საქართველოს სამხრეთი მთიანეთი
საქართველოს სამხრეთი მთიანეთი — მთიანი ოლქი საქართველოს სამხრეთ ნაწილში. მოიცავს ვულკანურ ზეგანსა და მის ჩრდილოეთ პერიფერიის გასწვრივ მდებარე მცირე კავკასიონის დასავლეთ ნაწილს — მესხეთისა და თრიალეთის ქედებს, რომლებიც აგებულია პალეოგენის ძლიერ დანაოჭებული ვულკანური დანალექი ქანებით. უმაღლესი მწვერვალების მეფისწყარო (2850 მ) და შავიკლდე (2850 მ). ქედებისათვის დამახასიათებელია ძირითადად სტრუქტურული, ეროზული და დენუდაციური ფორმები (სხვადასხვა სიმაღლის მოსწორებული ზედაპირები).
მცირე კავკასიონის სამხრეთით ვრცელდება ვულკანური ზეგანი, რომლის გაგრძელება სომხეთისა და თურქეთის ტერიტორიაზეა. ზეგნის მთავარი ოროგრაფიული ნაწილებია ჯავახეთისა (მწვერვალი ემლიქლი 3053 მ) და სამსრის ქედები (მწვერვალი დიდი აბული 3304 მ), ახალქალაქის, წალკის, გომარეთის, დმანისისა და სხვა პლატოები (დაახლოებით 1200—2000 მ). ისინი დანაწევრებულია მტკვრისა და ქცია-ხრამის სისტემის მდინარეთა ვიწრო ხეობებით, ზეგანი აგებულია ნეოგენურ-მეოთხეული ვულკანით (ეფუზიური) ლავებითა (ბაზალტები, ანდეზიტები, დაციტები, დიაბაზები და სხვა) და ტბიურ-მდინარეული ნალექებით. ახასიათებს დანაოჭება და წყვეტები. ყველაზე ძველია (ზედამიოცენური) ე. წ. გოდერძის წყება, რომელშიც ჩართულია განამარხებული მცენარეები. ჰავა ზღვის ნოტიო სუბტროპიკული (მესხეთის ქედი) და ზომიერად ნოტიო სუბტროპიკულია (თრიალეთის ქედი). ვულკანურ ზეგანზე ზომიერად ნოტიო სუბტროპიკულიდან წინა აზიის მთიანეთის მშრალ სუბტროპიკულზე გარდამავალი ჰავაა. მესხეთის ქედის მდინარეთა ნაწილი (სუფსა, ნატანები, ჩაქვისწყალი) ერთვის უშუალოს შავ ზღვას, ნაწილი (ხანისწყალი) მდინარე რიონსა და ჭოროხს (აჭარისწყალი). თრიალეთის ქედისა ვულკანური ზეგნის მდინარეები (ფარავანი, ძამა, ტანა, თეძამი, ალგეთი, ქცია-ხრამი და სხვა) მტკვრის შენაკადებია.
მესხეთისა და თრიალეთის ქედებზე წითელმიწა, ტყის ყომრალი, მთის მდელოს ნიადაგებია; ზეგანზე — მთის შავმიწა, კორდიანი მთის მდელოს ნიადაგები, მესხეთისა და თრიქლეთის ქედებზე გავრცელებულია კოლხური ტყე, შერეული ფოთლოვანი ტყე, ნაძვნარ-სოჭნარი, ფიჭვნარი, სუბალპური და ალპური მდელოები. ზეგანზე მთის სტეპები, სუბალპური და ალპური მდელოებია.
ლიტერატურა
რედაქტირება- დევდარიანი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 184.