საქართველოს ხელოვნების სასახლე – კულტურის ისტორიის მუზეუმი

საქართველოს ხელოვნების სასახლე – კულტურის ისტორიის მუზეუმი (ასევე მოიხსენიება როგორც ხელოვნების სასახლე) — დაარსდა თბილისში 1927 წელს დავით არსენიშვილის მიერ. თავდაპირველად საქართველოს სსრ სათეატრო მუზეუმი ერქვა. იგი ჯერ საქართველოს სსრ განათლების სახალხო კომისარიატის გამგებლობაში შედიოდა, შემდეგ კი საქართველოს სსრ კულტურის სამინისტროს გადაეცა. მუზეუმი სისტემატურად აწყობს გამოფენებს, პირველი გამოფენა მოეწყო 1928 წელს. საქართველოს მინისტრთა საბჭოს 1974 წლის 13 დეკემბრის დადგენილების თანახმად, სათეატრო მუზეუმს ეწოდა საქართველოს სსრ თეატრის, მუსიკისა და კინოს სახელმწიფო მუზეუმი. 2020 წლის 8 აპრილამდე ეწოდებოდა საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი. სახელი შეეცვალა საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით[1].

საქართველოს ხელოვნების სასახლე – კულტურის ისტორიის მუზეუმი
41°42′57″ ჩ. გ. 44°47′39″ ა. გ. / 41.71583° ჩ. გ. 44.79417° ა. გ. / 41.71583; 44.79417
დაარსდა 1927
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მდებარეობა თბილისი
სტატუსი სახელმწიფო
დირექტორი გიორგი კალანდია
ოფიციალური საიტი artpalace.ge
Map

მუზეუმის სტრუქტურა

რედაქტირება

საგამოფენო დარბაზები

რედაქტირება

სიძველეთსაცავი თბილისში შემორჩენილი ერთადერთი სასახლის ტიპის მუზეუმია. იგი 8 მუდმივმოქმედ და 2 დროებით გამოფენებისათვის განკუთვნილ დარბაზებს მოიცავს. ყველა დარბაზი ისტორიული მნიშვნელობისაა. ისინი ქართველი, რუსი, ფრანგი და გერმანელი ოსტატების მიერ არის გაფორმებული. შემორჩენილია დარბაზების ისტორიული სახელწოდებებიც:

1. ზამბახების დარბაზი - წარმოდგენილია სასახლის მკვიდრთა, მათ შორის: გრაფ კონსტანტინე ოლდენბურგის, აგრაფინა ჯაფარიძის, ანდრია დადიანის პერიოდის ნივთები, ფერწერული ტილოები, გამოფენილია იაკობ გოგებაშვილის უნიკალური ავეჯი და სხვა.

2. ოქროსფერი დარბაზი - წარმოდგენილია ქართული კოსტიუმის ისტორია ადრეული შუა საუკუნეებიდან მე-20 საუკუნის პირველ ნახევრამდე. გამოფენილია საქართველოს მეფის თამარის სამეფო კოსტიუმი, რომელიც ვარძიის ფრესკის მიხედვითაა აღდგენილი, თეკლე დედოფლის ოქრომკედით ნაქარგი მე-17 საუკუნის უნიკალური მოსასხამი, მაჰმუდის კოსტიუმი ფილმიდან ”მამლუქი” და ქეთოს კაბა ფილმიდან ”ქეთო და კოტე”.

3. ლურჯი იადონების დარბაზი (მას ასევე რევაზ ლაღიძის სახელობის საგამოფენო დარბაზსაც უწოდებენ) - აქაურ კედლებზე მე-19 საუკუნის უნიკალური მხატვრობაა შემორჩენილი, ფანჯრები კი მოოქროვილი კარნიზებითაა გაფორმებული, იატაკის მხატვრული წყობა ევროპის ცნობილი სასახლეების მსგავსადაა შექმნილი. დარბაზში წარმოდგენილია ქართული მუსიკის ისტორია, გამოფენილია ცნობილი ქართველი კომპოზიტორების: რევაზ გოგნიაშვილის, ზაქარია ფალიაშვილის, დიმიტრი არაყიშვილის და სხვათა ნივთები, განსაკუთრებული ყურადღების ღირსია უნიკალური შავი როიალი, რომელზეც შექმნილია კომპოზიტორ რევაზ ლაღიძის ისეთი ცნობილი ნაწარმოებები, როგორებიცაა ”სიმღერა თბილისზე”, ოპერა ”ლელა” და სხვა.

4. თეატრის დარბაზი - წარმოდგენილია ქართული თეატრის ისტორია უძველესი დროიდან მე-20 საუკუნის 30-იან წლებამდე. გამოფენილია ქართული თეატრალური ფარდების ესკიზები, სათეატრო შენობებისა და თეატრალური დასების უნიკალური ფოტოები, ძვირფასი თეატრალური კოსტიუმები, ცნობილ მოღვაწეთა მემორიალური ნივთები, მე-19 საუკუნის ძვირფასი ავეჯი (მათ შორის ქართველი მწერლის შიო მღვიმელის კაბინეტი.

5. სვეტებიანი დარბაზი - აღნიშნული საგამოფენო სივრცე გაფორმებულია მოხატულობით, რომელიც 1860 წელს იტალიელი ჯუზეპე ფიორელის მიერ აღმოჩენილი ქალაქ პომპეის ფრესკების შთაგონებითაა შექმნილი. დარბაზი, ამჟამად, ქართული თეატრალური მხატვრობის ყველაზე დიდ საგამოფენო სივრცეს წარმოადგენს. აქ ნიკო ფიროსმანის, გიგო გაბაშვილის, შალვა ქიქოძის შედევრებთან ერთად ექსპონირებულია ისეთი ცნობილი თეატრალური მხატვრების ნამუშევრები როგორებიცაა: პეტრე ოცხელი, ირაკლი გამრეკელი, სოლიკო ვირსალაძე, სერგო ქობულაძე და სხვები.

6. სიყვარულის კოშკი და კოლხი მედეას დარბაზი - გადმოცემის მიხედვით სიყვარულის კოშკი სასახლეს მოგვიანებით მიაშენეს, მასში დღემდე შემორჩენილია ე.წ საიდუმლო ოთახი, სადაც ლეგენდის მიხედვით შეყვარებული წყვილი (გრაფი კონსტანტინე ოლდენბურგი და აგრაფინა ჯაფარიძე) ერთმანეთს ხვდებოდა. კოშკი ძვირფას ხელოვნების ნიმუშს წარმოადგენს, მისი კედლები ხელოვნების მოღვაწეთა XIX-XX საუკუნეების ტილოებითაა დამშვენებული, ჭერი კი ძვირფასი მხატვრობითაა გაფორმებული. აქვეა უნიკალური დახვეული კიბე, რომელსაც დამთვალიერებელი სასახლის მეორე სართულზე კოლხი მედეას ოთახში აჰყავს, დარბაზის ჭერზე ცნობილი ბერძნული მითის ”იასონი და არგონავტები”-ს პერსონაჟებია წარმოდგენილი. აქვეა გამოფენილი ქართული ფრესკის ასლები და იტალიური მხატვრობის საუკეთესო ნიმუშები. კოლხი მედეას ოთახი ბერძნულ დარბაზსა და შალვა დადიანის ფლიგელს უკავშირდება.

7. გოთური ოთახი - აღნიშნულ ოთახში ძირითადად ევროპელი მხატვრების ნამუშევრებია განთავსებული. ევროპული ხელოვნებისადმი ინტერესი საქართველოში ძველი დროიდან არსებობს. დასავლეთ ევროპული ხელოვნება საკმაოდ პოპულარული გახდა საქართველოში მე -18 საუკუნეში. ქართველი თავადები ხშირად მოგზაურობდნენ ევროპაში და ცდილობდნენ, რომ დაებრუნებინათ ევროპული კულტურა, ხელოვნება და ტრადიციები სამშობლოში. ოთახში ასევე, განთავსებულია თეთრი ბუხარი გერმანიიდან, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ჩამოტანილ იქნა საქართველოში.

ხელნაწერთა განყოფილება

რედაქტირება

ხელნაწერთა განყოფილება 160 ფონდისაგან შედგება და იგი მოიცავს საქართველოში არსებული ყველა თეატრის შეახებ არსებულ დოკუმენტებს, პროგრამებს, სხვადასხვა მოღვაწეთა პირად ხელნაწერებსა და ჩანახატებს. აღნიშნული კოლექცია 1861 წლიდან გამუდმებით ივსება.ფონდში თავმოყრილია საქართველოში მოღვაწე მწერალთა, საზოგადო მოღვაწეთა და ხელოვნების მუშაკთა 40 ათასამდე ხელნაწერი, აქვე ინახება იმერეთის მეფის სოლომონ II-ის მიერ გაცემული სიგელი, სამეგრელოს მთავრებისა და დედოფლების გრიგოლ დადიანის, ნინო და მარიამ დადიანების ხელმოწერილი გუჯრები, საფრანგეთის პრინცესა სალომე დადიანის პირადი მიმოწერა, აგრაფინა ჯაფარიძე-ზარნიკაუსა და კონსტანტინე ოლდენბურგელის ბარათები გერმანულ ენაზე.ფონდში დაცული არქივები მდიდარი და მრავალფეროვანია: გვხვდება როგორც პირადი და საქმიანი მიმოწერა, ისე ჩანაწერები, სცენარები, დღიურები, ლექსების კრებულები, პიესები, სანოტო რვეულები, პარტიტურები და სხვ.

ხელნაწერთა ფონდში დაცულია ვაჟა-ფშაველას, აკაკი წერეთლის, გალაკტიონ ტაბიძის, იოსებ გრიშაშვილის, ივანე მაჩაბლის და სხვათა ხელნაწერები. კოლექციებადაა დაცული ვანო სარაჯიშვილის, უშანგი ჩხეიძის, აკაკი ხორავას, აკაკი ვასაძის, მიხეილ ჭიაურელის, ვერიკო ანჯაფარიძის, სერგო ზაქარიაძის, სესილია თაყაიშვილის და სხვათა არქივები.

ასევე წარმოდგენილია უცხოელი მოღვაწეების პეტრე ჩაიკოვსკის, თეოდორ შალიაპინის, დიმიტრი შოსტაკოვიჩის, მიხეილ იპოლიტოვ-ივანოვის ხელნაწერები. პირადი არქივების გარდა ფონდში ინახება თბილისის კოტე მარჯანიშვილისა და შოთა რუსთაველის სახელმწიფო თეატრების მნიშვნელოვანი მასალები. თელავის, ქუთაისის, ბათუმის და სხვა რაიონული თეატრების უძველესი პროგრამები. ასევე აფხაზეთის ქართული და აფხაზური დასების, ოსეთის, აზერბაიჯანის, სოხუმის თეატრების ისტორიები და პროგრამები.

კორპორაცია დურუჯის უნიკალური დოკუმენტები და თბილისის სახაზინო თეატრების პროგრამები. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ისტორიის ამსახველი მასალები, თბილისის დრამატული საზოგადოების პროგრამები (1893-1903), რომლებიც აბრეშუმის ფერად ქსოვილებზეა დაბეჭდილი. ფონდში ასევე დაცულია ქართულ და რუსულენოვანი კინოს სცენარები, გადაღების ამსახველი ჩანაწერები.

ბიბლიოთეკისა და რარიტერული გამოცემათა ფონდი

რედაქტირება

საკმაოდ მდიდარი და მრავალრიცხოვანია მუზეუმის ბიბილიოთეკისა და რარიტერულ გამოცემათა ფონდი. მასში დაცულია 32000-მდე ექსპონატი. ფონდის ძირითადი ნაწილი შედგება წიგნებისაგან ქართულ და რუსულ ენებზე თეატრის, კინოს, მუსიკის, ქორეოგრაფიის, ხელოვნების, ისტორიის და რელიგიის შესახებ. ასევე არის დაცული მხატვრული ლიტერატურა, ენციკლოპედიები, ლექსიკონები, პიესები. ფონდში ინახება სამასამდე სანოტო წიგნი. ასევე სხვადასხვა დასახელების ჟურნალ-გაზეთები. უნიკალურ საგანძურს წარმოადგენს სასახლის მკვიდრთა წიგნადი კოლექცია, რომელიც დადიანებისა და ოლდენბურგელების ბიბლიოთეკის ნაწილს წარმოადგენს, გამოცემები 1633-1639 წლებით თარიღდება

ფონდში უხვადაა რარიტერული გამოცემები როგორც ქართულ, ასევე რუსულ ენებზე. ჟურნალ–გაზეთები თეატრი და ცხოვრება (1910, 1914-17, 1923-24), ნიშადური (1917-1918 წ.წ.), საფირონი (1924 წ.), დურუჯი (1926 წ.), ტარტაროზი (1927-1928 წ.წ.), H2CO4 (1924 წ.), მომავალი (1920 წ.), ერობა (1920 წ.), უშბა (1926 წ.), მეოცნებე ნიამორები (1923 წ.), დროშა (1924-1925 წ.წ.), მიზანი (1927 წ.), პირამიდები (1924 წ.), ალმანახი (1925 წ.), გრდემლი (1923 წ. და 1927 წ.), ფასკუნჯი (1908 წ. და 1910 წ.), ჩვენი თეატრი (1912 წ.), ეშმაკის მათრახი (1919-1920 წ.), სახალხო ფურცელი (1914 წ.), სახალხო გაზეთი (1910 წ.), მათრახი (1915 წ.), ლახტი (1912 წ.), კვალი, ივერია.

ფონდში ინახება უძველესი საგალობლები და სანოტო წიგნები. აქვე წარმოდგენილია წიგნები ცნობილი ადამიანების ავტოგრაფებით .

ფოტო და ფოტონეგატივების ფონდი

რედაქტირება

ფოტო და ფოტონეგატივების ფონში 100 000-მდე ექსპონატია დაცული. ეს არის ქართული თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის ისტორიის ამსახველი მასალა XIX საუკუნის II ნახევრიდან დღემდე. უმდიდრეს ფოტომასალასთან ერთად ფონდში დაცულია უნიკალური მინის ნეგატივები, რომლებზეც აღბეჭდილია ქართული და უცხოური თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის განვითარების ისტორია. აქვე ინახება იმ მსახიობთა და რეჟისორთა პირადი არქივები, (ვასო აბაშიძე, ლადო ალექსი-მესხიშვილი, მაკო საფაროვა, ელისაბედ ჩერქეზიშვილი, კოტე მესხი, სანდრო ახმეტელი, კოტე მარჯანიშვილი, ვასო ყუშიტაშვილი და სხვ.)

ფონდში დაცულია პირველი ქართული თეატრალური დასების მოღვაწეობისა და დადგმების ფოტომასალა: ცოცხალი სურათები “ვეფხისტყაოსნიდან”, სცენები სპექტაკლებიდან: “სამშობლო”, “და-ძმა”, “გაყრა”, “ხანუმა”, “მზის დაბნელება საქართველოში”, “მეფე ლირი”, “ჰამლეტი” და სხვა; ასევე ვრცლადაა წარმოდგენილი ოპერისა და ბალეტის, საქართველოში არსებული იტალიური და რუსული ოპერებისა და სახალხო თეატრების მოღვაწეობის კადრები. აქვეა პირველი ქართული ხალხური გუნდებისა და კომპოზიტორების ფოტოები. მუზეუმის ფოტოფონდი მდიდარია პირველი ქართული ფილმების კინოკადრებით: ქრისტინე, აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში, არსენა ჯორჯიაშვილი, ჩემი ბებია, ამოკი, „საბა“, უკანასკნელი მასკარადი. ფოტო და ფოტონეგატივების ფონდში ინახება ივანე პერესტიანის, ალექსანდრე წუწუნავას, ნიკოლოზ შენგელაიას, ვლადიმერ ბარსკის, მიხეილ ჭიაურელის, ალექსანდრე დიღმელოვის, რეზო ჩხეიძის, თენგიზ აბულაძის, გიორგი და ელდარ შენგელაიების და სხვათა პირადი არქივები, სადაც დაცულია როგორც ფოტო, ისე კინომასალები. მრავლად არის რევოლუციის შემდგომი პერიოდის საოპერო და თეატრალური დადგმების კადრები, რომელიც აკაკი ხორავას, აკაკი ვასაძის, ვერიკო ანჯაფარიძის, სესილია თაყაიშვილის, სერგო ზაქარიაძის, უშანგი ჩხეიძის, ვასო გოძიაშვილის, ალექსანდრე ჟორჟოლიანის და სხვათა შესახებ მეტად მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის.

ფონდში დაცულია XIX საუკუნის საქართველოში ეროვნული უმცირესობებისა და დიასპორების კულტურული მოღვაწეობის ამსახველი უმდიდრესი ფოტომასალა.

აქვე ინახება მდიდარი ფოტომასალა, რომელზეც აღბეჭდილია სათეატრო შენობების ხედები, საქართველოს ფილარმონია, ცირკი, მათი გასტროლები, ყრილობები, ორკესტრები, კვარტეტები, ანსამბლები, დეკადები. ფონდი მდიდარია ცნობილ ფოტოგრაფთა დიმიტრი ერმაკოვის, ალექსანდრე როინაშვილის, ედუარდ კლარის, ალექსანდრე მიხაილოვის, ვლადიმერ ბარკანოვის, ალექსანდრე გერმანის, აბრამ ნორდშტეინის მიერ გადაღებული მასალით, სადაც გვხვდება როგორც ტიპაჟები და სცენები სპექტაკლებიდან, ისე ისტორიული ძეგლები და სხვ. აქვეა XIX საუკუნის მე-II ნახევრის და გასული საუკუნის ღია ბარათების მდიდარი კოლექცია.

გრამფირფიტებისა და ფონო-აუდიო ფონდი

რედაქტირება

გრამფირფიტების ფონდში თავმოყრილია მუზეუმის ერთ-ერთი უმდიდრესი კოლექცია: უძველესი ფირფიტების გვერდით აქ ინახება თანამედროვე კინოსა და მუსიკის აუდიო და ვიდეო ჩანაწერები.

ფონდში დაცული 2503 ექსპონატი ასახვს საქართველოში აუდიომატარებლების განვითარების ისტორიას. აქ ინახება ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ხმისჩამწერი სტუდიების Disco Pate-ს, Concert Report-ისა და Gramaphone-ის მიერ ჩაწერეილი ცვილის ლილვაკები, ფირფიტები, აუდიოკასეტები და თანამედროვე CD დისკები. ფონდი მოიცავს საოპერო, სათეატრო, რადიო და სატელევიზიო აუდიო და ვიდეო მასალას. დაცულია საოპერო ხელოვნების უბადლო შემსრულებელთა ფირფიტები, ასევე რადიოსპექტაკლების ჩანაწერები, საგალობლები, ცვილის ლილვაკებზე ჩაწერილი ექსპედიციის მასალები.

სააფიშო ფონდი

რედაქტირება

სააფიშო ფონდი მუზეუმის დაარსებისთანავე შეიქმნა და მასში 70 000-ზე მეტი ექსპონატია დაცული. ფონდის მცირე ნაწილი, დაახლოებით 4 000 ექსპონატი (რევოლუციამდელი პერიოდი), დახარისხებულია ქრონოლოგიური პრინციპით. რევოლუციამდელი პერიოდის ფონდები მდიდარია როგორც პროფესიული ქართული და არაქართული თეატრებისა და პროფესიონალ თეატრალურ მოღვაწეთა: ვანო სარაჯიშვილის, ვასო აბაშიძის, მაკო საფაროვა-აბაშიძის, ლადო ალექსი-მესხიშვილის, გიორგი ფრონისპირელის, ვალერიან გუნიას, ნატო გაბუნიას, იუზა ზარდალიშვილის, კოტე მესხის, თეოდორ შალიაპინის, მოსკოვის საიმპერატორო თეატრის მსახიობებისა და სხვათა შემოქმედების ამსახველი აფიშებით, ასევე სცენისმოყვარეთა დრამატული წრეებისა და სახალხო თეატრების შემოქმედების ამსახველი მასალით.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რევოლუციამდელი და რევოლუციის შემდგომი პერიოდის საოპერო თეატრის ფონდი, რომელიც 1871 წლიდან დღემდე პერიოდს მოიცავს. ამ ფონდში დაცული აფიშები განსაკუთრებულ ღირებულებას წარმოადგენს, რადგან 1973 წელს ხანძრის შედეგად ოპერისა და ბალეტის თეატრის მუზეუმი მთლიანად განადგურდა და საცავებში დაცული აფიშების დიდი ნაწილი ჩვენამდე შემონახული ერთადერთი ეგზემპლარებია. ფონდი მოიცავს სახაზინო თეატრში, ზუბალაშვილის სახალხო სახლში, ნიკიტინის ცირკში, ვერის, ორთაჭალის, ავჭალის, ავლაბრის, მუსულმანთა აუდიტორიებში, ხელოსანთა კლუბებში და სხვა სცენებზე გამართულ წარმოდგენებს.

ფონდი მდიდარია ქართული კინემატოგრაფიის _ მხატვრული, დოკუმენტური თუ მულტიპლიკაციური კინოს ისტორიისა და განვითარების ამსახველი მხატვრული აფიშებით.

მემორიალურ და ხელოვნების ნიმუშთა ფონდი

რედაქტირება

მემორიალურ და ხელოვნების ნიმუშთა ფონდი 900-ზე მეტ უძვირფასეს ექსპონატს მოიცავს. აქ წარმოდგენილია ქართველ და უცხოელ ხელოვანთა პირადი რელიკვიები. უძველესი ნივთი ანტიკურ პერიოდს განეკუთვნება. კერძოდ ეს არის თეატრალური ნიღაბი მძივსაკიდის სახით, რომელიც რომელიც 1941 წელს ვანის არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩნდა. მნიშვნელოვანია ძვირფასი ლითონებისაგან დამზადებული წარჩინების ნიშნების კოლექცია, მათ შორის აღსანიშნავია დიმიტრი არაყიშვილის რუსეთის საიმპერატორო არქეოლოგიური საზოგადოების ოქროს ორდენი, ვანო სარაჯიშვილის სახალხო არტისტის მინანქრიანი და ოქროს ქარაგმიანი სამკერდე მედალი.უნიკალური ხელოვნების ნიმუშებს წარმოადგენს ალექსანდრე სუმბათაშვილ-იუჟინის ვერცხლის გვირგვინები.ცალკე აღნიშვნის ღირსია თეატრალური, კინო და ქორეოგრაფიული კოსტიუმების დიდი კოლექცია. აქ ინახება ფილმების “ბაში -აჩუკი” დიდოსტატის მარჯვენა, “მამლუქი”, ქეთო და კოტე ოქრომკედითა და ნახევრად ძვირფასი ქვებით მორთული კოსტიუმები. მნიშვნელოვანია ნინო რამიშვილის სახელობის ქართული ნაციონალური ბალეტის სახელმწიფო აკადემიური დასის კოსტიუმები, ცეკვების სადარბაზოს თუშურისა და ხევსურულის უნიკალური ეგზემპლარები სოლიკო ვირსალაძის ესკიზების მიხედვით შეიქმნა. აქვე ინახება ცნობილი ქართველი მოცეკვავის ფრიდონ სულაბერიძის აჭარული ჩოხა. თეატრალური კოლექციიდან გამორჩეულია მომღერალ სანდრო ინაშვილის კოსტიუმებს, ერთ-ერთი მათგანი მილანში საგანგებოდ დამზადდა. ესაა ტორეადორის კოსტიუმი, სპექტაკლიდან „კარმენი“. იგი ოქროს ძაფებით მოქარგული ორნამენტების სიუხვით გამოირჩევა.

ხელოვნების ნიმუშთა შორის მრავალია მემორიალური ნივთები. კერძოდ ვაჟა-ფშაველას ჩოხის მასრები, სერგო ზაქარიაძის სათვალე ფილმიდან ჯარისკაცის მამა, დავით ერისთავის მარმარილოს ბლოკნოტი, დიმიტრი არაყიშვილის ოქროს საათი და ის ფონოგრაფი, რომლითაც კომპოზიტორმა ქართული ხალხური სიმღერები ცვილის ლილვაკებზე ჩაწერა. აქვეა დაცული დიმიტრი ყიფიანის სამგზავრო ნესესერი, ეს უნიკალური ნივთი ინგლისის სამეფო-საიმპერატორო ქარხანაშია დამზადებული, მას სამეფო გვირგვინი და ქართველი წმინდანის ასომთავრულით შესრულებული ინიციალები ამშვენებს. ელენე ჩერქეზიშვილის ჩრდილოკავკასიური კოსტიუმი კი ბრწინვალე დაღესტნური ფილიგრიმითა და უხვად ორნამენტირებული სპილენძის ქამრითაა გაფორმებული. ფონდში წარმოდგენილია შალვა დადიანის საომარი ხმალი თურქული დამღით, მისი საწერი მაგიდა და სავარძელი.

ფონდში თამოყრილი ბევრი ნივთი საქართველოში ხელოვნების სხვადასხვა დარგის განვითარების ისტორიას უკავშირდება. მაგალითად აბრეშუმზე დასტამბული ის ძვირფასი აფიშა, რომელიც 1882 წლის 20 იანვარს დავით ერისთავს სპეკტაკლის „სამშობლო“ პრემიერის დღეს მიართვეს. მუზეუმის ერთ-ერთი პირველი ექსპონატი იყო 1913 წელს ქალაქ მოსკოვში კოტე მარჯანიშვილის მიერ დაარსებული “თავისუფალი თეატრის” ფარდა, ცნობილი რუსი მხატვრის კონსტანტინე სომოვის ესკიზის მიხედვით შექმნილი ეს ხელოვნების ნიმუში მრავალი წლის განმავლობაში დაკარგულად ითვლებოდა, მაგრამ 1930 წელს ის მოსკოვის ერთ-ერთ თეატრალურ სარდაფში აღმოჩნდა და მუზეუმს გადაეცა.

ფონდში დაცულია მსოფლიო დონის ხელოვანთა ისეთი ნივთები, როგორებიცაა მაგალითად მაია პლისეცკაიას პუანტები მისივე ავტოგრაფით, იგი მუზეუმს სერგო ფარაჯანოვმა უსახსოვრა. აქვე ინახება ნინო ანანიაშვილის პუანტები ავტოგრაფით.

უნიკალური და იშვიათი ნამუშევრების კოლექცია

რედაქტირება

მუზეუმს გააჩნია ქართული, რუსული, აღმოსავლური და დასავლეთ ევროპული სახვითი ხელოვნების ნიმუშების ძვირფასი კოლექცია. იგი სიდიდითა და მნიშვნელობით ამიერკავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია. აქ წარმოდგენილია ქართული მოდერნისტული მხატვრობის ყველაზე ვრცელი კოლექცია, პეტრე ოცხელის ასზე მეტ ნამუშევარს შორის დაცულია ისეთი მნიშვნელოვანი ესკიზები, როგორებიცაა: ”მშენებელი სოლნესი” (1931), ”მუნჯები ალაპარაკდნენ” (1931). ”ყოჩაღი ჯარისკაცი შვეიკი” (1931), ”ჯოი სტრიტი” (1932), ”ბომბეი” (1932), ”ყაჩაღები” (1932), ”ოტელო” (1933). აქვე ინახება ამავე ავტორის მიერ გაფორმებული ფილმ ”მფრინავი მღებავი”-ს უნიკალური ესკიზები (1936).

ქართული სახვითი ხელოვნების ფონდში ასევე დაცულია მსოფლიოში განთქმული პრიმიტივისტის ნიკო ფიროსმანაშვილის ”მწეველი მამაკაცი”-ს პორტრეტი, ქართული რეალისტური მხატვრობის ისეთი ცნობილი წარმომადგენლების ნამუშევრები, როგორებიც არიან: გიგო გაბაშვილი, ალექსანდრე ბერიძე. ახალი ქართული მხატვრობის გამორჩეული წევრების: შალვა ქიქოძის, დავით კაკაბაძის, სერგო ქობულაძის, ლადო გუდიაშვილისა და სხვათა ბრწყინვალე ტილოები თუ ესკიზები.

რუსული მხატვრობიდან აღსანიშნავია მიხეილ ნესტეროვის ”პეიზაჟი ტბის პირას”, კონსტანტინე სომოვის ”თავისუფალი თეატრის ფარდა”, ”მირ ისკუსტვას” დამფუძნებლისა და მთავარი იდეოლოგის ალექსანდრე ბენუას, მხატვარ ლეონ ბაქსტის, რეჟისორ სერგეი ეიზენშტეინის და სხვათა ნამუშევრები.

დასავლეთ ევროპული მხატვრობის კოლექციაში წარმოდგენილია ფლამანდიური სახვითი ხელოვნების შედევრი, დავით ტენიერ უმცროსის ”ეჭვიანი ცოლი”, ფლორენციელი მხატვრის მიქელანჯელო მეუჩის ნატურმორტი, ფრანგი მხატვარ-ექსპერსიონისტის ფერნან ლეჟესა და იტალიელი პოეტის, მწერლისა და სცენარისტის ტონინო გუერას ნამუშევრები.

აღმოსავლური კოლექცია მოიცავს ყაჯარულ ნამუშევრებს. მათ შორის გამორჩეული ძეგლია პაპიე მაშზე შესრულებული უნიკალური სცენა „სოლომონი და მისი სასამართლო“, აქვე დაცული ყაჯარული მინიატურები კი ერმიტაჟისა და ალბერტ და ვიქტორიას მუზეუმის კოლექციებში წარმოდგენილი საქვეყნოდ განთქმული ტილოების ვარიაციებია და თანადროულ პერიოდში, ანუ ფათხ ალი შაჰის ზეობის დროსაა (1797–1834) შემქნილი.

ეროვნული და სასცენო კოსტიუმების კოლექცია

რედაქტირება

საქართველოს ხელოვნების სასახლე – კულტურის ისტორიის მუზეუმის თეატრალურ და ქორეოგრაფიულ კოსტიუმთა კოლექცია საქართველოში უმდიდრესია. იგი პირობითად სამი ნაწილისაგან შედგება: ესენია: თეატრალური, კინო და ქორეოგრაფიული კოსტიუმები. მართალია კოლექცია ქრონოლოგიურად არც თუ ისე ვრცელ პერიოდს, ძირითადად XVII-XX საუკუნეებს მოიცავს, მაგრამ უდიდესია მისი მხატვრული და ეროვნული ღირებულება. 300 მდე კოსტიუმი და აქსესუარი საეტაპო მნიშვნელობის ქართული კინოფილმების, თეატრალური დადგმებისა და ქორეოგრაფიული სცენების ისტორიას ასახავს.

უძველესი კოსტიუმი რომელიც მუზეუმშია დაცული, XVII საუკუნით თარიღდება და იგი ოქრომკედით შესრულებულ ქალის ზედა ტანს წარმოადგენს. კოსტიუმი გამოყენებულია ფილმებში ”გიორგი სააკაძე” და ”სურამის ციხე.” ამავე პერიოდს განეკუთვნება მამაკაცის ხავერდისა და ატლასის მოსასხამი ოქრომკედითა და ძვირფასი თვლებით.

მუზეუმში დაცულია XIX საუკუნის ატლასის წითელი გულისპირი მოოქროვილი ღილისმაგვარი მოგრძო ბალთა-აბზინდებით. იგი ელენე ჩერქეზიშვილს ეკუთვნოდა და ქალის მდიდრული კოსტიუმის შემადგენელი ნაწილი ყოფილა. ამავე პერიოდს უნდა მივაკუთვნოთ ოსმალური კოსტიუმი- “სუბუნი” რომელიც ისტანბულში, ბაიაზითის უბანშია შექმნილი. მამაკაცის მდიდრულად მორთული ხავერდის ეს მოსასხამი, რომელიც უფრო პიჯაკს ჰგავს ორნამენტების სიუხვით გამოირჩევა.

ძველი ოსმალური სუბუნის თავისებური ინტერპრეტაციაა კინოფილმ “მამლუქის” (1958) მთავარი გმირის მაჰმუდის (ოთარ კობერიძე) წითელი კოსტიუმი. კოლექციის ყველაზე თვალსაჩინო და ოქროთი მდიდრულად გაფორმებული კოსტიუმი ტორეადორის სამოსი არის. იგი ცნობილ ქართველ მომღერალს სანდრო ინაშვილს ეკუთვნოდა.

მომღერალ სანდრო ინაშვილის კოსტიუმები მთელ კოლექციაში ფერთა სიხასხასით, შესრულების მაღალი დონითა და განსაკუთრებული მხატვრული ღირებულით გამოირჩევა, მათ შორის აღსანიშნავია ჯამბაზის სამოსი ოპერა “რიგოლეტოდან”.. კოსტიუმი XVII საუკუნეში ჰოლანდიასა და დანიაში დამკვიდრებული მოდის სტილზეა შეკერილი.

მუზეუმში ინახება იოსებ რატილის ქართული ხალხური სიმღერის გუნდის წევრის იოსებ ჯანდიერის 1890 წელს შეკერილი ქულაჯა და ახალუხი. ხელოვნების ბრწყინვალე ნიმუშებს წარმოადგენს სახელმოხვეჭილი ბალერინის, საქართველოს სახალხო არტისტის ლილი გვარამაძის საცეკვაო კაბების კოლექცია.

განსაკუთრებული მემორიალური მნიშვნელობა ენიჭება მედეა ჯაფარიძის კაბას ფილმიდან ”ქეთო და კოტე”, ”ქაბატოს” კოსტიუმს, სოფიკო ჭიაურელის (”ფუფალა”), ოთარ მეღვინეთუხუცესის, მედეა ჩახავას, ფრიდონ სულაბერიძის, იამზე დოლაბერიძისა და სხვათა სასცენო კოსტიუმების უნიკალურ კოლექციას. უნიკალური ხელოვნების ნიმუშია “დოქებით ცეკვის” კოსტიუმი, რომელიც მუზეუმს ქართული ნაციონალური ბალეტის ხელმძღვანელმა ნინო სუხიშვილმა გადასცა. კოსტიუმი 1950-იან წლებშია შექმნილი ცნობილი ქართველი თეატრალური მხატვრის სიმონ (სოლიკო) ვირსალაძის მიერ. მუზეუმში ასევე დაცულია ე.წ თამარ მეფის კოსტიუმი, რომელიც ვარძიის ფრესკის მიხედვითაა აღდგენილი (სამწუხაროდ უცნობია ავტორის ვინაობა).

სახვითი ხელოვნების ფონდი

რედაქტირება

სახვითი ხელოვნების, ფერწერისა და გრაფიკის ფონდში დაცულია 300-ზე მეტი ქართველი მხატვრის 10 000 - მდე ექსპონატი, რაც სრულად წარმოაჩენს ქართული თეატრის მხატვრობის ისტორიას. ფონდში დაცული კოლექცია შედგება თეატრალურ მოღვაწეთა ფერწერული პორტრეტების, დეკორაციებისა და კოსტიუმების ესკიზების, გრაფიკული კომპოზიციების, ირანული მინიატურების, ფრანგული და გერმანული გრავიურების, ფერადი ლითოგრაფიების ნიმუშებისაგან. ფონდში კოლექციებადაა დაცული კოტე მარჯანიშვილთან ერთად მომუშავე მხატვრების პეტრე ოცხელის, ირაკლი გამრეკელის, კირილე ზდანევიჩის, ლადო გუდიაშვილის, ელენე ახვლედიანის, დავით კაკაბაძის და სხვათა ნამუშევრები. აქვეა დაცული თამარ აბაკელიას, სერგო ქობულაძის, სოლომონ ვირსალაძის, ივანე ასკურავას, ირაკლი თოიძის, თამარ და დიმიტრი თავაძეების, ნიკოლოზ ყაზბეგის, ფარნა ლაპიაშვილის, რევაზ და თენგიზ მირზაშვილების, ვლადიმერ და მამია მალაზონიების, გიორგი მესხიშვილის, თეიმურაზ მურვანიძის, თეიმურაზ ნინუას და სხვათა ნამუშევრები, რომლებმაც მთელი ეპოქა შექმნეს ქართულ სცენოგრაფიასა და სახვით ხელოვნებაში. ქართველი მხატვრების გარდა ფონდში ინახება რუსი, სომეხი, აზებაიჯანელი და სხვა უცხოელ მხატვართა ნამუშევრები. აღსანიშნავია, რომ ფონდში დაცულია XX საუკუნის დასაწყისში პეტერბურგში ჩამოყალიბებული “მირ ისკუსსტვოს” გაერთიანებაში შემავალი მხატვრების, ე.წ. რუსული მხატვრობის “ვერცხლის საუკუნის” წარმომადგენლების კონსტანტინე კოროვინის, ლევ ბაქსტის, ალექსანდრე ბენუას, ალექსანდრე გოლოვინის და ვიქტორ სიმოვის ნამუშევრები.

ქანდაკების ფონდი

რედაქტირება

მუზეუმში ქართული რეალისტური ქანდაკების ფუძემდებლის, საქართველოს სსრ სახალხო მხატვრის იაკობ ნიკოლაძის სამი ნამუშევარია დაცული, მათგან განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია მსახიობისა და რეჟისორის ვლადიმერ ალექსი მესხიშვილის პორტრეტი, ბიუსტი დიდ მოქანდაკეს 1940 წელს უნდა შეესრულებინა, სწორედ იმ პერიოდში, როდესაც მესხიშვილის სახელი ქუთაისის დრამატულ თეატრს მიენიჭა. განსაკუთრებით უხვადაა წარმოდგენილი, იაკობ ნიკოლაძის მოსწავლის, შემდგომში დიდი ქართველი რეჟისორისა და მხატვრის მიხეილ ჭიაურელის ნამუშევრები. თაბაშირის სკულპტურებში ქართული ხელოვნების ისეთი თვალსაჩინო წარმომადგენლები არიან ასახულები, როგორებიცაა: ვანო სარაჯიშვილი , კოტე მესხი, ვასო აბაშიძე, ვალერიან გუნია. ეს ნიმუშები ორმაგად ღირებულია, რადგან დიდი შემოქმედის მოღვაწეობის ადრეულ და ნაკლებად ცნობილ პერიოდს გადმოგვცემს. ი.ნიკოლაძის სკოლის კიდევ ერთი თვალსაჩინო წარმომადგენლის მოქანდაკე ბიძინა ავალიშვილის თაბაშირის ბარელიეფი რეჟისორ ალექსანდრე თაყაიშვილს ასახავს. ფონდში ინახება თანამედროვე ქართული ქანდაკების ერთ-ერთი ფუძემდებლის, საქართველოს სახალხო მხატვრის ნიკოლოზ კანდელაკის მიერ შესრულებული, მომღერალ ნიკო ქუმსიაშვილის თაბაშირის ბიუსტი.შესრულების მაღალი დონით გამოირჩევა 60-იანელთა თაობის თვალსაჩინო წარმომადგენლის, მხატვართა კავშირის წევრის ნურადინ შავგულიძის ნამუშევარი:- გიორგი შავგულიძის ბიუსტი (ბრინჯაო), რომელიც მოქანდაკემ ტრაგიკულად დაღუპული მამის, საქართველოს სახალხო არტისტის გიორგი შავგულიძის ხსოვნას მიუძღვნა. ფონდში ასევე დაცულია დიდი ქართველი მოქანდაკის, რუსთაველის სახელმწიფო პრემიის ლაურეატის ელგუჯა ამაშუკელის ერთი ნამუშევარი, ხელოვანმა თაბაშირში ვალერიან გუნიას ანფასი შთამბეჭდავი ოსტატობით გადმოსცა.

მუზეუმში წარმოდგენილია რამდენიმე ანტიკური ქანდაკების ასლი, მათგან განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია, პონტოსა და კოლხეთის მეფის მითრიდატე VI ევპატორი დიონისეს ლუვრში დაცული მარმარილოს ქანდაკების ზუსტი ასლი.

შენობის ისტორია

რედაქტირება

სასახლე, რომელშიც საქართველოს თეატრის, მუსიკის კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმია მოთავსებული 1895 წელსაა აშენებული. იგი მტკვრის მარცხენა სანაპიროზე თბილისის ერთ-ერთ ძველ უბანში მდებარეობს და არქიტექტორ პოლ შტერნის მიერაა დაპროექტებული. თუმცა შენობა შემდგომშიც არაერთხელ გადაკეთდა. XIX საუკუნის 60-იან წლებში ეს ადგილი ბაღის (შემდგომში _ პიროგოვის) ქუჩად იწოდებოდა. ეს სახელი ქუჩის ორივე მხარეს გერმანელი კოლონიზატორების მიერ ბაღნარის გაშენებასთან იყო დაკავშირებული, რომლის ტერიტორიის დიდი ნაწილი ავსტრიის იმპერიის ქვეშევრდომს, ფრანც ტიტელს ეკუთვნოდა. მის ქალიშვილს, ემილიას ამ ქუჩაზე, 1895 წელს არქიტექტორ პოლ შტერნისათვის სასახლის მშენებლობა შეუკვეთია. პროექტმა დასრულებამდე სახეცვლილება განიცადა, რადგან მშენებლობის პროცესში, ნაგებობა გერმანელმა პრინცმა კონსტანტინე პეტრეს ძე ოლდენბურგელმა (1850-1906) ერთი ქართველი მანდილოსნისათვის, აგრაფინა ჯაფარიძე-დადიანისათვის, შეისყიდა. ეს ქალბატონი 1882 წელს რუსეთის იმპერატორის ნათესავმა, წარმოშობით გერმანელმა კ. ოლდენბურგელმა ქალაქ ქუთაისში გაიცნო. იგი ამ დროისათვის სამეგრელოს თავადის ტარიელ დადიანის მეუღლე იყო. პრინცი იმდენად მოიხიბლა ამ ქალბატონის მშვენიერებით, რომ მისი ოჯახური მდგომარეობა და XIX საუკუნეში საქართველოსა და ევროპაში დამკვიდრებული ტრადიციები არად ჩააგდო და აგრაფინას ჯაფარიძე-დადიანისას სიყვარულში გამოუტყდა. ოლდენბურგელის მხურვალე გრძნობამ აგრაფინას ქმარიც დაავიწყა და მოვალეობაც. შეყვარებულებმა ქუთაისი დატოვეს და საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდნენ. პრინცმა სატრფოს ახლადნაყიდ მიწაზე ულამაზესი სასახლე აუშენა. მოგვიანებით სწორედ ამ სასახლეში ცხოვრობდა სამეგრელოს უფლისწული ანდრია დადიანი, მსოფლიოში ცნობილ მოჭადრაკე, ეკატერინე ჭავჭავაძისა და დავით დადიანის უმცროს ვაჟი. შემდეგ კი აქ დამკვიდრდა ანდრიას დის, სალომე დადიანის მეუღლე, პრინც აშილ მიურატი.

შტერნი იმ დროის ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული არქიტექტორი იყო. სასახლის სტილი, ერთი მხრივ, “აგურის გოთიკას” ენათესავება, ხოლო მეორე მხრივ, დიდ ადგილს უთმობს ისლამური არქიტექტურისათვის დამახასიათებელ დეტალებს. ოლდენბურგის სასახლე თბილისურ ტრადიციასაც მნიშვნელოვნად სცილდება: ციხე-დარბაზის ტიპის ნაგებობას აქვს ღია ტერასა, ქვის მოაჯირიანი კიბე, შუა ბასტიონი აზიდული ციცაბო სახურავით და სამსართულიანი კოშკი საიდუმლო ოთახით; მთავარ ფასადზე თავმოყრილი შეისრული თაღები, კედელში ჩასმული ვარდულები, მოაჯირის წვრილი სვეტები გოთური სტილიზაციის უჩვეულო და საინტერესო ნიმუშს ქმნის. შენობას, რომელიც ორ ნაწილად იყოფა, 1900-იან წლებში სამხრეთით რამდენიმე ოთახი მიაშენეს. არსებობს ვარაუდი, რომ შუალედური პროექტის ავტორი ხუროთმოძღვარი ალექსანდრე როგოისკი უნდა ყოფილიყო. XX-საუკუნის 40-იან წლებში კი, სტალინიზმის ეპოქაში, საბჭოთა არქიტექტორების მიერ შენობის გაგრძელებად სამსართულიანი ნაგებობა დაიდგა, რომელიც გარე ფასადზე ზუსტად იმეორებს ისტორიული სასახლის მხატვრულ იერსახეს. ცალკე აღნიშვნის ღირსია მთავარ ბასტიონზე გამოსახული გერბი, სადაც ფარზე მითური ცხოველი მონოცეროზია გამოქანდაკებული. ესაა ძველ საბერძნეთსა და რომში რეალურ ცხოველად მიჩნეული თეთრი ცხენი შუბლზე დიდი რქით, რომელიც უბიწოებისა და სულიერი სიწმინდის სიმბოლოდ ითვლებოდა. ეს მითური არსება არაერთგან გვხვდება (შოტლანდიის, ინგლისისა და კანადის გერბებზე და ივანე მრისხანის ტახტზე). ე.წ. “რქოსანი ცხენი” იოანე ბატონიშვილის ცნობებზე დაყრდნობით დავით აღმაშენებლის გერბზეც იყო დატანილი.

უკვდავთა თაღი

რედაქტირება

გრაფ ოლდენბურგის სასახლის არქიტექტურული ნაწილი, რომელიც ნაგებობის ისტორიულ და ე.წ ახალ ფლიგელს ერთმანეთთან აკავშირებს, მისი საშუალებით სასახლის წინა ეზო ასევე შიდა ბაღს უერთდება. 2011 წელს შენობის სრულმასშტაბიანი რესტავრაცია-რეაბილიტაციის დროს გადაწყდა, რომ თაღს მემორიალური მნიშვნელობაც შეეძინა. 2013 წლიდან კი თაღის კედლებზე ქართული სასცენო და კინო ხელოვნების კორიფეთა ანაბეჭდები გაჩნდა (ინიციატორი გ. კალანდია). უკვდავთა თაღში პირველი ანაბეჭდი რეჟისორმა ელდარ შენგელიამ დატოვა. აქვეა ოთარ მეღვინეთუხუცესის, კახი კავსაძის, გივი ბერიკაშვილის, პაატა ბურჭულაძის, ელისო ვირსალაძის, რეზო ჩხეიძის, ოთარ კობერიძის, თენგიზ არჩვაძის ანაბეჭდები. ხელის ანაბეჭდის გახსნა განსაკუთრებული საზეიმო ცერემონიალია, ამ დროს სასახლის წინა ეზო და უკვდავთა თაღის ქვაფენილი წითელი ხალიჩით ირთვება, სასახლეში მაღალი დონის სტუმრები მოდიან, იმართება გამოფენები და კონცერტები ღია ცის ქვეშ. თაღის შესასვლელში მარმარილოს ფილაზე ამოტვიფრულია კონსტანტინე გამსახურდიას ცნობილი სიტყვები ”ხელოვნებაა თავად უკვდავება, მხოლოდ ოსტატს ვერ ეწევა სიკვდილი”.

უკვდავთა ბაღი

რედაქტირება

უკვდავთა ბაღი - იგი 2009 წელს გრაფ ოლდენბურგის სასახლის ტერიტორიაზე დაარსდა. ბაღის გაშენება (ინიციატორები გ. კალანდია, ი. ზამბახიძე, ნ. თოდუა, ი. მოისწრაფიშვილი) მას შემდეგ მოხდა, რაც შიდა ეზოში საბჭოთა პერიოდის საერთო სასადილო დაინგრა და მის კედლებში მე-19 საუკუნის საჯინიბოს კედლები გამოჩნდა. ნაგებობის ეს ძველი ფრაგმენტები ტერიტორიაზე დღემდე შემორჩენილია. მუზეუმის ეზოში არსებული ბაღი, არამარტო დასვენებისა და გართობის ადგილია, არამედ ამასთანავე იგი ქართული სასცენო და კინოხელოვნების ცნობილ წარმომადგენელთა ხსოვნას უკვდავყოფს (აქედან წარმოიშვა ბაღის სახელწოდებაც). აქ წარმოდგენილია ირაკლი გამრეკელის, რამაზ ჩხიკვაძის, ნიკოლოზ შენგელაიას, ვასო გოძიაშვილის, ვალერიან გუნიას, შალვა ღამბაშიძის, მელიტონ ბალანჩივაძის, ანდრია ბალანჩივაძის, ჯანო ბაგრატიონის მარმარილოსა და ბრინჯაოს ბიუსტები. 2012-2013 წლებში ბაღში სოფიკო ჭიაურელის, არჩილ კერესელიძისა და გურამ საღარაძის ბარელიეფებიც გაიხსნა. ბაღში უნიკალური ენდემური მცენარეები ხარობენ, ნაძვები სპეციალურად ჩამოტანილია ტაო-კლარჯეთის ისტორიული ადგილებიდან, კერძოდ, ოშკის, იშხნისა და ბანას ტაძრების ეზოებიდან. აქვეა ბორჯომის ხეობიდან გადმორგული წიწვოვანი მცენარეები, უფლისციხის ნაქალაქარიდან ჩამოტანილი ბუჩქები, დადიანების სასახლის ეზოდან გადმორგული კოლხური ბზები, ოქროსფერი და ალისფერი ვარდები ირლანდიიდან, მირონის ხეები კოლხეთის დაბლობიდან, ჰირაკლიონები შავიზღვისპირეთიდან და ასე შემდეგ.

2009 წლიდან მუზეუმის დირექტორია ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი გიორგი კალანდია

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება