ვანის მუნიციპალიტეტი

მუნიციპალიტეტი საქართველოში, იმერეთის მხარეში.
(გადამისამართდა გვერდიდან ვანის რაიონი)

ვანის მუნიციპალიტეტი — თვითმმართველი ერთეული იმერეთის მხარეში. მუნიციპალიტეტის ტერიტორია 1917-მდე შედიოდა ქუთაისის გუბერნიის ქუთაისის მაზრაში, 1917-1928 — ქუთაისის მაზრაში, 1929-დან ქუთაისის ოლქში, 1930 წელს გამოიყო ცალკე რაიონად.

ადმინისტრაციული ერთეული
ვანის მუნიციპალიტეტი
დროშა გერბი

ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე იმერეთის მხარე
ადმ. ცენტრი ვანი
კოორდინატები 42°07′00″ ჩ. გ. 42°29′00″ ა. გ. / 42.11667° ჩ. გ. 42.48333° ა. გ. / 42.11667; 42.48333
გამგებელი ზაზა ხურციძე     
ფართობი 557 კვადრატული კილომეტრი
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 24 512 კაცი (2014)
სიმჭიდროვე 44,0 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,8 %
რუსები 0,1 %[1]
სარწმუნოებრივი შემადგენლობა მართლმადიდებლები 98,43 %[2]
სასაათო სარტყელი UTC+04:00
ოფიციალური საიტი https://vani.gov.ge/
ვანის მუნიციპალიტეტი — საქართველო
ვანის მუნიციპალიტეტი
ვანის მუნიციპალიტეტი — იმერეთის მხარე
ვანის მუნიციპალიტეტი
ვანი

გეოგრაფია

რედაქტირება

ვანის მუნიციპალიტეტი მდებარეობს იმერეთის უკიდურეს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. ტერიტორია — 557 კვ. კმ. მუნიციპალიტეტს ესაზრვრება ბაღდათის, სამტრედიის, წყალტუბოს, ადიგენისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები. რელიეფის მთავარი ერთეულებია მესხეთის ქედის ჩრდილოეთ კალთა, იმერეთის დაბლობი და მათ შორის გარდამავალი სამხრეთ იმერეთის გორაკ-ბორცვიანი მთისწინეთი.

ვანის მუნიციპალიტეტის სამხრეთ მთიან ნაწილს ქმნის მესხეთის ქედის ჩრდილოეთი განშტოებები, რომლებიც მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოდიან მდინარე ხანისწყლის და მდინარეების სუფსისა და ხევისწყლის წყალგამყოფთა ფარგლებში. მესხეთის ქედის ყველაზე მაღალ ადგილებში სუბალპურ და ალპური მდელოების ქვეშ მთის მდელოს კორდიან-ტორფიანი ნიადაგია. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს ქედის უმაღლესი მწვერვალი მეფისწყარო (2851 მ.) და მნიშვნელოვანი ჩრდილოეთ განშტოება ლობოროტის ქედი, რომელზეც ორი მნიშვნელოვანი მწვერვალია: დიდი ლობოროტი და პატარა ლობოროტი.

შუა ნაწილს მოიცავს გორაკ-ბორცვიანი მთისწინეთი, რომელიც ჩრდილოეთით იმერეთის დაბლობში გადადის. ვანის მუნიციპალიტეტის ჩრდილოეთი ნაწილი უჭირავს იმერეთის დაბლობს, რომელიც აგებულია მეოთხეული და თანამედროვე ალუვიური ნალექებით. დაბლობზე ალუვიურ-ღორღიან და თიხა-ღორღიან ნალექებზე ჩამოყალიბებულია სუბტროპიკული ეწერი და ალუვიური ნიადაგები, გორაკ-ბორცვიან მთისწინეთში — წითელმიწა, ყვითელმიწა და ნეშომპალა-კარბონატული ნიადაგები. მთის ფართოფოთლოვან ტყის ზონაში განვითარებულია ტყის ყომრალი ნიადაგები.

მუნიციპალიტეტში ჰავა ზღვის ნოტიო სუბტროპიკულია. იცის თბილი ზამთარი და ცხელი ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურა 13,9 °C, იანვარი 4,1 °C, ივლისი 23,4 °C. ნალექები 1380 მმ წელიწადში. უხვი ნალექი მოდის შემოდგომასა და ზამთარში. თოვლის საფარი დაბლობზე საშ. 10-12 სმ სისქისაა და მისი ხანგრძლივობა წელიწადში 2 კვირას არ აღემატება. მაღალ მთებში თოვლის სისქე 2 მ-ზე მეტია და წელიწადში 3-4 თვე დევს.

შიდა წყლები

რედაქტირება

ჩრდილოეთით მუნიციპალიტეტის საზღვარს გასდევს მდინარე რიონი, რომლის მარცხენა შენაკადები — სულორი (მთავარი შენაკადები: ძულუხურა და ჭიშურა), ყუმური, კორისწყალი, კვინისწყალი და ფერეთა სამდინარო ქსელს ქმნიან მუნიციპალიტეტის თითქმის მთელ ტერიტორიაზე. მუნიციპალიტეტის სამხრეთ ნაწილში მიედინება მდინარე ხანისწყლის მარცხენა შენაკადი — წაბლარასწყალი. მდინარეებს სათავეები მესხეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე აქვთ, ზღვის დონიდან 1500 მ. საზრდოობენ წვიმის, თოვლისა და მიწის ქვეშა წყლით.

ფლორა და ფაუნა

რედაქტირება

ვანის მუნიციპალიტეტში 1048 სახის მცენარეა. დაბლობი ძირითადად გამოყენებულია სასოფლო სამეურნეო კულტურებისათვის. გორაკ-ბორცვიან მთისწინეთში გვხვდება კოლხური ტყის უმნიშვნელო კორომები, რომლის შემქმნელი მთავარი ჯიშებია წიფელი, წაბლი, ქართული მუხა, რცხილა და სხვ. იგი მდიდარია მარადმწვანე ბუჩქებითა (წყავი, შქერი, თაგვისარა, ბაძგი) და ლიანებით. უფრო ზემოთ გავრცელებულია წიწვიანები — ნაძვი და სოჭი, ფართოფოთლოვანებიდან — წიფელი. ტყის ზედა საზღვართან განვითარებულია სუბალპურ პარკული ტყე, რომელსაც ქმნის არყი, ნეკერჩხალი, ცირცელი და სხვა. სუბალპურ ზონაში (1900 მ-იდან 2300 მ-მდე) გამოიყოფა მცენარეთა სამი ძირითადი დაჯგუფება: სუბალპური მდელოები (ბარისპირა, ნემსიწვერა, მედგარი, შვრიელა, წივანა და სხვ.), ლიხი (დიყი, დუცი, მზიურა, ხარისშუბლა, დეზურა, შროშანი და სხვ.) და სუბალპური ბუჩქნარები (დეკა, იელი, ღვია, მაჯაღვერი). ზღვის დონიდან 2300 მეტრის ზემოთ ალპური მდელოებია. სუბალპური და ალპური მდელოები გამოყენებულია სათიბ-საძოვრად.

მაღალ მთიან მდელოებზე გვხვდება არჩვი, კურდღელი, პრომეთეს მემინდვრია, შურთხი, ორბი, მთის ტოროლა და სხვა; ტყის ზონაში — დათვი, მგელი, ტყის კატა, კვერნა, გარეული ღორი, ირემი, შველი, ზღარბი და სხვა. მდინარეებში გავრცელებულია ღორჯო, ლოქო, შამაია.

წიაღისეული

რედაქტირება

მთავარი წიაღისეული სიმდიდრეა სამშენებლო მასალები — ანდეზიტი, ბაზალტი, ალებასტრი (ინაშაური), კერამიკული თიხა, კირქვა (ისრითი), მინერალური წყლები (ინაშაური, სულორი, ჭოკინა), თერმული წყლები (ამაღლება, საპრასია).

მოსახლეობა

რედაქტირება

აღწერის მონაცემები

რედაქტირება
აღწერის წელი მოსახლეობა
1989 35 369
2002 34 141  
2014 24 512  
2021[3] 21 200  

ვანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის უმრავლესობა მართლმადიდებელი ქრისტიანია. მუნიციპალიტეტში 38 ტაძარი მოქმედებს.

ადგილობრივი თვითმმართველობა

რედაქტირება

ადმინისტრაციული ერთეულები

რედაქტირება

მუნიციპალიტეტში 41 დასახლებული პუნქტია: 1 ქალაქი, 40 სოფელი. მუნიციპალიტეტი იყოფა შემდეგ ტერიტორიულ ერთეულებად:

საკრებულო

რედაქტირება
პარტია 2017[4] 2021[5] ამჟამინდელი საკრებულო
  ქართული ოცნება 30 23                                            
  ნაციონალური მოძრაობა 2 6            
  ევროპული საქართველო 3 1  
სულ 35 30  

ეკონომიკა

რედაქტირება

სოფლის მეურნეობა

რედაქტირება

ეკონომიკის წამყვანი დარგია სოფლის მეურნეობა, ვანის მუნიციპალიტეტის მთელი ფართობიდან სავარგულებს უკავია 16,2 ჰა. აქედან: სახნავი 4,8 ათ. ჰა, მრავალწლიანი ნარგავი 5,4 ათ. ჰა. ნასვენი 0,4 ჰა სათიბი 0,1 ათ. ჰა, საძოვარი 5,5 ათ. ჰა. სოფ. მეურნეობაში წამყვანია მევენახეობა (2,6 ათ. ჰა). ვაზის მთავარი ჯიშებია: ცოლიკოური, ციცქა და ალადასტური. განვითარებულია აგრეთვე მებოსტნეობა, განსაკუთრებით კი ხახვის მოყვანა (680 ჰა). ჩაის ბუჩქი გაშენებულია 170 ჰა-ზე. მსხვილი რქოსანი საქონელი 18,6 ათ. სულია, მ. შ. 6,5 ათ. ფური. სოფ. მეურნეობაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს მეფუტკრეობა (1020 ძირი სკა), მეფრინველეობა. მუნიციპალიტეტში არის ციტრუსებისა და სუბტროპიკული კულტურების ჯიშთა გამოცდის სახელმწიფო პუნქტი (70 ჰა) და თესლის ლაბორატორია.

მრეწველობა

რედაქტირება

მუნიციპალიტეტში არის კვების მრეწველობისა და გადამამუშავებელი მრეწველობის (ღვინის და საკონსერვო ქარხნები) საწარმოები. მთავარი სამრეწველო საწარმოებია ვანის, ზეინდრისა და ამაღლების ღვინის ქარხნები. ამაღლებაში არის აგრეთვე საკონიაკო საამქრო, საიდანაც იგზავნება მზა მასალა ვარციხის კონიაკის ქარხანაში.

ტრანსპორტი

რედაქტირება

მუნიციპალიტეტის მთავარი სატრანსპორტო კვანძია ქალაქი ვანი. ის საავტომობილო გზებით უკავშირდება ქალაქებს: ქუთაისს, ბაღდათს, სამტრედიას და ლანჩხუთს. ქალაქი უკავშირდება კავკასიის ძირითად სარკინიგზო მაგისტრალებს ქუთაისიდან და სამტრედიიდან. თბილისამდე მანძილი უდრის 220 კმ-ს. ქალაქი შედარებით ახლოს იმყოფება შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს ისეთ მნიშვნელოვან საპორტო ქალაქებთან, როგორიცაა ფოთი და ბათუმი. უახლოესი აეროპორტი კოპიტნარი 40 კმ-ზეა.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადის ადგილობრივი მნიშვნელობის გზები. მათი საერთო სიგრძეა 175 კმ.

 
ვანის ანტიკური ხანის ნაქალაქარის არქეოლოგიური ნაშთები

ვანის მუნიციპალიტეტის ეკონომიკაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ტურიზმს. ყველაზე ცნობილი ტურისტული ობიექტია ვანის ანტიკური ნაქალაქარი. მუნიციპალიტეტის სოფლებში ასევე მრავლადაა ისტორიული ძეგლები.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ასევე ორი ბალნეოლოგოური კურორტია: სულორი და ამაღლება.

სოციალური სფერო

რედაქტირება

განათლება

რედაქტირება

მუნიციპალიტეტში 32 საჯარო, 2 კერძო და ერთი სასულიერო სკოლაა, მოსწავლეების საერთო რაოდენობაა 3559. მუნიციპალიტეტში არის პროფტექნიკური სასწავლებილი, გურამ ბზვანელის სახ. მუსიკალური სკოლა, სპორტსკოლა და საფეხბურთო სკოლა, 19 საბავშვო ბაღი, 2 კულტურის სახლი, კინოთეატრი. მუნიციპალიტეტში არის 34 ბიბლიოთეკა და 4 თეატრი.

ჯანდაცვა

რედაქტირება

მოსახლეობას ჯანმრთელობის დაცვას ემსახურება საავადმყოფო, პოლიკლინიკა, სასწრაფო სამედიცინო დახმარება, 17 ამბულატორია და 46 ექიმი.

მუნიციპალიტეტში მოქმედებს უხუცეს მომღერალთა ფოლკლორული გუნდები ,,სულორი”, ,,ტობანიერი”, ,,შუამთა”, ,,დუცხუნი”, აგრეთვე ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლები ,,იმედი”, ,,აისი“, ხალხურ საკრავთა ანსამბლი ,,მერცხალი”, ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი ,,საჩინო”.

ღირსშესანიშნაობანი

რედაქტირება
 
ტაბიძეების მუზეუმი ჭყვიშში

ისტორიული ძეგლები

რედაქტირება

ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს ისტორიული ძეგლები:

აგრეთვე აღსანიშნავია, რომ ლეგენდის თანახმად, ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დგას ჯვარი, რომელიც ანდრია პირველწოდებულმა აღმართა.

მუზეუმები

რედაქტირება

ქალაქ ვანში, ანტიკური ნაქალაქარის ტერიტორიაზე მოქმედებს ვანის არქეოლოგიური მუზეუმი, სადაც დაცულია ძვ. წ. VIII-I საუკუნის ნივთები, შემორჩენილია ნაქალაქარის არქეოლოგიური ნაშთები. სოფელ ჭყვიშში გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების ისტორიული სახლების ახლოს მოქმედებს მათივე სახელობის მუზეუმი.

გარდა ამისა, ქალაქ ვანში მოქმედებს სახვითი ხელოვნების მუზეუმი, ხოლო სოფელ ტობანიერში — კორნელი კეკელიძის სახლ-მუზეუმი.

ცნობილი ადამიანები

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება