პეტრე ოცხელი
პეტრე გრიგოლის ძე ოცხელი (დ. 25 სექტემბერი/8 ოქტომბერი, 1907, ქუთაისი — გ. 2 დეკემბერი, 1937) — ქართველი თეატრის მხატვარი.
პეტრე ოცხელი | |
---|---|
დაიბადა | 25 ნოემბერი ან 8 ოქტომბერი, 1907 |
დაბადების ადგილი | ქუთაისი |
გარდაიცვალა | 2 დეკემბერი, 1937 (30 წლის) |
ეროვნება | ქართველი |
მიმდინარეობა | მოდერნიზმი |
ცნობილი ნამუშევრები | „მფრინავი მღებავი“ |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა ცნობილი ქუთაისელი კათოლიკეების ოჯახში. იოსებ ოცხელი იყო პეტრეს ბიძა.
1914 წელს ოჯახი გადასახლდა მოსკოვში, სადაც პეტრეს მამამ კავკასიური მაუდის ფაბრიკა გახსნა. ბავშვები ფრანგულ სასწავლებელში მიაბარეს. პეტრე ოცხელის მამა შეძლებული ადამიანი იყო, იგი ხშირად უწევდა დახმარებას საქართველოდან ჩამოსულ ახალგაზრდებს. ოცხელების ოჯახში, რომელიც სტუმართმოყვარებით გამოირჩეოდა, თავს იყრიდა საინტერესო საზოგადოება, სრულდებოდა მუსიკალური ნაწარმოებები, ნაწყვეტები ოპერებიდან, იდგმებოდა სპექტაკლები.[1]
პეტრე მხოლოდ შვიდი წლის იყო, როდესაც ოჯახი მოსკოვში დამკვიდრდა, მაგრამ ბავშვზე ამგვარი გარემო გარკვეულ კვალს ტოვებდა. მხატვრის დედას ხშირად დაჰყავდა შვილები თეატრში, სადაც ბავშვები მთელ ლოჟას იკავებდნენ და დიდი გულისყურით ადევნებდნენ თვალს სპექტაკლს. მხატვრის და ნინო იგონებდა დედის სიტყვებს, რომ პატარა პეტრე ნანახი სპექტაკლების ჩანახატებს ასრულებდა.[1]
ხშირად ძმები ერთმანეთს ეხმარებოდნენ - უმცროსი ძმა, ლეო მუყაოსგან ფიგურებს ჭრიდა, ხოლო პეტრე აფერადებდა მათ, შემდეგ კი ნაწილების ერთმანეთზე დამაგრების შედეგად მოძრავ ფიგურებს ქმნიდნენ[1]. საბავშვო სპექტაკლებს პეტრე აფორმებდა, დეკორაციების მოხატვაში სხვები ეხმარებოდნენ. ბავშვების ძალებით დადგმული სპექტაკლებია „კურდღლის საცოლე“ და „ღამე ტყეში“ (1916-1917წ.)[1].
1920 წელს მთელი ოჯახი საქართველოში დაბრუნდა და თბილისში დასახლდა. მატერიალური მდგომარეობის გამო, მამამ გადაწყვიტა გადაეყვანა ოჯახი ქუთაისში, სადაც მას ახლო ნათესავები ჰყავდა და საკუთარი სახლი ჰქონდა. ამაზე მცირე ხნით ადრე მეუღლე გარდაეცვალა და ბავშვებზე ზრუნვის მთელი სიმძიმე უფროს დას ნინოს დააწვა[1].
1920-იდან ქუთაისის რეალურ სასწავლებელში სწავლის პარალელურად მეცადინეობდა სასწავლებელთან არსებულ მცირე სახელოსნო-სტუდიაში. 1927-1928 წლებში სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში. 1927 ოცხელმა თბილისის მუშათა თეატრში გააფორმა ანატოლი ლუნაჩარსკის „ცეცხლის გამჩაღებლები“. 1928 წლის კოტე მარჯანიშვილმა იგი ქუთაისის ქართული დრამის სახელმწიფო თეატრში მიიწვია, სადაც ოცხელმა გააფორმა შალვა დადიანის „კაკალ გულში“ (1928) და კარლ გუცკოვის „ურიელ აკოსტა“ (1929).
1930-იან წლებში ოცხელმა ქუთაისის დრამის ტეატრში გააფორმა პერსი ბიშ შელის „ბეატრიჩე ჩენჩი“ (1930), ნიკოლოზ პოგოდინის „ფოლადის პოემა“ (1931), კარლო კალაძის „ხატიჯე“ (1930), გერცელ ბააზოვის „მუნჯები ალაპარაკდნენ“ (1932), უილიამ შექსპირის „ოტელო“ (1933).
1931 წელს კოტე მარჯანიშვილმა მოსკოვის კორშის თეატრში დადგა ჰენრიკ იბსენის „მშენებელი სოლნესი“. სპექტაკლის გასაფორმებლად რეჟისორმა ოცხელი მიიწვია. სპექტაკლის მხატვრობას უდიდესი წარმატება ხვდა. 1936-1937 ოცხელმა მოსკოვის მცირე თეატრში გააფორმა ფრიდრიხ შილერის „ვერაგობა და სიყვარული“ და ვიქტორ გუსევის „დიდება“, ამავე თეატრის ფილიალში — ლოპე დე ვეგას „ცხვრის წყარო“.
1939 წელს ლონდონში, თეატრის მხატვართა გამოფენაზე, ოცხელის ესკიზები ოქროს დიდი მედლით დააჯილდოვეს. 1937 კონსტანტინე სტანისლავსკის მიერ მოწყობილ ჯუზეპე ვერდის „რიგოლეტოს“ დადგმის კონკურსზე ოცხელის ესკიზებმა პირველი პრემია დაიმსახურა. მხატვარმა თეატრში მხოლოდ ცხრა სეზონის განმავლობაში იმუშავა, მაგრამ მოკლე დროში შექმნა ნაწარმოებები, რომელთაც არსებითი როლი შეასრულეს ქართული თეატრის მკაფიოდ თავისებური სახის შექმნაში.
1937 წლის 21 სექტემბერს პეტრე ოცხელი დააპატიმრეს, დახვრეტა მიუსაჯეს, როგორც „კონტრრევოლუციური, ტროცკისტული, ნაციონალისტური ორგანიზაციის წევრს“ და ამავე წლის 2 დეკემბერს დახვრიტეს[2][3].
მემკვიდრეობა
რედაქტირებაქართველი ხელოვნებათმცოდნე, სცენოგრაფიის სპეციალისტი, პროფესორი ქეთევან კინწურაშვილი თვლის, რომ ოცხელი „არ ძველდება იმიტომ, რომ ხარისხი ძალიან მაღალია. თანაც, ამ დარგში საუკეთესოა ქართულ ხელოვნებაში: პეტრე ოცხელი დამაარსებელია ქართული სცენოგრაფიული სკოლისა, რომელსაც მარჯანიშვილმა ჩაუყარა საფუძველი. იგი კონსტრუქტივიზმის წარმომადგენელია, მიმდინარეობისა, რომელიც რევოლუციის შემდეგ ერთადერთი მნიშვნელოვანი მიმდინარეობაა, რომელიც რუსეთმა მისცა მსოფლიოს.“[4]
გალერეა
რედაქტირება-
„ოტელო“, ესკიზი
-
მფრინავი მღებავი
-
კოსტიუმი, ესკიზი
ლიტერატურა
რედაქტირება- გ. კალანდია, „ქართველი მხატვრები და თბილისი“, თბ., 2014, გვ. 82
- ალიბეგაშვილი გ., პეტრე ოცხელი, თბ., 1964;
- პეტრე ოცხელი, (ალბომი), შემდგ. ლ. ლომთათიძე, თბ., 1973;
- ქარუმიძე ნ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 625.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1907 წლის 8 ოქტომბერს დაიბადა პეტრე ოცხელი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, 7 ოქტომბერი 2014[მკვდარი ბმული]
- ↑ Wells (2002), Shakespeare Survey: Volume 48, Shakespeare and Cultural Exchange, p. 189. Cambridge University Press, ISBN 0-521-52387-7
- ↑ Rubin, Don et al. (1994), The World Encyclopedia of Contemporary Theatre, p. 335. Taylor & Francis, ISBN 0-415-05928-3.
- ↑ პეტრე ოცხელი - 100, რადიო თავისუფლება, 10 სექტემბერი 2007