წყლის წისქვილი
წყლის წისქვილი — მარცვალსაფქვავი მექანიზმი, რომელიც მოძრაობაში მოიყვანება ვარდნილი წყლის ენერგიით.
ისტორია
რედაქტირებაუძველესი საზოგადოებები მარცვლეულის დასანაწევრებლად იყენებდნენ სხვადასხვა სახის სანაყებსა და სასრესელებს. საქართველოში აღმოჩენილია ძველი წელთაღრიცხვის III საუკუნით დათარიღებული საფქვავი დარბაზი, სადაც სპეციალურ დაზგაზე გამართული იყო რამდენიმე ათეული ხელის სასრესელა, მარცვლის ჩასაყრელი სპეციალური ღრმულებითა და ფქვილის დასაგროვებელი სათავსით (ციხია გორა). უფრო მოგვიანებით გავრცელდა ხელით საბრუნებელი წისქვილები, ე.წ. ხელსაფქვავები. ძველი წელთაღრიცხვის I საუკუნიდან რომში გაჩნდა წყლის წისქვილები. არსებობს შეხედულება, რომლის თანახმადაც წყლის წისქვილები პირველად მცირე აზიაში გაჩნდა და, ამდენად, შესაძლოა, კავკასიაში უფრო ადრე გავრცელებულიყო, ვიდრე დასავლეთ ევროპაში. შუა საუკუნეებში გამოიგონეს ქარის წისქვილიც.
მოწყობილობა და ტიპები
რედაქტირებასაქართველოში უძველესი დროიდან გავრცელებული იყო 2 ტიპის წყლის წისქვილი: ჰორიზონტალურბორბლიანი და ვერტიკალურბორბლიანი. აქედან უფრო გავრცელებულია ჰორიზონტალურბორბლიანი წისქვილი, რომელიც სამეცნიერო ლიტერატურაში ცნობილია აზიური წყლის წისქვილის ანუ ე.წ. ტურბინური წისქვილის სახელწოდებით. ჰორიზონტალურბორბლიანი წყლის წისქვილი, წყლის მიწოდების მექანიზმის მიხედვით, იყოფა ღარისა და კოდის (გვიმის) წისქვილებად. ღარის წისქვილს წყალს საბრუნავი მექანიზმზე აწვდის დაქანებული ღარი. მცირეწყლიან ადგილებში კი წყალი გროვდება ხის კოდში ან ქვის თუ თიხის გვიმში, რომლის ქვედა ნაწილში დატანებული ხვრელიდან წყალი ძლიერად ურტყამს საბრუნავ ბორბალს.
წისქვილს, რომელსაც დიდი საფქვავი ქვები აქვს, ეწოდება დოლაბი წისქვილი, ხოლო მცირექვებიანს _ ბუჭულა (გვრიტა). ისინი კონსტრუქციით ერთმანეთისგან არ განსხვავდება და გავრცელებულია სამეურნეო და გეოგრაფიული სპეციფიკის შესაბამისად. ბარის ძლიერ სამიწათმოქმედო რეგიონებში, დიდ მდინარეებზე, ძირითადად დოლაბ წისქვილებ აგებდნენ, ხოლო მთის და მთისწინეთის მდინარეების ხეობებში კი ბუჭულა წისქვილები ჭარბობდა.
წისქვილი გამართულია დახურულ შენობაში, "წისქვილის სახლში", რომელიც 2 სართულისაგან შედგება: პირველი სართული საღვარეა, სადაც წისქვილის მამოძრავებელი მექანიზმია მოთავსებული. ხოლო მეორე სართულში მფქველი ქვები, მარცლის მიმწოდებელი მოწყობილობა (ხვიმირა) და ფქვილის დასაგროვებელი სათავსებია გამართული.
ვერტიკალურბორბლიანი წისქვილის მამოძრავებელ მექანიზმს, დიდ ვერტიკალურ ბორბალს, რომელსაც წყალი აბრუნებს, "წისქვილის სახლის" გვერდზე მართავენ. ის სპეციალური გადამცემის საშუალებით გაცილებით უფრო სწრაფად აბრუნებს საფქვავ ქვებს, ვიდრე ჰორიზონტალურბორბლიანი წისქვილი. ასეთ წისქვილებს შედარებით უფრო იშვიათად აგებდნენ და ძირითადად გავრცელებული იყო მტკვრის ხეობაში, ქვემო ქართლსა და კახეთში.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Video დაარქივებული 2012-03-01 საიტზე Wayback Machine. "The Power of Water - The Newlin Gristmill" produced by Nicholas Newlin Foundation
- 17 Jun 2003, Deutsche Welle: The World's First Underwater Windmill Starts Turning
- U.S. Mill Pictures and Information დაარქივებული 2021-02-11 საიტზე Wayback Machine.
- Tidal power station დაარქივებული 2008-01-10 საიტზე Wayback Machine.
- Mill database with over 10000 european mills დაარქივებული 2014-01-21 საიტზე Wayback Machine.
- Watermills in Norfolk, England
- Mills in Hampshire, England
- The International Molinological Society (TIMS)
- The Society for the Preservation of Old Mills (SPOOM)
- Tidal mill in London დაარქივებული 2011-05-17 საიტზე Wayback Machine.
- Watermills of the Dukes of Urbino
- Windmills & Watermills of the East Grinstead area დაარქივებული 2016-12-27 საიტზე Wayback Machine.
ლიტერატურა
რედაქტირება- ოჩიაური თ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 333.