მიშელ ეიკემ დე მონტენი (ფრანგ. Michel Eyquem de Montaigne; დ. 28 თებერვალი, 1533, სენ-მიშელ-დე-მონტენი, დორდონი — გ. 13 სექტემბერი, 1592, სენ-მიშელ-დე-მონტენი, დორდონი) — ფრანგი ჰუმანისტი ფილოსოფოსი, მორალისტი, პოლიტიკოსი, მწერალი. თანამედროვე ესეს ჟანრის ფუძემდებელი.

მიშელ დე მონტენი
დაბადების თარიღი 28 თებერვალი, 1533[1] [2]
დაბადების ადგილი სენ-მიშელ-დე-მონტენი, გიენი, საფრანგეთის სამეფო
გარდაცვალების თარიღი 13 სექტემბერი, 1592(1592-09-13)[3] [4] [5] [6] [2] (59 წლის)
გარდაცვალების ადგილი სენ-მიშელ-დე-მონტენი, გიენი, საფრანგეთის სამეფო
საქმიანობა ფილოსოფოსი[7] , მთარგმნელი, იურისტი, ესეისტი, ავტობიოგრაფი, პოლიტიკოსი, პოეტი ადვოკატი, ფრანგი მორალისტი და მწერალი[8]
ენა საშუალფრანგული ენა
მოქალაქეობა  საფრანგეთის სამეფო
ალმა-მატერი College of Guienne და ტულუზის უნივერსიტეტი
Magnum opus ესეები
მეუღლე Françoise de La Chassaigne[9]
ნათესავ(ებ)ი Jean de Ségur[10]
ხელმოწერა

ბიოგრაფია

რედაქტირება

მიშელ ეიკემი დაიბადა დორდონის პატარა სოფელში, სენ-მიშელ-დე-მონტენში მდებარე მონტენის კოშკში. ეს უკანასკნელი ბაბუამისმა შეიძინა 1477 წელს და ამავე წელს მიიღო „მონტენის სენიორის“ კეთილშობილი სტატუსი, რომელიც მის მომავალ თაობებს და მათ შორის მიშელს, მემკვიდრეობით გადაეცა.

მიშელს შვიდი უმცროსი და-ძმა ჰყავდა. მამამისი, პიერ ეიკემი, რომელიც 1544 წელს ბორდოს მერად იქნა დანიშნული, თავის უფროს ვაჟს ჰუმანისტური პრინციპებით ზრდიდა. მიშელი ახლომდებარე ღარიბ სოფელში ძიძას მიაბარეს აღსაზრდელად, რათა ბავშვობიდანვე გაეგო ღარიბთა ცხოვრება. სამი წლის ასაკში ბავშვი კოშკში დააბრუნეს და აღმზრდელად დაუნიშნეს გერმანელი მასწავლებელი, რომელსაც მიშელთან მხოლოდ ლათინურად უნდა ელაპარაკა. იგივე მოთხოვნა წაუყენა მამამ მთელ ოჯახსაც. ცამეტი წლის ასაკში, მონტენი, რომელმაც მხოლოდ ლათინური ენა იცოდა, მიაბარეს ბორდოში არსებულ გიენის კოლეჯში, სადაც სწავლობს ფრანგულს, ბერძნულს, რიტორიკასა და თეატრს. მონტენი განსაკუთრებული მჭერმეტყველებით იყო დაჯილდოებული, რაც შეუმჩნეველი არ დარჩენილა.

1546-დან 1554 წლამდე მიშელი სამართალს სწავლობდა, 1557 წელს კი ბორდოს პარლამენტში მრჩევლად დაინიშნა. ამ თანამდებობაზე დაჰყო მან ცამეტი წელიწადი.

1565 წელს ცოლად შეირთო თავისზე 12 წლით უმცროსი ფრანსუაზა დე ლა შასენი, ერთ-ერთი თავისი კოლეგის ქალიშვილი . ფრანსუაზასა და მიშელს 6 შვილი შეეძინათ, თუმცა მათგან მხოლოდ ერთი, ქალიშვილი, ლეონორა გადარჩა. მიშელს მეუღლის მიმართ განსაკუთრებული გრძნობა არასოდეს ჰქონია. იგი თავისი საქმეებით იყო დაკავებული, მამულს კი მისი მეუღლე მართავდა.

რელიგიური ბრძოლების პერიოდში კათოლიკე მონტენმა შუამავლის როლი ითამაშა ანრი III-სა და პროტესტანტ ანრი ნავარელს შორის.

1578 წლიდან მონტენი ავადმყოფობს.

1580-1581 წლებში მან იმოგზაურა გერმანიაში, ავსტრიაში, შვეიცარიასა და იტალიაში. მოგზაურობის პერიოდში მონტენი წერდა დღიურს, სადაც ნანახი ადგილების დეტალურ აღწერას იძეოდა. აღნიშნული დღიური გამოქვეყნდა 1774 წელს „მოგზაურობის დღიურის“ სახეწოდებით.

1581 წელს რომში ყოფნისას მოტენმა შეიტყო, რომ ბორდოს მერად იქნა არჩეული. იგი ამ თანამდებობაზე დარჩა 4 წელი. ამ პერიოდში მის მთავარ საზრუნავს წარმოადგენდა კათოლიკეებსა და პროტესტანტებს შორის ურთიერთობის დარეგულირება. მონტენის მერობის ბოლო წელს ქალაქში შავი ჭირის ეპიდემია გავრცელდა.

მიშელ დე მონტენი გარდაიცვალა 1592 წლის 13 სექტემბერს თავის მამულში.

შემოქმედება

რედაქტირება

მონტენის სრულ შემოქმედებას წარმოადგენს „ნატურალური თეოლოგია“, „მოგზაურობის დღიური“ და „ესეები“. აქედან ყველაზე მნიშვნელოვანია „ესეები“, რომლითაც ავტორმა საფუძველი ჩაუყარა ახალ ჟანრს — ესეს.

ესეების სტრუქტურა

რედაქტირება
 
მონტენი. დუმონსტიე.

ესეები ავტორის ფიქრებისა და მსჯელობების გადმოცემას წარმოადგენს. მათი შემადგენლობა შემდეგნაირია: დასმულია საკითხი, რომლის შესახებ მოყვანილია სხვადასხვა მაგალითები. მოცემულია ამ საკითხებზე ცნობილი ადამიანების მოსაზრებები, ბოლოს კი ავტორის საკუთარი აზრი. მაგალითად, ერთ-ერთ ესეში მსჯელობაა ვენერასა და მარსის სიყვარულზე, სიყვარულის თემა გადადის სხვა თემებში, როგორიცაა: ქორწინება, სიყვარული სიბერის ჟამს, ქალთა აღზრდის საკითხი და ა.შ. მიშელ ბიუტორი მონტენის ესეების სტრუქტურაში არჩევს სამ მომენტს: პრელუდია, ექსკურსი და ფინალი. აქედან ექსკურის კიდევ მრავალ მეორად ექსკურსს შეიცავს და ამგვარად მთელ ნაწარმოებს ძლიერი დინამიურობა ახასიათებს.

ბაროკოული ხედვა

რედაქტირება

ფრანგულ ლიტერატურაში მონტენი ბაროკოს წარმომადგენლად ითვლება. მისი აზრით, ადამიანი ცვალებადია და მისი გონება შორსაა უნივერსალურობისგან. ამის მაგალითია ინდივიდებს შორის განსხვავება. მონტენის ასეთი შეხედულება საფუძველს იღებს იმ რეალობიდან, რომელიც XVI საუკუნეშოი არსებობდა. რენესანსის ეპოქამ რადიკალურად შეცვალა მანამდე არსებული შეხედულებები. ის, რაც მანამდე სტაბილური და შეცნობილი ეგონათ, ჯერ კიდევ შეუცნობელი აღმოჩნდა. მეცნიერულმა აღმოჩენებმა მანამდე წარმოუდგენელი ფენომენები გამოავლინა. ყოველივე ამან დიდი ძვრები გამოიწვია ადამიანის ცნობიერებაში. მონტენი ცდილობს დაამტკიცოს, რომ ჭეშმარიტება არასტაბილური და შედარებითია, არ არსებობს ფიქსირებული რეალობა.

ამგვარმა ცვალებადობამ საფუძველი მისცა მონტენისეულ პესიმიზმს, მაგრამ ამავე დროს ოპტიმიზმსაც ბადებს: თუ ყოველივე ცვალებადია, მაშინ არც ბოროტება იქნება სამუდამო.

მონტენი ერთადერთ რჩევას იძლევა: ბუნების მიყოლა, ანუ მასთან ჰარმონბიული ცხოვრება, რადგან ბუნება ყველაზე კარგი წინამძღოლია. ამასთანავე აუცილებელია ადამიანმა თავად გაარკვიოს თუ რა არის მისთვის უკეთესი, გაითავიუსუფლოს თავი სხვებისგან და სხვებიც გაათავისუფლოს თავისგან. არსებობს ცხოვრების მრავალი სხვადასხვაგვარი წესი, მთავარია ადამანმა იცოდეს საკუთარ თავად ყოფნა.

სამყაროს ეს არასტაბილურობა და ბაროკული ესთეტიკა მონტენის სტილსაც გასდევს. თავად ავტორი საკუთარ სტილზე ამბობს, რომ ეს არის უბრალო, გულწრფელი, სასაუბრო ენა. მაგრამ ამავე დროს ეს არაა ერთ ადგილას გაყინული, გაჩერებული ფრაზები. აქ ვხვდებით თემიდან გადახვევებს, მეტაფოებს, სიტყვათა თამაშს. ამგვარი მოძრავი სტილი კარგად გადმოსცემს მონტენის იდეათა მობილურობას.

ავტოპორტრეტი

რედაქტირება
 
მიშელ დე მონტენი

"ესეების" წინასიტყვაობაში მონტენი აცხადებს: "მე ვხატავ ჩემს თავს და მე თავად ვარ ჩემი წიგნის მთავარი პერსონაჟი". მონტენი თავის წარმოჩენას ახდენს არა ამბიციურობის გამო, არამედ იმიტომ, რომ საკუთარი თავის შეცნობა ეხმარება სხვების უკეთ გაგებაში.

ავტორს აღწერილი აქვს თავისი ფიზიკური პორტრეტი: იგი პატარა ტანისაა, მოუქნელი, მაგრამ დაუღალავი. შეუძლია მთელი დღე ცხენის ჭენებაში გაატაროს. აწუხებს კუჭის პრობლემები.

აღსანიშნავია დამოუკიდებლობისადმი მონტენის სწრაფვა. მან უარი თქვა მეფის კარზე შეთავაზებულ სამსახურზე მხოლოდ იმის გამო, რომ ამით თავისი თავისუფლება არ შეზღუდულიყო. იგი არ გაურბის სახალო საქმეებს: ორჯერ იყო არჩეული ბორდოს მერად, მონაწილეობდა მოლაპარაკებებში რელიგიური ომების დროს, თუმცა ამასთან ერთად თავის მამულში აქვს სადუმლო ბაღი, განმარტოების ადგილი, სადაც მის გარდა არავინ შედის.

მონტენი არ არის რელიგიური ფანატი, იგი მეგობრობს როგორც კათოლიკებთან ასევე პროტესტანტებთან.

მისი ინტელექტუალური პორტრეტი წარმოაჩენს ჭეშმარიტ ჰუმანისტს. ფრანგულის გარდა ლაპარაკობს და კითხულობს ლათინურად დაიტალიურად, კარგად იცნობს ანტიკურ ავტორებს. დიდ დროს ატარებს თავისი კოშკის ბიბლიოთეკაში. თუმცა მონტენი წინააღმდეგია მხოლოდ წიგნზე დამყარებული განათლებისა, რომელიც გამოუსადეგარია ცხოვრების სირთულეების დაძლევაში.

აღზრდის სისტემა

რედაქტირება

მონტენისეული აღზრდის სისტემის მთავარი მიზანია საკუთარი თავის ბატონ-პატრონი პიროვნების ჩამოყალიბება. ამ მხრივ აღსანიშნავია "ესეების" პირველი წიგნის 26-ე თავი "ბავშვთა აღზრდის შესახებ". მონტენმა იგი შექმნა ერთ-ერთი გრაფის მეუღლის თხოვნით, ამიტომ ის სისტემა, რომელიც აქ გვხვდება უმთავრესად კეთილშობილთა აღზრდას ეხება. მონტენის აზრით საჭიროა ბავშვი კურტუაზიულ წესებს შევაჩვიოთ, რათა იცოდეს საზოგადოებაში თავის დაჭერა. პიროვნებას უნდა ჰქონდეს პრინციპების ერთგულება, მაგრამ არ უნდა გახდეს მათი მონა.

მონტენი შუა საუკუნეების სქოლასტიკური აღზრდის წინააღმდეგია. არ ეთანხმება მხოლოდ წიგნზე დამყარებულ სწავლებას, რაც არ ავითარებს კრიტიკულ გონებას. იგი მოითხოვს თეორიას დაემატოს პრაქტიკა, წიგნებს - ცხოვრებასთან პირდაპირი კონტაქტი. უპირატესობას ანიჭებს საგნებზე და მოვლენებზე პირდაპირ დაკვირვებას. ბუნების მიერ შეთავაზებული გაკვეთილი საუკეთესოა.

სულიერ აღზრდასთან ერთად დიდი მნიშვნელობა ენიჭება ფიზიკურ აღზრდასაც.

მონტენი დარწმუნებულია, რომ ბავშვში სიკეთეა დამკვიდრებული , რომლის განვითარებისთვის ხელის შეწყობაა საჭირო. ბავშვს უნდა ვასწავლთ გონებით მოქმედება, საკუთარი ინსტინქტების დამორჩილება.

დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ასევე ფილოსოფიას. ეს უკანასკნელი ერთადერთია, რომელიც ადამიანს საკუთარი თავის შეცნობის საშუალებას აძლევს. საჭიროა მასწავლებელმა მოსწავლეს ასწავლოს კარგის და ცუდის გარჩევა, აზროვნება. მაგრამ მოსწავლეს მზა ფორმულებს კი არ უნდა აწვდიდეს, არამედ განსჯის უნარის გამომუშავებაში უნდა ეხმარებოდეს.

მონტენის რჩევაა ზეპირობის შეზღუდვა, რადგან, მისი აზრით, ზეპირად ცოდნა ცოდნა არაა. უკეთესია ბავშვმა ცოდნა თავად აღმოაჩინოს, პირადი გამოცდილებით.

საბოლოოდ მონტენის მიზანია ამგვარი აღზრდის სისტემით ჩამოყალიბდეს ადამიანის იდეალი: პიროვნება, რომელიც არ არის არც მეცნიერი, არც ერუდიტი, არამედ მოაზროვნე ადამიანი.

სიყვარული

რედაქტირება

მონტენის ფიქრებში სიყვარულს უმნიშვნელო ადგილი უჭირავს. მან ცოლიც ძალიან გვიან, უსიყვარულოდ ითხოვა. იგი ყოველთვის ცდილობდა დისტანცა შეენარჩუნებინა მეუღლესთან . მისი აზრით ქალი უნდა დაკავებულიყო ოჯახის მოვლით და არ უდა ჩარეულიყო უფრო მნიშვნელოვან საკითხებში.

"საჭიროა გყავდეს ქალები, შვილები, გქონდეს სიმდიდრე და ჯანმრთელობა, მაგრამ არ უნდა მიჯაჭვო მათ ისე, რომ მათზე დამოკიდებული გახდე." - ასეთია მონტენის მოსაზრება ნებისმიერი სახის სიყვარულის მიმართ.

მას ღრმა გრძნობა არც შვილების მიმართ ჰქონია, პირიქით, ბავშვებთან საკმაოდ ცივი იყო. მონტენის შვილები მცირე ასაკში გარდაიცვალნენ, თუმცა ამან მამა გულგრილი დატოვა. "ნუთუ ის, რასაც ჩვენ აღმოვაცენებთ ჩვენი სხეულით უფრო მეტად უნდა გვიყვარდეს, ვიდრე ის, რასაც ჩვენი გონება შობს?" - აცხადებს მონტენი.

ერთადერთი ადამიანი, რომელიც მონტენს ძალიან უყვარდა იყო მისი მეგობარი, ეტიენ დე ლა ბოეტი, რომელიც 33 წლის ასაკში გარდაიცვალა.

სიკვდილი

რედაქტირება

მონტენი პირველივე წიგნში აღნიშნავს, რომ "შეჩვეულია სიკვდილს", რადგან მისი მეგობარი, ლა ბოეტი ადრე გარდაიცვალა. 39 წლის ასაკში მონტენი აცხადებს, რომ გამუდმებით ფიქრობს სიკვდილზე. ეჩვევა ამ აზრს, რათა თავის დროზე არ იყოს მოულოდნელი და მტკივნეული. თუმცა მოგვიანებით მონტენი ცხენიდან ჩამოვარდა და ზოგს მკვდარიც კი ეგონა ისე ცუდად იყო. გადარჩენის შემდეგ მიხვდა, რომ სიკვდილი არც ისეთი საშიში ყოფილა, როგორც მანამდე ეგონა. ამ ამბის შემდეგ სიკვდილზე ფიქრში და მასთან შეხვედრის სამზადისში დროის დაკარგვა უაზროდ მიაჩნია. სჯობს სიცოცხლით დატკბე და როცა სიკვდილი მოვა, ბუნება თავად გასწავლის როგორ შეხვდე მას.

საბოლოო ჯამში, საჭიროა დაამარცხო არა სიკვდილი, არამედ სიკვდილის შიში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკიციტატაში არის გვერდი თემაზე: