მიხეილ იპოლიტოვ-ივანოვი

მიხეილ იპოლიტოვ-ივანოვი (დ. 1859, გატჩინა — გ. 1935, მოსკოვი) — ქართველი რუსი, დირიჟორი და პედაგოგი. ქართული საგალობლებისა და ხალხური სიმღერების შემკრები. თბილისის კონსერვატორიის რექტორი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

1872-1875 წლებში პეტერბურგში პირველდაწყებითი მუსიკალური განათლება მიიღო. კომპოზიციის შესწავლა პეტერბურგის კონსერვატორიაში, კომპოზიტორ რიმსკი-კორსაკოვის კლასში განაგრძო. აღნიშნული სასწავლებელი 1882 წელს დაამთავრა. მისი პირველი ნაწარმოებები რუსული ხალხური სიმღერების საფუძველზე შეიქმნა და 1883 წელს წარმატებით შესრულდა პეტერბურგში. 1883 წელს საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდა. საქართველოს ისტორიისა და ქართული კულტურის გაცნობამ დიდი გავლენა იქონია მის შემოქმედებაზე. თბილისში ყოფნისას მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართული პროფესიული მუსიკის განვითარებაში, ხელმძღვანელობდა რუსული მუსიკალური საზოგადოების თბილისის განყოფილებას და თბილისის მუსიკალურ სასწავლებელს, სადაც მუსიკის თეორიასა და ისტორიას ასწავლიდა. მისი მოსწავლეები იყვნენ ზაქარია ფალიაშვილი და დიმიტრი არაყიშვილი. იწერდა და აგროვებდა ქართულ და ზოგადად, კავკასიურ ხალხურ სიმღერებს. 1884-1893 წლებში იყო თბილისის ოპერის თეატრის დირიჟორი. აწყობდა და დირიჟორობდა სიმფონიური მუსიკის კონცერტებს. მას ეკუთვნის ნაშრომი „ქართული ხალხური სიმღერა და მისი სადღეისო მდგომარეობა“ (1895). აქტიურად მონაწილეობდა ქართული საეკლესიო საგალობლების ნოტებზე გადატანაში. 1893 წელს წავიდა რუსეთში და მოსკოვის კონსერვატორიის პროფესორი და რექტორი გახდა. იყო სრულიად რუსეთის მწერალთა და კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარე. 1894 წელს დაწერა საორკესტრო სიუიტა „კავკასიური ესკიზები“. საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, 1920 წლის 19 სექტემბერს დაიდგა მისი ოპერა „ღალატი“, რომელიც ქართულ ენაზე კოტე ფოცხვერაშვილმა თარგმნა. „ღალატი“ დაწერილია სუმბათაშვილ-იუჟინის ამავე სახელწოდების დრამის მიხედვით, რომლის შინაარსიც ქართველი ხალხის განმათავისუფლებელ ბრძოლას ასახავს. ოპერა ა. წუწუნავამ დადგა, დირიჟორი - სამუელ სტოლერმანი. როლებს ასრულებდნენ: ალეშენკო (ზეინაბი), ბურგაცეხანოვსკაია (რუქაია), ვ. სარაჯიშვილი (ერეკლე), ნ. ელიოზიშვილი (ოთარ-ბეგი), საბინინი (სულეიმანი), კურბატოვი (ბესო), დემიანენკო (ანანია), ეზროვი (საბა) და სხვ. 1924 ჩერეპნინის თხოვნით თბილისში ჩამოდის და 1924-1925 წლებში თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორია. 1925 წელს კვლავ რუსეთში მიდის, საბჭოთა კავშირის დიდი თეატრის დირიჟორის თანამდებობას იკავებს და რუსული ოპერების პოპულარიზაციას ეწევა. იგი 1935 წელს გარდაიცვალა და დაკრძალულია მოსკოვში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ლეჟავა ზ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 205-206.