სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ რცხილაძე.

გრიგოლ (გიგო) სვიმონის ძე რცხილაძე (დ. 1876, ფანიანი, სიღნაღის მაზრა — გ. 8 ნოემბერი, 1934, თბილისი[1]) — ქართველი იურისტი, პოლიტიკოსი, პუბლიცისტი, კრიტიკოსი.

გრიგოლ რცხილაძე
დაბ. თარიღი 1876
დაბ. ადგილი ფანიანი
გარდ. თარიღი 1934
გარდ. ადგილი თბილისი
დასაფლავებულია დიდუბის პანთეონი
საქმიანობა იურისტი

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაამთავრა თბილისის გიმნაზია, შემდეგ სწავლა გააგრძელა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, რომელიც 1902 წელს დაამთავრა. ადრევე ჩაება საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საქმიანობაში. მონაწილეობდა სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის დაფუძნებაში. 1902 წლიდან მუშაობდა ამ პარტიის გამოცემის, გაზეთ „ცნობის ფურცლის“ რედაქციაში, წერდა მოწინავეებს და ლიტერატურულ-კრიტიკულ წერილებს. 1906-1907 წლებში იყო სოცუიალ-ფედერალისტური გაზეთების „შრომის“ და „მეგობრის“ რედაქტორი. 1908 წლის 3 სექტემბერს აირჩიეს „სიტყვაკაზმული მწერლობის საზოგადოების“ საბჭოში. საბჭომ რცხილაძის რედაქტორობით გამოსცა ლიტერატურული კრებული „გრდემლი“, ბესიკის ნაწარმოებები და სხვა მრავალი. მისი სტატიები იბეჭდებოდა „ზანგის“ ფსევდონიმით. 1909 წელს დააპატიმრეს და ერთი წელი გაატარა მეტეხის ციხეში. იყო სოციალ-ფედერალისტების პროგრამის ავტორი და პარტიის თავმჯდომარის მოადგილე. 1909-1914 წლებში იყო „სახალხო გაზეთის“ თანარედაქტორი. იყო აგრეთვე „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ წევრი.

1917 წელს გამოაქვეყნა წიგნი „ამიერკავკასიის თვითმმართველობა“. იმავე წელს მონაწილეობდა ინტერპარტიული საბჭოს სხდომებში, ნოემბერში მონაწილეობდა საქართველოს ეროვნულ ყრილობაში. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების საზოგადოების გამგეობის წევრი. 1918 წელს შედიოდა დელეგაციაში, რომელმაც დადო ხელშეკრულება ოსმალეთთან. 1919 წის მარტში აირჩიეს საქართველოს დამფუძნებელ კრებაში სოციალისტ-ფედერალისტების სიით. მოგვიანებით აირჩიეს სოციალისტ-ფედერალისტების ფრაქციის თავმჯდომარედ.

საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ ჩამოშორდა პოლიტიკას და მუშაობდა ადვოკატად და სხვადასხვა დაწესებულებებში იურისკონსულტად. 1923 წლიდან კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამოქალაქო სამართალში. ამ დარგში აქვს გამოკვლევები და თეორიული ხასიათის წერილები. იყო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი. 1924-1925 წლებში დაპატიმრებული იყო საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის საქმესთან დაკავშირებით. სასამართლომ მას შეუფარდა 3-წლიანი პატიმრობა, თუმცა, როგორც საბჭოთა ხელისუფლებისთვის არასაშიში პირი, სასჯელისგან გაათავისუფლა.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • შველიძე დ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 338-339.
  • ბაბუნაშვილი ზ., ნოზაძე თ., „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 316, თბილისი, 1994;
  • 1924 წლის აჯანყების მონაწილეთა სასამართლო პროცესი. დოკუმენტები და მასალები (1925 წლის ივლისი-აგვისტო). გამოსაცემად მოამზადა და შესავალი წერილი დაურთო ლევან ჯიქიამ. გამომცემლობა „უნივერსალი“, თბილისი, 2012.