ალექსანდრე თაყაიშვილი

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ თაყაიშვილი.

ალექსანდრე ალექსანდრე ძე თაყაიშვილი (დ. 29 სექტემბერი, 1895, დაბა აღბულაღი, ახლანდელი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი — გ. 30 ოქტომბერი, 1958, თბილისი) — ქართველი რეჟისორი და მსახიობი, თბილისის მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრის დამაარსებელი, საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1941).

ბიოგრაფია

რედაქტირება

1914 წელს დაამთავრა თბილისის პირველი გიმნაზია და შევიდა კიევის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, ერთი წლის შემდეგ სწავლა განაგრძო მოსკოვის უნივერსიტეტში. ომის შემდეგ სწავლა თბილისის რუსულ თეატრთან არსებულ სტუდიაში პროფესორ გ. გლავაცკისთან განაგრძო.

1924 წელს ა. თაყაიშვილი კოტე მარჯანიშვილმა მიიწვია რუსთაველის თეატრში მსახიობად, სადაც შეასრულა რამდენიმე საინტერესო როლი მათ შორის პოლონიუსი „ჰამლეტში“, რუსი ჩინოვნიკი ზ. ანტონოვის „მზის დაბნელება საქართველოში“, სენატორი ნ. აზიანის „დეზერტირკაში“ და სხვა. 1926 წლიდან სახკიმრეწვის რეჟისორი და მსახიობია. აქ მან დადგა კინო-ფილმი „მოზარდი ენთუზიასტები“, ითამაშა ერთ დროს გახმაურებულ ფიმებში: „ბელა“, „ბოშური სახლი“, „გიული“ და სხვა.

1928–1945 ა. თაყაიშვილი ხელმძღვანელობს მოზარდ მაყურებელთა ქართულ თეატრს, სადაც დაინიშნა კ. მარჯანიშვილის რეკომენდაციით. ამ თეატრში დადგა 25 სპექტაკლი. მათ შორის ნ. საცის „ფრიც ბაუერი“, ს. მთვარაძის „სურამის ციხე“, გ. ნახუცვრიშვილის „პატარა მეგობრები“ და „ცეცხლის ხაზზე“, აკაკი წერეთლის „პატარა კახი“, შ. დადიანის „ბოთე და კუსპარა“, მოლიერის „სკაპენის ოინები“, ე. შვარცის „წითელქუდა“, ს. ზაიაცკის „რობინ ჰუდი“, შექსპირის „რომეო და ჯულიეტა“ და სხვა.

1945–1956 წლებში ა. თაყაიშვილი თბილისის გრიბოედოვის სახელობის რუსული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია. ამ თეატრის სცენაზე დადგა ი. მოსაშვილის „ძაძირული ქვები“, ნ. გოგოლის „რევიზორი“, ა. შტეინის „პერსონალური საქმე“, გრიბოედოვის „ვაი ჭკუისაგან“ და სხვა. 1945 წლიდან ღვაწლმოსილი რეჟისორი საქართველოს თეატრალური საზოგადოების პრეზიდიუმის წევრი იყო. მისი ღვაწლი აღინიშნა ლენინის, შრომის წითელი დროშის, „საპატიო ნიშნის“ ორდენებითა და მედლებით.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. მის გვერდით პანთეონში დასაფლავებულია მისი მეუღლე — ვლადისლავა კონსტანტინეს ასული ბუშინსკაია (1907—1975).

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 170, თბ., 1994

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება