ვიბორგის მოწოდება

ვიბორგის მოწოდება — მანიფესტი „ხალხს სახალხო წარმომადგენლებისაგან“, რუსეთის იმპერიის I სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატთა ჯგუფის საპროტესტო განცხადება სათათბიროს დათხოვნასთან (1906 წლის 9 ივლისი) დაკავშირებით.

ვიბორგის მოწოდების ტექსტი

დეპუტატები (ძირითადად „კადეტები“, „ტრუდოვიკები“ და სოციალ-დემოკრატები) შეიკრიბნენ ქ. ვიბორგში (ფინეთის დიდი სამთავრო) და საპროტესტო მიმართვის შესამუშავებლად აირჩიეს 6-კაციანი კომისია, რომლის შემადგენლობაში ნოე ჟორდანია და სერგი ჯაფარიძეც შედიოდნენ, დეპუტატები ხალხს პასიური წინააღმდეგობისაკენ (გადასახადებზე უარის თქმა და ა. შ.) მოუწოდებდნენ. მოწოდების ტექსტის ავტორი იყო ისტორიკოსი და ლიბერალური მიმართულების პოლიტიკოსი პავლე მილიუკოვი. მანიფესტს ხელი მოაწერა 169 დეპუტატმა, მათ შორის ხუთივე ქართველმა სოციალ-დემოკრატმა — ნოე ჟორდანიამ, ს. ჯაფარიძემ, ივანე გომართელმა, ისიდორე რამიშვილმა, სიმონ წერეთელმა — და სოციალისტ-ფედერალისტმა იოსებ ბარათაშვილმა.

რუსეთის იმპერიის მოსახლეობის მხრიდან ვიბორგის მოწოდებას აქტიური გამოხმაურება არ მოჰყოლია. ამით ისარგებლა ხელისუფლებამ და ვიბორგის მიმართვის ხელმომწერ 169 დეპუტატიდან 167-ს სამი თვით პატიმრობა მიუსაჯა, რაც მათ მომდევნო არჩევნებში მონაწილეობის უფლებასაც ართმევდა. ნოე ჟორდანია არალეგალურ მდგომარეობაზე გადავიდა და ამით დააღწია თავი პატიმრობას.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • შველიძე დ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014.
  • Figes, O., A People's Tragedy: The Russian Revolution 1891–1924. London, 2014. — გვ. 218-221.
  • Государственная Дума Российской империи 1906—1917: энциклопедия. М.: Российская политическая энциклопедия, 2008. — стр. 113—114.