პერ-ლაშეზის სასაფლაო
პერ-ლაშეზის სასაფლაო (ფრანგ. Père Lachaise, „მამა ლაშეზი“) — ქალაქ პარიზის უდიდესი სასაფლაო, რომლის ტერიტორია 44 ჰექტარია.[1] ოფიციალური სახელწოდებაა „აღმოსავლეთის სასაფლაო“ (ფრანგ. Cimetière de l'Est).
პერ-ლაშეზი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სასაფლაოა.[2][3] ყოველწლიურად 2 მლნ ტურისტი სტუმრობს მას, რათა საკუთარი თვალით ნახოს იმ გამოჩენილ ადამიანთა საფლავები, ვისაც უდიდესი ღვაწლი მიუძღვის საფრანგეთისა და მსოფლიოს ისტორიის წინაშე უკანასკნელი 2 საუკუნის განმავლობაში. ყველაზე ბევრი მნახველი ჰყავს ჯიმ მორისონის საფლავს.
დაარსება
რედაქტირებათავიდან ამ ტერიტორიას სახელი საერთოდ არ ჰქონდა და კრიმინალური რეპუტაციის მქონე ღარიბთა უბანს წარმოადგენდა. მისი პირველი მფლობელი გახდა ერთ მდიდარი ვაჭარი, რომელმაც 1640 წელს ამ ადგილას მოზრდილი სახლი აიშენა. მოგვიანებით შენობა მონასტრის საკუთრება გახდა. საბოლოოდ, იეზუიტთა ორდენის მფლობელობაში აღმოჩნდა. ერთ-ერთი იეზუიტის, მამა ფრანსუა დე ლა შეზის (1624-1709) სახელის მიხედვით მიიღო სახელწოდება ამ ტერიტორიამ. ეს კაცი ლუი XIV-ის მოძღვრი იყო და იეზუიტთა ორდენი ოსტატურად სარგებლობდა საფრანგეთის მეფესთან მისი სიახლოვით. ორდენი სამფლობელოს ადიდებდა და ალამაზებდა. ბერების ბაღში შადრევნები და ჩანჩქერები დამონტაჟდა, ორანჟერეები გაიხსნა, იშვიათი მცენარეები დაირგო. საბოლოოდ, ღვთისმსახურთა ტერიტორია არისტოკრატების სასიყვარულო შეხვედრის პოპულარულ ადგილად იქცა. როდესაც ლუი XIV გარდაიცვალა, იეზუიტთა ორდენი გაკოტრდა. შედეგად, ბერების ქონებას კონფისკაცია გაუკეთეს და აუქციონზე გაყიდეს. ჩანჩქერები მოხსნეს, ბაღი გადათხარეს და ინგლისურ სტილში გადააკეთეს. ბერების სამყოფელის ადგილას სამლოცველო ააგეს.
1804 წელს საფრანგეთის ხელისუფლებამ კერძო მფლობელისგან შეიძინა ბელვილის კვარტლის მეზობლად არსებული 17 ჰა მიწის ნაკვეთი პერ-ლაშეზის ტერიტორიაზე. ნაპოლეონ ბონაპარტემ აქ სასაფლაო დააარსა, რომელიც 1804 წლის 21 მაისს გაიხსნა.[4] პერ-ლაშეზის სასაფლაოს არქიტექტორი იყო სახელგანთქმული ალექსანდრე ტეოდორ ბრონიარი (1739-1813). 1894 წელს სასაფლაოს ტერიტორიაზე აიგო ნეობიზანტიური სტილის კრემატორიუმი და კოლუმბარიუმი. შენობის დიზაინი ეკუთვნის ფრანგ არქიტექტორს, ჟან-კამილ ფორმაჟს (1845-1926).
პერ-ლაშეზზე პირველი დაასაფლავეს 5 წლის გოგონა, ადელაიდა. ამჟამად ეს საფლავი აღარ არსებობს, რადგან იგი დროებითი იყო და ვადის ამოწურვის შემდეგ, გაუქმდა.
ირონიულია, რომ ყოფილ მფლობელს სასაფლაოს მმართველმა, ნიკოლა ფროშომ საფლავისთვის ალაგი იმაზე გაცილებით ძვირად მიჰყიდა, ვიდრე თავად გადაუხადა პერ-ლაშეზის მთელ ტერიტორიაში.[5]
სასაფლაოს განვითარება
რედაქტირებაახალგახსნილი სასაფლაო ქალაქის იმდროინდელი ცენტრიდან საკმაოდ შორს იყო, რაც ხალხს არ მოსწონდა. ამას გარდა, კათოლიკეებს არ სურდათ უკურთხებელ მიწაზე ეპოვათ სამუდამო განსასვენებელი. სასაფლაოს პოპულარობის გაზრდის მიზნით, ხელისუფლებამ მოლიერი და ლაფონტენი გადმოასვენა აქ. 1817 წელს პიერ აბელარისა და მისი მოწაფისა და სატრფოს, ელოიზას საფლავებიც პერ-ლაშეზის სასაფლაოზე გადმოიტანეს. ხერხმა გაამართლა და რამდენიმე წელიწადში პერ-ლაშეზზე უკვე 33 ათასი საფლავი იყო.
დღეისათვის ამ სასაფლაოზე 1 მლნ-ზე მეტმა ადამიანმა ჰპოვა სამუდამო განსასვენებელი. კოლუმბარიუმში შენახული ურნების ჩათვლით, პერ-ლაშეზის სასაფლაოს ბინადართა რაოდენობა 3 მლნ-მდეა.[6]
პერ-ლაშეზი ჯერაც მოქმედი სასაფლაოა, თუმცა აქ დასაფლავების უფლების მოპოვება უკვე ძალიან ჭირს. არსებობს მოლოდინის რიგი და სულ რამდენიმე თავისუფალი ადგილი ახალი სამარისათვის.[7] თანამედროვე კანონის მიხედვით, პერ-ლაშეზის სასაფლაოზე შეიძლება დაიკრძალოს მხოლოდ ქალაქ პარიზში გარდაცვილი ადამიანი ან დედაქალაქის მკვიდრი. სასაფლაოს მესვეურები ახალ განსასვენებელ ალაგს იმის ხარჯზე გამოყოფენ, რომ საერთო საფლავებს ქმნიან ოჯახის წევრებისთვის. ხშირად, ოჯახურ საფლავში ათობით გარდაცვლილი გვერდიგვერდ განისვენებს თაროებზე. ეს საშუალებას იძლევა, აქ დასაფლავების სხვა მსურველებიც დაკმაყოფილდნენ.
სასაფლაოს მმართველობამ ვადიანი საფლავების იდეა პრაქტიკაში განახორციელა. ამის საშუალებით, სასაფლაო ჯერაც მოქმედია და კიდევ წლების განმვალობაში იქნება. განსვენებულისთვის საფლავის შეძენა შეიძლება როგორც სამუდამოდ, ისე 10, 30 ანდა 50 წლის ვადით. აღნიშნული პერიოდის ამოწურვის შემდეგ, მიცვალებულის ახლობლებს შეუძლიათ თანხა გადაიხადონ და გაახანგრძლივონ საფლავის არსებობა. გადაუხდელობის შემთხვევაში, ნეშტს კრემაციას უკეთებენ და კოლუმბარიუმში ურნით ინახავენ. ძველი ბინადრის ადგილს ახალი მიცვალებეული იკავებს სასაფლაოზე.
იმ შემთხვევაში, თუ ძველ საფლავს პატრონი არ გამოუჩნდება, ნეშტს ყუთში ათავსებენ და პერ-ლაშეზის საძვალეში გადააქვთ. ომოტის (ფრანგ. Aux Morts, „მკვდრის“) ოსუარიუმი[8] თანამედროვე, მცირე ზომის კატაკომბებია, სადაც პარიზის ყველა სასაფლაოდან მოაქვთ ნეშტი სამუდამო განსასვენებლად. საძვალის წინ ომოტის მონუმენტია აღმართული, რომელიც ფრანგმა მოქანდაკემ, პოლ-ალბერ ბარტოლომემ (1848-1928) შექმნა. მართალია, თავად მონუმენტი საკმაოდ ცნობილია, მაგრამ ძალიან ცოტამ თუ იცის მის უკან განთავსებული ოსუარიუმის შესახებ. საძვალის კარი, ჩვეულებრივ, დაკეტილია და დამთვალიერებელს შიგნით არ უშვებენ. ახლახან ომოტის ოსუარიუმი ისე გაივსო ძვლებით, რომ სასაფლაოს მესვეურები იძულებული გახდნენ, ძვლების ნაწილისთვის კრემაცია გაეკეთებინათ. ფერფლი ცალკე ყუთებით ისევ საძვალეში დააბრუნეს.
