ლეოპოლდ ფონ რანკე
ლეოპოლდ ფონ რანკე (გერმ. Leopold von Ranke; დ. 21 დეკემბერი, 1795, ვიე, ახლანდ. თიურინგია, გერმანია, — გ. 23 მაისი, 1886, ბერლინი) — გერმანელი ისტორიკოსი, რომელმაც დაამკვიდრა ისტორიული წყაროების კრიტიკული კვლევის მეთოდი და სწავლების წარმართვის სემინარული წესი. რანკე თვლიდა, რომ ობიექტური ისტორიული ფაქტების გამოვლენა საარქივო დოკუმენტებშია შესაძლებელი; რაც დოკუმენტირებული არ იყო, ის არც ისტორიისთვის არსებობდა. ის მიიჩნევდა, რომ ისტორიული წყაროს სწორი გამოყენება მოითხოვდა ტექსტის ფილოლოგიურ ანალიზს, ავთენტურობის დადგენას და სხვა კრიტიკულ მიდგომებს. რანკეს მეცნიერულმა და პედაგოგიურმა მეთოდებმა დიდი გავლენა მოახდინა XIX საუკუნის დასავლეთ ევროპულ ისტორიოგრაფიაზე. ნაწილაკი „ფონ“ რანკეს გვარს 1865 წელს ისტორიკოსის არისტოკრატულ რანგში აყვანის შემდეგ დაემატა.
ლეოპოლდ ფონ რანკე | |
---|---|
გერმ. Leopold von Ranke | |
დაბ. თარიღი | 21 დეკემბერი, 1795[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] ან 20 დეკემბერი, 1795[9] |
დაბ. ადგილი | Wiehe[6] |
გარდ. თარიღი | 23 მაისი, 1886[1] [2] [3] [10] [4] [5] [6] [7] [8] [9] (90 წლის) |
გარდ. ადგილი | ბერლინი[11] [6] |
დასაფლავებულია | Sophienkirche |
მოქალაქეობა | პრუსიის სამეფო |
საქმიანობა | ისტორიკოსი[1] [12] , სამეცნიერო მუშაკი, უნივერსიტეტის პროფესორი და მწერალი[13] |
მუშაობის ადგილი | ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | ლაიფციგის უნივერსიტეტი და Landesschule Pforta |
განთქმული მოსწავლეები | Albert Hauck |
სამეცნიერო ხარისხი | დოქტორის ხარისხი[1] |
მეუღლე | Clarissa Graves |
შვილ(ებ)ი | Otto von Ranke[14] , Maximiliane von Ranke[14] , Fridhelm von Ranke[14] და Albrecht von Ranke[14] |
ჯილდოები | ბერლინის საპატიო მოქალაქე, ორდენი ხელოვნებისა და მეცნიერების სფეროებში შეტანილი წვლილისათვის და ბავარიის მაქსიმიალიანის ორდენი სამეცნიერო და სახელოვნებო მიღწევებისათვის |
განათლება
რედაქტირებალეოპოლდ რანკე მორწმუნე ლუთერანების ოჯახში დაიბადა 1795 წელს. მისი მშობლიური ქალაქი ვიე იმ დროს საქსონიის საკურფიურსტოში შედიოდა. ლაიფციგის უნივერსიტეტში თეოლოგიასა და კლასიკურ ლიტერატურას სწავლობდა. ამ დროიდან დაინტერესდა ანტიკური წყაროებით, მათი თარგმნითა და კრიტიკული ანალიზით. ოდერის ფრანკფურტში სკოლის მასწავლებლად მუშაობის წლებში (1818-1825) საბოლოოდ გადაწყვიტა ისტორიისთვის სერიოზულად მოეკიდა ხელი. მის არჩევანზე გავლენა მოახდინა გერმანიის წარსულის მიმართ იმდროინდელმა პატრიოტულმა ინტერესმა, ბერთოლდ-გეორგ ნიბურის შრომებმა ძველი რომის შესახებ, სერ უოლტერ სკოტის ისტორიულმა რომანებმა და გერმანელი რომანტიკოსი პოეტისა და ფილოსოფოსის იოჰან-გოტფრიდ ფონ ჰერდერის თვალსაზრისმა ისტორიის, როგორც ადამიანის პროგრესის მატიანეს შესახებ. მაგრამ რანკეს მთავარი მოტივაცია მაინც მისივე რელიგიური შეხედულებები იყო — ფრიდრიხ შელინგის ფილოსოფიის ზეგავლენით ის ცდილობდა წარსულის მნიშვნელოვან მოვლენებში უფლის ყველგანმყოფი ხელი დაენახა.
ადრეული შრომები
რედაქტირებარანკეს ისტორიოგრაფიული კვლევების მთავარი ნიშანი ისტორიულ პროცესებში უნივერსალურობის ძიება და კონკრეტულ ისტორიულ პერიოდებზე ფოკუსირება იყო. 1824 წელს გამოქვეყნდა მისი პირველი ნაშრომი „ლათინური და ტევტონური ერების ისტორია 1494-1514 წლებში“, რომელიც იტალიურ ომებს ეხებოდა. თანდართულ ტრაქტატში „თანამედროვე ისტორიკოსთა კრიტიკისათვის“ რანკე მიუთითებდა, რომ ისტორიული ტრადიციის კრიტიკული ანალიზი ისტორიკოსის ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა იყო. 1825 წელს ის ბერლინის უნივერსიტეტში მიიწვიეს, სადაც 1834 წელს უკვე სრული პროფესორი გახდა და 1871 წლამდე მუშაობდა. რანკეს სახელგანთქმული სემინარების მონაწილე ბევრი სტუდენტი მომავალში ცნობილი ისტორიკოსი გახდა და კვლევისა და სწავლების მისეული მეთოდები სხვა უნივერსიტეტებში გაავრცელა. შემდგომ წიგნზე — „სამხრეთ ევროპის მთავრები და ხალხები XVI და XVII საუკუნეებში“ — მუშაობისას რანკემ ვენეციელ დიპლომატთა მანამდელი შეუსწავლელი უნიკალური არქივები გამოიყენა. 1834-1836 წლებში გამოქვეყნდა რანკეს ნაშრომი პაპობის ისტორიის შესახებ („რომის პაპები უკანასკნელი ოთხი საუკუნის განმავლობაში“), რომელიც დღემდე ნარატიული ისტორიოგრაფიის ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშად ითვლება. მასში ავტორი პაპობას არა მხოლოდ როგორც სასულიერო ინსტიტუტს, არამედ საერო ხელისუფლებასაც აღწერდა.
1830-იანი წლების დასაწყისში რანკე მცირე ხნით თანამედროვე ისტორიასა და პოლიტიკასაც შეეხო, თუმცა მან ალღო ვერ აუღო მიმდინარე მოვლენებს. ამ პერიოდის ნაშრომებში ის არ იზიარებდა საფრანგეთის 1830 წლის ივლისის რევოლუციის შემდეგ ევროპაში აგორებული ლიბერალური მოძრაობის სულისკვეთებას, უარყოფდა გერმანიაში დემოკრატიული მოძრაობის ტალღას და იცავდა პრუსიის მმართველი წრეების კონსერვატულ პოზიციას. რანკე ცდილობდა მისი თანამედროვე კონფლიქტები აეხსნა ისტორიული თვალთახედვით, რაც მისთვის მოვლენათა შეფასების ერთადერთი ობიექტური გზა იყო. ის დარწმუნებული იყო, რომ ისტორიულ პროცესებს აქვს განსხვავებული განვითარება ცალკეული ადამიანების, ხალხებისა და სახელმწიფოებისათვის. რანკე თვლიდა, რომ ამ თეზას ადასტურებდა ისიც, რომ XV საუკუნის ბოლოდან ევროპის თითოეული ერი — მიუხედავად საერთო კულტურული ტრადიციებისა — სახელმწიფოს თავისებურ კონცეფციას ქმნიდა. ის უარყოფდა საზოგადოებრივი და ეროვნული მოწყობისთვის აბსტრაქტული, უნივერსალურად გამოსადეგი პრინციპების არსებობას და ამტკიცებდა, რომ ეს პრინციპები განსხვავებულია სხვადასხვა ხალხისთვის. რანკესთვის ისტორიული განვითარების ყველაზე მნიშვნელოვანი ინდივიდუალური გამოვლინება იყო სახელმწიფო, როგორც «სულიერი რაობა, ადამიანის გონის ორიგინალური ქმნილება, „ღმერთის ფიქრიც“ კი». რანკე თვლიდა, რომ სახელმწიფოს არსებითი ამოცანა იყო ინდივიდუალური განვითარება და განვითარების პროცესში დროსთან ადაპტირებული ინსტიტუტებისა და მმართველობის ფორმების შექმნა.
ამ მხრივ, რანკეს მოსაზრებები ენათესავება ფილოსოფოს გეორგ ვილჰელმ ფრიდრიხ ჰეგელის თეორიას რეალურისა და რაციონალურის იგივეობის შესახებ („ის, რაც რაციონალურია, რეალურია; ის, რაც რეალურია, რაციონალურია“). თუმცა, რანკეს მიხედვით, რეალურის ახსნა არის არა „გონში“, არამედ ისტორიული პროცესის უწყვეტობაში, რომელიც კულტურის განვითარებისა და ისტორიული რეალობის გააზრების წინაპირობაა. ამიტომ ისტორიკოსის მოვალეობაა შეიცნოს „ისტორიზმის“ აზრი: ისტორია განაპირობებს თითოეულ მოვლენას, მაგრამ არ ხსნის მას. მიუხედავად ამისა, რანკე მხარს უჭერდა იმ დროისთვის არსებულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ წესრიგს — სახელმწიფოებრიობის ევროპულ სისტემას, კონფედერაციულ გერმანიის კავშირს და პრუსიის ძლიერი მონარქიისა და სახელმწიფო ბიუროკრატიის იმ მოდელს, რომელიც 1848 წლის რევოლუციამდე არსებობდა. ეს წესრიგი, რანკეს აზრით, ევროპული კულტურული პროცესის შედეგი იყო, ლიბერალური და დემოკრატიული მოძრაობა კი ამ პროცესს განადგურებით ემუქრებოდა.
ობიექტურობის ძიებაში
რედაქტირებარანკეს პოლიტიკურ მოსაზრებებს ოპონენტები ყველგან ჰყავდა: ლიბერალები მას სახელმწიფოს გადამეტებულ ადეპტად თვლიდნენ, კონსერვატორები — არასაკმარისად დოგმატიკოსად. იმედგაცრუებული რანკე მიუბრუნდა მის ისტორიოგრაფიულ კვლევებს, სადაც ის თვლიდა, რომ ობიექტურობის მისეული იდეალის პოვნა უფრო წარმატებით შეეძლო. 1839-1847 წლებში რანკემ გამოაქვეყნა „რეფორმაციის ისტორია გერმანიაში“ (ეპოქის პირველი მეცნიერული კვლევა) და 12-ტომიანი „ბრანდენბურგის სახლის მემუარები და პრუსიის ისტორია XVII და XVIII საუკუნეებში“, 1859-1869 წლებში კი — „სამოქალაქო ომები და მონარქია საფრანგეთში XVI და XVII საუკუნეებში“ და „ინგლისის ისტორია, ძირითადად XVII საუკუნეში“. ამ ნაშრომებში რანკე განიხილავდა წამყვანი ევროპული სახელმწიფოების ისტორიას მათი განვითარების გადამწყვეტ ეტაპზე; მისი ინტერესი შემოიფარგლებოდა „ლათინური“ და „ტევტონური“ ერებით, რომელთაც რანკე კულტურული განვითარების პროტაგონისტებად თვლიდა. ასევე, ის ვიწროდ ფოკუსირდებოდა პოლიტიკურ ისტორიაზე (სახელმწიფოთა საგარეო ურთიერთობები, მმართველობის სისტემები), რადგან ეკონომიკური და სოციალური ფაქტორები ბუნდოვნად იყო ასახული მის მიერ გამოყენებულ დოკუმენტურ წყაროებში.
რანკეს შემდგომდროინდელი ნაშრომები XVIII-XIX საუკუნეების ისტორიის შესახებ („გერმანული სახელმწიფოები და მთავართა ლიგა“, 1871-1872; „რევოლუციური ომების წარმოშობა და დასაწყისი 1791 და 1792 წლებში“, 1875; „ჰარდენბერგი და პრუსიის სახელმწიფოს ისტორია 1793-1813 წლებში“, 1877) რთული პოლიტიკური მოვლენების დახვეწილი და მარჯვე აღწერაა, თუმცა ცვლილებების ამ ეპოქის ძირეული პრობლემები მხოლოდ არაპირდაპირი გზითაა გაშუქებული. აშკარაა გარკვეული მიკერძოებული დამოკიდებულება პოლიტიკური და სოციალური ცვლილებების მიმართ, განსაკუთრებით რადიკალური დემოკრატიული მოძრაობების შეფასების ნაწილში. ამგვარი განწყობები ვლინდებოდა რანკეს ლექციებშიც, რომელიც ხშირად მის თანამედროვეობას ეხებოდა. ისტორიას რანკე განიხილავდა, როგორც „ისტორიული ცხოვრების“ რთულ პროცესს, რომელიც მის ყველაზე ეფექტურ, „ჭეშმარიტად სულიერ“ ფორმას დიდი სახელმწიფოების და მათთან დაკავშირებული ისტორიული ფენომენების სახით აღწევდა. რანკეს თქმით, ისტორიკოსის მაქსიმალური ობიექტურობა გამოიხატებოდა მის უნარში აღეწერა „ის, რაც სინამდვილეში მოხდა“, ძირითადი აზრის ჩამოყალიბებისას კი მას სრული სურათი უნდა ჰქონოდა წარმოდგენილი. გააზრებული ჰქონდა რა ისტორიკოსის წინაშე არსებული დროითა და სივრცით განპირობებული შეზღუდვები, რანკე ცდილობდა მის მიერ დასახული მაქსიმალური ობიექტურობისთვის მიეღწია იმით, რომ საკუთარი თავის იდენტიფიცირება მოეხდინა არა რომელიმე პოლიტიკურ მხარესთან, არამედ სახელმწიფოსთან. თუმცა მისი ნაშრომები ცხადყოფს, რომ ამ ინტელექტუალურ კრედოს მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა რანკეს პოლიტიკურ შეხედულებებზე.
XIX საუკუნის მეორე ნახევარში რანკე თანამედროვეობის ყველაზე მნიშვნელოვან ცოცხალ ისტორიკოსად ითვლებოდა. 1865 წელს პრუსიის მთავრობამ მას აზნაურობა უბოძა (აქედან გაჩნდა ნაწილაკი „ფონ“ მის გვარში), 1882 წელს კი საიდუმლო მრჩევლის სტატუსი მიანიჭა. მძიმედ ავადმყოფი მეფე ფრიდრიხ ვილჰელმ IV-ის აქტიური მმართველობიდან ჩამოშორების (1857) შემდეგ რანკე პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი ცხოვრებიდან თანდათან განზე გადგა, მეუღლის გარდაცვალების (1871) შემდეგ კი საზოგადოებრივ ცხოვრებას თითქმის სრულად გამოეთიშა. რანკე რჩებოდა ლიბერალურ-დემოკრატიული ნაციონალიზმის ოპონენტად და უნდობლად უყურებდა ოტო ფონ ბისმარკის პოლიტიკას, ვინაიდან თვლიდა, რომ ის მზად იყო სახალხო მოძრაობებთან თანამშრომლობისთვის და გერმანიის ისტორიის უწყვეტობას საფრთხეს უქმნიდა. მიუხედავად ამისა, რანკე მიესალმა გერმანიის გაერთიანებას და იმპერიის გამოცხადებას 1871 წელს.
ამასობაში მხედველობის სერიოზულმა დაქვეითებამ რანკე მარტოხელა მეცნიერად აქცია, რომელიც დამხმარეებზე იყო დამოკიდებული. მიუხედავად ამისა, 82 წლის ასაკში, მან დაიწყო მუშაობა თხზულებაზე, რომელიც თავად ისტორიკოსი თავის უდიდეს ნამუშევრად თვლიდა. ეს იყო მსოფლიო ისტორიის 9-ტომეული, რომელიც 1881-1888 წლებში გამოიცა. ამით რანკე მიიჩნევდა, რომ შეასრულა ახალგაზრდობაში დასახული მიზანი: გადმოეცა მსოფლიო „ისტორიის უნივერსალური ამბავი“. ნაშრომი არც კრიტიკული კვლევაა და არც ისტორიული თუ ფილოსოფიური ძიება; ის მკითხველს ანტიკური საბერძნეთის დროიდან XV საუკუნემდე ევროპული კულტურის ევოლუციის ფართო მიმოხილვას სთავაზობს; არაევროპული სამყარო წიგნში თითქმის საერთოდ არ ჩანს. წიგნში ჩანს რანკეს რწმენა, რომ კულტურის მშვიდობიან ევოლუციას რევოლუციური საფრთხე არ ემუქრებოდა და კონფლიქტი სახალხო სუვერენიტეტსა და მონარქიას შორის საბოლოოდ ამ უკანასკნელის სასარგებლოდ იყო გადაწყვეტილი. ლეოპოლდ ფონ რანკე 90 წლის ასაკში, 1886 წელს გარდაიცვალა.
რანკეს კონცეფციები და მეთოდები გერმანულ ისტორიოგრაფიაში პირველ მსოფლიო ომამდე დომინირებდა და შემდგომაც მნიშვნელოვან გავლენას ინარჩუნებდა. რანკემ დიდი გავლენა იქონია ასევე უცხოური წარმოშობის იმ ბევრ ისტორიკოსზეც, ვინც იმ პერიოდში გერმანიაში სწავლობდა. მისმა ბევრმა მიმდევარმა ბრმად გააგრძელა რანკეს იმიტირება, მისი მიდგომების კანონიზირება და ხშირად დამახინჯებაც. მიუხედავად ბევრი ნაკლოვანებისა, რანკემ დიდი წვლილი შეიტანა ისტორიოგრაფიის დარგის განვითარებაში და მყარ სამეცნიერო დისციპლინად ჩამოყალიბებაში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ლეოპოლდ ფონ რანკე — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური) (ავტორი: რუდოლფ ვირჰაუსი);
- ქართული, დასავლური და აღმოსავლური ისტორიოგრაფიული ტენდენცია / ნინო კიღურაძე, ეკა კვაჭანტირაძე, გიორგი სანიკიძე. - თბილისი, 2014. - ISBN 978-9941-18-203-7.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 Deutsche Nationalbibliothek Record #118598279 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ 3.0 3.1 SNAC — 2010.
- ↑ 4.0 4.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ 5.0 5.1 Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- ↑ 6.0 6.1 6.2 6.3 www.accademiadellescienze.it
- ↑ 7.0 7.1 Babelio — 2007.
- ↑ 8.0 8.1 Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedija — LZMK, 1999. — 9272 გვრ.
- ↑ 9.0 9.1 CERL Thesaurus — Consortium of European Research Libraries.
- ↑ KNAW Past Members
- ↑ Ранке Леопольд фон // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- ↑ Catalog of the German National Library
- ↑ Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.
- ↑ 14.0 14.1 14.2 14.3 Lundy D. R. The Peerage