ლეხზირი
ლეხზირი — ხეობის რთული ტიპის მყინვარი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სვანეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ენგურის აუზში. განვითარებულია მყინვარული ძაბრები, მაგიდები, სოკოები და წისქვილები. მრავლად გაედინება ნადნობი წყლის ნაკადულები, რომლებიც თავს იყრიან აღმოსავლეთი ტოტის შუა მონაკვეთზე მდგარ ორ მოზრდილ ტბაში. საზრდოობს მწვერვალების ბაშილის, სვეტღარის, მარიანაჟის, ლაცხის, ჯანთუგანის, ულუყარის, ბჟედუხის და დალაყორის კალთებიდან ჩამონადენი მყინვარული ნაკადებით და ზვავებით. ლეხზირიდან გამოდის მდინარე მულხრის მარჯვენა შენაკადი მესტიაჭალა.[1]
ლეხზირი
| |
---|---|
კოორდინატები: 43°09′19″ ჩ. გ. 42°46′04″ ა. გ. / 43.15528° ჩ. გ. 42.76778° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | მესტიის მუნიციპალიტეტი |
ქედი | სვანეთის კავკასიონი |
ტიპი | ხეობური |
1960 წელს მყინვარი სამი ნაკადისაგან შედგებოდა და გეგმაში მას ჯვრისმაგვარი ფორმა ჰქონდა. მყინვარის ფართობი 35,96 კმ² იყო, ხოლო სიგრძე 15,90 კმ (მარცხენა ნაკადის). მყინვარის ენა ზღვის დონიდან 1970 მეტრზე მთავრდებოდა.[2]
2011 წელს ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის გლაციოლოგიურმა ჯგუფმა ლევან ტიელიძის ხელმძღვანელობით მყინვარ ლეხზირზე ჩაატარა საველე ექსპედიცია. ვიზუალური დათვალიერებით აღმოჩნდა, რომ მყინვარის ცენტრალურ ნაკადს ძირითად ორ ნაკადთან ძალიან სუსტი კონტაქტი ჰქონდა. 2012 წლის კოსმოსურ სურათზე ეს კონტაქტი უკვე გაწყვეტილი იყო. მათი გაყოფა სწორედ 2012 წელს მოხდა. ამის შედეგად წარმოიქმნა ერთი ყველაზე დიდი კარული ხეობის ტიპის მყინვარი საქართველოში — ჩრდილოეთ ლეხზირის სახით (ცენტრალური ნაკადი) და ერთი ხეობის რთული ტიპის, ორი ნაკადისაგან შემდგარი, საქართველოს ყველაზე დიდი მყინვარი ლეხზირი.[2]
2015 წლის მონაცემებით ჩრდილოეთ (ცენტრალური) ლეხზირის მყინვარის ფართობი 6,27 კმ²-ია. ლეხზირის ორი მთავარი ნაკადისაგან შემდგარი მყინვარის ფართობი 23,26 კმ², ხოლო სიგრძე (მარცხენა ნაკადის) 14,54 კმ. მყინვარის ენა ზღვის დონიდან 2320 მეტრზე მთავრდება.[2]