კოალიციური მთავრობა

კოალიციური მთავრობა (ლათ. coalitio — გაერთიანება) — მთავრობა, რომელიც შექმნილია პარლამენტის არჩევნებში გამარჯვებული სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებისაგან.

ასეთი ტიპის მთავრობები, როგორც წესი, გვხვდება საპარლამენტო მმართველობის სისტემებში, როდესაც აღმასრულებელი ხელისუფლების დაკომპლექტება ევალება პარლამენტს.

კოალიციური მთავრობა იქმნება მაშინ, როდესაც საპარლამენტო არჩევნების შედეგად ვერც ერთი პარტია ვერ იღებს საკმარისი ხმებისა და, შედეგად, საკმარისი მანდატების რაოდენობას იმისათვის, რომ ერთპიროვნულად გაიტანოს კანონპროექტები და / ან დააკომპლექტოს მთავრობის შემადგენლობა. შედეგად, ვერ იქმნება საპარლამენტო უმრავლესობა და შეუძლებელი ხდება ერთპარტიული მთავრობის შექმნა.

შესაბამისად, მოსალოდნელი პოლიტიკური კრიზისის თავიდან აცილების მიზნით, ორი ან მეტი პარტია აყალიბებს კოალიციას, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობის ადგილს იკავებს და აყალიბებს კოალიციურ მთავრობას.

კოალიციური მთავრობის გამორჩეული თავისებურებაა ის, რომ მინისტრთა კაბინეტის წევრი სხვადასხვა მინისტრები კოალიციის წევრი სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები არიან.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ზურაბიშვილი, დ., გობრონიძე გ., სამოქალაქო განათლების ლექსიკონი, საიას იურიდ. განათლ. ხელშეწყობის ფონდი, თბ., 2011. ISBN 978-9941-0-3354-4.