ფიოდორ დოსტოევსკი

რუსი მწერალი
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „ფიოდორ დოსტოევსკი“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. ფიოდორ დოსტოევსკი ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია.

ფიოდორ მიხეილის ძე დოსტოევსკი (რუს. Фёдор Михайлович Достоевский , დ. 11 ნოემბერი [ძვ. სტ. 30 ოქტომბერი], 1821, მოსკოვი – გ. 9 თებერვალი [ძვ. სტ. 28 იანვარი], 1881, პეტერბურგი) — რუსი რომანისტი, მწერალი და ესეისტი. დოსტოევსკის ლიტერატურული ნაწარმოებები უღრმავდება ადამიანთა ფსიქოლოგიას XIX საუკუნის რუსეთის რთულ პოლიტიკურ, სოციალურ და სულიერ კონტექსტში. მიუხედავად იმისა, რომ წერა მან 1840-იან წლებში დაიწყო, ყველაზე გახმაურებული ნაშრომები — „დანაშაული და სასჯელი“, „იდიოტი“ და „ძმები კარამაზოვები“ მისი შემოქმედების გვიანდელ წლებს მიეკუთვნება. დოსტოევსკის ნაშრომებს შორისაა თერთმეტი რომანი, სამი ნოველა, ჩვიდმეტი მოთხრობა და სამი ესე. ლიტერატურის მრავალი კრიტიკოსის მიერ აღიარებულია მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთ უდიადეს და გამოჩენილ ფსიქოლოგად.[27]

ფიოდორ დოსტოევსკი
რუს. Фёдор Михайлович Достоевский
დაბადების თარიღი 30 ოქტომბერი (11 ნოემბერი), 1821[1] [2] [3] [4]
დაბადების ადგილი მოსკოვი, მოსკოვის გუბერნია, რუსეთის იმპერია[5] [6]
გარდაცვალების თარიღი 28 იანვარი (9 თებერვალი), 1881[2] [1] [7] [8] [9] [10] [11] [3] [12] [4] (59 წლის)
გარდაცვალების ადგილი სანქტ-პეტერბურგი, სანქტ-პეტერბურგის გუბერნია, რუსეთის იმპერია[13] [14] [15] [1] [3] [16] [17] [6]
დასაფლავებულია ტიხვინის სასაფლაო[2]
ფსევდონიმი Д., Друг Кузьмы Пруткова, Зубоскал, —ий, М., Летописец, М-ий, Н. Н., Пружинин, Зубоскалов, Ред., Ф. Д. და N.N.
საქმიანობა მთარგმნელი, რომანისტი, ესეისტი, ნოველისტი, ჟურნალისტი, ფილოსოფოსი[18] [19] [20] , ბიოგრაფი, მწერალი[16] [21] [22] [23] [24] [6] , პუბლიცისტი[22] და პროზაიკოსი
ენა რუსული ენა
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
ალმა-მატერი სამხედრო საინჟინრო-ტექნიკური უნივერსიტეტი და ნიკოლაევის საინჟინრო სასწავლებელი
Magnum opus ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან, დანაშაული და სასჯელი, იდიოტი, ეშმაკნი, ძმები კარამაზოვები, მკვდარი სახლის ჩანაწერები, მოთამაშე, საბრალო ადამიანები[25] და ორეული[25]
მეუღლე ანა დოსტოევსკაია[26] [6] და მარია დოსტოევსკაია
შვილ(ებ)ი ლიუბოვ დოსტოევსკაია[6]
ხელმოწერა
საიტი fedordostoevsky.ru

დოსტოევსკი მოსკოვში დაიბადა. ლიტერატურას პირველად ადრეულ ასაკში ეზიარა ზღაპრებისა და ლეგენდების საშუალებით, თუმცა შემდეგში გაეცნო ინგლისელ, ფრანგ, გერმანელ და რუს ავტორთა წიგნებსაც. 1837 წელს მოულოდნელად გარდაიცვალა დედამისი, რამაც მცირეწლოვანი ფიოდორი სრულიად გაანადგურა. ამ პერიოდში, მან დატოვა სკოლა და შევიდა ნიკოლაევის სამხედრო-საინჟინრო ინსტიტუტში. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, ინჟინრად დაიწყო მუშაობა და ლიბერალური ცხოვრების წესში ჩაეფლო. დამატებითი შემოსავლის მიზნით, მალე წიგნების თარგმნა დაიწყო. 1840-იანი წლების შუა პერიოდში მან პირველი რომანი — „საწყალი ადამიანები“ დაწერა, რამაც მას სანქტ-პეტერბურგის ლიტერატურული წრეების კარი გაუღო. 1849 წელს დოსტოევსკი დაპატიმრებულ იქნა ლიტერატურულ ჯგუფ „პეტრაშეველებში“ ჩართულობის გამო — ეს იყო უტოპისტ ლიბერალთა საიდუმლო ორგანიზაცია, ისევე როგორც ლიტერატურის განხილვის ჯგუფი. მას და მის სხვა მეგობრებს მიესაჯათ სიკვდილი, მაგრამ სასჯელი ინსცენირებული აღმოჩნდა და შეიცვალა ციმბირის კატორღაში ოთხწლიანი სამუშაოთი, სადაც გულის ხშირად წასვლის შემდეგ დოსტოევსკის ეპილეფსიის დიაგნოზი დაუსვეს. კატორღიდან გათავისუფლების შემდეგ, დოსტოევსკიმ სამხედრო მოსამსახურედ სცადა ბედი, თუმცა ცუდი ჯანმრთელობის გამო სამსახურიდან დაითხოვეს.

მომდევნო წლებში დოსტოევსკი ჟურნალისტად მუშაობდა, გამოსცემდა რამდენიმე საკუთარ ჟურნალს, შემდეგ კი სერიულ „მწერლის დღიურს“. მოგზაურობა დაიწყო დასავლეთ ევროპაში, სადაც ის აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული გახდა, რამაც მას ფინანსური პრობლემები შეუქმნა. მაგრამ საბოლოოოდ, თავისი ნაშრომების წყალობით ის ერთ-ერთი ყველაზე კითხვადი და ცნობილი რუსი მწერალი გახდა. მისი წიგნები ითარგმნა 170-ზე მეტ ენაზე და გაიყიდა 15 მილიონამდე ასლი. დოსტოევსკიმ გავლენა მოახდინა განსხვავებული ჟანრის მრავალ მწერალზე, ანტონ ჩეხოვითა და ჯეიმზ ჯოისით დაწყებული, ერნესტ ჰემინგუეითა და ჟან-პოლ სარტრით დამთავრებული, ისევე როგორც კიდევ სხვა მრავალზე.

ადრეული ცხოვრება

ოჯახის წარმომავლობა

 
მარიინსკი ჰოსპიტალი მოსკოვში, სადაც დაიბადა დოსტოევსკი

ფიოდორ დოსტოევსკი დაიბადა 1821 წლის 30 ოქტომბერს (გრიგორიანული კალენდრით 11 ნოემბერს) და მეორე შვილი იყო მიხეილ დოსტოევსკისა და მარია ნეჩაევას ოჯახში. დოსტოევსკები მრავალეთნიკური და მრავალკონფესიური ლიტველი დიდებულები იყვნენ პინსკის რეგიონიდან. მათი ფესვები XVI საუკუნიდან იღებს სათავეს. გვარის განშტოებები მოიცავდა მართლმადიდებელ და კათოლიკე წევრებს, მაგრამ დოსტოევსკის უშუალო წინაპრები არასამონასტრო სამღვდელოების კლასის წარმომადგენლები იყვნენ. დედის მხრიდან, დოსტოევსკი რუსი ვაჭრების შთამომავალი იყო.[28][29][30][31]

მამის მხრიდან დოსტოევსკის დიდი პაპა და პაპა მღვდლები იყვნენ უკრაინის ქალაქ ბრაცლავში. როგორც მოსალოდნელი იყო, მამამისის მსგავსად მიხეილიც სამღვდელოებას უნდა გაჰყოლოდა, მაგრამ სემინარიაში შესვლის ნაცვლად, სახლიდან გაიქცა და ოჯახი სამუდამოდ მიატოვა. 1809 წელს, როდესაც ის ოცი წლის იყო, მიხეილი მოსკოვის საიმპერატორო სამედიცინო-ქირურგიულ აკადემიაში შევიდა. ამის შემდეგ, მან მუშაობა დაიწყო მოსკოვის ჰოსპიტალში, სადაც სამხედრო ექიმად მსახურობდა, 1818 წელს კი უფროს ექიმად დაინიშნა. 1819 წელს ის მარია ისაევაზე დაქორწინდა. მომდევნო წლებში, მან უარი თქვა თანამდებობაზე და მარინსკის ჰოსპიტალში ახალ სამსახურს დათანხმდა, სადაც ღარიბებისთვის უნდა ემუშავა. პირველი ორი ვაჟის, მიხეილისა და ფიოდორს დაბადების შემდეგ, ის საუნივერსიტეტო მრჩევლის თანამდებობაზე დააწინაურეს, რამაც მას კეთილშობილის კანონიერი სტატუსი მიანიჭა და საშუალება მისცა მოსკოვიდან 150 კმ-ით დაშორებულ პატარა ქალაქ დაროვოიეში მომცრო მამული მიეღო.[30] დოსტოევსკის მშობლებს კიდევ ხუთი ბავშვი შეეძინათ.[30][32]

ბავშვობა

დოსტოევსკი ოჯახთან ერთად გაიზარდა, მარინსკის ჰოსპიტლის მიწისქვეშა სართულზე მდებარე სახლში. ამ პერიოდში ოჯახი ყოველ ზაფხულს დაროვოეს მამულში ატარებდა. სამი წლის ასაკში ფიოდორი გაეცნო საგმირო თქმულებებს, მათ შორის ზღაპრებს, ლეგენდებს და ძიძიების გავლენით, ღრმად შეითვისა ღვთისმოსაობა. მის ბავშვობაზე ყველაზე დიდი ზეგავლენა მოახდინეს ძიძამ — ალინა ფროლოვნამ და ოჯახის მეგობარმა, დოროვოელმა ყმა გლეხმა მარეიმ. მარეი ფიოდორს ჰალუცინაციებთან გამკლავებაში ეხმარებოდა. მას შემდეგ, რაც ჰოსპიტლის ბაღი აღმოაჩინა, რომელსაც საკუთარი სახლის ბაღისგან დიდი გალავანი გამოჰყოფდა, დოსტოევსკი ხშირად ესაუბრებოდა პაციენტებს, მაშინაც კი, როდესაც მშობლები ამას უკრძალავდნენ. ერთხელ ის შეხვდა ცხრა წლის გოგონას, რომელიც გაეუპატიურებინათ, რამაც ფიოდორს დიდი ტრავმა მიაყენა. იქიდან გამომდინარე, რომ დოსტოევსკის მშობლები დიდად აფასებდნენ განათლებას, დედამ მას წერა-კითხვა შეასწავლა, ოთხი წლის ასაკში კი ბიბლიას გააცნო. ყოველთვის დიდი გატაცებით ელოდა საღამოს, როდესაც მშობლები მას უკითხავდნენ. ადრეულ ასაკში შვილს მათვე გააცნეს რუსული და მსოფლიო ლიტერატურა, მათ შორის კარამაზინი, პუშკინი და დერჟავინი, გოთური ლიტერატურიდან ანა რედკლიფი, ფრიდრიხ შილერისა და იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთეს რომანტიკული ნაშრომები, სერვანტესისა და უოლტერ სკოტის ჰეროიკული ამბები, ჰომეროსის ეპოსი.[30][32]

დოსტოევსკი არ გამოირჩეოდა ახოვნებით და სიმაღლეში მხოლოდ 2 არშინი და 6 ვერშოკი იყო (დაახლოებით 160 სმ).[33] მშობლები მას აღწერდნენ როგორც იმპულსურ ყმაწვილს, ჯიუტსა და მოურიდებელს.[30] 1833 წელს, მამამისმა, ზედმეტად რელიგიურმა და მკაცრმა პიროვნებამ დოსტოევსკი სკოლა-პანსიონში გაგზავნა ფრანგულის სასწავლებლად, ერთი წლის შემდეგ კი მოსკოვის საუკეთესო კერძო სკოლა-პანსიონ „კეთილშობილ ვაჟთა კოლეჯში“, სადაც რამდენიმე ადამიანი მას აღწერს როგორც ფერმიხდილს, თავის თავზე გადაგებულ მეოცნებეს და ზედმეტად აღგზნებად რომანტიკოსს.[30] მისი სწავლის საფასურის გადასახდელად მამამისმა სესხები აიღო და თავის სამედიცინო მოღვაწეობა გააფართოვა. მოსკოვის სკოლაში დოსტოევსკი არისტოკრატ თანაკლასელებს შორის თავს გარიყულად გრძნობდა, რაც შემდეგში ასახა კიდეც თავის რამდენიმე ნაშრომში, განსაკუთრებით „ყმაწვილში“. სასწავლო დღე დილის ექვს საათზე იწყებოდა და მთავრდებოდა საღამოს ცხრაზე; ისწავლებოდა სხვადასხვა საგანი.[30][32]

ახალგაზრდობა

 
ინჟინერი დოსტოევსკი

1837 წლის 27 სექტემბერს დოსტოევსკის დედა ტუბერკულოზით გარდაიცვალა. მანამდე, მაისში, ფიოდორი და მისი ძმა მიხეილი ოჯახმა აიძულა მიეტოვებინათ მოსკოვის კოლეჯი და სამხედრო კარიერის შექმნის მიზნით სანქტ-პეტერბურგის ნიკოლაევის სამხედრო-საინჟინრო ინსტიტუტში გაგზავნეს. პეტერბურგისკენ მიმავალ გზაზე, ღამის გასათევ სახლში დოსტოევსკი ძალადობრივი ინციდენტის მოწმე გახდა. აკადემიაში ის 1838 წელს შევიდა, ისიც მისთვის უცნობი ოჯახის დახმარებით, რომელმაც სწავლის საფასური გადაუხადა. ცუდი ჯანმრთელობის გამო, მიხეილი სასწავლებელში არ მიიღეს და ესტონეთში, რაველის (ტალინი) აკადემიაში გაგზავნეს.[30][32]

დოსტოევსკის აკადემიაში სწავლა სიამოვნებას არ გვრიდა, უპირველესად იმიტომ, რომ ნაკლებად აინტერესებდა მათემატიკა, სამხედრო ინჟინერია, ხატვა და არქიტექტურა. როგორც მისმა მეგობარმა კონსტანტინე ტრუტოვსკიმ ერთხელ თქვა, „მთელს სასწავლებელში არ იყო სამხედრო სამოსის ტარებით იმაზე უფრო ნაკლებ დაინტერესებული სტუდენტი, ვიდრე ფიოდორ დოსტოევსკი იყო, ის ტლანქად და უღიმღამოდ მოძრაობდა, უნიფორმა მოუხერხებლად, ჩამოკიდებულივით ჰქონდა ტანზე; ზურგჩანთა, კივერი და შაშხანა ისე გამოიყურებოდა, თითქოს მისთვის ბორკილები ყოფილიყო, რომლებიც მძიმედ ბოჭავდა“.[34] თავისმა ხასიათმა და ინტერესებმა 120 თანაკლასელს შორის დოსტოევსკი გარიყულად აქცია: ბევრი თანაკლასელისგან განსხვავებით, ის მამაცი იყო და მოზღვავებულად ჰქონდა სამართლიანობის შეგრძნება, იცავდა ახალმოსულებს, მასწავლებლებს აწვდიდა იდეებს, აკრიტიკებდა ოფიცრებს შორის გავრცელებულ კორუფციას და ეხმარებოდა ღარიბ გლეხებს. მიუხედავად იმისა, რომ ის მარტოსული იყო და საკუთარ ლიტერატურულ სამყაროში ცხოვრობდა, თანაკლასელები მაინც დიდ პატივს სცემდნენ. კარჩაკეტილი ცხოვრებისა და ღვთისმოსაობის გამო მას ზედმეტსახელად „ბერი ფოტიუსი“ შეარქვეს.[30][32]

ეპილეფსიის პირველი შეტევა დოსტოევსკის 1839 წლის 16 ივნისს დაემართა, მას შემდეგ, რაც მამამისის გარდაცვალების ამბავი შეიტყო.[33] დაავადების აღმოცენების მიზეზები აღწერილი აქვს მის ქალიშვილს, რაც მოგვიანებით ზიგმუნდ ფროიდმა განავრცო. მამამისის გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი იყო დამბლის (აპოპლექსია) შეტევა, მიუხედავად ამისა, ერთ-ერთი მეზობელი ამტიკიცებდა, რომ ის ყმებმა მოკლეს. მას შემდეგ, რაც ყმები მკვლელობაში დამნაშავედ სცნეს და გააციმბირეს, იგივე მეზობელმა, პაველ ხოტიანცევმა გათავისუფლებული მიწის შესყიდვის სურვილი გამოთქვა. შემდეგში ყმები უდანაშაულოდ სცნეს, თუმცა დოსტოევსკის ძმა ანდრეიმ ეს ამბავი მაინც უკვდავჰყო.[34] მამის სიკვდილის შემდეგ, ფიოდორმა სწავლა განაგრძო, ჩააბარა გამოცდები და ინჟინერ-კადეტის ხარისხი მიიღო, რამაც მას აკადემიის გარეთ ცხოვრების უფლება მისცა. რაველში ძმასთან (მიხეილთან) მოკლე ვიზიტის შემდეგ, ფიოდორი ხშირად დადიოდა კონცერტებზე, ოპერებზე, სპექტაკლებსა და ბალეტებზე. სწორედ ამ პერიოდში, ორმა მეგობარმა ის აზარტულ თამაშებში ჩაითრია.[30][32]

1843 წლის აგვისტოში დოსტოევსკიმ სამხედრო მხაზველად დაიწყო მუშაობა[34] და ცხოვრობდა ადოლფ ტოტლებენთან ერთად, თავისი ძმის, მიხეილის მეგობარ დოქტორ რესენკამპფის კუთვნილ ბინაში. დოქტორი მას ახასიათებს როგორც „არანაკლებ კარგი ბუნებისა და ზრდილობის, ვიდრე მისი ძმა, მაგრამ როდესაც კარგ განწყობაზე არ იყო, ის ხშირად ყველაფერს მუქი სათვალით უყურებდა, მოიწყენდა, ივიწყებდა კარგ მანერებს და შემდეგ იმდენად გაიტაცა ამ ვითარებამ, რომ ცდილობდა წერტილი დაესვა ყოველი შეურაცხყოფისა თუ გაუგებრობისთვის, რამაც მასში საკუთარი თავის მართვის უნარი შებღალა“; მაგრამ „მეგობრების წრეში ის ყოველთვის მხიარულად, მშვიდად და თვითკმაყოფილად გამოიყურებოდა“.[32] ისევე როგორც ბავშვობაში, დოსტოევსკი აგრძელებდა ღარიბ და ავადმყოფ ხალხთან ურთიერთობას. მეტად საჭირო ფულს ის ლიტერატურული ნაშრომების რუსულად თარგმნით შოულობდა.[28] 1844 წლის 19 ოქტომბერს საბოლოოდ დაასრულა აკადემია და ლეიტენანტის ხარისხი მიიღო. მძიმე ფინანსურ კრიზისში ყოფნის დროს, დოსტოევსკიმ საკუთარი რომანის დაწერა გადაწყვიტა.[30][32]

კარიერა

ადრეული კარიერა

 
დოსტოევსკი, 1847 წელს

1844 წელს დოსტოევსკი ბინაში აკადემიის მეგობარ დიმიტრი გრიგორიევიჩთან ერთად ცხოვრობდა. სწორედ ამ დროს დაიწყო მან პირველ რომანზე მუშაობა იმ იმედით, რომ მკითხველთა ფართო წრეს მოიპოვებდა და ფინანსურ მდგომარეობას გაიუმჯობესებდა. თავის ძმასთან, მიხეილთან მიწერილ წერილში ის წერს: „ეს ის შემთხვევაა, როდესაც ყველაფერი ჩემს რომანზეა დამოკიდებული, თუ თავს ვერ გავართმევ, თავს ჩამოვიხრჩობ“.[35] 1845 წლის მაისში მან დაასრულა „საწყალი ადამიანების“ ხელნაწერი და გრიგორიევიჩს მისი ხმამაღლა წაკითხვა სთხოვა. წაკითხვის შემდეგ, იმდენად ღრმა იყო გრიგორიევიჩის შთაბეჭდილება, რომ იმავე ღამეს ხელნაწერი თავის მეგობარ პოეტ ნიკოლაი ნეკრასოვს წაუღო, რომელმაც ნაშრომზე დიდი იმედი დაამყარა და დოსტოევსკის „ახალი გოგოლი“ უწოდა. მეორე დღეს ნეკრასოვმა ხელნაწერი იმ დროისთვის ყველაზე ცნობილ და გავლენიან ლიტერატურის კრიტიკოს ბესარიონ ბელინსკის აჩვენა. თავდაპირველად სკეპტიკურად განწყობილი ბელინსკი წაკითხულმა განაცვიფრა, თანაც იმდენად, რომ მას უმალ უწოდა რუსეთის პირველი „სოციალური რომანი“.[33] „საწყალი ადამიანები“ 1846 წლის 15 იანვარს ალმანახ „სანქტ-პეტერბურგის კოლექციაში“ დაიბეჭდა. ნომერს უზარმაზარი კომერციული წარმატება ხვდა წილად.[32][30]

„საწყალი ადამიანების“ გამოქვეყნებიდან სულ ცოტა ხანში, დოსტოევსკიმ მეორე რომანი — „ორეული“ დაწერა. წიგნი 1846 წლის თებერვალში გამოქვეყნდა, თუმცა მანამდე, ჯერ კიდევ 30 იანვარს გამოჩნდა ჟურნალ „სამშობლოს მატიანეში“. 1840-იან წლებში რუსეთში სოციალიზმი სულ უფრო გავლენიანი ხდებოდა, რამაც ზიანი მიაყენა რომანტიზმსა და იდეალიზმს. დოსტოევსკიმ სოციალიზმი დაახლოებით 1846 წელს აღმოაჩინა და თავდაპირველად ფრანგი სოციალისტების — ფურიეს, კაბეს, პრუდონისა და სენ-სიმონის გავლენის ქვეშ მოექცა. ბელინსკისთან ურთიერთობის შედეგად დოსტოევსკიმ გაიმდიდრა ცოდნა სოციალიზმის ფილოსოფიის შესახებ და განსაკუთრებით მიიზიდა ამ იდეოლოგიის ლოგიკამ, სამართლიანობის შეგრძნებამ და ღარიბ-ღატაკებზე ზრუნვამ. ბელინსკისთან ურთიერთობა თანდათან უფრო დაძაბული ხდებოდა, რადგან მისი ათეიზმი და რელიგიისადმი სიძულვილი დოსტოევსკის მართლმადიდებლურ რწმენებს შეურაცხყოფდა. ბელინსკისთან და მასთან დაკავშირებულ ყველა პიროვნებასთან დოსტოევსკიმ საბოლოოდ გაწყვიტა ურთიერთობა. თავის ბოლოდროინდელ წიგნებში, დოსტოევსკი ფოკუსირდება ღმერთის არსებობასა და ნიჰილიზმზე, ისევე როგორც ადამიანთა თანაარსებობაზე, ძმობის აუცილებლობაზე, თავისუფლებისა და ბედნიერების შეთანხმებულობაზე.

მას შემდეგ, რაც მეორე რომანს უარყოფითი შეფასებები მოჰყვა, დოსტოევსკის ჯანმრთელობა გაუარესდა, უფრო ხშირად ემართებოდა ეპილეფსიური შეტევები, თუმცა ნაყოფიერ წერას მაინც განაგრძობდა. 1846-დან 1848 წლამდე მან ჟურნალ „სამშობლოს მატიანეში“ რამდენიმე ნოველა დაბეჭდა, მათ შორის „ბატონი პროხარჩინი“, „სუსტი გული“ და „თეთრი ღამეები“. ნაწარმოებები წარუმატებელი გამოდგა და დოსტოევსკის ფინანსური მდგომარეობა კვლავ გაუარესდა, როს გამოც გადაწყვიტა უტოპისტ სოციალისტთა ბეტეკოვის წრეს შეერთებოდა. ეს იყო მჭიდროდ შეკრული საზოგადოება, რომელიც მას გადარჩენაში დაეხმარა. მას შემდეგ, რაც წრე დაიშალა, დოსტოევსკის იქიდან მეგობრად შემორჩა პოეტი აპოლონ მაიკოვი და მისი ძმა ვალერიანი. ვალერიანის გარდაცვალების შემდეგ, აპოლონი დოსტოევსკის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ფიგურა გახდა. 1846 წელს, პოეტ ალექსი პლეშჩეევის რეკომენდაციით,[36] მიხეილ პეტრაშევსკის მიერ დაარსებულ სოციალისტ-ქრისტიანთა საზოგადოება „პეტრაშეველებში“ შევიდა, რომელიც რუსეთს სოციალურ რეფორმებისკენ მოუწოდებდა. „პირველი რუსი კომუნისტი“[30] მიხეილ ბაკუნინი ერთხელ ალექსანდრე ჰერცენს სწერდა, რომ ეს ჯგუფი „ყველაზე უფრო უვნებელი და სათუთი საზოგადოება იყო“ და მისი წევრები „გამუდმებით ებრძოდნენ ყოველგვარ რევოლუციურ მიზნებსა და საშუალებებს“.[30] შაბათ-კვირაობით დოსტოევსკი ორგანიზაციის ბიბლიოთეკას იყენებდა, ხანდახან კი მათ დისკუსიებშიც ერთვებოდა, ძირითადად ისეთ თემებზე როგორიც იყო თავისუფლება, ცენზურის წნეხისგან გათავისუფლება და ბატონყმობის გაუქმება.[32][30]

1849 წელს ჟურნალ „სამშობლოს მატიანეში“ დაიბეჭდა რომან „ნეტოჩკა ნეზვანოვას“ პირველი ნაწილი, რომლის დაწერაც დოსტოევსკის ჯერ კიდევ 1846 წლიდან ჰქონდა გეგმაში. თუმცა, მეორე ნაწილი დოსტოევსკის არ გაუგრძელებია და ამის შესახებ არც არასდროს უფიქრია, შესაბამისად რომანი დაუმთავრებელი დარჩა.[36]

გაციმბირება

 
სიკვდილით დასჯის მოლოდინში, ბრალდებულები სამკაციან ჯგუფებად დაყვეს. დოსტოევსკი მესამე იყო მეორე ჯგუფში (სურათზე არ ჩანს); მის წინ პატრაშევი და დუროვი იდგნენ.

დოსტოევსკი და პეტრაშეველთა საზოგადოების სხვა წევრები დაბეზღებულ იქნენ საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიცერ ივან პეტროვიჩ ლიპრანდისთან. დოსტოევსკი ბრალდებულად სცნეს ბელინსკის რამდენიმე ნამუშევრის კითხვაში, მათ შორის იყო „მიწერ-მოწერა გოგოლთან“, „კრიმინალური წერილები“ და „ჯარისკაცის მოხსენება“; ასევე ამ და სხვა ნაწარმოებების ასლების ქონა. სამთავრობო აგენტი ანტონელი, რომელმაც ჯგუფი დაასმინა, თავის მოხსენებაში წერდა, რომ რამდენიმე ამ ნაწერში გაკრიტიკებული იყო რუსეთის პოლიტიკა და რელიგია. ბრალდებას დოსტოევსკი პასუხობდა, რომ მან ეს ესსეები წაიკითხა „როგორც მხოლოდ ლიტერატურული მონუმენტი და სხვა არაფერი“, რომ მას აინტერესებდა მხოლოდ „პიროვნება და ადამიანური ეგოიზმი“ და არა პოლიტიკა. მიუხედავად ამისა, დოსტოევსკი და მისი ამხანაგები „შეთქმულებად“ სცნეს და 1849 წლის 22 აპრილს, გრაფ ალექსი ორლოვისა და იმპერატორ ნიკოლოზ I-ის მოთხოვნით დააპატიმრეს. მეფეს 1825 წლის დეკაბრისტთა აჯანყების მსგავსი მოვლენებისა და 1848 წელს ევროპაში მომხდარი რევოლუციების ეშინოდა. ბრალდებულები სანქტ-პეტერბურგის პეტრე-პავლეს ციხესიმაგრეში გადაიყვანეს, სადაც მხოლოდ განსაკუთრებით საშიშ დამნაშავეებს ათავსებდნენ.[36][37][30]

 
დოსტოევსკი (მარცხნივ) თავის საკანში, 1853 წ.

მსჯავრდებულთა მომავალს ოთხი თვის განმავლობაში განიხილავდა საგამოძიებო კომისია, რომელსაც მეფე ხელმძღვანელობდა. მისი წევრები იყვნენ გენერალი ივან ნაბოკოვი, გრაფი პაველ გაგარინი, გრაფი ვასილი დოლგორუკოვი, გენერალი იაკობ როსტოვცევი და საიდუმლო პოლიციის ხელმძღვანელი ლეონტი დუბელტი. კომისიამ ბრალდებულებს სიკვდილი მიუსაჯა. 1849 წლის 23 დეკემბერს დაჯგუფების წევრები სანქტ-პეტერბურგის სემიონოვის სასახლეში გადაიყვანეს. ბოლო წუთს, როდესაც საზიდავი უკვე მოტანილი იყო, სიკვდილით დასჯის განაჩენი გაუქმდა. მეფე გენერალ-ადიუტანდ სუმარკანოვს წერილს სწერდა, რომელშიც ამ ხალხს იწყალებდა. დოსტოევსკის სასჯელი შეიცვალა ციმბირის ქალაქ ომსკის მძიმე შრომით კატორღაში ოთხწლიანი გამწესებითა და მის შემდგომ იძულებითი სამხედრო სამსახურით. მარხილით 14 დღიანი მგზავრობის შემდეგ, მათ ციმბირის ქალაქ ტობოლსკს მიაღწიეს, სადაც რუსი პატიმრების გასაჩერებელი ადგილი მდებარეობდა. მიუხედავად ასეთი მძიმე მდგომარეობისა, დოსტოევსკი სიმშვიდეს ინარჩუნებდა და იცოდა როგორ გაერთვა თავი ასეთი სიტუაციისთვის. ის ამშვიდებდა და აღაფრთოვანებდა სხვა პატიმრებს, რომელთა შორის იყო ივან იასტრჟემბსკი — პეტრაშეველთა ერთ-ერთი წევრი, რომელიც აღტაცებული იყო მისი დიდსულოვნებით, რამაც უმალ გადააფიქრებინა თავის მოკვლა. ტობოლსკში, დაჯგუფების წევრებს საკვები და ტანსაცმელი დეკაბრისტმა ქალმა გადასცა, მან ასევე უსახსოვრა რამდენიმე ახალი აღთქმა, რომელთაგან თითოეულში ათ-რუბლიანი ბანკნოტი აღმოჩნდა ჩადებული. თერთმეტი დღის შემდეგ, სერგეი დუროვმა და დოსტოევსკიმ ომსკს მიაღწიეს.[37][30] იქაურ ბარაკებს ის შემდეგნაირად აღწერს:

ზაფხულში აუტანლად დახუთული ჰაერი; ზამთარში გაუსაძლისი სიცივე. მთელი იატაკი დამპალი იყო. ერთი ინჩის სისქის ჭუჭყი იატაკზე; შეიძლება ფეხი გაგისხლტეს და დაეცე... ისე ვიყავით გამომწყვდეულნი, როგორც ქაშაყები კასრში... არ არსებობდა ისეთი ოთახი, სადაც შემობრუნება მაინც შეგვეძლებოდა. მწუხრიდან ცისკრამდე შუეძლებელი იყო ღორივით არ მოქცეულიყავი... ბუშელობით (მოცულობის საზომი) რწყილები, ტილები და შავი ხოჭოები... — ფიოდორ დოსტოევსკი, Pisma, I: გვ. 135–7.

იქიდან გამომდინარე, რომ დოსტოევსკი კატორღაში „ერთ-ერთ ყველაზე საშიშ დამნაშავედ“ მიიჩნეოდა, მთელი იქ ყოფნის პერიოდში ხელები და ფეხები ერთმანეთზე მიჯაჭვული ჰქონდა. ამაოდ ითხოვდა იგი ჯაჭვებისგან გათავისუფლებას. პატიმრობის პერიოდში, მას მხოლოდ ახალი აღთქმის წაკითხვა ჰქნოდა ნებადართული. ქაოსურად ფურცლავდა მის გვერდებს, როდესაც მოეგუნებებოდა. გარდა ეპილეფსიური შეტევებისა, დოსტოევსკის ჰემოროიც განუვითარდა „ხშირად აწუხებდა მაღალი ტემპერატურა, კანკალებდა და ყოველ ღამე ან ძალიან სცხელოდა, ან ძალიან სციოდა“; დაიკლო წონაშიც. მთელს შენობაში საპირფარეშოს სუნი იდგა, სააბაზანოს როლს კი ერთი პატარა ოთახი ასრულებდა, რომელიც 200-ზე მეტ კაცს ემსახურებოდა. ხანდახან მას სამხედრო ჰოსპიტალში გზავნიდნენ, სადაც შესაძლებლობა ჰქონდა დიკენსის რომანები და გაზეთები წაეკითხა. დოსტოევსკი პატიმრებს შორის საყოველთაო პატივისცემით სარგებლობდა, თუმცა ქსენოფობიური განცხადებების გამო ზოგიერთს ის მაინც ეზიზღებოდა.[33][30]

ციხიდან გათავისუფლება

 
დოსტოევსკი (მარჯვნივ) და ყაზახი სწავლული ჩოკან ვალიხანოვი, 1859 წ.

მას შემდეგ, რაც 1854 წლის 14 თებერვალს დოსტოევსკი კატორღიდან გაათავისუფლეს, მან თავის ძმას, მიხეილს სთხოვა ფინანსური დახმარება და ზოგიერთი წიგნის გამოგზავნა, რომელთა შორის იყვნენ ავტორები: ჯამბატისტა ვიკო, ფრანსუა გიზო, ლეოპოლდ ფონ რანკე, ჰეგელი და კანტი.[38] ამავე დროს მან დაიწყო „მკვდარი სახლის ჩანაწერების“ წერა, რასაც საფუძვლად ციხეში მიღებული საკუთარი გამოცდილება დაუდო. იგი პირველი რომანი გახდა რუსეთის ციხეების შესახებ.[33] სანამ მარტის შუა რიცხვებში ყაზახეთის ქალაქ სემიპალატინსკში გადავიდოდა, სადაც ციმბირის არმიის დანაყოფის მეშვიდე ხაზის ბატალიონში იძულებით მუშაობდა, დოსტოევსკი გეოგრაფ პეტრე სემიონოვ-ტიან-შანსკისა და ეთნოგრაფ ჩოკან ვალიხანოვს შეხვდა. 1854 წლის ნოემბერში ის ბარონ ალექსანდრ ვრანგელის შეხვდა — მისი წიგნების თაყვანისმცემელს, რომელიც ინსცენირებულ სიკვდილით დასჯის პროცესს ესწრებოდა. სახლს ორივე სემიპალატინსკს გარეთ ქირაობდა, „კოსაკის ბაღში“. ვრანგელის მას ასე აღწერდა: „დაღვრემილად გამოიყურებოდა. ავადმყოფური, ფერმკრთალი სახე ჭორფლებით ჰქონდა დაფარული, ქერა თმა კი მოკლედ ჰქონდა შეჭრილი. საშუალოზე ოდნავ მაღალი იყო, მკვეთრი, მონაცრისფრო-მოლურჯო თვალები ჰქონდა. თითქოს ის ჩემს სულში ჩახედვას და იმის ამოცნობას ცდილობდა, თუ რა კაცი ვიყავი“.[30][37][30]

სემიპალატინსკში დოსტოევსკიმ რეპეტიტორად დაიწყო მუშაობა რამდენიმე მოსწავლესთან და სოციალური კონტაქტი დაამყარა ზოგიერთ მაღალი კლასის ოჯახთან. ასე გაიცნო მან გენერალ-ლეიტენანტი ბელიხოვი, რომელიც მას ჟურნალებისა და გაზეთების საკითხავად ეპატიჟებოდა ხოლმე. ბელიხოვთან ვიზიტის დროს, დოსტოევსკი შეხვდა ალექსანდრ ივანოვიჩ ისაევისა და მარია დიმიტრიევნა ისაევას ოჯახს; სულ მალე მას მარია შეუყვარდა. ამასობაში ალექსანდრ ისაევმა კუზნეცკში ახალი თანამდებობა მიიღო, სადაც ის 1855 წლის აგვისტოში გარდაიცვალა. ამის შემდეგ მარია დოსტოევსკისთან ერთად ქალაქ ბარნაულში გადავიდა. ვრანგელის ხელით დოსტოევსკიმ წერილი გაუგზავნა გენერალ ედუარდ ტოტლებენს, რომელშიც ის ნანობდა უტოპისტთა წრეებში მის წარსულ საქმიანობას და შედეგად, 1856 წელს მან წიგნების გამოქვეყნებისა და ქორწინების უფლება მიიღო, თუმცა მთელი დარჩენილი ცხოვრება პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ იქნებოდა. 1857 წლის 7 თებერვალს, სემიპალატინსკში ის მარიაზე დაქორწინდა. 1859 წელს დოსტოევსკი სამხედრო სამსახურისგან გათავისუფლდა, რადგან ქორწინების შემდეგ ჯანმრთელობა გაუუარესდა. მან ასევე მიიღო რუსეთში დაბრუნების უფლება — პირველად ტვერში, სადაც ის ათი წლის უნახავ ძმას შეხვდა, — შემდეგ კი სანქტ-პეტერბურგში.[37][30]

 
დოსტოევსკი პარიზში (1863)

ჟურნალში გამოჩნდა დოსტოევსკის „პატარა გმირი“ (მისი ერთადერთი ნაშრომი, რომელიც ციხეში შექმნა), თუმცა 1860 წლამდე არ გამოქვეყნებულა „ბიძის ოცნება“ და „სტეპანჩიკოვის სოფელი“. 1860 წლის სექტემბერში ჟურნალ „რუსკი მირში“ დაიბეჭდა „მკვდარი სახლის ჩანაწერები“; ახალ ჟურნალ „ვრემიაში“ დაიბეჭდა „დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი“, აღნიშნული ჟურნალი მისი ძმის სიგარეტის ფაბრიკის ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა.[37][38][30]

1862 წლის 7 ივნისს დოსტოევსკი პირველად გაემგზავრა დასავლეთ ევროპის ქვეყნებში. ესტუმრა გერმანიის ქალაქებსკიოლნს, ბერლინს, დრეზდენს, ვისბადენს; შემდეგ კი ბელგიასა და პარიზს. ლონდონში ის შეხვდა მწერალ ალექსანდრე ჰერცენს, რომლისთვისაც დოსტოევსკი იყო „მიამიტი, ბოლომდე ამოუცნობი, მაგრამ ძალიან სასიამოვნი პიროვნება“.[39] ამის შემდეგ მან კრისტალის სასახლე მოინახულა. ლონდონის შემდეგ დოსტოევსკი სტრახოვთან ერთად შვეიცარიას ეწვია, ასევე მოინახულა ჩრდილოეთ იტალიის რამდენიმე ქალაქი, მათ შორის ტურინი, ლივორნო და ფლორენცია. „ზამთრის შთაბეჭდილებების ზაფხულის ჩანაწერებში“ ამ ქვეყნების შესახებ ის ძირითადად ნეგატიურ კომენტარებს აკეთებს, აკრიტიკებს კაპიტალიზმს, სოციალურ მოდერნიზაციას, მატერიალიზმს, კათოლიციზმსა და პროტესტანტიზმს.[38][30]

1863 წლის აგვისტოდან ოქტომბრამდე დოსტოევსკიმ დასავლეთ ევროპაში მეორე მოგზაურობა მოაწყო. პარიზში ის თავის მეორე სიყვარულს პოლინა სუსლოვას შეხვდა. ვისბადენსა და ბადენ-ბადენში მან კიდევ ერთხელ დაკარგა მთელი თავისი ფული აზარტულ თამაშებში. ამის შემდეგ მან ვრანგელს მისწერა და ფულის სესხება სთხოვა, სანაცვლოდ თავის შემდეგ რომანში მოხსენიებას დაჰპირდა. 1864 წელს ერთმანეთის მიყოლებით გარდაიცვალნენ მეუღლე მარია და ძმა, რის შედეგადაც დოსტოევსკი თავისი გერის — ფაშას და შემდეგ ძმის ოჯახის ერთადერთ პატრონად იქცა. მას შემდეგ, რაც წარუმატებლობა განიცადა ჟურნალმა „ეპოქამ“, რომელიც მან ძმასთან ერთად დაფუძნებულ ჟურნალ „ვრემიას“ აკრძალვის შემდეგ გამოუშვა, კიდევ უფრო გაუარესდა მისი ფინანსური მდგომარეობა. სრული გაკოტრებისგან დოსტოევსკი ახლობლებისა და მეგობრების დახმარებამ გადაარჩინა.[38][30]

მოგზაურობები

 
ანნა სნიტკინა

1866 წლის იანვარსა და თებერვალში პერიოდულ ჟურნალ „რუსეთის მოამბეში“ (Ру́сский ве́стник)[39] დაიბეჭდა დოსტოევსკის მეექვსე რომანის „დანაშაული და სასჯელის“ პირველი ორი თავი, რამაც ჟურნალს 500 ახალი გამომწერი შემატა.[40] დასრულებულ რომანს ასევე დიდი წარმატება ხვდა.

სექტემბრის შუა რიცხვებში დოსტოევსკი სანქტ-პეტერბურგში დაბრუნდა და თავის რედაქტორს, ფიოდორი სტელოვსკის დაჰპირდა, რომ ნოემბერში დაამთავრებდა რომან „მოთამაშეს“, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ერთი ხაზიც კი არ ჰქონდა დაწერილი. ერთ-ერთმა მეგობარმა, მულიკოვმა დოსტოევსკის მდივნის დაქირავება ურჩია. ამის შემდეგ დოსტოევსკი დაუკავშირდა სტენოგრაფისტ პაველ ოლხინს, რომელმაც მას თავისი შეგირდი ანნა სნიტკინა ურჩია. ამ თანამდებობაზე მუშაობა ანნამ 1866 წლის ოქტომბერში დაიწყო. იგი სტენოგრაფზე დოსტოევსკის ნაკარნახევ მოკლე რომან „მოთამაშეს“ კრეფდა. ეს რომანი ფოკუსირებული იყო აზარტულ თამაშებზე და მწერალმა ის სულ რაღაც 26 დღეში დაწერა, ისე, რომ 30 ოქტომბერს უკვე დასრულებული ჰქონდა.[41][30] დოსტოევსკისთან შეხვედრის შემდეგ, ანნა აღნიშნავდა, რომ „ის საშუალო სიმაღლის იყო და საოცრად გონებაგახსნილი. ჰქონდა ღია ყავისფერი, მოწითალო თმა, იყენებდა თმის რომელიღაც კონდიციონერს და გულმოდგინედ ივარცხნიდა. მისი განსხვავებული თვალები გაოცებას მგვრიდა, ერთი მუქი ყავისფერი იყო, მეორის გუგა კი იმხელა იყო (დაზიანებისგან), რომ ფერის გარჩევა შეუძლებელი იყო. თავისებური თვალები დოსტოევსკის იდუმალ გამომეტყველებას სძენდა. სახეზე ფერმკრთალი იყო, ავადმყოფურად გამოიყურებოდა...“[33]

 
ჰამბურგის სათამაშო დარბაზი

1867 წლის 15 თებერვალს, სანქტ-პეტერბურგის სამების ტაძარში დოსტოევსკიმ ანნა სნიტკინაზე იქორწინა. „დანაშაული და სასჯელიდან“ მიღებული 7 000 რუბლი საკმარისი არ აღმოჩნდა ვალების სრულიად დასაფარად, რამაც ანნას ზოგიერთი ნივთის გაყიდვა აიძულა. მიღებული ფულით 1867 წლის 14 აპრილს წყვილი გერმანიაში, დაგვიანებულ თაფლობის თვეში გაემგზავრა. თავდაპირველად ისინი ბერლინში გაჩერდნენ, შემდეგ კი დრეზდენის ნახატების გალერეას ესტუმრნენ, სადაც დოსტოევსკის წერის მუზა ეწვია. სამი კვირის შემდეგ ის ჰამბურგში გაემგზავრა, სადაც აზარტულ თამაშებში თავისი ცოლის მთელი ფული წააგო. შემდეგ მოგზაურობა განაგრძეს გერმანიის მასშტაბით; მოინახულეს ფრანკფურტი, დარმშტადტი, ჰაიდელბერგი და კარლსრუე, ბოლოს კი შვეიცარიაშიჟენევაში გაჩერდნენ. ბადენ-ბადენში ანნა ორსულად დარჩა. 1868 წლის 5 მარტს შეეძინათ პირველი შვილი, სონია. თუმცა, სამი თვის შემდეგ ბავშვი ფილტვების ანთებით გარდაიცვალა. 1868 წლის სექტემბერში დოსტოევსკიმ „იდიოტზე“ დაიწყო მუშაობა. მუშაობა იმდენად ენერგიული გამოდგა, რომ სულ რაღაც 23 დღეში 100 გვერდი დაწერა. ამის შემდეგ ცოლ-ქმარმა ჟენევა დატოვა და ვევეში გადავიდა, შემდეგ კი მილანში, სადაც მწერალი რომანის დასრულებას გეგმავდა. მილანში გატარებული შემოდგომის წვიმიანი თვეების შემდეგ, ისინი ფლორენციაში გაემგზავრნენ. 1869 წლის იანვარში, სწორედ აქ დაასრულა დოსტოევსკიმ „იდიოტი“ და ნაწილ-ნაწილ დაბეჭდა „რუსეთის მოამბეში“.[41][30]

 
დოსტოევსკის სამუშაო ადგილი სანქტ-პეტერბურგში

1869 წლის 26 სექტემბერს, დრეზდენში ანნას მეორე შვილი — ლიუბოვი შეეძინა. 1871 წლის აპრილში დოსტოევსკი უკანასკნელად ესტუმრა ვისბადენის აზარტული თამაშების დარბაზს. როგორც ანნა აღნიშნავდა, მეორე ქალიშვილის დაბადების შემდეგ დოსტოევსკიმ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების მკურნალობა დაიწყო, თუმცა სიმართლეა ეს თუ არა, დღემდე სპეკულაციის საგანია. თამაშების თავის დანებების მეორე მიზეზად თვლიან 1872-1873 წლებში გერმანიაში კაზინოების დახურვას[42][30] ან კიდევ ერთ სხვა ვერსიას, რომ თითქოს დოსტოევსკის სათამაშო დარბაზი სინაგოგაში აერია და სწორედ იქ შევიდა. ბიოგრაფი ჯოზეფ ფრანკი შენიშნავს, რომ დოსტოევსკიმ ეს ნიშნად აღიქვა რათა მეტი აღარ ეთამაშა.[43] 1869 წლის ნოემბერში, ანნას უმცროსმა ძმამ ივან სნიტკინმა, რომელიც მოსკოვში, პეტროვსკის სასოფლო-სამეურნეო აკადემიაში სწავლობდა, შეატყობინა, რომ სტუდენტებს შორის დიდი არეულობა ხდებოდა და ამ ამბავში ჩართული იყო მისივე კლასელი ივან ივანოვი, ყველაფრის თავი კი სერგეი ნეჩაევი იყო. მიხეილ ბაკუნინის „ევროპული რევოლუციური ალიანსის“ (ფრანგ. Alliance révolutionnaire européenne) გავლენის ქვეშ მყოფ ნეჩაევს ტერორისტული ორგანიზაცია ჩამოეყალიბებინა, რომელიც რამდენიმე ხუთკაციანი ჯგუფებისგან შედგებოდა. ბოლოს, როდესაც ივანოვმა საზოგადოება დატოვა, სხვა წევრებს შეეშინდათ, რომ ის ინფორმატორი გახდებოდა და 1869 წლის 21 ნოემბერს აკადემიის პარკთან მოკლეს. ამ ამბის მოსმენის შემდეგ, დოსტოევსკიმ „ეშმაკნის“ წერა დაიწყო.[41][43][30][36]

1871 წელს, დოსტოევსკი და ანნა მატარებლით ბერლინში გაემგზავრნენ. მგზავრობის დროს, მან მრავალი ხელნაწერი დაწვა, მათ შორის „იდიოტისთვის“ განკუთვნილი, რადგან მას საშინლად აწუხებდა კოსტიუმით გადაადგილება. 8 ივლისს ოჯახი სანქტ-პეტერბურგში დაბრუნდა, რითაც თაფლობის თვე დაასრულეს (რომელსაც თავდაპირველად სამთვიანს გეგმავდნენ), რომელიც ოთხ წელზე მეტი გაგრძელდა.[41][30]

რუსეთში დაბრუნება

1871 წლის ივლისში რუსეთში დაბრუნებული ოჯახი კვლავ ფინანსური პრობლემების წინაშე აღმოჩნდა და დარჩენილი ქონების გაყიდვას მიჰყო ხელი. გარდა ამისა, ანას მეორე მშობიარობა ახლოვდებოდა. 16 ივლისს მას ვაჟი, ფიოდორი შეეძინა. მისი დაბადებიდან სულ მალე, ისინი სხვა ბინაში, ტექნოლოგიური ინსტიტუტის სიახლოვეს გადავიდნენ. ოჯახი იმედოვნებდა, რომ პესკის სახლის გაყიდვით ვალებს მოიშორებდნენ, მაგრამ მოიჯარესთან შექმნილი პრობლემების გამო, ის საკმაოდ დაბალ ფასად გაყიდეს, კრედიტორებთან დავა კი კვლავ გრძელდებოდა. ანა მევალეებს ჰპირდებოდა, რომ მეუღლის ნაშრომების გაყიდვით სულ მალე მათ ფული გაუჩნდებოდათ და მიაღწია შეთანხმებას, რომ ვალებს ნელ-ნელა დაფარავდა.[43][30]

 
დოსტოევსკის აგარაკი სტარაია-რუსაში, რომელიც მან 1876 წელს იყიდა. ამჟამად სახლ-მუზეუმი.

დოსტოევსკის შესაძლებლობა მიეცა განეახლებინა მეგობრობა მაიკოვთან და სტრახოვთან, ასევე გაეცნო ახალი ადამიანები, მათ შორის მწერალი ვსევოლდ სოლოვიევი და მისი ძმა, ფილოსოფოსი ვლადიმერი, საეკლესიო პოლიტიკოსი ტერტი ფილიპოვი და კონსტატნინ პობედონოსცევი — უწმინდესი სინოდის მომავალი უმაღლესი საიმპერიო წევრი, რომელმაც გავლენა მოახდინა დოსტოევსკის პოლიტიკური შეხედულებების კონსერვატიზმისკენ გარდასახვაში. 1872 წლის დასაწყისში, დოსტოევსკიმ რამდენიმე თვე მინერალური წყლებით ცნობილ კურორტ სტარაია-რუსაში გაატარა. მომდევნო რომანზე მუშაობა რამდენიმე თვით გადაიდო, რადგან 1872 წლის 1 მაისს, ტიფისა და მალარიისგან[44] რომში გარდაიცვალა ანნას და, მარია სვატკოვსკაია, თავად ანნას კი ყელში ჩირქგროვა განუვითარდა.[43][30]

 
დოსტოევსკი 1876 წელს

1872 წლის სექტემბერში ოჯახი სანქტ-პეტერბურგში დაბრუნდა. ამავე წლის 26 ნოემბერს დოსტოევსკიმ დაასრულა რომანი „ეშმაკნი“, რომელიც იანვარში მისი და თავის მეუღლის მიერ დაარსებულ „დოსტოევსკი პრესში“ დაიბეჭდა. ისინი იხდიდნენ გადასახადებს, წიგნის მაღაზია კი საკუთარ ბინაში მოაწყვეს; ბიზნესი წარმატებული გამოდგა: „ეშმაკნის“ დაახლოებით 3 000 ასლი გაიყიდა. ფინანსურ საკითხებს ანნა განაგებდა. დოსტოევსკიმ მას შესთავაზა დაეარსებინათ ახალი პერიოდული გამოცემა „მწერლის დღიური“, სადაც თავს მოიყრიდა ესსების კოლექცია, მაგრამ სახსრების არქონის გამო, ეს ვერ მოხერხდა და ესსების დაბეჭდვა 1 იანვარიდან ვლადიმერ მეშჩერსკის „მოქალაქეში“ დაიწყო, საიდანაც მწერალს ხელფასის სახით წელიწადში 3 000 რუბლი ერგებოდა. 1873 წლის ზაფხულში, ანნა ბავშვთან ერთად კვლავ სტარაია-რუსაში გაემგზავრა, დოსტოევსკი კი სანქტ-პეტერბურგში დარჩა და თავის დღიურს აგრძელებდა.[43][30]

1874 წლის მარტში, დოსტოევსკიმ „მოქალაქე“ დატოვა. მიზეზი სამუშაოს სტრესული გარემო და რუსული ბიუროკრატიის მხრიდან ხელის შეშლა იყო. ამ გამოცემასთან 15-თვიანი თანამშრომლობის მანძილზე, ის ორჯერ წაიყვანეს სასამართლოში: პირველად 1873 წლის 11 იანვარს, თავადი მეშჩერსკის სიტყვების ციტირებისთვის ნებართვის გარეშე და მეორედ 1874 წლის 23 მარტს. დოსტოევსკიმ „რუსეთის მოამბეს“ შესთავაზა ეყიდა მისი ახალი რომანი, რომელიც ჯერ დაწყებულიც არ ჰქონდა, თუმცა გამოცემამ ის იძვირა და უარი თქვა. ნიკოლოზ ნეკრასოვმა მას „მწერლის დღიურის“ გამოქვეყნება შესთავაზა „სამშობლოს დღიურებში“, სადაც თითოეული ნომრიდან 250 რუბლს მიიღებდა, 100-ით მეტს, ვიდრე „რუსეთის მოამბისგან“. ამასობაში დოსტოევსკის ჯანმრთელობა გაუარესდა და ფილტვების დაავადების პირველი სიმპტომებიც გამოუვლინდა. კონსულტაციებისთვის მან სანქტ-პეტერბურგის რამდენიმე ექიმს მიმართა და ბოლოს სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაწყვიტა წასვლა. ივლისსში ის ემსში გაემგზავრა, სადაც ერთ-ერთმა ექიმმა ლორწოვანი გარსის ანთების დიაგნოზი დაუსვა. სამკურნალო კურორტზე ყოფნის დროს, მან „ყმაწვილზე“ მუშაობა დაიწყო, ივლისის ბოლოს კი სანქტ-პეტერბურგში დაბრუნდა.[43][30]

ზამთრის გატარებას ფიოდორს ცოლი სტარაია-რუსაში სთავაზობდა, რათა სრულიად დაესვენა სამუშაოსგან, თუმცა ექიმის რჩევა იყო ამ პერიოდში მეორედ ჩასულიყო ემსში ჯანმრთელობის გასაკონტროლებლად. 1875 წლის 10 აგვისტოს სტარაია-რუსაში დაიბადა მისი ვაჟი ალექსი. სექტემბრის შუა რიცხვებში ოჯახი სანქტ-პეტერბურგში დაბრუნდა. ამავე წლის მიწურულს, დოსტოევსკიმ „ყმაწვილზე“ მუშაობა დაასრულა, თუმცა მისი ზოგიერთი ნაწყვეტი ჯერ კიდევ იანვრიდან „სამშობლოს დღიურებში“ უკვე ჰქონდა გამოქვეყნებული. „ყმაწვილი“ აღწერს 19 წლის ინტელექტუალის, არკადი დოლგორუკის ცხოვრებას, რომელიც ქალების მოყვარული კონტროვერსიალისტი მიწის მესაკუთრის, გვარად ვერსილოვისა და გლეხი ქალის ვაჟი იყო. რომანის მთავარი თემაა გამუდმებული კამათი მამასა და შვილს შორის, ძირითადად განსხვავებული იდეოლოგიის გამო, რაც საყოველთაოდ მიღებული კამათის თემა იყო 1840-იან წლებში და ახალი ნიჰილისტური ხედვა 1860-იანი წლების რუსეთის ახალგაზრდობაში.[43][30]

ბოლო წლები

1876 წელს დოსტოევსკიმ თავის დღიურზე მუშაობა განაგრძო. წიგნში შედიოდა მისი კლასიკური ნაშრომები, თხზულებები, სკეტჩები, ესკიზები, წერილები და ავტოგრაფები, რომლებიც ეხებოდა მრავალ განსხვავებულ სოციალურ, რელიგიურ, პოლიტიკურ და ეთიკურ თემებს. ესსეების აღნიშნული კოლექცია იმაზე ორჯერ მეტი რაოდენობის გაიყიდა, ვიდრე მისი წინა წიგნები. დოსტოევსკი მკითხველთაგან უფრო და უფრო მეტ წერილს იღებდა, ვიდრე ოდესმე, მასთან სტუმრად მიდიოდა ყველა ასაკის ხალხი. ანნას ძმის წყალობოთ, ოჯახმა ბოლოს და ბოლოს შესძლო სტარაია-რუსაში აგარაკის შეძენა. 1876 წლის ზაფხულში დოსტოევსკის კვლავ სუნთქვის შეკვრის პრობლემამ შეახსენა თავი. სამჯერ ესტუმრა ემსში ექიმს, რომელმაც 15 წლის სიცოცხლის გარანტია მისცა, თუ საცხოვრებლად სხვაგან, უფრო ჯანსაღი კლიმატის მქონე ადგილზე გადავიდოდა. როდესაც დოსტოევსკი რუსეთში დაბრუნდა, მეფე ალექსანდრე მეორემ მას სასახლეში სტუმრობა და დღიურის წარდგენა უბრძანა, ამავე დროს, მისი ვაჟების — სერგეისა და პაულის აღზრდა სთხოვა. ამ ვიზიტმა მწერლის სანაცნობო წრე კიდევ უფრო გააფართოვა. იგი ხშირად სტუმრობდა სანქტ-პეტერბურგის სხვადასხვა სალონებს, სადაც მრავალ ცნობილ ადამიანს ხვდებოდა, მათ შორის იყვნენ თავადი სოფია ტოლსტაია, პოეტი იაკობ პოლონსკი, პოლიტიკოსი სერგეი ვიტე, ჟურნალისტი ალექსი სუვორინი, მუსიკოსი ანტონ რუბინშტეინი და მხატვარი ილია რეპინი.[43][30]

 
დოსტოევსკის უკანასკნელი ფოტო, სიკვდილამდე 6 თვით ადრე გადაღებული

დოსტოევსკის ჯანმრთელობა კიდევ უფრო უარესდებოდა და 1877 წლის მარტში მას ოთხი ეპილეფსიური შეტევა დაემართა. ნაცვლად ემსში ექიმთან წასვლისა, მან კურსკის სიახლოვეს, მალი-პრიკოლის მამულში გამგზავრება გადაწყვიტა. უკან, სანქტ-პეტერბურგისკენ მომავალ გზაზე, თავის დღიურის დასასრულებლად დაროვოეში შევლა გადაწყვიტა, იქ, სადაც ბავშვობის დიდი ნაწილი გაატარა. დეკემბერში დაესწრო ნეკრასოვის დაკრძალვას, სადაც სიტყვაც წარმოთქვა. ის ასევე დაინიშნა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო წევრად. 1878 წელს დოსტოევსკიმ მოხსენება გააკეთა ვლადიმერ სულოვიევის „ღმერთკაცზე“. ამ ავტორის პერსონაჟად ჩართვას ის მომდევნო რომანში გეგმავდა. 1879 წელს მწერალმა აკადემიისგან საპატიო სერტიფიკატი მიიღო. მან უარი თქვა პარიზში საავტორო უფლებების შესახებ გასამართი კონგრესიდან მოწვევაზე, რადგან მის ვაჟს ალიოშას უმძიმესი ეპილეფსიური შეტევა დაემართა და 16 მაისს გარდაიცვალა. ამის შემდეგ ოჯახი საცხოვრებლად იმ ბინაში გადავიდა, სადაც დოსტოევსკიმ პირველი ნამუშევრები დაწერა. ამავე პერიოდში ის არჩეულ იქნა სანქტ-პეტერბურგის სლავიკ-ბენევოლენის საზოგადოების დირექტორთა საბჭოს წევრად, ზაფხულში კი აირჩიეს ლიტერატურისა და ხელოვნების საერთაშორისო ასოციაციის (ფრანგ. Association Littéraire et Artistique Internationale) კომიტეტში, რომლის წევრებიც ასევე იყვნენ ვიქტორ ჰიუგო, ივანე ტურგენევი, პაულ ფონ ჰაიზე, ალფრედ ტენისონი, ენტონი ტროლოპი, ჰენრი უოდსუორთ ლონგფელო, რალფ უოლდო ემერსონი და ლევ ტოლსტოი. 1879 წლის აგვისტოს დასაწყისში, დოსტოევსკი ემსს უკანასკნელად ეწვია. როგორც დიაგნოზიდან ირკვეოდა, მას ფილტვების ემფიზემის ადრეული სტადია სჭირდა. ექიმი დარწმუნებული იყო, რომ მიუხედავად დაავადების განუკურნებლობისა, მწერალი მას დაამარცხებდა.[43][30]

 
დოსოტევსკის დაკრძალვა.
 
დოსოტევსკის საფლავი ალექსანდრე ნეველის ლავრაში, ტიხვინის სასაფლაოზე.

1880 წლის 3 თებერვალს, დოსტოევსკი სლავიკ-ბენევოლენის საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე იქნა არჩეული და სიტყვის წარმოსათქმელად მიიწვიეს მოსკოვში, პუშკინის სამახსოვრო იუბილეზე. დოსტოევსკიმ თავისი შთამბეჭდავი სიტყვა იუბილედან ორი დღის შემდეგ, დიდ ოთახში წარმოსთქვა, რამაც საკმაოდ ვრცელ დამსწრე აუდიტორიაზე განსაკუთრებული ზემოქმედება მოახდინა. სიტყვას მქუხარე აპლოდისმენტები მოჰყვა; შთაბეჭდილება იმდენად ძლიერი იყო, რომ მას დიდი ხნის მეტოქე, ივანე ტურგენევიც კი გადაეხვია. თუმცა, დოსტოევსკის გამოსვლა შემდეგში რამდენიმე ადამიანმა გააკრიტიკა. მაგალითად, ლიბერალური პოლიტიკის მეცნიერმა ალექსანდრე გრადოვსკიმ აღნიშნა, რომ ამ მოხსენებით მწერალმა ხალხი მოაჯადოვა,[34] კონსერვატორმა მოაზროვნე კონსტანტინ ლეონტიევმა კი თავის ესსეში „უნივერსალურ სიყვარულზე“ ეს მოხსენება ფრანგულ უტოპიურ სოციალიზმს შეადარა.[34] მწერალმა კონსტანტინ სტანიუკოვიჩმა ჟურნალ „საქმეში“ გამოაქვეყნა ესსე „პუშკინის იუბილე და დოსტოევსკის მოხსენება“, სადაც ის მწერალს აქებდა „დოსტოევსკის ენა ნამდვილი ქადაგებასავითაა. ის ლაპარაკობს წინასწარმეტყველის ტონში. ისე ქადაგებს, როგორც მღვდელი; ძალიან ღრმაა, გულწრფელი და ჩვენ გვესმის, რომ მას მსმენელების განცვიფრება სურდა“.[33] მოხსენებაზე კიდევ რამდენიმე შემდგომმა შემოტევამ დოსტოევსკის ჯანმრთელობაზე ცუდად იმოქმედა.[43][30]

 
„ისე გამოიყურებოდა, თითქოს ეძინა. მშვიდად იღიმოდა, თითქოს რაღაც მშვენიერს ხედავდა“
– ლიუბოვ დოსტოევსკაია[30]

25 იანვარს, მეფის საიდუმლო პოლიციამ, რომელიც ტერორისტული ორგანიზაცია „ნაროდნაია ვოლვას“ (ხალხის მომავალი) წევრებს ეძებდა, რომელთაც მეფე ალექსანდრე II მოკლეს, შესაბამისი ორდერის საფუძველზე დოსტოევსკის ერთ-ერთი მეზობლის ბინა გაჩხრიკა. ანნამ უარყო, რომ მეორე დღეს, 26 იანვარს დოსტოევსკის ფილტვებიდან სისხლდენის მიზეზი სწორედ ეს ფაქტი შეიძლებოდა გამხდარიყო და ამბობდა, რომ ეს მაშინ მომხდარიყო, როდესაც მისი ქმარი დავარდნილი კალმის აღებას ცდილობდა. ერთ-ერთი ვერსიით, სისხლდენის მიზეზი შესაძლოა ასევე გამხდარიყო დოსტოევსკის გაცხარებული კამათი თავის დასთან — ვერასთან, დეიდამის ალექსანდრა კუმანინას მამულთან დაკავშირებით, რომელზეც მათ შეთანხმება ჰქონდათ მიღწეული ჯერ კიდევ 1879 წლის 30 მარტს, თუმცა ვერამ 24 ივლისს ის სანქტ-პეტერბურგის საქალაქო სასამართლოში გააპროტესტა.[33][34] საგულისხმოა, რომ ამ მამულის 185 დესტინ (202 ჰა) ტყესა და 92 დესტინ სახნავ-სათეს მიწას მოგვიანებით ანნა ითხოვდა.[34] მომდევნო სისხლდენის დროს ანნამ ექიმი გამოიძახა, რომელმაც საზარელი დიაგნოზი დასვა. სულ ცოტა ხანში მეორეს მესამე სისხლდენა მოჰყვა.[43][30]

დოსტოევსკის ბოლო სიტყვებს შორის იყო მათეს სახარების 3:14 „როცა იგი იოანესთან მივიდა, მან ჰკითხა: „მე მმართებს შენგან მონათვლა და შენ მოდიხარ ჩემთან?“ იესომ კი უპასუხა: „დე, ასე იყოს ახლა, რადგან ჩვენ გვმართებს აღვასრულოთ მთელი სიმართლე“, ბოლოს კი დაასრულა: „უსმინეთ — საშუალება მიეცით. არ შემაკავოთ!“.[30]

რუსული ჩვეულების თანახმად, მისი ცხედარი მაგიდაზე დაასვენეს. დოსტოევსკი დაკრძალეს ალექსანდრე ნეველის ლავრაში, ტიხვინის სასაფლაოზე, მისი საყვარელი პოეტების — ნიკოლოზ კარმაზინისა და ვასილი ჟუკოვსკის გვერდით. დანამდვილებით არაა ცნობილი თუ რამდენი ადამიანი ესწრებოდა მის დაკრძალვას. ერთ-ერთი რეპორტიური ამტკიცებს, რომ ცერემონიას 100 000 ადამიანი ესწრებოდა, სხვები კი ამ რიცხვს 40 000 — 50 000-ს შორის ვარაუდობენ. მისი საფლავის ქვას ქრისტეს შემდეგი სიტყვები ამშვენებს ახალი აღთქმიდან:[43][30]

„ამენ, ამენ გეტყვი თქვენ: უკეთუ არა მარცვალი იფქლისაჲ დავარდეს ქვეყანასა და არა მოკვდეს, იგი მარტოი ხოლო ეგოს; ხოლო უკეთუ მოკვდეს, მრავალი ნაყოფი გამოიღოს“ — იოანეს სახარება, 12:24

სასიყვარულო ურთიერთობები

დოსტოევსკის პირველი ცნობილი სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა ავდოტია იაკოვლევასთან, რომელსაც 1840-იან წლებში პანაიევის ჯგუფში შეხვდა. მწერალი მას აღწერს როგორც განათლებულს, ლიტერატურაში დაინტერესებულს, საბედისწერო ქალს.[30] თუმცა, მოგვიანებით დოსტოევსკი აღნიშნავდა რომ ის არ იყო დარწმუნებული მათ ურთიერთობაში.[45] როგორც მისი ქალიშვილი, ლიუბოვ დოსტოევსკაია თავის მემუარებში აღნიშნავს, ერთხელ დოსტოევსკის თავისი დის რძლისთვის — ელენა ივანოვნასთვის ცოლობა უთხოვია, მას შემდეგ რაც სიკვდილის პირას მყოფი მისი ავადმყოფი ქმარი გარდაიცვლებოდა, თუმცა ელენას ამ შეთავაზებაზე უარით უპასუხია.[33]

კიდევ ერთი მოკლე, მაგრამ ინტიმური ურთიერთობა დოსტოევსკის პოლინა სუსლოვასთან ჰქონდა, რამაც პიკს 1862–1863 წლის ზამთარში მიაღწია, შემდეგ წლებში კი შენელდა. გვიან გაზაფხულზე სუსლოვა ერთ ესპანელთან ერთად გამოჩნდა, დოსტოევსკის აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებამ და ასაკმა კი საბოლოოდ განაპირობა მათი ურთიერთობის გაწყვეტა. მოგვიანებით, ნადეჟდა სუსლოვასთვის მიწერილ წერილში დოსტოევსკი მას შემდეგნაირად ახასიათებს: „დიდი ეგოისტი. მისი ეგოიზმი და პატივმოყვარეობა უზარმაზარია. ის ყველასგან ყველაფერს ითხოვს, ყველაფერს სრულყოფილს და არ პატიობს ოდნავ ნაკლსაც კი მრავალი ღირსების გვერდით, რაც კი შეიძლება სხვას ჰქონდეს“; ბოლოს კი ამბობს „მე ის ჯერ კიდევ მიყვარს, მაგრამ არ მინდა მიყვარდეს. ის ამ სიყვარულს არ იმსახურებს...“[33] დაახლოებით ამავე პერიოდში ტუბერკულოზისგან გარდაიცვალა მისი პირველი ცოლი მარია დოსტოევსკაია, ქალიშვილობის გვარით ისაევნა. თავის დროზე, ცოლობის შეთავაზებას მარიამ უარით უპასუხა, რადგან მიაჩნდა, რომ ერთმანეთის შესაფერისნი არ იყვნენ, მთავარ მიზეზად კი დოსტოევსკის ცუდი ფინანსური მდგომარეობა დაასახელა. როდესაც მოგვიანებით დოსტოევსკი ქალაქ კუზნეცკში გაემგზავრა, აღმოაჩინა, რომ მარიას რომანი ჰქონდა სკოლის 24 წლის მასწავლებელ ნიკოლაი ვერგუნოვთან. მიუხედავად ამისა, 1857 წლის 7 თებერვალს, ქალაქ სემიპალატინსკში მარია მწერალს ცოლად მაინც გაჰყვა. მათი ოჯახური ცხოვრება ბედნიერი არ იყო, მარიასთვის აუტანელი აღმოჩნდა ქმრის ეპილეფსიურ შეტევებთან გამკლავება. მათი ურთიერთობის აღწერისას, დოსტოევსკი წერს: „მისი უცნაური, ეჭვიანი და წარმოსახვითი ხასიათის წყალობით, ჩვენ ერთად ბედნიერნი არ ვიყავით, მაგრამ უძლურნი ვიყავით ჩაგვეცხრო ერთურთის სიყვარული; უცნაურია, მაგრამ რაც უფრო მეტად უბედურნი ვხდებოდით, ერთმანეთისადმი დამოკიდებულება კიდევ უფრო მეტად იზრდებოდა“. ისინი ძირითადად ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ.[33][37][30] 1858 წელს დოსტოევსკიმ რომანი გააბა კომედიურ მსახიობ ალექსანდრა ივანოვნა შუბერტთან. როგორც დოსტოევსკის ერთ-ერთი მეგობარი სტეფან იანოვსკი აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი ქმართან გაყრილი იყო, მას მაინც არ სურდა მწერლის ერთგული დარჩენილიყო. დოსტოევსკის ის ოდნავაც არ უყვარდა, მაგრამ ისინი ნამდვილად კარგი მეგობრები იყვნენ. როგორც ქალი ამბობდა, მწერალს ის ძალიან იზიდავდა.[38][36]

„ეპოქის“ თანამშრომელი ერთი მუშისგან დოსტოევსკიმ წარმოშობით რუსი მარტა ბრაუნი (ელიზავეტა ანდრეევნა ჩლებნიკოვა) გაიცნო, რომელსაც სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა რამდენიმე ევროპელ მამაკაცთან. ის ლა-მანშის სრუტეში მდებარე კუნძულ გერნზიზე ცხვრობდა მეთოდისტ მღვდელთან, სადაც გვარად „ბრაუნი“ დაირქვა; მღვდელთან განშორების შემდეგ ის რუსეთში დაბრუნდა. დოსტოევსკისთან მისი ურთიერთობის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი, შემორჩენილია მხოლოდ 1864 წლის ნოემბრიდან 1865 წლის იანვრამდე არსებული მათი მიმოწერა.[39][34] 1865 წელს დოსტოევსკი ანნა კორვინ-კრუკოვსკაიას შეხვდა. მათი ურთიერთობა ბოლომდე გარკვეული არ იყო: მიუხედავად იმისა, რომ ანნა დოსტოევსკაიას აზრით მათ რომანი ჰქონდათ, ქალის და, მათემატიკოსი სოფია კოვალევსკაია მიიჩნევს, რომ ანნამ დოსტოევსკი ნახვისთანავე უარყო.[46] 1866 წელს დოსტოევსკის საკუთარი სტენოგრაფისტი — ანნა სნიტკინა შეუყვარდა: „ძალიან ახალგაზრდა და კარგი გამომეტყველების ოცი წლის ქალი უიშვიათესი გულით... ვამჩნევდი, რომ ჩემს სტენოგრაფისტს გულწრფელად ვუყვარდი, მიუხედავად იმისა, რომ ამაში არ გამომტყდომია. ჩემი მხრივ კი ის უფრო და უფრო მეტად მომწონდა.“ საბოლოოდ, წყვილმა იქორწინა.[33]

შეხედულებები

პოლიტიკური

 
ლონდონის კრისტალის სასახლეს დოსტოევსკი ახასიათებდა როგორც მატერიალიზმისა და ინდუსტრიალიზაციის სიმბოლოს, რასაც ის აღწერს ნაშრომებში „დანაშაული და სასჯელი“ და „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“.[47][48]

ახალგაზრდობაში, დოსტოევსკი თავს იქცევდა ნიკოლოზ კარამზინის „რუსეთის სახელმწიფოს ისტორიის“ კითხვით, რომელიც ადიდებდა რუსეთის კონსერვატიზმსა და დამოუკიდებლობას სხვა ქვეყნებისგან, ეს ის იდეები იყო, რომლებიც დოსტოევსკიმ მოწიფულობაში აიტაცა და განავითარა. სანამ 1849 წელს პატრაშეველთა დაჯგუფების წევრობისთვის დააკავებდნენ, დოსტოევსკი შენიშნავდა: „რამდენადაც უფრო ვუღრმავდები, მით უფრო ვხვდები, რომ არაფერი ყოფილა იმაზე სასაცილო, ვიდრე იდეა, რომ რუსეთში რესპუბლიკური წყობა დამყარებულიყო“. მისი დღიურების 1881 წლის გამოცემაში დოსტოევსკის მოჰყავდა სიტყვები, რომ მეფემ (ცარმა) და ხალხმა უნდა შექმნან ერთობა: „ხალხისთვის მეფე არაა მხოლოდ გარეგნული ხელისუფალი, არც რაიმეს დამპყრობელი ძალაუფალი... ის ყველა ადამიანის მბრძანებელია, ყოვლისგამაერთიანებელი ის ძალაუფლება, რაც თავად ხალხს სურს“.[34]

მიუხედავად იმისა, რომ ბატონყმობას ყოველთვის აკრიტიკებდა, დოსტოევსკი კონსტიტუციის შექმნას მაინც სკეპტიკურად უყურებდა, მიაჩნდა, რომ ეს კონცეფცია არ იყო დაკავშირებული რუსეთის ისტორიასთან, მას უბრალო „ჯენტლმენების მმართველობას“ უწოდებდა და სჯეროდა, რომ კონსტიტუცია ხალხს უბრალოდ დაიმონებდა“. ნაცვლად ამისა, ის მხარს უჭერდა სოციალურ ცვლილებებს, კავშირის დამყარებას გლეხობასა და მდიდრართა კლასს შორის. დოსტოევსკის სჯეროდა უტოპიურ ქრისტიანობაზე მოქცეული რუსეთის, სადაც „თუ ყველა აქტიური ქრისტიანი იქნებოდა, არ წარმოიშვებოდა არც ერთი სოციალური თემატიკის კითხვა. თუ ყველა ქრისტიანი იქნებოდა, ისინი ყველაფერს გაუმკლავდებოდნენ“.[34] მწერალი დემოკრატიასა და ოლიგარქიას უხეირო სისტემებად მიიჩნევდა და თვალსაჩინოებისთვის მოჰყავდა საფრანგეთში იმჟამად მიმდინარე მოვლენები: „ოლიგარქებს მხოლოდ ავლადიდებისკენ მიმავალი ინტერესები ამოძრავებთ, დემოკრატებს კი მხოლოდ ღარიბ-ღატაკების, მაგრამ მთლიანი საზოგადოებისა და საფრანგეთის მომავლის ინტერესი, არც ერთ მათგანს არ გააჩნია“.[34] იგი მაინც იმ აზრზე რჩებოდა, რომ პოლიტიკური პარტიები საბოლოო ჯამში სოციალურ უთანხმოებას უწყობდნენ ხელს. 1860-იან წლებში მან აღმოაჩინა „პოჩვენიჩესტვო“, სლავოფილიზმის მსგავსი მოძრაობა, რომელიც უარყოფდა ევროპის კულტურას თანამედროვე ფილოსოფიურ მიმდინარეობებს, მათ შორის ნიჰილიზმსა და მატერიალიზმს. მიუხედავად ამისა, სლავოფილიზმისგან განსხვავებით, ეს მოძრაობა არ მოიაზრებდა რუსეთის იზოლირებას, თუმცა მათ ქვეყანა პეტრე დიდის სახელმწიფოზე უფრო გახსნილი წარმოედგინათ.[34]

თავის დაუსრულებელ სტატიაში „სოციალიზმი და ქრისტიანობა“ დოსტოევსკი მიიჩნევს, რომ ცივილიზაცია („მეორე საფეხური კაცობრიობის ისტორიაში“) დეგრადირებული იყო, მიექანებოდა ლიბერალიზმისკენ და ღვთის რწმენას კარგავდა. ამტკიცებდა, რომ ქრისტიანობის ტრადიციული კონცეფცია ამის გამო ხელახლა უნდა აღდგენილიყო. თანამედროვე დასავლეთ ევროპას იგი შემდეგნაირად ახასიათებდა: „უარყვეს გადარჩენის ერთადერთი ფორმულა, რომელიც ღმერთისგან მოდიოდა და ხსნად ჰუმანურობას აცხადებენ, „შენ ის გიყვარს როგორც საკუთარი თავი“ — ეს მცნება ჩაანაცვლეს უფრო პრაქტიკული დასკვნით chacun pour soi et Dieu pour tous („ყველა თავისთვის და ღმერთი ყველასთვის“) ანდა სხვა მეცნიერული სლოგანებით, მაგალითად „ბრძოლა გადარჩენისთვის“.[34] ეს კრიზისი საზოგადოებრივი და ინდივიდუალური ინტერესების შეჯახების შედეგი იყო, რაც რელიგიური და მორალური პრინციპების დასუსტების შედეგად იყო წარმოშობილი.

დოსტოევსკი ასევე განასხვავებდა იმ დროს გაბატონებულ სამ „უზარმაზარ მსოფლიო იდეას“: კათოლიციზმს — რომელიც რომის იმპერიის ტრადიციებს აგრძელებდა და შესაბამისად ანტი-ქრისტიანული და პროტო-სოციალური გამხდარიყო; ეკლესიის ჩარევას პოლიტიკურ და საერო საქმეებში ის ქრისტეს იდეებს მიღმა გადაესროლა. დოსტოევსკისთვის სოციალიზმი იყო „კათოლიკური იდეის ყველაზე ბოლო ინკარნაცია“ და მისი „ბუნებრივი მოკავშირე“; პროტესტანტიზმს — რომელიც მიუხედავად იმისა, რომ კონფლიქტში იყო კათოლიციზმთან, სრულებით არ იყო მასზე უკეთესი, რადგან მისი დოქტრინა შეუსაბამო იყო საკუთარ თავთან და საბოლოოდ კარგავდა ძალაუფლებასა და სულიერებას; და რუსულ ან სლავურ იდეას — რაც მყარად იდგა რუსულ მართლმადიდებლობაზე, რასაც დოსტოევსკი ქრისტიანობის იდეალურ შტოდ მიიჩნევდა.

რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს (1877–1878) დოსტოევსკი ამტკიცებდა, რომ ომი აუცილებლობა იყო თუ გადარჩენა გარანტირებული იქნებოდა. მას მუსლიმური ოსმალეთის იმპერიის გაქრობა და ქრისტიანული ბიზანტიის იმპერიის გაცოცხლება სურდა. გარდა ამისა, ის ბალკანეთის სლავების გათავისუფლებას და მათ რუსეთის იმპერიაში გაერთიანებას იმედოვნებდა.[34]

დოსტოევსკი ზოგან ანტისემიტურ გრძნობებს გამოხატავდა, რაც ჩართულია „დღიურებში“, თუმცა ამავე დროს მხარს უჭერდა ებრაელი ხალხის უფლებებს. ჯოზეფ ფრანკის წიგნ „წინასწარმეტყველის მოსასხამის“ მიმოხილვისას ბრიტანელი ისტორიკოს ორლანდო ფიგზი შენიშნავს, რომ მწერლის დღიური „სავსეა პოლიტიკით, ლიტერატურული კრიტიციზმით, რუსეთის იმპერიის ღირსებების პან-სლავური ღვარძლიანი კრიტიკით და წარმოადგენს მთავარ გამოწვევას დოსტოევსკის თაყვანისმცემლისთვის, სულ ცოტა თუნდაც იმისთვის, თუ რამდენად ხშირად გამოხატავს ის ანტისემიტიზმს“.[49] დეივიდ გოლდშტაინის წიგნ „დოსტოევსკი და ებრაელებისთვის“ გაკეთებულ წინასიტყვაობაში ფრანკი ცდილობს დოსტოევსკი დახატოს როგორც იმ დროის პროდუქტი, შენიშნავს რა, რომ მართალია დოსტოევსკი ანტისემიტურ შენიშვნებს აკეთებდა, მაგრამ ეს თეზისები მხოლოდ მათ ეხებოდათ, რომლებთანაც მწერალი თავს ბოლომდე კომფორტულად ვერ გრძნობდა.[50]

მიუხედავად ამისა, დოსტოევსკი მხარს უჭერდა რუსი ებრაელების თანასწორუფლებიანობას, რაც იმ პერიოდის რუსეთში არაპოპულარული პოზიცია იყო. მწერალი აცხადებდა, რომ მას არ სძულდა ებრაელები და არ იყო ანტისემიტი. ის საუბრობდა ებრაელი ხალხის პოტენციურ ნეგატიურ გავლენაზე, მაგრამ მაინც ურჩევდა რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე II-ს ნება დაერთო მათთვის რუსეთის საზოგადოებაში დაეკავებინათ გავლენიანი პოზიციები, მაგალითად პროფესორის პოსტები უნივერსიტეტებში. დოსტოევსკისთვის ანტისემიტის ნიშნის მიწებება არ მოდიოდა თანხვედრაში მის სურვილთან მშვიდობიანად შერიგებულიყვნენ ებრაელები და ქრისტიანები კაცობრიობის ერთ უნივერსალურ ძმობაში.[51]

რელიგიური

 
ახალი აღთქმა, რომელიც დოსტოევსკის 1850 წელს აჩუქეს, გაციმბირებამდე სულ ცოტა ხნით ადრე.

დოსტოევსკი „ღვთისმოსავი რუსული ოჯახიდან“ იყო და სახარებას „თითქმის აკვნიდან ეცნობოდა“.[52] ქრისტიანობას გაეცნო იოჰან ჰიუბნერის „ძველი და ახალი აღთქმის ას ოთხი წმინდა ისტორია ბავშვებისთვის“ (ნაწილობრივ გერმანული საბავშვო ბიბლია და ნაწილობრივ კატეხიზმო) რუსული თარგმანით.[30][52][53] ღრმა ბავშვობიდანვე ყოველ კვირა დღეს ესწრებოდა წირვას და ყოველწლიურად მიდიოდა წმინდა სერგის სამების ლავრის მოსალოცად.[30] გარდა სახლისა, დოსტოევსკი სულიერად ასევე იზრდებოდა დიაკონთან, რომელიც მის მახლობლად ცხოვრობდა.[53] მისი ბავშვობის ყველაზე სათუთ მოგონებებს შორის იყო ის ლოცვები, რომლებსაც სტუმრების წინაშე წარმოთქვამდა, ასევე იობის წიგნის კითხვა, რომელმაც მასზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მთლად ბავშვი იყო.[39]

სამხედრო აკადემიის ერთ-ერთი ოფიცერის თანახმად, დოსტოევსკი უკიდურესად რელიგიური იყო, მისდევდა მართლმადიდებელი ეკლესიის პრინციპებს და რეგულარულად კითხულობდა სახარებასა და ჰენრიხ შოკეს Die Stunden der Andacht-ს („ღვთისმოსაობის საათები“), რომელიც ქადაგებდა „ქრისტიანობის სენტიმენტალურ ვერსიას, დოგმატიკური შინაარსისგან სრულიად თავისუფალს, განსაკუთრებით უსვამდა ხაზს ქრისტიანულ სიყვარულსა და სოციალურ გულმოდგინეობას“. შესაძლოა სწორედ ამ წიგნმა მისცა ბიძგი მის შემდგომ დაინტერესებას ქრისტიანული სოციალიზმით.[53] ჰოფმანის, ბალზაკის, სიუესა და გოეთეს ლიტერატურის მეშვეობით დოსტოევსკიმ შექმნა საკუთარი რწმენათა სისტემა, რაც წააგავდა რუსულ სექტარიანიზმსა და ძველ რწმენებს.[53] მისი დაპატიმრების შემდეგ, როდესაც ის ჯერ სიკვდილმისჯილი იყო, შემდეგ კი გააციმბირეს, მნიშვნელოვნად ჩაუღრმავდა ქრისტეს ფიგურასა და ახალ აღთქმას — ერთადერთ წიგნს, რომელიც ციხეში მისთვის ხელმისწავდომი იყო.[53] 1854 წლის იანვარში დოსტოევსკიმ წერილი მისწერა იმ ქალს, რომელმაც მას სახარება გაუგზავნა, რომელშიც წერდა, რომ ის იყო „ურწმუნოების პირმშო და შერყეული ამ მომენტამდე, ეს მე საფლავამდე არ დამავიწყდება“. ასევე აღნიშნავდა, რომ „თუ მოიძებნება ვინმე, რომ დამიმტკოცოს, თითქოს ჭეშმარიტება ქრისტეში არაა, მე მაინც ქრისტესთან დავრჩები და არა იმ ჭეშმარიტებასთან“.[53]

ქალაქ სემიპალატინსკში ყოფნისას დოსტოევსკიმ კვლავ გააღვივა ღვთისადმი რწმენა; ხშირად შეჰყურებდა ვარსკვლავებით მოჭედილ ცას. როგორც ვრანგელი ამბობდა, ის იყო „ზედმეტად ღვთისმოსავი, მაგრამ იშვიათად დადიოდა ეკლესიაში, არ უყვარდა მღვდლები, განსაკუთრებით კი ციმბირელები, გაცხოველებით ლაპარაკობდა ქრისტეს შესახებ.“ დაგეგმილი ჰქონდა ჰეგელის ნაშრომებისა და კარლ გუსტავ კარუსის Psyche-ს თარგმნა. დოსტოევსკი ასევე იკვლევდა ისლამს, მას შემდეგ, რაც ძმას ყურანის გაგზავნა სთხოვა. მისი რწმენები კიდევ უფრო გააძლიერა არქიეპისკოპოს დიმიტრი როსტოველის ნაშრომებმა, რამაც გავლენა მოახდინა მთელ რუსულ და უკრაინულ ლიტერატურაზე.[32] დასავლეთ ევროპაში მოგზაურობისა და ჰერცენთან, გრიგორიევთან და სტრახოვთან დისკუსიების დროს დოსტოევსკიმ აღმოაჩინა მოძრაობა „პოჩვენიჩესტვო“ და თეორია, რომ კათოლიკურ ეკლესიას შემოეღო რაციონალიზმისა და ლეგალიზმის პრინციპები, მატერიალიზმი და ინდივიდუალიზმი ძველი რომიდან, შემდეგ თავისი ფილოსოფიით პროტესტანტიზმში გადასულიყო, იქიდან სოციალიზმში, რომელიც შემდეგ ათეისტური გამხდარიყო.[53]

მიუხედავად ამისა, დოსტოევსკის ნამდვილი რწმენები გაურკვეველი რჩება, რადგან ის ამაზე ცხადად არასოდეს საუბრობს. ერთ გამონაკლისად შეიძლება ჩაითვალოს 1876 წლის აპრილში მისი პასუხი მწერლის დღიურში სუიციდის თაობაზე, შენიშნავს, რომ ის იყო „ფილოსოფიური დეისტი“ — როგორც ამას „ყმაწვილში“ აღნიშნავს, თუმცა არ უთქვამს, რომ აქ საკუთარ თავს გულისხმობდა. ორი თვის შემდეგ, დღიურებში დოსტოევსკი წერდა, რომ მისი კუმირი ჟორჟ სანდი „მოკვდა დეისტი, მტკიცედ სწამდა ღმერთისა და სულის უკვდავების“. მაგრამ იმ დროის დეისტები განსხვავებულ რწმენას ეყრდნობოდნენ სულის უკვდავების თაობაზე. გარ­და ამი­სა, მისი შეხედულება ისეთ დოქტრინაზე, როგორიცაა სამება, ნათლადაა განხილული „ძმებ კარამაზოვებში“[54], მაგალითად აცხადებს, რომ მას ბოლომდე ვერ გაუგია ამ ტერმინის მნიშვნელობა.[51][43]

საერთო ჯამში, ბევრი კრიტიკა არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ დოსტოევსკის რელიგიური შეხედულებები უჩვეულოა, ქრისტიანული დოგმებისგან ნაწილობრივ განსხვავებული. მკვლევარი მალკოლმ ვი ჯონსი აღნიშნავს, რომ დოსტოევსკის რელიგიურ რწმენებში ისლამისა და ბუდიზმის ელემენტებიც შეიმჩნევა.[53]

თემატიკა და სტილი

 
„ეშმაკნის“ ხელნაწერი

დოსტოევსკის ნამუშევრები მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა სუიციდი, სიღატაკე, ადამიანური მოპყრობა და მორალი. მისი ადრეული ნამუშევრები ხაზს უსვამს რეალისტურ და ნატურალისტურ სოციალურ ცხოვრებას, განსხვავებას მდიდრებსა და ღარიბებს შორის. ციხიდან გათავისუფლების შემდეგ, თავის შედევრებში დოსტოევსკი ეხება რელიგიურ თემებს, ძირითადად რუსულ მართლმადიდებლობას. „აზრების მკვლევარმა“, დოსტოევსკიმ ცხადად აჩვენა „რუსეთის ისტორიის ხმაურიანი პერიოდი“, რომელიც „უდავოდ ჩამოყალიბებული იყო იმ სოციოპოლიტიკური მოვლენებით, რაც მის ირგვლივ ხდებოდა“.[55] სხვა მწერლების გავლენა განსაკუთრებით იგრძნობა დოსტოევსკის ადრეულ ნაწარმოებებში, რასაც მოსდევს პლაგიარიზმის ბრალდებები,[56][57] მაგრამ წლებთან ერთად, თანდათან ჩამოყალიბდა მისი საკუთარი სტილი. ზოგიერთი წიგნის ნიშანდობლივი მახასიათებელია გოთიკური ფიქციის, რომანტიზმისა და სატირის ელემენტები. გარდა ფილოსოფიური, ფსიქოლოგიური და რელიგიური თემატიკისა, დოსტოევსკი ასევე წერდა საიდუმლო ფიქციისა[58] და სასპენსის[34] თემებზე. დოსტოევსკის შემოქმედება მოიცავს რომანებს, ნოველებს, ნოველეტებს, მოთხრობებს, ესსეებს, ეპისტოლურ რომანებს და ლექსებსაც კი.[59] მისი ნაშრომების მთავარი მახასიათებლებია პოლიფონია და ავტობიოგრაფიული ან ნახევრად ავტობიოგრაფიული ელემენტები. მისი უარყოფითი გმირები — მიწისქვეშა კაცი რომანში — „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“, რასკოლნიკოვი — „დანაშაული და სასჯელი“, იპოლიტი — „იდიოტი“, კირილოვი — „ეშმაკნი“ და ივან კარამაზოვი — „ძმები კარამაზოვები“ — მათი დროის პირმშონი არიან, რომლებიც ბოლოს ან დანაშაულს სჩადიან, ან სუიციდს.

დოსტოევსკის ნამუშევრებს ხშირად „ფილოსოფიურს“ უწოდებენ, მიუხედავად მწერლის არცთუ ისე კარგი განსწავლულობისა ფილოსოფიაში; საკუთარ თავს ის აღწერს როგორც „სუსტს ფილოსოფიაში“.[60] სტრახოვი წერს: „ფიოდორ მიხაილოვიჩს უყვარდა შეკითხვა საგნების დედაარსისა და ცოდნის საზღვრების შესახებ“.[60] თეოლოგი ჯორჯ ფლოროვსკი დოსტოევსკის აღწერს როგორც „ფილოსოფიურ პრობლემას“, რადგან უცნობია სწამდა თუ არა მას იმის, რასაც წერდა; თუმცა, მის წიგნებში მრავალი ფილოსოფიური მოსაზრებები მოიპოვება, მაგალითად „მწერლის დღიურსა“ და „ძმებ კარამაზოვებში“, რადგან ხშირად ის პირველ პირში წერს. მას შეეძლო კრიტიკული ყოფილიყო რაციონალური და ლოგიკური აზროვნებისადმი, რადგან ის იყო „უფრო ბრძენი და ხელოვანი, ვიდრე მკაცრად ლოგიკური, თანამიმდევრული მოაზროვნე“.[61] ის წარმოადგენდა კირკეგორისეულ ირაციონალიზმს, განსაკუთრებით ნაშრომებში „მკვდარი სახლის ჩანაწერები“, „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“, „დანაშაული და სასჯელი“ და „ეშმაკნი“. მის ირაციონალიზმს იხსენიებს უილიამ ბარეტი წიგნში „ირაციონალური ადამიანი: ნარკვევი ეგზისტენციალისტურ ფილოსოფიაში“, ასევე უოლტერ კაუფმანი წიგნში „ეგზისტენციალიზმი დოსტოევსკიდან სარტრიმდე“.

მემკვიდრეობა

 
დოსტოევსკის მონუმენტი დრეზდენში

ლევ ტოლსტოისთან ერთად, დოსტოევსკის ხშირად მოიხსენიებენ რუსული ლიტერატურის ოქროს ხანის ერთ-ერთ უდიადეს და ყველაზე გავლენიან რომანისტად.[62] ალბერტ აინშტაინი მას მათემატიკოს კარლ ფრიდრიხ გაუსზე მაღლა აყენებდა და „დიად რელიგიურ მწერალს“ უწოდებდა, რომელიც „სულიერი ცხოვრების საიდუმლოს“ იკვლევდა.[63] ფრიდრიხ ნიცშე კი დოსტოევსკიზე ამბობდა: „სხვათა შორის, ერთადერთი ფსიქოლოგი, რომლისგანაც მე რაღარ ვისწავლე; ის ჩემს ცხოვრებაში ფორტუნას ყველაზე მშვენიერ გაღიმებებს შორის დგას“.[64] დოსტოევსკის ნამუშევრებს ასევე დიდი გატაცებით ეცნობოდა ჰერმან ჰესე და აღნიშნავდა, რომ მისი წაკითხვა „იმედის ნაპერწკალია სრულ უიმედობაში“.[64] ნორვეგიელი რომანისტი კნუტ ჰამსუნი წერდა, რომ „ისე არავის გაუანალიზებია ადამიანის რთული სტრუქტურა, როგორც დოსტოევსკის. მისი ფსიქოლოგიური შეგრძნება უძლეველი და ოცნებებით აღსავსეა“.[28]

მწერლის სიკვდილის შემდეგ გამოცემულ თავის მონახაზში „მოძრავი დღესასწაული“ ერნესტ ჰემინგუეი აღნიშნავს, რომ დოსტოევსკიში: „საგნები იყო დამაჯერებელი, თუმცა ამავე დროს დაუჯერებელი, მაგრამ ზოგიერთი ისეთი ჭეშმარიტება, რომ მათი წაკითხვა შენ, როგორც შენ გცვლის. იქ ნახავთ ხრწნადობასა და შეშლილობას, უზნეობასა და სიწმინდეს, ასევე აზარტული თამაშების მიერ ადამიანის გადარევას“.[65] ართურ პაუერის ნაშრომში „გასაუბრება ჯეიმზ ჯოისთან“, ჯოისი აქებს დოსტოევსკის პროზას: „... ის ყველაზე უფრო მაღლა დგას მათ შორის, ვისაც თანამედროვე პროზა შეუქმნია, ამავე დროს გააძლიერა ამჟამინდელი ძალით. სწორედ მისმა ფეთქებადმა ძალაუფლებამ აქცია ნამსხვრევებად ვიქტორიანული რომანი, თავისი თავმომწონე უმანკოებით და საყოველთაო მბრძანებელი გახდა, წიგნების, რომლებიც მანამდე მოკლებულ იყვნენ ყოველგვარ წარმოსახვასა და ძალმომრეობას“.[66] თავის ესსეში „რუსეთის მსოფლმხედველობა“, ვირჯინია ვულფი ამბობს: „შექსპირის შემდეგ არ არსებობს მეორე ასე ამაღელვებელი საკითხავი“.[67] ფრანც კაფკა დოსტოევსკის თავის „სისხლით ნათესავად“[68] მიიჩნევდა და მისი ნაწარმოებების დიდი გავლენის ქვეშ იმყოფებოდა, განსაკუთრებით „ძმები კარამაზოვებისა“ და „დანაშაული და სასჯელის“, რომლებმაც ღრმა გავლენა იქონიეს მის რომანზე „პროცესი“.[69] მის ბოლო ნამუშევარს ზიგმუნდ ფროიდი უწოდებდა „ყველაზე მრავლისმეტყველ რომანს, რაც კი ოდესმე დაწერილა“.[70] გერმანელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი ჰერმან ჰესე აღნიშნავს: „რაღაც ბედისწერაა იმაში რომ ევროპელი და განსაკუთრებით გერმანელი ახალგაზრდობა თავის უდიდეს მწერალს ახლა ხედავს სწორედ დოსტოევსკიში და არა გოეთეში თუ ნიცშეში“. ამავე დროს, ჰესე დოსტოევსკის შემოქმედებას და განსაკუთრებით მის „ძმები კარამაზოვებს“ „ევროპული სულისთვის უდიდეს საფრთხედ“ თვლიდა. რუსი პოეტი და ესეისტი იოსებ ბროდსკი დოსტოევსკის შესახებ წერს: „რუ­სუ­ლი გრა­მა­ტი­კის ქა­ო­სი­დან დოს­ტო­ევ­ს­კიმ მაქ­სი­მუ­მი ამ­ო­ი­ღო. მის ფრა­ზებ­ში გაცხა­რე­ბუ­ლი, ის­ტე­რი­უ­ლი, გა­ნუ­მე­ო­რებ­ლად ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი რიტ­მი ის­მის და თა­ვი­სი ში­ნა­არ­სი­თა და სტი­ლის­ტი­კით მი­სი მეტყ­ვე­ლე­ბა — ბე­ლეტ­რის­ტი­კის, სა­ლა­პა­რა­კო ენ­ი­სა და ბი­უ­როკ­რა­ტიზ­მე­ბის ნა­ზა­ვი — დამ­თ­რ­გუნ­ვე­ლად მოქ­მე­დებს ფსი­ქი­კა­ზე. რა თქმა უნ­და, მას მუ­დამ ეჩ­ქა­რე­ბო­და. თა­ვი­სი გმი­რე­ბი­ვით, იგი მუ­შა­ობ­და, რა­თა სა­არ­სე­ბო წყა­რო ჰქო­ნო­და მე­ვა­ლე­ე­ბი­სა და გა­მომ­ცე­მელ­თა ვა­დებ­ში გახლართულს“.[71] ქართველი მწერალი კონსტანტინე გამსახურდია დოსტოევსკის მარად ადამიანურ და დემონურ ელემენტებს შორის მარადიულ მებძროლ გენიად მიჩნევს, ხოლო მის გმირებს — დემონურისა და ადამიანურის შორის მდგარ ადამიანებად. „მისი სევდით დავსილი თვალები ელავენ დემონით შეპყრობილ ადამიანთა ტანჯვით. მისი მაღალი შუბლი-ფრთანი არწივისებური აზრების საბუდარია. რამდენი რამ ჰქონდა მას სათქმელი და რა ცოტა რამ სთქვა შედარებით. ქვეყანაც იმიტომ იტანჯება ასე უღმერთოდ, რადგან ნაგრძნობი მუდამ სჭარბობს ნათქვამს?“[72] დოსტოევსკის დიდი თაყვანისმცემელი ყოფილა ქართველი პოეტი ტერენტი გრანელი; მიუხედავად იმისა, რომ მისი რომანების კითხვა უჭირდა, აღნიშნავდა, რომ თუ ზოგიერთ ზედმეტობას ჩამოვაცილებთ, დოსტოევსკის ხელოვნება და აზრები გენიალურია.[73] ისეთი თანამედროვე კულტურული მიმდინარეობები, როგორებიცაა სიურრეალიზმი, ეგზისტენციალიზმი და ბიტნიკები დოსტოევსკის გავლენის წყაროდ მიიჩნევენ.[74] დოსტოევსკი მიჩნეულია რუსული სიმბოლიზმის,[75] ეგზისტენციალიზმის,[76] ექსპრესიონიზმისა[77] და ფსიქოანალიზის[78] წინამორბედად.

 
საბჭოთა საფოსტო მარკა, 1971 წ.

1956 წელს საბჭოთა კავშირში დაიბეჭდა 1 000 ერთეული ზეთისხილისფერი მწვანე საფოსტო მარკა.[79] 1971 წლის 12 ნოემბერს, იმ სახლში, სადაც მწერალმა თავის პირველი და ბოლო რომანები დაწერა, სახლ-მუზეუმი გაიხსნა.[80] 1981 წელს ასტრონომ ლიუდმილა კარაჩკინას მიერ აღმოჩენილ მცირე პლანეტას 3453 დოსტოევსკი უწოდეს. სატელევიზიო შოუ „რუსეთის სახელის“ მაყურებლებმა დოსტოევსკი ყველა დროის მეცხრე უდიდეს რუსად დაასახელა, ქიმიკოს დიმიტრი მენდელეევის შემდეგ და მეფე ივანე IV მრისხანეს წინ.[81] 2010 წლის 15 მაისისთვის მოსკოვის მეტროს 75 წლის იუბილეზე, ლიუბინსკო-დმიტროვსკაიას ხაზზე იგეგმებოდა ახალი სადგურის გახსნა. ინტერიერის დეკორი და მოხატულობა მხატვარმა ივან ნიკოლაევმა შეასრულა, ძირითადად თავისი წარმოსახვითი ნამუშევრებიდან; მეტროსადგური დოსტოევსკაია 19 ივნისს გაიხსნა.[82][83] დოსტოევსკის ოთხი წიგნი („დანაშაული და სასჯელი“, „ეშმაკნი“, „იდიოტი“ და „ძმები კარამაზოვები“) შესულია ნორვეგიის წიგნის კლუბის მიერ შედგენილ ყველა დროის 100 საუკეთესო წიგნში.

მიუხედავად ამისა, დოსტოევსკის ნაშრომებს ყოველთვის დადებითი შეფასება არ მოჰყოლია. რამდენიმე კრიტიკოსი, მათ შორის ნიკოლაი დობროლიუბოვი, ივანე ბუნინი და ვლადიმერ ნაბოკოვი მის ნაწერებს უფრო ფსიქოლოგიურს და ფილოსოფიურს უწოდებენ, ვიდრე მხატვრული თვალსაზრისით ღირებულს. სხვები ნაკლს ხედავენ ქაოსურ და არაორგანიზებულ გეგმაში, ზოგიც, მაგალითად ტურგენევი „გადაჭარბებულ ფსიქოლოგიზმსა“ და ყოველმხრივ ნატურალიზმში. დოსტოევსკის სტილი მას მიაჩნდა როგორც „მოსაწყენი, თავის მომაბეზრებელი, სინატიფესა და ბალანსს, თავდაჭერილობასა და კარგ გემოვნებას მოკლებული“. მის მარიონეტულ პერსონაჟებს „იდიოტიდან“, „ეშმაკნიდან“ და „ძმები კარამაზოვებიდან“ აკრიტიკებდნენ მიხეილ სალტიკოვ-შჩედრინი, ლევ ტოლსტოი, ნიკოლოზ მიხაილოვსკი და სხვები. არარეალისტურ, თოჯინის მსგავსი მახასიათებლებს ადარებდნენ ჰოფმანის პერსონაჟებს; ეს კი ის ავტორი იყო, რომელიც დოსტოევსკის აღაფრთოვანებდა.[55]

ეყრდნობა რა დამკვიდრებულ კრიტერიუმებს გამძლე ხელოვნებისა და ინდივიდუალური ნიჭიერების თაობაზე, ნაბოკოვი დოსტოევსკის განსჯიდა, როგორც „არანაირი დიადი მწერალი, მაგრამ ოდნავ მეტი, ვიდრე საშუალო, ბრწყინვალე იუმორის გაელვებებით, მაგრამ ვაი, რომ მათ შორის უნაყოფო ლიტერატურული ბანალობაა“. მანვე სპეციალური სიაც კი შეადგინა, სადაც იმის ჩვენებას ცდილობდა, რამდენად „ნერვოზული და შეშლილი“ ხალხი ჰყავს დოსტოევსკის რომანებში პერსონაჟებად; ასევე აღნიშნავდა, რომ დოსტოევსკის პერსონაჟები არ ვითარდებიან: „ჩვენ ყველა მათგანს რომანის დასაწყისშივე ვეცნობით და ისინივე რჩებიან ბოლომდე“. ნაბოკოვის აზრით, მისი რომანები სავსეა სიუჟეტის სრულიად არაბუნებრივი „საოცრებებითა და სირთულეებით“, რომლებიც პირველი წაკითხვისას მართლაც ეფექტურია. მეორე წაკითხვისას აღარ შეიმჩნევა ამ საოცრებებით გამოწვეული არანაირი შოკი და სარ­გე­ბე­ლი, წიგნი უბრალოდ „დიდების დაღდასმული რჩება“.[84]

რეპუტაცია

დოსტოევსკის წიგნები ნათარგმნია 170-ზე მეტ ენაზე და გაყიდულია დაახლოებით 15 მილიონი ასლი.[30] 1846–1847 წლებში ერთ-ერთ ჟურნალში[85] გამოქვეყნდა დოსტოევსკის ერთ-ერთი პირველი თარგმანი, ეს იყო „საწყალი ადამიანების“ გერმანული ვერსია ვილჰელმ ვოლფსონის შესრულებით; მას მოჰყვა ფრანგული თარგმანი. როგორც წესი, ფრანგული, გერმანული და იტალიური თარგმანები პირდაპირ ორიგინალიდანაა შესრულებული, ინგლისური კი მეორადია, სხვა ენებიდან ნათარგმნი და შესაბამისად დაბალი ხარისხისაა.[74] პირველი ინგლისური თარგმანი 1881 წელს მერი ფონ თილომ შეასრულა, მაგრამ პირველი აკადემიური თარგმანები ინგლისურ ენაზე 1912-1920 წლებში კონსტანს გარნეტმა შეასრულა.[86] მისმა მომდევნო და მარტივმა თარგმანებმა ხელი შეუწყო დოსტოევსკის რომანების პოპულარიზაციას ანგლოფონურ სამყაროში, ბახტინის „დოსტოევსკის პოეტიკის პრობლემებმა“ კი მისი სტილის სამომავლო გაგებას.[87]

მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, დოსტოევსკის ნაწარმოებებზე გადაღებულია არაერთი ფილმი, დადგმულია წარმოდგენები. ერთ-ერთი პირველი, ვინც დოსტოევსკის „დანაშაული და სასჯელის“ თეატრალური ინსცენირება შესთავაზა პრინცესა ვარვარა დმიტრიევნა იყო, მაგრამ მწერალმა წინადადება მაშინვე უარყო, რადგან სჯეროდა, რომ „ყოველი ხელოვნება პოეტურ მოსაზრებათა მთელ წყებებთანაა დაკავშირებული, ამიტომ, ერთი იდეა ვერ გამოიხატება მეორე, მასთან კავშირში არმყოფ ფორმაში“. მისი ვრცელი დასაბუთებები თავისი ნაშრომების მედიაში გადატანის წინააღმდეგ, კრიტიკის საფუძველი გახდა. მას მიაჩნდა, რომ სიუჟეტი ხელახლა უნდა გადაწერილიყო.[88] კრიტიკოს ალექსანდრე ბარის აზრით ყველაზე წარმატებულ ადაპტაციებს შორისაა სერგეი პროკოფიევის „მოთამაშე“, რომელშიც „ყველაზე მცირე იყო დოსტოევსკისეული დოსტოევსკის ამბებს შორის“;[89] ასევე ლეოშ ინაჩეკის „მკვდარი სახლის ჩანაწერები“, აკირა კუროსავას „იდიოტი“ და ანჟეი ვაიდას „ყმაწვილი“.[90]

1917 წლის რუსეთის რევოლუციის შემდეგ დოსტოევსკის წიგნები ხშირად ცენზურის წნეხის ქვეშ ექცეოდა ან საერთოდ იკრძალებოდა. მისი ფილოსოფია, განსაკუთრებით კი „ეშმაკნში“ მიიჩნეოდა კაპიტალისტურად და ანტი-კომუნისტურად, რის გამოც მაქსიმ გორკიმ მწერალს ზედმეტსახელად უწოდა „ჩვენი ბოროტი გენიოსი“. აკრძალული იყო დოსტოევსკის წაკითხვა, შესაბამისად, ვინც ამ აკრძალვას არ დაემორჩილებოდა, აპატიმრებდნენ. მეორე მსოფლიო ომის დროს მისი ნამუშევრები პროპაგანდის საშუალებად გამოიყენებოდა როგორც საბჭოელების, ისე ნაცისტების მხრიდან. ომის შემდეგ, აკრძალვის კანონი საბჭოთა კავშირში გაუქმდა. უფრო მეტიც, 1947 წელს მწერლის 125-ე იუბილე მთელი რუსეთის მასშტაბით აღინიშნა. მისი ნამუშევრები კვლავ აიკრძალა სტალინის სიკვდილის შემდეგ, დესტალინიზაციის პერიოდში და ეს აკრძალვა ნიკიტა ხრუშჩოვის სათავეში მოსვლიდან ათ წელს კიდევ გრძელდებოდა.[74]

შემოქმედება

 
„საწყალი ადამიანების“ ერთ-ერთი პირველი გამოცემა

დოსტოევსკის მხატვრული ნაწარმოებები მოიცავს 15 რომანსა და ნოველას, 17 მოთხრობას და 5 თარგმანს. ბევრი მისი დიდი რომანი პირველად ლიტერატურულ ჟურნალ-გაზეთებში დაიბეჭდა. ინგლისურ ენაზე ბევრი მისი ნაწარმოები სხვადასხვა სათაურითაა ცნობილი.

ძირითადი ნაშრომები

საწყალი ადამიანები

საწყალი ადამიანები ეპისტოლური რომანის ჟანრში აღწერს ურთიერთობას ასაკით უფროს, დაბალ ჩინოვნიკ მაკარ დევუშკინსა და ახალგაზრდა მკერავ ქალ ვარვარა დობროსელოვას შორის, რომლებიც შორეული ნათესავები არიან. ისინი ერთმანეთს ნაზ წერილებს სწერენ, ქალის მხრიდან ესაა მგრძნობიარე თაყვანისცემა ნათესაობის გამო, კაცის მხრიდან კი ქალის ერთგულების, თბილი მეგობრობის გამო; მათ უნდათ ცხოვრება მაღალ საზოგადოებაში, რისკენაც დამამცირებელი სიღარიბე უბიძგებთ. მათ იდილიას დარღვევს ფული და შესაძლებლობა.

არაკეთილსინდისიერი ვაჭარი პოულობს გამოუცდელ გოგონას და მას, როგორც თავის დიასახლისს და თავდებს ქირაობს. ერთხელაც აგზავნის მას მამულში, სადღაც მინდორზე, ამ დროს კი დევუშკინი სიღარიბესა და ტკივილს ალკოჰოლით უმკლავდება. ამბავის ძირითადი სიუჟეტია ღარიბი ხალხის ბრძოლა საკუთარი ღირსების შეგრძნების ნაკლებობასთან. საფრთხეები და განადგურება იწვევს მათი შინაგანი თავისუფლების დაკარგვას, სრულ დამოკიდებულებას სოციალურ მოთხოვნილებებზე და ინდივიდუალურობის გაქრობას. დოსტოევსკი აჩვენებს თუ როგორ კავშირშია სიღარიბე და დამოკიდებულება შინაგანი საფრთხის საძირკველთან, ღირსების შეგრძნების გაუკუღმართებასთან, რაც თავის მხრივ იწვევს შინაგან და გარეგან დანაკარგებს.[91]

 
„ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ ინგლისურ ენაზე

ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან

ეს რომანი შედგება ერთმანეთისგან სტილისტურად საკმაოდ განსხვავებული ორი ნაწილისგან: პირველი მათგანი ესსეს მსგავსია, მეორე კი თხრობითია და ნოველას წააგავს. მთავარი გმირი და პირველ პირში მთხრობელია უსახელო, 40 წლის ჩინოვნიკი. მისი ცხოვრებისეული სიტუაციიდან მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ მან დატოვა სამსახური, ცხოვრობს სანქტ-პეტერბურგის გარეუბნის ერთ-ერთ სარდაფში, აქვს მწირი საარსებო შემოსავალი და მოკრძალებული მემკვიდრეობა. პირველი თავი ეხება მის მოსაზრებებს საზოგადოებაზე და მის ხასიათს. საკუთარ თავს ახასიათებს, როგორც უზნეოს, ღატაკსა და უგვანოს; მისი პოლემიკისა და მჭერმეტყველების მთავარი მიზანია „თანამედროვე ადამიანი“ და თვითშექმნილი საზოგადოება, რომელსაც ის მკაცრად და ცინიკურად აფასებს, მის მიმართ გამოხატავს აგრესიასა და შურისმაძიებლურ განცდებს. საკუთარი დაღმასვლა მას ბუნებრივად და აუცილებლობად მიაჩნია. ამავე დროს, ის ხაზს უსვამს, რომ არ გეგმავს ამ ჩანაწერების გასაჯაროებას. მთხრობელი არაერთხელ მიმართავს აუგად მოხსენიებულ საზოგადოებას, რომელთა კითხვებითაც ის საკუთარი პოზიციების ჩამოყალიბებას ცდილობს.

მეორე ნაწილში ის განსხვავებულად ყვება, თავისი ცხოვრების ძველ ამბებს, რომლებსაც ბრალი მიუძღვით მის კარიერულ წარუმატებლობაში, ისევე როგორც პირად და სასიყვარულო ცხოვრებაში. მაგალითად, იგი ყვება თუ როგორ შეხვდა ძველ, სკოლისდროინდელ მეგობრებს, რომლებსაც მისგან განსხვავებით ცხოვრებამ მეტად გაუმართლად, მოწინავე პოზიციებზეც არიან და მას დიდი შემწყნარებლობით იღებენ. მისი აგრესია ამჯერად საკუთარი თავისკენ მიემართება და ცდილობს უფრო მეტად დაამციროს საკუთარი თავი. ამავე დროს, ის საკუთარ თავს დაბალი კლასის საზოგადოებას არ მიაკუთვნებს: წარმოიდგენს, რომ მას შეუძლია გადაარჩინოს ღარიბი მეძავი ლიზა და უარი თქვას საკუთარი თავის დაცინვაზე, იმ დროს როდესაც ლიზა სწორედ მასზე ამყარებს იმედებს. ნაწარმოებს დოსტოევსკი მოკლე კომენტარს ურთავს, სადაც აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ყველა პერსონაჟი და ისტორია გამოგონილია, მსგავსი მოქმედება შესაძლოა მოხდეს არა მხოლოდ თანამედროვე საზოგადოებაში, არამედ ხშირად იგი გარდაუვალია.

„ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ ძალიან გავლენიანი აღმოჩნდა ფილოსოფოსთათვის. მანვე დიდი გავლენა მოახდინა მოდერნისტულ ლიტერატურაზე.[92][93]

 
„დანაშაული და სასჯელი“ ერთ-ერთი პირველი გამოცემა, მე-2 ტომის ყდა

დანაშაული და სასჯელი

დეტექტიური რომანი[94] „დანაშაული და სასჯელი“ აღწერს როდიონ რასკოლნიკოვის ცხოვრებას, დაწყებული ლომბარდის მეპატრონის მკვლელობიდან, დამთავრებული მისი სულიერი აღორძინებით თავის გულის სწორ სონიასთან ერთად. კრიტიკოსი სტრახოვი რომანით ზოგადად კმაყოფილია და შენიშნავს: „1866 წელს მხოლოდ „დანაშაული და სასჯელს“ კითხულობდნენ“; იქვე აღნიშნავს, რომ დოსტოევსკი კარგად მართავდა რუსი პიროვნების პორტრეტის ხატვას, შესაფერისად და რეალისტურად.[95] საწყის ეტაპზე, რომანმა კრიტიკოსთაგან არაერთგვაროვანი შეფასება მიიღო, ნიჰილისტებისგან ძირითადად უარყოფითი შეფასებები წამოვიდა. რადიკალურ ჟურნალ „თანამედროვეობის“ ხელმძღვანელი გრიგორი ელისეევი რომანზე ამბობდა „ფანტაზია, რომლის მიხედვითაც მთელი სტუდენტობა, ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე, დადანაშაულებულია მკვლელობისა და ქურდობის მცდელობაში“.[96][97]

სიუჟეტი ვითარდება მთავარი გმირის როდიონ რასკოლნიკოვის ირგვლივ, რომელს გონებაშიც მწიფდება დანაშაულის თეორია. რასკოლნიკოვი უკიდურესად ხელმოკლეა, მას არა თუ უნივერსიტეტში სწავლის საფასურის, არამედ საცხოვრებლის ქირის გადახდაც კი არ შეუძლია. უღარიბესნი არიან მისი და და დედაც. მოულოდნელად ის შეიტყობს, რომ თავის და (დუნია რასკოლნიკოვა) აპირებს ცოლად გაჰყვეს კაცს, რომელიც სულაც არ აპირებს ფინანსურად დაეხმაროს მეუღლის ოჯახს. ეს ფაქტი უკანასკნელი წვეთი აღმოჩნდება, რის შემდეგაც რასკოლნიკოვი მოხუცი მევახშის მოკვლას გადაწყვეტს, თუმცა იძულებული გახდება მოკლას მოწმეც — მისი და. მაგრამ რასკოლნიკოვისთვის შეუძლებელი ხდება ისარგებლოს ნაქურდალით. ამის შემდეგ იწყება დამნაშავის საშინელი ცხოვრება. ნაწარმოებში ჩანს დოსტოევსკის ნატიფი ფსიქოლოგიზმი. რომანში ჩნდება უფრო და უფრო მეტი ახალი სახე. ბედი მას შეახვედრებს მარტოსულ, შეშინებულ, ღარიბ გოგონას, რომელშიც ის პოულობს მშობლიურ სულსა და დასაყრდენს — ეს იყო სონია მარმელადოვა, რომელიც ოჯახს პროსტიტუციის გზით არჩენდა. რასკოლნიკოვი მხარდაჭერას ასევე პოულობს უნივერსიტეტის მეგობარ რაზუმიხინში, რომელსაც მისი და — ავდოტია რომანოვნა რასკოლნიკოვა უყვარს.

