ნიკოლოზ ქუმსიაშვილი
ნიკოლოზ ქუმსიაშვილი (დ. 18 ნოემბერი, 1892, ორხევი, დუშეთის მაზრა — გ. 20 სექტემბერი, 1942, თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი, მომღერალი, საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1941).
ნიკოლოზ ქუმსიაშვილი | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 18 ნოემბერი, 1892 |
დაბ. ადგილი | ორხევი (თიანეთის მუნიციპალიტეტი) |
გარდ. თარიღი | 20 სექტემბერი, 1942 (49 წლის) |
გარდ. ადგილი | ორხევი (თიანეთის მუნიციპალიტეტი) |
ბიოგრაფია
რედაქტირებანიკოლოზ ქუმსიაშვილი დაიბადა 1892 წლის 18 ნოემბერს სოფელ ზემო ორხევში. დაწყებითი განათლება თიანეთის სკოლაში მიიღო. 1905–1913 წწ. სწავლობდა წინამძღვრიანთკარის სასოფლო–სამეურნეო სკოლაში; დაამთავრა ქ. იალტის ნიკიტინის სახელობის მებაღე–მევენახეობის სასწავლებელი 1913 წელს, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (ვოკალური). სასწავლებლის დამთავრების შემდეგ იმოგზაურა გერმანია–საფრანგეთში; დაბრუნების შემდეგ ერთი წელი ასწავლიდა წინამძღვრიანთკარის სასოფლო–სამეურნეო სასწავლბელში; 1916 წელს გადასახლდა თბილისში; მღეროდა მიხეილ კავსაძის გუნდში. მუსიკალური განათლება მიიღო თბილისის სამუსიკო სასწავლებელში (ე. რიადნოვის კლასი). იყო საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად აირჩიეს 1919 წლის 12 მარტიდან. იყო აგრარული და თვითმმართველობის კომისიების წევრი.
1921 წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის დროს იბრძოდა წითელი არმიის წინააღმდეგ. ოკუპაციის დასრულების შემდეგ დარჩა საქართველოში და შევიდა სასწავლებლად თბილისის კონსერვატორიაში. 1923 წელს შედგა დებიუტი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე (მალხაზი, ზ. ფალიაშვილი „დაისი"). 1924–1932 წლებში იყო ამავე თეატრის წამყვანი სოლისტი; 1932–1933 წლებში მიწვეული იყო ლენინგრადის ოპერის თეატრის სოლისტად; 1933–1936 წწ. კვლავ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი სოლისტი; 1937 წელს წარმატებით მონაწილეობდა მოსკოვში გამართულ ქართული ხელოვნების დეკადაში.
ჰქონდა ფართო დიაპაზონის მაღალი სიძლიერის ხმა. შესრულებული აქვს 46 საოპერო პარტია, მათ შორის ქართული: მალხაზი, აბესალომი, სტუმარი (ზ. ფალიაშვილი "დაისი", "აბესალომ და ეთერი", "სტუმარი", ჩანაწერი გრამფირფიტაზე), თეიმურაზი (ვ. დოლიძე "ლეილა", 1927, პრემიერა), რატი (ზ. ფალიაშვილი "ლატავრა", 1928, პრემიერა), ვახტანგი (ვ. დოლიძე "ცისანა", 1929, პრემიერა), შოთა რუსთაველი(დ. არაყიშვილი "თქმულება შოთა რუსთაველზე"), ნიკო (მ. ბალანჩივაძე "დარეჯან–ცბიერი"), წითელი ყაყაჩო(შ. თაქთაქიშვილი "განთიადი"), ქართული რომანსები; სხვა რეპერტუარი: რადამესი, ოტელო, მანრიკო (ვერდის „აიდა", „ოტელო“, „ტრუბადური“), კანიო (ლეონკავალო "ჯამბაზები"), კალაფი, კავარადოსი (პუჩინი "ტურანდოტი", "ტოსკა"), ხოზე (ბიზე "კარმენი"), რაული (მეიერბერის „ჰუგენოტები“), ელიაზარი (ჰალევის „რაქილი“), სამსონი (სენ–სანსი "სამსონ და დალილა"), გერმანი (ჩაიკოვსკი "პიკის ქალი") გრიგორი (ძერჟინსკის „წყნარი დონი“); რეპერტუარში იყო ქართველ, რუს და უცხოელ კომპოზიტორთა სიმღერები და რომანსები; თბილისში მის ბინაში გაიხსნა სახლ-მუზეუმი. დაჯილდოებული იყო შრომის წითელი დროშის ორდენით.
ლიტერატურა
რედაქტირება- გუნცაძე, მ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 461.
- ხვადაგიანი, ი, „საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919“, თბილისი: საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია, 2016. — გვ. 404, ISBN 978-9941-0-9318-0.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 574.
- ახმეტელი, მ. მომღერლის უკვდავება „საბჭოთა ხელოვნება“ N3 1973
- ზურაბიშვილი, ი. თეატრალური პორტრეტები, თბილისი, 1972
- მჭედლიძე დ. ქართველ მომღერალთა სამი თაობა, თბილისი, 1968
- ქუმსიაშვილი, რ. მოგონება მამაჩემზე, „საბჭოთა ხელოვნება“ N2 1966