იმანუელ კანტი

(გადამისამართდა გვერდიდან კანტი, იმანუელ)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კანტი.

იმანუელ კანტი (გერმ. Immanuel Kant; დ. 22 აპრილი 1724, კენიგსბერგი — გ. 12 თებერვალი 1804, იქვე) — გერმანელი ფილოსოფოსი, თანამედროვე ფილოსოფიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელი. გერმანული კლასიკური ფილოსოფიის, გერმანული იდეალიზმის ერთ-ერთი დამაარსებელი. მისი აზრები და იდეები დღესაც დიდ გავლენას ახდენს მეტაფიზიკის, ეპისტემოლოგიის, ეთიკის, პოლიტიკური ფილოსოფიისა და ესთეტიკის მიმართულებებით.

იმანუელ კანტი
გერმ. Immanuel Kant
დაბ. თარიღი 22 აპრილი, 1724(1724-04-22)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9]
დაბ. ადგილი კენიგსბერგი, პრუსიის სამეფო[1] [9]
გარდ. თარიღი 12 თებერვალი, 1804(1804-02-12)[1] [2] [10] [4] [11] [6] [12] [8] [9] (79 წლის)
გარდ. ადგილი კენიგსბერგი, აღმოსავლეთი პრუსია, პრუსიის სამეფო[1] [9]
დასაფლავებულია კალინინგრადის საკათედრო ტაძარი
მოქალაქეობა  პრუსიის სამეფო
საქმიანობა ფილოსოფოსი[1] [13] [14] , ანთროპოლოგი, ფიზიკოსი, ბიბლიოთეკარი, მწერალი[15] , პედაგოგი, უნივერსიტეტის პროფესორი, მათემატიკოსი და philosopher of law
მუშაობის ადგილი კენიგსბერგის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი კენიგსბერგის უნივერსიტეტი[9] და Collegium Fridericianum[9]
განთქმული მოსწავლეები იაკობ ზიგმუნდ ბეკი, კრისტიან იაკობ კრაუსი, იოჰან გოტლიბ ფიხტე და Markus Herz[16]
მეუღლე
მამა იოჰან გეორგ კანტი
დედა Anna Regina Kant
ხელმოწერა

ბიოგრაფია

რედაქტირება
 
კანტის ბიუსტი ბელუ-ორიზონტიში, ბრაზილია

იმანუელ კანტი დაიბადა 1724 წლის 22 აპრილს ქალაქ კიონიგსბერგში, ახლანდელ კალინინგრადში. სახელი დაარქვეს წმინდა იმანუელის პატივსაცემად. გარდაიცვალა იმავე ქალაქში 1804 წლის 12 თებერვალს. 1745 წელს დაამთავრა კიონიგსბერგის უნივერსიტეტი. პირველი ნაშრომი „ცოცხალ ძალთა ჭეშმარიტი შეფასების“ შესახებ გამოსცა 1747 წელს. ხელმოკლეობის გამო 9 წელი კერძო მასწავლებელი იყო. ამ ხანებში გამოაქვეყნა ათამდე ნაშრომი. „ცის თეორია“ (1755) რასაც ენგელსმა „გენიალური აღმოჩენა“ უწოდა. 1755 იყო კიონიგსბერგის უნივერსიტეტის პრივატ-დოცენტი, 1770-დან პროფესორი. ამავე წლიდან ხელმძღვანელობდა კათედრას. ორჯერ (1786 და 1788) აირჩიეს რექტორად. ლექციებს კითხულობდა მეტაფიზიკაში, ლოგიკაში, ეთიკაში, ფიზიკაში, ფიზიკურ გეოგრაფიაში. 1781 წელს გამოვიდა მისი პირველი ნაშრომი „წმინდა გონების კრიტიკა“, 1783– „პროლეგომენები“, 1788– „პრაქტიკული გონების კრიტიკა“, 1790– „მსჯელობის გონების კრიტიკა“. 1794 წელს მთავრობამ აკრძალა მისი ნაშრომი „რელიგია მხოლოდ გონების ფარგლებში“. 1797 წელს თავს ანებებს ლექციების კითხვას. 1793 წელს განიზრახა თავისი თხზულებათა სრული კრებულის გამოცემა, მაგრამ ვერ განახორციელა. 1838 წელს დაიწყო კანტის ნაშრომთა გამოცემა (როზენკრაბტის და შუბერტის, აგრეთვე ჰარტენშტაინის რედაქციით). 1910 წელს გამოვიდა კანტის აკადემიური გამოცემის პირველი ტომი. 1898 წლიდან გამოდის სპეციალური ჟურნალი „Kantstudien“.

კანტის მოძღვრება

რედაქტირება
 
კანტის ქანდაკება კალინინგრადიში, რუსეთი

როდესაც კანტი სამოღვაწეო ასპარეზზე გამოვიდა, ევროპული რაციონალიზმი და ემპირიზმი ჩიხში იყო მოქცეული. კანტი წერდა, რომ იგი ჰიუმმა გამოაღვიძა „დოგმატური ძილისაგან“, ე. ი. დააეჭვა ლაიბნიც-ვოლფის ფილოსოფიის სამართლიანობაში. მან ერთმანეთისაგან განასხვავა ლოგიკური და რეალური საფუძველი, შემოიტანა ფილოსოფიაში უარყოფითი სიდიდეების ცნება, დაანახა კავშირი მეტაფიზიკასა და მისტიკურ მეოცნებობას შორის. იუმის სკეპტიციზმი კანტისთვის მიუღებელი იყო, ამიტომ იგი ცდილობდა მეტაფიზიკისათვის ეშველა, ერთი მხრით მათემატიკასა და ნიუტონის ფიზიკასთან დაკავშირებით, მეორე მხრივ, ღვთის არსებობის ახალი, უეჭველი დასაბუთების გამონახვით. ამდენად კანტი მაინც ლაიბნიც-ვოლფის სკოლის წარმომადგენელია, მიუხედავად იმისა, რომ იგი ამ სკოლას აკრიტიკებდა. როცა კანტი შემეცნების ახალ პრინციპებს დაადგენს და ღვთის არსებობის თეორიის დასაბუთების შესაძლებლობას უარყოფს იწყება მისი ფილოსოფიური განვითარების მეორე, ეგრეთ წოდებული პრაქტიკული პერიოდი. პირველ პერიოდს ეწოდება დოგმატური, რადგან კანტი მაშინ აღიარებდა შემეცნების შესაძლებლობას წინასწარი შემოწმების-კრიტიკის გარეშე.

კანტის მტკიცებით მათემატიკისა და ფიზიკის მეცნიერებათა არსებობა იმას ნიშნავს, რომ არსებობს ჭეშმარიტება. ფილოსოფიას უფლება არ აქვს უარყოს ეს ფაქტი. მას შეუძლია დაადგინოს მხოლოდ მისი შესაძლებობის პირობები. კანტის აზრით ეს საკითხი ძველმა ფილოსოფიამ ვერ გადაწვიტა, რადგან მისთვის ამოსავალი იყო ის, რომ ჭეშმარიტი აზრი საგანს უნდა ეთანხმებოდეს. კანტი მოითხოვს საპირისპირო პრინციპის დაშვებას, რის მიხედვითაც საგნები ექვემდებარება ჩვენს შემეცნებას. ამ რადიკალურ შემობრუნებას ფილოსოფიაში იგი უწოდებს „კოპერნიკისებურ რევოლუციას“. მისი შეხედულებით ახალმა ფილოსოფიამ ეს პრინციპი უნდა დაუდოს საფუძვლად შემეცნების ბუნების ახსნას, მისი საზღვრების დადგენას, აგრეთვე იმის გარკვევას, თუ რისი ცოდნაა ამ საზღვრების მიღმა. ამრიგად, კანტის მიზანი საერთოდ მეტაფიზიკის უარყოფა კი არ, არამედ მისი ახლებური დასაბუთება არის.

მსჯელობათა სახით არსებული მეცნიერებათა შემეცნება არ შეიძლება დაყვანილ იქნას ანალიზურ მსჯელობებზე, რომლებშიც მხოლოდ სუბიექტის ცნებაში ნაგულისხმევის ცხადყოფა ხდება. შემეცნებაში უნდა დადგინდეს ახალი; მსჯელობის სუბიექტს რაღაც მისგან განსხვავებული უნდა მიეწეროს და თან აუცილებლობით. ამგვარ მსჯელობას კანტი სინთეზურ მსჯელობას უწოდებს. კანტის სინტეზურ მსჯელობას მხოლოდ ცდისეულად, აპოსტერიორულად თვლიდნენ. „წმინდა გონების კრიტიკის“ ამოცანაა დაასაბუთოს სინთეზური მსჯელობის შესაძლებლობა აპრობირებულად, ცდისაგან დამოუკიდებლად.

ამ ამოცანის განსახორციელებლად კანტი ერთმანეთისგან თიშავს მეცნიერულ შემეცნებასა და მისგან დამოუკიდებელ სინამდვილეს, რასაც ნოუმენების ანუ თავისთავადი ნივთის სფეროს უწოდებს. თავისთავადი ნივთი მოქმედებს ჩვენზე; მისგან გამოწვეული შეგრძნებები მხოლოდ მასალაა, რაც მოწესრიგდება გრძნობადის აპრობირებულ ფორმებში (დრო და სივრცე) და შეკავშირდება განსჯის აპრობირებული წესებით. ასეა აგებული შემეცნების საგანი, ანუ მოვლენა, რაც თავისთავადი ნივთის შესახებ მხოლოდ იმას გვეუბნება, რომ იგი არსებობს. სხვანაირად შემეცნების საგანი შემეცნებაშივე აიგება. ამ საგანში ამოვიკითხავთ მხოლოდ იმას, რაც ჩვენმა შემეცნებამ არაცნობიერად შეიტანა მასში. ყველაფერი, რასთანაც შემეცნებას მიმართება აქვს (საკუთარი მე-ს ჩათვლით), იქცა მოვლენად, რაც ვერაფერს გვეტყვის იმავე საგნის, როგორც თავისთავადი ნივთის შესახებ.

თეორიული გონების ყოველგვარი ცდა სცილდება ცდის ანუ მოვლენების სფეროს, კანტის მიხედვით, წარმოშობს გარდაუვალ წინააღმდეგობებს, რაც საფუძვლად დაედო რაციონალურ ფსიქოლოგიას (პარალოგიზმები), რაციონალურ კოსმოლოგიას (ანტინომიები) და რაციონალურ თეოლოგიას (ჰიპოსტარიზებული იდეა). კანტის ამ კრიტიკის მიზანი იყო არა ღვთის თავისუფლების და სულის უაროფა, არამედ მათ შესახებ მეცნიერული ცოდნის შეუძლებლობის დასაბუთება. მაშინდელმა გერმანულმა სოციალურ-პოლიტიკურმა ჩამორჩენილობამ თავისი დაღი დაასვა კანტის თეორიას. „ჩემი მიზანი იყო შემეზღუდა ცოდნა, რათა ადგილი მიმეცა რწმენისთვის“, – წერდა იგი. დუალიზმმა, რაც კანტის შემეცნების თეორიაში აგნოსტიციზმში გადაიზარდა, განაპირობა მისი ეთიკის აბსტრაქტული ხასიათი და სხვა ნაკლოვანებანი.

კანტის ეთიკის თანახმად, ადამიანი თავისუფალია გადაწყვეტილებათა მიღებაში. მას შეუძლია არ დაემორჩილოს მოვლენათა სფეროს აუცილებლობას, იმოქმედოს კატეგორიული იმპერატივის მიხედვით. კატეგორიული იმპერატივი მოითხოვს: „მოიქეცი ისე, რომ შენს მოქმედებაში ადამიანი ყოველთვის იყოს აგრეთვე მიზანი და არასდროს მხოლოდ საშუალება„

კანტმა ვერ შეძლო მოვლენებისა და თავისთავადი ნივთის, არსისა და ჯერარსის, თავისუფლებისა და აუცილებლობის სფეროს დაკავშირება. ამას თავადაც გრძნობდა. ამიტომ 1787 წელს, როცა მიიჩნია, რომ აღმოაჩინა მესამე სახის, სიამოვნება-უსიამოვნების აპრიორული პრინციპეპი. შრომაში „მსჯელობის უნარის კრიტიკა“ სცადა საძიებელი კავშირის დადგენა. მსჯელობის უნარის ძირითდი ობიექტი (მშვენიერი) არის ის, რაც არსებობს არსის სფეროში, მაგრამ მაინც თავისთავადი ღირებულება აქვს. მშვენიერის აუცილებლობა არც თეორიულია და არც პრაქტიკული. იგი ნიმუშისაგან, მისაბაძისაგან გამომდინარე აუცილებლობაა. მშვენიერის გარდა თავაისთავად მოწონებას იმსახურებს ამაღლებულიც, მაგრამ თუ მშვენიერი ისე ზემოქმედებს ჩვენზე, თითქოს ბუნებაში მიზანშეწონილობას ჰქონდეს ადგილი, ამაღლებულის გამომწვევი ჩაგრავს ჩვენს გრძნობებს, რაც გვაქეზებს დავტოვოთ გრძნობადობის სფერო და გონების მაღალ მიზანშეწონილობას მივენდოთ.

ადამიანის ყველა უნარს შორის პრიმატი აქვს პრაქტიკულს, ამიტომ კვლევის საბოლოო მიზანია ადამიანი, როგორც მორალური ანუ თავისუფალი არსება. საზბის ისტორია კანტს ესმის, როგორც ადამიანის თავისუფლების მზარდი გამოვლინება. ადამიანთა თავისუფალი გადაწყვეტილებების გადაჯაჭვა ბუნების ზოგადი კანონზომიერების გარკვეულ ფორმას იღებს.

დროის ცნების მეტაფიზიკური ახსნა კანტის მიხედვით

რედაქტირება

1. დრო არის ემპერიული ცნება, გამოყვანილი რაიმე გამოცდილებიდან, ვინაიდან ერთდროულობა თუ თანამიმდევრობა არც კი აღიქმებოდა ა პრიორი საფუძვლად რომ არ ედოს დროს წარმოდგენა, მხოლოდ ამ პრობით შეიძლება წარმოდგენა იმისა, რომ რაღაც არსებობს ერთსა და იმავე დროს (ერთდროულად)ან სხვვადასხვა დროს (ერთმანეთის შემდეგ) 2. დრო აუცილებელი წარმოდგენაა, რომელიც ყველა მჭერეტელობას საფუძვლად უდევს, საერთოდ მოვლენების განხილვისას თვით დროის გამორიცხვა შეუძლებელია, თუმცა მოვლენების სრულიად თამამად შეიძლება მოცილდეს დროს. მაშასადამე დრო ა პრიორი მოცემულია. მხოლოდ მასშია შესაძლებელი მოვლენათა მთელი სინამდვილე. ყველა ისინი შეიძლება უარიყოს, მაგრამ თვით დრო(როგორც მოვლენათა შესაძლებლობის საყოველთაო პირობა) არ შეიძლება მოიხსნას. 3. ამ აუცილებლობას ა პრიორი ემყარება აგრეთვე აპოდიქტურ ძირითად დებულებათა შესაძლებლობა დროის მიმართებათა ან დროის აქსიომათა შესახებ საზოგადოდ დროს აქვს მხოლოდ ერთი განზომილება: სხვადასხვა დრო ერთად როდია, არამედ ერთმანეთის შემდეგ (ისე როგორც სხვადასხვა სივრცეები, ერთმანეთის კიარა, ერთდროულად არიან). ეს ძირითადი დებულებანი გამოცდილებიდან არ გამოიყვანება, რადგან გამცოდილება ვერ მისცემდა ვერც მკაცრ ზოგადობას და ვერც აპოდიქტურ უტყუარობას. ჩვენ შეგვეძლო მხოლოდ გვეთქვა: ასე გვასწავლის ამას ჩვეულებრივი აღქმა, მაგრამ ვერ ვიტყოდით: რომ ასე უნდა იყოს, ეს ძირითადი დებულებანი ითვლებიან წესებად, რითაც საერთოდ შესაძლებელია გამოცდილება; ისინი გვასწავლიან გამოცდილებამდე და არა გამოცდილების საშუალებით. 4. დრო არ არის დისკურსიული, ან როგორც უწოდებენ, ზოგადი ცნება, არამედ გრძნობადი მჭვრეტელობის წმინდა ფორმა სხვადასხვა დრო ერთი და იმავე დროის მხოლოდ ნაწილებია, მაგრამ წარმოდგენა, რომელიც შეიძლება მოცემული იყოს მხოლოდ ერთადერთი საგნით, ჭვრეტაა, ზოგადი ცნებიდან არ გამოიყვანება აგრეთვე ის დებულება, რომ სხვადასხვა დრო არ შეიძლება ერთად იყოს, ეს დებულება სინთეზურია და ხმოლოდ ცნებიდან ვერ წარმოდგება. მაშასადამე, უშუალოდ მოცემულია დროის მჭვრეტელობასა და წარმოდგენაში. 5. დროის უსასრულობა სხვა არაფერს ნიშნავს, თუ არა იმას რომ დროის ყოველი განსხაზღვრული სიდიდე შესაძლებელია მხოლოდ საფუძვლად მდებარე ერთი დროის შემოფარგვლით, ამიტომ დროის თავდაპირველი წარმოდგენა მოცემული უნდა იყოს როგორც შესამოუსაზღვრელი, მაგრამ თუ საგნის ნაწილები და მისი ყოველი სიდიდე მხოლოდ შემოზღუდვის გზით შეიძლება განსაზღვრულად წარმოვიდგინოთ, მაშინ მთელი წარმოდგენა არ შეიძლება ცნებების საშუალებით (რადგან ცნებები შეიცავენ მხოლოდ ნაწილწარმოდგენებს), რამეთუ მათ საფუძვლად უნდა ედოს უშუალო ჭვრეტა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკიციტატაში არის გვერდი თემაზე:
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

ლიტერატურა

რედაქტირება
  • წმინდა გონების კრიტიკა. თბილისი. 1979 წ.
  • Beck, Lewis White. Early German Philosophy: Kant and his Predecessors. Harvard University Press, 1969. (a survey of Kant's intellectual background)
  • Beiser, Frederick C. The Fate of Reason: German Philosophy from Kant to Fichte. Harvard University Press, 1987.
  • Beiser, Frederick C. German Idealism: the Struggle against Subjectivism, 1781-1801. Harvard University Press, 2002
  • Cassirer, Ernst. Kant's Life and Thought. Translation of Kants Leben und Lehre.
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 Deutsche Nationalbibliothek Record #118559796 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. 2.0 2.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  5. Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  6. 6.0 6.1 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
  7. Base biographiqueBIU Santé.
  8. 8.0 8.1 Педагоги и психологи мира — 2012.
  9. 9.0 9.1 9.2 9.3 9.4 9.5 Соловьёв В. С. Кант, Иммануил // Энциклопедический словарьСПб: Брокгауз — Ефрон, 1895. — Т. XIV. — С. 321–339.
  10. Find a Grave — 1996.
  11. ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  12. Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ.
  13. BeWeB
  14. The Fine Art Archive — 2003.
  15. Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.
  16. Mathematics Genealogy Project — 1997.