 
„იდიოტის“ ერთ-ერთი გამოცემის გარეკანი

იდიოტი

რომანის მთავარი გმირი, ოცდაექვსი წლის თავადი ლევ მიშკინი შვეიცარიის ერთ-ერთ სანატორიუმში გატარებული რამდენიმე წლის შემდეგ რუსეთში ბრუნდება. გულუბრყვილობისა და ბუნებრივი ხასიათის გამო სანქტ-პეტერბურგის საზოგადოება მას შეიძულებს. მოულოდნელად იგი აღმოჩნდება კოხტად შენახული ქალისა (ნასტასია) და სათნო, კოხტა ახალგაზრდა გოგოს (აგლაია) ბრძოლის ცენტრში; ბრძოლა მისი სიყვარულის მოსაპოვებლად მიმდინარეობს. საუბედუროდ, მიშკინის ზედმეტი გულკეთილობა აჩქარებს უბედურებას; რჩება ისეთი შთაბეჭდილება, რომ მსოფლიოს ფული, ძალაუფლება, და სექსუალური დამორჩილება განაგებს, სანატორიუმი ალბათ ერთადერთ ადგილად რჩება, სადაც სიწმინდის შენარჩუნებაა შესაძლებელი. მიშკინი განასახიერებს „შედარებით მშვენიერ კაცს“, სახელდობრ ქრისტეს. „ზემოდან მოვლენილი“, შვეიცარიის მთებიდან რუსეთში, ის ფიზიკურად ქრისტეს წააგავს: საშუალოზე ოდნავ მაღალი, ძალიან ქერა, თხელი თმა, ჩაცვენილი ლოყები და თხელი, თითქმის მთლად თეთრი წვერი. გარდა იმისა, რომ ქრისტეს ჰგავს, მიშკინი მასწავლებელია, ცოდვათა მომნანიებელი და უცნაური უცხო ადამიანია. მისთვის უცხოა ისეთი თვისებები, როგორებიცაა სიხარბე და შური. იმ გარემოსგან განსხვავებით, რომელშიც ცხოვრობს, მისთვის არანაირი ღირებულება არ გააჩნია მის უფლებას ფულსა და ძალაუფლებაზე. თანაგრძნობას ის სიძულვილის, სიყვარულის ან სისასტიკის გარეშე განიცდის. მისი ურთიერთობა ცოდვილ მარიასთან ცხადადაა შთაგონებული ქრისტესა და მარია მაგდალინელის ურთიერთობით. ყოველივე ამ განსხვავებული თვისების გამო, მას „იდიოტს“ ეძახიან.[98][99]

 
„ეშმაკნის“ ერთ-ერთი გამოცემის გარეკანი

ეშმაკნი

„ეშმაკნის“ ისტორია დიდწილად ეყრდნობა ივანოვის მკვლელობას და მოქცეულია იოანეს გამოცხადების გავლენის ქვეშ. მეორეხარისხოვანი პერსონაჟები — სტეფან და პიოტორ ვერხოვენსკები ნეჩაევისა და ტიმოთეი გრანოვსკის განასახიერებენ.[100] მოქმედება რუსეთის ერთ-ერთ პროვინციაში ხდება, ძირითადად სტეფან ტრიფომოვიჩ ვერხოვენსკისა და ვარვარა სტავროგინას მამულებში. სტეფან ტრიფომოვიჩის ვაჟი, პიოტორ ვერხოვენსკი რევოლუციური სულისკვეთებითაა განმსჭვალული და ცდილობს იმ არეალში რევოლუციური კავშირის ორგანიზება მოახდინოს. თავისი გეგმის ცენტრალურ პერსონად მიიჩნევს ვარვარა სტავროგინას ვაჟს, ნიკოლაის, რადგან ის ფიქრობს, რომ ამ უკანასკნელს ადამიანთა მიმართ სიმპათია არ გააჩნია. ვერხოვენსკი თანდათან აგროვებს შეთქმულებს, რომელთა შორისაც აღმოჩნდნენ ფილოსოფოსი შიგალიოვი, თვითმკვლელი კირილოვი და ყოფილი სამხედრო ვირგინსკი. ამავე დროს ის გეგმავს მისადმი და ზოგადად ერთმანეთისადმი ერთგულება გაამყაროს თანაშეთქმულ ივან შატოვის მკვლელობით. ვერხოვენსკი კლავს შატოვს, თუმცა მისი გეგმა ჩაიშალა. იგი გარბის, მის რევოლუციურ დაჯგუფებას კი აპატიმრებენ. რომანის დასასრულს, საკუთარი დანაშაულებით განაწამები ნიკოლაი სტავროგინი თავს იკლავს.

 
„ძმები კარამაზოვების“ პირველი გამოცემის თავფურცელი

ძმები კარამაზოვები

დაახლოებით 800 გვერდიანი „ძმები კარამაზოვები“ დოსოტევსკის ყველაზე დიდი ლიტერატურული ნამუშევარია. მან მრავალი როგორც კრიტიკული, ისე დადებითი შეფასება მიიღო და ხშირად მოხსენიებულია მწერლის Magnum opus-ად.[101] 12 წიგნისგან შემდგარი „ძმები კარამაზოვები“ აღწერს სამი მთავარი გმირის ისტორიას: ახალბედა ალიოშა კარამაზოვის, ურწმუნო ივან კარამაზოვის და ჯარისკაც დიმიტრის. წიგნის პირველ ნაწილში ხდება კარამაზოვების გაცნობა. მთავარი სიუჟეტია მათი მამის, ფიოდორის სიკვდილი, დანარჩენი კი ეძღვნება მამა ზოსიმესა და ალიოშას ფილოსოფიურ და რელიგიურ კამათებს.[102][103]

რომანის ყველაზე სახელგანთქმული თავია „დიდი ინკვიზიტორი“ — პარაბოლა, რომელსაც ივანი ალიოშას უყვება და ეხება ქრისტეს მეორედ მოსვლას ესპანეთის ქალაქ სევილიაში, სადაც ის დააპატიმრა 90 წლის მოხუცმა, ფსევდო-რელიგიურმა კათოლიკე დიდმა ინკვიზიტორმა. თავის მართლების ნაცვლად, ქრისტე მას კოცნის, რის შემდეგაც ინკვიზიტორი მას ათავისუფლებს, მაგრამ სთხოვს უკან აღარ დაბრუნდეს. აღწერილი ამბავი ინკვიზიტორის ქმედებათა გასამართლებლად ზოგიერთებმა არასწორად გაიგეს, ზოგნიც, მაგალითად კათოლიკე მღვდელი რომანო გვარდინი ირწმუნებოდა, რომ ამ წიგნში ქრისტე ივანის საკუთარი ინტერპრეტაციით იყო წარმოდგენილი, როგორც „ურწმუნოების იდეალისტური ნაყოფი“. მით უმეტეს, ივანი მტკიცედ აცხადებს, რომ იგი ქრისტეს მოწინააღმდეგეა. თანამედროვე კრიტიკოსთა და სწავლულთა უდიდესი ნაწილი თანხმდება, რომ ამ ნაწარმოებით დოსტოევსკი თავს ესხმის კათოლიციზმსა და სოციალისტურ ათეიზმს, რომლებიც წარმოდგენილია ინკვიზიტორის სახით. რომანით იგი მკითხველს აფრთხილებს იმ საშინელი სამომავლო აპოკალიფსის შესახებ, რომელიც წარსულში უკვე მოხდა. დოსტოევსკის შეხედულებით, რომის პაპ პიპინის 750 წლის აქტი და XVI საუკუნის ესპანეთის ინკვიზიცია ამახინჯებს ჭეშმარიტ ქრისტიანობას.[104][102][103]

გერმანელი მწერალი ჰერმან ჰესე რომანის შესახებ აღნიშნავს: „არაერთხელ უთქვამთ, ბედნიერებაა, რომ დოსტოევსკის „ძმები კარამაზოვები“ დაუმთავრებელი დარჩა. დასრულებული თხზულება ააფეთქებდა როგორც რუსულ ლიტერატურას, ისე მთელ რუსეთსა და მთელ კაცობრიობას. მაგრამ ნათქვამსაც, თუნდაც ბოლომდე უთქმელს, ვერ გააქრობ, ვერ აქცევ უთქმელად“.[105]

ბიბლიოგრაფია

რომანები და ნოველები

ესსეების კრებულები

  • ზამთრის შთაბეჭდილებების ზაფხულის ჩანაწერებში (Зимние заметки о летних впечатлениях) (1863)
  • მწერლის დღიური (Дневник писателя) (1873–1881)

თარგმანები

ხსოვნა

ლიტერატურა

ბიოგრაფიები
რელიგია

რეკომენდებული ლიტერატურა

  • ბუაჩიძე თ., გოგოლი, დოსტოევსკი, ტოლსტოი, თბ., 1973

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. 1.0 1.1 1.2 Белкин А. А. Достоевский Ф. // Краткая литературная энциклопедияМосква: Советская энциклопедия, 1962. — Т. 2.
  2. 2.0 2.1 2.2 А. Кирпичников Достоевский, Федор Михайлович // Энциклопедический словарьСПб: Брокгауз — Ефрон, 1893. — Т. XI. — С. 72–81.
  3. 3.0 3.1 3.2 T. Se. Dostoievsky, Feodor Mikhailovich // Encyclopædia Britannica: a dictionary of arts, sciences, literature and general information / H. Chisholm — 11 — New York, Cambridge, England: University Press, 1911. — Vol. 8. — P. 438–439.
  4. 4.0 4.1 Историческая энциклопедия Сибири / под ред. В. А. ЛаминНовосибирск: 2009. — ISBN 5-8402-0230-4
  5. А. Кирпичников Достоевский, Федор Михайлович // Энциклопедический словарьСПб: Брокгауз — Ефрон, 1893. — Т. XI. — С. 72–81.
  6. 6.0 6.1 6.2 6.3 6.4 Catalog of the German National Library
  7. Fjodor Dostojewski
  8. BD Gest'
  9. ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  10. Store norske leksikon — 1978. — ISSN 2464-1480
  11. Internet Speculative Fiction Database — 1995.
  12. Frank J. Dostoevsky: The Mntle of the Prophet, 1871-1881Princeton University Press, 2003. — P. 740. — ISBN 978-0-691-11569-6
  13. Бороздин А. К. Достоевский, Федор Михайлович // Русский биографический словарьСПб: 1905. — Т. 6. — С. 608–670.
  14. Deutsche Nationalbibliothek Record #118527053 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  15. http://www.sciencedirect.com/science/article/pii/0304347981900478
  16. 16.0 16.1 Archivio Storico Ricordi — 1808.
  17. JSTOR — 1995.
  18. http://muse.jhu.edu/journals/journal_of_the_history_of_philosophy/summary/v041/41.4raymond.html
  19. http://muse.jhu.edu/journals/journal_of_the_history_of_philosophy/v041/41.4raymond.html
  20. https://muse.jhu.edu/journals/journal_of_the_history_of_philosophy/v041/41.4raymond.pdf
  21. BeWeB
  22. 22.0 22.1 The Fine Art Archive — 2003.
  23. Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.
  24. Mémoires uit het souterrain.
  25. 25.0 25.1 (unspecified title)ISBN 0-691-01355-1
  26. Достоевская, Анна Григорьевна // Доде — Евразия — 1931. — Т. 23. — С. 331–332.
  27. Scanlan, James Patrick (2002). Dostoevsky the Thinker: A Philosophical Study. Cornell University Press. ISBN 978-0-8014-3994-0. 
  28. 28.0 28.1 28.2 Lavrin 1947.
  29. Hingley 1978.
  30. 30.00 30.01 30.02 30.03 30.04 30.05 30.06 30.07 30.08 30.09 30.10 30.11 30.12 30.13 30.14 30.15 30.16 30.17 30.18 30.19 30.20 30.21 30.22 30.23 30.24 30.25 30.26 30.27 30.28 30.29 30.30 30.31 30.32 30.33 30.34 30.35 30.36 30.37 30.38 30.39 30.40 30.41 30.42 30.43 30.44 30.45 Kjetsaa 1989.
  31. Frank 1979, pp. 6–22.
  32. 32.00 32.01 32.02 32.03 32.04 32.05 32.06 32.07 32.08 32.09 32.10 Frank 1979.
  33. 33.00 33.01 33.02 33.03 33.04 33.05 33.06 33.07 33.08 33.09 33.10 33.11 Sekirin 1997.
  34. 34.00 34.01 34.02 34.03 34.04 34.05 34.06 34.07 34.08 34.09 34.10 34.11 34.12 34.13 34.14 Lantz 2004.
  35. Fyodor Dostoyevsky. Letters of Fyodor Michailovitch Dostoyevsky to his family and friends. ციტირების თარიღი: 3 October 2012.
  36. 36.0 36.1 36.2 36.3 36.4 Mochulsky 1967.
  37. 37.0 37.1 37.2 37.3 37.4 37.5 Frank 1987.
  38. 38.0 38.1 38.2 38.3 38.4 Frank 1988.
  39. 39.0 39.1 39.2 39.3 Frank 2009.
  40. Leatherbarrow 2002.
  41. 41.0 41.1 41.2 41.3 Frank 1997.
  42. დახურული რჩებოდა მანამ, სანამ ჰიტლერი გახსნიდა.
  43. 43.00 43.01 43.02 43.03 43.04 43.05 43.06 43.07 43.08 43.09 43.10 43.11 43.12 Frank 2003.
  44. The Dostoyevsky Encyclopedia – About Dostoyevsky Russian. Nikolay Nasedkin. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 მაისი 2013. ციტირების თარიღი: 1 March 2013.
  45. Robert Payne: Dostoyevsky: A Human Portrait, Knopf, 1961, გვ. 51
  46. Sekirin 1997, p. 169.
  47. Pattison & Thompson 2001, p. 181.
  48. Leatherbarrow, William J (2005). A Devil's Vaudeville: The Demonic in Dostoevsky's Major Fiction. Northwestern University Press, გვ. 41. ISBN 0-8101-2049-6. 
  49. Figes, Orlando (29 September 2002). „Dostoevsky's leap of faith“. Sunday Telegraph. p. 13. |access-date= საჭიროებს მიეთითოს აგრეთვე |url= (დახმარება)
  50. Goldstein 1981.
  51. 51.0 51.1 Cassedy 2005.
  52. 52.0 52.1 Frank 1979, p. 401.
  53. 53.0 53.1 53.2 53.3 53.4 53.5 53.6 53.7 Jones 2005.
  54. Pattison & Thompson 2001.
  55. 55.0 55.1 Terras 1998.
  56. Terras 1998, p. 14.
  57. Bloshteyn 2007, p. 3.
  58. Cicovacki 2012.
  59. Достоевский Федор Михайлович: Стихотворения Russian. Lib.ru. ციტირების თარიღი: 22 September 2012.
  60. 60.0 60.1 Anna Dostoyevskaya, Polnoe sobranie sochinenii F. M. Dostoevskogo, St. Petersburg, 1882–83, 1:225
  61. Vladimir Solovyov, Sobranie sochinenii Vladimira Sergeevicha Solov'eva, St. Petersburg, Obshchestvennaia Pol'za, 1901–07, 5:382
  62. Lauer 2000.
  63. Vucinich, Alexander (2001). Einstein and Soviet Ideology. Stanford University Press, გვ. 181. ISBN 0-8047-4209-X. 
  64. 64.0 64.1 Müller 1982.
  65. Bhim S. Dahiya (1992). Hemingway's A Farewell To Arms: a Critical Study. Academic Foundation, გვ. 15. ISBN 978-81-269-0772-4. 
  66. Arthur Power, James Joyce. Conversations with James Joyce. University of Toronto, გვ. 51–60. ISBN 978-1-901866-41-4. ციტირების თარიღი: 2013-03-07.  დაარქივებული 2013-10-02 საიტზე Wayback Machine.
  67. Woolf, Virginia. „Chapter 16: The Russian Point of View“, The Common Reader. Houghton Mifflin Harcourt. ISBN 978-0-15-602778-6. ციტირების თარიღი: 2013-03-07.  დაარქივებული 2007-06-13 საიტზე Wayback Machine.
  68. Patrick Bridgwater (2003). Kafka: Gothic and Fairytale. Rodopi, გვ. 9. ISBN 978-90-420-1194-6. 
  69. Roman S. Struc. Kafka and Dostoevsky as 'Blood Relatives'. University of Toronto. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 ივლისი 2012. ციტირების თარიღი: 8 June 2012.
  70. Rieff, Philip (1979). Freud, the Mind of the Moralist, 3rd, University of Chicago Press, გვ. 132. ISBN 978-0-226-71639-8. 
  71. იოსიფ ბროდსკი დოსტოევსკის შესახებ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოეთეკა
  72. კონსტანტინე გამსახურდია ფიოდორ დოსტოევსკის შესახებ დოსტოევსკის შესახებ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოეთეკა
  73. ტერენტი გრანელის ბიოგრაფია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-05-13. ციტირების თარიღი: 2013-03-18.
  74. 74.0 74.1 74.2 Bloshteyn 2007.
  75. Lavrin2 2005.
  76. Bloom 2004.
  77. Burry 2011.
  78. Breger 2008.
  79. USSR (Soviet Union) Postage – Stamps: 1956–1960. CPA – "Souzpechat" Central Philatelic Agency. ციტირების თარიღი: 10 May 2012.
  80. Museum. Fyodor Dostoevsky Literary Memorial Museum. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 იანვარი 2008. ციტირების თარიღი: 10 May 2012.
  81. Результаты Интернет голосования Russian. Name of Russia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 აგვისტო 2017. ციტირების თარიღი: 15 May 2012.
  82. Liublinsko-Dmitrovskaya Line. Moscow Metro. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 მარტი 2012. ციტირების თარიღი: 10 May 2012.
  83. Opening delayed for Moscow metro's "station of suicides". Russia Today. TV-Novosti (15 May 2010). ციტირების თარიღი: 10 May 2012.
  84. Nabokov, Vladamir (1981). Lectures on Russian Literature. Harvest Book/Harcourt, გვ. 97–135. ISBN 0-15-602776-3. 
  85. Meier-Gräfe 1988, p. 492.
  86. Jones & Terry 2010.
  87. France, Peter (2001). The Oxford Guide to Literature in English Translation. Oxford University Press, გვ. 594–8. ISBN 0-19-818359-3. 
  88. Burry 2011, p. 3.
  89. Burry 2011, p. 49.
  90. Burry 2011, p. 5.
  91. Kjetsaa 1989, pp. 69–103.
  92. Halliwell, Martin (2006). Transatlantic Modernism: Moral Dilemmas in Modernist Fiction. Edinburgh University Press, გვ. 13. ISBN 0-7486-2393-0. 
  93. Eysteinsson, Ástráður (1990). The Concept of Modernism. Cornell University Press, გვ. 29. ISBN 0-8014-8077-9. 
  94. Cicovacki 2012, p. 80.
  95. Kjetsaa 1989, p. 183.
  96. Frank 1997, p. 45.
  97. Frank 1997, pp. 60–182.
  98. Frank 1997, pp. 241–363.
  99. Kjetsaa 1989, pp. 274–309.
  100. Kjetsaa 1989, pp. 310–322.
  101. Frank 2003, pp. 390–441.
  102. 102.0 102.1 Frank 1997, pp. 567–705.
  103. 103.0 103.1 Kjetsaa 1989, pp. 337–414.
  104. Müller 1982, pp. 91–103.
  105. ჰერმან ჰესეს წიგნები