ვანის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი
ვანის ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი — ისტორიულ-არქეოლოგიური მუზეუმი ქალაქ ვანში (ვანის მუნიციპალიტეტი), საქართველოს ეროვნული მუზეუმის შემადგენელი ნაწილი. მდებარეობს ქალაქის დასავლეთ ნაწილში [ოთარ ლორთქიფანიძის ქ. №32 (ყოფ. ვახტანგ გორგასლის ქ. №7)]. მუზეუმ-ნაკრძალის შემადგენელი კომპონენტებია: ვანის ნაქალაქარი, არქეოლოგიური ექსპედიციის ბაზა და მუზეუმი. მუზეუმ-ნაკრძალის საერთო ფართობია 3 000 მ².
ვანის არქეოლოგიური მუზეუმი | |
---|---|
42°05′08″ ჩ. გ. 42°30′17″ ა. გ. / 42.0855889° ჩ. გ. 42.5047750° ა. გ. | |
დაარსდა | 29 სექტემბერი, 1985 |
ქვეყანა | საქართველო |
დამაარსებლები | ოთარ ლორთქიფანიძე |
მდებარეობა | ვანი |
სტატუსი | ისტორიული |
ექსპონატი | 30 000 (2013 წ.) |
დირექტორი | ომარ გაბუნია |
ისტორია
რედაქტირებადაარსდა 1985 წელს საქართველოს სსრ კულტურის სამინისტროს ძეგლთა დაცვის მთავარ სამმართველოსთან. პირველი ექსპოზიცია გაიხსნა ამავე წლის 29 სექტემბერს, შავიზღვისპირეთის ძველი ისტორიისა და არქეოლოგიისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სიმპოზიუმის დროს. მისი შექმნის ინიციატორი იყო ვანის არქეოლოგიურ ექსპედიციის ხელმძღვანელი ოთარ ლორთქიფანიძე, რომლის სახელი მუზეუმს 2002 წელს მიენიჭა.
მუზეუმის დაარსებას საფუძვლად დაედო ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის და ვანის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის კოლექციები, აგრეთვე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის ვანის არქეოლოგიური ექსპედიციის ბაზაზე დაცული მასალები. მუზეუმი განთავსდა 1982 წელს შექმნილი ვანის სახელმწიფო ისტორიულ-არქეოლოგიური ნაკრძალის ტერიტორიაზე. 1987 წელს ეწოდა ვანის სახელწიფო არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი, 2002 წელს — ვანის ო. ლორთქიფანიძის სახელობის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი. 2005 წლიდან შედის საქართველოს ეროვნული მუზეუმის შემადგენლობაში.
ნაქალაქარი
რედაქტირებავანის ნაქალაქარი მრავალფენიანი არქეოლოგიური ძეგლი, რომელიც თანამედროვე ვანის დასავლეთ ნაწილში, „ახვლედიანების გორაზე“ მდებარეობს. გამოვლენილია ძვ. წ. VIII ს. – I ს. შუა წლების, აგრეთვე ახ. წ. II–III სს. და შუა საუკუნეების ძეგლები. ვანის ნაქალაქარს (ძვ.წ. VIII-I საუკუნეები) განსაზღვრული აქვს ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი (2018). შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში (2007). ნაქალაქარი მუზეუმის ტერიტორიას დაკიდებული ხიდით უკავშირდება.
მუზეუმი
რედაქტირებამუზეუმში დაცულია ვანის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ 1947–2009 წლებში ვანის ნაქალაქარზე და მის შემოგარენში (საყანჩია, ციხესულორი, სულორი, მთისძირი, დაბლაგომი, დაფნარი და სხვ.) აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალა, რომლის ძირითადი ნაწილი ძვ. წ. VIII–I საუკუნეებით თარიღდება.
მათგან აღსანიშნავია: ძვ. წ. II საუკუნის ბრინჯაოს ტორსი, ოქროს სამკაულების კოლექცია, ბრინჯაოს ქანდაკებების კოლექცია, ვერცხლის მონეტების განძი სულორიდან და სხვ. საერთაშორისო აღიარება ვანის მუზეუმ-ნაკრძალს მოუტანა ძვ. წ. VIII–I საუკუნეების უმდიდრესმა სამარხებმა, სადაც აღმოჩენილი ოქროსა და ვერცხლის ნივთების უნიკალური კოლექციები. ვანის კოლექციის ნაწილი არაერთხელ იყო გამოფენილი მსოფლიოს წამყვან მუზეუმებში. მუზეუმის ფონდი ივსება ახალი არქეოლოგიური აღმოჩენებით. 2013 წლის 1 იანვრისათვის მუზეუმში დაცული იყო 30 ათასამდე ექსპონატი. 2010-2020 წლებში განხორციელდა მუზეუმის შენობის და ინფრასტრუქტურის სრული განახლება.
გალერეა
რედაქტირება-
ვანის ნაქალაქარის კედლები
-
ანტიკური ხანის ოქროს ნივთები
-
ანტიკური ტაძრის ნანგრევები
-
მუზეუმის ინტერიერი განახლებამდე
-
თორმეტსაფეხურიანი საკურთხეველი
ლიტერატურა
რედაქტირება- კაჭარავა დ., ვანის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი // ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. ?.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ვანის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი — საქართველოს მუზეუმების ასოციაცია.
- ვანის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი — საქართველოს ეროვნული მუზეუმი.