ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი

(გადამისამართდა გვერდიდან ლაგოდეხის ნაკრძალი)

ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი — სახელმწიფო ნაკრძალი საქართველოში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთებზე. დაარსდა 1912 წელს პოლონელი ბუნებისმეტყველის ლუდვიკ მლოკოსიევიჩის მიერ. უჭირავს 19 755 ჰა,[1] აქედან ტყით დაფარულია 12 346 ჰა (72 %), დანარჩენი ალპური საძოვრებია. ზღვის დონიდან სიმაღლეების დიდი ამპლიტუდა (450-3500 მ), მკვეთრად დასერილი რელიეფი, სხვადასხვა დაქანებისა და ექსპოზიციის ფერდობები, ღრმა ხევები მდინარეებით ძლიერ განსხვავებულ და რთულ ბუნებრივ ფიზიკურ-გეოგრაფიულ პირობებს ქმნის, რაც განაპირობებს მცენარეული საფრის მრავალფეროვნებას. აქ მკვეთრადაა გამოსახული ტყის სარტყელი (ზღვის დონიდან 450-2300 მ-მდე) ქართული მუხის მუხნარებით და აღმოსავლური წიფლის წიფლნარებით და ალპური სარტყელი (ზღვის დონიდან 2300-3500 მ) მდელოებით, „ხალებით“ და დეკიანებით. ამ სარტყლებს შორის განლაგებულია სუბალპური მეჩხერი (მაღალმთის მუხისა და ბოკვის) და ტანბრეცილი (არყის) ტყეების სარტყელი (ზღვის დონიდან 1700-2300 მ). ალპური სარტყლის მაღლა სუბნივალური სარტყელია (ზღვის დონიდან 3000 მ) ძლიერ მეჩხერი ბალახნარით.

ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი
Ninoskhevi waterfall 7.jpg
მდებარეობა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
უახლოესი ქალაქი ლაგოდეხი
ფართობი 19 755 ჰა
დაარსდა 1912
მმართველი ორგანო დაცული ტერიტორიების სააგენტო

ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი მდებარეობს კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთ ფერდობზე. ნაკრძალი მოიცავს მდინარეების: მაწიმისხევის, ლაგოდეხისხევის, შრომისხევისა და ბაისუბნის აუზებს. მისი ჩრდილოეთი საზღვარი ემთხვევა საქართველოს სახელმწიფო საზღვარს რუსეთის ფედერაციასთან (დაღესტანთან). ნაკრძალს აღმოსავლეთიდან ესაზღვრება მდ. მაწიმისხევი, რომელიც წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფო საზღვარს აზერბაიჯანთან, სამხრეთიდან – განსახლების სისტემა, დასავლეთიდან კი – ბაისუბნის ქედი.[1]

საქართველოში გავრცელებულ მცენარეთა სახეობების თითქმის 2/3 ნაკრძალშია თავმოყრილი. ხსენებულ ზაფხულმწვანე ჯიშების გარდა აქ ტყეებს ქმნის კავკასიური რცხილა, კავკასიური ცაცხვი, მინდვრის ნეკერჩხალი, დათვის თხილი, იფანი, მურყანი, წაბლი და სხვა. ქვეტყეში გვხვდება ჯონჯოლი, მოცვი, შინდი, შინდანწლა, ასკილი, უცვეთლა, ლიანებიდან — გარეული ვაზი, ეკალღიჭი, კატაბარდა, პასტუხოვის სურო და სხვა. კლიმატის სუბტროპიკული ხასიათის გამო ამ კუთხეში შემორჩა კოლხეთისა და ტალიშის მცენარეულობის ელემენტები: ლაფანი, კაკლის ხე, წაბლი, დიდი ბოკვი, პასტუხოვის სურო. ნაკრძალში ყვავილოვან მცენარეთა 1500-მდე სახეობაა, იგი, მდიდარია ენდემური სახეობებით (იულიას ფურისულა, მლოკოსევიჩის იორდასალამი, ლაგოდეხის ნაღველა და სხვა). ნაკრძალში აღრიცხულია 42 სახეობის ძუძუმწოვარი ცხოველი. აქ ჯოგებად გვხვდება აღმოსავლეთკავკასიური ჯიხვი, ბევრია კავკასიური არჩვი, კავკასიური კეთილშობილი ირემი, ევროპული შველი, კავკასიური მურა დათვი, კავკასიური ფოცხვერი, გარეული ღორი, თეთრგულა და ყვითელგულა კვერნა, ამიერკავკასიური მაჩვი, კავკასიური ტყის კატა და სხვა.

ფრინველებიდან (აღრიცხულია მათი 120 სახეობა) აღსანიშნავია კავკასიური როჭო და შურთხი, დიდტანიანი მტაცებელი ფრინველები და მრავალი სახის მგალობელი ფრინველი, რეგისტრირებულია აგრეთვე ამფიბიის 4 და ქვეწარმავლების 8 სახეობა. ნაკრძალში მოწყობილია ფლორისა და ფაუნის მუზეუმი, მაღალმთის მეტეოროლოგიური სადგური. ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი დაჯილდოებულია „საპატიო ნიშნის“ ორდენით (1972).

იხილეთ აგრეთვერედაქტირება

ლიტერატურარედაქტირება

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

  1. 1.0 1.1 საქართველოს კანონი თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ ka. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე. ციტირების თარიღი: 26 დეკემბერი, 2022