მთიულეთ-ფშავის კავკასიონი

მთიულეთ-ფშავის კავკასიონიკავკასიონის სამხრეთი კალთის მონაკვეთი, რომელიც მოიცავს მდინარეების არაგვისა და ივრის აუზების მთიან ზოლს და აერთიანებს საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიულ პროვინციებს: მთიულეთს, ფშავს, პირაქეთ ხევსურეთსა და თიანეთს. ჩრდილოეთი საზღვარი მიუყვება კავკასიონის მთავარი ქედის თხემს ხორისარსა და ბორბალოს მწვერვალებს შორის, დასავლეთი — ალევის ქედის თხემს მწვერვალ ალევის კლდემდე, აღმოსავლეთი — კახეთის ქედის თხემს. სამხრეთი საზღვარი პირობითია და კავკასიონის სამხრეთი კალთის დაბალმთიან ნაწილზე გადის.

მთიულეთ-ფშავის კავკასიონი აგებულია (ჩრდილოეთიდან სამხრეთით) იურული, ცარცული, პალეოგენური და ნეოგენური ასაკის ნალექებით (თიხაფიქლები, ქვიშაქვები, კირქვები, მერგელები, კონგლომერატები, თიხები), რომლებიც უმეტესად ფლიშური ფაციესისაა და ძლიერადაა დანაოჭებული. მთიულეთ-ფშავის კავკასიონის ოროგრაფიულ სახეს განსაზღვრავს ეროზიული ქედები გა განივი ხეობები. ყველაზე დიდი ოროგრაფიული ერთეულის კავკასიონის მთავარი ქედის სიმაღლე აქ არსად არ აღემატება 4000 მ (მწვერვალები: ხორისარი 3736 მ, დიდი ბორბალო 3295 მ, როშკახოხი 3562 მ და სხვა), ხოლო ყველაზე დაბალი უღელტეხილი 2395 მ-ზე მდებარეობს (ჯვრის უღელტეხილი). დიდი ოროგრაფიული ერთეულებია აგრეთვე მთავარი ქედის სამხრეთ განტოტებები: ალევის, მთიულეთის, გუდამაყრის, ქართლის, კახეთის ქედები და მდინარეების მთიულეთის, გუდამაყრის, ფშავის, ხევსურეთის არაგვისა და ივრის ხეობები.

მთიულეთ-ფშავის კავკასიონს ახასიათებს ჰავის სიმაღლებრივი ზონალურობა დაწყებული ზომიერ ნოტიო ცივზამთრიანი და ხანგრძლივ გრილზაფხულიანი ჰავიდან (დაბალ მთებში), დამთავრებული მაღალმთის მუდმივთოვლიან-მყინვარებიანი ჰავით (ქედების თხემზე). იანვრის საშუალო ტემპერატურა 2°-დან 10°C-მდე, ივლისის 12°-იდან 18°C-მდე. ნალექები 600 მმ-იდან 1700 მმ წელიწადში. მთიულეთ-ფშავის კავკასიონის ჰიდროგრაფიულ ქსელს ქმნის მდინარე არაგვის სისტემა და მდინარე იორი, რომელთა წყალდიდობა გაზაფხულსა და ზაფხულის დასაწყისშია, წყალმცირობა — ზამთარში. ხეობებში იცის ღვარცოფები. არის მინერალური წყლები („ვაჟას წყარო“).

ნიადაგ-მცენარეული საფარი ზონების სახით არის გამოხატული: ტყის ტიპურ, ღია და გაეწრებულ ყომრალ და ნეშომპალა-კარბონატულ ნიადაგებზე განვითარებულია მუხნარ-რცხილნარი (მთების ქვედა კალთებზე) წიფლნარი (ზედა კალთებზე), რომლებიც 2200-2300 მ სიმაღლემდე ადის. წიფლის ტყის ზონაში შეინიშნება ფიჭვის (გომეწრის ხეობა) ნაძვისა და ურთხმელის (კაწალხევის ხეობა) გავრცელება. ტყის ზონის ზემოთ, 2500-2600 მ-მდე, მთის მდელოს ნიადაგებზე განვითარებულია სუბალპური ტყე-ბუჩქნარი და მდელოები, ხოლო 3300-3400 მ-მდე მთის მდელოს პორდიან და კორდიან-ტორფიან ნიადაგებზე — ალპური მდელოები და ხალები.

მთიულეთ-ფშავის კავკასიონზე გავრცელებულია ლანდშაფტის 3 ტიპი: დაბალ- და საშუალმთის მთა-ხეობათა რელიეფის ტყის ყომრალ, გაეწრებულ ყომრალ და ნეშომპალა-კარბონატურლ ნიადაგებზე განვითარებულია შერეული ფართოფოთლიანი მთა-ტყის ლანდშაფტი (ქვეტიპებით: დაბალმთის მუხნარ-რცხილნარით და საშუალმთის წიფლნარით); მაღალმთის მთა-ხეობათა რელიეფის მთის მდელოს ნიადაგებზე ჩამოყალიბებული მთა-მდელოს ლანდშაფტი (სუბალპური და ალპური ქვეტიპები); გლაციალურ-ნივალური ლანდშაფტის ფრაგმენტები.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • უკლება დ., ქსე, ტ. 6, გვ.673-674, თბ., 1983