ვაჟასწყარო

(გადამისამართდა გვერდიდან ვაჟას წყარო)

ვაჟასწყარო — ბალნეოკლიმატური კურორტი დუშეთის მუნიციპალიტეტში, ფშავის არაგვის ხეობაში.

კურორტი მდებარეობს ზღვის დონიდან 1050 მ სიმაღლეზე, თბილისიდან 70 კმ-ის და დუშეთიდან 25 კმ-ის დაშორებით. იცის ზომიერად ცივი თოვლიანი ზამთარი (იანვრის საშუალო ტემპერატურა –4°C) და თბილი ზაფხული (აგვისტოს საშუალო ტემპერატურა +18°C). ნალექები 1000 მმ წელიწადში. ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორად ითვლება მთის ჰავა და მინერალური წყალი „ვაჟას წყარო“, რომლის საბადო ფშავის არაგვისა და ჩარგლულის შესართავთან მდებარეობს.

„ვაჟას წყარო“ ნახშირორჟანგიანი ქლორიდულ-ჰიდროკარბონატული კალციუმ-ნატრიუმიანი მინერალური წყალია. წყალი განლაგებულია იურულ-ცარცული ასაკის კარბონატული ქანების ნაპრალოვან ზოლში. საბადოს ჯამური მარაგი (დებიტი) არის 229 მ³/დღ-ღ. წყლის ქიმიური შედგენილობა: ტემპერატურა 11–12°C. მაღალი მინერალიზაციის წყალს (М – 12–22 გ/ლ) სეზონურად იყენებენ აბაზანების მისაღებად (წყალს ათბობენ 37–38°C-მდე), დაბალი მინერალიზაციისას (М – 4–12 გ/ლ) – სასმელად.

კურორტი 1960-იან წლებში შეიქმნა. ამჟამად საკურორტო ინფრასტრუქტურა მოუწყობელია. „ვაჟას წყაროს“ ჩამომსხმელი ქარხანა (აშენდა 1961) 2007 წლიდან კომპანია „ჩარგლის წყაროების“ მფლობელობაშია.[1]

ლიტერატურა

რედაქტირება
  • კურორტი ვაჟას წყარო // საქართველოს 100 კურორტი / ავტ.-შემდგ.: ირმა ლიპარტელიანი, თამარ ნინიკაშვილი, თბილისი, 2014. - ISBN 978-9941-441-36-3. — გვ. 88-89.