კატაკომბა
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|კატაკომბა}} |
ამ სტატიას გრამატიკის, სტილისა და მართლწერის გასწორება სჭირდება. |
კატაკომბა (იტალ. catacombe< გვინდელი ლათ. catacumba - მიწისქვეშა აკლდამა) — ბუნებრივი ან ხელოვნური მიწისქვეშა სათავსები, რომლებსაც ძველად რელიგიური წეს-ჩვეულებების შესასრულებლად და მიცვალებულთა დასამარხად იყენებდნენ.
ცნობილია რომის მიდამოების, ნეაპოლის, აგრეთვე სიცილიისა და მალტის, ეგვიპტის (ალექსანდრია), ჩრდილოეთ აფრიკის, წინა და მცირე აზიის, ბალკანეთისა და სხვა კატაკომბები.
რომში არის დაახლოებით 60-მდე კატაკომბა (150-170 კმ სიგრძის). მათ კედლებში აკეთებდნენ სწორკუთხა, სხვადასხვა ზომის ნიშებს, ერთი ან მეტი ადამიანისათვის. დღეს დღეობით თითქმის ყველა ნიშა გახსნილია და ცარიელი, თუმცა დახურულებიც შემორჩნენ.
თვითონ სახელი „კატაკომბა“ რომაელებმა არ იცოდნენ. ისინი ხმარობდნენ სიტყვა ცემეტერიუმს (coemeterium), რაც ნიშნავს განსასვენებელს. მხოლოდ წმინდა სებასტიანეს ცემეტერიუმს ერქვა კატაკომბა, რაც ბერძნულად ჩაღრმავებას, ფოსოს ნიშნავს. შუა საუკუნეებში გახდნენ ისინი ცნობილი უფრო ფართე საზოგადოებისათვის და მათ ამ დროიდან დაერქვათ კატაკომბა.
წმიდნა სებასტიანეს კატაკომბა მორთულია ფრესკებით. აქ კარგად ჩანს წარმართობიდან ქრისტიანობაზე გადასვლა: წარმართული გამოსახულებები ეთანხმებიან ქრისტიანულ წარწერებს. უფრო გვიან ქრისტიანულ კატაკომბებში არის წმინდა სებასტიანეს კრიპტა, სადაც ინახებოდა წმინდანის ნაწილები. გადმოცემის მიხედვით ამ კატაკომბაში ინახებოდა პეტრესა და პავლეს ნაწილები. ამაზე მიუთითებს წარწერა: „ვინც არ უნდა იყო, პეტრესა და პავლეს სახელის მაძიებელი, უნდა იცოდე, რომ აქ განისვენებდნენ წმინდანები“.
ყველაზე ადრეული კატაკომბებია პრისცილასა და დომესცილას კატაკომბები. დომესცილას კატაკომბაში განისვენებდნენ წარმართებიც და ქრისტიანებიც. ტერიტორია, რომელზეც ის მდებარეობს, ეკუთვნოდა ფლავიუსების ოჯახს, თუმცა უცნობია, რომელი დომესცილა იგულისხმება. ზუსტად ცნობილია მხოლოდ ის, რომ დომესცილას კატაკომბა შეიქმნა რამდენიმე საგვარეულო აკლდამისაგან და შემდეგ გაფართოვდა ოთხ სართულად. ყოველი სართული დაახლოებით 5 მეტრის სიმაღლისაა. აქ გვხვდება ადრექრისტიანული სიმბოლოები: მტრედი, ბატკანი, თევზი, ღუზა. პრისცილას კატაკომბა იყო რომის კონსულის ოჯახის საკუთრება. ნაგებობა მორთულია ადრექრისტიანული ფრესკებით, რომლიდანაც გამოიყოფა ნადიმის სცენა ბერძნულ კაპელაში და უძველესი გამოსახულება ღვთისმშობლისა ყრმით, მიბრუნებული ესაია წინასწარმეტყველისაკენ. აქ იგრძნობა გვიანანატიკური სტილი. აქვე არის სცენა, თუ როგორ აგდებენ იონას ზღვაში. ფერები ღიაა. იონას ფიგურა თითქოს გაშეშებულია. ზღვის ტალღები მსუბუქი მონასმითაა დახატული. პრისცილას კატაკომბაშია ასევე ფრესკა, სადაც გამოსახულია სამი ყრმა ცეცხლში მდგარი. ფიგურები დგანან ორანტას პოზაში. კონტურები რბილია და ისედაც მცირე მოძრაობა არ არის შეზღუდული და გაშეშებული. ყმაწვილებს ზემოთ არის ჩიტი. ასეთი გამოსახულება სიმბოლურია პირველი ქრისტიანებისათვის. ისნი თაყვანს სცემდნენ სამ ბაბილონელ ყმაწვილს, რომლებიც თავიანთ რწმენაზე დარჩნენ უცხო რჯულის ხალხს შორის.
წმინდა აგნესას კატაკომბა თარიღდება III-IV საუკუნეებით და მას სახელი დაერქვა ადრექრისტიანული ეპოქის მოწამე აგნეს რომაელის პატივსაცემად. ამ კატაკომბაში არ არის კედლის მხატვრობა, მაგრამ ორ კარგად შემონახულ გალერეაში გვხვდება ბევრი წარწერა კედლებზე.
წმინდა კალისტოს კატაკომბა არის ძველ რომში ყველაზე დიდი ქრისტიანული სასაფლაო. კატაკომბა განფენილია 20 კმ-ზე, აქვს ოთხი დონე და ქმნის ლაბირინთს. წმინდა კალისტოს კატაკომბაში არის დაახლოებით 170 000 ადამიანის სამარხი ნიშა.
ეს კატაკომბა მხოლოდ ნაწილობრივაა შესწავლილი. ღიაა პაპის კრიპტა, სადაც განისვენებს III საუკუნის რომის 9 ეპისკოპოსი. ღიაა წმინდა ცეცილიას კრიპტაც, სადაც 820 წელს აღმოჩნდა ამ წმინდადნის ძვლები. კრიპტას კედლები მორთულია მოწამე სებასტიანეს, კირიონისა და ცეცილიას გამოსახულებებით. რომაული კატაკომბების კედლებზე გამოსახულია ძველი და ახალი აღთქმის სცენები, წარმართული მითები, სხვადასხვა ქრისტიანული ალებორიული სიმბოლოები. მაგალითად, მოგვთა თაყვანისცემა განასახიერებს წარმართთა მოქცევას ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. დევნის შიშით პირველი სამი საუკუნის განმავლობაში ჯვარს ძირითადად გამოსახავდნენ როგორც ღუზას ან ქრისტეს სახელის ბერძნულ მონოგრამას . სიტყვა თევზი კი ბერძნულად დაწერილი წარმოადგენდა აბრევიატურას ფრაზისა: „იესო ქრისტე, ძე ღვთისა, მაცხოვარი“.
სხვა გავრცელებული სიმბოლური ხატი ნაწილობრივ ნასესხებია ანტიკურიდან. კატაკომბებში ვხვდებით: ღუზა – იმედის ხატი; მტრედი – სულიწმინდის სიმბოლო; ფენიქსი – აღდგომის სიმბოლო; ფარშევანგი – უკვდავების სიმბოლო (მათი აზრით, ფარშევანგის სხეული არ იხრწნებოდა); მამალი – აღდგომის სიმბოლოა; ლომი – ძალა და სიძლიერე; შროშანი – სიწმინდის სიმბოლო; ვაზის ლერწი და კალათა პურით საიდუმლო სერობის სიმბოლოს წარმოადგენს.
რომაულ კატაკომბებში ფრესკების უმრავლესობა შესრულებულია ელინისტურ სტილში. ადრეულ ფრესკებში ფიგურები პროპრციულია, მოძრაობა თავისუფალი, კონტურის უფრო რბილი და ფერებიც ნათელი, უფრო ოქროსფერი ჭარბობს. მოგვიანებით კი ელინისტური კედლის მხატვრობა იკონოგრაფიად იქცევა: გამოიყენება მეტი ოხრა, ფიგურები უფრო მძიმე ჩანს. სხეულის ფორმა უკანა პლანზეა გადაწეული, მთელი ყურადღება სულიერებას ექცევა.
აღსანიშნავია, რომ კატაკომბებში არ გვხვდება ჯვარცმისა და აღდგომის სცენები. სამაგიეროდ, III საუკუნის ბოლოსა და IV საუკუნის დასაწყისის მხატვრობაში ხშირად გვხვდება ქრისტეს სასწაულების სცენები: პურის გამრავლება, ქორწილი კანაში, ლაზარეს აღდგენა რომელიც ყველაზე ხშირია. აქ ქრისტეს ხელში უჭირავს რაღაც კვერთხისმაგვარი. ასე გამოსახავდნენ სასწაულს ანტიკურ ეპოქაში და ის ასევე გადმოიტანეს ქრისტიანებმა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 431.