დუშეთის მუნიციპალიტეტი
დუშეთის მუნიციპალიტეტი — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში. მუნიციპალიტეტის ტერიტორია 1917 წლამდე შედიოდა ტფილისის გუბერნიაში — დუშეთის მაზრის სახელწოდებით, 1917-1928 წლებში — დუშეთის მაზრაა, 1928-1930 წლებში ტფილისის ოლქშია დუშეთის რაიონის სახელწოდებით, 1930 წლიდან კი ყალიბდება დამოუკიდებელ ადმინისტრაციულ რაიონად. ამჟამად მუნიციპალიტეტი. ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი დუშეთი.
ადმინისტრაციული ერთეული | |||||
---|---|---|---|---|---|
დუშეთის მუნიციპალიტეტი | |||||
| |||||
ქვეყანა | საქართველო | ||||
მხარე | მცხეთა-მთიანეთის მხარე | ||||
ადმ. ცენტრი | დუშეთი | ||||
კოორდინატები | 42°05′05″ ჩ. გ. 44°41′45″ ა. გ. / 42.08472° ჩ. გ. 44.69583° ა. გ. | ||||
მერი | მანანა ნარიმანიძე | ||||
ფართობი | 2985 კმ² | ||||
ოფიციალური ენა | ქართული ენა | ||||
მოსახლეობა | 25 659 კაცი (2014) | ||||
სიმჭიდროვე | 8,61 კაცი/კმ² | ||||
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 97,2 % ოსები 2,4 % რუსები 0,2 % სომხები 0,1 % უკრაინელები 0,1 %[1] | ||||
სარწმუნოებრივი შემადგენლობა | მართლმადიდებლები 98,67 %[2] | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+04:00 | ||||
ოფიციალური საიტი | https://dusheti.gov.ge/ | ||||
| |||||
დუშეთის მუნიციპალიტეტს სამხრეთით საზღვრავს მცხეთის მუნიციპალიტეტი, დასავლეთით — კასპისა და ახალგორის მუნიციპალიტეტები, ჩრდილოეთით საზღვრავს რუსეთის ფედერაცია და ყაზბეგის მუნიციპალიტეტი, აღმოსავლეთით ესაზღვრება ახმეტისა და თიანეთის მუნიციპალიტეტები. დუშეთის მუნიციპალიტეტი მცხეთა-მთიანეთის მხარის ყველაზე დიდი ადმინისტრაციული ერთეულია. დუშეთის მუნიციპალიტეტის ფართობია 2981,5 კმ².
ტერიტორიის დიდი ნაწილი კავკასიონის საშუალო და მაღალი მთებითაა წარმოდგენილი. სამხრეთი ნაწილი, რომელიც ბაზალეთის ზეგანზეა განლაგებული, შედარებით დაბალი სიმაღლეებით გამოირჩევა. საერთო ჯამში, დუშეთის ადმინისტრაციული ერთეულის სიმაღლე ზღვის დონიდან 870-4000 მ-ის ფარგლებში იცვლება.[3]
სიმაღლეთა ასეთი სხვაობის გამო მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ზონაში სხვადასხვა ჰავაა ჩამოყალიბებული. შედარებით დაბალ ზონაში ჰავა ზომიერად ნოტიოა, ზამთარი ზომიერად ცივი, ხოლო ზაფხული შედარებით თბილი და ხანგრძლივი იცის. 870-900 მ-ის სიმაღლეზე ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა 9,7 °C-ია, ნალექების საშუალო წლიური მოცულობა კი 740 მმ. სიმაღლესთან ერთად ჰავა მკაცრდება. მაღალ ზონაში მაღალი მთის ნოტიო ჰავაა ჩამოყალიბებული, მუდმივი თოვლითა და მყინვარებით; ნალექების რაოდენობა კი 1200-1600 მმ-ს აღწევს.[3]
მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 2014 წლის მდგომარეობით 25 659 კაცია. სულ 283 დასახლებული პუნქტია, მათ შორის 1 ქალაქი, 2 დაბა და 280 სოფელი. ქალაქის მოსახლეობა 6200 კაცია, ანუ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 24 %.[3]
გეოგრაფია
რედაქტირებარელიეფი
რედაქტირებადუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის უდიდესი ნაწილი საშუალო და მაღალმთიანია. მცირე ფართობზე არის დაბალმთიანი ადგილებიც, კერძოდ: ბაზალეთის პლატოს, დუშეთის ქვაბულისა და შიდა ქართლის ვაკის სახით. რელიეფში ძირითადად გაბატონებულია ეროზიული, ასევე ძველმყინვარული და პერიგლაციალური რელიეფის ფორმები.
დუშეთის მუნიციპალიტეტის ჩრდილოეთით აღმართულია საქართველოს კავკასიონის შემადგენელი მონაკვეთი; თუშეთ-ხევსურეთისა და მთიულეთ-ფშავის კავკასიონები. პირველი მათგანი კავკასიონის ჩრდილოეთ, მეორე კი სამხრეთ კალთაზე მდებარეობს. მუნიციპალიტეტის ფარგლებში თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონს გამოეყოფა ხევსურეთისა და აწუნთის ქედები.
ხევსურეთის ქედი გაწოლილია მდინარეებს არღუნისა და ასას ხეობებს შორის. აქვს ჩრდილოეთური მიმართულება. მის თხემზე აღმართულია მწვერვალები: მალალებისმაღალი (4007 მ), მახისმაღალი (3391 მ) და გომღისმაღალი (3740 მ). უღელტეხილი ისართღელე (3486 მ), რომელიც ქედის შუა მონაკვეთში მდებარეობს, ერთმანეთთან აკავშირებს არხოტისა და არდოტის თემებს. ხევსურეთის ქედი აგებულია ლიასის თიხაფიქლებითა და ქვიშაქვებით. არის თანადროული მყინვარები (აღმოსავლეთ კალთაზე). დასავლეთ კალთაზე მყინვარი გვხვდება მხოლოდ მწვერვალ მახისმაღალზე.
დუშეთის მუნიციპალიტეტის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში აღმართულია მერიდიანული აწუნთის ქედი. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შედის დასავლური კალთა, სადაც აღმართულია მწვერვალი პირჩიტა (3840 მ). აწუნთის ქედი აგებულია ქვედაიურული თიხაფიქლებით. არის მყინვარები, მ.შ. პირჩიტა.
მუნიციპალიტეტის ფარგლებში მთიულეთ-ფშავის კავკასიონს გამოეყოფა ალევის, მთიულეთის, გუდამაყრისა და ქართლის ქედები.
ალევის ქედი განლაგებულია მუნიციპალიტეტის დასავლეთ ნაწილში, ახალგორის მუნიციპალიტეტის საზღვრის გასწვრივ. ქედს ახასიათებს ნაზი რელიეფი, გამონაკლისს წარმოადგენს ლორწომისკლდის მასივი, რომელიც დუშეთის მუნიციპალიტეტის ფარგლებს გარეთაა. ალევის ქედზეა მთები: მუნჯუხი (2685 მ), ლომისი (2452 მ), საფერშეთი (2520 მ) და სხვ.
მთიულეთის ქედი - მთავარ ქედს შირიმის მწვერვალთან გამოეყოფა, მიემართება სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ და თავდება დაბა ფასანაურის ჩრდილოეთით. მთიულეთის ქედზე აღმართულია მთები: საბადლო (2802 მ), მთაწმინდა (2760 მ), წიფორი (2577 მ) და სხვ. მთიულეთის ქედი აგებულია დოგერის ფიქალ-ქვიშაქვებითა (ჩრდილოეთ ნაწილი) და ცარცული კირქვა თიხებით (სამხრეთი ნაწილი). მთიულეთის ქედმა მეოთხეული გამყინვარება განიცადა, რაც გამოისახება ქედის ჩრდილო მონაკვეთში.
გუდამაყრის ქედი - მთავარ ქედს მწვერვალ ჩრდილო ჭიუხთან გამოეყოფა. აქვს თითქმის მერიდიანული მიმართულება. გრძელდება დაახლ. 40 კმ სიგრძეზე კავკასიონის მთავარი ქედიდან ჟინვალის წყალსაცავამდე. ქედზე აღმართული რიგი მწვერვალებიდან აღსანიშნავია: ლაღისმთა (2601 მ), ლუთხუბი (2572 მ), საფსიტისწვერი (2278 მ) და სხვ. გადასასვლელებიდან მთავარია უღელტეხილი ფხიტური და უკანტბა. გუდამაყრის ქედი აგებულია იურული თიხაფიქლებითა და ქვიშაქვებით, ასევე ცარცული ასაკის ქვიშაქვებითა და კირქვებით.
ქართლის ქედი შემოდის მუნიციპალიტეტის აღმოსავლეთ ნაწილში. იგი აღმოსავლეთ კავკასიონში შემავალი მთიულეთ-ფშავის კავკასიონის სამხრეთ განშტოებაა. მთავარ ქედს დიდ ბორბალოს მთასთან გამოეყოფა. მიემართება სამხრეთისაკენ და ბოლოვდება ცხვარიჭამიას უღელტეხილით. ქედის უმაღლესი მწვერვალია ჭიჩო (3078 მ), მნიშვნელოვანი მთებია: ხეობა (1492 მ), დოლოშა (1412 მ), ჭვინთაური (1240 მ).
დუშეთის მუნიციპალიტეტის ფარგლებში ქართლის ქედს გამოეყოფა უბისთავის 9 კმ სიგრძის საშუალ-მაღალმთიანი ქედი, რომლის შუა მონაკვეთში მდებარეობს მწვერვალი უბისთავი (2330 მ).
დუშეთის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის ასევე კიდეგანის ქედის ჭიმღისკლდის შტოქედი, რომელიც აგებულია იურული თიხაფიქლებითა და ქვიშაქვებით. მუნიციპალიტეტში აღმართულია ასევე ჭანჭახისა და არჟელამის შტოქედები.
დუშეთის მუნიციპალიტეტის სამხრეთ ნაწილში ვრცელდება დაბალმთიანი ბაზალეთის პლატო (ვაკე). იგი გაწოლილია მდინარეებს არაგვსა და ნარეკვავს შორის. პლატოს აბსოლუტური სიმაღლე მერყეობს 875 მეტრიდან 950 მ-მდე. დანაწევრებულია მცირე მდინარეებით: საკრამულოსხევით (ლაზვიანთხევი), ხანათხევითა და მდინარე თინასხევით. ბაზალეთის პლატო აგებულია მეოთხეული კონგლომერატებითა და რიყნარ-ქვიშანარით.
შიდა წყლები
რედაქტირებაჰიდროგრაფიული ქსელი მჭიდროა და წარმოდგენილია: მდინარეებით, ტბებით, მყინვარებითა და მიწისქვეშა წყლებით. არის როგორც მთის, ისე მთისწინეთისა და ბარის მდინარეები. გაფანტულია საკმაოდ ბეცრი ტბა, რომელთა უმეტესობა მცირე ფართობისაა.
მთავარ სამდინარო ქსელს ქმნის ოთხი არაგვი (მთიულეთ-გუდამაყრისა და ფშავ-ხევსურეთის), რომელთაგან უმთავრესია მთიულეთის არაგვი.
მთიულეთის არაგვი (სიგრძე 41 კმ) სათავეს იღებს ყელის ვულკანურ მთიანეთზე, მწვერვალ ხორისარის კალთებიდან, ზღვის დონიდან 3180 მ-იდან. დაბა ფასანაურამდე მდინარეს აქვს სამხრეთ-აღმოსავლური მიმართულება; ეს საკმაოდ გრძელი მონაკვეთი თეთრი არაგვის სახელწოდებას ატარებს. ფასანაურს ქვემოთ იგი იღებს სამხრულ მიმართულებას, ანანურთან კი კვლავ სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ მოიხრება და ასე რჩება ჟინვალის წყალსაცავამდე. მთავარი შენაკადებია: ამირთხევი, დგნალისხევი, არყალა, ერეთოსწყალი, ჩაბარუხი (მარჯვ.); გვიდაქე, ფშარისხევი, ჩირიკისხევი, ხადისწყალი, სონჩოსხევი (მარცხ.).
მთიულეთის არაგვი დაბა ფასანაურთან მარცხნიდან გუდამაყრის არაგვს იერთებს, რომელიც თავის მხრივ, მწვერვალ ჭიუხის კალთებიდან იწყება. გუდამაყრის არაგვი იქმნება მდინარეების ბაკურხევისა და ბურსაჭირის შეერთებით, ზღვის დონიდან 1250 მ-ზე. სათავიდან სოფელ ბურსაჭირამდე იგი სამხრეთ-დასავლეთისაკენ მიედინება, შემდეგ კი ზოგადად ისევ სამხრეთ-დასავლეთისაკენ, სადაც ამ მიმართულებას შესართავამდე ინარჩუნებს. გასდევს გუდამაყრისა და მთიულეთის ქედებს. გუდამაყრის არაგვის სიგრძეა 29 კმ.
მდინარე ფშავის არაგვი (სიგრძე 56 კმ) მთა დიდი ბორბალოს სამხრეთ კალთიდან ჩამოედინება. ხევსურეთის არაგვის შესართავამდე, მდინარეს აქვს დასავლური მიმართულება, შემდეგ კი სამხრეთისაკენ მოიხრება და ამ მიმართულებას ბოლომდე ექვემდებარება. მთავარი შენაკადებია: თვალიურა, ბოტანისწყალი, ახადისწყალი, შარახევი შენაკად წერათოულით, ჩარგლულა, ცაცადო (მარცხ.); მათურხევი, გომეხეობა, კიშხევი, ლაშარი, ჩაქისხევი, ხევსურეთის არაგვი (მარჯვ.).
ხევსურეთის არაგვი (სიგრძე 24 კმ) სათავეს იღებს ხევსურეთის ქედის სამხრული მონაკვეთის დასავლეთ კალთიდან. აქვს სამხრეთ-დასავლური მიმართულება. ხევსურეთის არაგვის მთავარი მდგენელი სათავეებია მდინარეები: გუდანისწყალი და გორშეღმისწყალი. ხევსურეთის არაგვის აუზი მთლიანად დოგერისა და ლიასის ფიქლოვანი წყებით არის აგებული. მცირედ არის დიაბაზის შავი ფერის გამოსასვლელები. ხევსურეთის არაგვის შენაკადებიდან მნიშვნელოვანია მდინარეები: უსტამალე, ბუჩუკურთა, როშკისწყალი შენაკად აბუდელაურით, დათვისხევი, ბლოსწყალი (მარჯვ.); აკუშოსხევი, ლიქოკისხევი (მარცხ.).
დაბა ჟინვალისა და ქალაქ მცხეთას შორის მონაკვეთს საკუთრივ არაგვი ეწოდება. აღნიშნული მონაკვეთი მცხეთის მუნიციპალიტეტსაც ეკუთვნის და ზუსტად აქედან ჩაედინება იგი მდინარე მტკვარში. დაბა ჟინვალისა და ქალაქ მცხეთას შორის მონაკვეთი შედარებით ფართოა და ამ მონაკვეთს აქვს დაახლ. 30 კმ სიგრძე (პირდაპირი ხაზით). არაგვის შენაკადებიდან მთავარია მდინარე ნარეკვავი შენაკად ტინისხევით.
დუშეთის მუნიციპალიტეტში აღსანიშნავია ასევე მთავარი ქედის ჩრდილო კალთის მდინარეები: არღუნი და ასა.
მდინარე არღუნი საკმაოდ გრძელი (სიგრძე 148 კმ) და წყალუხვი მდინარეა (აუზის ფართობი 3390 კმ²). ზემო დინებაში მთისაა, ქვემოთში კი ვაკის.
მდინარე ასას საერთო სიგრძეა 133 კმ. მის ზემო მონაკვეთს ეწოდება არხოტისწყალი.
დუშეთის მუნიციპალიტეტში მდებარე ტბებიდან მთავარია ბაზალეთისა და აბუდელაურის ტბები. ბაზალეთის ტბა ამავე სახელწოდების პლატოზე, 878 მ სიმაღლეზე მდებარეობს. ზედაპირის ფართობია 1,22 კმ². ტბის მიდამოები კეთილმოწყობილია.
აბუდელაურის ტბა მდებარეობს მდინარე როშკისწყლის შენაკადის მდინარე აბუდელაურის სათავეში, ზღვის დონიდან 2812 მ-ზე. სარკის ფართობია 0,035 კმ², უდიდესი სიღრმე - 3,8 მ.
მდინარე არაგვზე აგებულია ჟინვალის წყალსაცავი, რომლის სარკის ფართობია 11,5 კმ², მოცულობა 520 მლნ. მ³.
არის მინერალური წყაროებიც, მ.შ. „ვაჟას-წყაროსა“ და „ფასანაურის“.
ჰავა
რედაქტირებადუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჩამოყალიბებულია ძირითადად 3 ტიპის ჰავა:
- ზომიერად ნოტიო ჰავა, ზომიერად ცივი ზამთრითა და ზანგრძლივი თბილი ზაფხულით;
- ნოტიო ჰავა, ცივი ზამთრით და მოკლე გრილი ზაფხულით;
- მაღალმთის ნოტიო ჰავა, მუდმივი თოვლითა და მყინვარებით.
ტერიტორიას ახასიათებს ჰავის სიმაღლებრივი ზონალურობა. ზღვის დონიდან 900 მ სიმაღლეზე საშუალო წლიური ტემპერატურაა 9,7 °C, იანვრის -1,4 °C, ივლისის 20,4 °C, ნალექები 740 მმ წელეწადში.
მთები ნამდვილ ზაფხულს მოკლებული მაღალმთის ზომიერად ნოტიო ჰავაა, სადაც იცის საკმაოდ მკაცრი ზამთარი 1200-1600 მმ წლიური ნალექიანობით. 3300-3400 მ-ის ზემოთ ჩამოყალიბებულია მარად თოვლიან მყინვარებიანი ჰავა (ქედების თხემებზე).
ნიადაგები
რედაქტირებატერიტორიის დიდი ნაწილი უკავია ყომრალსა და ტყის ყავისფერ ნიადაგებს. ტყის ყავისფერ ნიადაგს ვხვდებით დაბალ ადგილებში.
ბაზალეთის პლატოზე მცირედ გავრცელებულია შავმიწისებრი ტიპის ნიადაგი. შემაღლებულ ადგილებში საშუალო და მცირე სისქის ტყის ყომრალი ნიადაგებია ჩამოყალიბებული. ალაგ-ალაგ არის ნეშომპალა კარბონატული ნიადაგიც. ტყის ზონის ნიადაგებს ზემოთ ცვლის კორდიანი და კორდიან-ტორფიანი ნიადაგები.
ლანდშაფტები
რედაქტირებამუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჩამოყალიბებულია ლანდშაფტის შემდეგი სახეები:
- ალუვიური ნიადაგები ტუგაის მცენარეულობით;
- ტყის ყავისფერი ნიადაგები ჯაგრცხილნარ – მუხნარით;
- დაბალი მთები მუხნარ-რცხილნარით, ტყის ყომრალ და ტყის ყავისფერ ნიადაგებზე;
- საშუალო მთები წიფლის ტყეებით, ტყის ყომრალ და ნეშომპალა-კარბონატული ნიადაგებით;
- სუბალპური მდელოები მთის მდელოს ნიადაგებით;
- ალპური მდელოები მთის მდელოს ნიადაგებით;
- სუბნივალური და ნივალური ლანდშაფტები.
ფლორა და ფაუნა
რედაქტირებაფლორა
რედაქტირებამუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გავრცელებულია უროიან-ვაციწვერიანი და ჯაგეკლიანი სტეპური მცენარეულობა, შედარებით მცირე ფართობზე არის მუხნარ-რცხილნარი და სხვა ფართოფოთლოვანი ტყეები. მდინარე არაგვის გასწვრივ შემორჩენილია ტუგაის ტყე.
მუნიციპალიტეტის ჩრდილოეთით მდინარეების ასას, არღუნისა და ანდაქის ხეობებში გავრცელებულია მთის ფიჭვნარები. მდინარე მთიულეთის არაგვის ხეობა, მლეთის ზემოთ უტყეოა, მლეთიდან დაწყებული მდინარის ხეობის ორივე გვერდი ფართოფოთლოვანი ტყით არის შემოსული. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არის ასევე სუბალპური და ალპური მდელოები.
ფაუნა
რედაქტირებამუნიციპალიტეტში საკმაოდ ბევრი ფაუნის წარმომადგენელი გვხვდება, მ.შ. მაღალმთიან ადგილებში ბინადრობს აღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვი და არჩვი. მდინარე ხევსურეთის არაგვის სათავებთან ბინადრობს ისეთი იშვიათი ჩლიქოსანი როგორიცაა ნიამორი. ნიამორი აქ მხოლოდ პირიქით ხევსურეთში ბინადრობს, ძნელად მისადგომ კლდოვან ადგილებში.
ტყის ზონაში არის შველი, ირემი, მურა დათვი, მელა, კურდღელი, მგელი, ფოცხვერი, მაჩვი, კვერნა და დედოფალა. ჟინვალის წყალსაცავთან არის წავი.
ფრინველებიდან არის კავკასიური შურთხი, კავკასიური როჭო; მტაცებლებიდან გვხვდება მაღრანი, ბატკანძერი, მთის არწივი და სხვ. ტყის ზონაში არის ძერა, ხოხობი, კოდალა, შაშვი და ა.შ.
დუშეთის მუნიციპალიტეტის მდინარეები მდიდარია იქთიოფაუნით. მდინარე არაგვის ზემო და შუა დინებაში მოიპოვება კალმახი; გვხვდება აგრეთვე ხრამული, მტკვრის ტობი, ქაშაპი და სხვ.
მოსახლეობა
რედაქტირებამოსახლეობის რიცხოვნობა — 25 659 კაცი[4]; სიმჭიდროვე — 8,61 კაცი კვ.კმ-ზე (2014). მუნიციპალიტეტში 250 დასახლებული პუნქტია: 1 ქალაქი, 2 დაბა და 247 სოფელი.
აღწერის მონაცემები
რედაქტირებააღწერის წელი | მოსახლეობა |
---|---|
1989 | 37 390 |
2002 | 33 731 |
2014 | 25 659 |
2021[5] | 26 300 |
ადგილობრივი თვითმმართველობა
რედაქტირებაადმინისტრაციული ერთეულები
რედაქტირებადღეისათვის დუშეთის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში შედის შემდეგი ადმინისტრაციული ერთეულები:
- *ქ. დუშეთი
- *ჟინვალის თემის შემადგენლობაში შედის დაბა ჟინვალი და შემდეგი სოფლები: არანისი, ბიჩნიგაურები, ბზიკურთკარი, ბოდავი, გუდრუხი, ეთვალისი, ზემო ხორხი, თვალივი, ლაუშა, მენესო, ნეძიხი, ჟინვალი, სონდისველა, სწროფავი, ფუძნარი, ქვემო არანისი, ქვემო ხორხი, ჩინთი, ხარტიშო.
- *ფასანაურის თემში შედის დაბა ფასანაური და შემდეგი სოფლები: ვეშაგურნი, ზემო ამირნი, მეჯილაურნი, უკანამხარი, ჩირიკი, ცხვედიეთი, წინამხარი, წინკობანი, წიფორი, ჭიკაანი, ხევშა.
- *ანანურის თემში გაერთიანებულია შემდეგი სოფლები: ანანური, ბანცურთკარი, დგნალი, ზოტიკიაანთკარი, თანდილაანთკარი, პავლეური, ფხუნდავი, შალიკიანთკარი, ცივწყარო, ციხისძირი, ციხისსოფელი, ჭივილაანები.
- *ბაზალეთის თემში - ბაზალეთი, ბაგა, გრიგოლაანთკარი, ვარსიმაანი, ლაზვიაანი, მლაშე, ნაგლიაანთკარი, პირმისაანი, საკრამულო, საშაბურო, უნდილაანთკარი, ყარსიმაანთკარი, ჩანადირთკარი, ჩირდილელიანთკარი, ჩუბინიანთკარი, ძველი საკრამულო, ჭონტილი.
- *გრემისხევის თემში - ციხისუბანი, არბოეთი, ახალი ბურღული, თხილოვანი, მიქელიანი, პეტრიანი, ტონჩა, ქარქუშაანი, ქედელობა, ციგრიანთკარი, ძველი ბურღული.
- *გუდამაყრის თემში 20 სოფელი: კიტოხი, ბაკურხევი, ბახანი, ბოსელი, გამსი, დიდებანი, დიხჩო, დუმაცხო, ზანდუკი, თოთიაურნი, თორელაანი, ლუთხუბი, მაქართა, საკერპო, საჩალისჭალა, სიჯანანი, ფახვიჯი, ჩობალაურნი, ჩოხი, წინამხარი.
- *ლაფანაანთკარის თემში - ლაფანაანთკარი, აბანოსხევი, ახალი ოსები, დავათი, ზემო უბანი, კოშკასყელი, მაღრანი, მწითურები, ნოკორნა, ნოჯიკეთი, ქერიაანთკარი, ხიზნები.
- *მაღაროსკარის თემში - მაღაროსკარი, აფშო, გომეწარი, გუდარახი, ინო, კანატია, კაწალხევი, კუჭეჭა, მიგრიაულთა, ქალილო, შარახევი, ჩარგალი, წიფრანი, ხილიანა, ხომი.
- *მჭადიჯვრის თემში - მჭადიჯვარი, ახალი კადოეთი, ბაქაქურები, ებნისი, ზემო კოდისწყარო, ზემო შუახევი, ილტოზა, ლამოვანი, მილისწყარო, ოძისი, ქვემო კოდისწყარო, ქვემო შუახევი, ქვითკირისწყარო, ციხევდავი, წიწამურა, ჭილურტი.
- *უკანაფშავის თემში - შუაფხო, ბინდაურთა, გოგოლაურთა, თხილიანა, მათურა, მუქო, უკანაფშავი, უძილაურთა, ცაბაურთა, ჭიშო, ხოშარა.
- *ქვეშეთის თემში - ქვეშეთი, არახვეთი, ბედონი, ბენიან-ბეგონი, გვიდაქე, გოგნაური, ზაქათკარი, ზემო მლეთა, იუხო, კაიშაურნი, ლაკათხევი, მანასეული, ნადიბანი, ნაღვარევი, სალაჯური, სეთურნი, სეფე, სვიანა-როსტიანი, ქვემო მლეთა, ყველანი, წკერე, ხარხეთი, ჯაღმაანი.
- *შატილის თემში - შატილი, არდოტი, არჭილო, გიორგწმინდა, კისტანი, მუცო, ხახაბო, ხონისჭალა.
- *ჭართლის თემში - ჭართალი, ბუჩაანი, დოლასქედი, ვაშლობი, ზენუბანი, მენესო, მუგუდა, სონდა, ჩიტაურები, ჯუღისი.
- *ჭონქაძის თემში - ყვავილი, არაგვისპირი, არღუნი, ახალაანი, ახალი ტონჩა, ბოდორნა, დუდაურები, ველთაურთკარი, ვეძათხევი, თანიანთკარი, იორი, მეზვრიანთკარი, მჭედლიანთკარი, ნანიანი, ოქრუანი, ფრიდონაანთკარი, ქარაულები, ქერანა, ქვემო აში, ჯავახიანთკარი.
- *ჭოპორტის თემში - ჭოპორტი, ახატანი, ბულაჩაური, ქვემო ღარისწყალა, ქუბრიანთკარი, წითელსოფელი.
- *ხევსურეთის თემში - ბარისახო, აკუშო, ამღა, ატაბე, აყნელი, ახიელი, ბაცალიგო, ბისო, ბლო, ბუჩუკურთა, გველეთი, გუდანი, დათვისი, ზეისტეჩო, კორშა, მოწმაო, როშკა, უკანახო, უკანხადუ, ქობულო, ღელისვაკე, ჩირდილი, ჩხუბა, ჭალისოფელი, ჭიმღა, ჭორმეშავი, წინხადუ, ხახმატი.
- *ხეობის თემში - ხეობა, ახალციხე, დოლოშა, ვარცლა, კენჭაკლდე, მიგრიაულები, საცხავატლო, წითელი კლდე.
საკრებულო
რედაქტირებაპარტია | 2017[6] | 2021[7] | ამჟამინდელი საკრებულო | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ქართული ოცნება | 24 | 23 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ნაციონალური მოძრაობა | 2 | 5 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
საქართველოსთვის | 2 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ლელო | 1 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ლეიბორისტული პარტია | 2 | 1 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
პატრიოტთა ალიანსი | 4 | 1 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ევროპული საქართველო | 1 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
დამოუკიდებელი | 1 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
სულ | 34 | 33 |
ეკონომიკა
რედაქტირებასასოფლო-სამეურნეო სავარგულებს უკავია 1390 კვ.კმ.
წამყვანი დარგია სოფლის მეურნეობა, ძირითადად მისდევენ მეცხოველეობას, მეხილეობას, მებოსტნეობას, მევენახეობას. მრეწველობა ადგილობრივი დანიშნულებისაა და მცირე სიმძლავრის საწარმოებითაა წარმოდგენილი. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზეა ადგილობრივი მნიშვნელობის კურორტები ფასანაური და ჩარგალი. ფასანაური, ანანური და ბაზალეთი ტურისტული ცენტრებია. არაგვის წყალი ამუშავებს ჟინვალჰესს, რომელიც ასევე ხმარდება თბილისის წყალმომარაგებას. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადის საქართველოს სამხედრო გზა.
კულტურა
რედაქტირებადუშეთის მუნიციპალიტეტში 79 სახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაა, 1 საშუალო პროფესიული სასწავლებელი, 47 ბიბლიოთეკა, 4 თეატრი და 4 მუზეუმი: დუშეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმი (სოფელი ჩარგალი), გ. ერისთავის სახლ-მუზეუმი (სოფელი ოძისი).
ღირსშესანიშნაობანი
რედაქტირებადუშეთის მუნიციპალიტეტის ხუროთმოძღვრების ძეგლთაგან აღსანიშნავია: ანანურის ციხე და ტაძარი, ბოდორნის და მჭადიჯვრის ეკლესიები, ფშავ-ხევსურეთისა და მთიულეთის სოფლებში შემორჩენილი კოშკები და საცხოვრებელი კომპლექსები.
ლიტერატურა
რედაქტირება- აფხაზავა ი., კვერენჩხილაძე რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 660-662.
- მარუაშვილი ლ., საქართველოს ფიზიკური გეოგრაფია, თბ., 1964;
- უკლება დ., აღმოსავლეთ საქართველოს ფიზიკურ-გეოგრაფიული დარაიონება, თბ., 1968.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- დუშეთის მუნიციპალიტეტის საიტი
- მცხეთა-მთიანეთის რეგიონის საიტი დაარქივებული 2018-03-22 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Ethnic composition of Georgia 2014
- ↑ georgia-religion2014
- ↑ 3.0 3.1 3.2 პროგრამა — საქართველოს რეგიონებში კლიმატის ცვლილებისა და ზემოქმედების შერბილების ზომების ინსტიტუციონალიზაცია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-08-17. ციტირების თარიღი: 2016-09-04.
- ↑ მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 6 სექტემბერი 2016.
- ↑ მოსახლეობის რიცხოვნობა რეგიონების და თვითმმართველი ერთეულების მიხედვით (XLS). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (1 იანვარი, 2021). ციტირების თარიღი: 2021-11-11.
- ↑ პროტოკოლით არჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები და მერები 2017 გვ. 29–31. ცესკო. ციტირების თარიღი: 2024-07-18[მკვდარი ბმული]
- ↑ პროტოკოლით არჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები და მერები 2021 გვ. 37–39. ცესკო. ციტირების თარიღი: 2024-07-18[მკვდარი ბმული]