საქართველოს გეოგრაფია

საქართველო ევროპისა და აზიის გასაყარზე, კერძოდ, კავკასიაში მდებარეობს. დასავლეთიდან მას ესაზღვრება შავი ზღვა, ჩრდილოეთით — რუსეთის ფედერაცია, სამხრეთ-აღმოსავლეთით — აზერბაიჯანი, სამხრეთით — სომხეთი და თურქეთი.

საქართველო
Map of Georgia (geopolitical)
Map of Georgia (geopolitical)
კონტინენტი ევროპა
სუბრეგიონი დასავლეთი აზია
გეოგრაფიული კოორდინატები 42°00′ ჩ. გ. 43°30′ ა. გ. / 42.000° ჩ. გ. 43.500° ა. გ. / 42.000; 43.500
ფართობი 69,700 კმ²
საზღვაო საზღვარი 315 კმ (16%)[1][2]
სახმელეთო საზღვარი 1655 კმ (84 %)[2][1]
საზღვრები ქვეყნებთან სომხეთი 164 კმ, აზერბაიჯანი 322 კმ, რუსეთი 723 კმ, თურქეთი 252 კმ
უმაღლესი წერტილი შხარა, 5,201 მ
უდაბლესი წერტილი ჭაობები ფოთსა და ყულევს შორის (-1.5–2.3 მ)[3]
უგრძესი მდინარე
საქართველოს ტერიტორიაზე
ალაზანი, 407 კმ[4][5]
უგრძესი მდინარე მტკვარი, 1364 კმ (საქართველოს ტერიტორიაზე - 351 კმ)[6]
უდიდესი ტბა ფარავნის ტბა, 37,5 კმ²
ჰავა: ზომიერი სარტყლები, სუბტროპიკული სარტყლები შავი ზღვის სანაპიროზე
რელიეფი: ვაკეები, მთები, ხეობები
ბუნებრივი რესურსები ტყეები, ჰიდროელექტრული ძალა, მანგანუმი, რკინის მადანი, სპილენძი, ქვანახშირისა და ნავთობის მცირე მარაგი; საზღვაო ზოლის ჰაფა და ნიადაგი საშუალებას აძლევს ჩაისა და ციტრუსის გაზრდას
ბუნებრივი საშიშროებები მიწისძვრები
გარემოს დაცვასთან დაკავშრებული საკითხები ჰაერისა და წყლის დაბინძურება, ნიადაგი დაბინძურება ტოქსიკური ქიმიკალებისგან

საქართველო იმ უძველეს სატრანსპორტო გზაჯვარედინზე მდებარეობს, რომელიც აკავშირებდა და აკავშირებს ჩრდილოეთისა და სამხრეთის, დასავლეთისა და აღმოასვლეთის ქვეყნებს. სწორედ მასზე გადიოდა ევროპა -აზიის დამაკავშირებელი სატრანსპორტო მაგისტრალი - ძველი აბრეშუმის გზა.

საქართველო შავი ზღვით უკავშირდება შავიზღვისპირეთის ქვეყნებს, ხოლო ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებით - ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნებს; გიბრალტარის სრუტით შესაძლებელია კავშირი მთელს მსოფლიოსთან, მდინარე დუნაის მეშვეობით კი - აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპის ქვეყნებთან.

საქართველო ჩ.გ. 41o071 და 43o351 და ა.გ. 40o041 და 46o441-ს შორის მდებარეობს.

ფიზიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა რედაქტირება

 
საქართველოს ფიზიკური რუკა

გეოტექტონიკური[7] თვალსაზრისით, საქართველოს ალპურ-ჰიმალაური დანაოჭების ვრცელ სარტყელში ცენტრალური მდებარეობა უკავია. იგი იწყება ატლანტის ოკეანის სანაპიროებიდან და მოიცავს ხმელთაშუა და შავი ზღვების მიმდებარე მთიან ნაწილებს, წინა აზიასა და ჰიმალაის მთიანეთს.

ცნობილია, რომ სუბტროპიკულ და ზომიერ კლიმატურ სარტყლებს შორის საზვარი მიუყვება კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედს, რის გამოც საქართველო მდებარეობს სუბტროპიკულ კლიმატური სარტყლის უკიდურეს ჩრდილო ნაწილში.

საქართველოში ჩამოყალიბებულია სუბტროპიკული კლიმატური სარტყლის ჰავის თითქმის ყველა ტიპი - ნოტიო სუბტროპიკული, ზომიერად ნოტიო, ზომიერად მშრალი და მშრალი-კონტინენტური. ეს განპირობებულია მისი სუბტროპიკულ და ზომიერ კლიმატური სარტლების მიჯნაზე მდებარეობით, ასევე ბუნებრივი ბარიერების - კავკასიონისა და სამხრეთ მთიანეთის არსებობითა და შავი ზღვის გავლენით.

ევროპა-აზიის შემაერთებელ კავკასიის ყელზე მდებარეობის გამო საქართველოში ერთმანეთს ემიჯნება განსხვავებული ფლორისტული და ფაუნისტური არეალები. დასავლეთ საქართველოს ბარის ბუნებრივი პირობები მნიშვნელოვნად განსხვავდება აღმოსავლეთ საქართველოს ბარისაგან, კავკასიონის მთიანეთის ბუნება კი - საქართველოს სამხრეთ მთიანეთის ბუნებრივი პირობებისაგან.

საქართველოს ბუნების შემადგენელი კომპონენტები (რელიეფი[8], ჰავა[9], წყლები და ა.შ.) სხვადასხვა ადგილას სხვადასხვანაირად არიან დაკავშირებული და როგორც თვისობრივად, ისე სამეურნეო გამოყენების მიხედვით, განსხვავებულ ბუნებრივ კომპლექსებს ქმნიან. საქართველოში ბარისა და მთის კლასის 11 ძირითადი ბუნებრივი ლანდშაფტი გამოიყოფა.

ეკონომიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა რედაქტირება

ეკონომიკურ-გეოგრაფიული[10] თვალსაზრისით, საქართველო ევროპისა და აზიის შესაყარზე მდებარეობს და ოდითგან დასავლეთისა და აღმოსავლეთის ცივილიზაციების დამაკავშირებელ ხიდს წარმოადგენდა, შავიზღვისპირა მდებარეობა კი მას დიდ უპირატესობას ანიჭებს სამხრეთ კავკასიის სხვა სახელმწიფოებთან (აზერბაიჯანი და სომხეთი) შედარებით.

საქართველოს სატრანსპორტო-გეოგრაფიული მდებარეობა ამჟამად მეტად ხელსაყრელია. საბჭოთა კავშირში ყოფნისას იგი სატრანსპორტო „ჩიხში“ იყო და მსოფლიოს ქვეყნებთან ურთიერთობა მხოლოდ მოსკოვის გავლით ხორციელდებოდა. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ქვეყანამ პრაქტიკულად სატრანსპორტო გზაჯვარედინის ფუნქცია შეიძინა.

საქართველოს ხელსაყრელი სატრანსპორტო-გეოგრაფიული მდებარეობის მნიშვნელობა კიდევ ერთხელ მას შემდეგ დადასტურდა და გაიზარდა, როცა საფუძველი ჩაეყარა ბაქო-სუფსისა და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენების მშენებლობას. 1998 წელს ბაქოში ხელი მოეწერა საერთაშორისო ხელშეკრულებას ევროპა–კავკასია–აზიის სატრანსპორტო დერეფნის შექმნის თაობაზე, რომელიც დასავლეთ ევროპასა და აღმოსავლეთ აზიას დააკავშირებს კავკასიისა და შუა აზიის გავლით. ამ დერეფანს შემოკლებით „ტრასეკას“ უწოდებენ.

ასევე აღსანიშნავია, საქართველოს ხელსაყრელი რეკრეაციულ-გეოგრაფიული მდებარეობა, რადგანაც იგი მნიშვნელოვან ტურისტულ-რეკრეაციულ არეალებს - კავკასიონსა დაშავიზღვისპირეთს შორისაა მოქცეული.

კულტურულ-გეოგრაფიული მდებარეობის თვალსაზრისით კი ჩვენი სამშობლო სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის და ახლო აღმოსავლეთის კულტურულ რეგიონებს შორის მდებარეობს, რაც თავისებურ გავლენას ახდენს ქვეყნის კულტურულ ცხოვრებასა და სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე.

გეოპოლიტიკური მდებარეობა რედაქტირება

 
საქართველო და მისი მეზობელი ქვეყნები

ქვეყნის გეოპოლიტიკური[11] მდებარეობა მეზობელ ქვეყნებში არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური ვითარებით ფასდება.

საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობა განისაზღვრება მისი ურთიერთობებით უშუალო მოსაზღვრე და არამოსაზღვრე ქვეყნებთან, აგრეთვე, ამ ქვეყნებში არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური სიტუაციებით.

საქართველოს მეზობელ ქვეყნებად ითვლება მისი უშუალო მოსაზღვრე და მეტნაკლებად დაშორებული სახელმწიფოები. მათი უმრავლესობა საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებია, დანარჩენები კი - ყოფილი სოციალისტური და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები. მათ შორის მხოლოდ ერთადერთი სახელმწიფო - თურქეთია ნატოს წევრი ქვეყანა.

საქართველოს გეოპოლიტიკური სივრცე ქრისტიანული და მუსულმანური რელიგიების გავრცელების არეალია, ამავე დროს, მეტად მრავალფეროვანი ეროვნული შემადგენლობით გამოირჩევა. აქ მცხოვრები ხალხები 4 ენობრივ ჯგუფს მიეკუთვნება.

ამრიგად, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს მეტად ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა ჰქონდა და აქვს, რაც განაპირობებს მის ეკონომიკურ განვითარებას და საერთაშორისო პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ პროცესებში ჩართვას.

ჰავა რედაქტირება

საქართველოს ტერიტორია ჰავის დიდი მრავალფეროვნებით გამოირჩევა. შედარებით მცირე ფართობის მიუხედავად, საქართველოში წარმოდგენილია დედამიწის ზედაპირზე არსებული ჰავის თითქმის ყველა ტიპი. ჰავის ასეთი მრავალფეროვნება განპირობებულია ქვეყნის მდებარეობით სუბტროპიკულ და ზომიერ კლიმატურ სარტყლების მიჯნაზე და რელიეფის თავისებურებით, აგრეთვე მნიშვნელოვანია შავი ზღვის გავლენა.

საქართველოს ჰავის ჩამოყალიბებაზე სამი ძირითადი ფაქტორი განსაზღვრავს: მზის რადიაცია[12], ატმოსფეროს ზოგადი ცირკულაცია[13] და ქვეფენილი ზედაპირის ხასიათი[14].

მზის რადიაცია რედაქტირება

საქართველოში მზის ნათების ხანგრძლივობის საკმაოდ მაღალი წლიური მაჩვენებელია. იგი ძირითადად დამოკიდებულია ღრუბლიანობაზე, რომელიც საქართველოში ზომიერია. მზის ნათების საშუალო წლიური ხანგრძლივობა 1360 სთ-დან 2500 სთ-მდე იცვლება. ეს მაჩვენებელი მაღალია შირაქის ველსა და გარდაბნის ვაკეზე, ხოლო დაბალი აჭარის მიდამოებსა და კავკასიონის მაღალ მთიანეთშია.

საქართველოს ტერიტორიის გეოგრაფიული მდებარეობა, უფრო სწორედ, მისი განედური განფენილობა უმნიშვნელოა (დაახლოებით 2.5 გრადუსი), რაც ვერ განაპირობებს მზის რადიაციის სერიოზულ ცვლილებას მის ჩრდილო და სამხრეთ ნაწილებს შორის. ამის გამო რადიაციის განაწილება ძირითადად დამოკიდებულია ღრუბლიანობაზე, ჰაერის სიმკვრივესა და გამჭირვალობაზე.

ღრუბლიანობა საქართველოს ტერიტორიაზე არათანაბარი განაწილებით ხასიათდება. იგი გაცილებით მეტია დასავლეთ საქართველოში, რაც გამოწვეულია შავი ზღვის სიახლოვითა და ნალექების დიდი რაიოდენობით. ამიტომ ჯამური რადიაციის[15] მინიმალური მაჩვენებლებით ხასიათდება კოლხეთის დაბლობის სამხრეთი ნაწილი.

საქართველოს ვაკე-დაბლობების, დაბალი და საშუალო მთებისათვის დამახასიათებელია ჯამური რადიაციის საშუალო (წელიწადში 120-130 კკალ/სმ²) მაჩვენებელი. აბსოლუტური სიმაღლის მატებასთან ერთად, დაახლოებით 2000 მეტრ სიმაღლემდე, ღრუბლიანობა მატულობს, რის შედეგადაც გაბნეული რადიაცია[16] იზრდება, პირაპირი რადიაცია[17] კი მცირდება. ამის გამო ჯამური რადიაცია არ იცვლება.

საქართველოში მზის რადიაციის კარგად გამოხატული სეზონურობა ახასიათებს. ზაფხულში, დღის მაქსიმალური ხანგრძლივობა და მზის სხივების დაცემის დიდი კუთხე შესაბამისად განაპირობებს ჯამური რადიაციის დიდ მაჩვენებელს, ზამთარში კი - უმნიშვნელო.

ატმოსფერული ცირკულაცია რედაქტირება

 
ჰაერის მასების შემოჭრა საქართველოში

საქართველოს ტერიტორიაზე ამა თუ იმ ტიპის ჰაერის მასების შემოჭრას შეუძლია მკვეთრად შეცვალოს ამინდი. მაგალითად, 1950 წლის იანვარში არქტიკული ჰაერის მასების შემოჭრის შედეგად დასავლეთ საქართველოში მკვეთრად დაეცა ჰაერის ტემპერატურა. ბათუმში მან -9 °C-ს მიაღწია. ამან დიდი ზარალი მიაყენა სუბტროპიკულ სოფლის მეურნეობას. ზამთარში ტროპიკული ჰაერის მასების შემოჭრამ კი შეიძლება ტემპერატურის საგრძნობი მატება გამოიწვიოს. ზაფხულში ტროპიკული ჰაერის მასები საქართველოში ცხელ და მხუთვარე ამინდს განაპირობებს და დიდ გავლენას ახდენს ნალექების გეოგრაფიულ განაწილებაზე.

ჰაერის მასები,დასავლეთიდან ან აღმოსავლეთიდან შემოჭრისას, გადაივლიან შავ ან კასპიის ზღვებს, თბებიან და ნაწილობრივ კარგავენ ცივი ჰაერის მასის თვისებებს.

საქართველოში სამხრეთიდან ჰაერის მასების გავრცელებაზე დიდ გავლენას ახდენს წინა აზიის მთიანეთი - ჰაერის ეს მასები ძლიერ იცვლის სახეს (ტრანსფორმირდება).

საქართველოს ტერიტორიაზე არსებობს ძირითადი და მეორეხარისხოვანი კლიმატური ბარიერები, რაც თავის მხრივ მოქმედებს ჰაერის მასების გადაადგილებაზე. ძირითადი კლიმატური ბარიერებია ლიხის და კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედები, ხოლო მეორეხასიხოვანი - გომბორის, ბზიფის, სვანეთის, მესხეთის და სხვა ქედები.

დასავლეთიდან შემოჭრილი ჰაერის მასები ლიხის ქედის მიდამოებში იყრის თავს, რაც განაპირობებს ამ რაიონში ნალექების საკმაოდ დიდ რაოდენობას. აღმოსავლეთ საქართველოში გადასვლასთან ერთად აღნიშნული ჰაერის მასები იშლება და თბება. ამ დროს აღმოსავლეთში ქრის დასავლეთის ქარი და ნალექების რაოდენობა მცირეა.

საპირისპირო ვითარება იქმნება ჰაერის მასების აღმოსავლეთიდან გავრცელების შემთხვევაში. ამ დროს ნალექები ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოში გამოიყოფა, დასავლეთ საქართველოში აღმოსავლური მშრალი და თბილი ქარი (ფიონი) ქრის. ფიონები[18] ყველაზე ხშირია იმერეთში. ძლიერი ფიონის დროს მდინარე რიონის შუა წელში ჰაერის ტემპერატურა 10-15 გრადუსით მატულობს, ხოლო ჰაერის შედარებითი სინოტივე 10 %-ით ეცემა.

საქართველოს ტერიტორიაზე ჰაერის მასების გავრცელების ოთხი ძირითადი გზა არსებობს, კერძოდ:

  1. ჰაერის მასების დასავლეთიდან შემოჭრა
  2. ჰაერის მასების აღმოსავლეთიდან შემოჭრა
  3. ჰაერის მასების ორმხრივი შემოჭრა
  4. ჰაერის მასების სამხრეთიდან შემოჭრა.

ტერიტორიის ფორმირება რედაქტირება

 
საქართველო სამეფო თავის ძლიერების ზენიტში - თამარის მეფობის პერიოდში
 
საქართველოს ტერიტორიის ცვლილება საუკუნეების განმავლობაში

საქართველოს ტერიტორია ისტორიული დროის განმავლობაში მნიშვნელოვნად იცვლებოდა.

ძვ. წ. II ათასწლეულის ბოლოს და I ათასწლეულის დასაწყისში ისტორიული საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ჩამოყალიბდა ორი გაერთიანება: დიაოხი (ტაო, ტაოხი) მდ. ჭოროხის აუზში და კოლხა (კოლხეთი) შავის ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე. მეზობელი ტერიტორიებიდან შემოჭრილი მტრების იერიშებმა დიაოხისა და კოლხას ძლიერებას ბოლო მოუღო.

ძვ. წ. VI საუკუნეში თანამედროვე საქართველოს ტერიტორიაზე ორი პოლიტიკური გაერთიანება ჩამოყალიბდა: დასავლეთ საქართველოში ეგრისი, იგივე კოლხეთის სამეფო და აღმოსავლეთ საქართველოში - ქართლის, იგივე იბერიის სამეფო. კოლხეთის სამეფო საკმაოდ ვრცელ ტერიტორიას მოიცავდა.

ქართული სახელმწიფოების ტერიტორიის სიდიდეზე უდიდეს გავლენას ახდენდა მეზობელი სახელმწიფოების აგრესიული პოლიტიკა. ბიზანტია და სპარსეთი ერთმანეთს ეცილებოდა გავლენის მოსაპოვებლად.

VII საუკუნეში საქართველოში არაბობა დამყარდა და სახელმწიფოს დიდი ნაწილი არაბთა არაბთა სახალიფოს დაექვემდებარა, რამაც X საუკუნის დასაწყისამდე გასტანა. თუმცა, უკვე VIII ს-ის ბოლოს ქვეყნის განაპირა პროვინციებში დამოუკიდებელი ქართული სამეფო-სამთავროების წარმოქმნა დაიწყო.

უნდა აღინიშნოს, რომ ახალი ქართული სამეფო-სამთავროების აღმოცენების, ასევე ბიზანტიელთა, არაბთა, თურქ-სელჩუკთა თუ სხვა მტრების წინააღმდეგ ბრძოლების ფონზე, ქართველები, მიუხედავად ტერიტორიული დანაკარგებისა, ძირითადად მაინც ინარჩუნებდნენ თავიან საცხოვრებელ მიწებსა და ტერიტორიებს.

X-XI სს-ის მიჯნაზე აფხაზთა და ქართველთა სამეფოები გაერთიანდა, ხოლო XI-XII სს-ში, დავით აღმაშენებლისა და თამაფის მეფობის ხანაში, ეს პროფესი ძლიერი, ერთიანი სახელმწიფოს შექმნით დასრულდა. ამავე დროიდან დამკვიდრდა ტერმინი „საქართველო“. იმდროინდელი საქართველოს ტერიტორია ნიკოფსიიდან დარუბანდამდე (დერბენდი) და ოსეთიდან (ალანია) არაგაწამდე (სომხეთი) იყო გადაჭიმული. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ დროს თითქმის მთელი კავკასიის ტერიტორია საქართველოს მეფის მორჩილებისა და მფარველობის ქვეშ მოიაზრებოდა.

მონღოლთა შემოსევების შემდეგ (XIII ს.) საქართველო უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა და მისი ტერიტორიაც თანდათანობით შემცირდა. საქართველო ორ ნაწილად გაიყო და, ამავდროულად, სამცხე უშუალოდ მონღოლებს დაემორჩილა. ასე გასტანა გიორგი V ბრწყინვალეს (1314-1346 წწ.) მეფობამდე. სწორედ მან შეძლო სამცხის კვლავ შემოერთება და ქვეყნის ხანმოკლე, მაგრამ ხელახალი გაერთიანება.

თემურ-ლენგის ლაშქრობებმა (1384-1404 წწ.), მოგვიანებით ირანელებისა და თურქების აგრესიულმა პოლიტიკამ, ჩრდილოკავკასიელთა შემოსევებმა და, ამასთანავე, შიდაპოლიტიკურმა რღვევებმა ერთიანი ქართული სახელმწიფოს დაშლა გამოიწვია და XVI ს-ის ბოლოს ქვეყანა სამეფო-სამთავროებად დაიშალა.

XVI-XVIII სს-ში საქართველოს ტერიტორია ირან-ოსმალეთს შორის განაწილდა, რასაც თან მოჰყვა მოსახლეობის ძალდატანებითი ისლამიზაცია. დაიკარგა ტერიტორიის გარკვეული ნაწილი.

XVI ს-ის მეორე ნახევარში ოსმალეთმა საქართველოს ჩამოაცილა სამცხე-საათაბაგოს ფეოდალური სამთავრო, შაჰ-აბასმა (XVII ს.) - ლორეს ველი და მდ. დებედას ხეობა (ქართლი), კახეთში კი კაკენისელის მხარე (საინგილო) მიიტაცა.

XIX საუკუნის დასაწყისში მთელი საქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში აღმოჩნდა. რუსეთში მონარქიის დამხობას და იქ კომუნისტური რეჟიმის დამყარებას საქართველოს საბჭოთა ოკუპაცია მოჰყვა. ამ დროს საქართველომ ტერიტორიის გარკვეული ნაწილი დაკარგა.

1991 წელს საქართველომ აღიდგინა სუვერენიტეტი და ქვეყნის ტერიტორია აღიარებული იქნა იმ საზღვრებში, რომელიც მას სსრკ-ს შემადგენლობაში ყოფნისას ჰქონდა.

ფართობი რედაქტირება

საქართველოს ტერიტორიის ფართობი ისტორიის განმავლობაში იცვლებოდა, ამჟამად კი 69 700 კვ.კმ-ია. იგი დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ - შავი ზღვის ნაპირებიდან თითქმის მიგნეჩაურის წყალსაცავამდეა გადაჭიმული, ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ კი შედარებით ვიწროა. ტერიტორიის მაქსიმალური განფენილობა ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ 613 კმ-ია. მერიდიანის გასწვრივ, ჩრდილოეთ და სამხრეთ წერტილებს შორის მანძილი კი 275 კმ-ს შეადგენს.

საქართველოს უკიდურესი ჩრდილოეთი წერტილი აფხაზეთში, მდინარე ფსოუს ნაპირზე, სოფელ აიბგასთანაა, სამხრეთით - მთა ოკუზდაღთან (სომხეთის საზღვართან), დასავლეთი - დაბა ლესელიძესთან (მდინარე ფსოუს შესართავი) და აღმოსავლეთი - მდინარეების აგრიჩაისა და ალაზნის შეერთების ადგილზეა.

საქართველოს გეოგრაფიული ცენტრი[19] ლიხის (სურამის) ქედის დასავლეთით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მდებარეობს.

საზღვრები რედაქტირება

საქართველოს საზღვარი ქვეყნის ისტორიის განმავლობაში ყველაზე მეტად სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილში იცვლებოდა; დასავლეთი საზღვარი შავი ზღვის აკვატორიას მიუყვება და ამაჟამად საერთაშორისო სამართლის ნორმებითაა დაცული. რაც შეეხება ჩრდილოეთ საზღვარს, იგი ოროგრაფიულ ბარიერზე - კავკასიონზე გადის და ამიტომაც მკაფიოდაა დაფიქსირებული.

საქართველოს საზღვრების საერთო სიგრძე 1970 კმ-ია. აქედან, სახმელეთიოა 1655 კმ, საზღვაო კი - 315 კმ.

სახმელეთო საზღვარი საქართველოს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, დაბა ლესელიძესთან იწყება. შემდგომ იგი მიუყვება ფსოუს, რომელიც სათავეს მთა აგეფსთასთან იღებს. საქართველოს ჩრდილო საზღვარი ძირითადად ემთხვევა კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედს. მთა ვაციკფარსიდან მთა შავი კლდემდე საქართველოს საზღვარი გადის წყალგამყოფი ქედის ჩრდილოეთით მთა მყინვარწვერზე და გვერდით ქედზე. აღმოსავლეთ საზღვარი იწყება მთა ტინოვროსოდან, ეშვება ალაზნის ველზე, მიუყვება მდინარე ალაზანს, ვიდრე 1 კმ არ დარჩება მინგეჩაურის წყალსაცავთან მდინარის შეერთებამდე. საქართველოს სამხრეთი საზღვარი იწყება შავ ზღვასთან, სოფელ სარფის მიდამოებში. იგი ჯერ მიუყვება, შემდეგ კი კვეთს ლაზისტანის ქედის ჩრდილო დაბლოებას, მიუყვება შავშეთის და კვლავ კვეთს არსიანის ქედს, ჯავახეთ-სომხეთის ვულკანურ მთიანეთს, ლოქის ქედს, მდინარე მტკვარს და ივრის ზეგანს.

წყლის რესურსები რედაქტირება

 
მდინარე ბზიფის სათავე კავკასიონის მთავარი წყალგამყოფის ქედის სამხრეთ კალთაზე, უღელტეხილ ადანგეს მიდამოებშია. იგი შავ ზღვას ბიჭვინთის კონცხთან ერთვის. მისი სიგრძე 110 კმ-ია, წყალშემკრები აუზის[20] ფართობი - 1510 კმ². ბზიფის შენაკადებია გეგა და ბავიუ. იგი შერეული საზრდოობის მდინარეა. მას შავ ზღვაში ყოველწლიურად 3 კმ³-ზე მეტი წყალი და, დაახლოებით, 1 მლნ. ტ. ნატანი შეაქვს.

საქართველო მდიდარია წყლის რესურსებით. მის ტერიტორიაზე მიედინება 26 060 მდინარე, რომელთა საერთო სიგრძე 60 ათას კმ-ს აღწევს. ამ მდინარეების დაახლ. 99.4 % ძალიან მცირე სიგრძისაა (25 კმ-ზე ნაკლები). შავი ზღვის აუზს მიეკუთვნება 18 109 მდინარე, ხოლო კასპიის ზღვის აუზს - 7951. საქართველოს მდინარეთა მთავარი წყალგამყოფია ლიხის ანუ სურამის ქედი. აღსანიშნავია, რომ დასავლეთ საქართველოს მდიანარეთა უმრავლესობას დამოუკიდებელი წყალშემკრელი აუზი არ აქვს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ყველა მდინარე მტკვრის აუზს მიეკუთვნება. კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედით დასავლეთ საქართველოს მდინარეები მდ. ყუბანის აუზისგან და აღმოსავლეთ საქართველოს მდინარეები მდინარეების - თერგისა და სულაკის აუზებისგან არის გამოყოფილი.

საქართველოს მდინარეებიდან წყლიანობით გამოირჩევა მდ. რიონი (13.2 კმ³), ჭოროხი (8.58 კმ³), მტკვარი (თბილისთან 6.5 კმ³), კოდორი (3.97 კმ³), ალაზანი (3,23 კმ³) და სხვ. საქართველოს უგრძესი მდინარეა ალაზანი - 406 კმ[4][5], შემდეგი ადგილები უკავია მდ. იორსა (343 კმ) და რიონს (327 კმ). მტკვარი (1384 კმ) სამხრეთ კავკასიის უგრძესი მდინარეა. მისი სიგრძე საქართველოს ტერიტორიაზე 351 კმ-ია[21].

საქართველოს მდინარეები წვიმის, მიწისქვეშა, თოვლისა და მყინვარის ნადნობი წყლებით საზრდოობენ. მდინარეთა საზრდოობაში თითოეული ამ წყაროს მონაწილეობა და წვლილი განისაზღვრება წყალშემკრები აუზის სიმაღლის, ტერიტორიის გეოლოგიური აგებულების, რელიეფისა და ჰავის შესაბამისად. მაღალმთიან ადგილებში მდინარეები, ძირითადად, თოვლისა და მყინვარების ნადნობი წყლებით საზრდოობენ, საშუალომთიან ზონაში - წვიმისა და სეზონური თოვლის ნადნობი წყლებით, კოლხეთის დაბლობსა და მის მიმდებარე გორაკ-ბორცვებზე მდებარე მდინარეები კი - წვიმისა და, ნაწილობრივ, მიწისქვეშა წყლებით. ბევრი მდინარის საზრდოობაში ამა თუ იმ წყაროს წვლილი იცვლება მდინარის სიგძისა და წელიწადის დროის მიხედვით. გაზაფხულზე საქართველოს მდინარეთა უმეტესობა თოვლის ნადნობი წყლებით საზრდოობს, საფხულსა და ზამთარში კი - მიწისქვეშა წყლებით.

 
ბაზალეთის ტბა დუშეთის მუნიციპალიტეტში, ზ. დ-დან 878 სიმაღლეზე მდებარეობს. მისი ზედაპირის ფართობი 1.22 კმ²-ია, მაქსიმალური სიღრმე - 7 მ. მასში, საშუალოდ, 5.6 მლნ მ³ წყალია. ტბა ძირითადად ატმოსფერული ნალექებით საზრდოობს. იანვარ-თებერვალში იგი ყინულით იფარება; ტბის სანპირო ზოლში საკმაოდ ბევრია წყალმცენარე. ტბაში ბინადრობს ქაშაყი, ნაფოტა, ხრამული, წვერა და სხვ. ტბა ტურისტულ-რეკრეაციული მიზნებისთვის გამოიყენება

საქართველოს ტერიტორიაზე მყინვარები, ძირითადად, გავრცელებულია კავკასიონის ქედზე. ქვეყანაში 786 მყინვარია. მათი საერთო ფართობი 556 კმ²-ია, რაც საქართველოს მთერი ტერიტორიის 0,73 %-ს შეადგენს. მყინვარები საქართველოს ფარგლებში არათანაბრადაა განაწილებული. მათი უმრავლესობა ოთხი მდინარის: კოდორის, ენგურის, რიონისა და თერგის აუზებშია თავმოყრილი.

საქართველოს მყინვართა უმეტესობა მცირე ზომისაა და მათი ფართობი 1 კმ²-ზე ნაკლებია. ისეთი მყინვარები, რომელთა ფართობიც 10 კმ²-ს აღემმატება, ცხრაა. ესენია: ლეხზირი (35,9 კმ²), წანერი (28,7 კმ²), ტვიბერი (24,7 კმ²), ყვითლოდი (12,1 კმ²), ჭალაათი (12,3 კმ²), ხალდე 10,5 კმ²), ადიში (10,2 კმ²) და ქვიში (19,3 კმ²) მდინარე ენგურის აუზში - სუათისი (11,1 კმ²)- მდინარე თერგის სათავეებში.

მყინვარების მდებარეობა ზღვის დონიდან დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ იცვლება. მდ. ბზიფის ხეობაში მყინვარები 2600 მ სიმაღლეზე, მდინარეების: ენგურისა და იორნის ხეობებში მყინვარები კი ზ. დ-დან 2970-2990 მ-ზე მდებარეობენ, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს მდინარეთა აუზებში მყინვარები 3000-32000 მ-ზეა განლაგებული.

მუდმინი თოვლის საზღვარი, ანუ ფირნის ხაზი ზღვის დონიდან, მყინვარების ანალოგიურად, მაღლდება დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ. დასავლეთ საქართველოში ფირნის ხაზი 2550-2800 მ-ზე გადის, ხოლო აღმოსავლეთით 3200-3600 მ-ზე.

საქართველოს ჭაობები, ძირითადად, კოლხეთის დაბლობის დასავლეთ, ზღვისპირა ნაწილში გვხვდება და მათი საერთო ფართობი, დაახლოებით, 627 კმ2-ია. საქართველოს ჭაობები, ძირითადად, დაბლობის ჭაობებს მიეკუთვნება.მაღლობის ჭაიობების მცირე ფართობები წარმოდგენილია ჯავახეთის ზეგანსა და მდ. ჰქვია-ხრამის აუზის ზემო ნაწილში. მცირე ზომის ჭაობები გავრცელებულია მტკვრის, ალაზნისა და ზოგიერთი სხვა მდინარის აუზში.

საქართველოს წყალსაცავებში დაგროვილია საერთო წყლის რესურსების მნიშვნელოვანი ნაწილი. დღეისათვის ექსპლუატაციაში 44 წყალსაცავია, რომელთა მოცულობა 0,5 მლნ მ³-ს აღემატება. წყალსაცავების წყლის ზედაპირის საერთო ფართობი 163 კმ²-ია, რაც საქართველოს ტერიტორიის 0,23 %-ს შეადგენს. დასავლეთ საქართველოს წყალსაცავები, ძირითადად, ენერგეტიკული დანიშნელებისაა, აღმოსავლეთ საქართველოს წყალსაცავთა უმეტესობის დანიშნულება კი ირიგაციაა.

კომპლექსური დანიშნულების წყალსაცავები რამდენიმე ფუნქციას ასრულებენ, მაგალითად: ჟინვალის წყალსაცავის დანიშნულებაა ელექტროენერგიის გამომუშავება, მორწყვა, სასმელი წყლით მომარაგება და, ნაწილობრივ, თბილისის ზღვის წყლით უზრუნველყოფა. წყალსაცავები, ძირითადი დანიშნულების გარდა, ასევე, გამოიყენება თევზის მეურნეობისთვის, რეკრეაციისა და წყალდიდობის შედეგების შესასუსტებლად. მათი უმეტესობა შექმნილია მდინარის ჩამონადენის სეზონური და მრავალსყლიანი რეგულირების მიზნით.

წყალსაცავის მშენებლობა გარკვეულწილად ცვლის ბუნებრივ გარემოს: წყლით იფარება ხეობის ნაწილი, ჩნდება მეწყრული პროცესების ახალი კერები, მატულობს ჰაერისა და ნიადაგის ტენიანობა, ირღვევა მდინარის დამონადენის რეჟიმი და სხვა, ამიტომ ამთი პროექტირებისას აუცილებელია მრავალმხრივი ანალიზის ჩატარება, რომელშიც გათვალისწინებული იქნება სავარაუდო ეკოლოგიური ცვლილებები.

საქართველოს მიწისქვეშა წყლების ბუნებრივი რესურსები მარაგი 21,7 კმ³-ს შეადგენს, რაც მთელი ტერიტორიის ზედაპირული ჩამონადენის[22] 41 %-ია. უმეტესად, ეს წყლები დაბალი მინერალიზაციისა[23] და სასმელად გამოსადეგია. ძირითადად გვხვდება ორი ტიპის სასმელი მიწისქვეშა წყლები. პირველ ტიპს მიეკუთვნება მიწისქვეშა წყლები, რომელთა მინერალიზაციის ხარისხი 0,2-0,3 გრ/ლ-ია. ამ წყლების მარაგი სამხრეთ საქართველოში 0,63 კმ³-ს შეადგენს. მეორე ჯგუფს წარმოადგენს 0,3-1,0 გრ/ლ მინერალიზაციის სასმელი მიწისქვეშა წყლეები, რომელთა მარაგი 2,52 კმ³-ია.

საქართველოში, ასევე, მრავლადაა ჩანჩქერები. ისი გვხვდება სამეგრელოში (ოჩხომურის, აბაშისა და ტობას ჩანჩქერები), აფხაზეთში (გეგის, კლიჩის), ყაზბეგის მუნიციპალიტეტში (არშის, გველეთის), კახეთში (ლაგოდეხის ნაკრძალი) და სხვ.

საქართველოში ზედაპირული წყლების დაბინძურების ძირითადი წყაროებია წყალმომარაგება-კანალიზაციის სექტორი, თბოენერგეტიკა და მრეწველობა. სექტორების მიხედვით დაბინძურებული ჩამდინარე წყლების ჩაშვება ნაწილდება შემდეგნაირად:

  • წყალმომარაგება-კანალიზაციის სექტორი - 344,1 მლნ.მ³/წელ. (67 %)
  • თბოენერგეტიკა - 163,8 მლნ.მ³/წელ. (31 %)
  • მრეწველობა - 9,6 მლნ.მ³/წელ. (2 %)

ამდენად, ზედაპირული წყლების ძირითადი დამბინძურებელი არის კომუნალური სექტორი (ქალაქებისა და დასახლებული პუნქტების კანალიზაციის ჩამდინარე წყლები). დღევანდელი მდგომარეობით წყლის გამწმენდ არცერთ ნაგებობას არ შეუძლია უზრუნველყოს ჩამდინარე წყლების გაწმენდა საპროექტო ხარისხის შესაბამისად. წყლის ბიოლოგიური გაწმენდა არ ხდება არცერთ ქალაქში. პირველადი მექანიკური გაწმენდა ხორციელდება მხოლოდ ქ.თბილის-რუსთავის რეგიონულ გამწმენდ ნაგებობაზე. შედეგად, ზედაპირული წყლის ობიექტებში აღინიშნება მნიშვნელოვანი დაბინძურება[24].

მინერალური რესურსები რედაქტირება

საქართველოს, თავისი ტერიტორიის სამცირის მიუხედავად, მეტად მრავალფეროვანი და უნიკალური ბუნებრივი რესურსები გააჩნია. ბუნებრივ რესურსებს შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მინერალური რესურსები[25]. სწორედ ისინი განსაზღვრავენ ქვეყნის მეურნეობის ძირითადი დარგების განვითარებას.

მინერალური რესურსები ამოწურფადი და აღუდგენელი რესურსებია. ნებისმიერი ქვეყნის წიაღისეული სიმდიდრეებიდან მნიშვნელოვანია სათბობ-ენერგეტიკული რესურსები: ნავთობი, ქვანახშირი, ბუნებრივი აირი და ტორფი.

აღნიშნული რესურსებიდან, საქართველოში დღეს ექსპლუატაციაში არსებულ საბადოებში ნავთობის მარაგი არასაკმარისია, რის გამოც ქვეყანა მის იმპორტს აწარმოებს.

ნავთობის დაზვერილი მარაგი საქართველოში მხოლოდ 13 მლნ ტონას შეადგენს, თუმცა მაღალია მისი ხარისხი. სავარაუდო რეზერვი 580 მლნ ტონაა, აქედან 200 მლნ ტონას ვარაუდობენ დასავლეთ საქართველოში შავი ზღვის სანაპიროზე და მის შელფზე, 380 მლნ ტონას კი - ხმელეთზე. ძალზე პერსპექტიულად ითვლება ტარიბანის ნავთობის საბადოც. წინასწარი გათვლებით, ერთი მილიარდი ბარელი ნავთობის მარაგია.

ქვანახშირის მრეწველობას საქართველოში თითქმის ორი საუკუნის ისტორია აქვს. პირველი ინფორმაცია ტყიბულის მიდამოებში არსებული ქვანახშირის შესახებ XIX ს.-ის 20-იან წლებს მიეკუთვნება, თუმცა მისი შესწავლა გაცილებით გვიან დაიწყო. XIX ს.-ის 80-იანი წლებიდან ცნობილია ტყვარჩელის ქვანახშირის საბადო.

2009 წლისთვის, საქართველოში ქვანახშირის არსებული რეზერვი 450 მლნ ტონა იყო, რომელიც შეიძლება კიდევ 700 ტონით გაიზარდოს. ქვანახშირის უმეტესი ნაწილი შედარებით დაბალი ხარისხისაა.

პერსპექტიული ენერგეტიკული რესურსებიდან აღსანიშნავია ჰელიორესურსები, რომლითაც მდიდარია მესხეთ-ჯავახეთი, აღმოსავლეთი საქართველო და დასავლეთ კავკასიონის მაღალმთიანეთი. ასევე მნიშვნელოვანია ქარის ენერგია, რომლის მნიშვნელოვანი პოტენციალით მდინარეების მტკვრისა და რიონის ხეობები გამოირჩევა.

ტორფის საბადოები, ძირითადად, კოლხეთის დაბლობზეა წარმოდგენილი. აქ ტორფიან ფენებს დაკავებული აქვს 20 ათასი ჰა, ხოლო მისი მარაგი 60 მლნ ტონას აღემატება. ტორფი შეიძლება გამოყენებული იქნას ქიმიურ მრეწველობაშ და საწვავად, საქართველოში კი სოფლის მეურნეობაში სასუქად იყენებენ.

ნავთობის თანმხლები ბუნებრივი აირის მოპოვება წარმოებს სამგორ-პატარძეულისა და თელეთის საბადოებზე. აღსანიშნავია, რომ შავი ზღვის საქართველოს შელფურ ზონაში ბუნებრივი აირის მარაგი 1.8 მლრდ მ³-ია

საქართველოს მადნეული რესურსებიდან აღსანიშნავია: რკინა, სპილენძი, ტყვია-თუთია, ვერცხლისწყალი და სხვ.

ფაუნა რედაქტირება

 
ცხვრის ფარა ჩრდილო-აღმოსავლეთ საქართველოში

საქართველოს ცხოველთა სამყარო (ფაუნა) საკმაოდ მრავალფეროვანია. აქ ცნობილია ძუძუმწოვრების 100-მდე, ფრინველების 330-ზე მეტი, ქვეწარმავლების 48, ამფიბიების 11, თევზების 160-მდე და უხერხემლო ცხოველების ათასობით სახეობა.

საქართველოს ტერიტორიაზე ფართოდაა წარმოდგენილი ცხოველთა როგორც ენდემური, ისე სხვადასხვა ქვეყნებისათვის დამახასიათებელი სახეობები. მათგან საქართველოში ჭარბობს ევროპული, შუა და წინააზიური სახეობები.

საქართველოში მთიანი ტერიტორიების სიჭარბის გამო ცხოველთა გავრცელებას კარგად გამოხატული სიმაღლებრივი ზონალურობა ახასიათებს. თუმცა, ცალკეული სახეობები ერთდროულად რამდენიმე ზონაშიც შეიძლება შეგვხვდნენ. აქ ძირითადად გამოიყოფა დასავლეთ აღმოსავლეთ საქართველოს მთათაშორისი ბარის, აგრეთვე ტყისა და ალპური ზონები.

დასავლეთ საქართველოს ვაკისა და დაბლობის ზონის მრავალფეროვანი ცხოველთა სამყარო ძლიერ განადგურებულია. თითქმის მოისპო ისეთი მტაცებლები, როგორიცაა მგელი, ტურა, ფოცხვერი. იშვიათად ვხვდებით დედოფალას, მაჩვს. ჯერ კიდევ შემორჩა შველი, გარეული ღორი, ევროპული თხუნელა, ღამურა, კურდღელი, კავკასიური ციყვი, ტყის თაგვი თეთრყელა კვერნა და სხვა.

ზონა მდიდარია ფრინველებით. აღსანიშნავია კოლხური ხოხობი, რომელსაც ამჟამად მდ. ენგურსა და რიონს შორის მოქცელ ტერიტორიაზე ვხედავთ.

კოლხეთის დაბლობზე აკლიმიზირებული ცხოველებიდან ფართოდ გავრცელდა ძვირფასბეწვიანი მღრნელი ნუტრია (შემოყვანილია სამხრეთ ამერიკიდან).

ფლორა რედაქტირება

საქართველოს მცენარეთა სამყარო მდიდარი და მრავალფეროვანია. იგი დაახლოებით 13 300 სახეობას ითვლის, მათ შორის 4225 თესლოვან მცენარეთა რიცხვს მიეკუთვნება, 75 — გვიმრისებურს, 600 — ხავსებს, 650 — ლიქენებს, 5000 — სოკოვნებსა და 2000 — წყალმცენარეებს.

საკმაოდ ხანგრძლივი და საინტერესოა საქართველოს ფლორის განვითარების ისტორია. მესამეულ პერიოდში საქართველოს ფლორა ტროპიკული მცენარეულობის სახის და ძირითადად მარადმწვანე იყო. თანდათან, კლიმატის აცივებასთან ერთად, ტროპიკული მცენარეულობა ჯერ სუბტროპიკულით, ხოლო შემდგომ ზომიერი კლიმატური სარტლისათვის დამახასიათებელი ფლორით იცვლებოდა. საქართველოს ტერიტორიაზე მეოთხეულ გამყინვარებას ცივი ქვეყნების ფლორის ცალკეულ წარმომადგენელთა შემოჭრა მოჰყვა.

კავკასიაში უძველესი ფლორის არსებობისათვის ხელსაყრელი ბუნებრივი პირობები შენარჩუნებული იქნა მხოლოდ კოლხეთსა და თალიშში (აზერბაიჯანი). სწორედ აქ, მიუხედავად მეოთხეულის გამყინვარებისა, შენარჩუნებულია შედარებით თბილი და ნოტიო ჰავა, შესაბამისი - სითბოსა და ტენის მოყვარული მცენარეებით.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • საქართველოს გეოგრაფია, მე-9 კლასის სახელმძღვანელო; გ. ჭანტურია, დ. კერესელიძე, მ. ბლიაძე, ზ. სეფერთელაძე; ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა; თბილისი; მეორე გამოცემა, 2009
  • საქართველოს გეოგრაფია - ფიზიკური გეოგრაფია, მე-8 კლასის სახელმძღვანელო, წიგნი I; ნ. ბერუჩაშვილი, ნ. ელიზბარაშვილი; "საქართველოს მაცნე", თბილისი - 2003
  • ელიზბარ ელიზბარაშვილი - საქართველოს კლიმატური რესურსები; თბილისი, 2007;
  • ელიზბარ ელიზბარაშვილი, საქართველოს ჰავა; თბილისი, 2017.

შენიშვნები რედაქტირება

  1. 1.0 1.1 *საქართველოს გეოგრაფია - ფიზიკური გეოგრაფია, მე-8 კლასის სახელმძღვანელო, წიგნი I; ნ. ბერუჩაშვილი, ნ. ელიზბარაშვილი; "საქართველოს მაცნე", თბილისი - 2003; გვ. 12
  2. 2.0 2.1 საქართველოს გეოგრაფია, მე-9 კლასის სახელმძღვანელო; გ. ჭანტურია, დ. კერესელიძე, მ. ბლიაძე, ზ. სეფერთელაძე; ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა; თბილისი; მეორე გამოცემა, 2009; გვ. 26
  3. საქართველოს გეოგრაფია, მე-9 კლასის სახელმძღვანელო; გ. ჭანტურია, დ. კერესელიძე, მ. ბლიაძე, ზ. სეფერთელაძე; ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა; თბილისი; მეორე გამოცემა, 2009; გვ. 43
  4. 4.0 4.1 საქართველოს გეოგრაფია - ფიზიკური გეოგრაფია, მე-8 კლასის სახელმძღვანელო, წიგნი I; ნ. ბერუჩაშვილი, ნ. ელიზბარაშვილი; "საქართველოს მაცნე", თბილისი - 2003; გვ. 58
  5. 5.0 5.1 საქართველოს გეოგრაფია, მე-9 კლასის სახელმძღვანელო; გ. ჭანტურია, დ. კერესელიძე, მ. ბლიაძე, ზ. სეფერთელაძე; ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა; თბილისი; მეორე გამოცემა, 2009; გვ. 99
  6. საქართველოს ატლასი; მ. სოხაძე; "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა", თბილისი, 2008; გვ. 88
  7. ტექტონიკა - გეოლოგიის დარგი, რომელიც დედამიწის ქერქის აგებულებასა და მოძრაობას შეისწავლის
  8. რელიეფი - დედამიწის ზედაპირის სხვადასხვა სიდიდის, ფორმისა და ასაკის უსწორმასწორობათა ერთობლიობა
  9. ამინდების მრავალწლიური რეჟიმი,რომელიც დამახასიათეგელია ამა თუ იმ ტერიტორიისათვის და მრიცე რყევადობით შენარჩუნებულია საუკუნეების განმავლობაში
  10. ეკონომიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა (ეგმ) - საწარმოების, დასახლებული პუნქტების, რაიონების, ქვეყნების, რეგიონების სივრცითი მიმართება სხვა ობიექტებან, რომლებსაც მათთვის ეკონომიკური მნიშვნელობა აქვთ.
  11. გეოპოლიტიკა გულისხმობს ნებისმიერი ქვეყნის ან რეგიონის გეოგრაფიულ, სოციალურ-პოლიტიკურ, სამხრედრო, დემოგრაფიულ, ეკონომიკურ და ქვეყნის ძლიერების სხვა განმსაზღვრელ ფაქტორთა კომბინირებულ შესწავლასა და შეფასებას
  12. მზის რადიაცია - მზის მიერ სინათლისა და სითბოს გამოსხივება
  13. ჰაერის მასების მოძრაობა
  14. ქვეფენილი ზედაპირის ხასიათი - დედამიწის ზედაპირის ის ნაწილი, რომელიც განაპირობებს ატმოსფეროს ქვედა ფენებში მიმდინარე პროცესებს
  15. ჯამური რადიაცია (Cd) - მზის პირდაპირი და გაბნეული რადიაციის ჯამი
  16. გაბნეული რადიაცია - ცის თაღიდან, მათ შორის ღრუბლებიდან მიღებული მზის რადიაცია
  17. პირდაპირი რადიაცია - დედამიწაზე მზიდან პარალელური სხივების სახით პირდაპირ მიღებული რადიაცია
  18. ფიონი - თბილი ქარი, რომელიც ქრის მთიდან ბარისაკენ.
  19. ქვეყნის გეოგრაფიული ცენტრი - ადგილი, რომელიც მოცემული სახელმწიფოს ტერიტორიის
  20. წყალშემკრები აუზი - დედამიწის ზედაპირის ნაწილი, საიდანაც წყალს იკრებს ცალკეული ჰიდროგრაფიული ობიექი (მდინარე, ტბა, ზღვა)
  21. საქართველოს გეოგრაფია - ფიზიკური გეოგრაფია, მე-8 კლასის სახელმძღვანელო, წიგნი I; ნ. ბერუჩაშვილი, ნ. ელიზბარაშვილი; "საქართველოს მაცნე", თბილისი - 2003; გვ. 57
  22. ზედაპირული ჩამონადენი - წყლის მოცულობაა, რომელიც დროის გარვეულ მონაკვეთში (წლის განმავლობაში) ხმელეთის ზედაპირითად ჩამოედინება
  23. მინერალიზაცია - წყალში გახსნილი მარილების რაიოდენობა
  24. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო - წყალი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-08-17. ციტირების თარიღი: 2011-02-01.
  25. მინერალური რესურსები - დედამიწის წიაღში არსებული სასარგებლო წიაღისეულის მარაგთა ერთობლიობა