კორისწყალი

მდინარე საქართველოში, იმერეთის მხარეში

კორისწყალი, კორწყალიმდინარე ბაღდათის და ვანის მუნიციპალიტეტებში, რიონის მარცხენა შენაკადი. სიგრძე — 27,4 კმ, წყალშემკრები აუზი — 54,8 კვ. კმ. მდინარის სანაპიროებზე გაშენებულია სოფლები: შუბანი, ფერსათი, წითელხევი, სალომინაო, როხი.

კორისწყალი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეულები იმერეთის მხარე
სათავე მესხეთის ქედი
41°59′18″ ჩ. გ. 42°44′05″ ა. გ. / 41.988528° ჩ. გ. 42.734917° ა. გ. / 41.988528; 42.734917
სათავის მდებარეობა კვინისთავი
სათავის სიმაღლე 1720 მ
შესართავი რიონი
42°07′10″ ჩ. გ. 42°40′39″ ა. გ. / 42.119611° ჩ. გ. 42.67750° ა. გ. / 42.119611; 42.67750
შესართავის მდებარეობა როხი
შესართავის სიმაღლე 71 მ
სიგრძე 27,4 კმ
აუზის ფართობი 54,8 კმ²
კორისწყალი — საქართველო
კორისწყალი
კორისწყალი
კორისწყალი — იმერეთის მხარე
კორისწყალი
კორისწყალი
— სათავე, — შესართავი

მდინარე კორისწყალი სათავეს იღებს მესხეთის ქედის დასავლეთ კალთებზე, მთა კვინისთავის ჩრდილო-დასავლეთით 4 კმ-ში, ზღვის დონიდან 1720 მეტრის სიმაღლეზე. სოფელ როხთან შეერთვის ეგრეთ წოდებულ რიონის შტოს, რომელიც სოფელ დიდველიდან მოყოლებული გამოყოფილია რიონის ძირითადი ნაწილიდან და პარალელურად მიედინება, გზად კორისწყლისა და სხვადასხვა მცირე შენაკადების გარდა შეირთავს ბანურას, ფერეთას, კვინისწყალს და ამაღლების სიახლოვეს რიონის სხვა რამდენიმე ნაკადში იხლართება.

ფიზიკურ-გეოგრაფიული დახასიათება

რედაქტირება

მდინარის აუზი იყოფა მთიან და დაბლობ ზონებად. მთიანი ზონა მდებარეობს საქართველოს სამხრეთ მთიანეთის ჩრდილოეთ ფერდობზე, დაბლობი კი კოლხეთის დაბლობის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. მთიანი ზონის რელიეფი, სათავიდან სოფელ ფერსათამდე, ძლიერ დანაწევრებულია შენაკადების ხეობებით. აქ ცალკეული მთების სიმაღლეები 1000-1600 მეტრზეა. ქვემოთ რელიეფი დაბლდება 500-600 მეტრამდე, ხოლო სოფელ ფერსათის ქვემოთ იცვლება გორაკ-ბორცვიანი რელიეფით.

მთიანი ზონის გეოლოგია ძირითადად წარმოდგენილია დანალექი ქანებით. დაბლობი ზონა კი აგებულია ძველი ალუვიური განფენებით. აუზში ძირითადად გავრცელებულია თიხნარი ნიადაგები. აუზის დაახლოებით 50 % დაკავებულია ფოთლოვანი ტყით. დაბლობი ზონის დიდი ნაწილი კი ათვისებულია სახნავებით და სასოფლო-სამეურნეო კულტურებით.

მდინარის ხეობა სათავიდან სოფელ ფერსათამდე V-ეს ფორმისაა. ქვემოთ, სოფელ როხამდე ტრაპეციული, დაბლობზე კი არამკაფიოდ არის გამოხატული. ხეობის ფსკერის სიგანე 2-3 მეტრიდან (სათავეებში) იცვლება 0,4-1,0 კმ-მდე. ორმხრივი ტერასები ჩნდება სოფელ ფერსათის ქვემოთ. ტერასების სიგანე 0,3-0,4 კმ-დან 0,8-1,0 კმ-მდე იცვლება. მათი სიმაღლე 2,5-10 მეტრია. ჭალა გვხვდება სოფელ წითელხევის ქვემოთ. ჭალის სიგანე 30-40 მეტრიდან 100-150 მეტრამდე იცვლება. წყალდიდობებისა და წყალმოვარდნების პერიოდში ჭალა იფარება 1-1,3 მეტრის სიმაღლის წყლის ფენით. მდინარის კალაპოტი მთელ სიგრძეზე ზომიერად კლაკნილი და ძირითადად დაუტოტავია. ცალკეულ ადგილებში (სოფელ როხთან) მდინარე იყოფა ორ ტოტად და ქმნის მცირე ზომის, არამდგრად კუნძულს.

ჰიდროლოგიური მახასიათებლები

რედაქტირება

მდინარის სიგრძეა 28 კმ, საერთო ვარდნა 1665 მეტრი, საშუალო ქანობი 59,1 %, წყალშემკრები აუზის ფართობი 54.8 კვ. კმ, აუზის საშუალო სიმაღლე კი 462 მეტრი ზღვის დონიდან. ნაკადის სიგანე იცვლება 1-დან 10 მეტრამდე, სიღრმე 0,2-დან 1 მ-მდე, ხოლო სიჩქარე 0,6-0,8 მ/წმ-დან 0,1-0,3 მ/წმ-მდე. მდინარე საზრდოობს თოვლის, წვიმის და გრუნტის წყლებით. მისი წყლიანობის რეჟიმი ხასიათდება წყალმოვარდნებით მთელი წლის განმავლობაში. მდინარეზე ყინულოვანი მოვლენები არ ფიქსირდება. მდინარე გამოიყენება სოფლის წისქვილების სამუშაოდ და სარწყავად.

სარეწაო მნიშვნელობა

რედაქტირება

მდინარე დაბალსენსიტიურია. ძირითადი ფუნქცია სატოფე-სანასუქოა.

სახეობა ლათინური სახელი ტოფობის პერიოდი
1 კოლხური ტობი Chondrostoma colchicum აპრილიდან სექტემბრამდე
2 კოლხური წვერა Barbus tauricus escherichii ივნისიდან სექტემბრამდე
3 კავკასიური ქაშაპი Leuciscus cephalus orientalis აპრილიდან ივლისამდე
4 სამხრეთული ფრიტა Alburnoides bipunctatus fasciatus მაისიდან აგვისტომდე
5 კავკასიური მდინარის ღორჯო Neogobius cephalarges constructor მაისიდან აგვისტომდე

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება