კვინისწყალი

მდინარე საქართველოში, იმერეთის მხარეში

კვინისწყალი, კვინწყალიმდინარე ვანის მუნიციპალიტეტში. მდინარის ხეობაში და მის მიმდებარედ გაშენებულია სოფლები: უხუთი, ინაშაური და ამაღლება.

კვინისწყალი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეულები იმერეთის მხარე
სათავე მესხეთის ქედი
41°58′22″ ჩ. გ. 42°42′59″ ა. გ. / 41.972833° ჩ. გ. 42.716444° ა. გ. / 41.972833; 42.716444
სათავის მდებარეობა კვინისთავი
სათავის სიმაღლე 1925 მ
შესართავი რიონი
42°06′02″ ჩ. გ. 42°37′31″ ა. გ. / 42.10056° ჩ. გ. 42.625472° ა. გ. / 42.10056; 42.625472
შესართავის მდებარეობა ამაღლება
შესართავის სიმაღლე 60 მ
სიგრძე 20,5 კმ
აუზის ფართობი 46,0 კმ²
წყლის ხარჯი (საშ.) 3,95 მ³/წმ
კვინისწყალი — საქართველო
კვინისწყალი
კვინისწყალი
კვინისწყალი — იმერეთის მხარე
კვინისწყალი
კვინისწყალი
— სათავე, — შესართავი

მდინარე სათავეს იღებს მესხეთის ქედის ჩრდილოეთ განშტოებაზე არსებული მთა კვინისთავის (1982,2 მ) ჩრდილო-აღმოსავლეთით 1 კმ-ში 1925 მეტრის სიმაღლეზე. სოფელ ამაღლების ჩრდილოეთით 2 კმ-ში მარცხნიდან უერთდება ეგრეთ წოდებულ რიონის შტოს, რომელიც სოფელ დიდველიდან მოყოლებული გამოყოფილია რიონის ძირითადი ნაწილიდან და პარალელურად მიედინება, გზად კვინისწყლისა და სხვადასხვა მცირე შენაკადების გარდა შეირთავს ბანურას, ფერეთას, კორისწყალს და ამაღლების სიახლოვეს რიონის სხვა რამდენიმე ნაკადში იხლართება.

ფიზიკურ-გეოგრაფიული დახასიათება

რედაქტირება

ცხენისზურგის მთით კვინისწყლის აუზი გამოიყოფა სულორის აუზისგან. ჩრდილოეთ კალთებზე. მდინარის აუზი იყოფა მთიან, მთისწინა და დაბლობ ზონებად. აუზის მთიანი და მთისწინა ზონების გეოლოგიურ აგებულებაში მონაწილეობას იღებენ ქვიშაქვები, მერგელები, ბაზალტები და ანდეზიტები. დაბლობი ზონა კი აგებულია ძველი ალუვიური განფენებით. აუზის ნიადაგური საფარი წარმოდგენილია ტყის ყავისფერი და ყვითელმიწა ნიადაგებით. აუზის მთიანი ზონის დაახლოებით 85 % დაფარულია ხშირი ფოთლოვანი ტყით, დაბლობი ზონის დიდი ნაწილი კი ათვისებულია სასოფლო-სამეურნეო კულტურებით.

მდინარის ხეობა სათავიდან სოფელ ზედა გორამდე V-ეს ფორმისაა, ქვემოთ ტრაპეციული ფორმის, ხოლო რიონის მარცხენა ტერასაზე არამკაფიოდ არის გამოხატული. მდინარე სოფელ ქვედა გორამდე ტიპური მთის მდინარის ხასიათს ატარებს. მის კალაპოტში გვხვდება ნაკადის მიერ მოტანილი დიდი ზომის დამუშავებული ქვები, რომელთა მაქსიმალური დიამეტრი 1 მ-მდეა. ნაკადის სიგანე იცვლება 3-4 მ-დან 7-8 მ-მდე, სიღრმე 0,3-დან 0,8 მ-მდე, ხოლო სიჩქარე 1,2 მ/წმ-დან 0,9 მ/წმ-მდე.

ჰიდროლოგიური მახასიათებლები

რედაქტირება

მდინარის სიგრძეა 20,5 კმ, საერთო ვარდნა 1886 მ, საშუალო ქანობი 92,0 %, წყალშემკრები აუზის ფართობი კი 46 კვ. კმ-ია. მდინარე საზრდოობს თოვლის, წვიმის და გრუნტის წყლებით. მისი წყლიანობის რეჟიმი ხასიათდება გაზაფხულის წყალდიდობით და წყალმოვარდნებით მთელი წლის განმავლობაში. წყალმცირობა ძირითადად ზაფხულის თვეებში აღინიშნება. მდინარე გამოიყენება სოფლის წისქვილების სამუშაოდ და სარწყავად.

სარეწაო მნიშვნელობა

რედაქტირება

სახეობათა მრავალფეროვნების მიხედვით კვინისწყალი სენსიტიურია. არა აქვს სარეწაო მნიშვნელობა. განვითარებულია სამოყვარულო თევზჭერა. სტატუსი შეიძლება შეფასდეს, როგორც სატოფე-სანასუქო. მდინარეში ბინადრობს 10 აბორიგენული თევზის სახეობა.

სახეობა ლათინური სახელი ტოფობის პერიოდი
1 კოლხური ხრამული Capoeta sieboldi მაისიდან აგვისტომდე
2 კოლხური ტობი Chondrostoma colchicum აპრილიდან სექტემბრამდე
3 კოლხური წვერა Barbus tauricus escherichii ივნისიდან სექტემბრამდე
4 კოლხური ტაფელა Rhodeus colchicus მარტიდან აგვისტომდე
5 გოჭა (ველური კობრი) Cyprinus carpio მაისიდან აგვისტომდე
6 ღლავი (ლოქო) Silurus glanis მაისიდან აგვისტომდე
7 კავკასიური ქაშაპი Leuciscus cephalus orientalis აპრილიდან ივლისამდე
8 სამხრეთული ფრიტა Alburnoides bipunctatus fasciatus მაისიდან აგვისტომდე
9 ჩვეულებრივი გველანა Cobitis taenia მაისიდან აგვისტომდე
10 კავკასიური მდინარის ღორჯო Neogobius cephalarges constructor მაისიდან აგვისტომდე

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება