოაწყო ორი წრე, ქართველი და რუსი სტუდენტებისა, სადაც ლიტერატურას კითხულობდნენ. სწორედ აქ გაეცნო ის მარქსიზმის იდეებს. როგორც ჟორდანია თავად აღწერს, 1892 წელს მისი პოლიტიკური ევოლუცია, რაც გამოიხატა რუსული სოციალიზმიდან მარქსიზმზე გადასვლით. ამის შემდეგ ჟორდანიამ დაიწყო შესაბამისი ლიტერატურის კითხვა. მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა გიორგი პლეხანოვის ბროშურამ „ვაი ტიხომიროვს“. მის მსოფლმხედველობაში მომხდარ არსებით ძვრებს ჟორდანია ვარშავიდან ატყობინებდა საქართველოში დარჩენილ მის თანამოაზრეებს ეგნატე ნინოშვილსა და სილიბისტრო ჯიბლაძეს. ვარშავაში, გარდა მარქსიზმისა, ჟორდანია გაეცნო პოლონეთის ეროვნულ მოძრაობას, რომელიც იბრძოლა პოლონეთის ავტონომიისთვის. მათგან ჟორდანიამ შეისწავლა ნაციონალურ სფეროში კულტურული ავტონომიის მოთხოვნის ტაქტიკა. ვარშავაში სწავლის დროს ჟორდანია თანამშრომლობდა „საქართველოს თავისუფალ ლიგასთან“. ფილტვების ანთების გამო ჟორდანიამ ვარშავის ინსტიტუტში მხოლოდ ორი არასრული წელი გაატარა და 1892 წლის აგვისტოს დასაწყისში იძულებული გახდა სამშობლოში დაბრუნებულიყო.

მესამე დასის დაფუძნება

რედაქტირება

1892 წლის დეკემბრის ბოლოს ნოე ჟორდანია პოლიტიკურ ასპარეზზე გამოვიდა. ის დაესწრო ზესტაფონის კრებას, რომელიც ეგნატე ნინოშვილის ინიციატივით გაიმართა, გახდა წევრი საინიციატივო ჯგუფისა, რომელშიც შედიოდნენ კარლო ჩხეიძე, ევგენი ვაწაძე, ეგნატე ნინოშვილი, მიხა ცხაკაია, ილია კაკაბაძე, რაჟდენ კალაძე, დიმიტრი კალანდარიშვილი, ისიდორე რამიშვილი, არსენ წითლიძე, ისიდორე კვიცარიძე, სილიბისტრო ჯიბლაძე. მათ მოიწვიეს კონფერენცია მშრომელი ხალხის ინტერესების დაცვისთვის ბრძოლის ტაქტიკის შესამუშავებლად.[5][6][7][8][9][10] ჯგუფი ცდილობდა თვითგამორკვევას ხალხოსნობასა და მარქსიზმს შორის, საბოლოოდ ვერ შეთანხმდნენ და სამოქმედო პროგრამის შედგენა მიანდეს ჟორდანიას.

რომელმაც ჯიბლაძესთან და ნინოშვილთან ერთად შეადგინა მოხსენება. მათ ძველი საზოგადოების გადატრიალების ღერძად დასახეს მუშათა კლასი, მაგრამ საქართველოს სინამდვილეში ამას ემატებოდა ნაციონალური საკითხიც. ამ სამოქმედო პროგრამით წარდგა ჟორდანია 1893 წლის თებერვალში ზემოთნახსენები ჯგუფის მონაწილეობით თბილისში საიდუმლო ბინაზე გამართულ მეორე კონფერენციაზე. მოხსენება „ეკონომიკური წარმატება და ეროვნება“ მიღებულ იქნა პროგრამად და 1894 წელს დაიბეჭდა ჟურნალ „მოამბეში“. ეს იყო ევროპული სოციალ-დემოკრატიული იდეების გავლენით ჩამოყალიბებული პოლიტიკური პროგრამა, რომელიც ითვალისწინებდა კაპიტალისტური სისტემის ევოლუციას სოციალისტურად და უარყოფდა რუსულ დოქტრინას კლასთა შეურიგებელი ბრძოლის შესახებ. პროგრამას საფუძვლად ედო შემდეგი დებულებები: 1. პიროვნების ნივთიერი კეთილდღეობა, 2. პიროვნებისა და ერის თავისუფლება, 3. ეროვნული გრძნობა მთელი ხალხისა, დაფუძნებული ეკონომიკურ ნიადაგზე.[11] ამ ფარულ გუნდს მესამე დასი ეწოდა. ეს იყო პირველი სოციალისტური პარტია საქართველოში. ჟორდანია იქცა მის ლიდერად იქცა და დარჩა სიცოცხლის ბოლომდე.[12] პროგრამის ფართო საზოგადოების წინაშე წარდგომა და სამოქმედო პროგრამის გამომზეურება მოხდა 1894 წლის 7 მაისს, გურიაში სოფელ ჩანჩეთში, ეგნატე ნინოშვილის დაკრძალვაზე. სიტყვა წარმოთქვა სილიბისტრო ჯიბლაძემ, რადგან ჟორდანია ამ დროს ემიგრაციაში იმყოფებოდა.[13]

ემიგრაცია 1893-1897 წლებში

რედაქტირება

ამ ამბამდე ერთი წლით ადრე, 1893 წლის მაისში, მოსალოდნელი დაპატიმრების შიშით ჟორდანია ბათუმიდან ევროპაში გაემგზავრა. ცოტა ხანში ლანჩხუთში მართლაც მივიდა ბრძანება მისი დაპატიმრების შესახებ, ის პასუხისგებაში იყო მიცემული „საქართველოს თავისუფალ ლიგასთან“ კავშირის გამო.[14] მაგრამ ჟორდანია უკვე ჟენევაში იყო. იქ ჟორდანიამ პირადად ნახა ჟენევის მარქსისტთა მცირერიცხოვანი ჯგუფი — გიორგი პლეხანოვი, ლევ დეიჩი, ვერა ზასულიჩი. შეუდგა მარქსისტული ლიტერატურის და შვეიცარიელი მუშა-გლეხობის ყოფა-ცხოვრების გაცნობას. თავის შთაბეჭდილებებს აგზავნიდა საქართველოში და ბეჭდავდა „კვალში“. ისმენდა ლექციებს ჟენევის უნივერსიტეტში, დაესწრო ორიენტალისტთა X საერთაშირო კონგრესს.

1895 წელს ჟორდანია პარიზში წავიდა, რათა შეევსო ჟენევაში მიღებული ცოდნა. სამი თვის განმავლობაში მეცადინეობდა პარიზის ნაციონალურ ბიბლიოთეკაში. შეხვდა პოლ ლაფარგს, ჟიულ გედის და სხვა ფრანგ სოციალისტებს. პარიზში დარჩა ოთხი თვე, შემდეგ დაბრუნდა ჟენევაში და იქიდან გაემგზავრა გერმანიაში, რომელიც იყო მარქსიზმის სამშობლო, ცხოვრობდნენ მარქსისტი იდეოლოგები და ჟორდანიას განათლების შესაავსებად მისი აზრით აუცილებელი იყო იქ ცხოვრება და სწავლა. დასახლდა შტუტგარტში ორი მოსაზრებით. იქ ცხოვრობდა კარლ კაუცკი და ამავდროულად იქ არ იყო არცერთი ქართველი ან რუსი, რომლებსაც შეეძლო ხელი შეეშალა ჟორდანიასთვის გერმანული ენის სწავლაში. შტუტგარტში ჟორდანიამ გაიცნო კაუცკი, კვირაობით სეირნოდბენ ტეგერლოსის ტყეში და საუბრობდნენ, ხშირად სტუმრობდა ოჯახშიც. ზაფხულში ჟორდანიამ გასწია პროვინციებისკენ და აკვირდებოდა სოფელსა და სოფლის ხალხს. მისი დაკვირვებანი იბეჭდებოდა „კვალში“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით გამომავალ „ივერიაში“, „მოამბეში“. ჟორდანიას წერილები იბეჭდებოდა ფსევდონიმებით კასტროვი, კოსტროვი, ამი, ან, გ. მა-ძე, გ. მარმალაძე, დევიანი, ანი, ნარი, ნარიძე, ნ. ჟ-ია, ნ.ჟ. ნოე ჟ-ია და სხვა,

ბურჟუაზიული პოლიტიკური ეკონომიის გაცნობის მიზნით ჟორდანია შტუტგარტიდან მიუნხენში გადავიდა. იქ ჩაეწერა უნივერსიტეტში და განსაკუთრებული გულმოდგინებით უსმენდა პროფესორ ბრენტანოს. 1896 წლის დასაწყისში ჟორდანიამ დატოვა მიუნხენი, გაემგზავრა ბერლინში, სადაც ორი სემესტრის განმავლობაში ბერლინის უნივერსიტეტში ესწრებოდა ვაგნერის, შმოლერისა და ზიბელის ლექციებს. გერმანიაში ყოფნის პერიოდში ჟორდანიამ დაწერა და „კვალში“ გამოაქვეყნა „ფრიდრიხ ენგელსი“ (1895), „სოფელი და სასოფლო შკოლა გერმანიაში“ (1985), „პოლიტიკური პარტიები გერმანიაში“ (1897), „ბისმარკი“ (1898).

1897 წლის მარტში ჟორდანიამ გადავიდა ლონდონში, რადგან ინგლისის უნახავად სამშობლოში დაბრუნება დაუშვებლად მიაჩნდა. იქ ცხოვრობდა ვარლამ ჩერქეზიშვილის ნაცნობი ფოტოგრაფის, ვილსონის, ოჯახში. მასთან სამი თვის გატარების შემდეგ ჟორდანია ჩინებულად საუბრობდა და კითხულობდა ინგლისურად. ბრიტანეთის მუზეუმში ჟორდანია გაეცნო მდიდარ ლიტერატურას, მათ შორის საქართველოს ისტორიის შესახებ. ზაფხულში ცხოვრობდა რიდინგის ახლოს, რამაც საშუალება მისცა, დაკვირვებოდა ინგლისური სოფლის ცხოვრებას. იქ ის იკვლევდა სოფლის მეურნეობის მოწყობის თავისებურებებს მცირე მამულების ევროპაში ოთხი წლისა და ექვსი თვის ყოფნის განმავლობაში ჟორდანიას რუსულ ემოგრაციასთან კავშირი არ ჰქონიდა, ქართველები კი ცოტანი იყვნენ აქა-იქ გაბნეული. ინგლისიდან ჟორდანია პირდაპირ საქართველოში გაემგზავრა და 1897 წლის ოქტომბერში უკვე სამშობლოში იყო.

სოციალ-დემოკრატი ლიდერი

რედაქტირება

საქართველოში დაბრუნებულ ჟორდანიას ქვეყანა ფაქტობრივად ორ ბანაკად დახვდა გაყოფილი: ერთი მხრივ, მემარჯვენე იდეოლოგიის იყო ილია ჭავჭავაძის „ივერიელთა“ ბანაკი და მეორე მხრივ მემარცხენე „კვალი“. კვალელებს უკვე მოესწროთ რკინიგზის, სტამბის და სხვა ფენის მუშების აყოლიება დიდ ქალაქებში. ჟორდანიამ 1897 წლის ნოემბერში ჯერ ლანჩხუთში, ხოლო შემდეგ თბილისში მიხა და ლადო დარჩიაშვილებთან მოაწყო ქართველ სოციალ-დემოკრატთა კონფერენციები. თბილისში ფართო შეხვედრის ჩატარების მიზანი იყო ნაციონალური საკითხის გადაწყვეტა, რადგან ამაზე ლანჩხუთის შეხვედრაზე ვერ შეთანხმდნენ.[15] გადაწყვიტეს, რომ არალეგალურ მუშაობას დამატებოდა ლეგალურიც და ამ მიზნით მოლაპარაკება გამართეს „კვალის“ პატრონთან და რედაქტორთან ანასტასია თუმანიშვილთან და გიორგი წერეთელთან გაზეთის გადასაცემად. რედაქტორი გახდა ჟორდანია. ქართულ საზოგადოებაში მაშინვე ხმა გავარდა, „კვალი“ სოციალ-დემოკრატების ხელში გადადისო. ამ დროს ილია ჭავჭავაძემ შეხვედრა სთხოვა ჟორდანიას და მას „ივერიის“ სრულუფლებიანი რედაქტორობა შესთავაზა. ჟორდანიამ უარი უთხრა. 1898 წლის 1 იანვრიდან „კვალი“ გახდა ქართველი მარქსისტების პირველი ლეგალური ორგანო. ეს იყო ამავდროულად პირველი მაგალითი რუსეთის იმპერიაში, არსად მანამდე სოციალისტებს საკუთარი ლეგალური ორგანო არ ჰქონდათ. ნაციონალურ საკითხზე დროებით უარი ითქვა.

ქართველი სოციალ-დემოკრატები ამავდროულად არალეგალურ ასპარეზზე მუშაობდნენ და უშვებდნენ არალეგალურ ბროშურებს, პროკლამაციებს, გაზეთებს. 1899 წელს გამოუშვეს პირველი ქართულად დაბეჭდილი პროკლამაცია. იგი ეხებოდა პირველ მაისს და ქართველ მუშებს ევროპელ მუშებთან შეერთებას ურჩევდა. პროკლამაცია დაწერილი იყო ჟორდანიას მიერ, ხოლო დაბეჭდა ვლასა მგელაძემ. ჟორდანია და სოციალ-დემოკრატები ამ დროს უფრო და უფრო დაუპირისპირდნენ „ივერიასა“ და მის ირგვლივ დარაზმულ ინტელიგენციას. 1900 წელს მწვავე პოლემიკა გაიმართა ჟორდანიასა და ილია ჭავჭავაძეს შორის „ივერიისა“ და „კვალის“ ფურცლებზე. ჟორდანია ჭავჭავაძეს თავადაზნაურების ინტერესთა გამოხატვაში ადანაშაულებდა. 1901 წლიდან „მესამედასელებმა“ გაზეთი „კვალი“ საბოლოოდ გამოისყიდეს 3 ათას მანეთად. ჟანდარმერიამ კი შეამჩნია კავშირები „კვალსა“ და მუშათა არალეგალურ წრეებს შორის, მაგრამ ვერ გარკვეულიყო, არსებობდა პერსონალური კავშირები თუ მხოლოდ გაზეთის სააგიტაციო გავლენა. დაიჭირეს სილიბისტრო ჯობლაძე. ამ დროს სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციები იღწვოდნენ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად და ერთი საერთო ორგანო არ ჰქონიათ. ამ ორგანის დაარსება იყო მათი მიზანი, მაგრამ ამას ხელი შეუშალა 1 მაისის მოვლენებმა.

1901 წელს პირველმაისობის აღნიშნვის დროს თბილისის მოედანზე მოხდა შეტაკება მუშებსა და ჯარს შორის. ბევრი დაატუსაღეს, გაჩხრიკეს „კვალის“ რედაქცია. ჟორდანიამ გადაწყვიტა წასულიყო ევროპაში, თითქოსდა სამკურნალოდ. ფული, 300 მანეთი, მისცა დავით სარაჯიშვილმა. სარაჯიშვილი შემდგომშიც ხშირად ეხმარებოდა ფინანსურად ჟორდანიასად და ქართულ სოციალ-დემოკრატიულ მოძრაობასაც, რადგან ის სწორედ სოციალ-დემოკრატებს მიიჩნევდა ქვეყნის მომავალ მეთაურებად. ლანჩხუთში მყოფი ჟორდანია ოზურგეთიდან ელოდა საჭირო საბუთების მიღებას, მაგრამ ნაცვლად საბუთებისა, მას ქუთაისის ჟანდარმერიის უფროსი ეწვია. ჟორდანია დაიჭირეს, ჩასვეს ჯერ ქუთაისის, შემდეგ თბილისის სამხედრო და ბოლოს მეტეხის ციხეში. ბრალდება რვა თვის შემდეგ წარუდგინეს. მას „კვალში“ მოღვაწეობასა და სოციალ-დემოკრატობას ედავებოდნენ, მაგრამ „კვალი“ ლეგალური გაზეთი იყო და ცენზურის მეთვალყურეობით გამოდიოდა. დაპატიმრების გამო ჟორდანია ჩამოშორდა „კვალის“ რედაქტორობას. ჟორდანიამ ციხეში ყოფნა გამოყენა მხატვრული ლიტერატურის საკითხავად, რომელსაც ადრე არ ეცნობოდა. მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა შექსპირმა და ჰიუგომ. 1902 წლის დასაწყისში, ჟორდანიას და სოციალ-დემოკრატიული მოძრაობის სხვა ქართველი ლიდერების ციხეში ყოფნისას მოხდა ქართველ სოციალ-დემოკრატთა ორგანიზაციული გაერთიანება რუსეთის სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან, რასაც ჟორდანია უარყოფითად შეხვდა, აგრეთვე მოხდა გაერთიანება ამიერკავკასიის ყველა სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციისა და ერთი საოლქო ცენტრის შექმნა.

ივნისში ჟორდანია გამოუშვეს ციხიდან და საცხოვრებლად ლანჩხუთი მიუჩინეს პეტერბურგის პოლიციის მიერ საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე. ამ დროს ახალდაწყებული იყო გურიის გლეხთა მოძრაობა. ჟორდანიამ, პარტიის სხვა ლიდერებისგან განსხვავებით, მხარი დაუჭირა, რომ პარტიას ეხელმძღვანელა მოძრაობისთვის.[16] წლის ბოლოს ჟორდანიას ხელმძღვანელობით ჩატარდა რსდმპ-ის ბათუმის, ბაქოს და თბილისის კომიტეტების საერთო კონფერენცია თბილისში, ერთ-ერთ რესტორანში. სამი კომიტეტის შემადგენლობით დაფუძნდა რსდმპ კავკასიის კავშირი.[17]

1903 წლის შემოდგომაზე ჟორდანია დააპატიმრეს და ქუთაისის ციხეში ჩასვეს. იქ მან ნახა 200 დაპატიმრებული გურული და გაიცნო ნოე ხომერიკი. ჟორდანია ქუთაისიდან ფოთში გადაიყვანეს, საიდანაც ოქტომბერში გამოუშვეს და განჯაში გადაასახლეს საცხოვრებლად პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ.[18] აქედან იგი მაინც ახერხებდა ჩუმად თბილისში ჩასვლას და პარტიულ მუშაობაში მონაწილეობას. პეტერბურგის პოლიციიდან განჯის ჟანდარმერიამ მიიღო ცნობა, რომ ჟორდანიას ვიატკის გუბერნიაში სამი წლით გადასახლება მიესაჯა. ჟორდანია პარტიული ამხანაგების მეშვეობით გაიქცა ბათუმში, იქ ათი დღე იმალებოდა კონსპირაციულ ბინაში, ბოლოს კი ინგლისურ ნავთობმზიდს გაჰყვა. კაპიტანი მოატყუეს, რომ ჟორდანია დეზერტირი იყო, რადგან პოლიტიკურ დევნილს არ წაიყვანდა.[19]

 
ჟორდანია 1903 წელს

განხეთქილება რსდმპ-ში

რედაქტირება

სამი კვირის მგზავრობის შემდეგ ჟორდანია ჩავიდა ლონდონში, იქ ნაცნობი ვერავინ ნახა და გასწია პარიზში. იქიდან პლეხანოვის სანახავად ჩავიდა ჟენევაში. პლეხანოვის ცოლიგან საიდუმლოდ გაიგო, რომ ბრიუსელში ტარდებოდა რსდმპ II ყრილობა და სათათბირო ხმით იყო მიწვეული. ბრიუსელში ჟორდანიამ ნახა ამიერკავკასიიდან ჩასული სამი დელეგატი დიომიდე თოფურიძე, ბოგდან კნუნიანცი და არ. ზურაბოვი. მათგან გაიგო, რომ ამიერკავკასიის კომიტეტმა დაიწუნა ჟორდანიას პროგრამის პროექტი და მიიღო სხვა, რომელიც პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებში არ განსხვავდებოდა ჟორდანიას პროგრამისგან, მაგრამ განსხვავდებოდა ნაციონალურ და აგრარულ საკითხებში. ბრიუსელში ადგილობრივმა პოლიციამ ყრილობა აკრძალა და დელეგატები ლონდონში გადავიდნენ. ყრილობაზე ნაცვლად გაერთიანებისა, რაც ყრილობის მიზანს წარმოადგენდა, მოხდა გათიშვა ბოლშევიკებსა და მენშევიკებს შორის. ჟორდანიას მიაჩნდა, რომ ორი ჯგუფის გაყოფა უმნიშვნელო დეტალის გამო მოხდა, მაგრამ მიემხრო მენშევიკებს. ამავე ყრილობაზე ლენინმა მხარი დაუჭირა ჟორდანიას მოთხოვნას ხიზნებისთვის მიწის გადაცემის შესახებ.[20] ყრილობის შემდეგ ჟორდანია ჟენევაში დაბრუნდა და 1904 წლის აპრილში დაესწრო ქართველ სოციალისტ-ფედერალისტების პირველ კონფერენციას, რომელიც მალე დატოვა მათ სამოქმედო პროგრამასთან უარყოფითი დამოკიდებულობის გამო. ჟორდანია მათ აკრიტიკებდა საქართველოსთვის ავტონომიის სტატუსის მოთხოვნის გამო და მათ საპირისპიროდ გამოაქვეყნა ბროშურა „ქართველი ნაციონალისტები“.

1905 წელს რევოლუციის დროს, 18 იანვარს ბულგარელი იგნატოვის სახელზე გაკეთებული ყალბი პასპორტით ჟორდანია პეტერბურგში ჩავიდა, სადაც მას ელოდა ახალშერთული ცოლი, პარტიული ამხანაგი ინა კორენევა. 25 იანვარს ის უკვე პეტერბურგში იყო. იქიდან ჟორდანია ბაქოში ჩავიდა, სადაც ინა დატოვა, ხოლო თითონ თბილისში გასწია. თბილისში მას სულ სხვა სურათი დახვდა: ილია ჭავჭავაძის ბანაკი დაშლილიყო, „ივერიას“ სათავეში იდგა ფილიპე გოგიჩაიშვილი, „ცნობის ფურცელს“ სოციალისტ-ფედერალისტები დაპატრონებოდნენ, ხოლო მთავრობის მიერ დახურული „კვალის“ ნაცვლად ფილიპე მახარაძის რედაქტორობით გამოდიოდა „მოგზაური“, რომელიც ბოლშევიკურ პლატფორმაზე იდგა. ამ დროს ბაქოში ფეხმძიმე ინა კორენევა პოლიციამ დააპატიმრა. ჟორდანია ჩავიდა ბაქოში და ციხის ექიმს, ცნობილ ქართველ საზოგადო მოღვაწე ივანე ელიაშვილს სთხოვა დახმარება. ელიაშვილი დაეხმარა ფეხმძიმე ცოლის გათავისუფლებაში. 1905 წლის აპრილში ინა წავიდა ლანჩხუთში, სადაც წყვილს პირველი ასული ასმათი შეეძინა.

ამ დროს ჟორდანიას ბრძოლა ჰქონდა გაჩაღებული ბოლშევიკებთან. მან ჩაატარა შეხვედრები თბილისში, ბათუმში, ხიდისთავში, ქუთაისში, ბაქოში, სადაც განუმარტავდა პარტიის წევრებს ლონდონის ყრილობაზე მომხდარი განხეთქილების არსს და ასაბუთებდა პარტიის მოწყობის ბოლშევიკური მოდელის არადემოკრატიულობასა და ავტორიტარულობას. მან მოახერხა ამიერკავკასიის ყველა ორგანიზაციაში, ბაქოს გარდა, ბოლშევიკების დამარცხება.[21] ყალიბდებოდა ქართული სოციალ-დემოკრატიული მიმართულება, რომელიც განსხვავდებოდა როგორც რუსული ბოლშევიზმისგან, ასევე მენშევიზმისგანაც. მათ ჰქონდათ არალეგალური გაზეთი „სოციალ-დემოკრატი“, ხოლო შემდეგ ლეგალური „სხივი“. ორივე გამოდიოდა ორდანიას რედაქტორობით. ჰქონდათ ასევე ლეგალური გაზეთები „ელვა“ და „განთიადი“. 1905 წლის რევოლუციური გამოსვლებისას თბილისში ჟორდანია იყო სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი, საგაფიცვო და შეიარაღებული აქციების მთავარი ორგანიზატორი, ხელმძღვანელობდა პროპაგანდისტთა მოქმედებას და იყო „სამხედრო საბჭოს“ წევრი.

 
პირველი სათათბიროს დეპუტატ ჟორდანიას ბარათი

სახელმწიფო სათათბიროს არჩევნები

რედაქტირება

6 აგვისტოს ნიკოლოზ II-მ გამოსცა აგვისტოს მანიფეტი, რომელიც ითვალისწინებდა სახელმწიფო სათათბიროს მოწვევას. რუსეთში რსდმპ-ის ორივე ფრთამ სათათბიროს ბოიკოტი გამოუცხადა. არჩევნებში მონაწილეობას ემხრობოდნენ ქართველი მენშევიკები. ჟორდანია ცდილობდა ხელიდან არ გაეშვა საპარლამენტო პოლიტიკური ბრძოლის შესაძლებლობა.[22] ჟორდანიამ მონაწილეობა მიიღო რსდმპ IV ყრილობაში 1906 წლის გაზაფხულზე სტოკჰოლმში. ყრილობამ განიხილა არჩევნების ბოიკოტისა და მიწის საკითხები. ორივე საკითხი მენშევიკების სასარგებლოდ გადაწყდა. ყრილობამ ჟორდანია ცენტრალურ კომიტეტში აირჩია.[23] სამშობლოში დაბრუნებისას სადგურ ბესლანში მას ხელში ჩაუვარდა ვლადიკავკაზის რუსული გაზეთი, საიდანაც გაიგო, რომ არჩევნებში ის აერჩიათ I მოწვევის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატად ტფილისის გუბერნიიდან[24]. სათათბიროში ჟორდანია აირჩიეს სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის ლიდერად. სახელმწიფო სათათბირო დათხოვნილ იქნა 28 დღის შემდეგ. სათათბიროს დათხოვნის შემდეგ ჟორდანია პეტერბურგში დარჩა რსდმპ ცეკა-ში არალეგალურად სამუშაოდ. სხვა დეპუტატებთან ერთად ხელი მოაწერა „ვიბორგის მოწოდებას“. ამის გამო სამთვიანი პატიმრობა შეეფარდა, მაგრამ არალეგალურ მდგომარეობაში გადასვლით ჟორდანიამ თავი აარიდა სასჯელს. II მოწვევის სახელმწიფო სათათბიროში მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად პარტიამ მოიწვია კონფერენცია ტამპერეში. ლენინის გარდა ყველამ მხარი დაუჭირა არჩევნებში მონაწილეობას. ჟორდანიას რჩევით ირაკლი წერეთელი დათანხმდა სათათბიროს დეპუტატობას და შემდგომში გახდა სათათბიროში სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის ლიდერი.

რსდმპ V ყრილობაზე ლენინმა ჟორდანიას სთხოვა, ქართველ მენშევიკებს ხელი არ შეეშალათ რუსი ბოლშევიკებისთვის რსდმპ-ში საქმიანობაში, სანაცვლოდ შესთავაზა მათ ავტონომია შინაურ საკითხებში. ჟორდანიამ ამ შემოთავაზებას ყურადღება არ მიაქცია და ლენინსაც აღარ გამოუჩენია მეტი აქტიურობა.[25] ყრილობაზე ჟორდანია აირჩიეს პარტიის მენშევიკური ცენტრალური კომიტეტის წევრად. კომიტეტის ოფისი ფინეთში, ქალაქ ტერიოკში იყო, ამიტომ ჟორდანიაც იქ დარჩა და მალულად ჩადიოდა ხოლმე პეტერბურგში. ამ დროს II სათათბირო დაითხოვეს, სოციალ-დემოკრატი დეპუტატები, მათ შორის ირალი წერეთელი დაიჭირეს და ციმბირში გადაასახლეს.

ილია ჭავჭავაძის მკვლელობის შემდეგ ჟორდანიამ გამოაქვეყნა ნეკროლოგი მის შესახებ, სადაც წერდა, რომ მარქსისტები ნიჰილისტურად არ უყურებენ წარსულს, არამედ ყოველ ისტორიულ ეპოქაში ხედავენ პროგრესის საფეხურს. მან ილია შეადარა ფრანგ ქიმიკოს ლაუაზიეს, რომელიც რევოლუციამ სიკვდილით დასაჯა, მაგრამ ამისთვის რევოლუცია არავის დაუგმიაო — წერდა ჟორდანია. მან ამავე დროს მძაფრი კრიტიკით უპასუხა სოციალ-ფედერალისტებს, რომლებმაც ილიას „სულიერ მკვლელებად“ მოიხსენიეს ქართველი „სოციალ-დემოკრატები“[26]

 
ქართველები მეორე სათათბიროში, ჟორდანია ზის მარცხნიდან მეორე

დეკემბერში მესამე სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებისთვის ჟორდანია არალეგალურად დაბრუნდა საქართველოში. დაბრუნებიდან ორ კვირაში გარდაეცვალა მამა. ჟორდანია დაეხმარა კარლო ჩხეიძეს არჩევნებში დაემარცხებინა კადეტების კანდიდატი ლუარსაბ ანდრონიკაშვილი. ქუთაისის გუბერნიიდან დეპუტატი გახდა ევგენი გეგეჭკორი. 1908 წლის 11 სექტემბერს ჟორდანია კვლავ დააპატიმრეს ყალბი პასპორტით თავად ლევან რევაზის ძე ვახვახიშვილის სახელით. 4 ოქტომბერს ის თბილისიდან პეტერბურგში გაგზავნეს. ბრალად დასდეს „ვიბორგის მოწოდებაზე“ ხელისმოწერა და ყალბი პასპორტის გამოყენება, მიუსაჯეს პატიმრობა. პატიმრობაში ჟორდანიამ 8 თვე გაატარა და 1909 წლის ივნისში გათავისუფლდა. ლეგალურად ჩავიდა ბაქოში, სადაც მისი ცოლი და შვილები იმყოფებოდნენ. ინა კორენევა იქ მეთაურობდა IV სათათბიროში მენშევიების საარჩევნო კამპანიას. ბაქოში ჟორდანია ხელმძღვანელობდა მენშევიკურ გაზეთს „ჩვენი სიტყვა“. ამ დროს დავით სარაჯიშვილმა ჟორდანიას ჯერ თავისი ბიბლიოთეკის კატალოგის შედგენა მიანდო, ხოლო შემდეგ იტალიაში გაუშვა ცოლ-შვილით კოოპერაციული საქმის შესასწავლად. იქ დასახლდა ზღვისპირა სოფელ კავში, ეცნობოდა სასოფლო კოოპერატივების მუშაობას, ცხოვრობდა სარაჯიშვილისა და ლევან ზუბალაშვილის მიერ დანიშნული სტიპენდიით, რომელიც მას ფორმალურად საქართველოს ისტორიის შესახებ ნაშრომის მოსამზადებლად დაენიშნა, რეალურად კი სოციალ-დემოკრატიული მოძრაობის ირიბი დაფინანსება იყო. 1909 წელს ჟორდანია დაესწრო პარიზში გამართულ რსდმპ ცკ-ს სხდომას ექსპროპრიაციების და ლიკვიდაციების აკრძალვის შესახებ. ვენაში, ტროცკის ჟურნალში „ბრძოლა“ გამოაქვეყნა წერილები პარტიის გაერთიანების თაობაზე.

1910 წელს იტალიიდან დაბრუნების შემდეგ ჟორდანია მუშაობდა თბილისში, ბაქოსა და ლანჩხუთში, თანამშრომლობდა პარტიულ პრესასთან. 16 სექტემბერს ჟანდარმერიამ გაჩხრიკა გაზეთ „ახალი აზრის“ რედაქცია და დააპატიმრა მისი წევრები. ჩხრეკისას აღმოაჩინეს ჟორდანიას ბროშურა „ანარქიზმი“ და „გერმანიის ახალი ისტორიიდან“. ამავე ნაშრომების ხელნაწერები და დამატება „ანარქიზმი და სინდიკალიზმი“ იპოვეს 1909 წლის 11 დეკემბერს ბაქოს ქუჩაზე ჩხარტიშვილის ქვრივის სახლში. ეს წიგნები გახდა საფუძველი მის წინააღმდეგ საქმის აღძვრისა. 13 ნოემბერს ის ლანჩხუთში საკუთარ სახლში დაიჭირეს და ბრალად წაუყენეს მოწოდება არსებული პოლიტიკური და სოციალური წესრიგის დასანგრევად. თბილისის სასამართლომ მიუსაჯა სამი წლით ციმბირში გადასახლება, მაგრამ სამი ათასი მანეთის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. ეს თანხა იშოვა ინა კორენევამ ბაქოში, ქართველი ნავთობმრეწველი მანსვეტაშვილისგან. 1913 წელს ნიკოლოზ II-მ რომანოვების დინასტიის სამასი წლის მმართველობის აღსანიშნავად გამოაცხადა ფართო ამნისტია, რომელიც, სხვათა შორის, შეეხო პრესის დანაშაულებს და, შესაბამისად, ჟორდანიასაც. მის წინააღმდეგ საქმე დაიხურა, ხოლო თანხა ჟორდანიამ მანსვეტაშვილს დაუბრუნა. ეს უკანასკნელი გაოცებული იყო და ამბობდა — პირველი შემთხვევაა, როცა გასესხებულ თანხას მიბრუნებენო. ინა კორენევას, რომელიც ბაქოში მეთაურობდა სოციალ-დემოკრატების საარჩევნო კამპანიას, აეკრძალა კავკასიაში ცხოვრება და მოსკოვში გადავიდა შვილებთან ერთად.

პირველი მსოფლიო ომი

რედაქტირება
 
ჟორდანიას ფოტო ტფილისის ჟანდარმერიის არქივიდან, 1914 წ.

1914 წლისთვის რსდმპ პარტიის მუშაობა რუსეთში ჩამკვდარი იყო, მხოლოდ საქართველოს ორგანიზაციები მუშაობდნენ. ბაქოს ორგანიზაცია სულს ღაფავდა, ხოლო კიევში ჟორდანიამ ადგილობრივი ორგანიზაცია საერთოდ ვერ აღმოაჩინა. ჟორდანია გაემგზავრა ევროპაში რსდმპ ცენტრალური კომიტეტის წევრების მოსაძებნად და მოლაპარაკებების გასამართად. პარტია პრაქტიკულად უკვე გაყოფილი იყო ორ ფრაქციად და ისინი ცალკე იკრიბებოდნენ, მაგრამ რუსეთში რევოლუციის პერსპექტივას ვერცერთი ხედავდა. ივნისში ჟორდანია შეხვდა ლევ ტროცკის ვენაში და გამოაქვეყნდა მის გაზეთში წერილები ბოლშევიკურ-მენშევიკურ ურთიერთობებზე და ნაციონალურ საკითხზე. ექიმის რჩევით, ფილტვების გასამაგრებლად ჟორდანია ზაფხულის გასატარებლად გაემგზავრა შვეიცარიაში, მონტროში, სადაც გაატარა სამი კვირა. ივლისის მეორე ნახევარში, კვლავ ექიმის რჩევით, გაემგზავრა ბეატენბერგში, სადაც აპირებდა დარჩენას აგვისტოს ბოლომდე, ხოლო შემდეგ უნდა მოენახულებინა ციურიხი, სადაც ბოლშევიკები იკრიბებოდნენ და ჟენევა, რომელიც მენშევიკების ცენტრს წარმოადგენდა. ჟენევაში ასევე უნდა ყოფილიყო ვლასა მგელაძე და სხვა ქართველი სოციალ-დემოკრატი ემიგრანტები.

2 აგვისტოს პირველი მსოფლიო ომის დაწყება გამოცხადდა, რამაც შეცვალა მისი გეგმები. ჟორდანიამ სასწრაფოდ სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტა. ერთადერთი საშუალება იყო სტამბოლიდან საზღვაო გზა. ვენეციიდან სტამბოლამდე ბილეთის შოვნაში მას დაეხმარა მილანში იტალიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის გაზეთის „ავანტის“ რედაქტორი ბენიტო მუსოლინი. ჟორდანია ჩავიდა ოდესაში, სადაც შეხვდა ცოლ-შვილს.

ჟორდანია ჩაება სოციალ-დემოკრატების კამათში ომის თაობაზე. ის ჟორდანია მხარს უჭერდა ანტანტის ორიენტაციას, რაც წინააღმდეგობაში მოდიოდა პარტიის საოლქო კომიტეტის პოზიციასთან. დასახლდა ლანჩხუთში და შეუდგა მებახჩეობას და წერილების წერას. რედაქცია ყოველთვიურად უგზავნიდა ოც მანეთს და ჟორდანია გაზეთ „ახალი კვალში“ აქვეყნებდა წერილების სერიას „ომი და ზავი“.[27] ამ დროს ჟორდანიას ქუთაისში საიდუმლოდ შეხვდა მიხეილ წერეთელი, ძველი ნაცნობი, რომელმაც პირველად თარგმნა მარქსის „კაპიტალი“ ქართულად და მიუტანა ჟორდანიას „კვალის“ რედაქციაში. წერეთელი პრო-გერმანულ და ეროვნულ პოზიციებზე იდგა. ის მუშაობდა გერმანიაში დაარსებულ „საქართველოს განთავისუფლების კომიტეტში“, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს გათავისუფლებას გერმანია-ოსმალეთის მეშვეობით. წერეთელთან ფარული შეთანხმებით ჟორდანიამ მხარი დაუჭირა დამოუკიდებლობის იდეას, მაგრამ ტაქტიკის შესხებ განსხვავებული შეხედულებები ჰქონდა. ჟორდანია ელოდებოდა შესაფერის მომენტს და მხარს არ უჭერდა რუსეთის წინააღმდეგ გამოსვლებს, რადგან ფიქრობდა, რომ ამას რეპრესიები მოჰყვებოდა. ისინი შეთანხმდნენ, რომ საკუთარი მიმართულებით იმუშავებდნენ და ან ერთი ტაქტიკა მოიტანდა შედეგს ან მეორე. ამასთან, არც სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში არსებობდა საერთო აზრი ეროვნული საკითხის გარშემო. 1915 წლის მეორე ნახევარში ჟორდანია და ევგენი გეგეჭკორი ესწრებოდნენ საიდუმლო შეხვედრას ქუთაისში, რომელშიც მონაწილეობდნენ გრიგოლ რცხილაძე და სამსონ ფირცხალავა სოციალისტ-ფედერალისტებიდან და რეზო გაბაშვილი და შალვა ამირეჯიბი „განთავისუფლების კომიტეტიდან“. შეხვედრაზე საქართველოში მოქმედი პარტიები გაეცნენ „განთავისუფლების კომიტეტის საქმიანობას“ და გერმანია-ოსმალეთ-ავსტრიასთან მოლაპარაკებებში მიღწეულ შედეგებს. ჟორდანიამ მხარი არ დაუჭირა საქართველოში ანტირუსული აჯანყების დაწყებას, მაგრამ დაუჭირა მხარი კომიტეტის საგარეო მუშაობის გაგრძელებას.[28] 1916 წელს გაიმართა სოფელ ჯუნჯუათში გაიმართა სოციალ-დემოკრატიული პარტიის კონფერენცია ეროვნული საკითხის გარშემო. კონფერენციაზე შეთანხმდნენ დამოუკიდებლობის გამოცხადებაზე მხოლოდ მაშინ, თუ რუსის ჯარი საქართველოს დატოვებდა, რადგან მხოლოდ ეს არ ჩაითვლებოდა ღალატად. დავა გამოიწვია იმან, ეს გადაწყვეტილება საიდუმლოდ შეენახათ თუ გაეცნოთ პარტიის ყველა წევრისთვის. ჟორდანია მხარს გადაწყვეტილების საიდუმლოდ შენახვას უჭერდა. ნოე რამიშვილი და ნოე ხომერიკი ემხრობოდნენ გადაწყვეტილების ცხოვრებაში გატარებას. საბოლოოდ ამ საკითხის გადაწყვეტა გადაიდო შემდეგ კონფერენციამდე.

 
მუშათა და გლეხთა დეპუტატების საბჭო, თბილისი, 1917

თებერვლის რევოლუციის შემდეგ

რედაქტირება

ამ საკითხის გადაწყვეტა საჭირო აღარ აღმოჩნდა, რადგან მოულოდნელად მოხდა 1917 წლის თებერვლის რევოლუცია, რომელიც, როგორც ჟორდანია იხსენებდა, „ფოსტით მიიღეს“.[29] ჟორდანიამ ხელი შეუშალა ბოლშევიკებსა და ფილიპე მახარაძეს, რომ ესარგებლათ სიტუაციით და მუშათა და ჯარისკაცთა საბჭოები ჩამოეყალიბებიათ თბილისში. ჟორდანია თავად აირჩიეს მუშათა და ჯარისკაცთა საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარედ. საბჭო რეალურად ფლობდა ძალაუფლებას ამიერკავკასიაში.[30] საბჭომ ჩაატარა თბილისის თვითმმართველობის არჩევნები, მაგრამ ფაქტობრივი ხელისუფლება ეპყრა ჟორდანიას მეთაურობით მოქმედ მუშათა საბჭოს აღმასკომს. ჟორდანიას მოადგილე იყო ნოე რამიშვილი. ამ პერიოდში რუსეთში ძლიერედებოდა ბოლშევიკების გავლენა, ხოლო მენშევიკები და ესერები კარგავდნენ ხალხის მხარდაჭერას. ჟორდანია მკვეთრად ილაშქრებდა ბოლშევიკების წინააღმდეგ. ის მონაწილეობდა სანქტ-პეტერბურგში გამართულ „დემოკრატიულ თათბირში“. იყო რუსეთის დამფუძნებელი კრების წევრი. 1917 წლის მარტში ის მონაწილეობდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის საქმეში.[31] 1917 წლის სექტემბერში ის გაემგზავრა მოსკოვში, რათა დაეცვა მენშევიკების პოზიციები რუსეთის პარლამენტში, მაგრამ ვერაფერს გახდა და იმედგაცრუებული დაბრუნდა თბილისში.

ჟორდანია უარყოფითად აფასებდა ოქტომბრის რევოლუციას და მიაჩნდა, რომ საქართველოში სოციალ-დემოკრატიულ პარტიას უნდა აეღო ძალაუფლება. დაიწყო ზრუნვა სახალხო გვარდიის ჩამოყალიბებაზე. გვარდია ჩააბარეს ვალიკო ჯუღელს, ხოლო მის შექმნაში გადამწყვეტი ფაქტორი არსენალის დაკავება აღმოჩნდა. ჟორდანიას ჯერ კიდევ სჯეროდა, რომ რუსეთის ხსნა ბოლშევიკებისგან შეიძლებოდა და იქ მოწვეულ დამფუძნებელ კრებაზე ირაკლი წერეთელი გაგზავნა, მაგრამ დამფუძნებელი კრების დათხოვნამ დაადასტურა, რომ რუსეთში ამ მხრივ არაფერი იცვლებოდა. ბოლშევიკურ გადატრიალებას საქართველოს სოციალ-დემოკრატები არ აღიარებდნენ, ამავე დროს ბრესტ-ლიტოვსკის ზავით რუსეთმა ოსმალეთთს ქართული პროვინციები დაუთმო. გარდა ამისა, თბილისს ემუქრებოდა რუსეთის კავკასიის არმია, რომელიც ბოლშევიკური აგიტაციის შედეგად უმართავ ძალად იქცა. საბჭოთა რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, სწორედ ამ სამხედრო ძალით მოეხდინა ამიერკავკასიის ოკუპაცია.

ჟორდანიამ დაიწყო მუშაობა ამიერკავკასიის დამოუკიდებლობისთვის. მას ყველა სოციალური კლასის მხარდაჭერა ჰქონდა, თუმცა ისე უნდა ემოქმედა, რომ სახელმწიფოს შენება არ დამსგავსებოდა მუშათა სახელმწიფოს შენებას, რაც სხვა კლასებს, მაგალითად გლეხობას ან ბურჟუაზიას დააფრთხობდა.[32] 1917 წლის ნოემბერს საოპერო თეატრში მოწვეულ იქნა ეროვნული ყრილობა, სადაც თავი მოიყარეს ქართული პოლიტიკური პარტიების და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლება. ჟორდანიამ, როგორც ყველაზე გავლენიანი პარტიის ლიდერმა, წაიკითხა მოხსენება „დღევანდელი მომენტი და ქართველი ერის პოლიტიკური მდგომარეობა“, მოხსენებაში ჟორდანიამ მხარი დაუჭირა საქართველოს და ამიერკავკასიის ფედერაციის დამოუკიდებლობას. ყრილობამ აირჩია საქართველოს ეროვნული საბჭო, რომელის თავმჯდომარედ ჟორდანია იქნა არჩეული. საბჭოს უნდა მოემზადებინა საფუძველი ქართველი ერის სახელმწიფოებრივი ორგანიზებისთვის. 15 ნოემბრიდან თბილისში ამოქმედდა ამიერკავკასიის კომისარიატი (თავმჯდომარე ევგენი გეგეჭკორი) და 1918 წლის თებევრლიდან უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო — ამიერკავკასიის სეიმი. ჟორდანია იყო სეიმის წევრი.

 
ჟორდანია ამხნევებს ქართველ მებრძოლებს, ბრძოლა ოსმალეთის არმიასთან, ჩოლოქ-ნატანების ფრონტი, 1918 წლის აპრილი

1918 წლის იანვარში კავკასიის ფრონტზე განლაგებული არმიის ნაწილებმა ფრონტის ხაზები მიატოვეს და თბილისისკენ დაიძრნენ. საქართველოს ეროვნულმა საბჭომ, ახალშექმნილმა ქართულმა რეგულარულმა ჯარმა (პირველმა ქართულმა კორპუსმა) და სახალხო გვარდიის ნაწილებმა შეძლეს რუსეთის არმიის შეჩერება. რუსები იძულებულნი გახდნენ, თბილისის ოკუპაციაზე ხელი აეღოთ და ბაქოსკენ დაიხიეს. ამიერკავკასიის კომისარიატმა ბრესტ-ლიტოვსკის ზავის პირობები არ ცნო. 1918 წლის პირველ აპრილს ოსმალეთმა ბათუმის ოლქი, გურიის ნაწილი და სამცხე-ჯავახეთი დაიკავა. 1918 წლის 9 აპრილს გამოაცხადა ამიერკავკასიის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა. ამიერკავკასიის დამოუკიდებლობა ოსმალეთის იმპერიის ერთ-ერთი მოთხოვნა იყო. ჟორდანია მხარს არ უჭერდა დამოუკიდებლობის გამოცხადებას, რადგან მიაჩნდა, რომ დამოუკიდებელი ამიერკავკასია ოსმალეთის საკბილოდ იოლად იქცეიოდა, მაგრამ მისი აზრი არ იქნა გაზიარებული. ამიერკავკასიის დელეგაცია ოსმალეთის დელეგაციასთან მოლაპარაკებისათვის გაემგზავრა ბათუმში, სადაც დელეგაციათა ერთადერთი შეხვედრა 1918 წლის 11 მაისს გაიმართა. მოლაპარაკებებზე გამოჩნდა, რომ ამიერკავკასიის სამივე ერს სხვადასხვა საგარეო ორიენტაცია ჰქონდათ. ქართველები უპირატესობას ანიჭებდნენ გერმანიას, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას სთხოვდა და სანაცვლოდ დახმარებას სთავაზობდა.

 
„ჩვენ არ გვქონდა სახელმწიფოებრივი ტრადიციები, ერთი მთლიანი ნაციონალური წყობილების ხსოვნა და მოგონება. ეს მეცამეტე საუკუნიდან შეწყვეტილი ერთობა, ერთი სახელმწიფოებრივი შეგნება, აღდგა სრულიად სხვა პირობებში, აღსდგა მძლავრათ და ერთსულოვნათ დემოკრატიის მეთაურობით და რა გასაკვირალია შეცდომებიც ქონოდა. უნდა ითქვას ისიც, რომ ეს ნაკლი უფრო ახლდა მეთაურობას, ინტელიგენციას და არა ხალხს, არც ქალაქისას და არც სოფლისას“

პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელი მამა

რედაქტირება

1918 წელს 26 მაისს, დილით დაიშალა ამიერკავკასიის ფედერაციული რესპუბლიკა და ამიერკავკასიის სეიმი. დღის 5 საათსა და ათ წუთზე ჟორდანიამ ეროვნული საბჭოს სახელით გამოაცხადა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა. დამოუკიდებლობის აქტი იურისტმა გვაზავამ შეადგინა და წინასწარ გააცნო ჟორდანიას. მასში გარდა ნაციონალური დებულებებისა, იყო შეტანილი სოციალური საკითხებიც: რვა საათიანი სამუშაო დღე, მამულების კონფისკაცია და სხვ. ჟორდანიამ ამოიღო სოციალური დებულებები, როგორც შესაძლო გამთიშველი ელემენტები და დატოვა მხოლოდ ნაციონალურ-პოლიტიკური საკითხები. ეროვნული საბჭოს სხდომაზე დამოუკიდებლობის აქტი ჟორდანიამ წაიკითხა. საბჭომ აქტი ერთხმად დაამტკიცა. ამაზე სხდომაზე დაამტკიცეს სამინისტროების რაოდენობა და პირველი დროებითი კოალიციური მთავრობის პერსონალური შემადგენლობა ნოე რამიშვილის თავმჯდომარეობით. ჟორდანია ფაქტობრივად აღმოჩნდა საქართველოს რესპუბლიკის დროებითი პარლამენტის თავმჯდომარე. ჟორდანია არ აპირებდა მთავრობაში ადგილის დაკავებას და ამჯობინებდა პარტიულ მუშაობას, მაგრამ პარტიის მოთხოვნით 24 ივნისიდან[1][2] ჟორდანია გახდა საქართველოს დროებითი კოალიციური მთავრობის თავმჯდომარე ნოე რამიშვილის ნაცვლად.[33] 1918 წლის ნოემბერში საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია ოფიციალურად გამოეყო რსდმპ-ს, ხოლო ჟორდანია არჩეულ იქნა პარტიის თავმჯდომარედ. 1918 წლის ბოლოს, დეკემბერში საქართველოს მოუხდა ომი სომხეთთან, რომელიც ბორჩალოს მაზრის ორმხრივ კონტროლზე შეთანხმებით დასრულდა.

ჟორდანია და სხვა ოფიციალური პირები იბარებენ აღლუმს, 1919 წ.

1919 წლის 2 თებერვალს ჟორდანიამ კენჭი იყარა თბილისის ქალაქის საბჭოს არჩევნებში. თებერვალშივე ჩატარდა საქართველოს დამფუძნებელი კრების არჩევნები პარტიულ-პროპორციული სისტემით. ჟორდანია იყო საარჩევნო სიაში სოციალ-დემოკრატიული პარტიის პირველი ნომერი. პარტიამ მიიღო ხმათა 81,5%. დამფუძნებელი კრება 12 მარტს გაიხსნა. 130 დეპუტატიდან 109 სოციალ-დემოკრატი იყო. 21 მარტს კრებამ ჟორდანია აირჩია მთავრობის თავმჯდომარედ. ამჯერად ჟორდანიამ ერთპარტიული მთავრობა ჩამოაყალიბა. ჟორდანია ამავდროულად იყო უმაღლესი წარმომადგენელი საქართველოს რესპუბლიკისა. მთავრობის თავმჯდომარეობისას ჟორდანია ცხოვრობდა შიო ჩიტაძის ქუჩაზე. იყო ლმობიერი მმართველი, ეწინააღმდეგებოდა სიმკაცრეს და ცდილობდა აელაგმა შინაგან საქმეთა მინისტრ ნოე რამიშვილის ხისტი მეთოდები. მთავრობის დასაყრდენს სახალხო გვარდია წარმოადგენდა. ჟორდანია თავისუფალი იყო ერთპიროვნული დიქტატორული მისწრაფებებისგან და იზიარებდა როგორც მისი თანაპარტიელების, ასევე სხვა პარტიების რჩევებს, თუ ისინი მისაღებად მიაჩნდა. ჟორდანიას წინადადებით მიღებული იქნა საქართველოს სახელმწიფო გერბი. მასზე გამოსახული იყო თეთრი გიორგი. კლერიკალიზმის თავიდან აცილებისთვის მას ჩამოსცილდა წმინდა გიორგის ყველა ნიშანი.

ჟორდანიამ მთავრობის თავმჯდომარეობისას გაატარა მრავალმხრივი ეკონომიკური და პოლიტიკური რეფორმები. ჟორდანია ყველაზე მნიშვნელოვან რეფორმად აფასებდა აგრარულ რეფორმას. დიდ მემამულეებს მიწები ჩამოართვეს და მათ მხოლოდ 7 დესეტინა მიწა დაუტოვეს. ჟორდანიას მთავრობამ მიიღო ვრცელი კანონმდებლობა, შემოიღო 8 საათიანი სამუშაო დღე, კოლექტიური ხელშეკრულება, შრომის კამერა. მიუხედავად ამისა, ჟორდანია უკმაყოფილო იყო, რომ მისი მოღვაწეობით მუშათა მდგომარეობა ვერ გააუმჯობესა.

 
„ჩვენი სოციალიზმი უმთავრესათ გამოიხატა აგრარულ რეფორმებში. ის რაც ჩვენში მოხდა უფრო ეწოდება რევოლუცია, ნამდვილათ კი ეს იყო რეფორმა, რატომ? იმიტომ რომ ეს ჩატარდა ყოველივე ძალდობის, არეულობის და ბრძოლის გარეშე.....ჩვენმა სოციალიზმა ამ სფეროში მიიღო სპეციალური ქართული ხასიათი. ჩამორთმეული სახნავ-სათესი მიწები გადავეცით გლეხობას კერძო საკუთრებით, რაიცა ეწინააღმდეგებოდა სოციალისტურ დოქტრინას. ... ჩვენი ხელმძღვანელი აზრი იყო, საქართველოს მცხოვრებთა დიდ უმრავლესობას - გლეხობას დაენახა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობამ მას მოუტანა მიწა, მისცა ცხოვრების ახალი საშუალებანი. ასე რომ, აგრარული რეფორმა გახდა უაღრესად ნაციონალური რეფორმა ჩვენში“
 
მეორე სოციალისტური ინტერნაციონალის დელეგაცია საქართველოში

1919-20 წლებში ქვეყანაში მძიმე მდგომარეობა იყო. ბოლშევიკები გამუდმებით აწყობდნენ აჯანყენებს, მეტეხის ციხიდან გაიქცნენ მათი მეთაურები, მათ შორის ფილიპე მახარაძე. დადიოდა ჭორები, რომ ძველი თანამოაზზრეების გაქცევას ჟორდანიამ შეუწყო ხელი. იყო დიდი ეკონომიკური გაჭირვება, პურისა და სურსათის ნაკლებობა, ჰიპერინფლაცია, გვარდიას უჭირდა მშიერი მასების დაშოშმინება. თავად ჟორდანია სანოვაგეს ლანჩხუთიდან იღებდა. მას დედა ამარაგებდა. ჟორდანია მოგონებებში აღნიშნავდა, რომ გაჭირვების გამო რთული იყო ადამიანების დაყოლიება მთავრობაში სამუშაოდ. თანამდებობაზე ყოფნა ყველგან სანატრელი და სასურველია, ჩვენთან კი ყველა გაურბოდა როგორც დიდ ჭირსო. მხოლოდ ორ ადამიანს ნოე რამიშვილსა და ევგენი გეგეჭკორს არ სჭირდებოდა ხვეწნა.

 
„ერთხელ ჩამოვიდა დედა-ჩემი მრავალ-ნაირი სანოვაგით, გაგვიხარდა რასაკვირველია. დედა მეუბნება: მითხრეს შენ მინისტრი ხარო, რავა დავიჯერო, ჩემი სარჩენი მინისტრი ვის გაუგონიაო!“
 
კარლ კაუცკი ხვდება ქართველ სოციალ-დემოკრატებს, მათ შორის ნოე ჟორდანიას და ნოე რამიშვილს, 1920

ჟორდანია ეწინააღმდეგებოდა ბოლშევიკურ და სეპარატისტულ ტენდენციებს, ეთნიკურ უმცირესობებს მიენიჭათ პოლიტიკური და კულტურული უფლებები. ჟორდანია ცდილობდა, მიეღწია საქართველოს საერთაშორისო აღიარებისთვის. რადგანაც ამას ვერ მიაღწია, გადაწყვიტა ჯერ ბოლშევიკური რუსეთისგან მიეღო აღიარება. 1920 წელს ჟორდანიამ რუსეთთან ხელშეკრულების დასადებად გაგზავნა გრიგოლ ურატაძე. რუსეთ-საქართველოს ხელშეკრულება დაიდო 1920 წლის 7 მაისს. ამ ხელშეკრულებით დამყარდა დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და რუსეთს შორის, ასევე, საქართველომ მიაღწია საერთაშორისო-სამართლებრივ აღიარებას. ხელშეკრულების დადებამდე ერთი თვით ადრე კი საქართველოს გვარდიამ გენერალ კვინიტაძის მეთაურობით მოიგერია რუსეთის არმია, რომელიც აზერბაიჯანიდან ცდილობდა საქართველოს დაპყრობას. ჟორდანიას დავალებით, გვარდიაში ჭორი გაავრცელეს, რომ საქართველოს აზერბაიჯანი ესხმოდა თავს და არა რუსეთი. ამ ჭორის მიზანი იყო, რომ გვარდიელებს რუსების არ შეშინებოდათ და ჯარის დემორალიზება არ მომხდარიყო.

 
„ჩვენს ირგვლივ, ყველა საზღვრებს გადაღმა იყო ნამდვილი ანარქია, ერთი-მეორის სრესა, აწიოკება და ცეცხლი; საჭირო იყო ამ ბარბაროსობის შუაგულში პატარა საქართველო დაპირდაპირებოდა მას. გადაერჩინა თავი, აეცილებია შინაგანი ბრძოლა, ხოლო ეს კი შეიძლებოდა შინაგანი ერთობით, ყველა ძალების დარაზმვით, სოციალური და ნაციონალური მშვიდობიანობით“

1920 წლის დეკემბერში ერთა ლიგამ უარი უთხრა საქართველოს და სომხეთს წევრად მიღებაზე. მაგრამ ერთ თვეში, 1921 წლის იანვარში საქართველომ მიაღწია საერთაშორისო იურიდიულ აღიარებას. თებერვალში დამფუძნებელმა კრებამ მიიღო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია. თებერვალში საქართველოში შევიდა რუსეთის არმია. ჟორდანიამ სამხედრო მინისტრი ოდიშელიძე გადააყენა და მის ნაცვლად გენერალი გიორგი კვინიტაძე დანიშნა. 1921 წლის 24 თებერვალს დაიწყო ქართული ჯარების უკანდახევა. ჟორდანიამ უკანასკნელი მატარებლით დატოვა თბილისი, ქუთაისში დარჩა ორი დღით, შემდეგ დაბინავდა ბათუმში. საქართველოში შემოჭრილი წითელი არმიის ბოლშევიკი ლიდერები ლენინის დავალებით ცდილობდნენ, დაეყოლიებინათ ჟორდანია საქართველოში დარჩენასა და კაპიტულაციაზე, სთავაზობდნენ მას გარანტიებს, რომ არ დასჯიდნენ. ამ მიზნით ფილიპე მახარაძემ ჟორდანიასთან მოსალაპარაკებლად გაგზავნა გერონტი ქიქოძე, მიხაკო წერეთელი და თევდორე ღლონტი, მაგრამ უშედეგოდ. 17 მარტს ჟორდანიამ დამფუძნებელი კრების გადაწყვეტილებით მთავრობის წევრებთან ერთად გემით დატოვა საქართველო. ლენინი უკმაყოფილო დარჩა იმით, რომ ბოლშევიკმა ლიდერებმა ვერ შეძლეს ჟორდანიას დაყოლიება დარჩენაზე.

 
„როგორც უნდა შეფასდეს საბოლოოდ ნოე ჟორდანიას მმართველობა, უცილობელია, რომ მან ხელი შეუწყო ეროვნული მთლიანობის და თავისუფლების იდეების აღორძინებას. ეს იდეები კი რამდენიმე საუკუნის განმავლობაში მიჩქმალული იყო ქართველი ერის შეგნებაში. შემოფარგლულ იქმნა საქართველოს სახელმწიფოებრივი საზღვრები, რომლებიც დღემდე არსებითად აღარ შეცვლილან. ქართველობას განუმტკიცდა რწმენა, რომ მას საკუთარი სახელმწიფოს შექმნა შეუძლია ურთულეს საერთაშორისო პირობებში“

ემიგრაცია და სიკვდილი

რედაქტირება

საქართველოს ემიგრირებულ მთავრობას მიპატიჟება ჰქონდა საფრანგეთისა და იტალიისგან. ჟორდანია სტამბოლში შეხვდა ამ ქვეყნების ელჩებს და საფრანგეთის მიპატიჟება მიიღო. მიუხედავად ამისა, 1921 წლის აპრილში საფრანგეთში ელჩ შევალიეს თანხლებით ჩასულ ჟორდანიას ოფიციალური დელეგაცია არ დახვედრია. ჟორდანია ჩავიდა ბრიუსელსა და ლონდონში და მიმართა ბელგიისა და ინგლისის მთავრობებს, შეხვდა ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრ ჟასპარს, თუმცა დევნილი მთავრობის მიმართ ინტერესი არც მათ გამოუხატავთ, მეტიც ინგლისის ვიზის მიღებაც კი გაუჭირდა. საფრანგეთში დამკვიდრებული ჟორდანია თავდაპირველად ცხოვრობდა პარიზში, ხოლო შემდეგ ლევილში, ჟორდანია ცდილობდა დიპლომატიურ აქტიურობას საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენსთვის, მაგრამ უშედეგოდ. ჟორდანიამ ხელი ჩაიქნია ევროპულ სახელმწიფოებთან მუშაობაზე და გადაწყვიტა ენერგია მიემართა საქართველოში დარჩენილი თანამებრძოლებისთვის დახმარებაზე.

 
„ევროპის საზოგადოება დაღალულია, სხვისი სატკივარი მათ არ სტკივა, არც კი ამჩნევს მას და ცდილობს მხოლოდ ერთს — იყოს თავისთვის წყნარათ, უდარდელათ... ეს იყო მთავარი, თუ ერი არ გატყდება, საერთაშორისო მდგომარეობა ოდესმე მის სასარგებლოდ შეიძლება შემობრუნდეს და ამით ისარგებლოს“

1920-1930-იან წლებში ჟორდანია აგრძელებდა აქტიურ პოლიტიკურ და დიპლომატიურ მოღვაწეობას, ხვდებოდა დასავლეთ ევროპული სახელმწიფოების მეთაურებს, სოციალისტური პარტიების ლიდერებს, ერთა ლიგის წარმომადგენლებს და მათგან ითხოვდა დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი საქართველოს მხარდაჭერას. ამავდროულად ხელმძღვანელობდა საინფორმაიციო-სააგიტაციო სამუშაოებს, ხელმძღვანელობდა საქართველოს მხარდამჭერი კომიტეტების შექმნას. 1922 წელს გენუის კონფერენციაზე მსოფლიოს საბჭოთა ოკუპაციის საწინააღმდეგოდ მოუწოდა, დაესწრო სოციალისტური ინტერნაციონალის კონგრესებს 1923 წელს ჰამბურგში და 1925 წელს მარსელში. 1924 წელს ჟორდანია მონაწილეობდა აგვისტოს აჯანყების მომზადებაში. ჟორდანია იყო მომხრე აჯანყების მოწყობისა იმ პირობით, თუ აჯანყდებოდნენ კავკასიის სხვა ხალხებიც. აჯანყების შემდეგ ჟორდანიას დედა და უფროსი ქალიშვილი ასმათი, რომლებსაც არ დაუტოვებიათ საქართველო 1921 წელს, დაიჭირეს და ბათუმის ციხეში ჩასვეს. ერთი კვირის შემდეგ მათ სერგო ქავთარაძემ ემიგრაციაში წასვლა შესთავაზა, მაგრამ ჟორდანიას დედამ უარი უთხრა. 1924 წლის სექტემბერში საქართველოს სსრ-ის ხელისუფლებამ მოახდინა მისი ქონების კონფისკაცია.[35]

პარიზში ფრანგულ, გერმანულ, ქართულ და რუსულ ენებზე აქვეყნებდა წიგნებს. 1933 წლამდე ჟორდანიამ 12 წიგნი გამოსცა: „ბრძოლის საკითხები“, „ჩვენ და ისინი“, „საბჭოთა წყობილება“, „ნამდვილი და ყალბი კომუნიზმი“, „პოლიტიკა“, „ბოლშევიზმი“, „ჩვენი უთანხმოება“, „დემოკრატია“ და სხვ. ამ წიგნებში ჟორდანია ამხელდა საბჭოთა კავშირის იმპერიალიზმს და ასაბუთებდა საბჭოთა კავშირის დაშლის გარდაუვალობას. პარიზშივე მან დააარსა ქართული სოციალ-დემოკრატიული ჟურნალი „ბრძოლა“, შემდეგ გაზეთი „ბრძოლის ხმა“. გარდა პოლიტიკური შინაარსის წიგნებისა, ჟორდანიამ 1930 წელს პარიზში ქართულ ენაზე გამოსცა მიმოხილვითი ნაშრომი ვეფხისტყაოსნის შესახებ. მეორე მსოფლიო ომის დროს ჟორდანია იდგა ანტიჰიტლერული კოალიციის გამარჯვების პოზიციაზე. გადაარჩინა არაერთი ემიგრანტი ქართველი ებრაელი. 1945 წელს ჟორდანია აქტიურად იღწვოდა, რომ ეროვნული განძი, რომელსაც ექვთიმე თაყაიშვილი იცავდა, საქართველოში საფრანგეთის მტავრობის გარანტიის დაბრუნებულიყო.[36]

ნოე ჟორდანია გარდაიცვალა 85 წლის ასაკში, 1953 წლის 11 იანვარს. დაკრძალეს ლევილის ქართულ სათემო სასაფლაოზე. ჟორდანიას საფლავზე შემდეგი წარწერაა: „საქართველოს რესპუბილკის პირველი პრეზიდენტი. საქართველომ 1918 წ. 26 მაისს მისი მეთაურობით აღადგინა თავისი სუვერენობა რუსეთის 117 წლის ბატონობის შემდეგ“. 1968 წელს მისი სიკვდილის შემდეგ ინგლისურ და რუსულ ენებზე გამოქვეყნდა მისი წიგნი „ჩემი წარსული (მოგონებანი)“. პარიზში 1994 წლამდე გამოდიოდა ჟორდანიას დაარსებული ჟურნალი „ჩვენი დროშა“, რომელსაც რედაქტორობდა ჟორდანიას სიძე ლევან ფაღავა. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 2004 წლის 10 მარტს ოჯახს შესთავაზა ჟორდანიას საქართველოში გადასვენება. პარიზში არსებული „ნოე ჟორდანიას ინსტიტუტი“ სწავლობს ჟორდანიას მემკვიდრეობასა და სოციალ-დემოკრატიის ისტორიას საქართველოში.

მსოფლმხეველობა

რედაქტირება
 
ნოე ჟორდანიას სიტყვა, წარმოთქმული ანტანტის სახელმწიფოთა მიერ საქართველოს დე-ფაქტო აღიარების გამო, 1920 წლის 14 იანვარი

ჟორდანია იყო მარქსისტი, კერძოდ კი სოციალ-დემოკრატიული მიმართულებისა. მისი ყურადღების ცენტრში იდგა გლეხობა, ამავდროულად, აღიარებდა ეროვნულ საკითხსაც.

ბავშვობაში იზრდებოდა როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანი, იცავდა მარხვას და ეზიარებოდა. პირველად ღმერთის არსებობაში დაეჭვდა სკოლაში იაკობ გოგებაშვილის „ბუნების კარის“ წაკითხვის შემდეგ, აღმოაჩინა რა, რომ ბუნებრივ მოვლენებს ჰქონდა მეცნიერული ახსნა. აქედან გამომდინარე ეჭვი შეიტანა მეფის ხელისუფლების ლეგიტიმურობაში, რადგანაც მაშინდელი გავრცელებული წარმოდგენით მეფის ლეგიტიმურობა მის თითქოსდა ღვთიურ ხელდასმას უკავშირდებოდა. უკვე სემინარიაშივე ჩამოუყალიბდა ჟორდანიას მტკიცე აზრი:

 
„მეფე ისეთივე გამოგონილი ავტორიტეტია, როგორც ღმერთი. ეს ორთავე ერთ დონეზე დავაყენე, ათეიზმი და რესპუბლიკანიზმი ერთიმეორის ტყუპათ დავსახე“

სემინარიაში სწავლის დროს ჟორდანიას ჩამოყალიბდა როგორც სოციალისტ-ნაროდნიკი, მომხრე რევოლუციისა. ნაროდნიკობა აღიარებდა რევოლუციას, მაგრამ არა დემოკრატიულს, არამედ სოციალისტურს. ნაროდნიკობა უარყოფდა პოლიტიკურ რევოლუციას და ითხოვდა პირდაპირ სოციალიზმის დამკვიდრებას. ჟორდანიას სოციალიზმის განხორციელება გაუნათლებელი ხალხის დახმარებით მიმაჩნდა საეჭვოდ, მაგრამ სხვა პოლიტიკურ მოძღვრებას არ იცნობდა. მისი თქმით არჩევანი მხოლოდ ნაროდნიკობასა და მღვდლობას შორის ჰქონდა. ვარშავაში სწავლისას ის გაეცნო მარქსიზმს და 1892 წლიდან მისი პოლიტიკური იდეოლოგია რუსული სოციალიზმიდან ევროპული მარქსიზმით შეიცვალა.

მისი შეხედულებით რუსული სოციალიზმი იყო უტოპიური და რეაქციული მოძღვრება, რომელიც ხალხს უკან ბარბაროსობაში მიაქანებდა. ჟორდანიას აზრით ევროპული სოციალიზმის მატარებელი და განმახორციელებელი იყო მრეწველობაში ჩაბმული მუშა პროლეტარი, ამიტომ პოლიტიკური ქმედებები პროლეტარიატის ასპარეზზე გამოყვანას უნდა დაფუძნებოდა. გარდა ამისა, ის იზიარებდა აზრს, რომ ჩამორჩენილ ქვეყნებში უნდა მომხდარიყო პოლიტიკური რევოლუცია, დემოკრატიის დამყარება და შემდეგ ეკონომიკური განვითარების კვალდაკვალ სოციალიზმზე გადასვლა.

ჟორდანიას რუსი მარქსისტებისგან განსხვავებული შეხედულებები ჰქონდა ბრძოლის ტაქტიკაზეც. ის არ გამორიცხავდა ლეგალურ მუშაობას, პირიქით, სადაც შესაძლებელი იყო, არალეგალურ მუშაობასთან ერთად ლეგალურ მუშაობასაც ეწეოდა, კერძოდ, გამოსცემდა ლეგალურ გაზეთებს, ჯერ „კვალს“, შემდგომ „სხივს“, ასევე უარს არ ამბობდა არჩევნებში მონაწილეობაზე. განსხვავებით რუსი ნაროდნიკებისგან, დასაშვებად მიაჩნდა ტერორის გამოყენება ცალკეულ შემთხვევებში.

ოჯახისა და ადამიანის როლთან დაკავშირებით ჟორდანიას კონსერვატიული შეხედულებები ჰქონდა და ადამიანის უმთავრეს დანიშნულებად ოჯახის შექმნასა და შთამომავლობის გაგრძელებას მიიჩნევდა.

აგრარული საკითხი

რედაქტირება
 
ნოე ჟორდანიას საფოსტო მარკა, 2018.

მარქსიზმის უკეთ შესასწავლად მან მოიარა შვეიცარია, საფრანგეთი, გერმანია და ინგლისი, გაეცნო სხვადასხვა ევროპული სოციალისტური პარტიების პროგრამებს, ასევე გლეხებისა და მუშების ყოფა-ცხოვრებას. მაგრამ ევროპაში ჟორდანიამ აღმოაჩინა, რომ ევროპის საზოგადოების სტრუქტურა ძლიერ განსხვავდებოდა საქართველოს სოციალური სტრუქტურისგან. ჟორდანია უპირველესად აგრარული საკითხის გადაწყვეტით ინტერესდებოდა. ევროპაში კი გლეხი იყო კერძო მესაკუთრე და ითვლებოდა წვრილ ბურჟუად, მას აწუხებდა სახელმწიფო გადასახადები და არა არისტოკრატია, ხოლო საქართველოში პირიქით იყო — გლეხები მონარქისტები იყვნენ და მემამულეებს უპირისპირდებოდნენ. აგრარული საკითხი კი მის მსოფლმხედველობაში ცენტრალურ ადგილს იკავებდა. განსხვავებით ევროპული და რუსული სოც.-დემ. მოძრაობებისგან, რომლებიც სამრეწველო პროლეტარიატის მეშვეობით ცდილობდნენ პოლიტიკური ცვლილებების მოხდენას, ჟორდანიას მიაჩნდა, რომ მუშებთან ერთად გლეხობაც რევოლუციური მოძრაობის წამყვანი ძალა უნდა ყოფილიყო. ამაში განსხვავდებოდა მისი შეხედულებები ევროპული სოციალ-დემოკრტაიული პარტიებისგან და რუსი ბოლშევიკებისა და მენშევიკებისგან.

 
„ევროპის სოციალური სტრუქტურა ძალიან შორს იდგა საქართველოს სოციალური სტრუქტურიდან. ამიტომ საფრთხილო იყო ევროპის რევოლუციურ იდეოლოგიას არ გაემრუდებინა ჩემი რევოლუციური ამოცანები“

ეროვნული საკითხი

რედაქტირება

პოლონეთში ჟორდანია ასევე გაეცნო ნაციონალისტურ მოძრაობას. დასავლეთ ევროპის ქვეყნებს ნაციონალური საკითხი უკვე გადაწყვეტილი ჰქონდათ, განსხვავებით საქართველოსგან, ამიტომ ჟორდანიამ მათი სოციალისტური პარტიების პროგრამებში ვერ იპოვა მისთვის საინტერესო კითხვებზე პასუხი. 1896 წლის დასაწყისში კარლ კაუცკის წერილმა პოლონეთის ავტონომიისა თუ დამოუკიდებლობის საკითხზე ჟორდანიას ჩამოუყალიბა საბოლოო აზრი ეროვნული საკითხის გარშემო. მას მიაჩნდა რომ მარქსიზმი არ უარყოფს ნაციონალურ საკითხს და ეროვნული თავისუფლებისთვის ბრძოლას.

 
„თუკი პიროვნება უნდა იყოს თავისუფალი, თუ მთელი საზოგადოება თავის თავს უნდა მართავდეს, რატომ ერი, როგორც დიდი ეთნიური საზოგადოება, არ უნდა მართავდეს თავის თავს, არ ჰქონდეს თავისი სახელმწიფო“

თავად მასაც, ეროვნული საკითხის გადაწყვეტა პირველი რიგის ამოცანად არ მიაჩნდა, სწორედ ეროვნული საკითხის წინ წამოწევის გამო დაუპირისპირდა ის სოციალ-ფედერალისტურ მოძრაობას, რომელსაც თავიდან გულშემატკივრობდა. ჟორდანიას ერი მიაჩნდა კაპიტალისტური წყობილების პირმშოდ, რომელიც ვერ განვითარდებოდა ფეოდალურ ეკონომიკაში, შესაბამისად ქართველი ერი მისთვის ახალგაზრდა ერი იყო, რომლის ეროვნული შეგნება მხოლოდ XIX საუკუნის ბოლოს დაიბადა. მისი შეხედულებით რუსეთმა საქართველოში უფრო მაღალი პოლიტიკურ-ეკონომიკური წყობა (კაპიტალიზმი) შემოიტანა, ვიდრე აქ არსებობდა (ფეოდალიზმი). გარდა ამისა, ის ფიქრობდა, რომ ეროვნული საკითხის წინ დაყენებით ის დაკარგავდა გლეხობის მხარდაჭერას, რადგან გლეხობა მაშინ ადგილობრივ მემამულეებს უპირისპირდებოდა და არა უცხოურ კაპიტალს,ხოლო გლეხობის დაკარგვით ჩავარდებოდა მთლიანად რევოლუციური მოძრაობა. ის მხარს უჭერდა მხოლოდ კულტურულ ავტონომიას ერებისას.

პირველი მსოფლიო ომის დროს ჟორდანია განსაკუთრებით ეწინააღმდეგებოდა ეროვნული საკითხის წამოწევას. მას ეს მიაჩნდა ფიზიკურ საფრთხედ ერისთვის. ფიქრობდა, რომ რუსეთისთვის ერთგულება უნდა ეჩვენებინათ, წინააღმდეგ შემთხვევაში მთავრობა ააწიოკებდა მთელ საქართველოს. ეს აზრი მას განუმტკიცა აჭარის სადამსჯელო ექსპედიციამ. ჟორდანიას აზრით რუსეთისთვის უნდა დაენახებინათ, რომ პასუხისმგებელი პარტია სეპარატიზმის წინააღმდეგია. მიუხედავად იმისა, რომ სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში ეროვნულ საკითხზე საერთო აზრი არ არსებობდა, პირადად ჟორდანია ეჭვქვეშ არ აყენებდა საქართველოს დამოუკიდებლობის იდეას, მისი ხედვა ეყრდნობოდა მხოლოდ ტაქტიკურ მოსაზრებებს. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ჟორდანია საბოლოოდ მიბრუნდა ნაციონალისტური პოზიციებისკენ.

 
ნოე ჟორდანიას სკვერი და ბიუსტი ლანჩხუთში

1904 წელს ნოე ჟორდანიამ შეირთო პარტიული ამხანაგი ინა კორენევა. წყვილს ოთხი შვილი ჰყავდა: ასმათი, ანდრეიკა, ნათელა და რეჯები. ასმათ ჟორდანიასა და ლევან ფაღავას შვილი ეთერ ფაღავა იყო საფრანგეთში ცნობილი ბალერინა. ნინა ჟორდანია გათხოვდა არჩილ ციციშვილზე და ჰყავდა სამი ქალიშვილი და ერთი შვილიშვილი. ანდრეიკა გარდაიცვალა საქართველოში, ხოლო რეჯებ ჟორდანიას ჰყავს ერთი ვაჟი, ორი ქალიშვილი, ცხოვრობდა ნიუ-იორკში, სადაც ლექციებს კითხულობდა ფრანგული ცივილიზაციის შესახებ.

ჟორდანიას ნათესავი, ნინა თეიმურაზის ასული გეგეჭკორი, იყო ლავრენტი ბერიას მეუღლე.

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • „ჩემი წარსული (მოგონებანი)“ / რედ: სიდამონიძე უ., პარიზი: „სარანგი“, 1953(ქართული მემუარული ლიტერატურა, თბილისი, 1990).
  • „რჩეული ნაწერები“ / შემდგ: გურამ შარაძე, თბილისი: „საქართველო“, 1990.
  • „წიგნი ოჯახში საკითხავი“, თბილისი: „მერანი“, 1989.
  • „რჩეული ნაწერები ემიგრაციაში“, პარიზი: ვალიკო ჩუბინიძე, 1956.
  • „სოციალიზმის პრობლემები“ = Difficultes Socialistes, პარიზი, 1933.
  • „დემოკრატია“, პარიზი, 1933.
  • „ვეფხისტყაოსანი“, პარიზი, 1930.
  • „პოლიტიკა “, პარიზი, 1926.
  • „რა მოხდა?, პარიზი, 1925. — ნაშრომი შეეხებოდა 1924 წლის აგვისტოს აჯანყებას.
  • „ნამდვილი და ყალბი კომუნიზმი“, პარიზი, 1925.
  • „ბოლშევიზმი“, პარიზი: საქ. სდმპ ცკ, 1922.
  • „ახალი გზით“, ტფილისი: „ქართველთა ბეჭვდითი ამხანაგობის სტამბა“, 1920.
  • „ევროპაში“ სამ ტომად, ტფილისი: ქართული ბეჭვდითი ამხანაგობის სტამბა, 1920.
  • „სოციალ-დემოკრატია და საქართველოს სახელმწიფო ორგანიზაცია“, ტფილისი, 1918. — აღნიშნული ნაშრომი 1921 წელს სათაურით „მარქსიზმი და დემოკრატია“ გამოიცა ბერლინში გერმანულ ენაზე ედუარდ ბერნშტაინის წინასიტყვაობით
  • „კოოპერატივები იტალიაში“, ქუთაისი: ი. კილაძის სტამბა, 1913.
  • „რჩეული ნაწერები“, ტფილისი, 1911.
  • „გერმანიის ახალი ისტორიიდან“, ტფილისი: ელექტრომბეჭდავი „გუტენბერგი“, 1905.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • შველიძე დ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 321-322.
  • ხვადაგიანი ი., „საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919“, თბილისი: „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია“, 2016. — გვ. 330-338, ISBN 978-9941-0-9318-0.
  • სიდამონიძე უ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 256.
  • ირემაძე ი., სილაქაძე დ., ჭანტურიძე ს., „ნოე ჟორდანია — 150“, თბილისი: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018, ISBN 978-9941-13-712-9.
  • საითიძე გ., „ნოე ჟორდანია: პოლიტიკური მოღვაწეობის დასაწყისი“ // „ისტორიულ-პუბლიცისტური ნარკვევები“, თბილისი, 2013. — გვ. 43-55.
  • დაუშვილი რ., კალანდაძე გ., კობახიძე რ., ჯაფარიძე გ., ტარტარაშვილი თ., ნოე ჟორდანია // „ქართვლები უცხოეთში“, თბილისი, 2012. — გვ. 163-164.
  • ურატაძე გ., Воспоминания грузинского социал-демократа, კალიფორნია: The Hoover institution on war, revolution and peace სტენფორდის უნივერსიტეტი, 1968.
  • გურული ვ., „ნოე ჟორდანია, პოლიტიკური პორტრეტი“, თბილისი, 1999.
  • ქიქოძე გ., „თანამედროვის ჩანაწერები“, თბილისი: „არეტე“, 2003 [1954], ISBN 99940-745-6-3.
  • გიორგაძე გ., „თვითმპყრობელობა და რევოლიუცია“, ტფილისი: „სახელგამი“, 1929.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია-ლექსიკონი. (2018). ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა. ISBN 978-9941-13-718-1. გვ. 149, 273, 322, 328.
  2. 2.0 2.1 მთავრობის განახლება. (26 ივნისი, 1918). ერთობა N130.. თბილისი: ამიერკავკასიის სოციალ-დემოკრატიულ მუშათა ორგანიზაციების ორგანო.
  3. 3.0 3.1 ნოე ჟორდანია — 150, 2018, გვ. 7
  4. მიქაბერიძე ალ.. ნოე ჟორდანია. georgianbiography.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 იანვარი 2012. ციტირების თარიღი: 2021-01-26.
  5. ჩიჩუა ზ., „საქართველოს ს.-დემ. მუშ. პარტიის მოკლე ისტორია“, გვ. 7 — პარიზი, 1933
  6. გორგილაძე ლ., „ქართული საზოგადოებრივი აზროვნების ისტორიიდან“ — თბილისი, 1961
  7. კაჭარავა ი., „ქართული ისტორიოგრაფიის საკითხები“ — თბილისი, 1962
  8. სურგულაძე ა., „ბრძოლა სოციალისტური რევოლუციის გამარჯვებისათვის ამიერკავკასიაში“ — თბილისი, 1957
  9. ჯანგველაძე გ., „საქართველოს კომუნისტური პარტიის ბრძოლა ბუჟუაზიული და წვრილბურჟუაზიული პარტიების იდეური და ორგანიზაციული განადგურებისთვის 1903-1923 წწ“ — თბილისი, 1974
  10. ბენდიანიშვილი ალ., „სოციალისტური რევოლუციის წანამძღვრები საქართველოში“ — თბილისი, 1971
  11. ჟორდანია ნ., თხზულებანი, ტ. I, გვ. 71-72 — თფილისი, 1920
  12. ურატაძე, 1968, გვ. 13
  13. გაზეთი „კვალი“ N22 გვ 14-16 — 1894 წ.
  14. ნოე ჟორდანია - 150, 2018, გვ. 8
  15. ურატაძე, 1968, გვ. 15
  16. ურატაძე, 1968, გვ. 48
  17. ურატაძე, 1968, გვ. 83
  18. ურატაძე, 1968, გვ. 58
  19. ურატაძე, 1968, გვ. 84
  20. შარაძე, 1990, გვ. III
  21. ურატაძე, 1968, გვ. 153
  22. ურატაძე, 1968, გვ. 157
  23. ურატაძე, 1968, გვ. 160
  24. Боиович М. М., «Члены Государственной Думы» (портреты и биографии) первый созыв, М., 1906, ст. 469
  25. ჩემი წარსული, 1953, გვ. 78
  26. ბნელი ძალები: ნოე ჟორდანია პასუხობს ილიას სიკვდილთან სოც-დემოკრატების დაკავშირების ბრალდებას. სივილ ჯორჯია. ციტირების თარიღი: 2021-01-29.
  27. ურატაძე, 1968, გვ. 271
  28. ჯანელიძე ო., „ნარკვევები საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ისტორიიდან“, თბილისი: „მეცნიერებება“, 2002. — გვ. 238, ISBN 99928-962-0-5.
  29. ჩემი წარსული, 1953, გვ. 89
  30. ჩემი წარსული, 1953, გვ. 74
  31. თალაკავაძე ნ., „მოქალაქე მღვდლის დღიურიდან“, თბილისი: ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, 2013. — გვ. 73-74; 97, ISBN 978-99940-28-77-1.
  32. ჩემი წარსული, 1953, გვ. 77
  33. ნოე ჟორდანია — 150, 2018, გვ. 9
  34. ჩემი წარსული, 1953, გვ. 102
  35. ჯიქია ლ., 1924 წლის აჯანყება დასავლეთ საქართველოში, თბ.: უნივერსალი, 2012. — გვ. 261.
  36. ნოე ჟორდანია — 150, 2018, გვ. 10
  37. ჩემი წარსული, 1953, გვ. 12
  38. ჩემი წარსული, 1953, გვ. 28