ეროვნული ინტერპარტიული საბჭოს შექმნა
ეროვნული ინტერპარტიული საბჭოს შექმნა — 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ ქართველი პოლიტიკური მოღვაწეები კონსოლიდაციის აუცილებლობამდე მივიდნენ. მათ მომავალი საზოგადოების პროგრამაც გამოაქვეყნეს, მაგრამ თავდაპირველად ამ წამოწყებას წარმატება არ მოჰყოლია. ამის შემდეგ გაზეთმა „სახალხო საქმემ“ პოლიტიკური პარტიების ლიდერებს ისეთი პოლიტიკური ორგანოს შექმნის აუცილებლობა შეახსენა, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსენსუსს დაეფუძნებოდა, ხოლო მეორე მხრივ, ქართველთა საერთო-ეროვნულ მოძრაობას უხელმძღვანელებდა. ეს საკითხი გაზეთმა „საქართველომაც“ წამოსწია და ეროვნული ბიუროს შექმნის აუცილებლობას მისცა უპირატესობა. საქართველოს წამყვანმა პოლიტიკურმა პარტიებმა: სოციალ-დემოკრატებმა, სოციალისტ-ფედერალისტებმა და ეროვნულ-დემოკრატებმა 1917 წლის 4 აპრილს მოაწყვეს ინტერპარტიული კრება. 1917 წლის 16 აპრილს შედგა მეორე ინტერპარტიული კრება, მაგრამ ერთიანი პოლიტიკური გეგმის მიღება ამჯერადაც ვერ მოხერხდა. კრებებს თავმჯდომარეობდა აკაკი ჩხენკელი. 1917 წლის 3 აგვისტოს მესამე ინტერპარტიული კრება შედგა. მხოლოდ მეოთხე ინტერპარტიულმა კრებამ შეძლო 1917 წლის 12 აგვისტოს დადგენილების მიღება „ქართველი ერის ინტერპარტიული საინფორმაციო ბიუროს“ შექმნის შესახებ. მასში შევიდნენ სოციალ-დემოკრატების, სოციალისტ-ფედერალისტების, ეროვნულ-დემოკრატებისა და სოციალისტ-რევოლუციონერების წარმომადგენლები. ბოლშევიკებმა უარი განაცხადეს ბიუროში გაერთიანებაზე. ახლად შექმნილ ინტერპარტიულ საინფორმაციო ბიუროში თითოეულ პარტიას ხუთ-ხუთი წარმომადგენელი ჰყავდა. ბიუროს აღმასრულებელ ორგანოდ ითვლებოდა პრეზიდიუმი, რომელშიც პარტიების თითო წარმომადგენელი შედიოდა. პრეზიდიუმის წევრები იყვნენ: აკაკი ჩხენკელი (თავმჯდომარე), სპირიდონ კედია, გიორგი ლასხიშვილი, კ. მესხი, და მდივანი პ. საყვარელიძე. საინფორმაციო ბიურო იყო ინტერპარტიული ხასიათის გაერთიანება, რომელიც კოორდინაციას უწევდა ქართულ პოლიტიკურ ძალებსა და ამავდროულად წარმოადგენდა საკანონმდებლო ორგანოს ჩანასახს. ინტერპარტიულმა საინფორმაციო ბიურომ სამი სხდომა ჩაატარა 1917 წლის 12, 20 და 25 აგვისტოს. ბიუროს პრეზიდიუმიც ამდენივე სხდომაზე შეიკრიბა 16, 18 და 21 აგვისტოს. მოკლე პერიოდის მანძილზე ინტერპარტიულ ბიუროს სახელი რამდენიმეჯერ შეეცვალა. მას საბოლოოდ უწოდეს „საქართველოს ეროვნული ინტერპარტიული საბჭო (1917 წლის 21 აგვისტო). მასში პარტიათა 10-10 წარმომადგენელი შედიოდა. „საქართველოს ინტერპარტიული საბჭოს“ აღმასრულებელი კომიტეტის შემადგენლობაში შევიდნენ: აკაკი ჩხენკელი (თავმჯდომარე), ნოე ჟორდანია, გიორგი ლასხიშვილი, გრიგოლ რცხილაძე, კ. მესხი, ი. ჩერქეზიშვილი, სპირიდონ კედია, გიორგი გვაზავა, ნ. ქარცივაძე, პ. საყვარელიძე (მდივანი). ჩამოყალიბდა სექციები: საფინანსო, სამხედრო, საშინაო, საგარეო და ა.შ., რომლებსაც სათავეში კომიტეტის წევრები ჩაუდგნენ. „საქართველოს ეროვნული ინტერპარტიული საბჭოს“ მიერ შემუშავებული სამოქმედო პროგრამა საქართველოს მომავალ ბედს რუსეთის დემოკრატიას და მის დამფუძნებელ კრებას უკავშირებდა. აქედან გამომდინარე, ახლად შექმნილი ორგანოს შემადგენლობის წინაშე ორი ძირითადი საკითხი იყო დასმული: 1. რუსეთის დამფუძნებელი კრების არჩევნებში პოლიტიკური ძალების კოორდინაცია და შესაბამისი პროგრამის მომზადება; 2. საქართველოს ეროვნული საყოველთაო ყრილობის მოწვევა და ქართველი ერის ლეგიტიმაციით 147 აღჭურვილი ორგანოს შექმნის აუცილებლობა. ამ სასიცოცხლო საკითხების გადაჭრა „საქართველოს ეროვნულ ინტერპარტიულ საბჭოს“ მიენდო.
ლიტერატურა
რედაქტირება- ვადაჭკორია შ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 146-147.
- ჯანელიძე ო., „ნარკვევები საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ისტორიიდან“, თბილისი: „მეცნიერებება“, 2002. — გვ. 288-293, ISBN 99928-962-0-5.