აისედორა დანკანი

(გადამისამართდა გვერდიდან აისედორა დუნკანი)

აისედორა დანკანი (ინგლ. Isadora Duncan; დ. 27 მაისი, 1877, სან-ფრანცისკო ― გ. 14 სექტემბერი, 1927, ნიცა) — ამერიკელი მოცეკვავე, ითვლება შემქმნელად თავისუფალი ცეკვისცეკვა მოდერნის წინამორბედისა. იყენებდა ძველბერძნულ პლასტიკას, ქიტონს საბალეტო კოსტიუმის ნაცვლად და სცენაზე ფეხსაცმლის გარეშე გამოდიოდა. 1921—1924 წლებში ცხოვრობდა რუსეთში, დააარსა მოსკოვში სტუდია. სერგეი ესენინის მეუღლე.

აისედორა დანკანი

ბიოგრაფია

რედაქტირება

აისედორა არ იყო ჩვეულებრივი მოცეკვავე. მისი მოღვაწეობა სცილდებოდა სასცენო ხელოვნებას. იგი ცდილოდბა შეექმნა ახალი ადამიანი, რომლისთვისაც ცეკვა ჩვეულებრივი რამ არ იქნებოდა. მასზე, ისევე როგორც მთელს მის თაობაზე, დიდი გავლენა იქონია ნიცშეს შემოქმედებამ. მისი ფილოსოფიის პასუხად, აისედორამ დაწერა წიგნი "მომავლის ცეკვა".

დანკანი წერდა, რომ ახალ ქალს ექნება განსხვავებული ინტელქტუალურ–ფიზიკური დონე. აისედორა ცკვავდა ისე, როგორც თვითონ მოიგონა – ფეხშიშველი, ქვედა საცვლების გარეშე. მისი ყოველდღიური ტანსაცმელიც თავისუფლების დიდი ხარისხით გამოირჩეოდა, რამაც დიდი გავლენა მოახდინა იმდროინდელ მოდაზე. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურ ქორწინებაში არ იმყოფებოდა, იგი ზრდიდა როგორც თავის, ასევე აყვანილ ბავშვებს. იგი წერდა: "ჩემი ხელოვნება სიმბოლურია, და ეს სიმბოლო ერთადერთია: ქალის თავისუფლება და მისი ემანსიპაცია იმ პირობებისგან, რაც ასე ღრმად არის ჩამჯდარი პურიტანიზმში". თავისი ცეკვით იგი აღადგენდა ჰარმონიას სხეულსა და სულს შორის. კრიტიკოსები თვლიდნენ, რომ აისედორა დანკანმა შეცვალა ცეკვაც და ყოველდღიურობაც.

აისედორა რამდენიმეჯერ იმყოფებოდა რუსეთში. პირველად – 1905 წელს. მისი გამოსვლები იანვარში, სისხლიანი კვირის შემდეგ გაიმართა. მისი ცეკვა იმედს უსახავდა პუბლიკას, პეტერბურგის ინტელიგენციამ ის კარგად შეაფასა. 1921 წელს მან რუსეთში თავისი სკოლა გახსნა, რომელმაც 40–იან წლებამდე იარსება. სკოლის გახსნა ლუნაჩარსკის თხოვნით მოხდა, რომელმაც საბჭოთა მთავრობის სახელით ფინანსურ დახმარებას დაპირდა სამომავლოდ. თუმცა ეს დახმარება მხოლოდ დაპირებად დარჩა.

აისედორა დილემის წინაშე აღმოჩნდა. ფინანსური მდგომარეობის გამოსასწორებლად იგი რუსეთს უნდა გასცლოდა და გასტროლები ევროპაში ჩაეტარებინა ან საკუთარი სკოლის შენარჩუნებისთვის ებრძოლა. სწორედ ამ დროს მას კიდევ ერთი თავსატეხი დაემატა – 27 წლის რუსი პოეტი სერგეი ესენინი. მიუხედავად იმისა რომ აისედორა მაგ დროისთვის უკვე 43 წლის იყო, და შორს იყო იდეალური წონისგან, წყვილმა მალე ერთად ცხოვრება დაიწყო.

საოცარია, ქალი, რომელიც მთელი ცხოვრება ქალთა თავისუფლებისთვის იბრძოდა, იდეისთვის ქორწინებაზე უარს ამბობდა, თავისი ნებით დათანხმდა ესენინთან ოჯახის შექმნაზე. საზოგადოებისთვის ეს გაუგებარი იყო, რადგან ისინი ერთმანეთთან თარჯიმნის საშუალებით საუბრობდნენ, ვინაიდან აისედორამ რუსული არ იცოდა, სერგეიმ კი – ინგლისური. თუმცა მიზეზი მარტივი იყო – სხვანაირად ესენინს საზღვარგაერთ არ უშვებდნენ.

საზღვარგარეთ მათი ურთიერთობა დაიძაბა, ესენინი ვერ ეგუებოდა იმას, რომ იგი ყველასთვის არა დიდი რუსი პოეტი, არამედ აისედორა დანკანის ქმარი იყო. ხშირმა სკანდალებმა ნაყოფი ერთ წელიწადში გამოიღო – ისინი ერთმანეთს დაშორდნენ.

მისი ბოლო სიყვარულის ობიექტი კვლავ რუსი ახალგაზრდა იყო, ამჯერად 25 წლის პიანისტი ვიქტორ სეროვი. მისდამი ეჭვიანობამ აისედორა თვითმკვლელობის მცდელობამდეც კი მიიყვანა. ამ ეპიზოდიდან რამდენიმე დღის შემდეგ კი აისედორას ცხოვრება ტრაგიკულად დასრულდა.

დილით აისედორამ დიდი წითელი შარფი შემოიხვა ყელზე და საავტომობილო გასეირნება გადაწყვიტა. ავტომობილი დაიძრა, შემდეგ მყისიერად გაჩერდა, შარფის მეორე ბოლო ბორბალში გაეხვია და დანკანს კისერი მოატეხა.

აისედორა პარიზის პერ-ლაშეზის სასაფლაოზე დაკრძალეს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Duncan Isadora. Isadora Speaks. Ed. Franklin Rosemont. San Francisco, 1981.
  • Сидоров А. А. Современный танец. М., 1923.
  • Белый Андрей. Луг зеленый. Книга статей. М., 1910.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება