ცოლიკოური, ობჩური, ობჩური ცოლიკოური, მელქოს ცოლიკოური, ქვემოური ცოლიკოური, ცოლიკოური კოხიძისქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში იმერეთიდან.

ცოლიკოურის მტევანი, აგვისტო

ძველად ცოლიკოური „ობჩურის“ სახელწოდებითაც გახლდათ ცნობილი, რადგან ძირითადად ბაღდათის რაიონის სოფელ ობჩაში იყო გავრცელებული. გადმოცემის თანახმად, ცოლიკოური პირველად ობჩელ მევენახე მელქოს გაუვრცელებია და ამიტომ „მელქოს ცოლიკოურის“ სახელწოდებაც მიუღი.:

ცოლიკოურს დაკავებული ფართობის მიხედვით რქაწითლის შემდეგ პირველი ადგილი უჭირავს საქართველოში. საბჭოთა კავშირის დროს იგი მოაშენეს უკრაინაში, მოლდოვაში, აზერბაიჯანშ-სომხეთში, შუა აზიის რესპუბლიკებში და მის ნარგავებს გავრცელებული ფართობის მიხედვიო რქაწითლის შემდეგ იქაც პირველი ადგილი ეჭირა (9461,5 ჰექტ.).

ბოტანიკური აღწერა

რედაქტირება

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ან საშუალოზე დიდი ზომისაა, მომრგვალო, სამნაკვთიანი, გვხვდება ხუთნაკვთიანი ან სრულიად დაუნაკვთავი ფოთლებიც. ფოთლის ქვედა მხარე ქეჩისებრადაა დაფარული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, კონუსური ან განივკონუსური, ხშირად მხრიანი, განტოტვილი ან უფორმო, საშუალო სიკუმსის ან თხელი. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ან ოდნავ ოვალური, მომწვანო-მოყვითალო ფერის, მზის მხრიდან ყავისფერი ლაქებით. რბილობი წვნიანი და ხორციანია, სასიამოვნო ტკბილი გემოთი.

ცოლიკოური საშუალო ზრდისა და უხვმოსავლიანია. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 184-193 დღეა. დასავლეთ საქართველოში ყურძენი ოქტომბრის მეორე ნახევრიდან მწიფდება. მტევნის საშუალო წონა 150-160 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა 7.0-11.0 ტონას აჭარბებს. ცოლიკოური ადვილად ეგუება გარემო ეკოლოგიურ პირობებს. კარგად იტანს მშრალ ტენიან, მთიან და ვაკე ადგილებს, რითიც აიხსნება ამ ჯიშის მასობრივი გავრცელება. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 20-25%-ს, მჟავიანობა — 7.5-9.5 გ/ლ-ს.

მისი ყურძნისგან მზადდება ადგილობრივი და ევროპული ტიპის მაღალხარისხიანი თეთრი მშრალი სუფრის და ბუნებრივად ნახევრად ტკბილი ცქრიალა ღვინოები, საუკეთესო ღირსების საბრენდე სპირტი, ჭაჭა, ბადაგი და ფელამუში.

აღსანიშნავია ადგილწარმოშობის ბუნებრივად ნახევრად ტკბილი ღვინო „ტვიში“ ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ტვიშის ზონიდან. ღვინოს ახასიათებს ნაზი გემო, ხილის არომატი, სიტკბო და ბუნებრივი ცქრიალი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 450
  • გოცირიძე ვ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 240.
  • Pierre Galet, „Dictionnaire encyclopédique des cépages“, 1, Hachette Livre, 2000, 2-0123633-18

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება