ადიშის მყინვარი
ადიშის მყინვარი, ჰადიშის მყინვარი[1] — ხეობის ტიპის სამხრეთ-დასავლეთური ექსპოზიციის მყინვარი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ცენტრალური კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ენგურის აუზში.[2] 2015 წლის მონაცემებით მისი სიგრძე 9,46 კმ, ხოლო ფართობი 9,50 კმ²-ია. ენის სიმაღლე დაახლოებით ზღვის დონიდან 2400 მ-მდე.
ადიშის მყინვარი
| |
---|---|
ადიშის მყინვარი | |
კოორდინატები: 43°01′28″ ჩ. გ. 43°01′05″ ა. გ. / 43.02444° ჩ. გ. 43.01806° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | მესტიის მუნიციპალიტეტი |
ქედი | ცენტრალური კავკასიონი |
ფართობი | 9,50 კმ² |
სიგრძე | 9,46 კმ |
ტიპი | ხეობური |
საზრდოობს მწვერვალების თეთნულდის, გისტოლის, ადიშის და ლაქუციას სამხრეთ ფერდობებიდან ჩამონადენი მყინვარების ნაკადებით.[3] გეომორფოლოგიური თვალსაზრისით მყინვარი სამ ნაწილად იყოფა: 1. ფირნის ველი (მკვებავი აუზი), რომელიც ზღვის დონიდან 3800 მ-ზე მაღლა მდებარეობს და რომელიც გარშემორტყმულია მაღალი მწვერვალებით, 2. ყინულვარდნილი (1200 მ სიმაღლის ყინულის ჩანჩქერი), 3. მყინვარის ენა, რომელიც თანდათანობით მარაოსებრი ფორმით ეშვება ზღვის დონიდან 2380 მ-მდე. ადიშის მყინვარიდან გამოედინება მდინარე ადიშჭალა.[3]
მისი ფირნი მყარი ნალექის აკუმულაციის არეს წარმოადგენს. ნალექების დაგროვებას ხელს უწყობს მისი ჰიფსომეტრიული მდებარეობა და მორფოლოგიური თავისებურება. ნაპრალები ფირნში ცოტაა და ისიც დახურულია. ყინულწარმოქმნა რეჟელაციური და რეკრისტალიზაციური გზით მიმდინარეობს. 1960 წლის დახასიათებით მყინვარის ენა მცირე რაოდენობის ნაშალი მასალით იყო დაფარული, მაგრამ ბოლო ვიზუალური დათვალიერებით და კოსმოსურ სურათზე დაკვირვებით ჩანს, რომ ნაშალი მასალის რაოდენობა მკვეთრადაა მომატებული, განსაკუთრებით გვერდებზე და ბოლო მონაკვეთში.[3]
ენა ცენტრალურ ნაწილში ამობურცულია. მთელ სიგრძეზე მას მიუყვება ოგივები და მის სილამაზეს თავისებურ ელფერს აძლევს. მყინვარების ზედაპირი ტალღოვანია, მრავალრიცხოვანი მყინვარული ჭებით, წისქვილებით და აბლაციური ფორმებით. მის ზედაპიზე ბევრი ღარი და ხევებია, რომელთაც ნადნობი წყალი აჩენს. მყინვარის ზედაპირი ნაპრალებს მოკლებულია, ისინი მხოლოდ გვერდებზე და ყინულჩანჩქერის ძირში გვხვდება.[3]
მყინვარის ენას ორივე მხარეზე მკვეთრად გამოხატული სტადიალური მორენები მიუყვება, რომლებიც ენის ბოლოდან 1,5 კმ-ის შემდეგ ირკალება და ბოლო სტადიალურ მორენებში გადადის. მყინვარის წინ სტადიალური მორენის ფერდობზე და ხეობის ძირზე მიკროსტადიალური მორენებია განვითარებული. უშუალოდ ენის წინ რამდენიმე წლიური რკალური სერი აღინიშნება. ადიშის მყინვარზე მისასვლელი გზაა სოფელ ადიშიდან.[3]
ლიტერატურა
რედაქტირება- გობეჯიშვილი რ., კოტლიაკოვი ვ., გლაციოლოგია, თბ., 2006.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 15.
- ↑ ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 55.
- ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 ლევან ტიელიძე, საქართველოს მყინვარები. გამომცემლობა „კოლორი“, თბ., 2014