ბალზაკი“ ამ გვერდზე გადმოდის. სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბალზაკი (მრავალმნიშვნელოვანი).

ონორე დე ბალზაკი (ფრანგ. Honoré de Balzac; დ. 20 მაისი, 1799, ტური — გ. 18 აგვისტო, 1850, პარიზი) — ფრანგი მწერალი. ნამდვილი სახელია ონორე ბალზაკი, ნაწილაკს „დე“, რომელიც მაღალი დონის წოდებას გამოხატავს, ბალზაკი 1830 წლიდან იყენებდა. მისი შემოქმედების უმნიშვნელოვანეს ნაშრომს წარმოადგენს პატარა მოთხრობებისა და ნოველებისგან შექმნილი წიგნების კრებული, რომელსაც ავტორმა „ადამიანური კომედია“ უწოდა. კრებულში შესულ თითოეულ წიგნს აერთიანებს მსგავსი თემატიკა და პერსონაჟები, თუმცა ყველა წიგნს საკუთარი სახელწოდება და სიუჟეტი გააჩნია, სადაც ბალზაკი წარმოაჩენს საფრანგეთის ცხოვრებას 1815 წლიდან.

ონორე დე ბალზაკი
ფრანგ. Honoré de Balzac
დაბადების თარიღი 20 მაისი, 1799(1799-05-20)[1] [2] [3] [4] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [13] [14] [15] [16]
დაბადების ადგილი ტური, საფრანგეთის პირველი რესპუბლიკა[17] [13] [13]
გარდაცვალების თარიღი 18 აგვისტო, 1850(1850-08-18)[18] [1] [2] [3] [13] [13] [15] [16] [19] (51 წლის)
გარდაცვალების ადგილი პარიზი, საფრანგეთის მეორე რესპუბლიკა[17] [13] [13] [20]
დასაფლავებულია პერ-ლაშეზის სასაფლაო[21] და Grave of Balzac and Ewelina Hańska
ფსევდონიმი Horace de Saint-Aubin[22] , Lord R’Hoone, Viellerglé და Saint Aubin[22]
საქმიანობა რომანისტი, ლიტერატურული კრიტიკოსი, მწერალი[13] [13] [15] [16] [23] [20] , პროზაიკოსი, ჟურნალისტი, ხელოვნების კრიტიკოსი, ესეისტი, დრამატურგი[13] [13] და გამომცემელი[20]
ენა ფრანგული ენა
მოქალაქეობა საფრანგეთი[20]
ალმა-მატერი პარიზის უნივერსიტეტი, კარლ დიდის ლიცეუმი და პარიზის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი
Magnum opus მამა გორიო, ადამიანური კომედია, დაკარგული ილუზიები, ეჟენი გრანდე, კურტიზან ქალთა ბრწყინვალება, შაგრენის ტყავი და შუანები
ჯილდოები საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი[24] და Q130762055?[25]
მეუღლე ეველინა ჰანსკა[26] [20]
პარტნიორ(ებ)ი ოლიმპ პელისიე, მარია დუ ფრესნეი, Caroline Marbouty, ლაურა დე ბერნი[27] და Henriette de Maillé de La Tour-Landry
შვილ(ებ)ი მარი-კაროლინ დუ ფრესნეი
გავლენა მოახდინეს
ხელმოწერა

ბალზაკმა ზუსტი დაკვირვებითა და შეულამაზებელი სინამდვილით წარმოადგინა საზოგადოების სახე. ის ითვლება რეალიზმის ფუძემდებლად ევროპულ ლიტერატურაში. ბალზაკის შემოქმედება გამოირჩევა მრავალფეროვანი პერსონაჟებით, რომლებიც გაორებულნი არიან მორალური დილემით. მისმა ნაშრომებმა გავლენა იქონია მის შემდგომ მწერლებსა და ფილოსოფოსებზე. მათ შორის არიან მარსელ პრუსტი, ემილ ზოლა, ჩარლზ დიკენსი, ედგარ ალან პო, ფიოდორ დოსტოევსკი, გუსტავ ფლობერი, ჰენრი ჯეიმზი, უილიამ ფოლკნერი, ჯეკ კერუაკი, იტალო კალვინო, ფრიდრიხ ენგელსი, კარლ მარქსი. მისმა მრავალმა ნაშრომმა ასახვა ჰპოვა ასევე ფილმებში და დღემდე შთაგონების წყაროა მწერლებისთვის, რეჟისორებისა და კრიტიკოსებისთვის.

ბალზაკი ადრეული ასაკიდანვე გამოირჩეოდა თავისუფალი აზროვნებითა და მტკიცე, ჯიუტი ხასიათით, რაც მას პრობლემებს უქმნიდა ჯერ სკოლაში, შემდეგ კი მთელი ცხოვრების განმავლობაში. სკოლის დამთავრების შემდეგ ის მუშაობდა იურიდიულ ფირმაში, თუმცა, მან ამ სფეროში კარიერის გაგრძელება არ ისურვა არაჰუმანური და დამღლელი რუტინული სამუშაოს გამო. ბალზაკმა მისი სამწერლო მოღვაწეობის განმავლობაში და მანამდეც სცადა კარიერის აწყობა, როგორც პუბლიცისტმა, მესტამბემ, ბიზნესმენმა, კრიტიკოსმა და პოლიტიკოსმა, თუმცა, ყველა სფეროში მარცხი განიცადა. „ადამიანურ კომედიაში“ ბალზაკმა ასახა საკუთარი რეალური ცხოვრებისეული სიძნელეები და იმედგაცრუება.

ბალზაკს გადატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო მუდმივად ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. მას დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა საკუთარ ოჯახთან ფინანსური სიძნელეებისა და პირადული უთანხმოების გამო. 1850 წელს ბალზაკი დაქორწინდა. ქორწინებიდან ხუთი თვის შემდეგ კი გარდაიცვალა.

ბიოგრაფია

რედაქტირება

ბალზაკის მამამ, ბერნარ-ფრანსუა ბალზაკმა, ქალაქ ტურის მერის თანაშემწემ, გლეხური გვარი, მალსა არისტოკრატიულ, დე ბალზაკად გადაიკეთა. ის მეთერთმეტე შვილი იყო ღარიბ ოჯახში და საფრანგეთის სამხრეთ რეგიონში ცხოვრობდა. 1760 წელს გაემგზავრა პარიზში, რათა სოციალური მდგომარეობა გაეუმჯობესებინა.

მწერლის დედა, ან-ჩარლოტ-ლორ სალამბიე პარიზის წვრილბურჟუაზიული ოჯახიდან იყო გამოსული. ის თვრამეტი წლის იყო, როდესაც ორმოცდაათი წლის ბერნარ-ფრანსუა ბალზაკზე დაქორწინდა. როგორც ბრიტანელი მწერალი და კრიტიკოსი პრიტჩეთი აღნიშნავს, ის უსიყვარულოდ დაქორწინდა და ქორწინება ორმხრივ ანგარებიან გარიგებას ეფუძნებოდა.

ონორე ბალზაკი ოჯახში მეორე შვილი იყო. მის დაბადებამდე გარდაიცვალა ლუის—დანიელი, ბალზაკების პირველი შვილი, რომელმაც მხოლოდ ერთი თვე იცოცხლა. ბალზაკის დები, ლაურა და ლორანსი დაიბადნენ 1800 და 1802 წლებში, ხოლო ძმა, ჰენრი 1807 წელს. 1803 წლიდან ბალზაკი მიაბარეს ერთ-ერთ პანსიონში, 1807 წლიდან კი ვანდომის სასულიერო კოლეჯში. 1814 წელს ოჯახი პარიზში გადასახლდა. ბალზაკი ჯერ ნოტარიუსის კანტორაში მუშაობდა, თან ლიტერატურის ლექციებს ისმენდა სორბონის უნივერსიტეტში, 1816 წელს იგი მამის ნებართვით სამართლის სკოლაში შევიდა, რომელიც 1819 წელს დაამთავრა, მაგრამ ოჯახს განუცხადა, რომ მისი მოწოდება ლიტერატურა იყო, განმარტოვდა მანსარდში და წერას შეუდგა.

 
ბალზაკის პორტრეტი

ადრეული ცხოვრება

რედაქტირება

ბალზაკი ჩვილობიდანვე სახლიდან მოშორებით ძიძასთან იზრდებოდა. ასევე მისი და, ლაურაც (როგორც ეს მიღებული იყო იმ დროს საშუალო და მაღალი კლასის საზოგადოებაში). ოთხი წლის შემდეგ, ბავშვები სახლში დაბრუნდნენ, თუმცა, მშობლებმა მათ მიმართ გულცივი და დისტანციური დამოკიდებულება დაიჭირეს, რამაც შემდგომში მნიშვნელოვნად იმოქმედა მწერალზე. ბალზაკს 1835 წლის ნოველაში „ველის შროშანი“ დახასიათებული ჰყავს ბოროტი აღმზრდელი, მის კაროლინი, რომელიც მისი მომვლელის პროტოტიპს წარმოადგენს.

ათი წლის ასაკში, ბალზაკი ორატორის სახელობის სკოლაში მიაბარეს, სადაც ის შვიდი წლის განმავლობაში სწავლობდა. ბალზაკს მამა მცირეოდენ სახარჯ ფულს აძლევდა, თუმცა, ეს ძალზედ სასაცილო მდგომარეობაში აყენებდა მას მათი თანაკლასელების წინაშე, რომლებიც გაცილებით მდიდრები იყვნენ.

ბალზაკს უჭირდა სკოლის მასალის ათვისება, რადგან სწავლის მეთოდი ორიენტირებული იყო პროგრამული მასალის დაზეპირებაზე და არა ანალიზზე. ამის გამო, ბალზაკი ხშირად ხვდებოდა ურჩი ბავშვებისთვის განკუთვნილ ოთახში, სადაც ისჯებოდა. მოგვიანებით, როდესაც სკოლის დარაჯს ჰკითხეს, ახსოვდა თუ არა ბალზაკი, მან უპასუხა: „მახსოვს თუ არა ბალზაკი? ვფიქრობ, დიახ. მე მქონდა პატივი ასჯერ მაინც წავძღოლოდი მას დილეგში“. თუმცა, მარტო გატარებული დრო „დილეგში“ ხელსაც აძლევდა ბალზაკს უამრავი დრო დაეთმო წიგნების კითხვისთვის.

„ადამიანურ კომედიაში“ მწერალს ბავშვობისდროინდელი ბევრი მოგონება აქვს აღწერილი. ასევე, იმ ადამიანების ცხოვრებაც, რომლებიც იმ დროს მის გვერდით იყვნენ. ბალზაკის 1832 წელს დაწერილ ნოველაში „ლუი ლამბერი“ ასახულია ახალგაზრდა ბიჭის ცხოვრება ორატორის სკოლაში. ნოველაში მთხრობელი წერს: „ის კითხულობდა ყველანაირ წიგნებს განურჩევლად მისი რელიგიური, ისტორიული, ლიტერატორული, ფილოსოფიური თუ ფსიქიკური ხასიათისა. მან მიამბო, რომ ის გრძნობდა ენით აუღწერელ სიამოვნებას, როდესაც კითხულობდა ლექსიკონებს, სხვა წიგნის არ ქონის შემთხვევაში“.

ბალზაკი ხშირად ავადმყოფობდა. საბოლოოდ, როდესაც სკოლის დირექტორმა ამის შესახებ აცნობა ოჯახს, ის სახლში დააბრუნეს. ბალზაკი საკუთარ თავს ინტელექტუალურ ადამიანად თვლიდა, თუმცა, უნდა ითქვას, რომ მისი განათლების ფაქტორი მეტწილად „დილეგში“ გატარებული დროის დამსახურება იყო. (ამ დროისთვის, ბალზაკის მამას ტრაქტატი ჰქონდა დაწერილი თემაზე „ქურდობისა და მკვლელობების პრევენციის საშუალებები, დამნაშავეების გამოსწორება და მათი საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩაბმა“, სადაც ის აკრიტიკებდა ციხეს, როგორც დანაშაულის პრევენციის ფორმას).

1814 წელს ბალზაკების ოჯახი პარიზში გადავიდა საცხოვრებლად. მწერალს პირადი მასწავლებლები აუყვანეს და ორწლინახევრით გაგზავნეს სკოლაში. ეს ბალზაკისთვის ყველაზე რთული და უბედური წლები იყო, მან თვითმკვლელობაც კი სცადა მდინარე ლუარის ხიდიდან.

1816 წელს ბალზაკი სორბონის უნივერსიტეტში შევიდა, სადაც სამი ცნობილი პროფესორი თანამედროვე ისტორიას ასწავლიდა: ფრანსუა გიზო, რომელიც შემდეგ პრემიერ მინისტრი გახდა; აბელ-ფრანსუა ვილამენი, რომელიც ფრანგულსა და კლასიკურ მუსიკას ასწავლიდა და ყველაზე გავლენიანი ფიგურა ვიქტორ კუზენი, ფილოსოფიის ლექტორი, რომელიც სტუდენტებს თავისუფალ აზროვნებას ასწავლიდა.

როდესაც ბალზაკმა დაამთავრა სწავლა, მამამისის წაქეზებით სამართალის სკოლაში დაიწყო სწავლა. სამი წლის განმავლობაში ის სწავლობდა და მუშაობდა ვიქტორ პასეზის ოფისში, რომელიც ოჯახის მეგობარი იყო. ამ პერიოდში, ბალზაკი უკვირდება ადამიანური ბუნების თავისებურებებს. 1840 წელს დაწერილი ნოველაში „ნოტსრიუსი“ ის წერს, რომ სამართალმცოდნე ხედავს „ზეთიან ბორბლებს ყველას ბედისწერაზე, მემკვიდრეების საზარელ ბრძოლას ჯერ არგაციებულ გვამებზე, ადამიანების გულს, რომლებიც ეჭიდებიან სისხლის სამართლის კოდექსს“.

1819 წელს პასეზემ შესთავაზა ბალზაკს თავისი მოადგილეობა, მაგრამ ბალზაკს არ სურდა ამ სფეროს გაჰყოლოდა. ის ამ ყოფას შემდეგნაირად აღწერდა: „მოხელე, მანქანა, რომელიც მკაცრად განსაზღვრულ საათებში ჭამს, სვამს და იძინებს. მე უნდა ვიყო ისეთივე, როგორც ყველა. და ეს არის ის, რასაც ისინი ცხოვრებას ეძახიან, ცხოვრება სალესი ქვის ქვეშ და ერთსა და იმავეს კეთება გამუდმებით... მე ვარ მშიერი და არაფერს შეუძლია ჩემი მადის დაოკება“. ბალზაკმა განიზრახა მწერალი ყოფილიყო.

ამ გადაწყვეტილებამ ოჯახში სერიოზული განხეთქილება გამოიწვია, თუმცა, ბოლომდე არ უარუყვიათ ის. სამაგიეროდ, 1819 წლის აპრილში ის პარიზში ცხოვრობდა და როგორც ინგლისელი კრიტიკოსი წერს, ძალზედ ღარიბულ და რთულ პირობებში უწევდა მწერალს არსებობა, მოხუცი მომვლელი ქალი ჰყავდა და ხშირად შიმშილის პირას იყო. ბალზაკის ოჯახი კი პარიზიდან თორმეტი მილის მოშორებით გადავიდა საცხოვრებლად.

პირველი შემოქმედებითი მცდელობები

რედაქტირება

პირველი ლიტერატურული ცდა – ტრაგედია „კრომველი“ (1820) სუსტი აღმოჩნდა. მას შემდეგ, ბალზაკმა დაიწყო სამი ნოველის შექმნა: „ტენი“, „ფალტურნი“ და „კორსინო“, რომლებიც არ დაუსრულებია.

1821 წელს ბალზაკი შეხვდა ავგუსტ ლეპოიტევინს, რომელმაც დაარწმუნა, რომ მოკლე მოთხრობები დაეწერა, რომელსაც ის გამომცემლებს მიყიდიდა. ბალზაკი სწრაფად შეუდგა მუშაობას და 1826 წლისთვის დაწერილი ჰქონდა ცხრა ნოველა, რომელსაც სხვა მწერლებთან თანამშრომლობით აქვეყნებდა ფსევდონიმით. მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი ნოველა იყო „არდენის ქორეპოსკოპოსი“ (1822), რომელიც აიკრძალა მასში შემცველი არაეთიკური და შეურაცხმყოფელი შინაარსის გამო. მასში მოთხრობილი იყო დაქორწინეული მღვდლის სისხლისამღვრევი სექსუალური ურთიერთობები. მსგავსი ნოველები ძირითადად კომერციულ მიზნებს ემსახურებოდა და ფართო მასების მსწრაფმყიდველობას. სენტბურის შეხედულებით, ეს ნოველები „საინტერესოდ ცუდი“ ნაშრომებია და იქვე დასძენს, რომ რობერტ ლუის სტივენსონი ცდილობდა მისთვის აერიდებინა ბალზაკის ადრეული ნამუშევრების წაკითხვა. თუმცა, ამერიკელი კრიტიკოსის სემუელ როჯერის თქმით, აუცილებელი იყო ბალზაკს ეს სამწერლო პერიოდი და მისი სირთულეები გამოევლო, რათა შეექმნა „ადამიანური კომედია“.

„კარგი სპეკულაცია“

რედაქტირება

1820 წლის მიწურილს მწერალმა რამდენიმე სარისკო ბიზნესი წამოიწყო. მისი პირველი სარისკო საქმე იყო საგამომცემლო ფირმის გახსნა, სადაც ფრანგ კალასიკოსთა წიგნებს გამოსცემდა, მათ შორის მოლიერის წიგნებსაც. ამ ბიზნესმა მარცხი განიცადა. ბალზაკს მეტი წარმატება მოუტანა ფრანგი მწერალი ქალის, აბრანტეს ჰერცოგინია ლორ ჟიუნოს მემუარების გამოცემამ, რომელთანაც მწერალს სასიყვარულო უსრთიერთობები აკავშირებდა.

ბალზაკმა ფული ისესხა ოჯახის წევრებისგან და მეგობრებისგან და შეეცადა ბეჭდური გამოცემის დაარსება, თუმცა, აქაც წარუმატებლობა იწვნია, ამ სფეროში გამოუცდელობისა და კაპიტალის არქონის გამო. მან თავისი ბიზნესი მეგობარს მისცა, რომელმაც საკმაოდ წარმატებულად ააწყო, თუმცა, მრავალი წელი ჰქონდა ვალები. 1828 წლის აპრილისთვის ბალზაკს 50 000 ფრანკი ემართა დედამისისგან.

ბალზაკს სამეწარმეო საქმიანობის ჟინი არ ასვენებდა. მაშინაც, როდესაც ის ცნობილი მწერალი იყო, გაემგზავრა სარდინიაში ვერცხლის მადნის მოსაპოვებლად. ასევე, პოლონეთ-საფრანგეთს შორის ხე-ტყით ვაჭრობის პროექტებსაც უტრიალებდა. ამ პროექტებისათვის ის 16-18 საათს მუშაობდა დღე-ღამეში და რკინის ჯანმრთელობა უძილობითა და გადამეტებული ყავის სმით გაინადგურა.

 
„ადამიანური კომედია“

ადამიანური კომედია და წარმატება

რედაქტირება

რამდენიმე ნოველის დაწერის შემდეგ, 1832 წელს ბალზაკს დაებადა იდეა შეექმნა უამრავი წიგნების სერია და აღეწერა საზოგადოების სახე, დაეხასიათებინა მისი ყველა ასპექტი. როდესაც მას ეს აზრი მოუვიდა, ის მაშინვე თავის დასთან მივიდა და განაცხადა: „მე გენიოსი გავხდები“. ბალზაკმა „ადამიანურ კომედიაში“ ყველა ის წიგნი შეიყვანა, რომელიც მას საკუთარი სახელით ჰქონდა გამოქვეყნებული. „ადამიანური კომედია“ ბალზაკის შემოქმედების ყველაზე დიდი მიღწევაა. სახელწოდება „ადამიანური კომედია“ უპირისპირდება დანტე ალიგიერის „ღვთაებრივ კომედიას“. შეიძლება ითქვას, რომ ეს სახელწოდება მწერალმა სარკასტულადაც შეურჩია თავის შემოქმედებას, რადგან „ადამიანური კომედიის“ წინასიტყვაობაში წერია: „... ეს იდეა მომევლინა კაცობრიობისა და ცხოველთა სამყაროს შედარების შედეგად“.

ავტორის ჩანაფიქრით, „ადამიანურ კომედიაში“ სულ 137 ნაწარმოები უნდა შესულიყო. მათ შორის უმეტესობის დაწერა მოასწრო, თუმცა, ასევე დარჩა ბევრი ჩაფიქრებული, დაწყებული და დაუმთავრბელი წიგნები. ის შედგება 91 დასრულებული ნაშრომისგან (ნოველები, მოთხრობები, ანალიტიკური ესეები) და 46 დაუსრულებელი წიგნებისგან, რომელთა ნაწილსაც მხოლოდ სახელწოდება გააჩნია. „ადამიანურ კომედიას“ მიეკუთნება: „ქორწინების ფიზიოლოგია“ (1830), „შუანები“ (1829), „გობსეკი“(1830),„უცხო შედევრი“ (1831), „შაგრენის ტყავი“ (1831), „ოცდაათი წლის ქალი“ (1831), „გამქრალი ოცნებანი“ (1837-1839), „სოფლის ექიმი“ (1833), „ეჟენი გრანდე“ (1833), „სერაფიტა“ (1833), „აბსოლუტის ძიება“ (1834), „მამა გორიო“ (1834-1835), „ცელქი მოთხრობები“ (1832-1837), „ნუსინგენის სახლი“ (1838), „კურტიზანების ბრწყინვალება“ (1838), „კურტიზანების ბრწყინვალება და სიღატაკე“ (1839-1847), „გლეხები“ (1844), „კუზინ ბეტი“ (1846), „კუზენ პონსი“ (1847) და სხვა მრავალი.

ბიზნეს საქმიანობებთან დაკავშირებული მარცხის შემდეგ, ბალზაკი გაემგზავრა ბრეტანში და დარჩა დე პომერელის ოჯახში, ფუჟერის მახლობლად. მწერალმა აქ დაწერა „შუანები“ (1829), სასიყვარულო ამბავი, რომელიც როიალისტ ძალთა ჩარევით ცუდად სრულდება. მიუხედავად იმისა, რომ ბალზაკი სამეფო მმართველობის მომხრე იყო, ის კონტრ-რევოლუციონერებს სიმპათიით ახასიათებს, თუმცა, ამასთან ისინი წიგნის ყველაზე სასტიკი სცენების ცენტრში არიან. ეს იყო პირველი წიგნი, რომელიც ბალზაკმა საკუთარი სახელით გამოაქვეყნა და ამან მას გაუხსნა „გზა აღთქმული მიწისკენ“, როგორც ერთმა კრიტიკოსმა აღნიშნა. ამ წიგნმა ავტორს გარკვეული სამწერლო ნიშა მისცა (მიუხედავად იმისა, რომ ის უოლტერ სკოტის გავლენას განიცდიდა).

ამის შემდეგ, მალევე, იმ დროისთვის, როდესაც ბალზაკის მამა გარდაიცვალა, მან დაწერა „ელ ვერდუგო“, დაახლოებით 30 წლის კაცის შესახებ, რომელიც კლავს თავის მამას (იმ დროისთვის ბალზაკიც 30 წლის იყო. ეს იყო პირველი ნამუშევარი, რომელიც ბალზაკმა „ონორე დე ბალზაკის“ სახელით გამოაქვეყნა). ისევე როგორც მისმა მამამ, მანაც გამოიყენა „დე“ ნაწილაკი, რომელსაც მაღალი წოდების ადამიანები იყენებდნენ, რათა მიღებული ყოფილიყო არისტოკრატთა საზოგადოებაში. 1830 წელს ბალზაკმა დაწერა: „არისტოკრატიზმის წოდება, რომელიც ნიჭიერებას მოისაზრებს გაცილებით უფრო სამართლიანი და რეალურია, ვიდრე არისტოკრატია, რომელიც მხოლოდ სახელითა და მატერიალური ძალაუფლებით შემოიფარგლება“. ამისთვის სწორი დროის შერჩევაც მნიშვნელოვანი იყო. როგორც რობი ხსნის: „მამის გარდაცვალება და სათავადაზნაურო ნაწილაკის დამატება მწერლის სახელში ემთხვევა, რაც სიმბოლურ მემკვიდრეობის მიღებას გამოხატავს“. როგორც მისმა მამამ განვლო რთული და შრომატევადი გზა სიღარიბიდან მაღალი წრის საზოგადოებამდე, ასევე ბალზაკი მიიჩნევდა, რომ შრომა და ძალისხმევა იყო ნამდვილი ნიშანი აზნაურობის.

1830 წლის ივლისის რევოლუციისა და ჩარლზ X-ის მმართველობის დამხობის შემდგომ, ბალზაკმა განაცხადა, რომ ის როიალისტი იყო და მხარს უჭერდა ჩარლზ X-ს. მწერალი მიიჩნევდა, რომ ივლისის რევოლუციის შედეგად დამყარებული მონარქია (რომელის საზოგადოების აბსოლუტურ მხარდაჭერას ფლობდა) იყო არაორგანიზებული და არაპრინციპული და მას ესაჭიროებოდა შუამავალი, რათა შენარჩუნებულიყო პოლიტიკური სიმშვიდე მეფესა და აჯანყებულ ძალთა შორის. ბალზაკი შესაფერის პოლიტიკურ ფიგურად მიიჩნევდა ახალგაზრდა და ენერგიულ ადამიანს, რომელიც ნეიტრალური იქნებოდა ორივე პოლიტიკურად დაპირისპირებულ ძალას შორის. ასეთ ადამიანად ის საკუთარ თავს თვლიდა და აპირებდა პოლიტიკაში ჩაბმას, რომ არა ფატალური ინციდენტი (ბალზაკს ფეხი აუსრიალდა და დაეცა ქუჩაში, რის გამოც მიიღო თავის ტრავმა). მწერალმა გადაწყვიტა, არ მიეღო მონაწილეობა არჩევნებში.

 
„შაგრენის ტყავი“, ილუსტრაცია

1831 წელს დიდი წარმატება ხვდა წილად ბალზაკის რომანს „შაგრენის ტყავი“. წიგნში აღწერილია ახალგაზრდა ყმაწვილის, რაფაელ დე ვალენტინის ცხოვრება, რომელსაც ხელში ჩაუვარდება ცხოველის ტყავი. ტყავი განსაკუთრებულია და ის მის პატრონს პირდება ყველა სურვილისა და ოცნებების ახდენას, ძალაუფლებასა და სიმდიდრეს, თუმცა, ყოველი სურვილის ასრულების სანაცვლოდ ტყავის ზომა იკლებს და შესაბამისად მისი მფლობელის სიცოცხლის წლებიც მცირდება. სასოწარკვეთილი რაფაელი თანხმდება მის მფლობელობას, თუმცა საკუთარი სურვილების მართვას ვერ ახერხებს. საბოლოოდ, რაფაელი საკუთარი სურვილების მსხვერპლი ხდება, თუმცა ამავდროულად მწარე გამოცდილებით აღმოაჩენს ცხოვრების ნამდვილ ღირებულებას. ბალზაკს ამ რომანით სურდა ეჩვენებინა, ცხოვრებისეული სირთულეები და მათთან ბრძოლაში დაშვეული შეცდომები. მიუხედავად იმისა, რომ რომანი შეიცავს ფანტასტიკის ელემენტებს, ის რეალისტურ წიგნად ითვლება, რომელიც ასახავს ბურჟუაზიული ყოფის მატერიალიზმს. ბალზაკი ზუსტი დაკვირვებებითა და დეტალური აღწერილობით წარმოაჩენს კაზინოს, ანტიკურ მაღაზიას, სამეფო ბანკეტებს და სხვა ადგილებს. მწერალმა ასევე ასახა მისი საკუთარი ცხოვრებისეული დეტალები, მთავარი მოქმედი პირის საცხოვრებელის დახასიათება იდენტურია თავად ავტორის სახლის, სადაც ის კარიერის დასაწყისში ცხოვრობდა. „შაგრენის ტყავის“ ცენტრალურ თემას წარმოადგენს სურვილებისა და სიცოცხლის ხანგრძლივობას შორის კონფლიქტი. „შაგრენის ტყავმა“ გავლენა მოახდინა და ინსპირაციად იქცა რუსი, ფრანგი და გერმანელი კომპოზიტორებისთვის, ასევე, მიჩნეულია, რომ ოსკარ უაილდის „დორიან გრეის პორტრეტი“ ამ წიგნის გავლენითაა შთაგონებული (თუმცა, ბევრი სწავლული ამას უარყოფს). ავსტრიელი ფსიქოანალიტიკოსი ზიგმუნდ ფროიდი ძალიან ძილიერ ემოციურ კავშირს ხედავადა მასა და წიგნის მთავარ პერსონაჟს შორის. ფროიდს, როდესაც კიბოს დიაგნოზი დაუსვეს, ის თვითმკვლელობას აპირებდა. თუმცა, მან „შაგრენის ტყავის“ გადაკითხვის შემდეგ გადაიფიქრა და თავის ექიმს უთხრა: „ეს იყო ზუსტად ის წიგნი, რომელიც უნდა წამეკითხა“. რუსი ლიტერატორის თქმით, „შაგრენის ტყავმა„ და „მამა გორიომ“ გავლენა მოახდინა რუსი მწერლის ფიოდორ დოსტოევსკის წიგნზე „დანაშაული და სასჯელი“. 1831 წლის 17 ნოემბერს გოეთემ „შაგრენის ტყავის“ შესახებ დაწერა: „ეს არის ბრწყინვალე გონების შრომის ნაყოფი“.

1833 წელს ბალზაკმა დაწერა „ეჟენი გრანდე“, რომელიც მისი პირველი ყველაზე გაყიდვადი ნოველაა. თუმცა, ამავე დროს ამ წიგნმა მწერლის კარიერის განმავლობაში ყველაზე მეტი კრიტიკა დაიმსახურა. წიგნი ახალგაზრდა ქალბატონზეა, რომელსაც ხელმომჭირნეობა საკუთარი მამისგან მემკვიდრეობით გადმოეცა. ნაშრომი მარტივია, თუმცა, პერსონაჟების დახასიათება დინამიკური და კომპლექსურია. წიგნი ეძღვნებოდა მარია დიუ ფრესნეს (ფრანგი მწერალი), რომელიც იყო ბალზაკის საყვარელი და მისი ქალიშვილის დედა, როგორც მოგვიანებით დამტკიცდა, მარია „ნამდვილი“ ეჟენი გრანდე იყო.

„მამა გორიო“ (1835) მწერლის მორიგი წარმატებული წიგნია. ბალზაკს „მეფე ლირის“ ტრაგედია 1820 წლის პარიზში გადმოაქვს და ახასიათებს საზოგადოების სახეს, სადაც ყველა სახის სიყვარულს ფულის სიყვარული აღემატება. წიგნის ცენტრალური ფიგურა არის მამა გორიო, რომელიც ღარიბულ ნაქირავებ სახლში ცხოვრობს და ყველაფერს იკლებს, რადგან თავისი ქალიშვილების კეთილდღეობა და მატერიალური საზრუნავი უზრუნველჰყოს. მიუხედავად ამისა, სიკვდილის წინ მისი ქალიშვილები მამას არ ნახულობენ. მამის ცენტრალური როლი ამ წიგნში შემთხვევითი არ არის. ბალზაკისთვის ეს თემა მნიშვნელოვანი იყო და ნაცნობიც, ვინაიდან მან იშვილა მარი-კაროლინი, მისი საყვარლის (მარია დიუ ფრესნე) არაკანონიერი ქალიშვილი. წიგნის შესავალში ბალზაკი წერს: „ვისაც ეს წიგნი გიჭირავთ ხელში, რბილს სავარძელში მისვენებული ზიხართ და თქვენთვის ამბობთ, იქნებ ამან გამართოსო. როდესაც მოხუც გორიოს იდუმალ ავბედითობას ბოლომდე წაიკითხავთ, თქვენ მადიანად ისადილებთ და თქვენს უგრძნობლობას ავტორს მიაწერთ, უსაყვედურებთ მას გაზვიადებისათვის და დააბრალებთ პოეტურ შეთხზვას. აჰა! იცოდეთ: ეს დრამა არც ფიქციაა და არც რომანი. ის იმდენად ჭეშმარიტია, რომ ყოველ ადამიანს შეუძლია თავის ცხოვრებაში ან თავის გულშიც კი ამოიცნოს მისი საწყისები“. რომანი ბალზაკის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნაშრომად მიიჩნევა. როგორც ნოველისტი ფელისიან მარსო აღნიშნავს: „ჩვენ ყველანი მამა გორიოს შვილები ვართ“. თავად ბალზაკი ძალიან ამაყობდა ამ ნაშრომით. მან განაცხადა: „მამა გორიო ყველაზე დიდი წარმატებაა, ჩემი უმძვინვარესი მტრები მუხლს მოიდრეკენ მის წინაშე. ჩემმა ტრიუმფმა ყველაფერი მოიცვა, მათ შორის მეგობრებიც და მოშურნეებიც“. წიგნის ყველაზე კარგად ცნობილი მონაკვეთია ეჟენისა და ვოტრენის საუბრის ერთ-ერთი ციტატა: „მე შენ ისეთ რამეს შემოგთავაზებ, რაზეც ვერავინ იტყოდა უარს“. ეს ფრაზა გამოყენა მარიო პიუზომ თავის წიგნში „ნათლია“ და 100 ყველაზე ცნობილ გამონათქვამში შედის.

 
„მამა გორიო“, ილუსტრაცია

1836 წელს ბალზაკმა დააარსა ყოველკვირეული ჟურნალი „პარიზის ქრონიკა“, რომელიც მიმოიხილავდა სოციალურ და პოლიტიკურ თემებს. მწერალი ცდილობდა, მკაცრად დაეცვა მიუკერძოებლობა და სხვადასხვა იდეოლოგიების წარმოდგენისას ისინი დასაბუთებული და არგუმენტირებული შეფასებებით გაემყარებინა. როგორც როჯერი აღნიშნავს: „ბალზაკი სხვადასხვა სოციალურ, პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ თეორიებს ორივე მხრიდან განიხილავდა“. ჟურნალმა არ გაამართლა, თუმცა, 1840 წელის ივლისში ბალზაკმა სხვა გამოცემა, „პარიზის მიმოხილვა“ დააარსა.

წარუმატებლობამ ბიზნესის სფეროში და უშედეგო ძალისხმევის გაწევამ, მწერალს ნიადაგი მოუმზადა შეექმნა ახალი წიგნი „გამქრალი ოცნებანი“ 1843. წიგნში ასახულია ახალგაზრდა პოეტის ლუსიენის ცხოვრება, რომელიც ცდილობს სახელის მოხვეჭას, თუმცა, ის ეფლობა საზოგადოების ბნელ და წინააღმდეგობებით სავსე ჭაობში. ლუსიენის ჟურნალისტური საქმიანობა ასახავს თავად მწერლის პირად გამოცდილებასა და მარცხს ამ სფეროში. დონალდ ადამსონის თქმით „გამქრალი ოცნებანი“ სამყაროს საიდუმლოებების გამჟღავნება უფროა, ვიდრე პერსონაჟების ფსიქოლოგიურ-მორალური განვითარების წარმოდგენა“. წიგნის წარმატებამ განაპირობა „გამქრალი ოცნებანის“ გაგრძელების „კურტიზანების დიდებულება და საბრალოების“ შექმნა, რომელიც ოთხი ნაწილისგან შედგება. ცვაიგი „გამქრალი ოცნებების“ შესახებ წერს: „ფულადი ჯარიმის ჯიბრზე ელვის სისწრაფით დაწერილი ეს თხზულება იქცევა ბალზაკის ცენტრალურ ნაწარმოებად. გეგონებათ, თვითონ ბალზაკმა მათრახის უწყალო ცემით გამოდევნაო ყოვლივე, რაც კი მის შინაგან არსებაში იმალებოდა“.

1847 და 1848 წლებში მწერალმა დაწერა „კუზინ ბეტი“ და „უზინ პონსი“, სადაც მწერლის მიერ იურიდიულ ფირმაში მიღებული გამოცდილებაა გადმოცემული და აღწერილია ნათესავებს შორის შუღლი და ბრძოლა მემკვიდრეობის მისაღებად. ამ პერიოდში ბალზაკის მდგომარეობა გაუარესდა და ამ წიგნების დასრულებამ სიმბოლური მნიშვნელობა მიანიჭა თავად მწერლის სიცოცხლის დასასრულსაც.

სამუშაო ჩვევები

რედაქტირება

ბალზაკს სამუშაო განრიგი შემდეგნაირად ჰქონდა გაწერილი. ის მსუბუქად სადილობდა შუადღის ხუთ-ექვს საათზე, შემდეგ კი შუაღამემდე ეძინა. გაღვიძების შემდეგ ძალიან დიდხანს მუშაობდა, ხშირად გადაბმულად თხუთმეტ საათს დღეში. როგორც თავად ბალზაკმა აღნიშნა, ერთხელ მან 48 საათი იმუშავა სამ საათიანი შესვენებით. მუშაობის დროს ბალზაკი უზომო რაოდენობის ყავას სვამდა.

ბალზაკს მუშაობის პროცესში და წიგნის გამოცემის შემდეგაც უამრავი დამატებები, შესწორებები და ცვლილებები შეჰქონდა ნაშრომში, რისთვისაც მნიშვნელოვანი დანახარჯების გაწევა ხდებოდა საჭირო, როგორც მწერლისთვის, ასევე გამომცემლისთვისაც. საბოლოოდ, დასრულებული ნაშრომი სრულიად განსხვავებული იყო წიგნის ორიგინალური ვერსიისგან.

ბალზაკი ერიდებოდა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყოფნას, თუმცა, ის ყოველთვის ინარჩუნებდა კონტაქტს სოციალურ გარემოსთან. მისი „განდეგილობა“ განპირობებული იყო, ერთი მხრივ, დროის უქონლობით, მეორე მხრივ კი, გაუცხოების გრძნობით. ის საკუთარ მოვალეობად მიიჩნევდა არა საზოგადოებრივ ადგილებში ყოფნას, არამედ მათ ასახვას საკუთარ ნაშრომებში. ბალზაკი მეგობრობდა თეოფილ გოტიესთან და შარლ დე ბერნართან. ის იცნობდა ვიქტორ ჰიუგოს. ბალზაკი დროის უმეტეს ნაწილს ატარებდა შატო-დიუ-საშეში, მისი მეგობრის სახლში, ტურის მახლობლად. მისი ბევრი პერსონაჟი სწორედ ამ სახლში, მეორე სართულის პატარა საძინებელ ოთახში შექმნა მწერალმა. ამჟამად შატო წარმოადაგენს ბალზაკის მუზეუმს.

ბალზაკს ოთახში ედგა ნაპოლეონის ბიუსტი, რომელზეც ეწერა: „ის რაც ნაპოლეონმა ხმლით დაიპყრო, მე მას კალმით დავიპყრობ“.

 
ეველინა განსკა

ქორწინება და გვიანდელი პერიოდი

რედაქტირება

ბალზაკმა 1832 წელს ანონიმური წერილი მიიღო ოდესიდან მისი თაყვანისმცემლისგან, სადაც „უცნობი“ მწერალს აკრიტიკებდა „შაგრენის ტყავში“ გამოხატული ცინიზმისა და ათეისტური დამოკიდებულებისათვის, ასევე ქალების უარყოფითი დახასიათებისათვის. ბალზაკმა ამ კრიტიკას ფრანგულ ჟურნალში უპასუხა იმ იმედით, რომ „უცნობი“ მას წაიკითხავდა. ასე დაიწყო თხუთმეტწლიანი მიწერ-მოწერა ბალზაკსა და მის მომავალ მეუღლეს, ეველინა განსკას შორის.

განსკა დაქორწინებული იყო ოცი წლით უფროს, მდიდარ პოლონელ მიწათმფლობელზე და კიევის მახლობლად ცხოვრობდა. ქორწინება ფორმალურ ხასიათს ატარებდა. ბალზაკი და განსკა ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს 1834 წელს შვეიცარიაში და 1835 წელს ვენაში. მათ გადაწყვიტეს, რომ ექორწინათ ეველინას მეუღლის გარდაცვალების შემდგომ. ეველინა განსკა ბალზაკის მიმართ განსაკუთრებულ სულიერ და ემოციურ სიახლოვეს გრძნობდა, რაც ასახულია მწერლისა და ეველინას მიმოწერებში, სადაც ვნება, მოთმინება და მოკრძალება საოცარი ბალანსითაა შერწყმული. მათი მეორე შეხვედრის შემდგომ, 1835 წლის ივნისში ბალზაკის მიერ ეველინასადმი მიწერილ სასიყვარულო წერილში გადმოცემულია მწერლის სულიერი მდგომარეობა და განცდები, რომელის ინსპირაცია ავტორის შემოქმედებაშიც აისახა: „თუკი შეიძლება რაიმეს ეწოდოს სიგიჟე, ეს შენდამი სიყვარულია. ყველა ჩემი ფიქრი და გრძნობა შენში ცხოვრობს. ეს არის სიგიჟე, რომელმაც მთელი ჩემი პიროვნება მოიცვა და რაც მაშინებს. ამას არ შეიძლება ეწოდოს ცხოვრება, არასდროს მიგრძვნია და განმიცდია, არასოდეს მიცხოვრია ისე, როგორც ახლა შენი ფიქრებით თავდაკარგულს. შენ ყოველივე შთანთქე ჩემში. მე ვცხოვრობ ოცნებაში, სადაც ერთი წამი ათას წელს გრძელდება. მე ვიღებ შენს ბარათს და ვესაუბრები მას და გხედავ შენ ჩემს წინ ისევე ცხადად, როგორც გუშინ. მე ვუმეორებ საკუთარ თავს „ის ჩემია“. ანგელოზებიც კი არ არიან ისეთი ბედნიერნი სამოთხეში, როგორც მე შენს გვერდით“.

 
პერ-ლაშეზის სასაფლაო, პარიზი

ეველინა განსკის მეუღლე 1841 წელს გარდაიცვალა და ბალზაკისა და ეველინას რომანმა ოფიციალური სახე მიიღო. 1843 წელს ბალზაკი ეველინას სანქტ-პეტერბურგში ეწვია. ეკონომიკური სიდუხჭირისა და ჯანმრთელობის პრობლემების მიუხედავად, მათ საბოლოოდ 1850 წლის 14 მარტს იქორწინეს.

მიუხედავად იმისა, რომ ბალზაკი გვიან დაქორწინდა, მას უკვე ჰქონდა დაწერილი ორი ტრაქტატი ქორწინების შესახებ: „ქორწინების ფსიქოლოგია“ და „ქორწინების სცენები“. აპრილის ბოლოს ახალდაქორწინებულები პარიზში გაემგზავრნენ. ბალზაკის მდგომარეობა მგზავრობისას ძალიან გაუარესდა. ეველინა თავის ქალიშვილს ბალზაკის მდგომარეობას ატყობინებს და წერს, რომ მწერალი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია. ბალზაკი და ეველინა პარიზში 20 მაისს ჩავიდნენ, მწერლის ორმოცდამეთერთმეტე დაბადების დღეზე.

ქორწინებიდან ხუთი თვის შემდეგ, 18 აგვისტოს, ბალზაკი გარდაიცვალა. გარდაცვალების დროს მწერალთან მხოლოდ დედა იმყოფებოდა. ბალზაკი დაასაფლავეს პარიზში, პერ-ლაშეზის სასაფლაოზე. დაკრძალვის ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა ვიქტორ ჰიუგო , რომელმაც დიდი მწუხარება გამოთქვა მწერლის გარდაცვალებასთან დაკავშირებით და იქ მყოფთ შემდეგი სიტყვებით მიმართა: „დღეს ჩვენ შავები გვაცვია, რადგან მოგვიკვდა გენიოსი, ერი გლოვობს გენიოსის გარდაცვალებას“. ცერემონიას ესწრებოდა თითქმის ყველა პარიზელი მწერალი მათ შორის: ალექსანდრ დიუმა (უფროსი), ალექსანდრ დიუმა (უმცროსი), ფრედერიკ ლემეტრი, გუსტავ კურბე.

„ადამიანური კომედია“ ბალზაკს დაუმთავრებელი დარჩა, ის გეგმავდა უამრავი სხვა წიგნების დაწერას, რომელთა დაწყებაც ვერ მოასწრო. მწერალი, ჩვეულებრივ ახალ წიგნზე მუშაობის პროცესში პარალელურად „დასრულებულ“ წიგნზეც მუშაობდა და შესწორებები შეჰქონდა. ასეთი მწერლობის სტილი განპირობებული იყო თავად ბალზაკის პირადი ცხოვრებიდან გამომდინარე, ეს იყო ერთგვარი პოზიტიური მცდელობა მხატვრული ნაწარმოებების დახმარებით თავის ცხოვრებაში სტაბილურობა შეეტანა.

რეალიზმი

რედაქტირება

ბალზაკი თავის შემოქმედებაში პერსონაჟების ასაღწერად და დასახასიათებლად აქტიურად იყენებდა დეტალურ აღწერილობას, განსაკუთრებით კი ნივთებისა და საგნების ზედმიწევნით დახასიათებას, რამაც განაპირობა მისი, როგორც პირველი რეალისტი მწერლის დამკვიდრება ევროპულ ლიტერატურაში. ის ერთი მხრივ, შთაგონებული იყო უოლტერ სკოტის რომანტიკული სტილით, თუმცა, მეორე მხრივ, ცდილობდა ადამიანის არსებობის გამოხატვას დეტალების საშუალებით. „პირადი ცხოვრების ეპიზოდის“ პირველი გამოცემის პროლოგში ბალზაკი წერს: „მხოლოდ დეტალების საშუალებით შეუძლია მწერალს ღირებულება მიანიჭოს თავის ნაშრომებს“. დეკორაციების, ტანსაცმლის და სხვა უამრავი ნივთების დაწვრილებითი დახასიათება ეხმარება მკითხველს პერსონაჟების ცხოვრებაში შეაღწიოს და ნათლად შეიცნოს მათი სამყარო. მაგალითად, ბალზაკის ერთ-ერთმა მეგობარმა იცოდა შპალერის გაკვრა. მწერალმა ეს გამოიყენა თავის წიგნში „მამა გორიო“ ერთ-ერთი პერსონაჟის დასახასიათებლად, სადაც შპალერის დახასიათება და აღწერილობა გამოხატავს იმ სახლში მცხოვრებ ადამიანთა თვისებებსა და აღწერილობას. როგორც ავტორი აღნიშნავს: „ჩემს ქმნილებებში ადგილს ვერ იპოვიან მოგონილი ფაქტები, მე აღვწერ მხოლოდ იმას, რაც ყველგან ხდება“.

ზოგიერთი მწერალი მიიჩნევს, რომ ბალზაკის წერის სტილი ნატურალიზმის ნიმუშს განეკუთვნება, რომელიც უფრო პესიმისტური და ანალიტიკურია, ვიდრე რეალიზმი და ცდილობს ადამიანთა ქცევების ახსნას გარემოსთან მჭიდრო კავშირის გათვალისწინებით. ფრანგი მწერლის, ემილ ზოლას აზრით, ბალზაკი ნატურალიზმის მამაა. ზოლა აღნიშნავდა, რომ თუკი რომანტიკოსები სამყაროს ფერადი ლინზებით ხედავდნენ, ნატურალისტები სუფთა სათვალით აკვირდებოდნენ მას, ზუსტად ისე, როგორც ბალზაკი ცდილობდა, რომ აღეწერა სამყარო მისი ნაშრომებით.

პერსონაჟები

რედაქტირება
 
ბალზაკის შესწორებები

ბალზაკი ცდილობდა, რომ თავისი პერსონაჟები წარმოეჩინა რეალურ ადამიანებად, არც სრულყოფილ იდეალამდე და არც სრულყოფილ ბოროტებამდე დაყავდა ისინი, არამედ ქმნიდა მათ სრულქმნილ ადამიანურ არსებებად. „ველის შროშანის“ პროლოგში ბალზაკი წერს: „იმისთვის რომ სიმართლე წარმოაჩინონ, მწერლები იყენებენ იმ შესაძლო ლიტერატურულ ხერხებს, რომლებიც მათ დაეხმარებათ მაქსიმალურად რეალისტურად ასახონ მათი პერსონაჟების ცხოვრება“. ბალზაკის პერსონაჟები კი იმდენად რეალურები იყვნენ, რომ სამყაროდან ლიტერატურაში ცოცხლად გადმოყვანილ ადამიანებს ჰგავდნენ. ეს რეალისტურობა შეამჩნია ოსკარ უაილდმა, რომელმაც თქვა: „ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი ტრაგედია არის ლუსიენ დე რუბამპრეს („გამქრალი ოცნებების“ გმირი) სიკვდილი, ის მიპყრობს მე ჩემი ცხოვრების ბედნიერ წუთებში, მე მახსენდება ის როდესაც ვიცინი“.

ამავე დროს, ბალზაკის პერსონაჟები მიეკუთვნებიან სხვადასხვა სოციალური სტატუსის ადამიანებს: სამხედრო პირებსა და მოხელეებს, არამზადებს, პატიოსან მუშებს, უშიშარ ჯაშუშებს, მიმზიდველ მიჯნურებს. ყოველი ტიპის ადამიანის ასახვა კი ერთმინიშვნელოვნად მწერლის უბადლო ნიჭს უნდა მიეწეროს. როგორც ერთმა კრიტიკოსმა ახსნა: „ბალზაკის სამყაროში არსებობს ცენტრი და მის გარშემო შემოვლებული წრეწირი“.

ბალზაკის მიერ მუდმივად გამეორებადი პერსონაჟები „ადამიანურ კომედიაში“ კიდევ უფრო მეტ რეალისტურ ელფერს სძენს მის ნაშრომებს. როჯერსი აღნიშნავს: „როდესაც პერსონაჟები ისევ ჩნდებიან, ისინი არსად არ ქრებიან, არამედ მცირე ხნით საკუთარი პირადი ცხოვრებით ცხოვრობენ, სადაც დროებით ჩვენ არ ვართ დაშვებულები“. ბალზაკი ასევე იყენებდა რეალისტურ ტექნიკას, რომელსაც მარსელ პრუსტმა „რეტროსპექტიული განათება“ უწოდა, როდესაც პერსონაჟის წასრული მჟღავნდება მისი პირველად გამოჩენის შემდგომ დიდი ხნის შემდეგ.

ბალზაკის პერსონაჟების მასტიმულირებელი მექანიზმი არის ენერგიის დაუშრეტელი წყარო, რომელსაც ისინი ფლობენ. ადამიანური ბუნებისა და საზოგადოების წინააღმდეგ ბრძოლაში ისინი უფრო მეტად აგებენ, ვიდრე იგებენ, თუმცა არასოდეს ნებდებიან. ხასიათის ეს თვისება თავად მწერლის მახასიათებელიცაა, რომელსაც ის საზოგადოგების წინააღმდეგ ბრძოლაში იყენებდა. ავტორზე დიდი გავლენა მოახდინა ავსტრიელმა მისტიკმა და ფიზიკოსმა ფრანც მესმერმა, რომელიც ცხოველთა მაგნიტიზმს შეისწავლიდა. ბალზაკი ხშირად საუბრობდა „გამაღიზიანებელ უხილავ ძალაზე“, რომელიც ინდივიდებში არსებობს და ძალზედ საშიში ხდება ხალხთა მასებში. რაფაელ ვალენტინის პერსონაჟის ტრაგედია „შაგრენის ტყავში“, ავტორის აზრით, განპირობებული იყო სწორედ ამ ძალით, რომელმაც სხვა ადამიანების ზეგავლენით რაფაელის განადგურება გამოიწვია.

ქალაქების, სოფლებისა და შენობების ინტერიერი მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ბალზაკის რეალისტურ შემოქმედებაში, რომელიც ემსახურება ნატურალისტური ფონის შექმნას, სადაც პერსონაჟები თავიანთი ცხოვრებით ცხოვრობენ. მსგავსი მწერლობის სტილმა დაუმკვიდრა ბალზაკს ნატურალისტის სახელი. ადგილმდებარეობის ჩახლართული დეტალური აღწერილობა ხშირად თხუთმეტ-ოც გვერდს მოიცავს. მწერალი, ისევე, როგორც ადამიანებს, ასევე ადგილებსაც გულისყურით იკვლევდა და მის სიღრმეებს სწავლობდა, ის მოგზაურობდა გარეუბნებში და აკვირდებოდა გარემოს.

 
შატო-დიუ-საშე, პარკი

„ადამიანურ კომედიაში“ განხილულია პარიზის შემოგარენი. ბუნება მეტროპოლიტებში სრულიად განსხვავდება სოფლის ველური ბუნებისაგან. „პარიზში ჩვენ ვცხოვრობთ ადამიანის მიერ შექმნილ რეგიონში, სადაც წელიწადის დროებიც კი გვავიწყდება, პროვინციული ქალაქები არასოდეს კარგავენ ბუნებრიობას“, წერს როჯერი. ბალზაკი კი აღნიშნავს: „პარიზის ქუჩები გვიპყრობენ ჩვენ და არ ძალგვიძს გავთავისუფლდეთ მის მიერ მიღებული შთაბეჭდილებებისგან, რომლებიც ჩვენს გონებას ეუფლება“. მის მიერ შექმნილმა ლაბირინთული ქალაქის მოდელმა გავლენა მოახდინა ჩარლზ დიკენსისა და თედორე დოსტოევსკის ნაშრომებზე. „ადამიანურ კომედიაში“ პარიზის, როგორც ცენტრალური ადგილმდებარეობის წარმოჩინება, წარმოადგენს ბალზაკის გასაღებს მის რეალისტურ მემკვიდრეობაში. კრიტიკოსი პიტერ ბრუკსი აღნიშნავს, რომ „რეალიზმი სხვა არაფერია, თუ არა ურბანიზმი“. ტიპური სცენარი ახლაგზრდა ყმაწვილზე, რომელიც ქალაქში ჩამოდის ბედის საძიებრად, მუდმივად მეორდება ბალზაკის ნოველებში, მაგალითად „გამქრალ ოცნებებში“.

პერსპექტივა

რედაქტირება

ბალზაკის ლიტერატურული განწყობა გულისტკივილიდან და ღრმა სევდიდან დროთა განმავლობაში განვითარდა სოლიდარიზმამდე და შემართებამდე, მაგრამ ოპტიმიზმამდე არ მისულა. „შაგრენის ტყავში“, რომელიც მწერლის ადრეული პერიოდის ნამუშევარს მიეკუთვნება, მოთხრობილია პესიმისტური, დამაბნეველი და გამანადრურებელი ამბავი. თუმცა, ის ცინიზმი, რაც მისი ნაშრომების ადრეული პერიოდისთვის იყო დამახასიათებელი, საგრძნობლად შესუსტებულია მის გვიანდელ წიგნებში და „გამქრალი ოცნებების“ პერსონაჟები სიმპატიით არიან განწყობილნი იმ ადამიანთა მიმართ, რომლებიც საზოგადოების მიერ არიან გარიყულნი. მოგვიანებით ბალზაკის ლიტერატურული ევოლუციის დასკვნით ეტაპზე, რომელმაც „დემოკრატიული ლიტერატურული ფორმის“ სახე მიიღო, მწერალმა დაწერა: „წიგნები ყველასთვის იწერება“.

ბალზაკის შემოქმედების უდიდეს და უმნიშვნელოვანეს სატკივარს წარმოადგენდა ადამიანის ბუნების ბნელი მხარე და საშუალო და მაღალი კლასის საზოგადოების გამრყვნელი ზემოქმედება. მწერალი მუშაობდა, რომ წარმოეჩინა ადამიანთა ყველაზე დამახასიათებელი მდგომარეობა, ის ხშირად ინკოგნიტოდ დადიოდა პარიზულ საზოგადოებაში, რომ გამოეკვლია ადამიანები. ის იმ შემთხვევებსა და ინციდენტებს აღწერდა თავის წიგნებში „ეჟენი გრანდე“ და „ლუი ლამბერი“, რომელიც თავად მას ან მის ირგვლივ მყოფ ხალხთ გადახდენიათ.

პოლიტიკა

რედაქტირება

ბალზაკი იყო კონსერვატიული როიალისტი. ის წარმოადგენდა ვიქტორ ჰიუგოს დემოკრატიული რესპუბლიკანიზმის ანტიპოდს. მიუხედავად ამისა, მისმა კეთილგანწყობილმა დამოკიდებულებამ მუშათა კლასის მიმართ, მას პატივისცემა და ღირსება მოუხვეჭა უამრავ სოციალისტთა და მარქსისტთა შორის. ფრიდრიხ ენგელსმა თქვა, რომ ბალზაკი მისი საყვარელი მწერალი იყო. განსაკუთრებით კი „უცხო შედევრი“ მოსწონდა. ასევე, მარქსის ნაშრომებს აქვს ძალზედ მჭიდრო კავშირი ბალზაკის წიგნებთან.

თემატიკა

რედაქტირება

ბალზაკს სურდა, შეექმნა მისი დროის საფრანგეთის „მხატვრული ისტორია და ფილოსოფია“, რომელიც ცხოვრების ყველა სფეროს, მოსახლეობის ყველა ფენას მოიცავდა. მწერლის „ადამიანური კომედია“, მასში მოცული ასამდე ნაშრომით, თემატიკის მიხედვით სამი ძირითადი ნაწილისგან შედგება: „ზნე-ჩვეულებათა ეტიუდები“, „ფილოსოფიური ეტიუდები“ და „ანალიტიკური ეტიუდები“.

რელიგია და მისტიკა

რედაქტირება
 
„ლუი ლამბერში“ აღწერილია ეგნატე ღმერთშემოსილის მიერ ტანჯვის ძლევა რწმენის საშუალებით, რომელიც ლომებმა შეჭამეს.

ბალზაკის ფილოსოფიურ ნაწარმოებებში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია რელიგიურ-მისტიკურ ნოველებს, რომლებიც თავის მხრივ ასახავენ ბალზაკის ფილოსოფიურ შეხედულებებს. ამ კუთხით, მწერალზე დიდი გავლენა მოახდინა შვედი ფილოსოფოსისა და მისტიკოსის, ემანუელ სვედენბორგის ნაშრომებმა. ბალზაკმა სტუდენტობისას დაწერა „ტრაქტატი ნებაზე“, სადაც განხილულია სვედენბორგის ფილოსოფია. შემდგომში, მან დაწერა „ლუი ალბერი“, სადაც თავისი ნაწერები წიგნის მთავარ გმირს მიაწერა და მისი პერსონაჟით გადმოსცა თავისი შეხედულებები მეტაფიზიკაზე, ფილოსოფურ იდეებზე და რელიგიურ თემაზე. მწერალმა იგივე თემა გადაიტანა თავის ნაშრომში „სერაფიტა“, რომელიც ჰემაფროდიტ ანგელოზურ ქმინილებას ასახავს. ამ პერიოდში ბალზაკი განიცდიდა სულიერ კრიზისს, ამიტომ მან გადაწყვიტა გასცნობოდა ადრექრისტიანულ მოაზროვნეებს და ჩაძიებოდა ბოროტების საკითხს. როგორც ფრანგი კრიტიკოსი, ფილიპ ბერლო აღინიშნავს ბალზაკის ფილოსოფიური ნაშრომები ადრეულ ქრისტიანობასთან იყო დაკავშირებული. თავის წერილებში ლამბერი წერს, რომ მან გამოიკვლია ქრისტიანული, იუდაისტური, ბუდისტური, ისლამური, კონფუციური და სხვა რელიგიები, მათმა მსგავსებამ კი დაარწმუნა სვიდენბორგის ფილოსოფიის სისწორეში, რომელიც „აჯამებს ყველა რელიგიას, უფრო ზუსტად კი მიდის ერთ რელიგიამდე - ჰუმანურობამდე“. თავად მწერალი საკუთარ რწმენას ათავსებს ოკულტურ მისტიციზმსა და სეკულარულ რეალიზმს შორის. ბალზაკის სულიერების ფილოსოფიის მიხედვით, ადამიანს გააჩნია ლიმიტირებული რაოდენობის სულიერი ენერგია, რომელიც იხარჯება შემოქმედებითი ან ინტელექტუალური სამუშაოს შესრულების დროს, ასევე ფიზიკური აქტივობისას (სექსუალური ურთიერთობების ჩათვლით). მწერალმა ამის სიმბოლური გამოხატულება შექმნა თავის რომანში „შაგრენის ტყავი“, სადაც ტყავი მის მფლობელს ანიჭებს უსაზღვრო ძალაუფლებას, თუმცა, ამასთან მისი ყოველი გამოყენების პარალელურად ტყავის ზომაც იკლებს.

საზოგადოება

რედაქტირება

ფილოსოფიური ნაშრომებისგან განსხვავებით, სადაც აქცენტი გაკეთებულია ინდივიდის პიროვნულ განცდებსა და შინაგან სამყაროზე, „ზნე-ჩვეულებათა ეტიუდებში“ მწერალი გვიხატავს ინდივიდთა ერთობლიობას, როგორც ერთ მთლიან ორგანიზმს და ახასიათებს საზოგადოებას. ავტორის საზოგადოება მოიცავს ყველა ფენას, გენდერს, ასაკსა თუ პროსფესიას. 1836 წელს, თავად ბალზაკმა ექვს ნაწილად დაყო „ზნე-ჩვეულებათა ეტიუდები“: „პირადი ცხოვრების სცენები“, „პროვინციული ცხოვრების სცენები“, „პარიზული ცხოვრების სცენები“, „პოლიტიკური ცხოვრების სცენები“, „სამხედრო ცხოვრების სცენები“ და „კამპანიის ცხოვრების სცენები“. მწერალი ამბობდა, რომ საზოგადოების აღწერით, ის წერდა ისტორიას, რომელიც დავიწყებულია ისტორიკოსთა მიერ და ისევე იკვლევდა და აანალიზებდა მათ, როგორც ზოოლოგი ცხოველთა სახეობებს. ის ასევე ცდილობდა, რომ მოვლენებზე შორს წასულიყო და სოციალური ფენომენის მიზეზებს ჩასწვდომოდა. თუმცა, საზოგადოების აღწერისას ბალზაკი ყოველთვის ხაზს უსვამდა და მეტ მნიშვნელობას სძენდა ქალებს. ბალზაკის მიერ დახასიათებული საზოგადოება მიჯაჭვულია მატერიალურ საზრუნავს, მათთვის ფული და სახელი ერთადერთი კრიტერიუმია ადამიანის განსასაზღვრად, აქ მორალი, რწმენა და ზნეობრივი პრინციპები ფუჭი სიტყვებია. ამ საზოგადოებაში ერთადერთი კანონით მოქმედებენ - „თუ ჯალათი აღარ იქნები, მსხვერპლად გადაიქცევი“. იმისთვის, რომ წარმატებას მიაღწიო, წერს ბალზაკი „მამა გორიოში“: „მოგიხდება ბრძოლის ველზე ხალხის ხოცვა, რომ არ მოგკლან, მოტყუება, რომ არ მოგატყუონ. უნდა დასტოვო შენი პატიოსნება, შენი გული და გაიკეთო ნიღაბი, შეუცოდებლად ათამაშო ადამიანები... ესაა ჩვენი ეპოქის მთელი მორალი. ასე იმიტომ ვლაპარაკობ, რომ ამის უფლება მაქვს, რადგან მე ის შევიცანი“.

ფსიქოლოგია

რედაქტირება

ბალზაკმა თავისი სამწერლო კარიერის განმავლობაში 2000-მდე პერსონაჟი შექმნა. პერსონაჟების მრავალფეროვნებისა და მათი დახასიათების გარდა, ის ცდილობდა თავისი გმირების ქცევის მოტივაცია გამოეკვლია, შეესწავლა მათი საქციელის პირდაპირი თუ არაპირდაპირი მიზეზები და შედეგები. „გამოცდილი ექიმები მხოლოდ ავადმყოფობას უყურებენ, მე კი ჯერ კიდევ ავადმყოფსაც ვხედავ“, წერს ბალზაკი „მამა გორიოში“. მწერალი განსაკუთრებით ღრმად გადმოსცემს ქალთა შინაგან განცდებსა და გრძნობებს. საინტერესოა ავტორის მიერ დახასიათებული ქალი პერსონაჟები ერთი მხრივ, მათი ინდივიდუალური ხასიათების აღნუსხვით და ტიპაჟთა მრავალფეროვნებით. მეორე მხრივ კი, მათი ემოციური და გრძნობითი განცდების ზედმიწევნითი გადმოცემით. ბალზაკის შემოქმედების ცენტრალური ადგილი უკავია საზოგადოებრივი ფსიქოლოგიური ფენომენის ანალიზს, რომელიც ინდივიდების ცხოვრების წამმართველი ძალაა და ძლიერი ზეგავლენა აქვს ადამიანების ჩამოყალიბებასა და იმ ცხოვრებისეული პრიორიტეტებისა და მიზნების არჩევაში, რომელსაც ისინი ისახავენ. სწორედ საზოგადოებიდან გამომდინარე მსჯელობს მწერალი დამნაშავეთა და კრიმინალთა ფსიქოლოგიაზე, იმ მიზეზ-შედეგობრივ კავშირზე, რაც მათ შორის არსებობს და განაპირობებს ინდივიდთა ქცევის მოტივაციას.

ბალზაკმა გავლენა მოახდინა მისი დროისა და მის შემდგომ პერიოდის მწერლებზე. მას ადარებდნენ ჩარლზ დიკენსს და მოიხსენიებდნენ მისი შემოქმედების ყველაზე გავლენიან ფიგურად. კრიტიკოსი ვ.ჰ. ჰელმი ერთს „ფრანგ დიკენსს“, ხოლო მეორეს „ინგლისელ ბალზაკს“ უწოდებდა. კრიტიკოსი რიჩარდ ლეჰანი აღნიშნავდა, რომ „ბალზაკი იყო ხიდი დიკენსის კომიკურ რეალიზმსა და ზოლას ნატურალიზმს შორის“.

 
ბალზაკის ბიუსტი, ოგიუსტ როდენის მიერ შექმნილი

გუსტავ ფლობერის შემოქმედებაც ასევე, ძირითადად ბალზაკის გავლენას განიცდის. საზოგადოების სახის გამოხატვა და პროზაული სტილი, ეს ის ელემენტებია, რომელიც ფლობერმა საკუთარ ნაშრომებში გადმოიღო. ასევე, ის დიდ ყურადღებას აქცევდა ბალზაკისეულ დეტალურ ჩაღრმავებებსა და ბურჟუაზიის სახის შეულამაზებლად გამოსახვას. ეს გავლენა ყველაზე ნათლად აისახება ფლობერის წიგნში „სენტიმენტალური განათლება“, რომელიც ერთგვარად ბალზაკის წიგნის, „გამქრალი ოცნებების“ განსხეულებას წარმოადგენს. „რაც ბალზაკმა დაიწყო, ფლობერმა დაასრულა“, აღნიშნავს ლეჰანი.

მარსელ პრუსტმა რეალისტური სტილის ასახვა თავის ნაშრომებში ბალზაკისგან ისწავლა. ის ბალზაკის შემოქმედების დიდი გულშემატკივარი იყო და ყურადღებით კითხულობდა მის წიგნებს, თუმცა, ამასთან პრუსტი ბალზაკს აკრიტიკებდა, მის ერთგვარ „ვულგარულობას“. ბალზაკის მოთხრობა „ჩემი ცხოვრების ერთი საათი“ (1822), სადაც აღწერილია წუთის დეტალური დახასიათება და მოსდევს ღრმა პიროვნული აღწერილობა, გახდა წინაპირობა პრუსისთვის გადმოეტანა ამ მოთხრობის სტილი თავის უმთავრეს ნაშრომში „დაკარგული დროის ძიებაში“. თუმცა, თავისი ცხოვრების ბოლო წლებში ის მიიჩნევდა, რომ ბალზაკის უფრო მაღალ საფეხურზე დაყენება, ვიდრე ტოლსტოის, როგორც ეს იმ პერიოდში იყო მიჩნეული, სრული „სიგიჟე“ იყო.

ალბათ, მწერლებიდან ბალზაკის გავლენის ქვეშ ყველაზე მეტად ამერიკელი მწერალი, ჰენრი ჯეიმზი იყო მოქცეული. 1878 წელს, ის მწუხარებით წერდა, რომ თანამედროვეობა ბალზაკის ნაშრომებს სათანადო ყურადღებას არ აქცევდა და ხოტბას ასხამდა მას თავის ოთხ ესეში, რომელიც შექმნდა 1875, 1877, 1902 და 1913 წლებში. თავის ნაშრომებში, ჯეიმზი უფრო მეტად იკვლევდა პერსონაჟების ფსიქოლოგიურ პროტოტიპებს და შედარებით ნაკლებ აქცენტს აკეთებდა ისტორიულ თვალსაწიერზე, რომელიც ბალზაკის წერის სტილის მახასიათებელი იყო. „ადამიანური კომედიის“ მსახიობი არის ისტორიკოსის მიერ ნახევრად დამხრჩვალი“, წერდა ჯეიმზი. თუმცა, ორივე მწერალი რეალისტურ ნოველებს წერდა, რათა გამოეკვლიათ საზოგადოების მაქინაციები და აეხსნათ ადამიანთა ქცევის ყველანაირი მოტივები.

ბალზაკის შეხედულება სოციალურ კლასზე, სადაც ფული და პირადი ამბიციები მთავარ როლს თამაშობს, მოწონებას იმსახურებდა, როგორც მემარჯვენე, ასევე მემარცხენე პოლიტიკური ფრთის წარმომადგენლებისთვის. ფრიდრიხ ენგელსი წერდა: „მე ბალზაკისგან ვისწავლე იმაზე მეტი, ვიდრე ერთად აღებული ყველა პროფესიონალი ისტორიკოსის, ეკონომისტისა და სტატისტიკოსისგან“. ბალზაკი ერთდროულად მისაღები და მოსაწონი იყო ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული შეხედულების ადამიანებისთვის ვოლტერ ბენჟამისისა და კამილე პაგლია სთვის. 1970 წელს როლანდ ბარტიმ გამოაქვეყნა ბალზაკის მოთხრობა „სარასენის“ დეტალური ანალიზი.

ბალზაკი კარგად იყო ცნობილი რუს ლიტერატორებსა და მწერლებში. როგორც გორკი აღნიშნავს: „შექსპირი, ბალზაკი, ტოლსტოი-აი, ჩემი აზრით, სამი მონუმენტი, რაც კაცობრიობამ აუგო თავის თავს“.

ბალზაკმა ასევე გავლენა მოახდინა კულტურაზე. მისი უამრავი ნამუშევარზე გადაღებულია ფილმები და სატელევიზიო სერიალები. მათ შორისაა: „მამა გორიო“, „შაგრენის ტყავი“, Les Chouans, „კუზინ ბეტი“. ფრანგმა რეჟისორმა ფრანსუა ტრიუფომ თავის ფილმში „ოთხასი დარტყმა“ ბალზაკის ცხოვრების ეპიზოდები მიმოიხილა. მას სჯეროდა, რომ ბალზაკი და პრუსტი ყველაზე დიდი ფრანგი მწერლები იყვნენ. ორსონ სკოტის ისტორიულ სერიალში „ელვინ მეიკერის ამბები“ აღწერილია ბალზაკის პერსონა. ის უხეშ, თუმცა, ღრმად განათლებულ და ბრძენ პიროვნებადაა წარმოდგენილი. ჩინელი მწერლის დაი სიჯიეს აქვს დაწერილი წიგნი ბალზაკზე სახელწოდებით „ბალზაკი და პატარა ჩინელი მკერავი ქალი“, სადაც მოვლენები კულტურული რევოლუციის დროს მიმდინარეობს. შემდგომში, 2002 ეს წიგნი ფილმად გამოვიდა. იაპონურ როკ-ბენდს სახელი „ბალზაკი“, მწერლის პატივსაცემად დაერქვა.

მემკვიდრეობა

რედაქტირება
 
ჟან პოლ სარტრი და სიმონა დე ბოვუარი, ბალზაკის მემორიალთან

ბალზაკმა მოასწრო 85 რომანისა და მოთხრობის დაწერა და დატოვა 50-მდე თხზულების მეტ-ნაკლებად სრული მონახაზი; შექმნა 2000-პერსონაჟიანი ეპოპეა – მთელი საზოგადოება, რომელსაც საკუთარი გენეალოგია, გეოეგრაფია და ცხოვრების ფილოსოფია აქვს. ეს ფილოსოფია გამომდინარეობს მწერლის მატერიალისტური მსოფლმხედველობიდან, რომელიც ზოგი რამით შუა საუკუნეების მისტიკურ მატერიალიზმს წააგავს. იგი შთაგონებული იყო ბიუფონის, კიუვიეს, სენტ-ილერის საბუნებისმეტყველო მოძღვრებებითა და მეთოდებით, რომლებიც მხატვრულ პროზაში გადაჰქონდა. თავისი თხზულებებისათვის ბალზაკმა უამრავი ფაქტი შეაგროვა ბურჟუაზიული საზოგადოების ყოფიდან, ღრმად შეისწავლა დედაქალაქის, პროვინციისა და სოფლის, ბირჟის, ბანკის, ნოტარიუსის კანტორების, რედაქციების, სასამართლოს, ბუდუარისა თუ სალონის ცხოვრება მათი უწვრილმანესი დეტალებით.

ავტორისავე კლასიფიკაციით, „ადამიანური კომედია“ შედგება ზნე-ჩვეულებათა, ფილოსოფიური და ანალიტიკური ეტიუდებისაგან. თავის მხრით, ზნე-ჩვეულებათა ეტიუდებში შემავალი ნაწარმოებები ქმნიან კერძო, პროვინციული, პარიზის, სამხედრო, პოლიტიკური და სოფლის ცხოვრების სცენებს. „ადამიანური კომედია“ ბალზაკმა დანტეს „ღვთაებრივი კომედიის“ საპირისპიროდ შეარქვა თავის ქმნილებას. მან აქ მხატვრული ასახვის ობიექტად მოგვცა ამქვეყნიურობა, ე. ი. თანამედროვე ბურჟუაზიული საზოგადოება, მისი მხატვრული სინთეზი. „მე ვადგენ ბიწიერებისა და სათნოების ინვენტარს, აღვნიშნავ ვნებათა ღელვის უმთავრეს გამოხატულებად, ვხატავ ხასიათებს, აღვნუსხავ საზოგადოების ცხოვრების უმთავრეს მოვლენებს. მე, შესაძლოა, დავწერე ისტორია, რომელიც დავიწყებულია ისტორიკოსების მიერ, სახელდობრ, ზნე-ჩვეულებათა ისტორია“, — წერდა ბალზაკი; მან შექმნა ფინანსისტებისა და ბირჟის სპეკულანტების, ნოტარიუსებისა და ადვოკატების, სამხედრო პირებისა და მოხელეების, რესპუბლიკელებისა და მონარქისტების, მეცნიერთა და ხელოვანთა, კარიერისტი ახალგაზრდებისა და გადაგვარებული არისტოკრატების, გამყიდველი ჟურნალისტებისა და საეჭვო ზნეობის დედაკაცთა ტიპების გალერეა. ამ საზოგადოებაში მატერიალური ინტერესი ჩრდილავს ყველაფერს; მამოძრავებელი ღერძი აქ ფულის სიყვარულია. მაგრამ, თუ ბალზაკი რეალისტია ფაქტების დაგროვებაში, სოციალური გარემოსა და ადამიანის ცხოველური ინსტინქტების ასახვაში, თუ მისი რომანები საფრანგეთის სამი თაობის – პირველი იმპერიის, რესტავრაციისა და ივლისის მონარქიის მხატვრულ სურათს წარმოადგენს, მეორე მხრივ, მას ახასიათებს რომანტიკული ინტერესი იდუმალი თუ არაჩვეულებრივი მოვლენებისადმი, რთული ინტრიგები, ცოტა არ იყოს მელოდრამის სიყვარულიც. მისთვის დამახასიათებელია აგრეთვე ფილოსოფიური ტირადები, მსჯელობანი სოციალურ თუ მორალურ თემებზე, რის გამოც მოთხრობის მსვლელობა ხშირად ფერხდება.

ბალზაკის სტილი თანაბარი არ არის. მკვეთრი, გონებამახვილი აფორიზმების საოცრად ორიგინალური და ელვარე სახეების გვერდით გვხვდება გაზვიადებული მეტაფორებიც, მაღალფარდოვანი და ფუყე გამოთქმებიც. მაგრამ მას ბადალი არ ჰყავს სიძუნწის, სიხარბის, უძღებობის, ავხორცობის, პატივმოყვარეობის, სიძულვილის, სიყვარულის, მამაშვილური გრძნობების, სულიერი სიმტკიცის, სიკეთის, ერთი სიტყვით, ყველა იმ ძლიერ ვნებათა ღელვის გადმოცემაში, რომლებიც მის გმირებს ხასიათის სიდიადეს ანიჭებს მათი მორალური ან ფიზიკური სიმახინჯის მიუხედავადაც. სოციალურ პლანში ბალზაკის შემოქმედება მიუკერძოებლად ადასტურებს არისტოკრტიის დაცემას, ბურჟუაზიის გაბატონებას და მომავლისათვის ფრიად რადიკალური დასკვნების გამოტანის წინამძღვრებს იძლევა. თავისი შემოქმედებით ბალზაკმა მსოფლიო ლიტერატურაში სათავე დაუდო ახლებურ, მონუმენტურ, კრიტიკულ რეალიზმს. ერთგვარი ავტონომიური ადგილი უკავია ბალზაკის შემოქმედებაში პიკანტური ნოველების კრებულს „ცელქ მოთხრობებს“, ეს არის უბადლო მოვლენა გასული ეპოქების — აღორძინებისა და შუა საუკუნეების – კულტურის შეგრძნების თვალსაზრისით. ბალზაკის შემოქმედებას იცნობენ მთელ მსოფლიოში, იგი მრავალ ენაზეა თარგმნილი. ქართულ ენაზე მის თხზულებათა თარგმნას XX საუკუნის 30-იან წლებში საფუძველი ჩაუყარა გერონტი ქიქოძემ.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Bertault, Philippe (1963). Balzac and The Human Comedy. English version by Richard Monges. New York: NYU Press. OCLC 344556
  • Brooks, Peter (2005). Realist Vision. New Haven: Yale University Press. ISBN 0-300-10680-7
  • Helm, W. H. (1905). Aspects of Balzac. London: Eveleigh Nash. OCLC 2321317
  • ჯეიმზ, ჰენრი (1878). French Poets and Novelists. New York: Grosset & Dunlap. OCLC 339000
  • James, Henry (1914). Notes on Novelists. New York: Charles Scribner's Sons. OCLC 679102
  • Lehan, Richard (2005). Realism and Naturalism. Madison: The University of Wisconsin Press. ISBN 0-299-20870-2
  • Leone, Giuseppe (1999). "Honoré de Balzac, una creatività "sempre recidiva, mai stanca" - Con lui il romanzo s'è fatto uomo", su "Ricorditi di me...", in "Lecco 2000", Lecco, febbraio 1999
  • Maurois, André (1965). Prométhée ou la vie de Balzac. Paris: Hachette.
  • (ფრანგული) Lotte, Fernand (1952). Dictionnaire biographique des personnages fictifs de la comédie humaine. Paris: Corti. ISBN 0-320-05184-6
  • Prendergast, Christopher (1978). Balzac: Fiction and Melodrama. London: Edward Arnold Ltd. ISBN 0-7131-5969-3
  • V. S. Pritchett (1973). Balzac. New York: Alfred A. Knopf Inc. ISBN 0-394-48357-X
  • პრუსტი, მარსელ (1994). Against Sainte-Beuve and Other Essays. Harmondsworth: Penguin Books. ISBN 0-14-018525-9
  • Robb, Graham (1994). Balzac: A Biography. New York: W. W. Norton & Company. ISBN 0-393-03679-0
  • როჯერსი, სამუელ (1953). Balzac & The Novel. New York: Octagon Books. თარგი:LCCN
  • ჯორჯ სენტსბური (1901). "Honoré de Balzac". The Works of Honoré de Balzac (Vol. I, pp. vii–xivi). Philadelphia: Avil Publishing Company. OCLC 6314807
  • Saintsbury, George Edward Bateman (1911). "Balzac, Honore de." The Encyclopædia Britannica (11th ed., Vol. 3). New York: Encyclopædia Britannica, Inc. Wikisource
  • Stowe, William W (1983). "Systematic Realism". In Honoré de Balzac. Edited by Harold Bloom. Philadelphia: Chelsea House Publishers. ISBN 0-7910-7042-5
  • ცვაიგი, შტეფან (1946). ბალზაკი New York, Viking Press. OCLC 342322

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკიციტატაში არის გვერდი თემაზე:
  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 Encyclopædia Britannica
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 ბროდვეის ინტერნეტ მონაცემთა ბაზა — 2000.
  5. Internet Speculative Fiction Database — 1995.
  6. NooSFere — 1999.
  7. filmportal.de — 2005.
  8. BD Gest'
  9. ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  10. Vegetti Catalog of Fantastic Literature
  11. Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  12. Roglo — 1997. — 10000000 ეგზ.
  13. 13.00 13.01 13.02 13.03 13.04 13.05 13.06 13.07 13.08 13.09 13.10 13.11 Archivio Storico Ricordi — 1808.
  14. Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
  15. 15.0 15.1 15.2 BeWeB
  16. 16.0 16.1 16.2 The Fine Art Archive — 2003.
  17. 17.0 17.1 Резник Р. А. Бальзак Оноре де // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  18. Mirbeau O. La Mort de Balzac — 1989.
  19. Honoré de Balzac (1799–1850)
  20. 20.0 20.1 20.2 20.3 20.4 Catalog of the German National Library
  21. A. Henry Le Père Lachaise historique, monumental et biographiqueParis: chez l'auteur, 1852. — P. 103. — 116 გვრ.
  22. 22.0 22.1 Czech National Authority Database
  23. Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.
  24. Portraits de décorés de la Légion d'honneur
  25. Les douze meilleurs romans du XIXᵉ siècle ont été désignés aujourd'hui / J. FenoglioParis: Société éditrice du Monde, 1952. — P. 12. — ISSN 0395-2037; 1284-1250; 2262-4694
  26. Honoré de Balzac Biography
  27. Madame Louise Antoinette- Laure de Berny