იოსებ ოცხელი
იოსებ ოცხელი (დ. 28 სექტემბერი [ძვ. სტ. 16 სექტემბერი], 1865, ქუთაისი ― გ. 9 აპრილი [ძვ. სტ. 27 მარტი], 1919, ქუთაისი) — ქართველი პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე.
ბიოგრაფია
რედაქტირებააღმსარებლობით კათოლიკემ დაწყებითი სწავლა კათოლიკურ სასწავლებელში მიიღო, საშუალო განათლება ვაჟთა გიმნაზიაში. ოდესის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი მან პირველი ხარისხის დიპლომით დაამთავრა 1885 წელს. შემდეგ მუშაობდა ქუთაისის გუბერნიის კანცელარიის მმართველად და თბილისის სახელმწიფო ბანკის თანამშრომლად. 1900 წლიდან იგი შეუდგა აქტიურ პედაგოგიურ მოღვაწეობას. 1901 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ილია ჭავჭავაძის თაოსნობით იგი დაამტკიცა ქუთაისის პირველი ქართული სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორად. 1905 წელს ოცხელის და სილოვან ხუნდაძის თაოსნობით ეს სკოლა გადაკეთდა ქართულ კერძო სათავადაზნაურო გიმნაზიად. ეს იყო პირველი ქართული საშუალო სასწავლებელი დასავლეთ საქართველოში. ოცხელის ინიციატივითა და გულმოდგინებით დაარსდა ქუთაისის სახალხო უნივერსიტეტი, სადაც არაერთი მოღვაწე (გრიგოლ რობაქიძე, სილოვან ხუნდაძე, ალექსანდრე წერეთელი, ვასილ წერეთელი, დიმიტრი უზნაძე და სხვანი) კითხულობდა ლექციებს. იოსებ ოცხელის პედაგოგიურმა მოღვაწეობამ სახელი გაუთქვა ქუთაისის ქართულ გიმნაზიას. 1919 წელს საქართველოს დამფუძნებელი კრების არჩევნებში კენჭს იყრიდა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სიით, იყო სიის 29-ე ნომერი, თუმცა ვერ გახდა დამფუძნებელი კრების წევრი.[1]
იოსებ ოცხელის აღზრდილთა რიგებს ეკუთვნიან: აკადემიკოსები დიმიტრი უზნაძე, კონსტანტინე ერისთავი და ალექსანდრე ჯანელიძე, პროფესორი სევერიან ბუაძე, პროფესორი ვიქტორ ნოზაძე, მწერალი-აკადემიკოსი კონსტანტინე გამსახურდია და სხვა მოღვაწენი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 625.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ ჯანელიძე ო., „ნარკვევები საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ისტორიიდან“, თბილისი: „მეცნიერებება“, 2002. — გვ. 328, ISBN 99928-962-0-5.