საინტერესო ფაქტები
რედაქტირებაპერ-ლაშეზის ტერიტორიაზე შესვლა თავისუფალია და უფასო. სასაფლაო ღიაა ყოველდღე დილის 8 საათიდან საღამოს 6 საათამზე ზაფხულის პერიოდში, ხოლო ზამთრის პერიოდში (რომელიც 5 ნოემბერს იწყება და 16 მარტს მთავრდება) ნახევარი საათით ადრე იკეტება – საღამოს 6-ის ნახევარზე. შესაძლებელია ვირტუალური ტურიც.[9]
1814 წელს ნაპოლეონი გაერთიანებული არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში დამარცხდა და საიმპერატორო ტახტი დათმო. ანტიფრანგული კოალიციის ძალები პარიზში შევიდნენ და მათ რიგებში მყოფი კაზაკები პერ-ლაშეზის სასაფლაოზე დაბანაკდნენ.
სასაფლაოს ღირსშესანიშნაობად ითვლება კომუნარების კედელი (Mur des Fedérés), რომელთანაც 1871 წელს პარიზის კომუნის 147 წევრი დახვრიტეს. 1880 წლიდან მოყოლებული ამ ადგილას ყოველი მაისის ბოლო კვირა დღეს პარიზელები მიტინგს მართავენ.
1963 წელს ედიტ პიაფის დასაფლავებაზე 40 ათასამდე ადამიანი მოვიდა. ბევრმა მოართვა „პარიზის ბეღურას“ თაიგულები. ბოლოს იმდენი ყვავილი დაგროვდა, რომ პერ-ლაშეზის სასაფლაოს გზები მთლიანად დაიფარა და ჭირისუფალს ზედ უწევდა სიარული.[3]
პერ-ლაშეზის სასაფლაოს ყოველწლიურად 2 მლნ ადამიანი სტუმრობს.
სასაფლაოს ტერიტორიაზე ხშირია ვანდალიზმის ფაქტები, რომლის დროსაც ზიანდება ქანდაკებები და მონუმენტები. ზოგჯერ სასაფლაოდან ექსპონატებს იპარვენ. შედეგად, ბევრ საფლავს სჭირდება რესტავრაცია ან შეკეთება. 2006 წელს მოიპარეს ექვსი ბრინჯაოს ბიუსტი, მათ შორის, ჟორჟ ბიზესი, რომელიც 10 ათას ევროდ იყო შეფასებული.[10]
ძალიან ბევრი მნახველი ჰყავს ოსკარ უაილდის საფლავს. ზოგიერთი უკულტურო ადამიანი საფლავის ქვაზე წარწერის დატოვებით გამოხატავს მწერლისადმი თავის სიყვარულს და აზიანებს სამარეს.
ჯიმ მორისონის საფლავზე მარმარილოს ბიუსტი იდგა, რომელიც დაიკარგა. სწორედ ჯგუფ „დორზის“ ვოკალისტის განსასვენებელს ჰყავს ყველაზე მეტი მნახველი. ფანების უმეტესობა ხმაურობს და იქაურობას ანაგვიანებს. სასაფლაოს მმართველობა იმდენად შეწუხდა, რომ 2001 წელს მუსიკოსის სხვაგან გადასვენების საკითხიც კი დასვა.[11] ზუსტად მაშინ მორისონის საფლავის კონტრაქტი იწურებოდა, მაგრამ საზოგადოების მოთხოვნით, ამ გეგმაზე ხელი აიღეს. ჯიმ მორისონის საფლავი პერ-ლაშეზზე მეხუთე ადგილზეა მნახველების რაოდენობით პარიზის ღირსშესანიშნაობებს შორის. მისი საფლავის ქვაზე ბერძნულად აწერია ეპიტაფია – „დაამარცხე შინაგანი დემონი“.
პერ-ლაშეზის სასაფლაოს დაგეგმარება მეტად უსისტემოდ და ქაოტურად მიმდინარეობს, რის გამოც, ხშირად, ძალიან ძნელია სასურველი საფლავის მოძებნა. ხშირად მას „მუზეუმს ღია ცისქვეშ“ უწოდებენ, რადგან ბევრ საფლავს ამშვენებს მხატვრული ღირებულების მქონე მონუმენტი თუ ქანდაკება.[3]
პერ-ლაშეზზე დაკრძალული ცნობილი ადამიანები
რედაქტირება- პიერ აბელარი (1079-1142), ღვთისმეტყველი და ფილოსოფოსი
- გიიომ აპოლინერი (1880-1918), პოეტი
- მიგელ ანხელ ასტურიასი (1899-1974), გვატემალელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურაში (1967)
- ონორე დე ბალზაკი (1799-1850), მწერალი
- ანრი ბარბიუსი (1873-1935), მწერალი
- პოლ ბარასი (1755-1829), დიდი ფრანგული რევოლუციის მონაწილე
- ჟილბერ ბეკო (1927-2001), ფრანგი მომღერალი, კომპოზიტორი და მსახიობი
- ვინჩენცო ბელინი (1801-1835), იტალიელი კომპოზიტორი
- კლოდ ბერნარი (1813-1878), ფრანგი ექიმი
- სარა ბერნარი (1844-1923), მსახიობი
- ჟორჟ ბიზე (1838-1875), კომპოზიტორი
- ლუი ოგიუსტ ბლანი (1805-1881), ფრანგი პოლიტიკური მოღვაწე
- პიერ ბომარშე (1732-1799), დრამატურგი და პუბლიცისტი
- ეტორე ბუგატი (1881-1947), იტალიელი გამომგონებელი და მეწარმე
- პიერ ბურდიე (1930-2002), სოციოლოგი და ფილოსოფოსი
- მარია ვალევსკა (1786-1817), პოლონელი გრაფინია, ნაპოლეონ I-ის საყვარელი
- ჟიულ ვალესი (1832-1885), მწერალი და პოლიტიკური მოღვაწე
- ჯოზეფ ლუი გეი-ლუსაკი (1778-1850), ფრანგი ფიზიკოსი და ქიმიკოსი
- ანდრე გრეტრი (1741-1813), ფრანგი კომპოზიტორი
- ჯულია გრიზი (1811-1869), იტალიელი საოპერო მომღერალი
- ჟაკ-ლუი დავიდი (1748-1825), მხატვარი, ფრანგული ნეოკლასიციზმის დამაარსებელი
- ედუარ დალადიე (1884-1970), ფრანგი პოლიტიკური მოღვაწე, პრემიერ-მინისტრი 1933, 1934, 1938-1940 წლებში.
- ეჟენ დელაკრუა (1798-1863), ფრანგი მხატვარი
- შარლ-ფრანსუა დობინი (1817-1878), მხატვარი
- იაროსლავ დომბროვსკი (1836-1871), პოლონელი და ფრანგი რევოლუციონერი, მხედართმთავარი
- ალფონს დოდე (1840-1897), ფრანგი მწერალი
- გუსტავ დორე (1832-1883), მხატვარი და ილუსტრატორი
- აისედორა დუნკანი (1878-1927), ბალერინა
- თეოდორ ჟერიკო (1791-1827), ფრანგი მხატვარი
- ფელიქს ზიმი (1821-1911), მხატვარი
- მარია კალასი (1923-1977), ოპერის მომღერალი
- ლუიჯი კერუბინი (1760-1842), იტალიელი კომპოზიტორი
- ოგიუსტ კონტი (1798-1857), ფილოსოფოსი და სოციოლოგი
- კამილ კორო (1796-1875), ფრანგი მხატვარი
- როდოლფ კრეიცერი (1766-1831), ფრანგი მევიოლინე, კომპოზიტორი და დირიჟორი
- ჟან დე ლაფონტენი (1621-1695), ფრანგი მეიგავე
- ჟან ფრანსუა ლიოტარი (1924-1998), ფილოსოფოსი-პოსტმოდერნისტი
- ეტიენ მაკდონალდი (1765-1840), ფრანგი მარშალი
- მიშელ მანი (1930-1984), ფრანგი კომპოზიტორი, კინომუსიკის ავტორი
- ანდრე მასენა (1758-1817), ფრანგი მარშალი
- ნესტორ მახნო (1889-1934), ანარქისტი
- ჟორჟ მელიესი (1861-1938), ფრანგი რეჟისორი, მსოფლიო კინემატოგრაფის ერთ-ერთი დამაარსებელი
- მორის მერლო-პონტი (1908-1961), ფილოსოფოსი
- ჟიულ მიშლე (1798-1874), ისტორიკოსი
- ამედეო მოდილიანი (1884-1920), მხატვარი-ექსპრესიონისტი
- ჟან ბატისტ მოლიერი (1622-1673), კომედიოგრაფი
- გასპარ მონჟი (1746-1818), ფრანგი მათემატიკოსი
- ივ მონტანი (1921-1991), ფრანგი მსახიობი
- ჯიმ მორისონი (1943-1971), ამერიკელი მომღერალი, პოეტი და კომპოზიტორი, ჯგუფ „დორზის“ ვოკალისტი
- იოახიმ მიურატი (1771-1815), ფრანგი მარშალი, ნეაპოლის მეფე
- ალფრედ დე მიუსე (1810-1857), ფრანგი პოეტი, დრამატურგი
- ნადარი (1820-1910), ფრანგი ფოტოგრაფი
- მიშელ ნეი (1769-1815), ფრანგი მარშალი
- ჟან-პიერ ომონი (1911-2001), ფრანგი მსახიობი
- ანი ჟირარდო (1931-2011), ფრანგი მსახიობი
- ადელინა პატი (1843-1919), იტალიელი საოპერო მომღერალი
- ედიტ პიაფი (1915-1963), ფრანგი მომღერალი და მსახიობი
- კამილ პისარო (1830-1903), ფრანგი ფერმწერი, იმპრესიონიზმის ერთ-ერთი დამაარსებელი
- მარსელ პრუსტი (1871-1922), მწერალი
- ჯეიმზ როტშილდი (1792-1868), ბანკირი
- ანრი სენ-სიმონი (1760-1825), უტოპიური სოციალიზმის სკოლის დამაარსებელი
- ჟორჟ-პიერ სიორა (1859-1891), მხატვარი, ნეოიმპრესიონიზმის დამაარსებელი
- სიმონა სინიორე (1921-1985), მსახიობი
- ლუი-გაბრიელ სუშე (1770-1826), ფრანგი მარშალი
- მარი ტრენტინიანი (1962-2003), მსახიობი
- რაფაელ ლეონიდას ტრუხილიო (1891-1961), დომინიკელი დიქტატორი (1930-1961)
- ოსკარ უაილდი (1854-1900), ბრიტანელი მწერალი
- ჟან-ფრანსუა შამპოლიონი (1790-1832), ფრანგი ეგვიპტოლოგი
- ფრედერიკ შოპენი (1810-1849), პოლონელი კომპოზიტორი
- პოლ ელუარი (1895-1952), ფრანგი პოეტი
- დომინიკ ენგრი (1780-1867), მხატვარი
- მაქს ერნსტი (1891-1976), გერმანელი მხატვარი
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- პერ ლაშეზის სასაფლაოს ოფიციალური საიტი დაარქივებული 2005-11-25 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ "Cimetière du Père-Lachaise", Paris Tourist Office article
- ↑ "Burial Grounds." International Encyclopedia of the Social Sciences. Ed. William A. Darity, Jr. 2nd ed. Vol. 1. Detroit: Macmillan Reference USA, 2008. 392-393. Gale Virtual Reference Library. Web. 27 Sept. 2013.
- ↑ 3.0 3.1 3.2 დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-04-27. ციტირების თარიღი: 2017-04-19.
- ↑ Beaumont F. M. Manuel et itinéraire du curieux dans le cimetière du Père la Chaise — პარიზი: 1828. — P. 24.
- ↑ http://www.all-paris.ru/articles/monuments/perelachaise
- ↑ Mairie de Paris (27 April 2012). "Père-Lachaise cemetery" დაარქივებული 2011-12-05 საიტზე Wayback Machine. . Paris. fr.
- ↑ "Frequently Asked Questions about Paris Cemeteries" დაარქივებული 2015-02-25 საიტზე Wayback Machine. . Pariscemeteries.com
- ↑ "Père-Lachaise Cemetery: Interesting Thing of the Day" დაარქივებული 2017-05-01 საიტზე Wayback Machine. . Itotd.com. 15 March 2005.
- ↑ http://www.pere-lachaise.com/ დაარქივებული 2005-11-25 საიტზე Wayback Machine. ვირტუალური ტური პერ-ლაშეზის სასაფლაოზე
- ↑ http://www.classicalmusicnews.ru/news/Novyi-akt-vandalizma-na-kladbiwe-Per-Lashez/?date=2006-10-09
- ↑ http://rockshop.te.net.ua/history/h_75.html