პერ-ლაშეზის სასაფლაო

(გადამისამართდა გვერდიდან პერ-ლაშეზი)

პერ-ლაშეზის სასაფლაო (ფრანგ. Père Lachaise, „მამა ლაშეზი“) — ქალაქ პარიზის უდიდესი სასაფლაო, რომლის ტერიტორია 44 ჰექტარია.[1] ოფიციალური სახელწოდებაა „აღმოსავლეთის სასაფლაო“ (ფრანგ. Cimetière de l'Est).

პერ-ლაშეზის სასაფლაო

პერ-ლაშეზი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სასაფლაოა.[2][3] ყოველწლიურად 2 მლნ ტურისტი სტუმრობს მას, რათა საკუთარი თვალით ნახოს იმ გამოჩენილ ადამიანთა საფლავები, ვისაც უდიდესი ღვაწლი მიუძღვის საფრანგეთისა და მსოფლიოს ისტორიის წინაშე უკანასკნელი 2 საუკუნის განმავლობაში. ყველაზე ბევრი მნახველი ჰყავს ჯიმ მორისონის საფლავს.

დაარსება

რედაქტირება

თავიდან ამ ტერიტორიას სახელი საერთოდ არ ჰქონდა და კრიმინალური რეპუტაციის მქონე ღარიბთა უბანს წარმოადგენდა. მისი პირველი მფლობელი გახდა ერთ მდიდარი ვაჭარი, რომელმაც 1640 წელს ამ ადგილას მოზრდილი სახლი აიშენა. მოგვიანებით შენობა მონასტრის საკუთრება გახდა. საბოლოოდ, იეზუიტთა ორდენის მფლობელობაში აღმოჩნდა. ერთ-ერთი იეზუიტის, მამა ფრანსუა დე ლა შეზის (1624-1709) სახელის მიხედვით მიიღო სახელწოდება ამ ტერიტორიამ. ეს კაცი ლუი XIV-ის მოძღვრი იყო და იეზუიტთა ორდენი ოსტატურად სარგებლობდა საფრანგეთის მეფესთან მისი სიახლოვით. ორდენი სამფლობელოს ადიდებდა და ალამაზებდა. ბერების ბაღში შადრევნები და ჩანჩქერები დამონტაჟდა, ორანჟერეები გაიხსნა, იშვიათი მცენარეები დაირგო. საბოლოოდ, ღვთისმსახურთა ტერიტორია არისტოკრატების სასიყვარულო შეხვედრის პოპულარულ ადგილად იქცა. როდესაც ლუი XIV გარდაიცვალა, იეზუიტთა ორდენი გაკოტრდა. შედეგად, ბერების ქონებას კონფისკაცია გაუკეთეს და აუქციონზე გაყიდეს. ჩანჩქერები მოხსნეს, ბაღი გადათხარეს და ინგლისურ სტილში გადააკეთეს. ბერების სამყოფელის ადგილას სამლოცველო ააგეს.

1804 წელს საფრანგეთის ხელისუფლებამ კერძო მფლობელისგან შეიძინა ბელვილის კვარტლის მეზობლად არსებული 17 ჰა მიწის ნაკვეთი პერ-ლაშეზის ტერიტორიაზე. ნაპოლეონ ბონაპარტემ აქ სასაფლაო დააარსა, რომელიც 1804 წლის 21 მაისს გაიხსნა.[4] პერ-ლაშეზის სასაფლაოს არქიტექტორი იყო სახელგანთქმული ალექსანდრე ტეოდორ ბრონიარი (1739-1813). 1894 წელს სასაფლაოს ტერიტორიაზე აიგო ნეობიზანტიური სტილის კრემატორიუმი და კოლუმბარიუმი. შენობის დიზაინი ეკუთვნის ფრანგ არქიტექტორს, ჟან-კამილ ფორმაჟს (1845-1926).

პერ-ლაშეზზე პირველი დაასაფლავეს 5 წლის გოგონა, ადელაიდა. ამჟამად ეს საფლავი აღარ არსებობს, რადგან იგი დროებითი იყო და ვადის ამოწურვის შემდეგ, გაუქმდა.

ირონიულია, რომ ყოფილ მფლობელს სასაფლაოს მმართველმა, ნიკოლა ფროშომ საფლავისთვის ალაგი იმაზე გაცილებით ძვირად მიჰყიდა, ვიდრე თავად გადაუხადა პერ-ლაშეზის მთელ ტერიტორიაში.[5]

სასაფლაოს განვითარება

რედაქტირება

ახალგახსნილი სასაფლაო ქალაქის იმდროინდელი ცენტრიდან საკმაოდ შორს იყო, რაც ხალხს არ მოსწონდა. ამას გარდა, კათოლიკეებს არ სურდათ უკურთხებელ მიწაზე ეპოვათ სამუდამო განსასვენებელი. სასაფლაოს პოპულარობის გაზრდის მიზნით, ხელისუფლებამ მოლიერი და ლაფონტენი გადმოასვენა აქ. 1817 წელს პიერ აბელარისა და მისი მოწაფისა და სატრფოს, ელოიზას საფლავებიც პერ-ლაშეზის სასაფლაოზე გადმოიტანეს. ხერხმა გაამართლა და რამდენიმე წელიწადში პერ-ლაშეზზე უკვე 33 ათასი საფლავი იყო.

დღეისათვის ამ სასაფლაოზე 1 მლნ-ზე მეტმა ადამიანმა ჰპოვა სამუდამო განსასვენებელი. კოლუმბარიუმში შენახული ურნების ჩათვლით, პერ-ლაშეზის სასაფლაოს ბინადართა რაოდენობა 3 მლნ-მდეა.[6]

პერ-ლაშეზი ჯერაც მოქმედი სასაფლაოა, თუმცა აქ დასაფლავების უფლების მოპოვება უკვე ძალიან ჭირს. არსებობს მოლოდინის რიგი და სულ რამდენიმე თავისუფალი ადგილი ახალი სამარისათვის.[7] თანამედროვე კანონის მიხედვით, პერ-ლაშეზის სასაფლაოზე შეიძლება დაიკრძალოს მხოლოდ ქალაქ პარიზში გარდაცვილი ადამიანი ან დედაქალაქის მკვიდრი. სასაფლაოს მესვეურები ახალ განსასვენებელ ალაგს იმის ხარჯზე გამოყოფენ, რომ საერთო საფლავებს ქმნიან ოჯახის წევრებისთვის. ხშირად, ოჯახურ საფლავში ათობით გარდაცვლილი გვერდიგვერდ განისვენებს თაროებზე. ეს საშუალებას იძლევა, აქ დასაფლავების სხვა მსურველებიც დაკმაყოფილდნენ.

სასაფლაოს მმართველობამ ვადიანი საფლავების იდეა პრაქტიკაში განახორციელა. ამის საშუალებით, სასაფლაო ჯერაც მოქმედია და კიდევ წლების განმვალობაში იქნება. განსვენებულისთვის საფლავის შეძენა შეიძლება როგორც სამუდამოდ, ისე 10, 30 ანდა 50 წლის ვადით. აღნიშნული პერიოდის ამოწურვის შემდეგ, მიცვალებულის ახლობლებს შეუძლიათ თანხა გადაიხადონ და გაახანგრძლივონ საფლავის არსებობა. გადაუხდელობის შემთხვევაში, ნეშტს კრემაციას უკეთებენ და კოლუმბარიუმში ურნით ინახავენ. ძველი ბინადრის ადგილს ახალი მიცვალებეული იკავებს სასაფლაოზე.

იმ შემთხვევაში, თუ ძველ საფლავს პატრონი არ გამოუჩნდება, ნეშტს ყუთში ათავსებენ და პერ-ლაშეზის საძვალეში გადააქვთ. ომოტის (ფრანგ. Aux Morts, „მკვდრის“) ოსუარიუმი[8] თანამედროვე, მცირე ზომის კატაკომბებია, სადაც პარიზის ყველა სასაფლაოდან მოაქვთ ნეშტი სამუდამო განსასვენებლად. საძვალის წინ ომოტის მონუმენტია აღმართული, რომელიც ფრანგმა მოქანდაკემ, პოლ-ალბერ ბარტოლომემ (1848-1928) შექმნა. მართალია, თავად მონუმენტი საკმაოდ ცნობილია, მაგრამ ძალიან ცოტამ თუ იცის მის უკან განთავსებული ოსუარიუმის შესახებ. საძვალის კარი, ჩვეულებრივ, დაკეტილია და დამთვალიერებელს შიგნით არ უშვებენ. ახლახან ომოტის ოსუარიუმი ისე გაივსო ძვლებით, რომ სასაფლაოს მესვეურები იძულებული გახდნენ, ძვლების ნაწილისთვის კრემაცია გაეკეთებინათ. ფერფლი ცალკე ყუთებით ისევ საძვალეში დააბრუნეს.

საინტერესო ფაქტები

რედაქტირება

პერ-ლაშეზის ტერიტორიაზე შესვლა თავისუფალია და უფასო. სასაფლაო ღიაა ყოველდღე დილის 8 საათიდან საღამოს 6 საათამზე ზაფხულის პერიოდში, ხოლო ზამთრის პერიოდში (რომელიც 5 ნოემბერს იწყება და 16 მარტს მთავრდება) ნახევარი საათით ადრე იკეტება – საღამოს 6-ის ნახევარზე. შესაძლებელია ვირტუალური ტურიც.[9]

1814 წელს ნაპოლეონი გაერთიანებული არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში დამარცხდა და საიმპერატორო ტახტი დათმო. ანტიფრანგული კოალიციის ძალები პარიზში შევიდნენ და მათ რიგებში მყოფი კაზაკები პერ-ლაშეზის სასაფლაოზე დაბანაკდნენ.

სასაფლაოს ღირსშესანიშნაობად ითვლება კომუნარების კედელი (Mur des Fedérés), რომელთანაც 1871 წელს პარიზის კომუნის 147 წევრი დახვრიტეს. 1880 წლიდან მოყოლებული ამ ადგილას ყოველი მაისის ბოლო კვირა დღეს პარიზელები მიტინგს მართავენ.

1963 წელს ედიტ პიაფის დასაფლავებაზე 40 ათასამდე ადამიანი მოვიდა. ბევრმა მოართვა „პარიზის ბეღურას“ თაიგულები. ბოლოს იმდენი ყვავილი დაგროვდა, რომ პერ-ლაშეზის სასაფლაოს გზები მთლიანად დაიფარა და ჭირისუფალს ზედ უწევდა სიარული.[3]

პერ-ლაშეზის სასაფლაოს ყოველწლიურად 2 მლნ ადამიანი სტუმრობს.

სასაფლაოს ტერიტორიაზე ხშირია ვანდალიზმის ფაქტები, რომლის დროსაც ზიანდება ქანდაკებები და მონუმენტები. ზოგჯერ სასაფლაოდან ექსპონატებს იპარვენ. შედეგად, ბევრ საფლავს სჭირდება რესტავრაცია ან შეკეთება. 2006 წელს მოიპარეს ექვსი ბრინჯაოს ბიუსტი, მათ შორის, ჟორჟ ბიზესი, რომელიც 10 ათას ევროდ იყო შეფასებული.[10]

ძალიან ბევრი მნახველი ჰყავს ოსკარ უაილდის საფლავს. ზოგიერთი უკულტურო ადამიანი საფლავის ქვაზე წარწერის დატოვებით გამოხატავს მწერლისადმი თავის სიყვარულს და აზიანებს სამარეს.

ჯიმ მორისონის საფლავზე მარმარილოს ბიუსტი იდგა, რომელიც დაიკარგა. სწორედ ჯგუფ „დორზის“ ვოკალისტის განსასვენებელს ჰყავს ყველაზე მეტი მნახველი. ფანების უმეტესობა ხმაურობს და იქაურობას ანაგვიანებს. სასაფლაოს მმართველობა იმდენად შეწუხდა, რომ 2001 წელს მუსიკოსის სხვაგან გადასვენების საკითხიც კი დასვა.[11] ზუსტად მაშინ მორისონის საფლავის კონტრაქტი იწურებოდა, მაგრამ საზოგადოების მოთხოვნით, ამ გეგმაზე ხელი აიღეს. ჯიმ მორისონის საფლავი პერ-ლაშეზზე მეხუთე ადგილზეა მნახველების რაოდენობით პარიზის ღირსშესანიშნაობებს შორის. მისი საფლავის ქვაზე ბერძნულად აწერია ეპიტაფია – „დაამარცხე შინაგანი დემონი“.

პერ-ლაშეზის სასაფლაოს დაგეგმარება მეტად უსისტემოდ და ქაოტურად მიმდინარეობს, რის გამოც, ხშირად, ძალიან ძნელია სასურველი საფლავის მოძებნა. ხშირად მას „მუზეუმს ღია ცისქვეშ“ უწოდებენ, რადგან ბევრ საფლავს ამშვენებს მხატვრული ღირებულების მქონე მონუმენტი თუ ქანდაკება.[3]

პერ-ლაშეზზე დაკრძალული ცნობილი ადამიანები

რედაქტირება
 
ბალზაკის ბიუსტი პერ-ლაშეზის სასაფლაოზე

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. "Cimetière du Père-Lachaise"Paris Tourist Office article
  2. "Burial Grounds." International Encyclopedia of the Social Sciences. Ed. William A. Darity, Jr. 2nd ed. Vol. 1. Detroit: Macmillan Reference USA, 2008. 392-393. Gale Virtual Reference Library. Web. 27 Sept. 2013.
  3. 3.0 3.1 3.2 დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-04-27. ციტირების თარიღი: 2017-04-19.
  4. Beaumont F. M. Manuel et itinéraire du curieux dans le cimetière du Père la Chaise — პარიზი: 1828. — P. 24.
  5. http://www.all-paris.ru/articles/monuments/perelachaise
  6. Mairie de Paris (27 April 2012). "Père-Lachaise cemetery" დაარქივებული 2011-12-05 საიტზე Wayback Machine. . Paris. fr.
  7. "Frequently Asked Questions about Paris Cemeteries" დაარქივებული 2015-02-25 საიტზე Wayback Machine. . Pariscemeteries.com
  8. "Père-Lachaise Cemetery: Interesting Thing of the Day" დაარქივებული 2017-05-01 საიტზე Wayback Machine. . Itotd.com. 15 March 2005.
  9. http://www.pere-lachaise.com/ დაარქივებული 2005-11-25 საიტზე Wayback Machine. ვირტუალური ტური პერ-ლაშეზის სასაფლაოზე
  10. http://www.classicalmusicnews.ru/news/Novyi-akt-vandalizma-na-kladbiwe-Per-Lashez/?date=2006-10-09
  11. http://rockshop.te.net.ua/history/h_75.html