ქართული მუხა
ქართული მუხა (ლათ. Quercus iberica) — ფოთოლმცვენი ხე წიფლისებრთა ოჯახისა, რომლის სამშობლოა კავკასია (გავრცელებულია აგრეთვე შავი ზღვის სანაპიროზე ჩრდილო-აღმოსავლეთი თურქეთის ტერიტორიაზე, მცირე აზიასა და ირანშიც).[1] ქართული მუხა წარმოადგენს საკმაოდ მოზრდილ ხეს, რომელიც 20-25 მეტრის სიმაღლემდე იზრდება, იშვიათ შემთხვევებში კი 40 მეტრსაც აღწევს. Q. iberica სინათლისა და სითბოს მოყვარული ხეა, ფართოდაა გავრცელებული აღმოსავლეთი საქართველოს უფრო მშრალ რეგიონებში (ტოპონიმი „იბერია“ აღმოსავლეთი საქართველოს ეკვივალენტურია). მიუხედავად ამისა, იგი შეიძლება დასავლეთი საქართველოს ნოტიო ჭალებშიც შეგვხვდეს, სადაც ხშირად შედარებით მშრალ, ციცაბო ფერდობებზე წმინდა რაყას ქმნის. ბუნებრივ პირობებში მრავლდება თესლით. ნაყოფმსხმოიარობს 15-20 წლისა. ბუნებრივი განახლება ცუდი და ნელია.
ქართული მუხა | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Quercus iberica | |||||||||||||||
|
სისტემატიკა
რედაქტირებატყავისებური ფოთლები აქვს. ფოთლის ქვედა მხარე უფრო ღია მწვანეა. Q. iberica ცნობილია მისი ძალიან მოკლე სანაყოფე ყუნწებით. 1-2 ან რამდენიმე რკო ერთადაა შეკრებილი, სულაც უყუნწოა ან ძალიან მოკლე ყუნწი აქვთ.[1] ერთწლიანი ტოტების ეპიდერმისი შიშველია ან მხოლოდ მცირედ შებუსვილი. ფოთლები უკუკვერცხისებრია, ქვემოდან უფრო მკრთალი და შიშველი ან ძარღვების გაყოლებაზე ბეწვით მოფენილი (ნორჩობისას შებუსვილი), თითოეულ გვერდზე 6-12-ნაკვთიანი, ძირში მცირეოდენ ამოკვეთილი ან სოლისებრი. ნაყოფი (რკო), როგორც უკვე აღვნიშნეთ, მჯდომარეა ან მოკლეყუნწიანი, ნახევრამდე ან ერთი მესამედით ბუდეში ჩამჯდარი. ბუდის ქერქლები მჭიდროდაა მიწოლილი და ბუსუსებით მოფენილი. ბინომიალური ლათინური დასახელების ავტორიტეტად სხვადასხვა წყაროში მითითებულია ფრიდრიჰ აუგუსტ მარშალ ფონ ბიბერშტაინი ან ქრისტიან ფონ სტევენი. ზოგჯერ ამ სახეობას Quercus petraea-ს — კლდის მუხის ქვესახეობად თვლიან.[2]
გავრცელება
რედაქტირებაიზრდება ქვაღორღიან, მდიდარ ტყის წაბლა და ყომრალ, კარბონატულ და მთა-მდელოს ნიადაგებზე. არ უყვარს ზედმეტად ტენიანი ან დაჭაობებული ნიადაგები. მძლავრი ფესვთა სისტემა აქვს, ამიტომ ქარგამძლეა. Q. iberica ქმნის ფოთოლმცვენ ტყეებს წაბლთან, რცხილასთან და ნეკერჩხალთან ერთად. შემთხვევათა უმეტესობაში ქართული მუხა იზრდება ზღვის დონიდან 400-1000 მეტრ სიმაღლეზე, მაგრამ ზოგ შემთხვევაში იგი შეიძლება შეგვხვდეს 1500-2000 მეტრ სიმაღლეზეც.
გამოყენება
რედაქტირებამაგარი მერქანი აქვს. იყენებენ სამშენებლო მასალად, საავეჯო მრეწველობაში, ამზადებენ საკასრე ტკეჩს. ქერქი შეიცავს მთრთიმლავ ნივთიერებებს, შესაბამისად გამოყენებულია მედიცინაში, ტყავის წარმოებაში, ალკოჰოლური სასმელების წარმოებაში. რკოსგან ამზადებენ ყავის სუროგატს. დეკორატიულ ხედაც შეიძლება იქნას გამოყენებული, მშრალი ადგილების გასამწვანებლად, ტყე-პარკების შესაქმნელად.
მუხა ქართულ კულტურაში
რედაქტირებაწარმართული პერიოდის საქართველოში მუხა, ვაზთან ერთად, გამორჩეულ საკულტო მცენარეს წარმოადგენდა. სწორედ მუხა, თავისი დატოტვილი და ძლიერი ვარჯით, განასახიერებდა ყველაზე უკეთ „სიცოცხლის ხეს“. გასაკვირი არაა, რომ ქართველთა მსგავსი რწმენა-წარმოდგენები ზოგ სხვა მეზობელ თუ არა-მეზობელ ხალხსაც გააჩნდათ. ჩრდილო-კავკასიელი წარმართი ტომები მუხის ქვეშ მარხავდნენ ფრინველის ფორმის სალოცავ კერპს, ბითხას და დღესასწაულებზე ან საჭირბოროტო საკითხებზე ამ მუხასთან იკრიბებოდნენ ხოლმე. სხვა ხეებს შორის გამოირჩევა განსაკუთრებული სიმბოლური დიაპაზონით. მისი მერქნის სიმტკიცის გამო თავიდანვე ითვლებოდა შეუდრეკელობის და უკვდავების სიმბოლოდ. ჩვენს დრომდე მოაღწია რწმენამ, რომ მუხა ელვას იზიდავს. არ არის გასაკვირი, რომ მითოლოგიურ პანთეონში მუხა მეხთამტყორცნელი ზევსის (იუპიტერის) საკულტო ხე იყო. სწორედ საკრალურ მუხათა ფოთლების შრიალში უნდა ამოეცნო დოდონას სალოცავის ქურუმს ზევსის ღვთაებრივი ნება. მუხის ტოტებისაგან დაწნული გვირგვინი იყო რომაელ მმართველთა ერთ-ერთი განმასხვავებელი ნიშანი (მუხის ფოთოლი დღემდე გამოიყენება სამხედრო ემბლემატიკაში). არც ისაა შემთხვევითი, რომ სწორედ სტილიზირებული რკოა გამოსახული დავით აღმაშენებლის სამოსზე (გელათის მონასტრის მოხატულობა, XVI ს.)[3] სიმღერა „მუმლი მუხასა“ ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია მუხის ჩვენი ერის სიმბოლოდ გამოყენებისა.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- გაგნიძე რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 483.
- მაყაშვილი ალ., „თბილისის მიდამოების ფლორა“, პირველი ტომი, თბილისი, სტალინის სახ. თსუ გამომცემლობა, 1953 წ.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Georgian State (Soviet) Encyclopedia. 1986. Book 10. p. 483.
- ↑ Quercus iberica Steven ex M. Bieb.. GRIN Taxonomy for Plants. United States Department of Agriculture Agricultural Research Service. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 29, 2011. ციტირების თარიღი: February 14, 2011.
- ↑ http://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/library.exe?e=d-01000-00---off-0period--00-1----0-10-0---0---0direct-10---4-------0-1l--11-ka-50---20-about---00-3-1-00-0-0-11-1-0utfZz-8-00&a=d&cl=CL2.26&d=HASH0169a3138343a47e02ad2533.1.fc[მკვდარი ბმული]. ქეთევან ელაშვილი, „ხეთამეტყველება“.