დუშეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

დუშეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი — მხარეთმცოდნეობის მუზეუმი საქართველოში, დუშეთის მუნიციპალიტეტის ქალაქ დუშეთში.

დუშეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
42°05′12″ ჩ. გ. 44°40′52″ ა. გ. / 42.0866861° ჩ. გ. 44.6812194° ა. გ. / 42.0866861; 44.6812194
დაარსდა 1949[1][2]
მდებარეობა საქართველო, დუშეთი, მილახვრიანთკარი, ქეთევან წამებულის ქ./15
ექსპონატი 6.5 ათასამდე
კლასიფიკაცია მხარეთმცოდნეობის
Map

მუზეუმის საერთო ფართობია 402 მ², მ. შ. საექსპოზიციო-საგამოფენო — 159 მ², საფონდო — 105 მ². მუზეუმში დაცულია დაახლოებით 6,5 ათასი ექსპონატი.

დუშეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი განთავსებულია ყოფილ საფოსტო სადგურში (რუს. почтовая станция). ზოგადად საფოსტო გაგანყოფილება დუშეთში, სადგურის ამოქმედებამდე არსებობდა და ის განთავსებული იყო იჯარით აღებულ კერძო სახლში, რომელიც დუშეთის მონაკვეთის უფორსს — სუხანოვს ეკუთვნოდა[3].

1859 წლის 1 ნოემბერს დუშეთის მთებში გახსნა საქართველოს სამხედრო გზის დუშეთი-ანანურის მონაკვეთი. „კავკასიის კალენდარში“ დუშეთის საფოსტო სადგური 1863 წლიდან გვხვდება. იმ დროს საფოსტო სადგურების პროექტის ავტორი იყო საქართველოში მოღვაწე შვედი არქიტექტორი ოტო იაკობ სიმონსონი, რომელმაც შექმნა საქართველოს სამხედრო გზისათვის საფოსტო სადგურების ტიპური პროექტი. ამ პროექტის მიხედვით 8 სადგური, მათ შორის დუშეთის საფოსტო სადგურიც აშენდა. ცნობილია, რომ აქ გაჩერებულან ა. პუშკინი, მ. ლერმონტოვი, ა. გრიბოედოვი, ა. დიუმა (მამა) და სხვა ცნობილი მოღვაწეები.

 
დუშეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, 1957

1949 წელს მოხდა შენობის ადაპტაცია (დაშენდა მეორე სართული) და საფოსტო სადგურის შენობაში მხარეთმცოდნეობის მუზეუმი განთავსდა[1][2], ხოლო 1953 წლის 30 ნოემბერს იგი საჯარო დათვალიერებისათვის გაიხსნა[4]. 1953 წელს სოფელ მაღაროსკარის სამკითხველოს გამგემ ნ. ქისტაურმა მუზეუმს გადასცა ბრინჯაოს ხანის ძვ. წ. XI-X საუკუნეების ბოლოკვეთილი მახვილი და საომარი ცული, რომლებიც სოფელ კანატიის მახლობლად იპოვეს კოლმეურნეებმა გ. ბულაურმა და ჭ. უძილაურმა[5]. 1960 წელს მუზეუმში გაიხსნა დ. ჭონქაძის მიძღვნილი მუდმივმოქმედი გამოფენა[6].

დუშეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში თავმოყრილია მრავალი საინტერესო ექსპონატი ფშავ-ხევსურეთის, მთიულეთ-გუდამაყრისა და არაგვის, ქართლის ისტორიულ-ეთნოგრაფიული წარსულიდან; ადგილობრივი წარმოების საომარი თუ სამეურნეო იარაღები. დუშეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი შედგება 2 განყოფილებისაგან.

ისტორიულ-არქეოლოგიურ განყოფილებაში თავმოყრილია ქალაქ დუშეთისა და მდინარე არაგვის აუზის ტერიტორიაზე მოპოვებული მასალები უძველესი დროიდან, ქვის ხანიდან — გვიან შუა საუკუნეებამდე. არქეოლოგიური მასალა ასახავს მდინარე არაგვის აუზში მცხოვრები მოსახლეობის სამეურნეო საქმიანობას, მატერიალურ და ნივთიერ კულტურას, რწმენა-წარმოდგენათა თავისებურებებს სხვადასხვა ეპოქაში; განსაკუთრებით სრულადაა წარმოდგენილი ადრე, შუა და გვიანდელი ბრინჯაოს ხანის მასალები.

ეთნოგრაფიულ განყოფილებაში დაცულია ეთნოგრაფიული ყოფის ამსახველი მასალები (ქსოვილების ნიმუშები, აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის XIX საუკუნის ფარდაგები, ხალხური სამოსი და აქსესუარები, მინის და კერამიკული ჭურჭელი, მ. შ. მოჭიქული კერამიკა); აგრეთვე დ. ერმაკოვისა და ა. როინაშვილის მიერ გადაღებული XIX საუკუნის ფოტომასალა და სხვა.

არქიტექტურა

რედაქტირება

XX საუკუნის შუა ხანებში ნაგებობამ ცვლილებები განიცადა. ასიმეტრიული კომპოზიციის ნაგებობას ერთსართულიან მხარეზე მეორე სართული დაედგა. პირველი სართულის აივნის თავზე კი ქვის აივანი მოეწყო. შენობა გზის პირის ნიშნულზე უმნიშვნელოდ მაღალ რელიეფზე დგას. გზიდან „სტანციის“ შენობისკენ ქვის კიბე მიუყვება. ნაგებობა სივრცეში თავისუფლად აღიქმება. მას გარს ბაღი უვლის. ნაგებობის სივრცითი კომპოზიცია ასიმეტრიულია. ასიმეტრიულია მისი მთავარი ფასადიც. შენობის ძველი ნაწილი კვადრატული აგურით არის ნაშენი. გზისპირა ფასადის განაპირა, მარჯვენა (პირით ფასადისკენ) მხარეს შვერილი რიზალიტია, რომლის პირველ სართულზეც მრავალწახნაგა ერკერია მიდგმული. ერკერი ცოკოლს ეყრდნობა, მის წახნაგებში პროფილირებული მოჩარჩოების ფანჯრის სწორკუთხა სამი ღიობია გაჭრილი. ერკერის გადახურვას ხის კრონშტაინების მწკრივი იჭერს. მთავარი ფასადის მეორე სართულზე, აღწერილი ერკერის თავზე, ნახევარწრიულთაღოვანი თაღით დასრულებული სამი ფანჯრის ღიობია. ფასადის აღწერილ მხარეს სადა კარნიზი ასრულებს. ამავე ფასადის მარცხენა (პირით ფასადისკენ) ნაწილზე ორ სართულად განლაგებულ ქვის აივანია აშენებული. აივნიანი ნაწილი ქვის ცოკოლს ეყრდნობა, რომლის ერთიანი მასივიც ქვის კიბით არის გაჭრილი. აივნის პირველ სართულს კვადრატული კვეთის ორი ბოძი, მეორე სართულს კი, წრიული კვეთის ორი სვეტი სამ-სამ ბიჯად ჰყოფს. პირველი სართულის აივანი უმოაჯიროა, მეორე სართულის აივნის ინტერკოლუმნიუმი კი ნახევარწრიული თაღედით და ბალუსტრადით არის შევსებული. აივნის ნაწილს სადა კარნიზი მიუყვება, მის გაგრძელებას ერკერიანი ნაწილის საწინააღმდეგო მხარეს კი ცემენტით გალესილი ფასადის ფრაგმენტი წარმოადგენს. პირველი სართულის აივანი შესაძლოა თავდაპირველი შენობისგან გადარჩენილი ნაწილი იყოს, რომელსაც XX საუკუნის შუა ხანების რეკონსტრუქციისას მეორე სართულის აივანი დაადგეს. „სტანციის“ გვერდითი, ჩრდილოეთი ფასადი სადა და უდეკოროა. ორსართულიანი ფასადის პირველ სართულზე ერთი არქიტრავული, მეორე სართულზე კი სამი ნახევარწრიული თაღით დაბოლოებული, აზიდული პროპორციის ვიწრო ღიობია გაჭრილი. ფასადის სიბრტყე თავდაპირველი სახით შეულესავი ძველი აგურის იყო. დღეს ის ცემენტით არის გალესილი და ნალესობაზე სადა რუსტიკის იმიტაციაა გაკეთებული. ფასადს კარნიზი ასრულებს. ნაგებობის უკანა, ბაღისკენ მიპყრობილ ფასადს ქვის დაბალი ცოკოლი აქვს და არაერთგვაროვნად არის დამუშავებული. მის სიბრტყეს ორ სართულად განლაგებული, სხვადასხვა სიფართოვის ფანჯრის და კარის ღიობები ანაწევრებს. ფასადს სადა კარნიზი ასრულებს. თვალშისაცემია ეპოქალური განსხვავება ფასადის ნაწილებს შორის. ავთენტური მარცხენა (პირით ფასადისკენ) ნაწილი თაღოვანი ღიობით მკვეთრად განსხვავედება სხვადასხვა სიფართოვის არქიტრავული ღიობებით დანაწევრებული მარჯვენა ნაწილისაგან. საგანგებო აღნიშვნის ღირსია შენობის ინტერიერი. აქ, არქიტექტურული თვალსაზრისით ყურადრებას იპყრობს შენობის ძველი ნაწილები – ინტერიერისკენ წირთხლებით გაგანიერებული ნახევარწრიული თაღებით დაბოლოებული ფანჯრები, მეორე სართულის დიდი სადგომის სამი თაღოვანი სარკმლის კომპოზიცია, სარკმლების გამაერთიანებელი ხის ერთიანი რაფა და სხვა. ბაღის ტერიტორიაზე, „სტანციის“ სამხრეთი ფასადის სიახლოვეს რიყის ქვით ნაშენი, ცემენტით გალესილი წრიული გეგმის აუზია, რომელიც აქ სავარაუდოდ XX საუკუნის შუახანებში უნდა გაჩენილიყო.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება