ელენე ჩერქეზიშვილი

ქართველი მოცეკვავე

ელენე ჩერქეზიშვილი (დ. 5 ნოემბერი, 1884, სოფ. თოხლიაური, საგარეჯოს რაიონი, რუსეთის იმპერია — გ. 1950-იანი წლები, პარიზი, საფრანგეთი), აგრეთვე ცნობილია როგორც ელი ჩეროვაქართველი მოცეკვავე, საზღვარგარეთ მოღვაწე პირველი ქართველი პროფესიონალი მოცეკვავე.[1]

ელენე ჩერქეზიშვილი

ელენე ჩერქეზიშვილი 1914 წელს
დაბადების თარიღი 5 ნოემბერი, 1884
თოხლიაური, საგარეჯოს რაიონი, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 1950-იანი წლები
პარიზი, საფრანგეთი
სხვა სახელები ელი ჩერი,
ელი ჩეროვა
ეროვნება ქართველი
საქმიანობა მოცეკვავე
მშობლები მამა: ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი

ელენე ჩერქეზიშვილი თავის ორიგინალურ პლასტიკურ ცეკვებში ქართულ მუსიკას იყენებდა. კონცერტებს მართავდა ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. პარიზულ პრესაში ბევრს წერდნენ ელენე ჩერქეზიშვილის შესახებ, რომელსაც „ქართველი დანკანი” უწოდეს ევროპაში.

ბიოგრაფია

რედაქტირება

ადრეული ცხოვრება

რედაქტირება

დაიბადა საგარეჯოს რაიონის სოფელ თოხლიაურში, სამსახურიდან გადამდგარი პორუჩიკის ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის ოჯახში.

6 წლისაც არ იყო მამა რომ გარდაეცვალა. 1905 წელს, 38 წლის ასაკში დედაც გარდაიცვალა. მალევე ელენემ კახეთი დატოვა და უმცროს ძმასთან, გოგისთან ერთად თბილისში გადავიდა საცხოვრებლად. დედათა ინსტიტუტდამთავრებული ელენე ლისენკოს პანსიონში მოეწყო აღმზრდელად. შემდეგ მუშაობდა ქალაქის მმართველობის კანცელარიაში.

სოციალისტური იდეებით გატაცებულმა ელენეს ძმამ, გოგიმ, მატერიალური გაჭირვების მიუხედავად მათი მიწები გლეხებს უსასყიდლოდ გადასცა. მისი საქციელით შეშფოთებულმა მემამულეებმა თოხლიაურში ეგზეკუცია ჩააყენეს. ამ ამბით შეწუხებულმა გლეხებმა, ჩუქების ნაცვლად და-ძმას მიწების მიყიდვა სთხოვეს. აღებული მცირე თანხა გოგის გიმნაზიისა და უნივერსიტეტის დამთავრებაში დაეხმარა, ხოლო ელენეს მომავალი კარიერისთვის წაადგა.

მოღვაწეობა

რედაქტირება
 
ელენე ჩერქეზიშვილის კოსტიუმი, კულტურის ისტორიის მუზეუმი

მასზე დიდი გავლენა მოახდინა 1906 წლის 12 ოქტომბერს მშობლიურ სცენაზე ვანო სარაჯიშვილის დებიუტმა, რამაც ბიძგი მისცა მას, სერიოზულად ეფიქრა თეატრში მოღვაწეობაზე. იგი ბავშვობიდან მონაწილეობდა საქველმოქმედო დრამატულ სპექტაკლებში. სწორედ ამ პერიოდში თბილისში ჩამოვიდა ბალერინა აისედორა დანკანი, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა მასზე. დაგროვილი მცირე თანხით 1909 წელს მოსკოვში გაემგზავრა, კნიპერ–რაბენეკის პლასტიკის სკოლაში მოეწყო, სადაც ორიგინალური ცეკვის წყალობით პედაგოგთა ყურადღება მიიპყრო. ორი წლის შემდეგ ამ სკოლის აღზრდილმა ელენე მარიშევამ ჩამოაყალიბა ანტიკური საგუნდო ცეკვის დასი. ელენე ჩერქეზიშვილმა ამ დასთან ერთად საგასტროლოდ იმოგზაურა რუსეთის იმპერიის მთელ ტერიტორიაზე. 1911 წლის მაისში თბილისსაც ეწვია. კონცერტის დასრულების შემდეგ გაზეთი „თემი“ წერდა:

 
„ჩერქეზიშვილის ასულმა ცეკვის ისეთი ნიჭი გამოიჩინა, რომ მას უკვე დაარქვეს „ქართველი დანკანი“... გასაკვირი ის არის, რომ ჩერქეზიშვილის ქალმა მხოლოდ ეს ერთი წელიწადია, რაც დაიწყო სცენაზე ცეკვა და უკვე სახელი მოიხვეჭა[2]

1912 წელს ელენე ჩერქეზიშვილი პირველად გაემგზავრა საზღვარგარეთ, კერძოდ, ბელგიაში, სადაც შეასრულა აღმოსავლური, სლავური და კლასიკური ცეკვები. გერმანიის ქალაქ ჰანოვერში პოლ ჟორჟთან ერთად მონაწილეობდა სპექტაკლში „თავადის აღზრდა“. ელენეს ცეკვით მოხიბლულ ჰანოვერის „თეატრ ვარიეტეს“ დირექტორს სურდა ელენეს მთელი სეზონით თავისთან დატოვება, თუმცა ელენემ უარი განუცხადა და პარიზში გაემგზავრა. პარიზში თეატრ „იმპერიალის“ დირექტორმა პოლ ფრანკმა მიიწვია 1913 წელს. პარიზულ პრესაში ბევრს წერდნენ ელენე ჩერქეზიშვილის გამორჩეული ქორეოგრაფიის შესახებ. ჟურნალი „ლა მონდ ილუსტრე“ ფრანგებს მოუწოდებდა:

 
„ყოველი მხატვარი, მოქანდაკე, ნამდვილი არტისტი უთუოდ წავა, ნახოს და ტაში დაუკრას დიდებულ მოცეკვავე ქალს – ელი ჩეროვას, ყველა, ვისაც უყვარს მიმიკა და პლასტიკური ხელოვნება”“

.

ელენე ინგლისსა და ამერიკაშიც მიიწვიეს საგასტროლოდ, მაგრამ მოულოდნელად პეტერბურგელ მსხვილ კომერსანტს მისთხოვდა, პარიზში დასახლდა და სცენას სამუდამოდ ჩამოშორდა.[3]

მისი შემდგომი ცხოვრების გზა ჩვენთვის უცნობია. როგორც ცნობილია იგი 1957 წელს ხანდაზმულ ასაკში დაესწრო პარიზში გამართულ სუხიშვილების კონცერტებს. მისივე წერილიდან ვიგებთ:

 
„1914 წელს, აქ სცენაზე მეც ხომ ვაჩვენებდი „აბა მოდი ვიჭიდაოთ“ და ერთი სკულპტორი ჩემს პოზებს ძერწავდა. წარსულის მოგონება არ მიყვარს და სისულელეცაა, მაგრამ უნებლიეთ გამეღიმა, როდესაც „ჭიდაობას“ და „ბურთაობას“ ვუყურებდი. მთავარია, ის რომ სცენაზე ნამდვილი ზეიმი სუფევს და შეუძლებელია „ბრავო“ არ თქვა... თქვენმა მოცეკვავეებმა საუცხოო მოსაგონარი დატოვეს, თავი ეჭირათ საუკეთესოდ, უბრალოდ და ყოველთვის კარგ ხასიათზე იყვნენ. ხოლო მათი წამოსვლის შემდეგ ქართველთა ახალგაზრდა თაობამ დედ-მამისგან მშობლიურ ენაზე ლაპარაკი მოითხოვა.“

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. ელენე ჩერქეზიშვილი. საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი. ციტირების თარიღი: 11 ნოემბერი, 2022.
  2. სალომე ჭანტურიძე, ქალები გასული საუკუნიდან — 1918-1921, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი, 2021. — გვ. 36-39. 60 გვ, ISBN 978-9941-8-2187-5.
  3. რას წერდნენ ელენე ჩერქეზიშვილზე პარიზულ პრესაში აღფრთოვანებით და.... „თბილისელები“ (16 დეკემბერი, 2020). დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 ნოემბერი, 2022. ციტირების თარიღი: 11 ნოემბერი, 2022.